კეზერაშვილი „ფორმულას“ 26%-იან წილს გუმბარიძეს 1 ლარად გადასცემს
10.02.2025


დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორსა და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცემს.

მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თებერვალს გაფორმდა, მასში ვკითხულობთ: „წილის მიმღები წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისათის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით“.

„ფორმულას“ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზურაბ გუმბარიძემ 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, ამავე დღეს რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. 

ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ასე გადანაწილდება:

მიხეილ მშვილდაძე - 12.25%

ირაკლი საღინაძე - 12.25%

ზურაბ გუმბარიძე - 38.25%

გიორგი ლიფონავა - 12.25%

„თავისუფლების ფორმულა“ - 25% 

ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა. 

თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
2025 წელს, საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა - ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ანგარიში

 

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ, რომელიც 15 საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ევროპაში პრესის თავისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო, რასაც სამართლებრივი საფრთხეები, მედიის ხელში ჩაგდების მცდელობები და ტრანსნაციონალური რეპრესიები განაპირობებდა. ამ ზეწოლას კი, კიდევ უფრო ამძიმებდა ჟურნალისტიკისთვის სულ უფრო მტრული გარემო: „ეს სურათი შემსუბუქდა ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში პოზიტიური რეფორმებითა და ევროპულ დონეზე განხორციელებული ინიციატივებით“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პლატფორმამ დაარსების დღიდან (2015 წელი) 2300-ზე მეტი შეტყობინება გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების სერიოზული საფრთხეების შესახებ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, რუსეთსა და ბელარუსში: „შეტყობინებების რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა, 2015 წელს - 106-დან 2025 წელს - 330-ზე მეტამდე, რაც ჟურნალისტებისთვის სულ უფრო მტრულ გარემოს ასახავს. ამ შეტყობინებების მეოთხედი ეხება ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობაზე თავდასხმას, მათ შორის 53 ჟურნალისტის ან მედია პროფესიონალის გარდაცვალებას“.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2025 წელს გამოცემული 344 განგაშის სიგნალიდან, რაც 2024 წელთან შედარებით 29%-ით მეტია, 90 ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხებოდა: „ეს ინციდენტები მოიცავდა ძალადობას საჯარო ღონისძიებებსა და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ჩადენილი იყო როგორც დემონსტრანტების, ისე სამართალდამცავების მიერ“.

2025 წელს შეტყობინებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები იყვნენ: რუსეთი (50), თურქეთი (49), საქართველო (35), სერბეთი (35) და უკრაინა (27) - ეს უკანასკნელი ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება ან რუსულ ძალებს მიეწერება.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში დაფიქსირდა: „ჟურნალისტები პოლიციის, პოლიტიკური ფიგურებისა და მომიტინგეების სამიზნეები გახდნენ, მათ არ მისცეს საშუალება მოემზადებინათ რეპორტაჟები ან დაეკისრათ სანქციები მათი საქმიანობის გამო, რაც ხაზს უსვამს უსაფრთხო გაშუქებისა და ძალადობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის უუნარობას. ონლაინ შევიწროება და კოორდინირებულად დაშინება განსაკუთრებით არაპროპორციულად შეეხო ქალ ჟურნალისტებს“.

ევროპაში პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოს. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2025 წელს ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთების პლატფორმამ გასულ წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეების გამო 32, 2024 წელთან შედარებით 78%-ით მეტი, განგაშის სიგნალი გამოსცა:

„შეტყობინებები ასახავს პრესის თავისუფლების უფრო ფართო დემონტაჟს, რასაც ინსტიტუციური რეპრესიები, პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო მედიის ხელში ჩაგდება და ეფექტური კონტროლისა და ბალანსის სისტემის ეროზია განაპირობებს“.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე:

„2025 წლის 6 აგვისტოს, 200 დღეზე მეტი ხნის წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს, საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაპატიმრების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ“.

ანგარიშში მოხვდა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძისა და „პუბლიკას“ ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილის თვითნებური დაკავების შემთხვევებიც. მასში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო. 

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2025 წლის ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც:

„როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია: „საზოგადოებრივ მაუწყებელს აკლია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და შეაქვს წვლილი ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციაში“. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ და შემდგომში გააუქმა ზაუტაშვილის ტოქშოუ. მომდევნო პერიოდში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ერთად აღებული, ამ გათავისუფლებებმა, ეთერის ცვლილებებმა, შემზღუდავმა სარედაქციო პრაქტიკამ და დაფინანსებისა თუ მართვის კუთხით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მოწყვლადობას პოლიტიკური გავლენების მიმართ“.

როგორც SJP-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიების მიუხედავად, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს და მუშაობას აგრძელებენ. თუმცა, ბალანსისა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების, სამართლებრივი გარანტიებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, დაუყოვნებლივი საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე ქვეყანაში ჟურნალისტიკა მდგრადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთების პლატფორმა ჟურნალისტიკის დაცვისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით 2015 წელს შეიქმნა. 2025 წლის ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდა პლატფორმის 15 პარტიონი ორგანიზაცია: European Federation of Journalists; International Federation of Journalists; Association of European Journalists; ARTICLE 19; Reporters without Borders; Committee to Protect Journalists; Index on Censorship; International Press Institute; International News Safety Institute; Rory Peck Trust; European Broadcasting Union; PEN International; European Centre for Press and Media Freedom; Free Press Unlimited; Justice for Journalists Foundation. 

დოკუმენტში, რომელიც ევროსაბჭოს წევრი 46 სახელმწიფოსა და რუსეთისა და ბელარუსის მედიაგარემოს ეხება, ის მთავარი სამართლებრივი, პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებებია მოცემული, რამაც ევროპაში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინა. 

MFRR: „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიის დევნა 2025 წელსაც განაგრძო

„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მედიის თავისუფლების დარღვევის ყველა ის შემთხვევაა გაანალიზებული, რომელიც 2025 წელს, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში დაფიქსირდა.

მონიტორინგის შედეგებით, საკვლევ პერიოდში, გასული წლის იანვარ-დეკემბერში, მედიის თავისუფლების დარღვევის 1481 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა დაშინება და ცილისწამება იყო), რაც მედიის 2 377 წარმომადგენელს შეეხო. აქედან, ყველაზე მეტი, 208 დარღვევა სერბეთში დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოთხი ჟურნალისტი მოკლეს: 3 მათგანი უკრაინაში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, ხოლო 1 თურქეთში, სასტიკი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.  

მედიის თავისუფლების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს უცხოელი აგენტების შესახებ კანონებთან, უცხოური დაფინანსების ან გავლენის ბრალდებებთან დაკავშირებული პრესის თავისუფლების 72 დარღვევა დააფიქსირა, რაც მედიასთან დაკავშირებულ 142 პირს ან ორგანიზაციას შეეხო. ამ შემთხვევებიდან 34 - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, 38 კი კანდიდატ ქვეყნებში მოხდა: „ევროკავშირის ფარგლებში ინციდენტების ყველაზე მეტი რაოდენობა (18) უნგრეთში, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა (18) საქართველოში დაფიქსირდა“.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ შედარებით უსაფრთხო თავშესაფარია მედიის თავისუფლებისთვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კლიმატი კვლავ მრავალი საფრთხისა და გამოწვევის მატარებელია:

„სისტემური გამოწვევები ისეთ წევრ სახელმწიფოებში, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ევროკავშირის სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. ამასობაში, ევროკავშირის ბლოკის გარეთ, ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ აგრძელებენ სერბეთი, საქართველო და განსაკუთრებით თურქეთი მედიის თავისუფლების დრამატულ კრიზისს და მდგომარეობის გაუარესებას. ეს ცხელი წერტილები საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მხრიდან სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს, რათა დაცული იყოს დამოუკიდებელი მედიის დარჩენილი ნაწილი“.

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF), „ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციისა“ (EFJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიის დევნა 2025 წელსაც განაგრძო. გასული ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში მედიის თავისუფლების დარღვევის 143 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მედიის 263 სუბიექტს შეეხო:

„განსაკუთრებით საგანგაშო იყო სამართლებრივი თავდასხმების მკვეთრი ზრდა - 60 დოკუმენტირებული შემთხვევა (42%), წინა წელს დაფიქსირებულ 33 ინციდენტთან შედარებით. აღრიცხული ინციდენტიდან უმეტესობა პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მიერ იყო ჩადენილი (28.0%), მათ მოსდევდა სამთავრობო და საჯარო მოხელეები (25.2%) და სასამართლო ხელისუფლება (18.9%)“.

ანგარიშში აღნიშნულია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანანო პატიმრობაც: „აგვისტოს დასაწყისში, 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უსამართლო წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს, საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაპატიმრების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების წინაშე აღმოჩნდნენ. მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე, ის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა“.

დოკუმენტში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან ერთად, ჟურნალისტების დაკავების შემთხვევებიც მოხვდა:

„MapMF-მა დააფიქსირა ჟურნალისტების დაპატიმრების, ციხეში ჩასმის ან საზღვარზე დაკავების 18 შემთხვევა. ერთ-ერთი დაკავებული ჟურნალისტი იყო გურამ მურვანიძე, ამაღლობელის კოლეგა და მედიასაშუალება „ბათუმელების“ ოპერატორი, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს ამაღლობელის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მაშინ, როდესაც ის პროტესტებსა და სოციალურ არეულობას აშუქებდა. ხელისუფლებამ მას ბრალი წაუყენა „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლებით. შემოდგომაზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ნინია კაკაბაძე (Mediachecker-ის ჟურნალისტი) და მამუკა მგალობლიშვილი („პუბლიკა“)“. 

„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის განმავლობაში, ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე რეპრესიული საკანონმდებლო აქტიც მიიღო, რომელთა საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და მათგან დონორებისა და გრანტების შესახებ მონაცემების გამჟღავნება მოითხოვა:

„გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ წერილობით გააფრთილა  „ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“, ასევე რადიომაუწყებლებს ჟურნალისტთა კავშირს - ხალხის ხმას („რადიო მარნეული“), რადიო ნორის და „სისტემა გამას“ („რადიო პოზიტივი“) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის“.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები კვლავ დაუსჯელი რჩება, გამოძიებები ხშირად ფორმალურია და დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ის დიდი ხანია მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება: „გაამკაცრა ცენზურა და ზეწოლა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა ცნობილი ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ და შემდგომში გაუქმდა ზაუტაშვილის ტოქშოუ. 

MapMF-მა დააფიქსირა სამსახურის დაკარგვის ხუთი შემთხვევა, რომლებიც გამოწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებით და შეეხო 21 ჟურნალისტსა და მედიის თანამშრომელს“.

„სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) არის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, დააკვირდეს და რეაგირება მოახდინოს პრესისა და მედია თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ 27 და კანდიდატ 9 ქვეყანაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 
მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია - კლუნების ფონდი

 

კლუნების ფონდმა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის სასამართლო პროცესის მონიტორინგის 85-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება და ის წარმოადგენდა პროცესის ბოროტად გამოყენებას. 

„კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის“ შეფასებით, ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით საგანგაშო იყო, რადგან ის პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ პირობებში პრესის თავისუფლებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გაუარესების ფონზე მოხდა.

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმემ გამოავლინა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად გამოუთხარა საფუძველი მისი დაკავების და სასამართლო პროცესის სამართლიანობას და მის დასჯას ისეთი მუხლით, რომლითაც მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ“, - განაცხადა სერ ნიკოლას ბრატზამ, ბრიტანელმა იურისტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა და TrialWatch-ის ექსპერტმა ანგარიშში, რომელმაც სასამართლო პროცესს D კატეგორია მიანიჭა.

TrialWatch მის მიერ შესწავლილ სასამართლო საქმეებს ხუთი კატეგორიით აფასებს (ABCDE), სადაც A ყველაზე კარგი ქულაა, E კი - ყველაზე ცუდი. 

კლუნების ფონდის ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესმა პროცედურული ხარვეზებიც გამოავლინა, მათ შორის დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და მოწმეების გამოძახების შესაძლებლობის შეზღუდვა. მასში აღნიშნულია ისიც, რომ მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა ცილისმწამებლურმა განცხადებებმა, მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება დაარღვია:

„დოკუმენტირებული დარღვევები მზიას იმ უფლებებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (ICCPR), როგორც ეს ამ ანგარიშშია გააანალიზებული, ადასტურებს, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო და არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს“.

TrialWatch „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის და უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლად წარიმართოს.

------------------------------

მზია ამაღლობელი 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
 
ComCom: „აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები


კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ის, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი „პასუხისმგებელია უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში“. 

ComCom-ი წერს, რომ „გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში. 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია“.

კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, „რომლებიც პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება“, მას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. „რაც შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია“.

ComCom-ის განცხადებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიაჩნიათ, „მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა“.

24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო ტელეკომპანიები: „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.

2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამოც. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. ამასთან, ComCom-მა  სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. „იმედის“ წინააღმდეგ კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარიც.







„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა

(ფოტო: „პუბლიკა“)


„პუბლიკის“ ინფორმაციით, გამოცემის ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით პროკურატურამ ორ პირს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარუდგინა. 

„“პუბლიკას“ საქმის გამომძიებელმა უთხრა, რომ ბრალის წარდგენა მოხდა დღეს, 5 მარტს. შეკითხვაზე, როდის მიმართავენ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე – გვიპასუხა, რომ აღნიშნულს „პროკურორი გადაწყვეტს“. მისივე ცნობით, საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან“, - წერს გამოცემა.

ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

საქმე ეხება 2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პროევროპული აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე ძალადობისა და ტელეფონის წართმევის, ხოლო გამოცემის მეორე ჟურნალისტისთვის, ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. ქეშელაშვილს „ქართული ოცნების“ შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს ხელზე დაარტყეს, ტელეფონი გააგდებინეს და წაართვეს. მან ტელეფონი მოგვიანებით კოლეგის დახმარებით დაიბრუნა. 

იმავე ღამით, კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას საქმიანობაში ხელი ჯამში 6 ჟურნალისტს შეუშალეს

მზია ამაღლობელის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დავა დასრულებულია. მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოში გასაჩივრება აღარ შეიძლება.

როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე მიიღო. 

მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას ითხოვდნენ. თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოსგან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და ამაღლობელისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვდა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი. 

მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
ამბავი ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა“, თუმცა…


ამბობენ, კარგ ჟურნალისტს ბევრი ლაპარაკი უნდა შეეძლოსო. მე კი ყოველთვის მოსმენა მერჩივნა. 

კარგი ჟურნალისტი უემოციოაო, მაგრამ ხშირად ვერც და ზოგჯერ არც ემოციებს ვიკავებდი.

ბავშვობაში დედაჩემის ხშირად ნათქვამ ფრაზას - „მის ადგილას წარმოიდგინე თავი“  ვერსად გავექეცი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. როგორც წესი, მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ცუდი ამბები ტრიალებდა.

ჩემი პროფესია არასდროს მიმაჩნდა პრივილეგიად. ფრაზა - „მე ჟურნალისტი ვარ და…“ ყურში ცუდად მხვდება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტი გამტარია და არა - ვინმეზე მაღლა მდგომი. ის, ვინც ამბავს ატარებს და არა ის, ვინც ამბავზე დგას. ვინც არსებულს აშუქებს და ახალ რეალობას არ ქმნის.

ამ აღქმით დავიწყე მუშაობა 14 წლის ასაკში. 

მომავალ დამსაქმებელს ასაკს ვატყუებდი - სანამ ცხვირწინ ხელმოსაწერი კონტრაქტი არ დამიდო.

ძალიან მიყვარს ის პერიოდი.

ყოველ დილით თბილისი-ბორჯომის მატარებელს რომ დაუზარებლად მივყვებოდი გორამდე და ჩემს საყვარელ, სანატრელ პროფესიას უცხო ქალაქში, ადგილობრივ ტელევიზიაში ვეუფლებოდი. მაშინ ბევრი რამ უფრო მარტივად მისაღწევი მეგონა.

პროცესებიც საინტერესო იყო: ხელისუფლების ცვლილება, ძალაუფლების გადაბარება. მეც ამ ყველაფერს ახლოდან ვაკვირდებოდი. პარალელურად კი, სკოლის საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. პირველად მაშინ ვნახე, როგორ შეუძლია ადამიანს ერთ დღეში გარდაქმნა - როგორ შეიძლება შეიცვალოს, ან კოლექტიურ არსებად იქცეს, ინდივიდუალიზმის სრული გაქრობით.

იყო დრო, როცა საუბარს მიწყებდნენ და მერე დახმარებას მთხოვდნენ ისინი, ვინც მანამდე გამარჯობასაც არ იმეტებდა. ვინც საჯარო დაწესებულებებში არ მიშვებდა, რადგან მათთვის სასურველ მედიას არ წარმოვადგენდი.

და იყვნენ ისეთებიც, ვინც გაუცხოვდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თანამდებობაზე აღმოჩნდნენ და ძველთან ერთად, ახალი აკრძალვების დაწესებაც დაიწყეს. 

არადა არცერთი მათგანი ლორდთა პალატის წევრი არ ყოფილა და არცერთს ჰქონდა ოვალური კაბინეტში მუშაობის ბედი. უბრალოდ ჰალსტუხი მოირგეს, რბილად დაჯდომა ისწავლეს… და გაყეყეჩდნენ.

ასეთების რიცხვი ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც მედიაში, სამწუხაროდ, მატულობდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ჩემთვის უინტერესო პერსონაჟებად იქცა - ძვირიან ბრენდებში შეფუთული სულელები, რომლებსაც ბოლომდე უნდა მოუსმინო, აზრი არ უნდა გააწყვეტინო, თავი საინტერესოდ აგრძნობინო, რომ ბოლოს თავისივე ფრაზებით აგიხსნან, რა დონის იდიოტები არიან.

ამავე ლოგიკით არ მიყვარდა ბევრი ლაპარაკი - მეშინოდა, სისულელე თავად არ მეთქვა, თუმცა ჩემს ანგარიშზეც არაერთი „ფრთიანი ფრაზაა“. არც ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება მიზიდავდა, როცა ისედაც „სტიქიის ეპიცენტრში“ ვიყავი. ვფიქრობ, აუდიტორიის დამატებით დაზაფვრა არაკეთილსინდისიერია - ხალხს ჩვენს ქვეყანაში უბედურება, სტრესი ისედაც არ აკლია.

მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ აუდიტორიას ეს არ იზიდავდა. უმეტესად ხალხს ხმაური უყვარს - მყვირალა სათაურები, დაძაბული საუბარი. უბრალოდ ამას არ აღიარებენ. ვხვდებოდი, რომ ქართული მედიის ახალი სტანდარტები ჩემთვის მიუღებელი იყო, ან მე ვერ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. არ ვიცი - ეს არ უთქვამთ, უბრალოდ ასე მგონია.

ისევე როგორც ის, დღეს რომ ჟურნალისტისგან ჟურნალისტობას აღარ ითხოვენ. თითქოს ნორმად იქცა, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს აქტივისტი, უნდა წავიდეს პოლიტიკაში, ან პოლიტიკიდან ისევ უკან გადმობარგდეს და იძახოს - „ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს“. ამაზე უფრო უაზრო ფრაზა, მართლა ცოტა მახსენდება.

კი, ყოფილი ჟურნალისტები ვარსებობთ. და ყველას ერთი გვაქვს საერთო - არცერთს გვინდოდა პროფესიიდან წასვლა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს.

პირველი - დღეს საქართველოში ძალიან ცოტა მედიამფლობელია, ვისაც ეს პროფესია უყვარს და მისი არსი ესმის. ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის ქმნის მედიას და არა - პირადი გარანტიებისთვის. 

მეორე - ჟურნალისტიც ადამიანია და როცა ღია ცის ქვეშ რჩება, იძულებულია იფიქროს ახალ ცხოვრებაზე - თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ასე იყო ჩემს შემთხვევაში - მე სხვების სოციალურ მდგომარეობაზე ვაკეთებდი სიუჟეტებს, მაგრამ თავად აღარ მქონდა სახლი. ვაშუქებდი სხვების გამოსახლებას და სამსახურის მერე, თავად ვალაგებდი უკვე დახარისხებულ ნივთებს. ვხვდებოდი, რომ თავადაც მჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ჩემს „ტრიბუნას“ პირადი პრობლემებისთვის ვერ გამოვიყენებდი. პირიქით, უფრო მეტად ვცდილობდი სხვას, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დავხმარებოდი, თითქოს ამით ვაკომპენსირებდი პირად საჭიროებებს, პრობლემებს. ვაშუქებდი სოციალური პირობების გამო გაფიცული ადამიანების მოთხოვნებს, მაშინ როცა სამსახურში უხელფასობის გამო, ფეხით მივდიოდი. ზოგჯერ, მისვლასაც ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, ტელევიზიაში მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში - ეკრანს მიღმა ბევრად რთული რეალობაა. მერე რა რომ რეალური აგენტურა გეუბნებათ, ეგენი „დახელფასებულები“ არიან და Deep State-თან მეგობრობენო. ხო იცით, ქურდს ყველა ქურდი ჰგონია... 

სხვადასხვა დროს ბევრ ადამიანს მოუწია წასვლა, ახლის ძიება. პროფესიას ტოვებდნენ ისინი, ვინც ღირებულ საქმეს აკეთებდა. მიუხედავად სირთულეებისა, ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ვხვდებოდი, რომ ეს არის „სიმართლის საფასური“. ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც რეჟიმი, მანქანა, ხელისუფალი, არალეგიტიმური ძალა, ან „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“ შენ და შენნაირების წინააღმდეგ იყენებს. მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეგუები, არ ემორჩილები და ჯიუტად ცდილობ, სწორ მხარეს იყო. 

შენ ხდები სამიზნე. თავიდან იღებ შემოთავაზებებს. თითქოს, შანსია რომ კომფორტულ „ნიუსრუმში“ გადახვიდე, სადაც გექნება: „პაესტკები“, გამხსნელი თემები და ხშირად ტექსტზე ფიქრიც კი არ მოგიწევს - შენ ნაცვალ პრესსამსახურებისა და პიარმენეჯერების არმია გაირჯება. ეს ბევრს მოსწონს, ბევრი დათანხმებულა და კვლავ დათანხმდება. ვინც არ თანხმდება, იღებს „რჩევებს“, „შემოთვლებს“, რომ ვიღაცებთან უნდა „იმეგობრო“ ან გაჩუმდე, გაგაჩუმებენ, რომ პატარა ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან შეიძლება დაიჯეროს. არც იმას გიმალავენ, რომ ჩასაფრებულებმაც „იმუშავეს“. 

ხო და წამოვედი! 

მე მთელი არსით მიყვარს ეს პროფესია და მიხარია, რომ არ დავაზიანე — ისეთად დავიტოვე, როგორიც შევიყვარე. ბევრი შეცდომის, წვალების, მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და დაუფასებლობის განცდის მიუხედავად. არაერთ მედიასაშუალებაში მიმუშავია, ვყოფილვარ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „ნიუსრუმის“ წევრი, თუმცა შემიძლია უკან მოხედვა და თვალებში ჩახედვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც 14 წლიდან 29 წლამდე მქონდა შეხება.

ამაზე ფიქრი მეხმარება და მხოლოდ ამისთვის, მადლიერიც ვარ - საკუთარი თავისაც და იმ ადამიანებისაც, რომლებმაც მათ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს. ყველგან შევძელი მე დავრჩენილიყავი. შეიძლება ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ამანაც განაპირობა. 

ამ წლების უბრალო მოგონებად ქცევა მარტივი არ არის.

მუდმივი ბრაზი და სირცხვილის გრძნობაც მაქვს - რადგან დავმარცხდი, ვერ გავძელი, სადღაც დავიღალე.

მე აღარ ვარ „მოედანზე“. მერე რა რომ სხვა გზა მართლა აღარ მქონდა - შედეგი მაინც ესაა: მე პროფესიას ჩამოვშორდი. დავბრუნდები თუ არა? ან საერთოდ მინდა? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. მათ გავურბივარ. მეშინია.

ამ შიშის გამო უკვე 5 თვეზე მეტია - 178 დღე, 4265 საათი ვცდილობ დავივიწყო ის, რასაც ცხოვრების ნახევარი ვაკეთებდი და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა.

ზუსტად ამდენი ხანია არ მიყურებია და არ მომისმენია ახალი ამბები - მხოლოდ ვკითხულობ.

თითქოს არ მინდა დავინახო, როგორ გრძელდება უჩემოდ. არ მინდა გამუდმებით მიტრიალებდეს კითხვა: სად ვარ ამ დროს? მე როგორ მოვიქცეოდი? მსგავსად გავაშუქებდი თუ არა? არ მინდა მოვლენების ყურების დროს „ადრენალინი მომაწვეს” და ვერაფერი გავაკეთო.

არ მინდა ბრაზი ბოღმად მექცეს და ეს ყველაფერი „კრიტიკოსობით“ შევფუთო.

ძალიან მენატრება. ყოველდღე მეფიქრება. ყოველდღე თავიდან ვცდილობ ამ ლოდად ქცეული ფიქრების, მოგონებების უგულვებელყოფას. ყოველდღე თავიდან...  

მხოლოდ პროფესია არა, ხალხი მენატრება. ქართული ხმაური, ჩემი ქუჩის სუნი, მეზობლები, მეგობრების ჩახუტება. დედაჩემი, ვისაც წამოსვლის დღეს ვეღარ ვუყურებდი. ისე ვერ დავემშვიდობე, როგორც მინდოდა, საჭირო იყო. ჩემი ჭაღარა ბებო, ვისაც ვერ ვპასუხობ კითხვაზე -„როის ჩამუალ“.  

ასევე, უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სხვა საქმე - ისეთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, დამაინტერესებს, შევძლებ. მაგრამ…  

ზოგჯერ „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისს, ე.წ. ქუდს ვუყურებ. 23-ე წამზე, წამიერად, ისევ ეკრანს ვუბრუნდები. ეს წამი სხვისთვის არაფერია, შეუმჩნეველია, მაგრამ ჩემთვის დიდ ამბავს ჰყვება. ამბავს ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა”, თუმცა ის „იგი“ არ ყოფილა. ადამიანზე, ვინც ერთ დროს ბუნდოვანებას ებრძოდა - ახლა კი ის მისი საუკეთესო თანამგზავრია. რაც უფრო ბუნდოვანია მომავალი, მით უფრო ნაკლებია დრო იმაზე ფიქრისთვის, რისი დატოვებაც, დათმობაც მოუწია, თუმცა არა - ნებაყოფლობით.

--------------------------------------------


საქართველოში სულ უფრო მეტი ჟურნალისტია იძულებული ემიგრაციაში წავიდეს,  პროფესია შეიცვალოს ანდა შემოსავლის ალტერნატიული გზები ეძებოს.

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით მოამზადა ანგარიში საქართველოზე. RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ 2024 წლის გაზაფხულიდან ერთიმეორის მიყოლებით იღებს მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობითაც აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა და წერილობით გააფრთხილა ტელე და რადიო მაუწყებლები.

გასულ წელს სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ღია მიმართვა მათ, ვისაც ნინო შუბლაძემ კითხვების დასმა უნდა ასწავლოს
ფოტო: სქრინი „მედია აკადემიის“ ფეისბუკის გვერდიდან 

„4-თვიანი კურსის ფარგლებში ინტერვიუს მომზადებას ნინო შუბლაძე გასწავლის და საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებს“, - ასეთი ტექსტით იწვევს კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედია აკადემია“ დაინტერესებულ პირებს ჟურნალისტიკის კურსებზე. ნინო შუბლაძე გასწავლით კითხვების დასმასო. 

ახლა იმ მომავალ სტუდენტებს მინდა მივმართო, რომლებიც ამ კურსს დაესწრებიან და ვთხოვო, პირველ ყოვლისა, დასვან კითხვა: ვინ არის ნინო შუბლაძე და როგორია მისი პროფესიული ბიოგრაფია? 

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამ ბიოგრაფიის, ე.წ. CV-ის ინტერნეტ სივრცეში მოპოვება საკმაოდ რთული გამოდგა. თუკი გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვებს - ნინო შუბლაძის ბიოგრაფია, პირველი ეს მასალა შეგხვდებათ:

თუმცა, მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას არ ვენდე, შევეცადე და რაღაც ინფორმაცია მაინც მოვიპოვე. 

ნინო შუბლაძის პროფესიული კარიერა „პირველი არხის“ გადაცემა „ალიონში“ დაიწყო და არც ისე დიდხანს გაგრძელდა. 2003 წლიდან 2014 წლამდე ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წელს, გამოქვეყნდა ფარული მიყურადების კადრები, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მისი მოადგილის, ნინო შუბლაძის კაბინეტებში იყო ჩაწერილი. ეს ის პერიოდია, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად უპირისპირდება მისდამი კრიტიკულად განწყობილ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ტელეკომპანიას. (ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შედის და რამდენიმე წელი გრძელდება. საბოლოოდ, 2019 წლიდან ტელეკომპანიას უკვე ქიბარ ხალვაში მოიპოვებს და „რუსთავი 2“-ს „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მოაქცევს). 

ამ კადრების გამოქვეყნებიდან მალევე, ნინო შუბლაძე „რუთავი 2“-ს ტოვებს და ცოტა ხანში, 2015 წლის ივლისში, მთავრობაში, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ინაცვლებს. 




ნინო შუბლაძის მომავალო სტუდენტებო, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ და იცოდეთ, ეს მანკიერი პრაქტიკაა - „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტები მთავრობაში რომ მიდიან სამუშაოდ და შემდეგ უკან, მედიაში ბრუნდებიან. შეიძლება ჟურნალისტი წავიდეს პოლიტიკაში, საჯარო სამსახურში, მაგრამ უკან აღარ უნდა დაბრუნდეს. ვინც დაბრუნდება, ის ყოველთვის იმ მთავრობის მსახურად დარჩება, რომლის გუნდის წევრიც იყო. პოზიციისა და მთავრობის ცვლილება კიდევ შესაძლებელია, მორჩილების - არა.   

გავაგრძელოთ მისი ბიოგრაფიის კვლევა. 2017 წელს შუბლაძე ისევ მედიაში, ამჯერად „ტვ პირველზე“ იწყებს მუშაობას, საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელად. გავრცელებული ხმებით, თითქოს ტოქშოუც უნდა წაეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ მთავრობაში „მოღვაწეობა“ არჩია და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურში გადავიდა. ზოგადად, მის კარიერას თუ დააკვირდებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიაში მუშაობა მისი ვნება არ არის, გაცილებით უფრო მშვიდად გრძნობს თავს იქ, სადაც მმართველი გუნდის (ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში) სითბო და სიყვარული აქვს. 

სწორედ ამ სითბოსა და სიყვარულის შედეგია, ნინო რომ ისევ „რუსთავი 2“-ზეა და პოლიტიკური ტოქშოუ მიჰყავს. გულთბილი ადამიანია, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმაც არ უყვარს. რატომ უნდა ატკინოს გული?! 

მის გადაცემაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩვენს კოლეგაზე - მზია ამაღლობელზე ხშირად საუბრობენ. (მზიას ნინო შუბლაძის კოლეგას ვერ ვუწოდებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ მზია ამაღლობელიც ჟურნალისტია და ნინო შუბლაძეც). შუბლაძის გადაცემის სტუმრები იტყუებიან და ამბობენ, რომ მზიამ პოლიციის თანამშრომელს „დიფ სტეიტის“ დავალებით გააწნა სილა, რომ მზია მოძალადე თავდამსხმელია და არა დაზარალებული, რომ მზიამ თავდაპირველად სტიკერი პოლიციელს მიაკრა ზურგზე და ა.შ. მაგალითად, 2025 წლის 16 აპრილს, გადაცემა „ღამის კურიერის“ სტუმარი ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  იყო, რომელმაც მზია ამაღლობელზე ზემოხსენებული ტყუილები გაიმეორა. ჩავთვალოთ, რომ შუბლაძესაც სჯერა, ვიღაც „დიფ სტეიტის“ არსებობის და იმის, მზია რომ მისი დავალებით მოქმედებდა, მაგრამ ზუსტად იცის და კადრებიც ნანახი აქვს, რომ პოლიციელის ზურგზე მას არანაირი სტიკერი არ მიუკრავს. პარტიის მიზანია საზოგადოება ამ სიცრუეში დაარწმუნოს, ამიტომ ნინო ჩუმადაა. 

გთხოვთ, იხილოთ მზია ამაღლობელის უფლებადამცველის, მაია მწარიაშვილის პასუხები. მასალა მომზადებულია „მთის ამბების“ მიერ: 


ამის შემდეგ მზიას კოლეგები „რუსთავი 2“-ის შენობასთან მივედით და როგორც ყველა პროფესიონალს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი ავალდებულებს, „რუსთავი 2“-ს მაია მწარიაშვილისთვის პირდაპირი ეთერის დათმობა მოვთხოვეთ. ნინო შუბლაძემ ეს გვიპასუხა: 


მან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა დაგვაბრალა და თქვა, რომ აუცილებლად დაუთმობდა ეთერს მაია მწარიაშვილს, ოღონდ მისი პირობებით. მწარიაშვილს დღემდე არ ჰქონია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მზიას საქმეზე საუბრის შესაძლებლობა. შუბლაძემ ჩვენი აქცია გააშუქა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შესრულებით მხოლოდ ერთ ძალას უსრულებს „თხოვნებს“. 

ძვირფასო სტუდენტებო, მოგმართავთ მათ, ვისაც ახლა ნინო შუბლაძემ კითხვების დასმა უნდა გასწავლოთ. გთხოვთ, აქ გაეცნოთ ვინ არის მზია ამაღლობელი, რომელი გამოცემების დამფუძნებელია, რა ჯილდოების მფლობელია, უბრალოდ მისი ნამუშევრები წაიკითხეთ. 

და შემდეგ გაეცანით ნინო შუბლაძის - მუდმივად მთავრობის სამსახურში მყოფი ჟურნალისტის ბიოგრაფიას. ნახეთ მისი გადაცემები, სადაც ის კრიტიკულ კითხვებს არ სვამს და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამბედაობა სოლიდარობა გამოუცხადოს უკანონოდ დატყვევებულ ჟურნალისტს, (მით უმეტეს, რომ საკუთარ თავსაც ჟურნალისტად მოიაზრებს) არ აქვს გამბედაობა პირდაპირ ეთერში მიიწვიოს მისი უფლებადამცველი, ის ფასეულს ვერაფერს გასწავლით. ერთადერთი, რისი სწავლებაც მას შეუძლია, უსიტყვო მორჩილებაა.   

იხილეთ მასალები და გაიცანით მზია ამაღლობელი:




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.



2026 წელი უარესი იქნება, მაგრამ…

ფოტო: ლევან ზაზაძე


ისე მოხდა, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავატარე: გაზეთი, ჟურნალი, რადიო, ტელევიზია და ბოლოს უკვე ონლაინ მედია. ყველა მათგანში წლის ბოლოს შეჯამებას მთხოვდნენ, რაც იმდენად მძულდა, რომ არასდროს ვასრულებდი. ბოლო წლებია ამ შეჯამებას, არამხოლოდ მედიები, სოციალურ ქსელში ყველა ჩემი „ფრენდიც“ მთავაზობს, ამას მომავალი წლის გეგმებიც ემატება და ასე დაუსრულებლად. წლის ნომინაციები და ლაურეატების გამოვლენაც მძულს. 2004 წელს, გაზეთ „24 საათში“, წინასაახალწლო საავტორო სვეტში (მაშინ ბლოგებს სვეტი ერქვა), დავწერე ჩემი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ და ვამხილე ყველა მათგანი, ვინც ერთი თვით ადრე იწყებდა კითხვას: „შენა და ახალ წელს რას აპირებ?“ იმ ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, ახლობლების ნაწილი ისე შევაშინე, ახალ წელსაც არ მილოცავდნენ. ერთი სიტყვით, არ მიყვარს თავსმოხვეული დღესასწაულები და არც იმის მჯერა, რომ წლების ნუმერაციაზეა დამოკიდებული ცვლილებები. სიახლის მოლოდინი კი სულ მაქვს, მაგრამ ეს 31 დეკემბრის ღამესთან ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული. საახალწლო „ნიუსების“ თვალიერებისას ყველაზე მეტად იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯორჯია მელონის სიტყვები მომეწონა, გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ არ იდარდოთ, მომავალი წელი უარესი იქნებაო. 

რა გვქონდა 2025 წელს? 

მედიისთვის 2025 წელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ძალაში შევიდა ე.წ. ფარა, რომელიც ყველას, ვინც საერთაშორისო ფონდებიდან თუ ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა და ამით სრულ დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ინარჩუნებდა, აგენტებად გვაცხადებს. ეს კანონი იმ პროპაგანდის იარაღია, რომლის მიზანიც არის წარმოგაჩინონ უცხო ქვეყნის აგენტად და იმუშავონ შენს დისკრედიტაციასა და განადგურებაზე.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ, რომლის „ენჯიო“ ბიოგრაფიასაც აღარ შეგახსენებთ, მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ შორის, დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო, რომ დაადგინოს აქამდე მიღებული გრანტების შესაბამისობა კანონთან. 

კამერები და მიკროფონები აკრძალეს სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, იმისათვის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ არ გვაჩვენოს დღევანდელი სასამართლო, რომელსაც მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილის სახე აქვს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება აუკრძალეს ტელე და რადიო მაუწყებლებსაც. პოლიტიკური, უფრო სწორედ პარტიული ფული აღარ არის ტელევიზიებში, რადგან მომდევნო 3 წლის მანძილზე არჩევნები არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, 2 ტელევიზია დახურვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ვფიქრობ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლები ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნავდნენ და არა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე. 

ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, საკითხები, რომელიც აქამდე თვითრეგულირების ორგანოს უნდა განეხილა, კომუნიკაციების კომისიას დაექვემდებარა და მას მაუწყებლების დასანქცირების საშუალებაც მიეცა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა როგორც იქნა, მოიცილა ურჩი თანამშრომლები, ახალ შენობაში გადაბარგდა, რკინის ღობე შემოარტყა და საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიძირა. მათ უკვე გარედან უკმაყოფილების ხმაც აღარ წვდებათ, იმდენად შორს არიან „ციხე-სიმაგრეში“ გამაგრებულები. რაც უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული ხდება ეს არხი, რაც უფრო იზრდება მაუწყებლის დაფინანსება, მით უფრო უახლოვდება საბჭოთა წარსულს, სადაც მაყურებელი ეკრანიდან მხოლოდ ტყუილს, გამოგონილ რეალობას ხედავდა. 

დაბოლოს, ყველაზე მთავარი - ჩვენ 2025 წელს, პირველი ჟურნალისტი ქალი პოლიტპატიმარი გვყავს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელები“ ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი მედიაა, რომელმაც ყველა ხელისუფლებას გაუძლო და დღემდე მოაღწია, იმიტომ რომ არასდროს ყოფილა სხვაზე დამოკიდებული და მხოლოდ საკუთარი პროფესიის ერთგულია. ამიტომ შეარჩია რეჟიმმა მზია ამაღლობელი სამაგალითო სასჯელისთვის და შეატყობინა დამოუკიდებელ მედიებს - ყველას დაგსჯით და ყველას გაგტეხავთო. 

რა მიიღო სანაცვლოდ? 

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების მიუხედავად, არც ერთ მედიას არ შეუწყვეტია მუშაობა. ტელევიზიები, სადაც უკვე დიდი ხანია ფინანსური პრობლემებია და  ჟურნალისტებს თვეებია სრული ხელფასი არ აუღიათ, მაინც მუშაობენ. მუშაობენ გაუსაძლის პირობებში, მტრულ გარემოში… მათ უწევთ „ქართული ოცნების“ წევრების დევნა, ბრძოლა კითხვებზე პასუხების მოსაპოვებლად, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ იღებენ. შეწუხებული დეპუტატები ხშირად ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევას ითხოვენ და ასრულებენ კიდეც. პროპაგანდისტული არხების არც ერთი თანამშრომელი დაიჯერებს, რომ მათი კოლეგები, რომელთა ხელფასი ოდესღაც რამდენიმე ათასი ლარი იყო, დღეს მის გარეშე მუშაობენ. ცხადია, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ისინი ჯერ ისევ ფეხზე დგანან და იბრძვიან. 

ონლაინ მედიები კი ნაცვლად დაშლისა, კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საერთო პლატფორმა - „სინათლე მედია“ შექმნეს, რომელმაც ისეთ შედეგებს მიაღწია, რასაც არავინ ელოდა. 

ყველა ჩვენთაგანს ემუქრებიან, ჩვენ წინააღმდეგ სამთავრობო ტელევიზიები, სავარაუდოდ, სუსის დაკვეთით, სიუჟეტებს ამზადებენ, უკანონო ფულის მიღებას გვაბრალებენ და მაინც ვერ აღწევენ მიზანს, მაინც ვერ გვაშინებენ. ონლაინ მედიების მიმართ საზოგადოებამ არნახული სოლიდარობა გამოხატა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სინათლე არ ჩაქრება! 

არამხოლოდ მედიის, არამედ ყველა ჩვენი თანამებრძოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მზია ამაღლობელია, რომელიც კოლოსივით უდრეკია და რომელმაც გვაჩვენა, რომ იდეალიზმი და გმირობა შესაძლებელია ჩუმი, უსიტყვო და ადამიანური იყოს. ვერასდროს ვახერხებ მზიაზე აღფრთოვანების გარეშე საუბარს. მისი გაუტეხელობა და სიჯიუტე არასდროს მოგვცემს უფლებას ჩვენ აქ, თავისუფლებაზე დარჩენილები გავტყდეთ და დავნებდეთ. სიფრთხილე შიშსა და თვითცენზურაში არ გადაგივიდეთო, - გვითხრა ბოლოს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კრებაზე რომ დარეკა და იქ შეკრებილ ჟურნალისტებს მოგვმართა, ერთად უნდა იყოთ და ყველაფერი გამოვაო. აუცილებლად გამოვა, რადგან ერთად ვართ!

ამ ჩემი „საახალწლო“ ბლოგის დასაწყისში ჯორჯია მელონის სიტყვები გავიმეორე, მძიმე იყო 2025, მაგრამ 2026 კიდევ უფრო მძიმე იქნება-მეთქი. კი, 2026-ში კიდევ უფრო მოგვიჭერენ მარწუხებს, კიდევ უფრო მეტს დაგვიჭერენ, დაგვშლიან, დაგვხურავენ, გვცემენ, ალბათ, ისევ მოგვწამლავენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ვერ გაგვაჩუმებენ და ვერ შეგვაშინებენ, რადგან ჩვენ, ქართველებმა (მათ შორის ჟურნალისტებმა), არნახული სოლიდარობის, თანადგომის, ერთმანეთის სიყვარულისა და ბრძოლის უნარი გამოვავლინეთ! უკანასკნელი წლები, ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ახლა უკვე ღიად ჩვენი მთავარი მტერი - რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის და გვკლავს, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც დღეს იბრძვის, იცის, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება, ეს დღეები და წლებიც ყველაზე ტკბილად გაახსენდება, რადგან არასდროს ყოფილა ამდენი სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთად ბრძოლის ჟინი. არასდროს ყოფილა ეს სიტყვები ასეთი გულწრფელი და ნამდვილი, როგორც დღეს: მიყვარხარ საქართველო! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ