საქართველო
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 3 მაისს საქართველოში მედია მზარდი ავტორიტარიზმის რეალობაში ხვდება: 

„ვითარება, რომელშიც მედიას უწევს ოპერირება, ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული და არაუსაფრთხო პირობების  ფორმირებით.

ამ უკიდურესად მძიმე პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ იმ ჟურნალისტების, რედაქტორების, ოპერატორებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების შეუპოვრობა, ვინც ყოველდღიურად დგანან დემოკრატიის სადარაჯოზე და ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიულ ვალდებულებას - საზოგადოებისთვის სანდო და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას, ხშირად პირადი უსაფრთხოების ფასად“.

SJC-ი პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის მონაცემებსაც [მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველოს მდგომარეობა 11 ადგილით გაუარესდა] ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს შეფასება იმ სისტემურ ძალადობას ასახავს, რომელიც ჟურნალისტებზე როგორც ფიზიკური, ისე სამართლებრივი და ინსტიტუციური მეთოდებით ხორციელდება.

ორგანიზაციას მოჰყავს „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ 342 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის 112 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა იყო.  „სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის“ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ძალადობის უმრავლესობა პროევროპულ პროტესტებსა და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. 

„აღსანიშნავია, რომ პროტესტების დროს ჟურნალისტებზე ძალადობა თავად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა (მათ შორის: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, დავით ბიჭიკაშვილი, ნანუკა ქაჯაია, გიორგი შეწირული, დავით ცაგარელი, მარიამ ნიკურაძე). სამწუხაროდ, ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისათვის. ამავე დღეებში დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის უმძიმესი შემთხვევებიც, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მართული კერძო ძალადობრივი ჯგუფების მიერ იყო განხორციელებული (თავდასხმა მაკა ჩიხლაძეზე და მის ოპერატორზე, ასევე ჟურნალისტ მინდია გაბოძეზე). არც ერთი ამ საქმიდან დღემდე გამოძიებული არ არის“.

SJC-ის განცხადებით, მიმდინარე თვეებში უკანონო დაკავებების ტალღა 13 ჟურნალისტს შეეხო. მათ შორისაა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება:

„მისი საქმე წარმოაჩენს სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების კოორდინირებულ, უკანონო მოქმედებას ჟურნალისტის დასჯის მიზნით. მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის პირობებში მედიის დევნისა და შევიწროების სიმბოლურ სახედ იქცა“.

ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა მდგომარეობა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და პროპაგანდის გამტარ ინსტრუმენტად იქცა:

„განსაკუთრებით ბოლო თვეებში მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებები მიუთითებს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფაზე და შიდა კრიტიკული აზრის დევნის პრაქტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის შენობასთან უკვე თვეებია გრძელდება პროტესტი ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან, მენეჯმენტი კვლავ არ აძლევს ეთერში ხმას ამ ადამიანებს და არ გამოხატავს საზოგადოებრივ ინტერესს. გადაცემების ნაწილი ამ დრომდე შეჩერებულია, ხოლო ათეულობით ჟურნალისტს, რედაქტორსა და პროდიუსერს არ აქვს ინფორმაცია თავისი პროგრამებისა და სამსახურის მომავალზე.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს ღვაწლმოსილი ჟურნალისტები - ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. იმავე დღეს დისციპლინური სანქციები დაეკისრათ კიდევ 4 თანამშრომელს. დისციპლინური საფუძველი იყო მათი საჯარო განცხადებები, რომლებიც მაუწყებელმა მიიჩნია „სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებად“. ეს სანქციები უკავშირდება კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების შეშფოთებას მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და ცხადყოფს განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების დევნის პრაქტიკას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მაუწყებლის კანონით განსაზღვრულ საზოგადოებრივ მისიას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებსაც:

„სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული ავტორიტარული კანონები - მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), გრანტების შესახებ კანონში განხორციელებული უმძიმესი ცვლილებები - ქმნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცეს, რომელიც მედიას არა მხოლოდ ზღუდავს, არამედ ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებს.

მაუწყებლებისთვის განსაკუთრებით მძიმეა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში გატარებული ცვლილებები, რომლებიც მედიის საქმიანობაზე შინაარსობრივ კონტროლს აწესებს და თვითრეგულირების მექანიზმების ნაცვლად სახელმწიფო ზედამხედველობას აძლიერებს. განსაკუთრებით მძიმე და უსამართლოა ტელე და რადიომაუწყებლებისთვის უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ ფინანსურ რესურსებზე წვდომას და აძლიერებს მათ დამოკიდებულებას უთანასწორო ბაზარზე.

კომერციული მედია ასევე მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას. მათი დიდი ნაწილი შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსებით ოპერირებს და უჭირს მიმდინარე პროცესების სათანადოდ გაშუქება. ზოგიერთმა კრიტიკულმა მედიამ, მათ შორის "მთავარმა არხმა", იძულებით შეაჩერა მაუწყებლობა. არსებობა შეწყვიტა რამდენიმე რეგიონულმა პლატფორმამაც - მაგალითად, "ლაივპრესმა", რომელმაც 12 წლის განმავლობაში აშუქებდა მოვლენებს სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აფხაზეთში“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენად გვევლინება, რადგან ის არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალებაა, არამედ ძალაუფლების სტრუქტურების ანგარიშვალდებულისა და კონტროლის მექანიზმიც. 

„დამოუკიდებელი მედია ის სივრცეა, სადაც მოქალაქეები კრიტიკულად მსჯელობენ საჯარო საკითხებზე და აფორმებენ საზოგადოებრივ აზრს, რაც წინაპირობაა ლეგიტიმური და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

„საინფორმაციო ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში ყოველთვის ნიშნავს კრიტიკული დისკურსის ჩახშობას და პოლიტიკური თუ ეკონომიკური დომინაციის მოპოვებას. მედიის თავისუფლება იძლევა საშუალებას, რომ დომინანტური იდეოლოგიების პარალელურად არსებობდეს ალტერნატიული დისკურსები და ნარატივები, რომლებიც არსებული ძალაუფლების სისტემებს უწევენ წინააღმდეგობას და ახდენენ საზოგადოებრივი ინტერესებისა და გამოცდილებების არტიკულაციას. შესაბამისად, მედიის შეზღუდვა არა მხოლოდ უფლებების დარღვევაა, არამედ დემოკრატიის სტრუქტურის დესტაბილიზაცია, რაც ანგრევს საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და ამარტივებს ავტორიტარიზმის დაკანონებას.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ კონტექსტში, როდესაც პროპაგანდა მმართველი პარტიის მიერ გამოყენებულია როგორც ძირითადი და მძლავრი პოლიტიკური იარაღი. ასეთ ვითარებაში თავისუფალი მედია რჩება ერთადერთ ინსტიტუციურ გარანტიად, რომელიც საზოგადოებას აძლევს წვდომას ძალაუფლებისგან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე და მონაწილეობის შესაძლებლობას დემოკრატიული პროცესების ფორმირებაში“, - აღნიშნულია SJC-ის განცხადებაში.



TI: „ძალადობრივი სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ“

ქარტია: „3 მაისს მზია ამაღლობელი შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება“


 

კატეგორია - საქართველო


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ქართული მედია ისეთი გამოწვევებით ხვდება, როგორებიცაა: არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა აღრიცხა. 

TI-ის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება „ქართული ოცნების“ მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის „მანკიერი გამოყენების პრაქტიკა“ 3 ძირითად მიმართულებად დააჯგუფა: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადექვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, დამოუკიდებელი მედიის მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებისა და გაძლიერებული ღია რეპრესიების ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს:

„მთლიანობაში, ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი ველის სრულად მოსუფთავება და გაქრობაა. მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირობის პირობებშიც კი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას. რის ხელშეშლასაც „ქართული ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული კანონებით ცდილობს“. 

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. 

ქარტია წერს, რომ „დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე - აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად“.

კატეგორია - საქართველო


„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა. 

  • „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
  • 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში  – 169 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;
  • ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან – 22  ინციდენტი;
  • ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:
  • პროევროპული პროტესტის დროს – 11  დაკავება;
  • პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში,  გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების  34 შემთხვევა აღირიცხა.  (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, - წერს CMIS-ი 3 მაისთან დაკავდირებით. 

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.

 
კატეგორია - საქართველო


პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის -  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2025 წლის ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 50.53 ქულითაა შეფასებული და 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს. ამ რეიტინგში საქართველო, გასულ წელთან შედარებით, 11 ადგილით ჩამოქვეითდა. 2024 წელს ქვეყანა 103-ე ადგილს იკავებდა, მედიის თავისუფლების ხარისხი კი 53.05 ქულით იყო შეფასებული.

RSF-ის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური პირების ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ არახელსაყრელი რჩება. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის“.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უთითებს, რომ მედია სივრცე მრავალფეროვანი და ამავდროულად, პოლიტიკურად ძლიერ პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას“.

RSF-ი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერაც არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯია.

„მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გამყარების წინარე რეფორმების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, რომელიც რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობის ასლია, რაც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ წყაროების კონფიდენციალურობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით“.

საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს ეკონომიკურ კონტექსტსაც და აღნიშნავს, რომ კერძო მედიასაშუალებების ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონით კიდევ უფრო დამძიმდა. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ ხშირია ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს.

რაც შეეხა რეგიონს, პრესის თავისუფლების ხარისხი სომხეთში წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით გაუმჯობესდა და ის 180 ქვეყნიდან 34-ე ადგილს იკავებს. მედიის თავისუფლების მდგომარეობა 9 პოზიციით - რუსეთში, ხოლო აზერბაიჯანში 3 პოზიციით გაუარესდა და რეიტინგში ეს ქვეყნები 171-ე და 167-ე ადგილებს იკავებენ. რაც შეეხება თურქეთს, ის  რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდა და 159-ე ადგილზეა.

RSF-ი პრესის თავისუფლების ინდექსს 5 ინდიკატორის მიხედვით [პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი და უსაფრთხოება] აფასებს.

კატეგორია - საქართველო


პარლამენტმა გადაცემის - „ხალხთან ერთად“ წამყვანს, ელისო ჯარიაშვილსა და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს, თათა ფორაქიშვილს აკრედიტაციის მიღება 1 თვის ვადით შეუზღუდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს პარლამენტის აპარატის უფროსმა აკრედიტაციის მიღების უფლება „ქართული ოცნების“ დეპუტატების, არჩილ გორდულაძისა და ნინო წილოსანის მიმართვის საფუძველზე, მათთან „ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის“ გამო შეუზღუდა. 

ელისო ჯარიაშვილსთვის გაგზავნილ წერილში კახა ოქროჯანაშვილი განმარტავს, რომ „2025 წლის 16 აპრილს, საქართველოს პარლამეტის სასახლეში, მიუხედავად პარლამენტის წევრის (არჩილ გორდულაძის) მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას რაც დასტურდება ერთის მხრივ, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადებით № 2-5393/25 და ასევე მოწოდებული ვიდეო მტკიცებულებით“.

ანალოგიური შინაარსის არის თათა ფორაქიშვილისთვის გაგზავნილი წერილიც:  „2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს პარლამეტის სასახლეში, მიუხედავად პარლამენტის წევრის (ნინო წილოსანის) მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას რაც დასტურდება ერთის მხრივ, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადებით № 2-4921/25 და ასევე მოწოდებული ვიდეო მტკიცებულებით“.

პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე მიიღო. 

აკრედიტაციის ამ წესის მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუ შეწყვიტოს.

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.

მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა აკრედიტაცია 6 თვით  შეუჩერაTV პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც. 

2024 წელს კი, პარლამენტმა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“  ჟურნალისტებსაც. ეს შემთხვევები მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშებშიც. 

 
კატეგორია - საქართველო



საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა. ამ გადაწყევტილების შესახებ ტელევზიიამ თანამშრომლებს დღეს წერილობითი ფორმით შეატყობინა: 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს - „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“.

„რეალური სივრცის“ გუნდი ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყევტილებისა და მიღებული შეთავაზების შესახებ პრესკონფერენციას ორშაბათს, 5 მაისს გამართავს. 

ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. სოსო კაციტაძეს, თამარ მშვენიერაძესა და ტუხა კვინიკაძეს კი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა. 

ნინო ზაუტაშვილის არხიდან გათავისუფლების შემდეგ „რეალური სივრცე“ „პირველი არხის“ რადიო ეთერში აღარ გასულა. გადაცემა ტელევიზიიდან რადიოს ეთერში კი 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადავიდა. 



კატეგორია - საქართველო


ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სატელევიზიო მაუწყებლობა, რომელიც ეთერში თითქმის 6 წელი გადიოდა, დღეს, 1 მაისს შეწყდა. 

ტელევიზიის განცხადებით, ამ ეტაპზე მუშაობას მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი: სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს, სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად კი არანაირი საშუალება აღარ დარჩა:

„5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს „ქართული ოცნება“.

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ „მთავარი არხის“ თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვითა და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა „მთავარი არხი“ და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით „მთავარი არხის“ გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო. მომავალ შეხვედრამდე“.

„მთავარი არხის“ ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელევიზიის ჟურნალისტებმა სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ მათ არხის მაუწყებლობის სრულად შეწყვეტასთან დაკავშირებით შეატყობინა. 

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა არხის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დაახლოებით 40%-იანი წილის მფლობელმა, ზაზა ოქუაშვილმა „მთავარი არხის“ დახურვა გადაწყვიტა. გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის დირექტორს, გოგი ქურდაძეს „[ზაზა] ოქუაშვილის დავალებების მორჩილი შემსრულებელი უწოდა“. მისი თქმით, ქურდაძე კომპანიაში ყველა ფინანსურ ოპერაციას ბლოკავდა და კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე უარს ამბობდა.

ამავე დღეს ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენება მოითხოვა. გოგი ქურდაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, დაერეგისტრიერებინა ცვლილება გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე „მთავარი არხის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე მოითხოვდა, თუმცა რეესტრმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

27 იანვარს „მთავარმა არხმა“ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ტელევიზიას ეტაპობრივად ხურავდა. 15 თებერვლიდან კი არხზე შეჩერდა გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და ტელევიზია თანამშრომლების ნაწილმა დატოვა. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო: გურამ მურადოვი


დღეს, 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წელს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლომ იმსჯელა მხარეების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებზე და მტკიცებულებების გამოთხოვის მიზნით, საქმის განხილვა 2025 წლის 16 ივნისამდე გადადო.

სასამართლოში სარჩელი 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სახელით „მედიაომბუდსმენმა“ წარადგინა. მოსარჩელები პოლიციელების მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, რომელიც საბოლოოდ 2024 წლის 14 მაისს მიიღო, პირველად 2023 წელს დააინიცირა, რასაც პროტესტი მოჰყვა. მარტში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია კი ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, 2023 წლის 2-9 მარტის პერიოდში სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლების მიმართ ისეთ ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის ჩარტყმა), სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, დამამცირებელი მიმართვა, ძალადობის მუქარა), კამერაზე ხელის აფარება, იძულებით გაყვანა გადაღების ადგილიდან, პარლამენტის შენობიდან გაგდება და სხვა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება “მედიაომბუდსმენის” მიერ წარდგენილ ფაქტებზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე შეუსრულებელია, რაც დამატებით აღრმავებს უნდობლობას გამოძიების ეფექტიანობის მიმართ.

სასამართლო დავა წარმოადგენს კიდევ ერთ სამართლებრივ მცდელობას, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების უფლების დაცვა. აღნიშნული სარჩელის დროული და სრულფასოვანი განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების განმტკიცებისთვის“, - წერს მედიაომბუდსმენი.

მთლიანობაში, 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 21 წარმომადგენელს შეეშალა, საიდანაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 9 ჟურნალისტსა და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. სასამართლოში სარჩელი კი მედიის 18 წარმომადგენლის სახელით შევიდა.

 
კატეგორია - საქართველო



დღეს, 28 აპრილს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

საიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, როგორებიცაა:

თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი);

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი);

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი);

გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი);

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაშ);

უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი). 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევების, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი:

„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 

18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც. 



კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორისთვის, მინდია გაბაძისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს ეხმაურება და სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს და სასამართლოს ტერიტორიაზე მათი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყოს.

ქარტიის განცხადებით, ჟურნალისტებს სულ უფრო და უფრო უჭირთ სასამართლო პროცესების გაშუქება და მოსამართლეები ხშირად ფორმალური მიზეზებით უზღუდავენ მათ პროფესიულ უფლებებს:

„ზოგიერთი ფოტორეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტოგადაღებას საერთოდ ვეღარ ახერხებს. სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტებს უცნობი პირები თავს დაუსჯელად ესხმიან“. 

გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად მისული პოლიციელის, ლაშა ხარხელაურის თანმხლებმა პირებმა. 

„ჟურნალისტებს შორის იყო „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე, რომელიც სხდომიდან გამოსულ ლაშა ხარხელაურს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა მოძალადეებს რამდენჯერმე სთხოვეს, თავი წარედგინათ, მათ სასამართლოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ვინაობა არ გაუმხელიათ“. 

დღესვე „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორს, მინდია გაბაძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა სამართალდამცველის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი ჩხეიძის სასამართლო სხდომაზე ფოტოგადაღების უფლება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ჟურნალისტს მისთვის ფოტოგადაღების მოთხოვნით წინასწარ, სხდომამდე ერთი საათით ადრე, არ მიუმართავს.

მინდია გაბაძემ მოსამართლეს აუხსნა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რადგანაც სხდომის შესახებ გიორგი ჩხეიძის ადვოკატებმა და ახლობლებმაც კი მხოლოდ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს“.  

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, საქართველოში არსებული დაძაბულობის ფონზე, საზოგადოების ინტერესი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პროცესების მიმართ, მაღალია და „ჟურნალისტებს საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ, საზოგადოება უზრუნველყონ სანდო ინფორმაციით ამ პროცესების შესახებ, სასამართლო კი მათ პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას არ აძლევს“. 

ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვს სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივ გამოიძიოს. 

 
კატეგორია - საქართველო


აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა პრეზიდენტ დონალდ  ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, აღედგინა ყველა სამუშაო ადგილი და დაფინანსება „ამერიკის ხმისა“ და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი სხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის.

მოსამართლის შეფასებით, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სამსახურის გაუქმების მცდელობა კანონისა და კონსტიტუციის დაარღვევით მოხდა.

როის ლამბერტის თქმით, „ამერიკის ხმის“ გაჩუმებამ პირველად 80 წლის განმავლობაში, ასობით მილიონი მსმენელი დატოვა ახალი ამბების სანდო წყაროს გარეშე მსოფლიოს იმ ნაწილებში, რომლებსაც თავისუფალი პრესა არ გააჩნიათ.

26 მარტს, შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნაც დააკმაყოფილა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „ამერიკის ხმას“, ისე „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობაა ჩაახშოს კრიტიკული ხმები.

„მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, რომ ჩაახშოს კრიტიკული ხმა, შეაშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ ყველაფერი, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისგან დარჩა. მიუხედავად მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებისა, ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის მზიაც, ბრძოლას აგრძელებენ. 

კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. შემოგვიერთდით მზიას გათავისუფლების მოთხოვნით ,“ - აღნიშნულია IPI-ის განცხადებაში.

მზია ამაღლობელის 100-დღიან პატიმრობას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.

„დღეს ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. მზია ამაღლობელის საქმეში "დაზარალებულ" პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.

საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია“, - წერს კოალიცია. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.