საქართველო
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს“, „პოსტვ“-სა და „სტუდია მაესტროს“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა. ComCom-მა „პოსტვ“ დამატებით სამართალდამრღვევად სცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის. 

ComCom-ის განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ისა და „სტუდია მაესტროს“ ეთერში მათი უფასო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამები აღარ გადის. ვიდეორგოლები 10 ოქტომბრამდე სამივე ტელევიზიის ეთერში გადიოდა, 

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.

როგორც ComCom-ი წერს, განცხადება არ გაუვრცელებია „სტუდია მაესტროს“, თუმცა, იმავე პერიოდიდან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი მის ეთერშიც აღარ გადის.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, „პოსტვ“-იმ, 9 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. 

„საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები“.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

14 ოქტომბერს სასამართლომ „იმედი“ და  „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც.

„მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კი, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 4-4 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ ეს ტელევიზიები ჯამში 15-15 000 ლარით დააჯარიმა.

ასევე ნახეთ "მედიაჩეკერის" მასალა : მედია ჩეკერი რეკლამების განუთავსებლობა და ოპოზიციური პარტიებისთვის დათმობილი დრო - „ოცნების“ საჩივრები და ჯარიმები კრიტიკულ მედიას (mediachecker.ge)

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დღეს, 17 ოქტომბერს, 16 მედიაორგანიზაციის , 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

მომჩივანი მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავენებ.

„საიას“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ კრიტიკული ხმის ჩახშობასაც ემსახურება.

„დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისაგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს ნაწილობრივ განიხილავს.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს.

 
კატეგორია - საქართველო


“მედიაომბუდსმენმა” მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დეტალურად გამოიკვლია მმართველი პარტიის "აღმაშფოთებელ, სამარცხვინო და შემზარავ" ვიდეორგოლებთან დაკავშირებული საკითხი. ორგანიზაციის გუნდი ეძებდა პასუხს კითხვაზე - შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე?

კანონმდებლობისა და პრაქტიკის კიდევ ერთხელ შესწავლის შემდეგ, „მედიაომბუდსმენი“ წერს, რომ „რიგ შემთხვევებში მაუწყებელს ვალდებულებაც კი წარმოექმნება, არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა“.

„სამართლებრივი ანალიზის პროცესში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, როგორ ხდება ძალაუფლების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.

„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლი - “არა ომს, აირჩიე მშვიდობა” ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსს. ის არ არის თანხვედრაში “მაუწყებლობის შესახებ” და “რეკლამის შესახებ” კანონების მოთხოვნებთანაც. თუმცა, კომუნიკაციების კომისია და სასამართლო ახერხებს გაამართლოს მმართველი პარტიის მოთხოვნა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესში, კომისიამ არასწორად და არასათანადოდ განმარტა უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებას.

„აჭარის მაუწყებლის საქმეში“ უზენაესი სასამართლო უთითებს, რომ “ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. შესაბამისად, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოაღნიშნული ზოგადი დანაწესები”.

„მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, სამი მაუწყებლის [„მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“] დასჯისას, კომუნიკაციების კომისიის განმარტებები მისსავე შედგენილ გზამკვლევსაც ეწინააღმდეგება.

“მართალია, საარჩევნო სუბიექტი პოლიტიკურ რეკლამას, როგორც წესი, თავისი შეხედულებისამებრ ქმნის და იგი არ არის მომზადებული მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაგრამ მაუწყებელმა ნებისმიერი რეკლამის გავრცელებამდე უნდა შეაფასოს მისი შესაბამისობა კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებთან და პრინციპებთან, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ საარჩევნო სუბიექტის დამზადებული და მაუწყებლისათვის წარდგენილი რეკლამა კანონშეუსაბამოა, მაუწყებელმა იგი ეთერში არ უნდა განათავსოს“, - მითითებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში.


„მედიაომბუდსმენის“ კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის ანგარიშის ძირითადი მიგნებებია:


1. "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი აღმოჩნდა შემდეგი საქმე, როცა მედიის დასჯის მოთხოვნის ინიციატორი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა”;

2. კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ მმართველი პარტიის მოთხოვნით კიდევ ერთხელ დასაჯეს კრიტიკული მედიასაშუალებები საარჩევნო პერიოდში;

3. როდესაც “ქართული ოცნება” სადავო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვდა, სამ კრიტიკულ მაუწყებელს არ მიეცა შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან მიეღო რეკომენდაციები. მათ კომისიამ რგოლის შეფასების თაობაზე უარი იდენტური შინაარსის წერილებით შეატყობინა;

4. ცენტრალური საარჩევნო კომისია უმოქმედო იყო მაუწყებლებისთვის მნიშვნელოვანი საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში. მაუწყებლების მიმართვის და საკითხის კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს საჩივრები ამ დრომდე არ შეუსწავლია. მეტიც, თავდაპირველად ცესკომ უარი განაცხადა საჩივრების ონლიან ფორმით მიღებასა და მის საფუძველზე წარმოების დაწყებაზე, რითაც ხელოვნურად გაჭიანურდა პროცესი და მაუწყებლები იძულებულები გახდნენ საჩივრები მატერიალური სახით შეეტანათ ცენტრალურ საარჩევნო ორგანოში;

5. “არა ომს, აირჩიე მშვიდობა” ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსს. არ არის თანხვედრაში“მაუწყებლობის შესახებ” და “რეკლამის შესახებ” კანონების მოთხოვნებთან;

6. კომისიამ არასწორად და არასათანადოდ განმარტა სსიპ აჭარის ტელევიზიის და რადიოს მიერ წარდგენილი სარჩელი (უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება) პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, რაც ომის პროპაგანდის საკითხზე დავას შეეხება;

7. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი ზოგადი დანაწესები;

8. კრიტიკული მედიის დასასჯელად “ქართული ოცნების” მოთხოვნასა და ჯერ კომუნიკაციების კომისიის, შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებების თანხვედრაში ნათლად ჩანს კოორდინირებული მოქმედების ნიშნები.

„მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას აკვირდება. ორგანიზაციის ვრცელი სამართლებრივი შეფასება იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1yWp6pOLQ5xfyAK1O-xk6Wa0JTstX-DyB/view 

„ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, 11 ოქტომბერს, სასამართლომ „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ 5-5 000 ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლის ტელეეთერში განთავსება დაავალა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ComCom-ის მიერ ტელეკომპანიებისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები საფუძველზე მიიღო. კომუნიკაციების კომისიას კი, თავის მხრივ, საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. მმართველი პარტია ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვდა, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. 

ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა: „რეკლამების განუთავსებლობა და ოპოზიციური პარტიებისთვის დათმობილი დრო - „ოცნების“ საჩივრები და ჯარიმები კრიტიკულ მედიას“ - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98516-reklamebis-ganuthavsebloba-da-opoziciuri-partiebisthvis-dathmobili-dro-ocnebis-sachivrebi-da-jarimebi-kritikul-medias
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, რუსული კანონის მიღების შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ მედიებზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა, მათ შორის კომუნიკაციების კომისიასა თუ სასამართლოზე საკუთარი გავლენის გამოყენებით.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებები არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ასევე ძირს უთხრის ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ყოველივე ეს კი, გავლენას ახდენს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე.

„კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელი ქმედებები ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შემაშფოთებელ ტენდენციას. კერძოდ, მარეგულირებელმა “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ევროპის კავშირმა საკუთარ რეზოლუციაშიც დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ფოტოების გამოყენება, რომლის მიზანიც წინასარჩევნოდ „აზრის მანიპულირება, დეზინფორმაციისა და პრორუსული და ანტი-უკრაინული განწყობების გავრცელებაა“. ეს სადამსჯელო ზომები არა მხოლოდ არღვევს მედიის დამოუკიდებლობას, არამედ აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც შეესაბამება მმართველი პარტიის დღის წესრიგს.

ამავე პერიოდში მარეგულირებელმა კომისიამ ედისონ რისერჩის კვლევის საფუძველზე ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია “ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეუდგინა. აღნიშნული გადაწყვეტილებაც მორიგი დასტურია სისტემური მიკერძოებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს. შედეგად საზოგადოება მოკლებულია სხვადასხვა თვალსაზრისს, რაც უზღუდავს პოლიტიკური პარტიების გზავნილების გაცნობასა და ერთმანეთთან შედარებას“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს. 

„ნაცვლად ეფექტური სასამართლო ზედამხედველობისა, მართლმსაჯულებამ ცალსახად გაიზიარა მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და შედეგად კრიტიკული მედიები დააჯარიმა. აღნიშნული ქმედებები კი მკაფიო მცდელობაა კრიტიკული გაშუქებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების გაჩუმებისა“.

ორგანიზაციის განცხადებით მიხედვით, კვლავ პრობლემურია სტრატეგიული სამართალწარმოების საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) სარჩელის გამოყენება. 

„მმართველ პარტიასთან დაკავშირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ოქტომბერს „ტვ პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს 10 000 ლარის გადახდა დააკისრა“. 

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, ჟურნალისტების დაშინება, როგორიცაა “აჭარა თაიმსის“ დირექტორის, სულხან მესხიძის მიმართ, საგანგაშოა. 

„იმ დროს როდესაც “ქართული ოცნების” უმაღლესი ხელმძღვანელი პირები, კერძოდ პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობა 11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გახსნა, ონლაინ გამოცემამ საზოგადოებას ამცნო, რომ გზა რეალურად არ დასრულებულა და ის ბეტონის ფილებით არის გადაკეტილი. გაშუქების საპასუხოდ ჟურნალისტ სულხან მესხიძის უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა მობილურ ტელეფონზე“. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მუქარის ინციდენტი თუ ადმინისტრაციული უწყებების მიკერძოებული გადაწყვეტილებებები ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას აწყდებიან. 

„ასეთი შევიწროება ასახავს “ქართული ოცნების” მიერ წახალისებულ მტრულ კლიმატს მედიის პროფესიონალების მიმართ, ხელს უშლის სიმართლის ძიებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ.

ეს მტრული გარემო არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებს, არამედ ამცირებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციის ხარისხს, რაც კიდევ უფრო აშორებს მოქალაქეებს დემოკრატიული პროცესისგან. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ისეთ მედია გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ დიალოგს, რაც თავის მხრივ საზოგადოების ინფორმირებული გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია“.

 
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი უკანონო, თვითნებური და დაუსაბუთებლია. ცენტრი დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას აფგან სადიგოვის სახელით სასამართლოში ასაჩივრებს.

საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი 26-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა. რისკების წინაშე დგას მისი ოჯახიც, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მარტოები თბილისში ცხოვრობენ და რეგულარულად იღებენ მუქარის უმძიმეს გზავნილებს. 

„იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდება, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი, როგორც ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმა და აზერბაიჯანში ექსტრადირება არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამასთან, ეს უგულებელყოფს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოუწოდებს, სათანადოდ შეაფასოს სადიგოვის მიმართ პოლიტიკური დევნისა და წამების ან არაადამიანური მოპყრობის ის რისკები, რომლებიც მას აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრება და მიანიჭოს მას საერთაშორისო დაცვა, რაც საბოლოოდ, აზერბაიჯანში მისი ექსტრადიციის პროცესს შეაჩერებს.


ორგანიცაზია მიმართავს  საქართველოს პროკურატურასაც:

 

  • არ დაუშვას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, რაც დაარღვევს კონვენციითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ აბსოლუტურ ვალდებულებებს;
  •  მხარი დაუჭიროს აფგან სადიგოვისთვის საექსტრადიციო პატიმრობის ზომის ცვლილებას და მის გათავისუფლებას, რაც, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობს;
  • უზრუნველყოს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი შეხვდეს აფგან სადიგოვის მეუღლესა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებს და პირადად მიიღოს მათგან ინფორმაცია სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აზერბაიჯანში განცდილი დევნის შესახებ.


ადგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კატეგორია - საქართველო


„მთავარი არხი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის წერილებს და მის შინაარსს ეხება.

„ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, "მთავარ არხზე" ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას.  

პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ "მთავარ არხს" არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია.

სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და,  შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.

ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ "ქართული ოცნება" "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“, - ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში. 

„რუსთავი 2“-მა გუშინ, 15 ოქტომბერს დაწერა, რომ: „ხელში ჩაუვარდა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება“. ტელეკომპანიის მტკიცებით, გიორგი ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც „მთავარ არხში“ ფული სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს და რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად ტელეკომპანია ზარალდება. 

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორი, გიორგი ქურდაძე ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია. 

 
კატეგორია - საქართველო



„ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, 11 ოქტომბერს, სასამართლომ „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ 5-5 000 ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლის ტელეეთერში განთავსება დაავალა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ComCom-ის მიერ ტელეკომპანიებისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე მიიღო. კომუნიკაციების კომისიას კი, თავის მხრივ, საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. მმართველი პარტია ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვდა, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. 

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიისა და „ქართული ოცნების“ პოზიცია სამარცხვინოა, ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს არის გაცდენილი სასამართლოს შეფასებაც, რომელიც მმართველი პარტიისა და მარეგულირებლის პოზიციებს იზიარებს და კრიტიკულ მედიას აჯარიმებს. 


„უკვე მეოთხედ მოგვიწია სასამართლოში ყოფნა. მიდის ფორმალური პროცესი როგორც comcom-ში, ასევე სასამართლოში და საჩივრის შეტანისთანავე უკვე ვიცით, რა მოხდება.

დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნა კიდევ ერთი ზეწოლის მექანიზმია. როდესაც ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ზემდგომ ინსტანციაში ვიდავოთ, რატომ უნდა ჩავსვათ დაუყოვნებლივ ძალადობის წამქეზებელი, ომის პროპაგანდის შემცველი რგოლი? არგუმენტი არის, რომ „ქართულ ოცნებას“ კამპანია ეზღუდება და ვერ იყენებს ეთერს, როდესაც ამ საქმეზე დავის მიუხედავად, „ოცნების“ სხვა რგოლები ეთერში გადის. ის რგოლები, რომლებიც კანონმდებლობის დაცვით არის წარმოდგენილი.

ამიტომ მრჩება განცდა, რომ „ოცნება“ წარმოადგენს ნაწილ რგოლებს ისეთს, რომლის  ეთერში გაშვებაც შეიძლება და ისინი ბადეში ზის, ნაწილს კი ისეთს, რომელსაც იციან, რომ ვერ გავუშვებთ და უნდათ, რომ დავჯარიმდეთ“.

„TV პირველი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისევე, როგორც წინა სხვებს, სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

ტელეკომპანიებმა 5 ოქტომბერს მმართველი პარტიის რეკლამასთან - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მათ გადაწყვეტილებას მხარი სამოქალაქო საზოგადოების არაერთმაორგანიზაციამ დაუჭირა. 

„მედიაომბუდსმენმა“ კი კომუნიკაციების კომისიის ის პასუხები გაასაჯაროვა, რომელიც მარეგულირებელმა ტელევიზიებს გაუგზავნა. „მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“ ითხოვდნენ, ComCom-ს მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ვიდეორგოლის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და განთავსების შესახებ. კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელევიზიას იდენტური პასუხი გასცა: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მიღმა, შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მის ეთერში განთავსების/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია“.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

ტელეკომპანიებმა „ქართული ოცნების“ რეკლამის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის დასადგენად მიმართეს ცესკოსაც. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ „საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას“.

....................................................................................................................................
დამატებითი ინფორმაცია: ComCom-მა ტელევიზიებს სამართალდარღვევის ოქმები 9 ოქტომბერს შეუდგინა, მეორე დღეს კი „იმედმა“ გამოაქვეყნა განაცხადა, რომ ოპოზიციის რეკლამებს ეთერში აღარ გაუშვებდა, სანამ ტელევიზიები („ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ TV პირველი“) „ქართული ოცნების“ ვიდეოებს არ განათავსებდნენ, ეს გადაწყვეტილება გაიზიარა POSTV-მაც.
....................................................................................................................................

რა ითხოვს „ქართული ოცნება“ ტელევიზიებისგან? 

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ 3-3 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა სექტემბერშიც. საქალაქო სასამართლომ კი, ეს ტელევიზიები მხოლოდ წინა თვეში ჯამში 10-10 000 ლარით დააჯარიმა. 

....................................................................................................................................

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 
....................................................................................................................................

სამოქალაქო საზოგადოების მადისკრედიტებელი რეკლამის განთავსება


11 სექტემბერს ComCom-მა „მთავარ არხს“ „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამოც შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზა: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“. ამავე რეკლამის ეთერიდან ამოღების გამო, კომისიამ 2 დღეში, 13 სექტემბერს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა „TV პირველს“ და „ფორმულასაც“. ამ ოქმების საფუძველზე კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ეს ტელეკომპანია სხვადასხვა დღეს 5-5 00 ლარით დააჯარიმა. 

სანამ ეს ტელევიზიები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ, მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიას ამ რეკლამის განუთავსებლობის გამო მეორედაც მიმართა. კომისიამ ამ საკითხზე განმეორებით 19 სექტემბერს იმსჯელა და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ კი „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ 5-5 ათასი ლარით მეორედ 21 სექტემბერს დააჯარიმა და კომისიის შუამდგომლობით, სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაც დაავალა. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის თმით, „ქართული ოცნების“ ეს რეკლამა კანონშეუსაბამოა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს ვერ აკმაყოფილებს.

„კანონშეუსაბამოა რეკლამის ის ნაწილი, რომელიც პირთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ აჟღერებს ფრაზას, რომ ისინი ეწევიან საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, რაც ჩვენი მოსაზრებით, სიძულვილის ენისა და ძალადობის წაქეზების ნიშნებს შეიცავს. ამავდროულად, გამოყენებულია იმ პირების გამოსახულება, რომლებიც არ არიან საარჩევნო სუბიექტები და მათ არ აქვთ იმავე პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა საპასუხო პოზიციის გასაჟღერებლად. 

მიუხედავად ამისა, ჩვენი პოზიცია არც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და არც სასამართლომ (როგორც საქალაქო სასამართლომ, ასევე სააპელაციომ) არ გაიზიარა, დაგვაჯარიმა და დაგვავალდებულა, რომ ეთერში გაგვეშვა ეს რგოლი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოორდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები კი კრიტიკულ მედიას ფინანსურ დარტყმას აყენებს.

TI-ის განცხადებაში  ვკითხულობთ:  


„ქართული ოცნების“ საჩივრები სხვა პარტიებისთვის გამოყოფილი დროის გადანაწილებაზე

12 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ მორიგ საჩივარზე იმსჯელა, რომელიც ამჯერად ტელევიზიების მიერ სხვა პარტიებისთვის გამოყოფილი დროის გადანაწილებას შეეხებოდა. ComCom-მა მმართველი პარტიის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. 

ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ტელევიზიების მიერ „ევროპული საქართველოს“, „კი ევროპასა“ და „მოქალაქეების“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას 2 სხვადასხვა ბლოკში ( „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ახალ ერთობა გვარამია მელია“) შემავალ პარტიებზე.  

„ქართული ოცნების“ საჩივარში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო სუბიექტებს: „ევროპული საქართველო“, „კი ევროპას“, „მოქალაქეები“ საჯაროდ ჰქონდათ განცხადებული, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მონაწილეობდნენ არჩევნებში და ეს პარტიები არ აწარმოებდნენ საკუთარი არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო კამპანიას. მმართველი პარტია გულისხმობდა იმას, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „კი ევროპას“ განაცხადეს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდებოდნენ, „მოქალაქეები“ კი - „ლელოსთან“. 

....................................................................................................................................
დამატებითი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებს პროპორციული სიების წარსადგენად დრო  26 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდათ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (115 მუხლი.7. ) საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება კი, კოდექსის 113 მუხლის 12 მუხლით განსაზღვრულია ასე: „პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით: ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა“;
....................................................................................................................................


„ოცნების“ განმარტებით, როდესაც სუბიექტი არ აწარმოებს საკუთარი არჩევის ხელშემწყობ კამპანიას, მის მიერ განთავსებული სხვისი ხელშემშლელი რეკლამა, არა მის, არამედ სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მიზნებს ემსახურება, რითიც საქართველოს კანონმდებლობა ირღვეოდა. შესაბამისად, მმართველი პარტია ტელევიზიებისგან ამ სამი პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას მოითხოვდა.

როგორც „მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, ტელევიზიამ ახალი სეზონის დაწყებამდე ცესკოსა და კომუნიკაციების კომისიისგან იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სია გამოითხოვა, ვისაც უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნოდა. კომისიისგან გამოგზავნილ სიაში კი „კი ევროპას“, „ევროპული საქართველო“ და „მოქალაქეებიც“ იყვნენ, შესაბამისად ტელევიზიამ დრო ამ პარტიებსაც დაუთმო.

„მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა საჩივარი იმ საბაბით, რომ მედიები ისეთი სამი პარტიის რეკლამას უშვებდნენ, რომლებიც გაერთიანდნენ სხვა პარტიებში ( „მოქალაქეები“ - „ლელოსთან“, „კი ევროპას“ და „ევროპული საქართველო“ - „ნაციონალურ მოძრაობასთან“) და მათ თითქოს არ ეკუთნოდათ უფასო სარეკლამო დრო. არადა, ეს პარტიები რეგისტრირებულები იყვნენ ოფიციალურად და კომისიასაც წერილობით დადასტურებული ჰქონდა, რომ ცალკე სუბიექტები იყვნენ. ვინაიდან საარჩევნო სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს გადიოდა და ვინ გაერთიანდებოდა და ვინ დაიშლებოდა, ოფიციალურად არავინ იცოდა."

კომუნიკაციების კომისიას იმ საარჩევნო სუბიექტების სია, ვისაც უფასო საეთერო დრო ეკუთვნის, „მედიაჩეკერმაც“ სთხოვა. ComCom-მა 30 სექტემბერს რედაქციას ის სია გამოუგზავნა, რომლის ჩამონათვალშიც ეს სამი პარტიაც („მოქალაქეები“, „კი ევროპას“ და „ევროპული საქართველო“) არის. კითხვის, მაშინ რატომ დაევალათ ტელევიზიებს მათი რეკლამების ამოღება, საპასუხოდ კომისიამ 1 ოქტომბერს „მედიაჩეკერს“ შემდეგი შინაარსის წერილი გამოუგზავნა:

„კომისიის შეფასებით, მპგ „ევროპული საქართველოს“, მპგ „კი ევროპას“ და მპგ „მოქალაქეების“ პოლიტიკური რეკლამები ემსახურებოდა სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მიზნებს, რადგან თავად ეს პარტიები დამოუკიდებლად არ აწარმოებდნენ საკუთარი არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო კამპანიას. შესაბამისად, მაუწყებლების მიერ სადავო რეკლამების განთავსება მიჩნეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 186-ე მუხლის მე-18 პუნქტის დარღვევად და შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აღსანიშნავია, რომ კომისიის ეს პოზიცია გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ და დაადასტურა დარღვევა. ამრიგად, მპგ „ევროპული საქართველოს“, მპგ „კი ევროპას“ და მპგ „მოქალაქეებს“ კანონით მინიჭებული ჰქონდათ უფასო საეთერო დრო და ჰქონდათ შესაძლებლობა, კუთვნილი საეთერო დრო გამოეყენებინათ კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი არჩევისათვის ხელშემწყობი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პირობებში“.

მურადაშვილის განმარტებით, არ შეიძლება, რომ ერთმა სუბიექტმა მეორე სუბიექტის სასარგებლო რეკლამა განათავსოს, თუმცა, მას შეუძლია სხვისი ხელის შემშლელი რეკლამა განათავსოს.

„პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“; საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2 (ჯ).

„სამართლიანი არჩევნებისა და  დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ნგარიშის მიხედვით, პრობლემური და რისკის შემცველია, სასამართლოსა და ComCom-ის მიერ განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც პარტიაში რეორგანიზაცია ან/და შერწყმა არ განხორციელებულა, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტის აქტივობა, სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ იქნას მიჩნეული.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში კი ვკითხულობთ: 



უფასო სარეკლამო დროის გადანაწილება ბლოკებში შემავალ პარტიებზე

რაც შეეხება ბლოკებისთვის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის საჩივრის ნაწილს, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით: 

"„ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ 14.8 წამიანი სარეკლამო რგოლი. ასევე, „ტელეკომპანია პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 19 წამიანი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რგოლი და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 30 წამიანი „ახალი ერთობის“ სარეკლამო რგოლი. ვინაიდან აღნიშნულ სუბიექტებს უფასო საეთერო დრო საერთო ეროვნულ მაუწყებლებში ეკუთვნის 12.8 წმ, ამ რგოლების განთავსებით მაუწყებლებმა დაარღვიეს კანონის მოთხოვნა“.

„მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი „მედიაჩეკერთან“ ამბობს, რომ სანამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა comcom-თან კომუნიკაცია ამ საკითხზეც ჰქონდათ და ტელევიზიას უთხრეს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებს დრო თანაბრად ეთმობოდათ. 

„შემდეგ კომისიამ გადაიფიქრა და გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა 3 პარტია მონაწილეობს არჩევნებში, ეს დრო მაინც 5-ზე უნდა გაყოფილიყო, რადგან თავის დროზე ამ ბლოკში 5 პარტია იყოო. იმ ორ პარტიას, რომელიც ახლა არჩევნებში არ მონაწილეობს და რომელსაც არ აქვს ინტერესი, უფასო დრო მაინც მიაკუთვნეს. ამის ამოსავალი მიზანი იყო ის, რომ ამ პარტიებს („ახალი“, „ნაციონალურ მოძრაობა“, „ევროპულ დემოკრატები“ და მეორე ბლოკის პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“) ნაკლები უფასო დრო ჰქონოდათ“.

„ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით, მართალია კანონის მიხედვით,  ბლოკში შემავალ პარტიებზე დრო თანაბრად ნაწილდება, თუმცა კოდექსი არ იცნობს ჩანაწერს რომლის მიხედვითაც (პარტიის გამოკლების/არჩევნებში არ მონაწილეობის შემთხვევაში) დროის ბლოკზე გადანაწილება უნდა გადაიხედოს და შესაბამისად, შემცირდეს.

....................................................................................................................................
„უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესით თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. თუ უფასო საეთერო დრო საარჩევნო ბლოკს ეძლევა, ეს დრო მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანაბრად ნაწილდება“; საარჩევნო კოდექსის 186.2. მუხლი;

 

დამატებითი ინფორმაცია: წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არსებობს 2 ბლოკი, ვისაც უფასო პოლიტიკური საეთერო დრო ეკუთვნის. „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“], რომელშიც 5 პარტია იყო გაერთიანებული, თუმცა, მათგან 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ 3 პარტია [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ (გვარამიას პარტია, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიის ნომერს - 4 იყენებს), „ევროპული დემოკრატები“] იღებს და მეორე ბლოკი, რომელშიც  „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“ იყო გაერთიანებული. 
....................................................................................................................................


უფასო საეთერო დროის გადანაწილება საარჩევნო სუბიექტებზე 

კომუნიკაციების კომისიის 12 სექტემბრის განცხადებაში წერია, რომ მათი ინფორმაციით, „მაუწყებლები უფასო საეთერო დროს ანაწილებდნენ შემდეგი პრაქტიკით, ისინი ყოფდნენ სავალდებულო უფასო საეთერო დროს იმ რაოდენობის სუბიექტებზე, რამდენსაც ეკუთვნის უფასო პოლიტიკური რეკლამა (ამ შემთხვევაში ეს არის 7 სუბიექტი) და წარმოდგენილი პოლიტიკური რეკლამის მიხედვით თანაბრად ანაწილებდნენ მათზე. 

შესაბამისად, თუ მაუწყებელს რეკლამას წარუდგენდა მხოლოდ 3 სუბიექტი, მას რჩებოდა თავისუფალი დრო, რომელსაც თანაბრად ანაწილებდა იმ სუბიექტებზე ვინც რეკლამა წარუდგინეს (კანონით გათვალისწინებული 90 წამიანი ზედა ზღვრის გათვალისწინებით). აღნიშნული პრაქტიკა არსებობდა წინა არჩევნების მიმდინარეობისასაც“.

როგორც ComCom-ი წერს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიას აქამდე არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში არ დამდგარა: 

„პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და დაადგინა, რომ მაუწყებლები არასწორად ანაწილებდნენ საეთერო დროს. საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ ის უფასო სარეკლამო დრო, რაც თავიდანვე კანონის მიხედვით ეკუთვნით, იმის მიუხედავად რამდენი სუბიექტი წარადგენს მაუწყებელში რეკლამას ან რამდენი მოიხსნება რეგისტრაციიდან“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

როგორც „მთავარი არხის“ იურისტი ამბობს, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებს უფასო რეკლამისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონოდათ:




....................................................................................................................................

რა გამოვიდა ციფრებით:
უფასო პოლიტიკური რეკლამის ტელეეთერში განთავსების შესაძლებლობით სარგებლობს 4 საარჩევნო სუბიექტი: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და იმ ბლოკში შემავალი პარტიები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" იყვნენ გაერთიანებულები. 

მაგალითად, „მთავარი არხის“ ყოველ ბლოკში უფასო რეკლამისთვის გამოყოფილია 450 წამი. 450 წამი უნდა გაიყოს 4 სუბიექტზე თანაბრად, რაც გამოდის 112,5 წამი, მაგრამ რადგან კანონი ამბობს იმასაც, რომ მაქსიმუმი 90 წმ უნდა იყოს, ამ 4 სუბიექტს შეუძლია 90 წამით ისარგებლოს.

თუმცა, ComCom-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დრო (450 წმ) თავიდანვე დარეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობაზე ანუ 7-ზე უნდა გაიყოს, თითოეულ სუბიექტი იღებს 64 წამს. ბლოკის შემთხვევაში [ ბლოკი ერთ სუბიექტად მოიაზრება]  კი, ეს 64 წამი კიდევ იყოფა მასში შემავალი პარტიების იმ რაოდენობაზე, რომელიც ბლოკში წინა არჩევნების დროს იყო. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში წინა არჩევნებზე 5 პარტია იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობას ახლა მხოლოდ 3 [ „ახალი“, „ევროპელ დემოკრატები“, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ] იღებს, თუმცა, ბლოკისთვის განსაზღვრული 64 წამი მაინც 5-ზე იყოფა და თითოელი პარტია რეალურად 12,8 წამს იღებს. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივარზე იმსჯელა, რომელიც ტელევიზიების მიერ მმართველი პარტიის რეკლამის განუთავსებლობის გარდა, ამ საკითხებსაც ეხებოდა. ამავე საჩივარში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ 12 სექტემბერს უკანონოდ მიიჩნია „ევროპული საქართველოს“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეების“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსება, რაც სასამართლომაც დაადასტურა, „მთავარ არხზე“, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულაზე“ ეს სარეკლამო რგოლები განთავსებული მაინც იყო. ამიტომ კომისიამ ამ მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მესამედ შეადგინა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტის, ვასილ ჟიჟიაშვილის შეფასებით:


„რეალურად ის საქმეები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ განიხილა, პრობლემურია იმიტომ, რომ მიკერძოება აშკარად ეტყობა. მიკერძოებას მმართველი პარტიის მიმართ ის ამყარებს, რომ მათი გადაწყვეტილებები არ არის დამაჯერებელი და დასაბუთებული. პრობლემა და ერთ-ერთი მიგნება შეიძლება ისიც იყოს, რომ რასაც კომკომი აკეთებს, მაგას სასამართლოებიც უაპელაციოდ ეთანხმებიან“. 

„მედიაომბუდსმენის“ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიში თანახმად:

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავებისა და მედიის დასჯის მოთხოვნის ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. კომუნიკაციების კომისია და სასამართლო კი გახდნენ თანამონაწილენი, საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები.

 
კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 14 ოქტომბერს „იმედი“ და  „რუსთავი 2“ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ტელევიზიებს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამების ტელეეთერში განთავსებაც დაავალდებულა.  

კომუნიკაციების კომისიამ „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები 13 ოქტომბერს შეუდგინა. ComCom-მა „იმედი“  სამართალდამრღვევად ცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვისაც. 

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდნენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. მეორე დღეს, 11 ოქტომბერს კი, მმართველი პარტიის რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა.


ამ თემაზე წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ სხვა მასალებიც: 

კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო ტელეკომპანია „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა და არხს  დადგენილების ჩაბარებისთანავე რეკლამის ამოღება დაავალა. „ფორმულა“ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანიისთვის შედგენილი სამართალდამრღვევის ოქმის საფუძველზე მიიღო. კომისიამ „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო „ფორმულა“ სამართალდამრღვევად 10 ოქტომბერს სცნო. 

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

11 ოქტომბერს კი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს რეკლამის განთავსების საშუალებს არ აძლევს, ვინც განათავსა კი, მათ დასჯის მიზნით, სამართალდამრღვევად ცნობს. მეზვრიშვილის თქმით, პარტია კომუნიკაციების კომისიას სასამართლოშიც უჩივის.

„ფორმულასთვის“ დღევანდელი 5 000-ლარიანი ჯარიმა მეოთხეა, რომელიც საქალაქო სასამართლომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიას დააკისრა. აქამდე კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სასამართლომ „ფორმულა“ 5 ათასი ლარით სამჯერ „ქართული ოცნების“ რეკლამების ეთერიდან ამოღებისა და განუთავსებლობის გამო დააჯარიმა



ვრცლად წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

 
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ „რუსთვი 2“ და „ტელეიმედი“ „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ComCom-მა „იმედი“  სამართალდამრღვევად ცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვისაც.

ComCom-ის განცხადებით, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება  „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე  „რუსთავი 2“-თან  გაფორმებული ხელშეკრულებისა, მაუწყებელმა გაერთიანების მიერ მიწოდებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განათავსა.

კომუნიკაციების კომისიაში „ძლიერმა საქართველომ“ უჩივლა „იმედსაც“. კოალიციის საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია მათ ფასიან წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს არ ათავსებდა. 

როგორცComCom-ი წერს, „იმავე დღეს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ „ტელეიმედი“ უარს აცხადებდა ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე“.

კომისიის განმარტებით კი, „საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. 

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება“.

ComCom-ის განცხადებით, 9 ოქტომბერს „ტელეიმედმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი, მეთოდი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. მეორე დღეს, 10 ოქტომბერს, გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას კი, კვლავ არ მიუთითა გამოკითხვის თარიღი, მეთოდი და შესაძლო ცდომილების ფარგლები.

„საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები“.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდნენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. მეორე დღეს, 11 ოქტომბერს კი, მმართველი პარტიის რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა.

ამ თემაზე წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ სხვა მასალებიც: 

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შეშფოთებას გამოთქვამს „აჭარა თაიმსის“ რედაქტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე კრიტიკული გაშუქების გამო მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. 

„11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის 14 კმ.-იანი მონაკვეთი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. საღამოს გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ არის - მძღოლებმა, რომელთაც სასიხარულო ახალი ამბავი მედიით შეიტყვეს, გზით სარგებლობა იმ საღამოსვე გადაწყვიტეს, თუმცა მათ ის ბეტონის ფილებით გადაკეტილი დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ. ეს ამბავი ონლაინ მედიასაშუალების, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა, სულხან მესხიძემ ლაივით გააშუქა, რის შემდეგაც მას უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა ტელეფონზე. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა კრიტიკული გაშუქების გამო. ის არც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო თვეებში იმავე მიზეზით მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება. 

„საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია, მიზანმიმართულად და სისტემურად ეწევა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის დისკრედიტაციას. მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. დამძიმებული ვითარების  მსუსხავი ეფექტი საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს“.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლმა, სულხან მესხიძემ სექტემბრის დასაწყისშიც ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ უცნობი პირი მის სახლში შეჭრას ცდილობდა. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის სახლში უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა 

კატეგორია - საქართველო


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლმენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშ გამოაქვეყნა. ანგარიში 11 სექტემბერი – 9 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მე-11 თავი მედიას ეთმობა და მასში ვკითხულობთ, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ფართო პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურებს ირეკლავს.

ანგარიშის მიხედვით, მედიასაშუალებები ფინანსური გამოწვევებით სავსე გარემოში მუშობენ, რომელსაც ხელს აძლევს სარეკლამო ბაზარზე არსებული დეფიციტი, რის გამოც მედიასაშუალებები პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე დამოკიდებულები ხდებიან. პოლიტიკური ინფორმაციის გავრცელების უმთავრეს წყაროებად კი, კვლავაც კომერციული სატელევიზიო არხები რჩებიან. 

„მათ შორის ყველაზე პოპულარული არხებს შორის გვხვდება „იმედი“ და „რუსთავი 2“, რომლებიც აღქმულია, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებები, და „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი“, რომლებიც, თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებულ არხებად აღიქმება. „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შედარებით მცირე რაოდენობის მაყურებელი ჰყავს“.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართულ მხარეები აღნიშნავდნენ, რომ შედარებით მცირე ზომის, უპირატესად ინტერნეტმაუწყებლები, დამოუკიდებელი გაშუქების მთავარი წყარო არიან და ძირითადად საერთაშორისო გრანტებზე არიან დამოკიდებული. მედიის საკითხებზე მომუშავე ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალი და მედიასთან ასოცირებული პირები კი, შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ „უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულმა კანონმა შესაძლოა, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ძირი გამოუთხაროს.

კვლევის მიხედვით, მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავის ანგარიშებში საუბრობენ სამოქალაქო ცილისწამების მაღალ მაჩვენებლებზე (რომელთა საფუძველზე  წამოწყებული სასამართლო განხილვები ხშირად მედიის წინააღმდეგ გამოცემული გადაწყვეტილებებით სრულდება) და ასევე, საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით წარმოშობილ მნიშვნელოვან ბარიერებზე.

„ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათი შეშფოთების მთავარი საგანი ჟურნალისტების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველჰყოფაა, რის დასტურადაც მათ ბოლო დროს მომხდარი თავდასხმების ფაქტები მოჰყავთ“. 

არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მაუწყებლებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული ბუნდოვანება უფასო სატელევიზიო დროის გამოყოფასთან და რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საარჩევნო სუბიექტები დე ფაქტო კოალიციებში ერთიანდებიან“.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან, სასამართლოებმა დაახლოებით ცხრა მაუწყებელს დაუწესა სანქციები უფასო სატელევიზიო დროის გამოყოფის დებულებათა დარღვევისთვის.

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის 18 სექტემბერს დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ექვსი სატელევიზიო არხისა და ორი ონლაინ მედიასაშუალების მედიამონიტორინგიც. 

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) საქართველოს მთავრობის მოწვევითა და თავისი მანდატის შესაბამისად მუშაობას 11 სექტემბერს დაიწყო. მისიის წევრები ეუთოს 22 წევრი ქვეყნიდან შეირჩნენ.