საქართველო
კატეგორია - საქართველო


Chai Khana-ს განცხადებით, მედია პლატფორმა დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, 17 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა Chai Khana-სა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანამშრომლობის შესახებ დაუსვა. 

როგორც გამოცემა განმარტავს, Chai Khana-სა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ვიდეოების შესახებ კომუნიკაცია საჯარო არ ყოფილა. „იმედის“ მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმული შეკითხვა კი Chai Khana-ს აფიქრებინებს, რომ ეს ინფორმაცია მოპოვებულია, სავარაუდოდ, უკანონო მიყურადების ფარგლებში, რომელიც ასევე უკანონოდ მიაწოდეს ტელეკომპანია „იმედს“.

„ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე პასუხად ახსენა „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი 2024 წლის მაისში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.” დღევანდელი მოვლენები ადასტურებს დამოუკიდებელი მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის განზრახვას და აღნიშნული კანონის მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენების მცდელობას“, - ვკითხულობთ Chai Khana-ს განცხადებაში.

მედია პლატფორმის ინფორმაციით, Chai Khana-სა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მეორე წელია არსებობს და ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს აქტიური სამოქალაქო ინიციატივების და იმ პოზიტიური ცვლილებების წარმოჩენას, რომელიც ამ ინიციატივების შედეგია.

„ხელისუფლების მხარდამჭერ სატელევიზიო და ონლაინ მედიებში ამ ამბის შესახებ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. გვსურს, განვმარტოთ, რომ Chai Khana-ს და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მეორე წელია არსებობს და ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს აქტიური სამოქალაქო ინიციატივების და იმ პოზიტიური ცვლილებების წარმოჩენას, რომელიც ამ ინიციატივების შედეგია.

ამ ვიდეოების მაგალითები შეგიძლიათ, ნახოთ კომენტარებში.

ვინაიდან ქვეყანა მოცულია უწყვეტი საპროტესტო აქციებით, რომელიც დღეს ნებისმიერი მედიის გაშუქების პრიორიტეტია, Chai Khana-ც ამ დრომდე აშუქებს მიმდინარე აქციებს ჩვენთვის დამახასიათებელ ფორმატში, რაც გულისხმობს შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმებისა და ფოტო პროექტების მომზადებას დამოუკიდებელი ავტორების მიერ.

ასევე, მედია პლატფორმის გარდა, Chai Khana ფუნქციონირებს როგორც საპროდიუსერო კომპანია, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც თანხვედრაშია Chai Khana-ს ღირებულებებთან. ამ მომსახურების შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ვიდეოების გამოქვეყნების ვალდებულება Chai Khana-ს საკუთარ პლატფორმებზე არ აქვს.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Chai Khana-მ უარი განაცხადა პროტესტთან დაკავშირებული ვიდეოების გამოქვეყნებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი ვიდეოების სერია არ მომზადებულა, რადგან ფორმატზე პარტნიორ ორგანიზაციასთან საბოლოოდ შეთანხმებულები ჯერ არ ვიყავით. ასევე, გვსურს, ცალსახად განვაცხადოთ, რომ Chai Khana ამაყობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარსული, მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობებით“, - წერს Chai Khana 

 
კატეგორია - საქართველო




საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„დღეს აქ ვარ, რომ გამოვხატო სოლიდარობა იმ შემაძრწუნებელი მოპყრობის გამო, რომელსაც თქვენს, როგორც ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების მენეჯერების მიმართ ბოლო კვირების განმავლობაში ხორციელდებოდა“, - თქვა ჰერჩინსკიმ მისასალმებელ სიტყვაში. 

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 1 წლისთავზე მედიის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის თვითმხილველები გავხდებოდით. 

შეხვედრა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ორგანიზებით გაიმართა.

„ძვირფასო მეგობრებო,

ძალიან მადლობელი ვარ ამ რთულ დროს თქვენთან შეხვედრისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ყველანი გავხდით მომსწრენი ძალადობრივი, ამაზრზენი თავდასხმების თქვენი და თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დაშავებულები, თქვენი კოლეგები, სწრაფად გამოჯანმრთელდებიან და ასეთი ამაზრზენი თავდასხმები აღარ განმეორდება. ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯოს.

ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი ხელმისაწვდომი და მეპასუხა ჟურნალისტების ყველა კითხვაზე, მაგრამ დღეს აქ ვარ, რომ გამოვხატო სოლიდარობა იმ შემაძრწუნებელი მოპყრობის გამო, რომელსაც თქვენს, როგორც ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების მენეჯერების მიმართ ბოლო კვირების განმავლობაში ხორციელდებოდა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 1 წლისთავზე (2023 წლის 14 დეკემბერს) მედიის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის თვითმხილველები ვიქნებოდით.

მადლობელი ვარ ეთიკის ქარტიის ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის. როდესაც ევროკავშირმა (ევროპის საბჭოსთან ერთად) 2009 წელს ეთიკის ქარტია დააარსა, მისი მიზანი იყო ქართულ ჟურნალისტიკაში ევროპული სტანდარტების, ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პოპულარიზაცია. ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ დავაარსეთ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში (13 წლის წინ) სტანდარტების შემდგომი წახალისებისა და მედიის ხარისხისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობისთვის.

წლების განმავლობაში გვჯეროდა, რომ მედიისთვის პრიორიტეტული საჭიროება სტანდარტების განვითარება იყო. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ასეთი პრიორიტეტები ძირეულად შეიცვალა. ამჟამად პრიორიტეტია ჟურნალისტების ფიზიკური დაცვის აუცილებლობა ცემისგან, ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიისგან, დაშინებისგან, დევნისგან, არასათანადო მოპყრობისაგან და წამებისგანაც კი - ეს არის საგანგაშო სიტყვა, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებებში არის გამოყენებული. არ შეიძლება, რომ ეს გულთან ახლოს არ მივიტანოთ.

ევროკავშირი არაერთ მედიის განვითარების პროექტს აფინანსებს და ბევრი თქვენგანი შეიძლება მათი ბენეფიციარიც იყოს. ხელისუფლების მხრიდან მედიისადმი მოპყრობის გამო, ზოგიერთ პროექტს მოუწია თავიანთი აქტივობების ადაპტირება ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის თემაზე ტრენინგების ჩასატარებლად. ამ მიუტევებელი მოვლენების ფონზე, მივესალმები იმ მედეგობას და გამბედაობას, რომელიც თქვენ, როგორც მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა გამოიჩინეთ. თქვენი შრომა არის ის ძალა, რომელიც სათანადოდ უნდა დაფასდეს. როგორც უცხოელი დიპლომატები, დიდად ვაფასებთ და ვეყრდნობით თქვენს მუშაობას, რომელიც რთულ მოვლენებში გარკვევაში გვეხმარება. თქვენ ასევე ყველას აწვდით ჩვენს ხმას, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა.

ყველა განცხადებაში და ყველა დონეზე, ევროკავშირი მუდმივად გმობს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის გაჩუმებას და მის პროფესიულ მოვალეობებში ხელის შეშლას. გაგებული გექნებათ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის  გუშინწინდელი განცხადება, რომ „დემოკრატიები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ “. სწორედ ამიტომ, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ურყევი მხარდაჭერა ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ასევე ნახეთ, რომ ევროკავშირი შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ და კიდევ გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

გასული წლის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ცერემონიაზე მივმართე მედიას თხოვნით, ჰქონოდა მეტი და უკეთესი კომუნიკაცია გაფართოების პროცესზე და თუ რას ნიშნავდა ის საქართველოსთვის. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული რიგი არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმის კეთება და საზოგადოების ინფორმირება.

არ მინდა ამ ნეგატიური განწყობით დასრულება და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველო დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და ევროკავშირში გაწევრიანება განახლდება.

ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი ამ ტრაექტორიის ერთგულია; თქვენ ეს დაამტკიცეთ თქვენი თავგანწირვითა და ჟურნალისტური პროფესიისადმი თავდადებით. მადლობა ყველას ამისთვის“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წერილს აქვეყნებს.

"ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკი და მძიმე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, საპოლიციო ძალები დაუნდობლად ეპყრობოდნენ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტების ნაწილი სასტიკად ნაცემია, ნაწილი კი ძვლების მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანილი.

მივესალმები საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს, რომლებიც მუდმივად მხარში მიდგნენ, ავლენენ სიმამაცეს, გამძლეობას და ნებისყოფას, მადლობას ვუხდი და მეც მხარს ვუჭერ მათ.

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ მედიას, ჟურნალისტებს!

გაუმარჯოს დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარულ მოქალაქეებს!

რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაც აპირებს გახდეს იმ დიქტატორთა გაერთიანების წევრი (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელარუსი, ჩრ. კორეა და მისთანები), რომელიც კაცობრიობის მტერია და მიისწრაფვის მათკენ.

აზერბაიჯანში კი პოლიტიკური ვითარება გაცილებით მძიმეა. ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. 20 წელზე მეტია, რაც ილჰამ ალიევის ხელისუფლება კრიმინალური, კორუმპირებული, მკვლელი, მექრთამე ჩინოვნიკებისგან შემდგარი გუნდით ძარცვავს სახელმწიფო ბიუჯეტს, ავიწროებს და ჩაგრავს ხალხს, სასტიკად ემუქრება პოლიტიკური პარტიების წევრებს, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს და აძლიერებს მათ წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს პროცესები დღეს კულმინაციამდეა მისული აზერბაიჯანში.

რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, აზერბაიჯანში ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობისა და გამოძიების გამო, მე და ჩემი ოჯახი მუდმივად ვიმყოფებოდით უმძიმესი დევნისა და მუქარების ქვეშ. ჩვენი ოჯახის ღირსებით გვაშანტაჟებდნენ, მცირეწლოვანი შვილების მოკვლით გვემუქრებოდნენ. ჩემს ოჯახს , რომელიც ახლა თბილისში იმყოფება, დღემდე ემუქრებიან და დევნიან, მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

სწორედ აზერბაიჯანის დიქტატორის დაკვეთით ვარ საქართველოში დაპატიმრებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით 2-ჯერ გრძელვადიანი, 3 ჯერ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვიყავი და რამდენიმე წელი ვცხოვრობდი, როგორც პოლიტპატიმარი.

ძირს დიქტატურა!

არა რეპრესიებს!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!"

28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, თბილისში დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კატეგორია - საქართველო


„TV პირველის“ ინფორმაციით, 17-18 დეკემბრის ღამეს, ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს, ნიკო კოკაია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

„“ვესვრი ამას“, “ჭიქას ვესვრი- თქო“ - ე.წ. ტიტუშკამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ და პირი, რომელიც ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, უბრალოდ ადგილიდან განარიდეს. “ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არაფერს აკეთებდნენ ისინი, პოლიცია არ პასუხობდა და უმტკიცებდა, რომ აუცილებლად მოახდენდნენ რეაგრიებას. ნანუკა ქაჯაიას თქმით, აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებთან ე.წ ტიტუშკა მივარდა და ადგილზე მყოფ ყველა ადამიანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა“.

ტელეკომპანიამ მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეომასალაც და განაცხადა, რომ პირი, რომელიც „TV პირველის“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა, პოლიციამ საჩვენებლად დააკავა და 5 წუთში გაათავისუფლა. 

„მოპოვებული ვიდეო მასალით  დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი ჩვენი ჟურნალისტის მიერ პოლიციელებისთვის დასმული კითხვების შემდეგ, საჩვენებლად დააკავეს და პოლიციის მანქანით წაიყვანეს, პარლამენტის უკან მდებარე ქუჩაზე ჩამოსვეს. ერთ-ერთი პირი, ვინც პოლიციელის და თავდამსხმელის საუბარი მოისმინა, კონფიდენციალურად “პირველებს“ უყვება, რომ ესმოდა სამართალდამცველების კითხვა - „რატომ გაშიფრე„“.

როგორც „TV პირველი“ წერს, „იდენტიფიცირებულია ე.წ. ტიტუშკა, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის თანამონაწილეა“. 

არხის ინფორმაციით,  38 წლის დავით ენუქიძე, გუშინ რუსთაველის გამზირზე იმ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ნანუკა ქაჯაიას და ნიკო კოკაიას  პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. 

„არაოფიციალური ინფორმაციით, ენუქიძე პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. ძალადობრივი დაჯგუფების სავარაუდო წევრი ვერ  უარყოფს, რომ გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა გამომკითხეს თუ არა დანაშაულის ფაქტებზე  კითხვას ვერ პასუხობს“.

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

 
კატეგორია - საქართველო

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, „საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ  არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას“.


კატეგორია - საქართველო


„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ინფორმაციით, ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის, „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ თანათავმჯდომარე, გია სალია 13 დეკემბერს, ზუგდიდში, საპროტესტო მსვლელობის გადაღების დროს ავტომობილით გადაადგილებისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც JRC წერს, გია სალიას 16 დეკემბერს ფოთიდან ზუგდიდისკენ გადაადგილებისას საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა, გაჩერება და მანქანიდან გადასვლა უბრძანა, რადგან მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო ფორმად მიიჩნევს და საპატრულო პოლიციას მოუწოდებს, უკანონო გადაწყვეტილება გააუქმოს.

„პოლიცია მას 13 დეკემბერს, ზუგდიდში მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას ედავება. გერმანე სალიას განმარტებით, ის მსვლელობაში კი არ მონაწილეობდა, არამედ ავტომობილით მიჰყვებოდა მას გადასაღებად“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსისა“ და JRC -ის დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საპროტესტო აქციაზე ავტომობილით გადაადგილებისთვის მედიის დაჯარიმების პირველი და საგანგაშო შემთხვევაა.

„ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, გვაინტერესებდა რამდენად იცოდნენ, რომ საუბარია მედიაზე და ავტომობილში მსხდომი პირები პროფესიულ ვალდებულებას ასრულებდნენ და მსვლელობის ვიდეოს იღებდნენ. ასევე, რამდენად ადასტურებდნენ დაჯარიმების და მანქანის ძებნაზე გადაცემის ფაქტს. უწყებაში გვითხრეს, რომ "ვიდეო თუ გაქვთ რა დადასტურება გინდათ" და აქვე დაგვპირდნენ, რომ დეტალებს გადაამოწმებენ და დაგვიკავშირდებიან. ჩვენ უწყებისაგან პასუხს ველოდებით“, - წერს „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“.

გია სალიას მხარდაჭერას უცხადებს და საქმის სამართლებრივ დეტალებს სწავლოს „მედიაომბუდსმენიც“. 

 

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიასა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ეთერ თურაძის მიმართ ანგარიშსწორება და მუქარა.

16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. 

„პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ეთერ თურაძესთან გრიგოლ ბესელია მივიდა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან, სადაც დემონსტრანტები აქციას მართავდნენ და მედიაც მუშაობდა.

ამ ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეთერ თურაძის მიმართ აგრესიას გამოხატავს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც, რომელიც “ბათუმელებს” არაერთხელ ჰყავს მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში. პოლიციის უფროსი ონლაინგამოცემის რედაქტორს უხეშად და უპატივცემულოდ მიმართავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილია, რომ ირაკლი დგებუაძე ეთერ თურაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გამოიჩინონ პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ, არ შეუშალონ ხელი საპროტესტო აქციების გაშუქებისას და შეწყვიტონ მუქარა. 

როგორ ორგანიზაცია განმარტავს, პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, „პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.“

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

 
კატეგორია - საქართველო


ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე პოლიციისა და არაფორმალური ჯგუფების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში აღწერილია ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებიც. 

Amnesty International-ი მიმოიხილავს პოლიციის მხრიდან არასაჭირო და გადაჭარბებული ძალის გამოყენების, მათი მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის, ჟურნალისტების მიზანში ამოღების, თვითნებური დაკავებებისა და დაკავების შემდეგ წამებისა და სხვაგვარი სასტიკი მოპყრობის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის, სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან ფართოდ გავრცელებული შევიწროებისა და დაშინების შემთხვევებს.

დოკუმენტი დაზარალებული ჟურნალისტებისა და მომიტინგეების კომენტარებს, ფოტო-ვიდეომასალას, უფლებადამცველებთან ჩატარებულ ინტერვიუებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშს ეყრდნობა.

„29 ნოემბრიდან დედაქალაქში მასობრივი აქციები დაიწყო, რამდენიმე ათასმა ადამიანმა პარლამენტის წინ და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა; ქვეყნის მასშტაბით სხვა აქციებიც დაიწყო. პოლიციამ საპასუხოდ წლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ესკალაცია გამოიწვია. წარმოქმნილ ძალადობისა და დაპირისპირებების შედეგად მრავალი ადამიანი დაშავდა, ვიდეომასალაში კი მშვიდობიანი მომიტინგეებისა და აქციების გადამღები ჟურნალისტების სასტიკი ცემა არის აღბეჭდილი. პოლიცია აქციის მონაწილეებს დემონსტრაციების გარეთაც დევნიდა, მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკებსა და დაკავებებს ანხორციელებდა. ამ დროისთვის 460-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის, 430-ის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე, 30-ის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული“.

Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: დაუყოვნებლივ შეაჩეროს პოლიციისა და პოლიციის თანამონაწილეობით მოქმედი უცნობი ჯგუფების მხრიდან ძალადობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს მათი პატივისცემა, ჩაატაროს უკანონო ძალის გამოყენების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. ორგანიზაციის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა, ვინც მათი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირსა და გაეროს, მოუწოდებს, საჯაროდ დაგმოს ძალის გადაჭარბებული გამოყენება და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვონ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. 

ვრცლად პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - 28 ნოემბრიდან მედიის საქმიანობაში ხელშეშლის 90-ზე მეტი ინციდენტი მოხდა

 
კატეგორია - საქართველო


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ის პროპაგანდისტული გზავნილები შეისწავლა, რომლებსაც „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული აქტორები საპროტესტო აქციების ჩასახშობად სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.

საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ნარატივები:

  • „თბილისში მიმდინარე აქციები მშვიდობიანი არ არის“ 

როგორც ISFED-ი წერს, სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელებული პოსტების ნაწილში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სხვადასხვა აქტორები, პარტიის ლიდერების მსგავსად, ამტკიცებდნენ, რომ დედაქალაქში გამართული მასშტაბური აქციები მშვიდობიანი არ არის. ამის სადემონსტრაციოდ კი, აქვეყნებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ისვრიან აქციის მონაწილეები პიროტექნიკას.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქციის მონაწილეებს „აგრესიულ მომიტინგეებს“, „რადიკალებს“ ან სარკაზმით „მშვიდობიან“ მომიტინგეებს უწოდებდნენ. 

„პიროტექნიკის გამოყენებასთან ერთად, ძირითადი აქცენტი მოსალოდნელ პროვოკაციებზე კეთდებოდა, რომელსაც „მუხტის ასაწევად“ მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. მსგავსი პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო“.


ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე გავრცელდა გზავნილიც, რომ აქციის მონაწილეები შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, ფაქტების გადამამომწმებელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ „იმედი“ დეზინფორმაციას ავრცელებდა და ქარდზე გამოსახული პირი არა იარაღით, არამედ შტატივითა და კამერით იდგა.

„სამართლიანი არჩევნები“ წერს, რომ აქციის მონაწილეების „რადიკალებად“ პოზიციონირებასთან ერთად, პროპაგანდისტული მედიები სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების სასტიკ მოპყრობას „საპოლიციო ღონისძიებასა“ და „პროვოკაციებზე პასუხს“ უწოდებდა.

„“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გამოცემები ყოველდღიურად ავრცელებდნენ დაშავებული სამართალდამცავების შესახებ რაოდენობრივ ინფორმაციას, თუმცა მსგავსი სიხშირით არ გავრცელებულა დაკავებული და დაზარალებული მომიტინგეების შესახებ მონაცემები. დაზარალებული სამართალდამცავების კადრებით იწყებოდა პროპაგანდისტული ტელევიზიების სიუჟეტებიც“.

სამართალდამცავების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში კი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, „ნიუსჰაბმა“ გამოაქვეყნა და დაარეკლამა ვიდეოებიც სათაურით - „მოქალაქე პოლიციას მადლობას უხდის“. 

  • „აქციები გარე ძალების მიერ არის მართული და „მაიდნის” სცენარს იმეორებს“

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი მისი „ნაცმაიდანად“ მოხსენიება იყო. პროპაგანდისტული მედიები და ანონიმურად მოქმედი გვერდები კი აქტიურად აზიარებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, „აქციის მონაწილეების მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა და ოპოზიცია საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს“.  


ISFED-ი აღნიშნავს, რომ აქციების დისკრედიტაციისთვის 1 დეკემბერს შეიქმნა ფეისბუკჯგუფი - „ანტი-მაიდანი!”, რომლის ერთ-ერთი ადმინისტრატორიც პროპაგანდისტული ტელევიზია PosTV-ის წამყვანია.

„ჯგუფში შეთქმულების თეორიებთან ერთად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გზავნილები ვრცელდებოდა. ჯგუფში გამოქვეყნებული მადისკრედიტირებელი პოსტების სამიზნე აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც არიან“.  

  • „ანტიდასავლური კამპანია“

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების - ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების მიღების შემდეგ, სახალხო პროტესტის ფონზე, პარტიის ლიდერები ანტიდასავლური განწყობების მეტად გაღვივებას ცდილობდნენ და მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირსა და დასავლეთს აბრალებდნენ. 

დასავლეთის მხრიდან აქციის მონაწილეებისადმი არაადამიანური მოპყრობისა და გაუმართლებელი ძალადობის დაგმობის შემდეგ კი, PosTV-მა ქარდები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ყალბი ციტატებით გამოაქვეყნა. 

„ქარდების აღწერაში იდენტური ტექსტი იყო მითითებული: „ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” ყალბ ციტატებში აქციის მონაწილეები მოძალადეებად იყვნენ წარმოჩენილი, ელჩები კი მათ ქმედებებს გმობდნენ. ქარდები აქტიურად გავრცელდა ფეისბუქპროფილებსა და ჯგუფებში, თუმცა „PosTV-ის” გაკეთებული აღწერის გარეშე. აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მედიის პოსტების კომენტარებშიც აუდიტორიის უმრავლესობა ციტატებს ნამდვილად აღიქვამდა. ქარდები დარეკლამებულიც იყო, თუმცა Meta-ს წესების დარღვევის გამო მათი ნაწილი წაიშალა“.


  • „აქციის მონაწილეებისა და მედიის მადისკრედიტირებელი კამპანია“

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ პროპაგანდისტული მედიების დისკრედიტაციის სამიზნე ტელეწამყვანებიც გახდნენ. 

„“ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მედიებსა და გვერდებზე ვრცელდებოდა ტელევიზიებისა და ჟურნალისტების გამაშარჟებელი და შეურაცხმყოფელი გზავნილები. კრიტიკა და დაცინვა აქციების გაშუქებასა და ჟურნალისტების ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირს შეეხებოდ“. 


გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა მედიამ „ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის აქციის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენება სცადეს.

“„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ჩართვით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, და ჟურნალისტებზე ძალადობას ამორალური უწოდა. მამუკა მდინარაძემ თავდასხმას „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა“. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აღნიშნავს, რომ მიმდინარე აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი პროპაგანდისტული წყაროები დეზინფორმაციულ ფრონტს ყოველდღიურად აძლიერებენ. შექმნილი კრიზისის ძირეული მიზეზების განხილვისა და საზოგადოების სამართლიან მოთხოვნებზე რეაგირების ნაცვლად კი, „ქართული ოცნება“, როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად ძალაუფლების დემონსტრირებას აგრძელებს და აქციებთან დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გავრცელების გზით, საზოგადოების გულწრფელი პროტესტის ჩახშობას ცდილობს. 

„დეზინფორმაცია იქცა აქციის მონაწილეთა დემონიზების მძლავრ ინსტრუმენტად. შეცდომაში შემყვანი გზავნილების გავრცელებით, „ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს ბრალეულობის ოპოზიციის და დემონსტრანტებზე გადატანას და რეპრესიებისა და ძალოვნების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამართლებას“. 

საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ნარატივების შესახებ, ვრცლად იხილეთ - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა პროტესტის ჩასახშობად.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო : EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“გლობალური ქსელის წევრი რედაქტორები და ჟურნალისტები ერთობლივგანცხადებას ავრცელებენ და ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩვენ, IPI-ის გლობალური ქსელისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედიის ქსელის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზემიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, რომლებიც მოჰყვა მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე შეეჩერებინა.

საქართველოსთვის პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გაბედულ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს საქმეს – საზოგადოების ინფორმირებას, უკიდურესად მტრულ და სახიფათო გარემოშიც კი. მათი საქმიანობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე იმ მოვლენების შესახებ, რაც ახლა საქართველოში ვითარდება.

ჟურნალისტებს სასტიკადსცემენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან და აკავებენ. ამას გარდა, მათ აპარატურას ართმევენ და ანადგურებენ და მუშაობაში ხელს უშლიან. ამავდროულად, მთავრობა აგრძელებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას.

ადგილობრივი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ, სულ მცირე, 90 ჟურნალისტს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან მუშაობაში შეუშალეს ხელი. დაზარალებულთა უმეტესობა წარმოადგენს  თბილისში მდებარე დამოუკიდებელ და კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს.

მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმები ხდება პრესის თავისუფლების სწრაფი გაუარესებისა და დემოკრატიის უკუსვლის ფონზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიის გარემო უფრო მეტად მტრული და საშიში გახდა, რადგან კრიტიკული ხმების ჩასახშობად სამართლებრივი და ინსტიტუციური ბერკეტები გამოიყენება.

ჩვენთვის  საქართველოს თავისუფალი მედიის სიმამაცე და გამძლეობა შთამაგონებელია. თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, ხოლო თქვენი სიმამაცე – შთაგონების წყაროა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ, ჩვენთქვენ სრულ სოლიდარობას გიცხადებთ“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს 80-მდე ჟურნალისტი აწერს.

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

 
კატეგორია - საქართველო


პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ, 11 დეკემბერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია ქარდით, რომ „„ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ მუქარის სქრინი სუს-ს მიაწოდეს“. 

„იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ქარდს თანდართული ჰქონდა ტექსტიც: „მუქარის შემცველ წერილში, რომელიც პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატს გაუგზავნეს,  ავტორი არსებული ვითარებიდან გამომდინარე მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლო მსხვერპლზე საუბრობს.  წერილის ადრესატს  დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევს და მისი შვილებით აპელირებს. წერილის ე.წ სქრინები სუს-ს პარლამენტიდან მიაწოდეს“. 

თავად ქარდზე კი დატანილი იყო, სავარაუდოდ, ფრანგული ნომრიდან WhatsApp-ში მიღებული ინგლისურენოვანი შეტყობინების ე.წ. სქრინი. 



„იმედმა“ მაყურებელს „მუქარის შემცველი წერილის“ მტკიცებულად სწორედ ეს სქრინი შესთავაზა, თუმცა რეალურად ამ შეტყობინებას მუქარის შემცველი შინაარსი არ აქვს. რა წერია სინამდვილეში მიღებულ წერილში, ნახეთ თარგმანი სრულად:

„ძვირფასო გიორგი,

მინდოდა პირადად მომეწერა და ამეხსნა, რამდენად დიდია შენი როლი საქართველოში არსებული ვითარების სტაბილიზაციაში, რათა ადამიანები არ დაშავდნენ, არ დაზარალდნენ და, შესაძლოა, მომდევნო დღეებში არ დაიღუპონ. სიტუაცია მართლაც კრიტიკულია! გთხოვ, გაიღვიძე!

გთხოვ, გაიგო, რომ ცხოვრებაში მთავარი ღირებულებებია, რათა არ შეგრცხვეს შენი წარსულის. ფული მოდის და მიდის! მაგრამ ღირებულებები უცვლელად რჩება!

ღირს შენთვის და შენი მომავალი თაობებისთვის ასეთი სიმძიმის ტარება მთელი ცხოვრება? ამჟამად შენი იმიჯი თითქმის ნულს უტოლდება. არავინ გეუბნება ამას პირდაპირ, მაგრამ მერწმუნე, ასეა!

იყავი მამაცი!

არ იყო მშიშარა!

იპოვე შინაგანი ძალა და უბრალოდ გააკეთე ეს!

შენი სახელი ისტორიაში გმირად დარჩება.

გააკეთე მამაცი განცხადება და დატოვე შენი თანამდებობა, რათა ამ ადამიანებმა გადარჩენა შეძლონ!

მე შენი მეგობარი ვარ და ძალიან გიჭერ მხარს.  იმედია გაბედულად შევხედავთ ერთმანეთს თვალებში, როცა ერთმანეთს შევხვდებით. 

მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება!“


„მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“, -  განსაზღვრავს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი პრინციპით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ფაქტის განზრახ დამახინჯება ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია. 

 

კატეგორია - საქართველო


„პუბლიკის“ ინფორმაციით, გამოცემის რეპორტიორი, მინდია გაბაძე აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხეს. გაბაძეს გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინეს ხელი.

„გუშინდელი, მარიამის [მარიამ ნიკურაძე] სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს, ჩემს გამოკითხვაზე გაუთქმელობის პირობაზე უნდა მომეწერა ხელი. თითქოს პროცესის გაუთქმელობის გარეშე არ იცის ვინმემ, რამდენად დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე - ჟურნალისტების გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარება სისხლის სამართლის წესით მიმდინარე საქმეებზე.

ჟურნალისტობა დღეს ჩემთვის არის ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების, ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩვენება ჩვენი თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ დროის კარგვაა", - მინდია გაბაძე სოციალურ ქსელში წერს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და 2 ნაწილით და 239-ე მუხლის პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ხელმძღვანელობას, ამ მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. 

ამავე გამოძიების ფარგლებში 10 დეკემბერს გამოიკითხა OC Media-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძეც.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ.