„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ 6 მარტს გაკეთებული განცხადება აღიქმება, როგორც „ქართული ოცნების“ შურისძიება იმ სანქციების სანაცვლოდ, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ სატელევიზიო არხებზე - „იმედსა“ და „პოსტივიზე“ დააწესა:
„2026 წლის 6 მარტს ივანიშვილის რეჟიმის კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ღიად დაემუქრა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო მედიას, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი მედიის საწინააღმდეგოდ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს სრულად გამოიყენებს, რაც სანქციის სახით დაჯარიმებას, მაუწყებლობის შეჩერებას ან ლიცენზიის შეწყვეტას გულისხმობს“.
როგორც TI წერს, კომუნიკაციების კომისიამ თავისი მუქარა ხელისუფლების პროპაგანდისტულ არხებზე დაწესებულ ბრიტანულ სანქციებს თავადვე დაუკავშირა:
„კომუნიკაციების კომისიამ ღიად განაცხადა, რომ გასულ წელს მიღებული და მისი თქმით, ჯერ კიდევ სრულად გამოუყენებელი რეპრესიული საკანონმდებლო ნორმების გამოყენებას ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილი პროპაგანდისტული არხების „იმედისა“ და „პოსტივის“ ბრიტანული სანქციების სიაში შეტანას უკავშირებს.
ამგვარად, კომუნიკაციების კომისიამ გასაკვირი გულწრფელობით თავადვე აღნიშნა, რომ კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული კანონების სრულად ამოქმედება სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება, ვენდეტა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ, გაერთიანებული სამეფოს მიერ „ქართული ოცნების“ პროგანდისტული არხების და, ირიბად, თავად „ქართული ოცნების“ ანტიუკრაინული და აგრესორი ქვეყნისადმი მაამებლური პოლიტიკის გამო ამ არხების სანქციების სიაში შეტანის სანაცვლოდ“.
----------------------------------------
„მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომუნიკაციების კომისია
არის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
სფეროებში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ
ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია და მისი წევრები
დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. კომისია
გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით - TI განმარტავს
კომუნიკაციების კომისიის როლსაც ქართული კანონმდებლობის
თანახმად.
----------------------------------------
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხაზს უსვამს კომუნიკაციის კომისიის ლოიალობას „ქართული ოცნების“ მიმართაც:
„კანონით განსაზღვრული დამოუკიდებელი სტატუსის საწინააღმდეგოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში კომისია მაუწყებლობის სფეროში ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი, მათი სურვილების უსიტყვო შემსრულებელი იყო და კრიტიკული ტელევიზიების დასჯის მექანიზმად გამოიყენებოდა, რის განხორციელებასაც, უპირველეს ყოვლისა, კომისიის პერსონალური შემადგენლობა უზრუნველყოფდა.
ა) კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი - კახი ბექაური
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ათეულზე მეტი წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიას ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, კახი ბექაური ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის დროზე ივანიშვილის პირადი სამაწუყებლო საშუალების - მე-9 არხის ხელმძღვანელი იყო. მისი ლოიალობა ივანიშვილის მიმართ, დიდწილად, იმით არის განპირობებული, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მან უზარმაზარი ქონება დააგროვა.
ბ) კომისიის ახალი ხელმძღვანელი - გოგა გულორდავა
ახლახანს, ბექაურის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, ივანიშვილის პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელად გოგა გულორდავა აირჩია, რომელიც, მისივე ბიოგრაფიით თუ ვიმსჯელებთ, ლოიალობის მხრივ, ივანიშვილისთვის ასევე საიმედო ფიგურად გამოიყურება: 2016-2020 წლებში იგი იყო პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“; 2013-2016 წლებში იგი იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამავე პარტიიდან; 2023-2025 წლებში იგი აწ უკვე ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ფინანსური მონიტორინგის და შიდა აუდიტის განყოფილებაში მუშაობდა“.
კომუნიკაციების კომისია 6 მარტის განცხადებაში წერს, რომ „კომისია „პრაქტიკაში აამოქმედებს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს შინაარსობრივი რეგულირების კუთხით, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“. განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს“, კომისია თითქმის ერთი წლის განმავლობაში „მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია““, - აღნიშნავს TI.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ასევე, დეტალურად განმარტავს 2025 წელს მიღებულ რეპრესიულ ცვლილებებს სამაუწყებლო მედიის მიმართ:
„2025 წლის 1 აპრილს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი მიიღო, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
ა) ფინანსური შეზღუდვები
პირველი მათგანის ამოცანაა გადაუკეტოს კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების წყაროები, რაც ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში დამოუკიდებელ მედიას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის. კერძოდ, ცვლილებების პირველი პაკეტით აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური წყაროსგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება, ნებისმიერი სახით, როგორებიცაა: ფულადი თანხა, სხვა სახის მატერიალური სიკეთე, ტექნიკა, ტრეინინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ.
ბ) შინაარსობრივი შეზღუდვები
მეორე პაკეტით ბევრად უფრო ფართო და შემზღუდველი გახდა დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები მედიის კონტენტის რეგულირების გზით.
გაფართოვდა მოთხოვნები ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხებში:
-
აიკრძალა ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე;
-
დაუშვებელად გამოცხადდა პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
-
საავტორო პროგრამის ავტორს დაევალა აუდიტორიას მიაწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან აიცილოს ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება;
-
საავტორო პროგრამის წამყვანს აეკრძალა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.
გ) შინაარსობრივი შეზღუდვების თვითნებურად და ორმაგი სტანდარტით გამოყენების რისკი
-
ზემოაღნიშნული ნორმები კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილს ხდის, თვითნებურად, ნებისმიერი საბაბით ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.
-
ნორმების ბუნდოვანება და განუჭვრეტადობა ასევე შესაძლელბლობას აძლევს კომუნიკაციების კომისიას, გამოიყენოს ორმაგი სტანდარტი: სრული სიმკაცრით მიუდგეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მაუწყებლებს, და ლმობიერად ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს.
-
მაგალითად, კომისიას შეუძლია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებას ნებისმიერი, თუნდაც მცირედი ფაქტობრივი უზუსტობა კანონის დარღვევად ჩაუთვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები მალფუჭებადი პროდუქტია და ყველაფრის სკრუპულოზურად შემოწმება ხშირად ახალი ამბების გაშუქებას გაართულებს, რომ არ ვთქვათ, რომ შეუძლებელს გახდის.
-
კიდევ უფრო ფართო ასპარეზი მიეცემა კომისიას მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მხრივ, როდესაც საქმე ეხება ვითომდაც “აზრის დამახინჯებას”. სხვის მიერ გამოთქმული აზრის ნებისმიერი ინტერპრეტაცია შეიძლება ამ აზრის დამახინჯებად იქნეს მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სიზუსტის მხრივ შემოწმებას “ფაქტები” კი ექვემდებარება, მაგრამ “შეფასებითი მსჯელობა” ანუ აზრები - არა.
გ) სანქცია
მაუწყებლების წინააღმდეგ დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.
დ) მოსალოდნელი შედეგები
ამ ნორმების სრული მასშტაბით ამოქმედებამ თვითცენზურის გარდა, შესაძლოა, დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ მუქარამდეც, სწორედ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში შექმნილი საერთო რეპრესიული სიტუაციის გამო, 2025 წელს 20-მდე რეგიონულმა დამოუკიდებელმა მედია საშუალებამ შეწყვიტა არსებობა“.
კომუნიკაციების კომისიის მიერ 6 მარტს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“.
სამთავრობო ტელეკომპანიები: „იმედი“ და POSTV დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.
2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევებად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები. ამასთან, ComCom-მა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. „იმედის“ წინააღმდეგ კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარიც.



