საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა წნეხის ქვეშ უწევს.
„ქართული ოცნება“ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს
ერთიმეორის მიყოლებით იღებს. დაფინანსების გზების გადაკეტვა ერთ-ერთი
მეთოდია, რასაც მმართველი პარტია მათ ჩასახშობად
იყენებს.
2025 წელს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად
განწყობილმა ორმა მთავარმა არხმა ტელემაუწყებლების ჯამური კომერციული
სარეკლამო შემოსავლის 10.7% - 10 585 573 ლარი მიიღო. 99.2
მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ძირითადად ოთხ სამთავრობო არხზე
გადანაწილდა. მაგალითად, „ტელეკომპანია
პირველისა“ და „ფორმულას“ ჯამური სარეკლამო შემოსავალი 4-ჯერ ნაკლებია
ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ - 45 044 153 ლარი.
როგორ ახერხებს მაუწყებლობას ფინანსურ კრიზისში მყოფი ორი მთავარი
კრიტიკული ტელევიზია?
ამ კითხვაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური
დირექტორი, მიშა მშვილდაძე გვპასუხობს, რომ მცირე სარეკლამო
შემოსავლებით, ფუნქციონირებას აგრძელებენ „მოთმინების, უხელფასობის ან
ხელფასის მცირე ნაწილის აღებისა და (ვერ)ყოფნის ხარჯზე. ასევე,
საკუთარი საქმის კეთების მნიშვნელობის გააზრებისა და ამით მეტის
ატანის ხარჯზე. კიდევ იმ რწმენის ხარჯზე, რომ ვისთვისაც ყველაზე
მნიშვნელოვანია ის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ, მიხვდება, რომ ამ
მძიმე პერიოდში უნდა დაგვეხმაროს, რომ სიცოცხლე გავაგრძელოთ და ეს
კითხვები დავსვათ!“
„ყველა ადამიანს, ვინც აქ მუშაობს, გააზრებული აქვს, რომ არხი - ასეთი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით სჭირდება ქვეყანას“ და ეს არის ის, რამაც, ნოდარ მელაძის თქმით, ტელევიზია დღემდე მოიყვანა.
„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მწირი რესურსის გამო ტელევიზია ახლა პრაქტიკულად გადარჩენის რეჟიმში მუშაობს და ამის მთავარი მიზეზი სარეკლამო ბაზრის არასამართლიანი გადანაწილებაა.
„ბიზნესის ნაწილი მისი რეკლამის 100% ანთავსებს მხოლოდ სამთავრობო არხებზე, ამის გამო თავისუფალი ტელევიზიები წლიდან წლამდე უფრო მძიმე ვითარებაში არიან. რესურსი არის მწირი როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური. ახლა პრაქტიკულად გადარჩენის რეჟიმში მუშაობს „TV პირველი“, რომ შეძლოს იმ სამაუწყებლო ბადის შენარჩუნება, რაც არხზე არსებობს“, - გვიყვება ნოდარ მელაძე და იმ ადამიანური და ტექნიკური რესურსის მნიშვნელობას გვიხსნის, რაც ტელევიზიას მაუწყებლობისთვის სჭირდება:
„ჩვენი მაუწყებლობა ვრცელდება მთელს საქართველოზე, მათ შორის ღია მულტიპლექსის სისტემით, ეს არის საკმაოდ დიდი ხარჯი. სიგნალის ტელევიზიიდან მიტანა პროვაიდერ „სტერეო პლიუსამდე“ ოპტიკური ქსელით, შემდეგ - მთელს საქართველოზე გავრცელება, სატელიტური მაუწყებლობა, პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრიდან, სამი დამოუკიდებელი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის წყაროა აუცილებელი როგორც გადამცემ მოწყობილობაში, ისე მიმღებ სადგურზე. ეკრანზე ყველაფერი მარტივად ჩანს, თუმცა ამას რთული ტექნიკური და დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. არხი მწირი შემოსავლებით, პირველი რიგში, ამ ხარჯების დაფარვას ცდილობს. როგორც კი აგვიანებ გადახდას, ითიშები. ეს ნიშნავს, რომ მაუწყებლობა გაითიშება, პირველ რიგში, იმ ხალხთან, ვისაც არ აქვს საკაბელო ქსელი ან IP ტელევიზია - რეგიონებში, ასევე ციხეებშიც, სადაც არაერთი პატიმრისთვის ჩვენი არხი ინფორმაციის პირველწყაროა“.
მელაძის თქმით, მაუწყებლობის გადასახადის დაფარვის მიზნით, ცდილობენ დაიწყონ ფანდრაიზინგის კამპანიაც - „გაუზიარე „TV პირველი“ სხვას“.
„გააძლიერე მედია - დაიცავი სიტყვის
თავისუფლება!“ - ფანდრაიზინგის კამპანია დაწყებული აქვს ტელეკომპანია
„ფორმულასაც“.
ტელევიზიებს ფინანსურმა კრიზისმა, ტექნიკური რესურსის სიმწირით გამოწვეული სირთულეების გარდა, ადამიანური რესურსების პრობლემაც შეუქმნა. სახელფასო დავალიანებების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი იძულებული ხდება პროფესია დატოვოს ანდა შემოსავლის ალტერნატიული გზები ეძებოს.
სწორედ ამიტომ ტელევიზიაში მუშაობა მუდმივი წნეხის
გარდა, მათ შორის ფინანსურ სირთულეებთან გამკლავებას ნიშნავს ლევან
ლომიძისთვის. „ფორმულას“ წამყვანი ამბობს, რომ „ეს არ არის
სტაბილური, კომფორტული მედიაგარემო - ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღე
უნდა ამტკიცო, რომ თავისუფალი სიტყვა ჯერ კიდევ ღირს ძალისხმევად.
ხშირად რესურსები შეზღუდულია, რისკები - მაღალი, მაგრამ ამავდროულად
პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე, გასულ წლებთან შედარებით,
გაცილებით გაიზარდა. პირობები იმაზე მძიმეა, ვიდრე ამას
მაყურებელი ან სტუმარი ხედავს. ფინანსური სირთულეების გარდა, კადრების
დეფიციტია, ხშირად გვიწევს ტექნიკური პერსონალის ჩანაცვლებაც, იქნება
ეს მეტიტრე, სუფლიორი, კოორდინატორი თუ სხვა და ამის პარალელურად,
ხელფასები უფრო და უფრო მცირდება, იმ შემცირებულ ოდენობას კი ჩვენამდე
მოსაღწევად თვეები სჭირდება“.
ლომიძე ცდილობს ციფრული სივრცეც გამოიყენოს და აუდიტორიასთან პირდაპირი კავშირი შეინარჩუნოს, პარალელურად კი, „გავაკეთე მცირე ბიზნესი (ონლაინ მაღაზია), თუმცა ჩემი შემოსავლის ძირითად წყაროდ კონტენტ კრეატორობა ვაქციე. ამ დამატებითი შრომით ვახერხებ იმას, რომ მედიაში დავრჩე და მინიმალური, ტელევიზიამდე მისასვლელი თანხა მაინც გამოვიმუშავო, ჩემი დროის, დასვენების დღეების არ არსებობის და გადაწვის სანაცვლოდ“.
„ჩვენ რომ მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა, ეს უკვე ყველამ იცის, ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ჩანს ბოლო - როდის გამოსწორდება ვითარება“, - გვიყვება „TV პირველის“ წამყვანი, ვიკა ბუკია: „ტელევიზიაში ყველას რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვს: მემონტაჟეს, ოპერატორს, ჟურნალისტს… ჩვენი შრომა და თავდადება ჩანს, ვგულისხმობ ადამიანებს, ვისაც ეკრანზე გვხედავენ, მოდიან, მადლობას გვიხდიან, გვაქებენ… ეს ერთგვარი მოტივაციაა, რომ მუშაობა გააგრძელო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ოპერატორი, მემონტაჟე, ხმის ოპერატორი, გამნათებელი - უამრავი ადამიანი, რომელიც მუშაობს და რომლის თავდადებაც არ ჩანს, მათაც არ აქვთ დღეს შემოსავალი. აქ არ არის საუბარი ფუფუნების საგნებზე, ადამიანებს ხანდახან სამსახურში მოსასვლელი ფული არ აქვთ. ამას ხშირად ემატება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა“. ბუკია იქვე ამატებს, რომ არხს მწირი რესურსების მიუხედავად, საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.
„ალბათ, ტელეკომპანია „იმედის“ ერთი რომელიმე
მეგა შოუს ბიუჯეტი მთელი ჩვენი ტელევიზიის წლიურ ბიუჯეტზე უფრო დიდია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მეორე-მესამე ადგილზე ვართ და ჩვენთან
ბიზნესს რეკლამა არ მოაქვს, რაც პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ
ეშინიათ“.
ვიკა ბუკიას ჩვენთან საუბრისას უწევს იმის თქმაც, რომ „სამწუხაროდ, ალბათ, დადგება მომენტი, როდესაც ვეღარ გავაგრძელებთ მუშაობას. მე ისიც არ მეგონა, რომ აქამდე ვიმუშავებდით და ამხელა კრიზისს გავუძლებდით, მაგრამ ახლაც გელაპარაკებით და თან სამსახურში მივდივარ, გადაცემისთვის რომ მოვემზადო და წავიყვანო“.
„TV პირველის“ ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას თქმით, ხშირად სრულს - კი არა, ნახევარ ანაზღაურებას ვერ იღებენ, თუმცა რაღაცნაირად მაინც უმკლავდებიან:
„პირობები ძალიან დამძიმდა, თუმცა რაღაცნაირად მაინც
ვუმკლავდებით. მაყურებელი ხშირად ხედავს ტელეფონით, ონლაინ ჩაწერილ
რესპონდენტებს. ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. არის
მომენტები, როდესაც ფიზიკურად ავტომობილი და მძღოლი არ გვყავს, ან -
თავისუფალი ოპერატორი და ჟურნალისტი. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის
ურესურსობაა, რაც „ქართული ოცნების“ შეზღუდვებმა მოგვიტანა. ზოგადად
მედიაგარემოა ასეთი ქვეყანაში, ოღონდ, ცხადია, მხოლოდ კრიტიკული
მედიებისთვის, რის გამოც ვცდილობთ ერთმანეთსაც დავეხმაროთ. ხშირად
სიგნალს ვაძლევთ ერთმანეთს, ან ორ-ორი მიკროფონით ვმუშაობთ - ჩვენით
და კოლეგა კრიტიკული მედიის. ასეთი შემთხვევაც მქონდა რამდენიმე დღის
წინ, მაგალითად“.
როდემდე აპირებ მუშაობას? - ეს კითხვა სხვადასხვა ფორმით
ნანუკასთვის ხშირად დაუსვამთ, პასუხი კი ყოველთვის ერთი აქვს: „დღეს
ჟურნალისტობა უბრალოდ მაყურებლისთვის ამბის თხრობა აღარაა. სულ მაქვს
განცდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად იმედი ვართ იმ ადამიანების, ვისაც
ჩაგრავენ, დევნიან, უკანონოდ აპატიმრებენ. შესაბამისად, სანამ
ადამიანურად და პროფესიულად შემეძლება ამ ბრძოლაში მიკროფონით ყოფნა,
წასვლას არსად ვაპირებ. ჩემთვის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს ჩაგრული
ადამიანებია, დღეს განსაკუთრებით ჩვენი სინდისის პატიმრები და მათი
ოჯახის წევრები, ის ბრძოლის ჟინი და შეუჩერებლობა, ის სიმართლე, ის
მუხტი, ის ზარები და კომენტარები, რასაც მათგან ვიღებ. და ის
პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ ამ ადამიანების ხმის
საზოგადოებამდე მისატანად“.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისთვის, ვახო სანაიასთვის მედია „უკანასკნელი ბასტიონია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ დაამარცხა“ და აპირებს, რომ იმუშაოს ბოლომდე, „უფრო სწორედ ვიმუშავო იქამდე, რომ ეს ბოლო არ დადგეს“.
„მე ხშირად ვამბობ, ელექტროენერგია რომ გაგვითიშონ, ერთ ხელში სანთელს დავიჭერ, მეორეში - მიკროფონს და ეთერში მაინც გავალ.
პრაქტიკულად ყველა არხზე მიმუშავია, ყველანაირი პრობლემა გაგვივლია, მაგრამ არ მახსენდება არაფერი მსგავსი და იმასთან მიახლოებულიც კი, რასაც ახლა გავდივართ და რა პირობებშიც გვიწევს მუშაობა.
ძალიან მძიმე ვითარებაა, გადაღებაზე წასვლის რესურსი არ არის, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური. შეიძლება მანქანა არ იყოს, ან მანქანა იყოს და საწვავი არ იყოს. არ არის ის აუცილებელი რესურსი, არხმა გამართულად რომ იფუნქციონიროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ფორმულა“ მაინც მაუწყებლობს. ძალიან რთულია ახსნა, რატომ არ ქრება ჩვენი ეკრანი?! მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული თანამშრომელი არა მხოლოდ მაყურებლის ინფორმირებაზე ზრუნავს, არამედ ამ არხის გადარჩენისთვის იბრძვის“.
„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით მოამზადა ანგარიშისაქართველოზე. RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.
1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.
2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალადა წერილობით გააფრთხილატელე და რადიო მაუწყებლები. მედიას მნიშვნელოვნად შეეზღუდასასამართლოში მუშაობაც. გასულ წელს სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. შარშან მაუწყებლობა ვეღარ გაანახლეს რეგიონულმა მაუწყებლებმაც. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობითაც
აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის
მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი
ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით
საქმის წარმოება
დაიწყო„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“
წინააღმდეგაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024-2025 წლების
სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის
კვლევაში იმ უზარმაზარ დისპროპორციასა და სარეკლამო
ბაზრის არათანაბარ განაწილებაზე წერს, რაც პროსამთავრობო და კრიტიკულ
მაუწყებლებს შორის ფიქსირდება და უთითებს, რომ „კრიტიკული
მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების
ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის
წესრიგისა და პროპაგანდის ამარა“.



