საქართველო
კატეგორია - საქართველო



„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მედიის შემზღუდავი ის კანონპროექტი, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს, 19 მარტს მეორე მოსმენით მიიღო.
.......................................................................................................................................................
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ეძლევა.

ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. მოქმედი კანონით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის იმ მუხლებს შეეხება, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 
.......................................................................................................................................................

განახლებული კანონის პროექტით, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით უკვე დაუჭირა, დაგეგმილი ცვლილებები მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხება. 

„მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54−54(2) , 55(2), 55(3), 56−56(4) მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენისა ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე, თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსებისთვის“, - დაემატება ჩანაწერი მოქმედი კანონის 59(1) მუხლს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში, პირველი მოსმენის შემდეგ, გაჩნდა ჩანაწერიც, რომლითაც პირს ცილისწამების თაობაზე  დამატებით სასამართლოსთვის მიმართვა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ ეზღუდება:

„ეს მუხლი არ ზღუდავს პირის უფლებას ცილისწამების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება“.

იმ მუხლის ახალი რედაქციით კი, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას შეეხება, კომუნიკაციების კომისიას, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, შეეძლება მაუწყებელს დაავალოს, რომ დაინტერესებულ პირს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს. 

„დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა“, - დაემატება ჩანაწერი მოქმედი კანონის 52-ე მუხლს. 

პირველი მოსმენის შემდეგ შეიცვალა ის ჩანაწერიც, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება და რომლითაც საავტორო პროგრამის წამყვანმა „არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.

54-ე ახალი რედაქციით, „საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.

მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში გაჩნდა გარდამავალი დებულებაც, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის 1 ივნისიდან შეეძლება. 

„მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 54(1), 54(2), 55(3), 56, 56(4) მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის პირველ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და უფლებამოსილია შეუფარდოს ამავე კანონით გათვალისწინებული სანქციები, რომლებიც არ მიექცევა აღსასრულებლად. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 54(1), 54(2), 55(3), 56, 56(4) მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის პირველ ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით გათვალისწინებული წესით“. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ამ პროექტს მხარი მხოლოდ სოზარ სუბარმა არ დაუჭირა. სუბარმა პროექტის განხილვის დროს, 19 მარტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ მაუწყებლებისთვის მაგალითად, მიუკერძოებლობის, ბალანსის დაცვის დავალდებულება „შეუძლებელი და არასწორიც“ ჰგონია და „ქიმერებს ეკიდებიან“.

„იერიში კრიტიკულ მედიაზე“- რა ცვლილებებს იღებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნება“- ვრცლად წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ სტატია.

კატეგორია - საქართველო

ფოტო: ევა ართმელაძე


„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოში მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები საგანგაშო მასშტაბებს აღწევს და „ქართული ოცნების” რეჟიმი დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას სხვადასხვა მეთოდით ახშობს. 

„ეს არის სისტემური შეტევა, რომელიც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას, დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში. ეს ყოველივე მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის სრულ განადგურებას და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციას“ განცხადებაში მოჰყავს სისტემური თავდასხმის ბოლოდროინდელი მაგალითებიც:

  • „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პარალელურად, მოსამართლე სალიხ შაინიძემ იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მზიას მიერ სტიკერების გაკვრას, რის გამოც, ის თავდაპირველად დააკავეს, თუმცა შემდეგ,  პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ. როგორც „საია“-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა.

კოალიცია აღნიშნავს იმასაც, რომ Clooney Foundation for Justice-ის TrialWatch პროგრამის მიერ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგის დაწყება გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით ამ საქმის მნიშვნელობას ადასტურებს.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტო გადაღების უფლება. მათ კანონის შესაბამისად ჰქონდათ ეს უფლება ოფიციალური განცხადებით მოთხოვნილი. მოსამართლემ ჟურნალისტებს საუბრის დასრულების საშუალება არ მისცა, განუცხადა, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ პროცესის მხარეს და არ ჰქონდათ საუბრის უფლება. თავდაპირველად მათ შენიშვნა მისცა, შემდგომ კი დარბაზიდან გააძევა.
  • მედიაგამოცემის „პუბლიკა” რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო. ქეშელაშვილი აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ჟურნალისტი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ალექსანდრეს და მისი კოლეგების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირები დღემდე დაუსჯელები რჩებიან.
  • ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი, ნანო ჩაკვეტაძე 5000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, მაშინ როდესაც იგი თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს სჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
  • პარალელურად, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცენზურისა და რუსული კანონის ახალი რედაქციის კანონპროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს პაკეტები წარმოადგენს რუსული კანონმდებლობის ანალოგს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები ახალი არ არის და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა. 

„ამის მიუხედავად, არცერთი თავდამსხმელი არ იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. ზემოაღნიშნული შემთხვევები ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატვის თავისუფლების და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას“. 

კოალიცია დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს  სოლიდარობას უცხადებს და განაგრძობს ბრძოლას მათი თავისუფლებისა და უფლებების დაცვისთვის. 

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ევროპული ქვეყნების მთავრობებსა და კერძო ფონდებს თხოვნით მიმართავს, გამონახონ რესურსები „რადიო თავისუფლების“ შესანარჩუნებლად იმ საზოგადოებებისათვის მრავალ ქვეყანაში, რომელთათვისაც ის იმედი და საყრდენია.

ქარტიის განცხადებით, „რადიო თავისუფლება“ 75 წელზე მეტია მილიონობით ადამიანისთვის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც მათ მთავრობები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ, მიუკერძოებელი ახალი ამბებისა და სანდო ანალიზის მთავარი წყაროა.  

„საქართველოში „რადიო თავისუფლების“ როლი სრულიად განსაკუთრებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შესაძლებელი გახდა თბილისში ადგილობრივი ბიუროს გახსნა, რომელიც მალევე იქცა ადგილობრივი მედიალანდშაფტის ორგანულ და მნიშვნელოვან ნაწილად. „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქცია ადგილობრივი მედიასაშუალებების მხარდამხარ წერს თანამედროვე ქართული მედიის ისტორიას“. 

ქარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიას წლებია უკიდურესად პოლარიზებულ, ღიად მტრულ და დამთრგუნველ გარემოში უწევს მუშაობა. „რადიო თავისუფლებამ“ კი, ამ რთულ პირობებშიც შეძლო მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება, ჩამოყალიბდა პროფესიის მეტრად, რომელზეც ჟურნალისტთა თაობები იზრდებიან და რომელზეც სხვა ქართულ მედიასაშუალებებს აქვთ სწორება. 

„ქართული მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ქმედებების შედეგად დახურვის, ხოლო ქართული საზოგადოება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი პროპაგანდისტული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პირისპირ დარჩენის საფრთხის წინაშე არიან. ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდება “რადიო თავისუფლების” როლი და მისია. „რადიო თავისუფლების“ გარეშე მედია საქართველოში უკიდურესად გაღარიბდება, დაიკარგება საზოგადოების მრავალფეროვანი  ხმები“.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“, ისე „ამერიკის ხმას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - „დაფინანსების შეწყვეტა იქნება დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის,“ - „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი

 
კატეგორია - საქართველო


დღეიდან, 18 მარტიდან მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

CFJ-ის განცხადებით, TrialWatch, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი აწარმოოს.

„ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები „ბათუმელები“ ​​და „ნეტგაზეთი“, დააკავეს 11 იანვარს საღამოს, როდესაც მან ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გამოაქვეყნა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით. ეს იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად“.

კლუნის ფონდის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეოს, რომლებიც პოლიციის მხრიდან ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მობყრობითა და ჟურნალისტებით შევიწყოვებით ხასიათდება. ამ ყოველივემ კი საერთაშორისო კრიტიკა და განგაში გამოიწვია.

ფონდის დახმარებით 40-ზე მეტ ქვეყანაში, ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო: ევა ართმელაძე


ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. 

ნინო სახელაშვილი ესტონეთმა 3 მარტს, სწორედ ამაღლობელის საქმის გამო,  ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევისთვის დაასანქცირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „ბათუმელების" ცნობით, ნინო სახელაშვილი, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, 10 მარტს უვადოდ განაწესეს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი 4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ  პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე მიუთითა, რაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რადგან ბრალდებამ არც კი მიუთითა, რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.

მოსამართლე სალიხ შაინიძე დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზეც.

პოლიცია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, თუმცა საია აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები აქვს შედგენილი.

მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ „პუბლიკის“ ის რეპორტიორი, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დააკავეს და სცემეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს 12 თებერვალს მიმართა. უწყება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

„პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, სახისა და თავის არეში სცემეს და სამუშაო აპარატურა წაართვეს.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა. 

გასული წლის იმავე ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება ევალება, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ქეშელაშვილს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს, თუმცა ამ დრომდე დასჯილი არავინ არ არის.

„პუბლიკის“ რეპორტიორის საქმის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - რა თქვეს პოლიციელებმა „პუბლიკის“ ნაცემი ჟურნალისტის პროცესზე.

 
კატეგორია - საქართველო


15 მარტს „მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა სოციალური ქსელ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წეროვანთან, ავტობანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი დაესხა თავს. „მთის ამბებმა“ მოგვიანებით ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, სადაც მომხდარია ასახული.

გელა მთივლიშვილის თქმით, ის თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას თეთრი ფერის პიკაპი აედევნა:

„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაღვივებული სიძულვილის პირდაპირი შედეგია.

„არავინ დასჯილა ჟურნალისტების ცემისა და შეურაცხყოფის გამო, რაც მოძალადეებს ფართო ასპარეზს აძლევს“.  

ქარტია გელა მთივლიშვილს სოლიდარობას უცხადებს და შსს-ს  მოუწოდებს, „ამჯერად მაინც გამოიჩინოს პროფესიონალიზმი და დროულად დააყენოს მისი მოძალადე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი“.    

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ მოვალეობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში, მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად“.

„მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელსა და რედაქტორზე განხორციელებულ თავდასხმას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ გამოეხმაურა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოიძიებისკენ მოუწოდა.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შევახსენებთ, რომ მისი ვალდებულებაა გამოიძიოს სამართალდამცავთა მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულები. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება ძირითადი უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დევნა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამჯერად მაინც იმოქმედოს საკუთარი მანდატის შესაბამისად, და საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება,“ - ვკითულობთ საიას განცხადებაში.

„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

 
კატეგორია - საქართველო


„ამერიკის ხმის“ დირექტორის, მაიკლ აბრამოვიცის განცხადებით, დაახლოებით 1300 ჟურნალისტი, პროდიუსერი და თანაშემწე ანაზღაურებად შვებულებაშია გაშვებული, რამაც 48 ენაზე მაუწყებელი მედიის პარალიზება გამოიწვია. 

„პირველად 83 წლის განმავლობაში, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ იძულებულია, დადუმდეს,“ - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ დირექტორმა სოციალურ პლატფორმა Linkedin-ზე აწერა

„VOA-ს სჭირდება გააზრებული რეფორმა და ამ მხრივ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. მაგრამ დღევანდელი ქმედება „ამერიკის ხმას“ არ მისცემს საშუალებას, თავისი სასიცოცხლო მისია განახორციელოს. ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ამერიკის მეტოქეები, როგორებიც არიან ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ყალბი ნარატივების შესაქმნელად, შეერთებული შტატების დისკრედიტაციისთვის.

„ამერიკის ხმა“ ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას მთელ მსოფლიოში ამერიკის ისტორიის თხრობითა და ობიექტური და დაბალანსებული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტირანიის პირობებში ცხოვრობს. მაშინაც კი, თუ სააგენტო რაიმე ფორმით გადარჩება, ადმინისტრაციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებები მნიშვნელოვნად დააზიანებს „ამერიკის ხმის“ უნარს, ხელი შეუწყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამყაროს ჩამოყალიბებას და შესაბამისად, აშშ-ის ინტერესების დაცვას ვეღარ უზრუნველყოფს.

80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ამერიკის ხმა“ იყო შეერთებული შტატების ფასდაუდებელი აქტივი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კომუნიზმის, ფაშიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით „ამერიკის ხმა“ ყოველკვირეულად  48 ენაზე, 360 მილიონზე მეტ ადამიანთან აღწევს. ბევრ დიქტატურაში „ამერიკის ხმა“ ხშირად ახალი ამბებისა და ინფორმაციის ერთადერთი სანდო წყაროა,“- წერს აბრამოვიცი.

დაფინანსება შეუჩერდა „რადიო თავისუფლებასაც“. „რადიო თავისუფალი“ ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის, სტივენ კაპუსის შეფასებით, ამ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა ამერიკის მტრებისთვის „დიდი საჩუქარი“ იქნება:

„ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაცემას, 75 წელიწადის შემდეგ. ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს“.

„რადიო თავისუფალი“ ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის თქმით, დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც მათ ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად იყენებდა, წვდომა აღარ ექნება სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „ამერიკის ხმას“, ისე „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლება“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.



კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა

SJC-ის განცხადებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას და განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას ისახავს მიზნად.

„დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მიმოხილულია აღნიშნული მუხლისა და 126-ე მუხლის გამიჯვნის საკითხი. გარდა ამისა, განხილულია სისხლისსამართლებრივი მექანიზმების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების პრინციპი და ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საკითხი“.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა. ინციდენტამდე პოლიციამ თვითნებურად დააკავა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, შეკრების ადგილზე პოლიციამ ასევე თვითნებურად და აგრესიულად დააკავა მზია ამაღლობელის ნაცნობი ახალგაზრდები, რასაც თან ახლდა შეკრების მონაწილეებზე ფიზიკური წნეხი, ჭყლეტა და დაძაბულობა. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს, ხომ არ იყო მზია ამაღლობელის ქმედება პროვოცირებული პოლიციის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებებით. ამასთან, პოლიციის მხრიდან მომდინარე და განცდილ უკანონობაზე მზია ამაღლობელის სპონტანური რეაქცია გამორიცხავს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვას.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ განცხადებაში მოჰყავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლითაც სსკ-ის 3531 მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია სახეზე გვქონდეს: 1. თავდასხმა - როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი; 2. თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; 3. თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. „მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი აშკარაა, რომ არც ერთი ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გვაქვს სახეზე“.

როგორც SJC აღნიშნავს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არა პოლიციელზე თავდასხმად, არამედ ძალადობად (სსკ-ის 126-ე მუხლი) ჩათვალა, მაგალითად, შემდეგი ქმედებები:


  • პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა, რაც გამოიხატა ხელის სახეში გარტყმასა და ფეხის ბარძაყში ჩარტყმაში, ასევე დაზიანებების მიყენებაში მარჯვენა მუხლის არესა და მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება;
  • მუშტის ძლიერი დარტყმა თვალის არეში, გინებასთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ვერ შეიკავა, სახე დაარტყა ღობეს და განიცადა ფიზიკური ტკივილი;
  • თავის ჩარტყმა თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი;
  • აგრესიული ქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელის ცხვირში ძლიერად დარტყმა, ასევე, მიმალვის მცდელობისას ადევნებული დაზარალებული პოლიციელისთვის ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმა თავისა და ტანის არეში, სამსახურებრივი საშტატო იარაღის წართმევის მცდელობა, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა შემთხვევითი გასროლა;
  • ხელებისა და ფეხების სხეულისა და სახის არეში დარტყმა, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სხვა აგრესიულ ქმედებებთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
  • გინება და მუშტის დარტყმა სახისა და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
  • სახის არეში ხელის დარტყმა, რის შედეგადაც პოლიციელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ის უჩიოდა თავის ტკივილს, სახისა და ტუჩის არეში – წვის შეგრძნებას. მარცხენა ლოყის არეში აღენიშნებოდა თითების ნაკვალევი სიწითლის სახით. ქვედა ტუჩის არეში ისინჯებოდა მცირე ზომის შეშუპება და შიგნითა ზედაპირზე – მცირე ნახეთქები.

„შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებაში ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს“.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ასევე განხილულია სსკ-ის 126-ე მუხლის კვალიფიკაციის საკითხები და აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი - დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. SJC-ის შეფასებით, მხოლოდ ვიდეოკადრების დაკვირვებაც კი საკმარისია იმის დასადგენად, რომ მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.

„შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედება არ იყო ისეთი ინტენსივობის, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დასჯა გამართლებულიყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის მექანიზმები უკიდურესი ზომა უნდა იყოს…ჩვენი შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედება ხასიათდება პოლიციელზე მინიმალური ზემოქმედებით, ხოლო პოლიციელსა და ქალს შორის აშკარა ძალაუფლებრივი ასიმეტრია კიდევ უფრო გამორიცხავს მის დასჯას ამგვარი მექანიზმით“. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დაკვირვებით, მზია ამაღლობელის საქმეში იკვეთება მნიშვნელოვანი პროცედურული გამოწვევებიც. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, მაშინ როდესაც პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად სცნო. „ეს მნიშვნელოვნად ართულებს საქმისთვის არსებითი გარემოებების სრულფასოვან შეფასებას“.

ორგანიზაციისთვის საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც: დაზარალებულ პირად მიჩნეულია ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხოლო საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი იძიებდა. ამავე დანაყოფის უფროსი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობდა, მთავარი მოწმეა, ხოლო ყველა სხვა მოწმე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელია. ამასთან, ყველა საგამოძიებო უწყება დაქვემდებარებულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ გრიგოლ ბესელიას, რომელიც თავად ფიგურირებს ამ საქმეში. 

„აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების გამო. სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ დაცვის მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის საგამოძიებო წარმოება გურიის პოლიციის დეპარტამენტს გადააბარა. თუმცა, საქმეზე კვლავ ზედამხედველობს აჭარის პროკურატურა, რომელიც გამოძიების პირველი დღიდანვე კურირებდა ამ პროცესს და მჭიდრო ოპერატიული კავშირი აქვს როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან, ისე ბათუმის პოლიციის სამმართველოსა და მის ყველა დანაყოფთან. შესაბამისად, საქმის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე არსებული კითხვები კვლავაც აქტუალურია“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სასამართლოს მიმართა რეკომენდაციით გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კონსტიტუციური წარდგენის უფლებამოსილება და მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისათვის მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართოს.

ორგანიზაცია სასამართლოს მოუწოდებს, საქმის განხილვისას გაითვალისწინოს მისი მსუსხავი ეფექტი მედია გარემოსა და ჟურნალისტებზე. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა, როდესაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, საპროტესტო შეკრების დროს დაკავებით დაემუქრნენ “ბათუმელების” რედაქტორს, ეთერ თურაძეს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებას დამატებით სიმძიმეს ანიჭებს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი მოპყრობის უმძიმესი შემთხვევა, რომლის გამოძიებასაც დაცვის მხარე ასევე მოითხოვს. ეს ფაქტები აჩენს ეჭვებს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან “ბათუმელების” დირექტორის დევნის მიმართ შესაძლო დაინტერესებაზე“.

SJC-ის შეფასებით, მოცემული საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს სამართლიან და დასაბუთებულ მსჯელობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის მიღწევაში და გამორჩეული მედია პლატფორმის დირექტორისა და ღვაწლმოსილი ჟურნალისტის უფლებების დაცვაში, ასევე მსგავს დანაშაულებთან მიმართებით ერთგვაროვანი პრაქტიკის განმტკიცებაში.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 18 მარტს გაიმართება. მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზეც. 

 
კატეგორია - საქართველო


დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან [კოსტავას 68] მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ ავრცელებს

10 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილმა სასწავლებლის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ. ერთი დღით ადრე, 9 მარტს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.

12 მარტს კი, ამ საკითხებზე სასაუბროდ „პირველი არხის“ გადაცემა „დღის თემაში“, სტუმრად თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაკა ვასაძე მიიწვიეს, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ეთერის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სტუდენტები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ შალუტაშვილი მათზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და ეთერი სტუდენტების წარმომადგენლებსაც უნდა დათმობოდათ.

რამდენიმე საათიანი პროტესტის შემდეგ, როგორც არხთან, ასევე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, შეთანხმება შედგა და პირდაპირი ეთერი პარასკევს, 22:00 საათზე ჩაინიშნა. 

გუშინ, 13 მარტს კი, „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და მათ სტუდენტური სტატუსი აღუდგინა. დავითულიანის ეს განცხადება თავდაპირველად სამთავრობო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, შემდეგ კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის Facebook გვერდზეც გავრცელდა. 

Facebook გვერდის - „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ ინფორმაციით, სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შემდეგ, აღნიშნული ეთერი შესაძლოა გაუქმდეს, რის გამოც, არხთან აქცია დაანონსდა. 

„შეთანხმების მიუხედავად, წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, ეთერის პირობები შესაძლოა დაირღვეს, რადგან სტუდენტებს სტატუსი აღუდგათ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენილი სტატუსი,  პროტესტის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, პასუხგაუცემელი რჩება სტუდენტების მიმართ განხორციელებული არაერთი უსამართლო ქმედება. სატელევიზიო ეთერი, სწორედ ამ უსამართლობებზე საუბარს უნდა დაეთმოს. ასევე, ტელევიზიის მხრიდან პასუხგაუცემელია, თუ  თავად რატომ არ მიიწვიეს სტუდენტები და რატომ არ უზრუნველყვეს მათთვის საეთერო დრო. ამიტომ, სტუდენტების მხარდამხარ, ვითხოვთ პირობის შესრულებას! ეთერი სტუდენტებს!,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

 
კატეგორია - საქართველო


ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განიხილვა განახლა. დღევანდელ პროცესზე ამაღლობელი დისტანციურად ერთვება. სხდომას ესწრებიან დანიისა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლებიც. 

დღევანდელ სხდომაზე მოწმეები უნდა გამოკითხონ და მტკიცებულებები განიხილონ.  

პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, თუმცა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები აქვს შედგენილი. 



.......................................................................................................................................................
მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. 

ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო. 
.......................................................................................................................................................

პროცესზე დაკავების ოქმის გაყალბების შესახებ ისაუბრა მზია ამაღლობელმაც: 

„ბატონო მოსამართლე, საქმე რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად... კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები იყო, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ. 

ასევე, იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო. ესეც სიცრუეა იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უდავოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, თუ არ ჩავთვლით ამ ცრუ ჩვენებებს, რომ მე ამ სიტყვებს გამოვიყენებდი. ზოგადად, არც დახურულ სივრცეში და ასე ვთქვათ, არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არათუ პოლიციელისთვის. კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემს ადვოკატებს მოგვცემს იმის უფლებას, რომ  ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“, -  თქვა ამაღლობელმა

მზია ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ იმასაც, რომ ამაღლობელის დამკავებელი აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელიაა, თუმცა დღეს მოწმის სახით გამოსაკითხად ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ვანაძეა მისული.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორია - საქართველო


ფოტო : qes. com


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების სამი საგანგაშო კანონპროექტის დაინიციირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს არსებითად ეწინააღმდეგება.

პირველი კანონპროექტი - შინაარსობრივი შეზღუდვები და რეგულაციები მაუწყებლების საქმიანობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.

SJC-ის შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებული ცვლილებები, გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებებს, პრობლემურია შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისითაც. 

„კანონპროექტში მოცემულია არაერთი ბუნდოვანი დებულება, რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მათი შინაარსი და ფარგლები გაუგებარია, შესაბამისად, განუჭვრეტადია, თუ როგორ განმარტავს მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია“.

შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მსგავსი კანონმდებლობა უნგრეთში მოქმედებს. უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული აქტი - „პრესის თავისუფლებისა და მედიის კონტენტის ფუნდამენტურ წესებთან დაკავშირებით“, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის მსგავსად, შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რომელიც ნეგატიურად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ. 

„ერთ-ერთი ასეთი დებულება ითვალისწინებს ახალი ამბების დაბალანსებული გაშუქების ვალდებულებას ტელე და რადიო მაუწყებლების მიერ. ვენეციის კომისიის შეფასებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უნდა იყოს თუ არა ახალი ამბების გაშუქებისას „ბალანსის“ დაცვა კანონით აღსრულებადი სამართლებრივი ვალდებულება. „ინფორმაცია (ფაქტები) უნდა იყოს სრული და ზუსტი და არა დაბალანსებული“ - აღნიშნავს კომისია. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ნორმები ძალიან კომპლექსურ ვალდებულებებს უწესებენ მედია საშუალებებს და მათ აკლიათ სათანადო სიზუსტე. ტერმინების ბუნდოვანებამ კი შესაძლოა ეს დებულებები თავისუფალი სიტყვის ჩახშობის იარაღად აქციოს“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა საქმეში, რომელიც უნგრეთის ზემოაღწერილი პრობლემური კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევას შეეხება, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ.

„მოცემულ საქმეში, ჟურნალისტმა ახალი ამბების გაშუქებისას ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია მოიხსენია ტერმინით - „ულტრამემარჯვენე“. ეროვნული სასამართლოების შეფასებით, ამ ქმედებამ დაარღვია უნგრეთის „მედიის აქტის“ დებულება, რომელიც წამყვანებს უკრძალავს პოლიტიკური შინაარსის ახალი ამბების გაშუქებისას გააჟღერონ თავიანთი მოსაზრება ან შეფასებითი განმარტება. ეს დებულება ჰგავს საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის ჩანაწერს, რომლის თანახმად „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე„“.

SJC-ის შეფასებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებლობის მარეგულირებელი ბრიტანული სტანდარტები, რომლითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ასაბუთებენ, არსებითად განსხვავდებაკანონპროექტში წარმოდგენილი დებულებებისგან. 


მეორე კანონპროექტი- დაფინანსების კუთხით დადგენილი შეზღუდვები

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მეორე კანონპროექტის თანახმად, ტელე და რადიო მაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. გამონაკლისს წარმოადგენს კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება. ამასთანავე, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლების მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, მედია მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს.

„აღნიშნული აკრძალვა არ ემსახურება არავითარ ლეგიტიმურ მიზანს. იგი არ იცავს არავითარ საჯარო ინტერესს ან სიკეთეს. პირიქით, ამ აკრძალვით ხელისუფლება ზღუდავს ფართო საზოგადოებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების გზებს და ებრძვის კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას“.

მესამე კანონპროექტი  - გენდერული თანასწორობის კუთხით გაუარესებული მდგომარეობა 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მმართველი პარტია თანასწორობის უფლების შემზღუდველი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი საგანგაშო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებასაც აგრძელებს. ამის მაგალითად ორგანიზაციას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში მესამე კანონპროექტით ინიცირებული ცვლილებები მოჰყავს, რომლითაც კანონიდან ამოიღებენ სიტყვებს: „გენდერი“, „გენდერული მიკუთვნება“ და „გენდერული მრავალფეროვნება“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება. კანონპროექტის თანახმად, მოცემული დებულებიდან ამოღებულია სიტყვა „გენდერული“ - საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ ექნება ვალდებულება, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული გენდერული მრავალფეროვნება“.

SJC-ის შეფასებით, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გამყარების, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების კონტროლს მიღმა თავისუფალი სივრცეების არსებობას. ერთ-ერთ ასეთ სივრცედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კრიტიკულ მედიასაშუალებებს მიიჩნევს, რომლებსაც, მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, სააშკარაოზე გამოაქვთ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მასშტაბური რეპრესიები და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. 

„მმართველი პარტიის მიერ მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები - ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ინიციირებული უკიდურესად პრობლემური შინაარსის ცვლილებები, მედია საშუალებების უფლებების შემზღუდველი რეგულაციები და მათზე კონტროლის გამკაცრება კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკულ მედია საშუალებებზე ზეწოლის გაძლიერებას და ქვეყანაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისუფალი სივრცეების მაქსიმალურად ჩახშობას, მისი ავტორიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასების დოკუმენტი ვრცლად იხილეთ ბმულზე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს