საქართველო
კატეგორია - საქართველო


26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს. „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.  

"ზეგავლენას ახდენთ თქვენ, თქვენ თქვენი ტელევიზიით, რადგან კამერა გიკავიათ, მიკროფონი გიკავიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ, თქვენ ესე გგონიათ. ეგრე არ გამოვა," - ეუბნებ ვიდეოჩანაწერში ამირან გიორგაძე „TV პირველის“ ჟურნალისტს.

ნინო ელიკაშვილის თქმით, მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის თქმით, ჯგუფი ადგილზე „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას იღებდა. 

„აქ იმყოფება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე, რომლის ოჯახის წევრებიც არიან მობილიზებულები მე-4 საარჩევნო უბანთან. სწორედ მათი მხრიდან განხორციელდა ჩვენ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება. ისინი ცდილობდნენ, ჩვენი კამერის გადაგდებას შემაღლებული ტერიტორიიდან და ამის შემდგომ ჩვენ უკვე გამოვედით შედარებით უსაფრთხო ადგილას“ - აცხადებს ჟურნალისტი ადგილიდან ჩართვისას. 

ნინო ელიკაშვილმა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ჰკითხა, მომხდართან დაკავშირებით დაიწყებოდა თუ არა გამოძიება, სამართალდამცავმა კი ჟურნალისტი პრესცენტრთან გადაამისამართა.

 
კატეგორია - საქართველო


საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მედიაგარემოზეც. 

ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ მეტისმეტად პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით პოლიტიკურ აქტორებზეა დამოკიდებული. სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულმა მედიამონიტორინგმა კი, ყველა მედიასაშუალების მკვეთრი პოლიტიკური მიკერძოება აჩვენა მაშინ, როცა მიუკერძოებელი გაშუქების ვალდებულება კომერციულ ტელეკომპანიებში უგულვებელყოფილი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანდიდატთა გაშუქება მეტწილად პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, მან მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო“.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა უსაფრთხოება კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია ბოლო დროს დაფიქსირებული თავდასხმების, დაშინებისა და ზეწოლის უწყვეტი ინციდენტების გამო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, იულიან ბულაის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა „პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).

 
 
კატეგორია - საქართველო


„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ოქტომბერს ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, მარი წაქაძეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ამ ფაქტის პარალელურად, ადგილზე მყოფი დაუდგენელი პირი ჟურნალისტისთვის ხელის შეეშალა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს ცდილობდა. როგორც cmis-ი წერს, ეს პირი ამბობდა, რომ ჟურნალისტს „ტყუილის საუბარში“ უშლიდა ხელს. მარი წაქაძემ  დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს [20:00 საათის მდგომარეობით] მედიის 25 წარმომადგენელი დაზარალდა. 

 
კატეგორია - საქართველო


საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებთან მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. 

ორგანიზაციის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების მისამართით საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნება აგრესია და მტრული გარემო.

„ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ თელავში, მარნეულსა და ვაზისუბანში. ფიზიკურად გაუსწორდნენ CNews-ის ჟურნალისტს. „მთავარი არხის“  წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს მუშაობაში კახეთსა და ბათუმში. გამოვლინდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი რუსთავში; სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობდნენ რადიო „მარნეულის“, „პუბლიკას“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის", - წერს ორგანიზაცია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიულ საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს სახალხო დამცველი იმ ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს ეხმაურება, რასაც ადგილი მათ შორის, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართაც ჰქონდა.

ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი 3 სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება დაასახელა: 

  •  ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS - ის ჟურნალისტს;
  •  თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა;
  •  ტელეკომპანია “მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათვის საქმიანობის ხელშეშლა დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუმცა მედიის მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კომისიების მუშაობას“.

 

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტოს მოუწოდებს, აღკვეთოს საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების ძალადობრივი ქმედებები ჟურნალისტების მიმართ.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, უბანზე მობილიზებული აგრესიულად განწყობილი, ზოგ შემთხვევაში არაფხიზელი, პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა დღის განმავლობაში მყარ ტენდენციად ჩამოყალიბდა. 

„შსს არ იცავს ჟურნალისტებს მათი თავდასხმებისგან. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარე, კანონის დარღვევით, თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს და ჟურნალისტების მუშაობას აფერხებს.

მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე, 14:00 საათზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე მანამდე არ შეუშვეს, სანამ საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია არ ჩაერია. ჟურნალისტის თქმით, უბნის თავმჯდომარე მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არ აძლევდა უბანზე შესვლის შესაძლებლობას და ეუბნებოდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდა, თუ არაფერს გადაიღებდა. ჟურნალისტმა დახმარებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. საგულისხმოა, რომ სოფელ სადახლოში ხმის მიცემის პროცედურა ძველი სისტემით მიმდინარეობს და უბანზე ჟურნალისტის და კამერის ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

15:00 საათისთვის, კახეთში, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ია გულიაშვილს და ოპერატორ ლევან დვალს, თავს დაესხა ტელეკომპანიის ვარაუდით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. ჟურნალისტი ამ დროს იმის გარკვევას ცდილობდა, თუ ვინ და რატომ უმასპინძლდებოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევნებს. აგრესიულად განწყობილი პირი ჟურნალისტს უბნის დატოვებას თხოვდა და ოპერატორისკენ იწევდა.  

15:00 საათისთვის, ბათუმში, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს, „მთავარი არხის“ ინფორმაციით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული აგრესიულად განწყობილი პირები, საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ჟურნალისტები უბანთან მობილიზებულ პირებს სიების თაობაზე უსვამდნენ კითხვებს.

16:30 საათისთვის, თბილისში, გლდანში, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა, გამორჩეულად აგრესიულმა პირებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფ მიაყენეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბოძეს. ერთ-ერთმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. 

17:30-ისთვის, თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებული პირები თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ოპერატორს და კამერა დაუზიანეს. ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ამ დროს უბნის მიმდებარედ შეკრებილებს იღებდნენ.

10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.

10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა

14:00 საათისთვის, რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. 

შუადღისას, 14:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც  უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.

OC Media-ს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.

ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად აუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ყველას შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

 
კატეგორია - საქართველო


ვაზისუბანში „TV პირველის“ ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ. 

„ოცნების სამსახურში ჩამდგარი არშემდგარი ძველი ბიჭები ვაზისუბნიდან, რომლებიც სახის გამოჩენასაც ვერ ბედავენ, ჩვენს ოპერატორს ზურგიდან თავს დაესხნენ“, - წერს  „TV პირველი“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. 

 
კატეგორია - საქართველო

როგორც ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, გლდანში, 39-ე სკოლასთან, უცნობმა პირებმა, რომლებიც #59 საარჩევნო უბანთან იყრიან თავს, „პუბლიკას“ რეპორტიორს, მინდია გაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გამოცემის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

გაბაძესთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, თამუნა ჩქარეულს.

 
კატეგორია - საქართველო


ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა „TV პირველის“ ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც მათ მიკროავტობუსში შეკითხვების დასასმელად ავიდა, კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ. შემდეგ კი, სავარაუდოდ კოორდინატორების უფროსმა, ედუარდ შარაძემ თამთა დოლენჯაშვილს უთხრა, რომ „სისხლის სამართლის დამნაშავედ წარსდგება“.

„უბანზე მობილიზებული ოცნების კოორდინატორები ამტკიცებენ, რომ ქორწილში არიან და ტვ პირველის ჟურნალისტის ციხეში გაშვებით იმუქრებიან“, - წერს „TV პირველი“. 

ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.

„„ოცნების“ ტიტუშკები „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს ბათუმშიც დაესხნენ“, - წერს ტელეკომპანია ფეისბუკის პირად გვერდზე. 



ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დავით ჭაბაშვილს.


 
კატეგორია - საქართველო


როგორც „მთავარი არხი“ წერს, კახეთში ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს: ია გულიაშვილსა და ლევან დვალს თავს დაესხნენ.

„კახეთში „ოცნების“ ტიტუშკები „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, სუს-ის ე.წ. ქუჩის ბიჭები საარჩევნო უბანთან იყვნენ შეკრებილები“, - წერს ტელეკომპანია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

კახეთში თავს დაესხნენ და აპარატურა დაუმტვრიეს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც. 

„მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, ქეთა ციცქიშვილს და მარიამ გაფრინდაშვილს უცნობი პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც. მანამდე კი, ჟურნალისტები საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს.


 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ შემთხვევების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

„დღის განმავლობაში არჩევნების გასაშუქებლად საარჩევნო უბნებზე მისულ ჟურნალისტებს თავს ბევრგან დაესხნენ ადგილზე მობილიზებული უცხო პირები. შემთხვევათა სიმრავლე და მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ჟურნალისტთა დაზიანების და დაშინების მიზნით ორგანიზებული ქმედებები. ზოგიერთ ადგილას ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში დაბრკოლებას უქმნიდნენ საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

ასევე, გაირკვა, რომ არჩევნების გასაშუქებლად საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი ევროპელი ჟურნალისტი.

10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.

10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.  

რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. 

შუადღის 2:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც  უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.

OC Media-ს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.

ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ყველას შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

 
კატეგორია - საქართველო


როგორც რადიო „მარნეული“ წერს, მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით გადაღებას უკრძალავდა.

„რადიო მარნულის ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოვლინდა მარნეულის #7 უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები მათ თავს დაესხნენ. ჟურნალისტები, რომლებიც არჩევნების პროცესის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, არაერთხელ მოითხოვეს მომხდარის გაშუქების საშუალება, თუმცა, კომისიის წევრებმა ყვირილი დაიწყეს და გადაღება აკრძალეს. ამ მოვლენას წინ უძღოდა კამერების გამოყენების უფლების მოთხოვნა, თუმცა კომისიის წევრები ამით გაღიზიანდნენ და ჟურნალისტების გაძევებას ცდილობდნენ". 



რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ კი, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა.