მოსამართლის სახლთან გამართული შეკრების 9 მონაწილე ქუთაისის სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმები დაუწესა
10.02.2025


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული შეკრების მონაწილეებს 5 000-ლარიანი ჯარიმები დაუწესა. 

მოსამართლე ციცინო მოსიძემ 9 პირის, მათ შორის 3 ჟურნალისტის: გელა მთივლიშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძის, ეკა კუხალაშვილისა და მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, ვლადიმერ აფხაზავას, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეები განიხილა. 

მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართული შეკრების გამო 7 თებერვალს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილით შეუდგინეს.

26 იანვარს, მოსამართლის სახლთან შეკრებილებმა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიერ წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოქროპირაშვილმა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, 25 იანვარს, განუხილველად დატოვა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
TI: „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ ბრიტანული სანქციები ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პროპაგანდისტული არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს. „ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და კერძო პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი“.

დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო ტელევიზიები: „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის 24 თებერვალს დაასანქცირა . როგორც TI წერს, ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა.


რას ნიშნავს ბრიტანული სანქცია და როგორ მუშაობს ის?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბრიტანული სანქციის გავრცელების არეალი ბრიტანეთის იურისდიქციას სცილდება და ის კონკრეტულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს მის ფარგლებს გარეთაც ავრცელებს და მეორადი სანქციის საფრთხეს უქმნის ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესმენს, რომელიც სანქცირებულ სუბიექტთან თანამშრომლობას განაგრძობენ ან მათთან ახალ გარიგებებში შესვლას გადაწყვეტენ:

„ამდენად, მეორადი სანქციის რისკისა და უზარმაზარი რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, განსაკუთრებით კი - დასავლური საფინანსო სისტემა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემაც დასავლური სისტემის ნაწილია, ის მის წესებს უნდა დაემორჩილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ბანკებმა (არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“) სანქცირებულ ტელეკომპანიებს ანგარიშები უნდა გაუყინონ და მათ ყველანაირ ფინანსურ სერვისსა და მომსახურებაზე უარი უთხრან, წინააღმდეგ შემთხევაში, ისინი საფრთხეს მათსავე ბიზნესს შეუქმნიან“.

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედსა“ და „პოსტვის“?

TI აღნიშნავს, რომ ანგარიშების გაყინვისა და საბანკო სერვისების შეზღუდვის პარალელურად, დასანქცირებული პროპაგანდისტული არხები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან. კერძოდ:

  • ვეღარ მიიღებენ შემოსავლებს, მათ შორის რეკლამიდან, საბანკო ანგარიშსწორების გზით;
  • თანამშრომლებს ვერ გადაუხდიან ხელფასებს;
  • ვეღარ იყიდიან უცხოურ  სერიალებს;
  • გაუუქმდებათ გასართობი გადაცემებისთვის არსებული საერთაშორისო ლიცენზიები;
  • გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რომელსაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან;
  • დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში;
  • შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება/ვერ გაუშვებენ რეკლამებს;
  • ვეღარ აიღებენ სესხს და ვეღარ მიიღებენ ახალ დაფინანსებას;
  • ვერ გაყიდიან ან/და გააქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
  • ვეღარ შეიძენენ ან/და იქირავებენ ტექნიკას;
  • საბანკო ანგარიშსწორებით ვეღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს;
  • გაურთულდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა (დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება);
  • თანამშრომლებს გაურთულდებათ საბანკო სესხების აღება.

„საყურადღებოა, რომ მეორადი სანქციის რისკი შეექმნება ყველა იმ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს, რომელიც დასანქცირებულ ტელევიზიებს მათთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში დაეხმარება“, - წერს ორგანიზაცია.

რას გამოიწვევს „იმედისა“ და „პოსტვის“ დახმარება?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი: „სანქციების შესრულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებით „იმედი“ და „პოსტვ“ გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარებიან.

შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავონ „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე“.

„ოცნების“ მხარდაჭერა პროპაგანდისტულ მედიებს და შავი ფულის ტრიალის რისკი

„პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციები ცხადჰყოფს, რომ სანქციები მათთვის დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა. ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე, „ოცნების“ გუნდმა „იმედსა“ და „პოსტვის“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე და ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც. „ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მეტიც,  „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს ღიად მოუწოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიების მიმართ იქნება წნეხი სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, შავი ფულის ტრიალის რისკებს ქმნის, კომპანიებს კი მეორადი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გამო. 

სანქცირებული პროპაგანდისტული მედიებისადმი მმართველი გუნდის წევრების დემონსტრაციული მხარდაჭერა და მათი დახმარებისკენ მიმართული ღია ძალისხმევა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ მძლავრ გავლენებს ხსენებული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკასა და საქმიანობაზე“, - წერს ორგანიზაცია.

ბრიტანული სანქციების ეფექტი

როგორც TI წერს, პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები დაიცვეს: „ამას მოწმობს ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს - „იმედის ბანკს“ დააარსებენ, რომელიც მათ მოემსახურებათ. 27 თებერვალსვე  „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანული სანქციების გამო „იმედში“ ხელფასები „ნაღდი ფულით“ - „კონვერტებით“ დაარიგეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბანკებში მათ მომსახურება უკვე შეეზღუდათ და სანქცირებულ ტელევიზიებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრათ ბიძინა ივანიშვითლის ოჯახთან დაკავშირებულმა და „იმედის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა ბანკებმაც, შესაბამისად, „ქართუმ“ და „ლიბერთიმ“.

საბანკო სერვისებით სარგებლობით შეზღუდვის პარალელურად, „იმედი“ და „პოსტვ“ შემოსავალს ვეღარც რეკლამიდან მიიღებენ, რადგანაც ქართულ ბანკებს ეკრძალებათ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიებისთვის ნებისმიერი სახის ტრანზაქციის შესრულება. ამდენად, „იმედი“ და „პოსტვ“ თანხებს ვეღარც ეთერში გაშვებული კომერციული რეკლამისთვის მიიღებენ, ყველა შესაძლო შემოვლითი გზა კი - აღქმული იქნება როგორც სანქციებისგან თავის არიდება. შედეგად, ნებისმიერი ბიზნესმენი თუ კომპანია, რომელიც „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამისთვის თანხას გადაუხდის, ან მათ თანხის შემოვლითი გზით მიღებაში დაეხმარება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე თავად დადგება“.

დასანქცირებული არხები სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში?

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების გამოცხადებიდან მალევე, ორივე სანქცირებული პროპაგანდისტული ტელეარხის მიერ გადადგმული ნაბიჯები ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ სანქციების თავიდან არიდებისა და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს:

„მაგალითად, პროპაგანდისტული არხების დასანქირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრმა ორი ახალი ორგანიზაცია შპს „იმედის მხარდამჭერები“ და შპს „პოსტივის მხარდამჭერები“ დაარეგისტრირა. პირველის 100%-იანი წილის მფლობელი „იმედის“ სოციალური ქსელების მენეჯერი, ნიკა კლდიაშვილია, „შპს პოსტივის მხარდამჭერების“ 100%-ს კი გიორგი შენგელია ფლობს.

დაწესებული სანქციების გამო, 25 თებერვალს, გაითიშა „იმედის“ ვებგვერდები -  imedinews.ge  და imedi.ge. მათი ფუნქციონირება მეორე დღეს აღდგა. გავრცელებული ცნობებით, „იმედმა“ ვებსაიტის უსაფრთხოების სისტემა რუსულ კომპანიაზე  გადაიყვანა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ იყენებენ. თავად „იმედმა“ ინფორმაცია უარყო და მას „პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ „მორიგი ტყუილი“ უწოდა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო კვლევამ ისიც აჩვენა, რომ  „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ Meta-ს მიერ მისი სოციალური ქსელების პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის დასპონსორება/რეკლამირების შეზღუდვის შემდეგ, ისინი ახალი გვერდების დარეგისტრირებას და კონტენტის ამ გზით რეკლამირებას ცდილობენ.

გარდა ამისა, „მითების დეტექტორის“ კვლევამ ისიც გამოკვეთა, რომ „იმედსა“ და „პოსტვის“ დასანქცირების შემდეგ, მათი მასალების გამოქვეყნებასა და დარეკლამებაში აქტიურად ეხმარებიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ახლადშექმნილი მედიაპლატფორმები, რომლებიც მათ მასალებს მანამდეც აქვეყნებდნენ. ერთ-ერთის მფლობელი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი, შაკო კუჭაშვილია.

ასევე, საგულისხმოა, რომ რუხაძის „იმედიდან“ წასვლიდან რამდენიმე დღეში, „იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან მფლობელობაში არსებულ კიდევ 4 სხვა კომპანიაში - „შპს IMEDI FILMS“, „შპს ტელეკომპანია აისი“, „შპს თაჩ მედია“ და „შპს ჯი-დი-ეს თი-ვი“ - დირექტორის თანამდებობები „იმედის“ თანამშრომლებმა და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-10%-იანი წილების მფლობელებმა - მარიამ ლომიძემ და მაია ჩიგოშვილმა დაიკავეს. „იმედის“ მფლობელ კომპანიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში განხორციელებული ცვლილებები, იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ, შესაძლოა, არსებობდა წინასწარი ინფორმაცია „იმედის“ დასანქცირების შესახებ და ნაჩქარევი გადაადგილებები აღნიშნული კომპანიების გავლით, სანქციების თავიდან აცილების მცდელობასთან უნდა იყოს დაკავშირეული. ნესბიმიერ შემთხვევაში, ამგვარი კონფიგურაცია, სანქციების გვერდის ავლის კარგ წინაპირობას ქმნის.

გარდა ამისა, „იმედის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ და ასევე პროსამთავრობო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ფლობენ შპს „უნიმედიას“ 50%-50%-იან წილებს და მათი პარტნიორობა, შესაძლოა, სანქციების თავიდან აცილების დამატებით მექანიზმად იქნას გამოყენებული საერთაშორისო და ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის ნაწილში“.

ვინ ყიდულობს სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვზე“?

„ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და პროსამთავრობო „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს კრიტიკულ მაუწყებლებს („ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“), რომელთა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, კიდევ უფრო მწირია. მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარით იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.

საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების - „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited - საშუალებით. მოცემული მომენტისთვის, „ბანკი ქართუსა“ და „შპს ქართუ ჯგუფის“ 100%-100%-იან წილებს ფონდი „ქართუ“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ამ უკანასკნელის 35%-იანი წილის მფლობელი კი - ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია,  დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული. მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია.

იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია, ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ: კოკაკოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელეციზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც. (ტელევიზიების მიხედვით რეკლამების ჩამონათვალი ნახეთ ცხრილში #1).

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, რთულია როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი. ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სანქციების დაწესებიდან 4 დღეში განაცხადა, რომ „არ ითანამშრომლებდა სანქცირებულ კომპანიებთან“ ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ იყო, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთია და რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმის ქვისლი, თამაზ ხარაიძეა. თუმცა, განცხადებიდან მეორე დღესვე, კომპანიამ დააზუსტა, რომ მათ უარი არ უთქვამთ „ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „იმედთან“ და „პოსტვისთან“ თანამშრომლობაზე“ და ეს პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება“, - წერია კვლევაში.

ვინ ფლობს სანქცირებულ „იმედსა“ და „პოსტვის“?

ორგანიზაცია წერს, რომ ბრიტანეთის მიერ ორი პროპაგანდისტული არხის დასანქცირებამდე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი რუხაძე იყო: „მაგალითად, რუხაძესა და ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანიაში „ქართული ცემენტი“.

„იმედის“ დასანქცირებამდე 18 დღით ადრე, 6 თებერვალს, რუხაძემ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიის წილების მფლობელობიდან გადიოდა და კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-ს, რომლის საშუალებითაც იგი მის  უცხოელ პარნიორებთან ერთად „იმედს“ ფლობდა, „იმედის“ თანამშრომლებსა და კომპანია „პრაიმ მედია გლობალს“ გადასცემდა. შედეგად, „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილი სიმბოლურ ფასად - 1 000 ლარად „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა, რომელმაც თავის მხრივ, 10%-10%-იანი წილები - ასევე სიმბოლურ ფასად 100-100 ლარად „იმედის“ თანამშრომლებს - ნათია სონღულაშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, მარიამ ლომიძეს, მაია ჩიგოშვილს და ვასილ კალანდარიშვილს გადასცა. ბრიტანეთის სანქციების დაწესებიდან მეორე დღესვე, 25 თებერვალს, ირაკლი რუხაძემ კიდევ სამ წევრთან ერთად „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოც დაჩქარებული წესით დატოვა.

რუხაძის „იმედიდან“ ნაჩქარევად გასვლამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ამ ქმედებით მან პირად სანქციებს აარიდა თავი. ირაკლი რუხაძე „იმედიდან“ წასვლის შემდეგ, მედიასთან პირველად 19 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის „აბსოლუტურად დაუმსახურებელი“ და რომ ამით „იმედს“ არაფერი შეეტყო და არც მომავალში შეეტყობა.

„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან 4 წევრის გასვლიდან დაახლოებით 20 დღეში, 13 მარტს, არხის გენერალურმა დირექტორმა, მარიამ ლომიძემ საჯარო რეესტრს სამეთვალყურეო წევრების ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია:

საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ნათია სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე „იმედის“ მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. საბჭოს წევრები: მაგდა (მაგდალინა) ანიკაშვილი - „იმედი LIVE-ისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანი; მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აგრეთვე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი; ილია მიქელაიშვილი - „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილის მფლობელი.

რაც შეეხება „პოსტვის“, მის 52%-იან წილს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. ჯაფარიძე არაერთხელ იყო მხილებული სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და კავშირებში. „პოსტვის“ 24%-24%-იან წილებს ამავე არხის წამყვანი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ.

საგულისხმოა, რომ ჯაფარიძემ პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირებამდე 25 დღით ადრე, წილები სამართავად სხვა პირს - ზაზა მარიდაშვილს გადასცა, რომელიც 2017-2022 წლებში კასპის მერის მოადგილე იყო“.

რას საქმიანობს „პრაიმ მედია გლობალი“ და ვინ არის მისი მფლობელი?

კვლევის მიხედვით, „პრაიმ მედია გლობალი“ სატელევიზიო რეკლამის გამყიდველი შუამავალი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ილია მიქელაიშვილია: „კომპანია ტელევიზიაში რეკლამის განთავსების მსურველებს პროსამთავრობო ტელეკომპანიების -  „იმედის“, „GDS-ის“, „რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“ და „პოსტვის“ სარეკლამო დროს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია სარეკლამო დროს ტელევიზიების ნაცვლად თავად ყიდის და დამკვეთის რეკლამას, მისი სურვილისამებრ, შესაბამის ტელევიზიას გადასცემს, სარეკლამო მომსახურების თანხასთან ერთად. სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიის მიერ გაყიდული სარეკლამო დროის დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე“ მოდის. გამოცემა „ბიემჯის“ ცნობით, 2024 წელს კომპანიამ რეკლამის გაყიდვისგან 29.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26.4 მლნ ლარის რეკლამა ტელევიზიებში განათავსა, 3.1 მლნ ლარი კი - შემოსავლის სახით დარჩა“.

კვლევა - „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 



კვლევა საზმაუზე: „შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“

 

კვლევაში - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“ წარმოდგენილია გადაცემების ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ძირითადი მიმართულებები. როგორც მკვლევარი უთითებს, თითოეული მათგანი წარმოადგენს განმეორებად ნარატივს, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდში თანმიმდევრულად ყალიბდება და მთლიანობაში პოლიტიკური ხედვის კონკრეტულ ჩარჩოს აყალიბებს:

„დასავლეთის კრიტიკა:

ინტერვიუებისას დასავლეთი არასდროს ფიგურირებს როგორც უსაფრთხოების გარანტი. პირიქით, ის წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი, რომელმაც თავად შეუწყო ხელი რეგიონული დაძაბულობის ზრდას. ამ მხრივ, განსაკუთრებულად ხაზგასმულია ნატოს უარყოფითი როლი და გავლენა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.

ამ კრიტიკას ემატება დასავლეთის შიდა სისუსტის ხაზგასმა. ამგვარად, ფორმირდება სურათი, რომელიც მაყურებელს სთავაზობს დასავლეთის გადაფასებას, სადაც ის არა სტაბილურობის წყარო, არამედ რისკის მატარებელი ძალაა, რომლის პოლიტიკაც მცირე სახელმწიფოებისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

ევროკავშირის კრიტიკა - სუსტი, დამოკიდებული და სტრატეგიულად არაკომპეტენტური აქტორი:

გადაცემებში ევროკავშირი წარმოდგენილია არა როგორც დამოუკიდებელი, არამედ როგორც სტრუქტურულად სუსტი და ამერიკაზე დამოკიდებული გაერთიანება. ინტერვიუების მიხედვით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა და მოქმედებს ვაშინგტონის სტრატეგიული ხაზის შესაბამისად.

მრავალჯერაა ხაზგასმული, რომ ევროკავშირი არ წარმოადგენს სამხედრო უსაფთხოების გარანტს - „ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.“

ამ კონტექსტში ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობა, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს.

უკრაინა და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი:

გადაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თითქმის ყველა ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრა ინტერპრეტირებულია არა როგორც სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ როგორც ფართო გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგი, სადაც უკრაინა წარმოდგენილია დიდ ძალებს შორის კონკურენციის სივრცედ. დისკუსიებში კონფლიქტი ხშირად აღწერილია როგორც ამერიკისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირება, რომელშიც უკრაინა მოქმედებს არა როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტი, არამედ როგორც გარე ძალების გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყანა.

ამ ინტერპრეტაციაში უკრაინა ხშირად ხასიათდება როგორც გეოპოლიტიკური „პოლიგონი“, სადაც დიდი ძალები საკუთარი ინტერესების რეალიზებას ცდილობენ. უკრაინის ომი ხშირად განიმარტება ნატოს გაფართოების პოლიტიკისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების იგნორირების შედეგად. ამ ჩარჩოში დასავლეთი წარმოდგენილია როგორც აქტორი, რომელმაც საკუთარი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში უკრაინა დაპირისპირების სივრცედ აქცია, ხოლო რუსეთის ქმედებები ხშირად აიხსნება როგორც რეაქცია ამ პროცესებზე.

ამგვარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორის როლს. დისკუსიებში იშვიათად არის საუბარი უკრაინის სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრივ არჩევანზე ან საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. ამის ნაცვლად, ყურადღება გადატანილია დიდ ძალებს შორის ძალთა ბალანსზე და იმაზე, თუ როგორ იყენებენ ისინი მცირე სახელმწიფოებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისთვის.

ამ ყველაფერს ამყარებს გადაცემების სათაურებიც, რომლებიც ზოგადად გარკვეულ ქვეტექსტს გულისხმობს და კონკრეტულ აზრს გადმოსცემს. მაგ., „ომი და მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში,“ შეიძლებოდა ყოფილიყო პირდაპირ რუსეთის აგრესია ან სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. თუმცა, საკითხი განზოგადებულია და ისეა წარმოჩენილი, რომ რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები და საკითხი დასმულია როგორც „ომი აღმოსავლეთ ევროპაში.“

უკრაინის კონფლიქტის ასეთი წარმოდგენა ასევე პირდაპირ უკავშირდება საქართველოს შესახებ მსჯელობას. არაერთ ინტერვიუში უკრაინის მაგალითი გამოყენებულია როგორც გაფრთხილება საქართველოსთვის - რომ მცირე სახელმწიფომ უნდა მოერიდოს დიდ ძალებს შორის დაპირისპირებაში ჩართვას. ამ კონტექსტში უკრაინის ომი ხშირად გამოიყენება არგუმენტად ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის სასარგებლოდ, რაც წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მსგავს სცენარს.

„მეორე ფრონტი“ და ნეიტრალიტეტი, როგორც საქართველოს სტრატეგიული არჩევანი:

ინტერვიუების ერთ-ერთი ცენტრალური და ყველაზე მკაფიო გზავნილია, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის გზა და არ დაუშვას „მეორე ფრონტის“ გახსნა, რომელსაც მას სთავაზობენ.

საქართველო აღიწერება როგორც მცირე სახელმწიფო, რომელსაც დიდი ძალები, დასავლეთი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ - „თქვენ უბრალოდ პაიკები ხართ გეოპოლიტიკურ დაფაზე“.

ამავდროულად, არაერთ ინტერვიუში ხაზგასმულია რუსეთთან ურთიერ-თობების დაახლოებისა და დასავლეთთან მიუმხრობლობის შესახებ: „თუ აირჩევთ ევროპისა და ამერიკის გზას, მიიღებთ ომს და ნგრევას“.

„საქართველოს საუკეთესო მეგობარი რუსულად საუბრობს. არა ინგლისურად, არა ფრანგულად, არა გერმანულად, არამედ - რუსულად. თქვენი საუკეთესო მეგობარი თქვენი ჩრდილოეთით მდებარე მეზობელია, რადგან ეს საუკეთესო მეგობარი შენზე ზრუნავს, რადგან, რაც საქართველოს ემართება, რუსეთსაც ემართება. თქვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ - ისტორიულად, გეოგრაფიულად, ეკონომიკურად. მიუხედავად ამისა, ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გეუბ-ნებიან, რომ უნდა შეაქციოთ ზურგი თქვენს რუს მეზობლებს და უნდა გახდეთ მათი მტრები, განურჩევლად იმისა რომ ეს საქართველოს სიკვდილია. ისინი ამბობენ - ჩვენ მზად ვართ საქართველო გავწიროთ უფრო დიდი მიზნებისთვის. მზად ვართ გავწიროთ ქართველი პაიკი, რათა უკრაინელი რაინდი თავის ადგილზე დავაყენოთ“.

ნეიტრალიტეტი ამ ჩარჩოში წარმოდგენილია როგორც სუვერენიტეტის განმტკიცების საშუალება, გადარჩენის ფორმულა, რომელიც საქართვე-ლოს იცავს გლობალური დაპირისპირებისგან.

ასევე, ინტერვიუებში არაერთხელ გაჟღერდა ქართული ოცნების მხარდამჭერი პოზიციები და მათდამი აღფრთოვანება - „გაოცებული ვარ ქართული ოცნების სტრატეგიული აზროვნებით“.

რუსეთის პოლიტიკის რაციონალიზაცია და დასავლეთის პასუხისმგებლობა:

გადაცემაში რუსეთი პრაქტიკულად არცერთხელაა დახასიათებული როგორც მთავარი აგრესორი. პირიქით, მისი ქმედებები განმარტებულია როგორც რეაქცია დასავლეთის პოლიტიკაზე. მაგ., „რუსეთი მოქმედებს არა აგრესიულად, არამედ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის.“„მისი ქმედებები ხშირად განპირობებულია დასავლეთის შეცდომებით.“

ნარატივი ხაზს უსვამს, რომ დასავლურმა გაფართოების პოლიტიკამ და უსაფრთხოების არქიტექტურის უგულებელყოფამ შექმნა ის გარემო, რომელშიც რუსეთი იძულებული გახდა ამგვარად ემოქმედა. ამ კონტექსტში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ყველაზე სწორია ე.წ. „არ გაღიზიანების პოლიტიკა.“

ასე ყალიბდება ჩარჩო, სადაც პასუხისმგებლობა კონფლიქტზე მნიშვნელივნად დასავლეთს ეკისრება, ხოლო რუსეთის ქმედებები გასაგები და რაციონალურია.

საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მნიშვნელობის დაკნინება:

ინტერვიუების ანალიზი აჩვენებს, რომ გადაცემებში საქართველოში მიმდინარე პროტესტი ხშირად წარმოდგენილია როგორც გაუგებარი ან გადაჭარბებული რეაქცია. რამდენიმე დისკუსიაში პირდაპირ გამოითქვა გაკვირვება თუ რატომ გახდა ქუჩის აქციების გამომწვევი მთავრობის „უწყინარი“ განცხადება.

ამასთანავე, არაერთ ინტერვიუში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პროტესტში მონაწილეობდნენ „რადიკალური ჯგუფები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილია როგორც პოლიტიკური პროცესის აქტიური მოთამაშეები. ზოგიერთ შემთხვევაში პროცესები შედარებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი „მეიდანის“ სცენარს ჰგავს. ამგვარი პარალელები პროტესტს აყენებს შესაძლო პოლიტიკური დესტაბილიზაციის ჩარჩოში.

დისკუსიებში ასევე ხშირად ხაზგასმულია განსხვავება დასავლურ მედი-აში შექმნილ სურათსა და ქვეყნის შიდა რეალობას შორის. რამდენიმე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დასავლეთში საქართველო წარმოდგენილია როგორც კრიზისში მყოფი ქვეყანა, მაშინ როდესაც რეალურად ქვეყანაში „სიმშვიდე და სტაბილურობაა“. ამავე კონტექსტში დადებითად არის შეფასებული ხელისუფლების რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნულია, რომ მან შეძლო სიტუაციის ეფექტურად მართვა.

არასამთავრობო სექტორის კრიტიკა და „გლობალური ომის პარტიის“ თეზა:

არაერთ ინტერვიუში მკვეთრად არის გაკრიტიკებული არასამთავრობო სექტორი, რომელიც წარმოდგენილია როგორც გარე პოლიტიკური ინტერესების გამტარი. 

გაჟღერდა შეფასებები, რომ ისინი „არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში“, თუმცა რეალურად მოქმედებენ როგორც გავლენის ინსტრუმენტები.

ამავე კონტექსტში საუბარი იყო „ნეოკონსერვატიულ ძალებზე“, რომლებიც გლობალურ კონფლიქტებს უწყობენ ხელს, რაც ხაზს უსვამს წარმოდგენას, რომ არსებობს ტრანსნაციონალური აქტორები, რომლებიც მცირე ქვეყნებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ - „ნეოკონებს ჩვენთან გლობალური ომის პარტიას ეძახიან.„“

კვლევაში ცალკე მიმართულებადაა გამოყოფილი წამყვანის მიკერძოება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერვიუების ანალიზმა გამოკვეთა, რომ წამყვანები ხშირად იყვნენ მიკერძოებულები და სვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც უკვე შეიცავს ნარატივის ნაწილს. კითხვები ხშირად დახურული ან მიმყვანი („leading“) იყო, რაც რესპონდენტს პრაქტიკულად კონკრეტული გზავნილის გამეორებისკენ უბიძგებდა. ასევე, ხშირად გამოიყენება ცრუ დილემებიც.

„საგულისხმოა, რომ წამყვანები არცერთ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებიან რესპოდენტებს, არ გაჟღერებულა მათგან განსხვავებული პოზიცა, არ დასმულა კრიტიკული შეკითხვა, რომელიც სტუმრის პოზიციის გამყარება ან გაგრძელება არ იქნებოდა.

ასევე საინტერესოა, რომ დასაწყისში წამყვანი პრაქტიკულად არ უთმობს არანაირ დროს სტუმრის გაცნობას. მაყურებელმა არ იცის რა პრინციპით, რატომ და ვინ არის მოწვეული, რას წარმოადგენს ის ადამიანი. ძირითადად, მეტი დამაჯერებლობისათვის წამყვანი უბრალოდ მიმართავს - „პროფესორო“ და მადლობებს უხდის საინტერესო ანალიზისათვის.

საბოლოო ჯამში, ინტერვიუების დროს, წამყვანები არა მხოლოდ მხარს უჭერენ კონკრეტულ ნარატივს, არამედ, რესპონდენტს აწვდიან პასუხის მიმართულებას და მაყურებელს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ რესპონდენტის პოზიცია ბუნებრივად იქმნება“.

კვლევის შედეგების მიხედვით, გადაცემებში თანმიმდევრულად ფორმირდება ერთიანი საგარეო პოლიტიკური ჩარჩო, რომელშიც დასავლეთი ხშირად წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი და რეგიონული დაძაბულობის ზრდის თანამონაწილე, ხოლო უკრაინაში ომი განმარტებულია როგორც დიდი ძალების დაპირისპირების შედეგი, სადაც პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ან გადატანილია ნატოს გაფართოებისა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 

„პარალელურად, აქტიურად არის გამოყენებული „მულტიპოლარული“ მსოფლიო წესრიგის თეზა, რომლის მიხედვითაც „უნიპოლარული“ ეპოქა დასრულებულია და ძალთა ბალანსი გადადის მრავალპოლუსიან მოდელზე. ამ კონტექსტში ევროკავშირი წარმოდგენილია როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით სუსტი და აშშ-ზე დამოკიდებული აქტორი, ხოლო საქართველოსთვის ოპტიმალურ სტრატეგიად ხაზგასმულია ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა და „პრაგმატული“ ეკონომიკური პოლიტიკა. რუსეთის ქმედებები კი არაერთ ეპიზოდში ინტერპრეტირებულია როგორც დასავლეთის პოლიტიკაზე რეაქცია და არა გაუმართლებელი აგრესია.

ინტერვიუებისას იკვეთება „გლობალური ომის პარტიის“ კონცეფციის რეპროდუქცია, რომლის მიხედვითაც დასავლურ პოლიტიკურ წრეებში არსებობს ძალა, რომელიც კონფლიქტების ესკალაციით არის დაინტერესებული. ამ კონტექსტში,„ქართული ოცნება“ წარმოდგენილია როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და პრაგმატული პოლიტიკის გარანტი, რომელმაც ქვეყანა „ომში ჩათრევისგან“ დაიცვა. ასეთი კონტრასტული ჩარჩო კიდევ უფრო ამყარებს პოლიტიკური პოლარიზაციის ხაზს.

ცალკე ხაზგასასმელია არასამთავრობო სექტორის წარმოდგენა, როგორც გარე გავლენებთან დაკავშირებული, პოლიტიკურად ან იდეოლოგიურად მიკერძოებული აქტორები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებენ და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშად ერევიან. ამგვარი აღწერა აძლიერებს სკეპტიკურ დამოკიდებულებას სამოქალაქო სექტორის მიმართ და მას ხშირად აკავშირებს საგარეო, არასახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

მნიშვნელოვანი მიგნება ეხება თავად ინტერვიუს ფორმატსაც: წამყვანი და რესპოდენტი მუდმივად თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. კითხვები წინასწარ შეიცავდა უკვე ჩამოყალიბებულ შეფასებებს და რესპონდენტს სთავაზობდა პასუხის განსაზღვრულ ჩარჩოს. შედეგად, დისკუსია ნაკლე-ბად წარმოადგენდა კრიტიკულ დიალოგს და მეტად ემსახურებოდა ერთგვაროვანი გზავნილების განმტკიცებას“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოება პარტიული ნიშნით - „ტენდენცია, რომელიც არაერთ საერ-თაშორისო ანგარიშსა და პოლიტიკის დოკუმენტშიც არის ასახული“.

„შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“. 

კვლევის მიხედვით, გადაცემებში მოწვეული საერთაშორისო სტუმრების განცხადებებში მკვეთრად იკვეთება სამი თანმიმდევრული ხაზის კონსოლიდაცია: უნიპოლარული მსოფლიოს წესრიგის დასასრული; ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების მკვეთრი კრიტიკა; ნეიტრალი-ტეტი და „პრაგმატული“ პოლიტიკა მცირე სახელმწიფოებისათვის.

„გარდა ამისა, არაერთ შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკა წარმოდგენილია როგორც დასავლური გაფართოებისადმი რეაქცია ან უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ლოგიკური ნაბიჯი, რითიც კონფლიქტის პასუხისმგებლობა რუსეთისაგან სხვა აქტორებზე, დასავლეთსა და უკრაინაზე გადადის.

მთლიანობაში, სტუმართა შერჩევა და მათ მიერ გამოთქმული პოზიციები ქმნის დისკურსულ გარემოს, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სადავო, არამედ სტრატეგიულად საეჭვო ან არასასურველ არჩევანად არის წარმოდგენილი, ხოლო ალტერნატიული გეოპოლიტიკური ხედვები — როგორც რეალისტური და რაციონალური ალტერნატივა“.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კრიზისს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“, მენეჯმენტის რეპრესიულ პოლიტიკასა და სამეურვეო საბჭოს როლს. კვლევაში „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ სტატიაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული შემთხვევების თანახმად, „პირველ არხზე“ რეპრესიული პოლიტიკა 37 თანამშრომელს შეეხო:

  • 6 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს;
  • 11 თანამშრომელს დისციპლინური სანქცია დაუწესეს;
  • 13-მა თანამშრომელმა უარი თქვა მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადასულიყო სხვა გადაცემაში მათი გადაცემების დახურვის შემდეგ. მათ არხი დატოვეს;
  • 7 თანამშრომელი, პროტესტის ნიშნად, არხიდან საკუთარი ნებით წავიდა;
  • ორი გადაცემა და ორი რუბრიკა დახურეს.
შენიშვნა: CMIS-ის განახლებული მონაცემებით, „პირველი არხის“ მენეჯმენტის რეპრესიული პოლიტიკის შედეგად 41 ინციდენტი აღირიცხა. ბოლო მონაცემების შესახებ დეტალურად იხილეთ აქ.

კვლევა - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“ წარადგინეს მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის“ მიერ გამართულ პროპაგანდის წინააღმდეგ კვირეულის პირველ ღონისძიებაზე. 
მეთოდოლოგიის მიხედვით, კვლევის ფარგლებში ანალიზისთვის 2025 წელს გასული ის 12 ინტერვიუ შეირჩა, რომელშიც საერთაშორისო სტუმრები მონაწილეობდნენ.
„სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან“ - „მითების დეტექტორის“ მიმოხილვა

„მითების დეტექტორის“ მიმოხილვის მიხედვით, ბოლო წლებში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიები არამხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილების გამოხმოვანებლები არიან, არამედ მმართველი პარტიის ოპონენტების და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციის პროცესში ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ:

„ეს თანამშრომლობა მეტწილად ისეთი კონფიდენციალური მონაცემების მედიით გაჟონვას გულისხმობს, რომელზეც წვდომა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეიძლება ჰქონდეთ და ზოგ შემთხვევაში სამიზნე პირებზე თვალთვალის შედეგად შეიძლება იყოს მოპოვებული“. 

ფაქტების გადამოწმების პორტალმა პუბლიკაციაში - „სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან“ ბოლო წლებში სახელისუფლებო მედიით გავრცელებული ისეთი შემთხვევები მიმოიხილა, რომლებიც ამ ტენდენციას ავლენენ. 

ტელეკომპანია „იმედი“ გერმანიის ელჩისა და „ევროპული ორბიტის“ ლიდერის დახურული შეხვედრის შინაარსს მტკიცებულებების გარეშე აშუქებს

მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს, 14:09 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის საელჩოში „ევროპული ორბიტის“ ლიდერს, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს შორის საელჩოს შენობაში დახურული შეხვედრა გაიმართა:

„„იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლომჯარიამ ელჩს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია”. ტელევიზიის ინტერპრეტაციით, შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვის საკითხს ეხებოდა, თუმცა მასალაში არ იყო მითითებული, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა არხი ამ ინფორმაციას. 

შეხვედრა დახურული იყო, შესაბამისად, მისი გადამოწმება შეუძლებელია. ნინო ლომჯარიამ ციტატის ნამდვილობა იმავე დღეს უარყო, მას „უზნეო ტყუილი“ უწოდა და დაწერა, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის უჩივლებდა. „მითების დეტექტორმა“ ტელეკომპანია „იმედს“ კითხვით მიმართა, თუ რა წყაროსა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით გაავრცელა არხმა ლომჯარიას ციტატა. კერძოდ, არსებობდა თუ არა კონფიდენციალური წყარო ან რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეხვედრის შინაარსს დაადასტურებდა. „იმედს“ პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია“. 

როგორც „მითების დეტექტორი“ აღწერს, იმავე საღამოს, 20:11 საათზე, „იმედმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია თბილისში, ზაარბრიუკენის მოედნისა და სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. „მტკიცების მიხედვით, კადრებში ნინო ლომჯარია ჩანს, რომელიც საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადადის“.

მითების გადამოწმების პორტალი აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში გადაღებული მსგავსი ვიდეოკადრები, როგორც წესი, რამდენიმე ტიპის ვიდეოთვალთვალის სისტემიდან შეიძლება იყოს მიღებული:

„ერთ-ერთი შესაძლო წყაროა კერძო ვიდეოთვალთვალის სისტემები, რომლებიც განთავსებულია შენობებზე, სასტუმროებზე, კომერციულ ობიექტებზე ან საცხოვრებელ კორპუსებზე. ასეთ კამერებზე წვდომა, როგორც წესი, მხოლოდ შესაბამისი ობიექტის მფლობელს ან ადმინისტრაციას აქვს. 

კიდევ ერთი შესაძლო წყაროა მუნიციპალური ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანზეა განთავსებული. ამ სისტემებს, როგორც წესი, მართავს შესაბამისი საჯარო უწყება და მათი ჩანაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

სასტუმროს ფასადის მხარეს ორი განათების ბოძია განთავსებული. „იმედის“ მიერ გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ, მარჯვენა ბოძზე განთავსებული კამერითაა გადაღებული, რამდენადაც მიმდებარე ტერიტორია ჯერ შორიდან ჩანს, შემდეგ კი კადრები ახლოვდება.

მსგავსი ტიპის კამერების ჩანაწერებზე, როგორც წესი, წვდომა აქვთ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მედია ორგანიზაციებს ასეთ მასალაზე პირდაპირი წვდომა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა წყაროს მეშვეობით მოიპოვა ოპერატიულად ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნული ვიდეომასალა.

როგორც საპატრულო პოლიციაში განგვიმარტეს, ქუჩაში არსებული ვიდეოსათვალთავალო სისტემებიდან ჩანაწერს ვერ მიიღებს დაინტერესებული პირი იმ შემთხევვაში, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე განხოციელებულ რომელიმე ქმედებაზე გამოძიება არაა დაწყებული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვიდეომასალა ჩვეულებრივ არ არის თავისუფლად ხელმისაწვდომი მედიისთვის, და მის მიღებას, როგორც წესი, სჭირდება სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და გონივრული ვადა კადრების მიწოდებისთვის, ჩნდება კითხვები, თუ რა გზით გახდა აღნიშნული კადრები ხელმისაწვდომი ტელეკომპანია “იმედისთვის“ და ვინ იყო მათი პირველწყარო“, - ვკითხულობთ „მითების დეტექტორის“ მიმოხილვაში. 

სუსში დაბარება ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციული სინქრონი

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ გამოქვეყნებული ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის ავტორების „მოტივაციის“ შესასწავლად. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი,  ისტორიკოსი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, ყოფილი პარლამენტარები გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე.

„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ყურადღებას იქცევს ინფორმაციის გავრცელების გზა:

„ცნობა იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძე გამოკითხვაზე იყო დაბარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თავდაპირველად სწორედ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით (იმედი)გავრცელდა.

მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება და მზად არის კითხვებს წერილობით ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხოს. მისი თქმით, ქვეყნის დატოვებისას მან პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველოდან გასვლის უფლება ჰქონდა.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს სახელმწიფო უწყებებსა და პროსახელისუფლებო მედიას შორის ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაზე. ის ფაქტი, რომ გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები პირველად სწორედ ასეთ მედიასაშუალებაში გაჩნდა, რაც მედიისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის ინფორმაციული სინქრონის არსებობაზე მიუთითებს“.

Sovlab-ის მკვლევარისა და ყოფილი პარლამენტარის საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება

„9 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ფარული ჩანაწერი, რომელიც საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი კანდელაკის და ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ასახავდა. ტელეკომპანიის წყაროს მტკიცებით, საქმე კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერს შეეხება, რაც თავად კანდელაკმა უარყო“, - წერს „მითების დეტექტორი“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრების „ფარულ შეხვედრებად“ წარმოჩენა

მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან, რაც ჩვეული პრაქტიკაა, სახელისუფლებო მედია „ფარულ“ და „კონსპირაციულ“ აქტივობებად წარსულშიც წარმოაჩენდა. 

მასალაში მოყვანილ მაგალითები კი ფაქტების გადამოწმების პორტალის შეფასებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო მედიისთვის დიპლომატების გადაადგილებისა და შეხვედრების დროები წინასწარ იყო ცნობილი.

არასაჯარო დოკუმენტის ბოროტად გამოყენება საიას წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით

„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება კონფიდენციალურ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდება:

„სახელისუფლებო ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV), საინფორმაციო სააგენტოებმა (Spacesnews; რადიოსივრცე) და ანტიოპოზიციურმა გვერდებმა  კოორდინირებულად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, არჩევნების შედეგების გაუქმებაზე დროებითი ღონისძიების მოთხოვნა კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ითხოვდა. 

სიუჟეტში გამოყენებული დოკუმენტი, რომელიც კონსოლიდირებულ საქმეს ასახავდა და სხვა განმცხადებლებსაც აერთიანებდა, გაშუქების მომენტისთვის არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და მხოლოდ მხარეებს გადაეგზავნათ. მიუხედავად კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებისა, ის სახელისუფლებო მედიას იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. 

ვინაიდან დოკუმენტი კონკრეტულ თარიღამდე კონფიდენციალური იყო, „მითების დეტექტორმა“ გავრცელებული მტკიცებების გადამოწმება და მათი მცდარად მონიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც დასტურდება,  რომ საიას მსგავსი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს“.

დახურული ჩატებიდან ანაბეჭდების გამოქვეყნება

ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო მედიას არაერთხელ გაუვრცელებია დახურულ ჩატებში მიმოწერის ანაბეჭდები ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. მასალაში ჩამოთვლილია ამგვარი პრაქტიკის რამდენიმე შემთხვევაც.

არასამთავრობოების ოფისებზე ვანდალიზმის შემთხვევის ადგილიდან გაშუქება სახელისუფლებო მედიის მიერ  

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, 2024 წელს, ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ თავდასხმებს სახელისუფლებო მედიასაშუალებები შემთხვევის ადგილიდან აშუქებდნენ. 

მიმოხილვაში მოყვანილ მაგალითებში ჩანს 2 შემთხვევა, როდესაც სახელისუფლები POSTV-იმ „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმი რეალურ დროში გააშუქა და აღნიშნულ ქმედებას „მოქალაქეთა სპონტანური საპროტესტო გამოხატულება“ უწოდა. 

 
ComCom-ის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში კვლავ რუხაძე, ტაბიძე და ჟვანია არიან

ირაკლი კობახიძის ბრძანებით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით შეარჩევს: 

  • ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, POSTV-ის დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
  • ზურაბ ტაბიძე - შპს „ალტას“ დამფუძნებელი;
  • თალიკო ჟვანია - სტუ-ს ინფორმატიკსა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი;

                                               

საკონკურსო კომისიამ ამ შემადგენლობით შეარჩია ComCom-ის წევრობის კანდიდატები 2025 წლის დეკემბერშიც. მაშინ კომუნიკაციების კომისიის წევრად პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩია. გულორდავას გარდა, ComCom-ის წევრობა ვლადიმერ ტატიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორსა და ილია მიქელაიშვილს, შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ახლა უკვე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელს სურდათ

გოგა გულორდავა 29 იანვარს ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ ახალ თავმჯდომარედაც აირჩია. კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა

მაშინ კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა მის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ამოეწურა. ახლა კომისიაში უფლებამოსილების ვადა ვახტანგ აბაშიძეს ეწურება.

                                               

კომუნიკაციების კომისიის წევრობის მსურველები არიან:

ანი ვაზაგაშვილი - სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

გიორგი ელისაშვილი - 2013 წლიდან ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორი. მანამდე ის „ბანკი ქართუში“ მუშაობდა;

სოლომონ ექვთიმიშვილი
- 2025 წლიდან დღემდე „რუსთავი 2“-ის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

იოსებ აბულაძე - „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. ის 2000 - 2016 წლებში კომუნიკაციების კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზეც მუშაობდა.

ნუგზარ რუხაძე, ზურაბ ტაბიძე და თალიკო ჟვანია მათი განცხადებებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, მთავრობას არანაკლებ 3 კანდიდატის შესახებ წარუდგენს რეკომენდაციას. მთავრობა კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

CU-ის პროფესორ-მასწავლებლები მარიამ ძიძარიას საქმეზე მოსამართლეს მიმართავენ

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თორნიკე კაპანაძეს მიმართავენ, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, ჟურნალისტ მარიამ ძიძარიას საქმეზე:

„კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გვსურს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მედიის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტ მარიამ ძიძარიას, რომელსაც შსს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას იმ მომენტში, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას.

მასალები მიუთითებს, რომ შსს-ს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების მომენტში მარიამ ძიძარიას ჰქონდა მედიის ყველა ამომცნობი ნიშანი – ვიზუალური მასალით დასტურდება, რომ ის იყო არა აქციის მონაწილე, არამედ – მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გამშუქებელი ჟურნალისტი.

მარიამი არის ძალიან კარგი სტუდენტი, მას ადმინისტრაცია და ლექტორები ვახასიათებთ, როგორც გამორჩეულ ახალგაზრდას. სტუდენტს, მაღალი მოსწრებისა და მისი ინტერესის გათვალისწინებით, გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორ მედიაორგანიზაცია – „ნეტგაზეთში“ სტაჟირებისთვის. პროცესს მარიამმა წარმატებით გაართვა თავი და აღნიშნული მედიასაშუალების რეპორტიორი გახდა. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციული წესით სასამართლოში დღეს ის სწორედ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო არის წარდგენილი. მიგვაჩნია, რომ თუკი მარიამ ძიძარია „გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის“ მაინც დაისჯება, ეს შექმნის მძიმე პრეცედენტს არა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის, არამედ ზოგადად, მედიისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტის საქმეზე სასამართლო მიიღებს სამართლიან და კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას.

გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ ძიძარიას საქმეზე,“ - მიმართვას ხელს კავკასიის უნივერსიტეტის 40-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი აწერს.

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას სასამართლო პროცესი 27 მარტს არის ჩანიშნული. შსს მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის  ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ძიძარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშს“ აშუქებდა. როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, აქციის გაშუქებისას მას ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS), და თან ჰქონდა კამერა.

მის საქმეზე ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალიც ჩართო და მის წინააღმდეგ არსებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

შსს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ  მარიამ კუპრავასაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი დღეს არის ჩანიშნული. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მარიამ კუპრავას საქმეზე მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტაც სთხოვეს. კუპრავა 7 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ის „შაბათის მარშს“ აშუქებდა. 

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 19 მარტს, „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ. 

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება შსს ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე ჟურნალისტის „ტროტუარის საქმეზე“ გადაწყვეტილებას 27 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართლებრივი დევნის წამოწყების გამო იმ ჟურნალისტთა მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განცხადებით, სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

 
სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმე შეწყვიტა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღეს მიიღო. 

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, შსს-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხიდაშელს პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე მუშაობა მხოლოდ ფოტო ან ვიდეო გადაღების დროს შეეძლო:

„ზუკა ხიდაშელს შსს-მ 4 სექტემბერს გამოუწერა 5000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი „გზის გადაკეტვის“ საბაბით, თუმცა ეს რადიო თავისუფლების თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალწარმოება დაიწყო. ეს ჯარიმა მან, ინფორმაციის მიღებისთანავე, გაასაჩივრა. ორივე შემთხვევაში - 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც - ხიდაშელი, როგორც რადიო თავისუფლების ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპოტესტო აქციას. ხიდაშელის მიერ 4 სექტემბერსა და 18 დეკემბერს გადაღებული ფოტოები გამოქვეყნებულია რადიო თავისუფლების სხვადასხვა პლატფორმებზე სოციალურ ქსელში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე ჟურნალისტის „ტროტუარის საქმეზე“ გადაწყვეტილებას 27 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

27 მარტს არის ჩანიშნული „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას სასამართლო პროცესიც. შსს მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის  ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ამ საქმის მოსამართლეც თორნიკე კაპანაძეა. მარიამ ძიძარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშს“ აშუქებდა. როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, აქციის გაშუქებისას მას ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS), და თან ჰქონდა კამერა.

ძიძარიას საქმეზე ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალიც ჩართო და მის წინააღმდეგ არსებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

შსს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ  მარიამ კუპრავასაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი 23 მარტს არის ჩანიშნული. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მარიამ კუპრავას საქმეზე მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა სთხოვეს.  კუპრავა 7 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ის „შაბათის მარშს“ აშუქებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართლებრივი დევნის წამოწყების გამო იმ ჟურნალისტთა მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განცხადებით, სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?

„თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” - უზენაესი ძალის ამ დოქტრინალურ ფორმულირებას კაცობრიობის ნაწილი, მტკიცებულებებისა და ორ წყაროსთან გადამოწმების გარეშე, უპირობოდ და უსიტყვოდ, მინიმუმ ორი ათასი წელია ენდობა. 

ენდობა, აღიარებს და ადასტურებს, რომ სიტყვაა ღმერთი. 

თუმცა საუკუნეებგამოვლილი და ეჭვგარეშე აღიარების საპირისპიროდ, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ, ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში სდევნიან, სცემენ, უკანონოდ აპატიმრებენ და კლავენ სიტყვების გავრცელებისთვის, შეკითხვისთვის, ვარაუდის გამოთქმისთვის. ჟურნალისტობა დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე

სამართლიანი იქნება დაზუსტება, რომ ჟურნალისტიკა არ არის მუდმივად საშიში. საგანგაშოა ობიექტური გაშუქება ისეთი საკითხების, როგორიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა, ომი ან კორუფცია. ასეთ დროს ხდება დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია მსოფლიოში. რამდენადაც მაღალია მედიის გაჩუმების მცდელობა, იმდენად ჩანს, „ჟურნალისტები თხრიან იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები”. სხვა დანარჩენისთვის, არსებობს „სამთავრობო (და პროპაგანდისტული) მედია“.

გამონაკლისი არც საქართველოა.  

დღეს 2026 წლის 21 მარტია - ქართული ჟურნალისტიკის დღე. ყველაზე მძიმე და საშიში დრო გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის. უფრო ზუსტად, მძიმე დროა დამოუკიდებელი მედიისთვის და საშიში - ადამიანებისთვის. 

გაქვს პასუხები:

  • რატომ შეუჩერეს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიას?
  • რატომ სჯის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია?
  • რა დაემართა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას?
  • რატომ არის ციხეში მზია ამაღლობელი?
  • ვინ იმეტებდა სასიკვდილოდ გურამ როგავას?
  • რატომ სცემენ ხოლმე არჩევნების ან აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს?
  • რატომ ქრებიან ეკრანებიდან წამყვანები?
  • წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე?
  • უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?
  • შეგიძლია ცოდნის გარეშე მიხვიდე თავისუფლებამდე? 
  • როდის გრძნობ თავს დაცულად?
  • რას მოაქვს შენი თავისუფლება? 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
ამბავი ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა“, თუმცა…


ამბობენ, კარგ ჟურნალისტს ბევრი ლაპარაკი უნდა შეეძლოსო. მე კი ყოველთვის მოსმენა მერჩივნა. 

კარგი ჟურნალისტი უემოციოაო, მაგრამ ხშირად ვერც და ზოგჯერ არც ემოციებს ვიკავებდი.

ბავშვობაში დედაჩემის ხშირად ნათქვამ ფრაზას - „მის ადგილას წარმოიდგინე თავი“  ვერსად გავექეცი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. როგორც წესი, მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ცუდი ამბები ტრიალებდა.

ჩემი პროფესია არასდროს მიმაჩნდა პრივილეგიად. ფრაზა - „მე ჟურნალისტი ვარ და…“ ყურში ცუდად მხვდება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტი გამტარია და არა - ვინმეზე მაღლა მდგომი. ის, ვინც ამბავს ატარებს და არა ის, ვინც ამბავზე დგას. ვინც არსებულს აშუქებს და ახალ რეალობას არ ქმნის.

ამ აღქმით დავიწყე მუშაობა 14 წლის ასაკში. 

მომავალ დამსაქმებელს ასაკს ვატყუებდი - სანამ ცხვირწინ ხელმოსაწერი კონტრაქტი არ დამიდო.

ძალიან მიყვარს ის პერიოდი.

ყოველ დილით თბილისი-ბორჯომის მატარებელს რომ დაუზარებლად მივყვებოდი გორამდე და ჩემს საყვარელ, სანატრელ პროფესიას უცხო ქალაქში, ადგილობრივ ტელევიზიაში ვეუფლებოდი. მაშინ ბევრი რამ უფრო მარტივად მისაღწევი მეგონა.

პროცესებიც საინტერესო იყო: ხელისუფლების ცვლილება, ძალაუფლების გადაბარება. მეც ამ ყველაფერს ახლოდან ვაკვირდებოდი. პარალელურად კი, სკოლის საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. პირველად მაშინ ვნახე, როგორ შეუძლია ადამიანს ერთ დღეში გარდაქმნა - როგორ შეიძლება შეიცვალოს, ან კოლექტიურ არსებად იქცეს, ინდივიდუალიზმის სრული გაქრობით.

იყო დრო, როცა საუბარს მიწყებდნენ და მერე დახმარებას მთხოვდნენ ისინი, ვინც მანამდე გამარჯობასაც არ იმეტებდა. ვინც საჯარო დაწესებულებებში არ მიშვებდა, რადგან მათთვის სასურველ მედიას არ წარმოვადგენდი.

და იყვნენ ისეთებიც, ვინც გაუცხოვდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თანამდებობაზე აღმოჩნდნენ და ძველთან ერთად, ახალი აკრძალვების დაწესებაც დაიწყეს. 

არადა არცერთი მათგანი ლორდთა პალატის წევრი არ ყოფილა და არცერთს ჰქონდა ოვალური კაბინეტში მუშაობის ბედი. უბრალოდ ჰალსტუხი მოირგეს, რბილად დაჯდომა ისწავლეს… და გაყეყეჩდნენ.

ასეთების რიცხვი ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც მედიაში, სამწუხაროდ, მატულობდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ჩემთვის უინტერესო პერსონაჟებად იქცა - ძვირიან ბრენდებში შეფუთული სულელები, რომლებსაც ბოლომდე უნდა მოუსმინო, აზრი არ უნდა გააწყვეტინო, თავი საინტერესოდ აგრძნობინო, რომ ბოლოს თავისივე ფრაზებით აგიხსნან, რა დონის იდიოტები არიან.

ამავე ლოგიკით არ მიყვარდა ბევრი ლაპარაკი - მეშინოდა, სისულელე თავად არ მეთქვა, თუმცა ჩემს ანგარიშზეც არაერთი „ფრთიანი ფრაზაა“. არც ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება მიზიდავდა, როცა ისედაც „სტიქიის ეპიცენტრში“ ვიყავი. ვფიქრობ, აუდიტორიის დამატებით დაზაფვრა არაკეთილსინდისიერია - ხალხს ჩვენს ქვეყანაში უბედურება, სტრესი ისედაც არ აკლია.

მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ აუდიტორიას ეს არ იზიდავდა. უმეტესად ხალხს ხმაური უყვარს - მყვირალა სათაურები, დაძაბული საუბარი. უბრალოდ ამას არ აღიარებენ. ვხვდებოდი, რომ ქართული მედიის ახალი სტანდარტები ჩემთვის მიუღებელი იყო, ან მე ვერ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. არ ვიცი - ეს არ უთქვამთ, უბრალოდ ასე მგონია.

ისევე როგორც ის, დღეს რომ ჟურნალისტისგან ჟურნალისტობას აღარ ითხოვენ. თითქოს ნორმად იქცა, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს აქტივისტი, უნდა წავიდეს პოლიტიკაში, ან პოლიტიკიდან ისევ უკან გადმობარგდეს და იძახოს - „ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს“. ამაზე უფრო უაზრო ფრაზა, მართლა ცოტა მახსენდება.

კი, ყოფილი ჟურნალისტები ვარსებობთ. და ყველას ერთი გვაქვს საერთო - არცერთს გვინდოდა პროფესიიდან წასვლა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს.

პირველი - დღეს საქართველოში ძალიან ცოტა მედიამფლობელია, ვისაც ეს პროფესია უყვარს და მისი არსი ესმის. ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის ქმნის მედიას და არა - პირადი გარანტიებისთვის. 

მეორე - ჟურნალისტიც ადამიანია და როცა ღია ცის ქვეშ რჩება, იძულებულია იფიქროს ახალ ცხოვრებაზე - თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ასე იყო ჩემს შემთხვევაში - მე სხვების სოციალურ მდგომარეობაზე ვაკეთებდი სიუჟეტებს, მაგრამ თავად აღარ მქონდა სახლი. ვაშუქებდი სხვების გამოსახლებას და სამსახურის მერე, თავად ვალაგებდი უკვე დახარისხებულ ნივთებს. ვხვდებოდი, რომ თავადაც მჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ჩემს „ტრიბუნას“ პირადი პრობლემებისთვის ვერ გამოვიყენებდი. პირიქით, უფრო მეტად ვცდილობდი სხვას, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დავხმარებოდი, თითქოს ამით ვაკომპენსირებდი პირად საჭიროებებს, პრობლემებს. ვაშუქებდი სოციალური პირობების გამო გაფიცული ადამიანების მოთხოვნებს, მაშინ როცა სამსახურში უხელფასობის გამო, ფეხით მივდიოდი. ზოგჯერ, მისვლასაც ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, ტელევიზიაში მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში - ეკრანს მიღმა ბევრად რთული რეალობაა. მერე რა რომ რეალური აგენტურა გეუბნებათ, ეგენი „დახელფასებულები“ არიან და Deep State-თან მეგობრობენო. ხო იცით, ქურდს ყველა ქურდი ჰგონია... 

სხვადასხვა დროს ბევრ ადამიანს მოუწია წასვლა, ახლის ძიება. პროფესიას ტოვებდნენ ისინი, ვინც ღირებულ საქმეს აკეთებდა. მიუხედავად სირთულეებისა, ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ვხვდებოდი, რომ ეს არის „სიმართლის საფასური“. ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც რეჟიმი, მანქანა, ხელისუფალი, არალეგიტიმური ძალა, ან „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“ შენ და შენნაირების წინააღმდეგ იყენებს. მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეგუები, არ ემორჩილები და ჯიუტად ცდილობ, სწორ მხარეს იყო. 

შენ ხდები სამიზნე. თავიდან იღებ შემოთავაზებებს. თითქოს, შანსია რომ კომფორტულ „ნიუსრუმში“ გადახვიდე, სადაც გექნება: „პაესტკები“, გამხსნელი თემები და ხშირად ტექსტზე ფიქრიც კი არ მოგიწევს - შენ ნაცვალ პრესსამსახურებისა და პიარმენეჯერების არმია გაირჯება. ეს ბევრს მოსწონს, ბევრი დათანხმებულა და კვლავ დათანხმდება. ვინც არ თანხმდება, იღებს „რჩევებს“, „შემოთვლებს“, რომ ვიღაცებთან უნდა „იმეგობრო“ ან გაჩუმდე, გაგაჩუმებენ, რომ პატარა ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან შეიძლება დაიჯეროს. არც იმას გიმალავენ, რომ ჩასაფრებულებმაც „იმუშავეს“. 

ხო და წამოვედი! 

მე მთელი არსით მიყვარს ეს პროფესია და მიხარია, რომ არ დავაზიანე — ისეთად დავიტოვე, როგორიც შევიყვარე. ბევრი შეცდომის, წვალების, მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და დაუფასებლობის განცდის მიუხედავად. არაერთ მედიასაშუალებაში მიმუშავია, ვყოფილვარ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „ნიუსრუმის“ წევრი, თუმცა შემიძლია უკან მოხედვა და თვალებში ჩახედვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც 14 წლიდან 29 წლამდე მქონდა შეხება.

ამაზე ფიქრი მეხმარება და მხოლოდ ამისთვის, მადლიერიც ვარ - საკუთარი თავისაც და იმ ადამიანებისაც, რომლებმაც მათ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს. ყველგან შევძელი მე დავრჩენილიყავი. შეიძლება ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ამანაც განაპირობა. 

ამ წლების უბრალო მოგონებად ქცევა მარტივი არ არის.

მუდმივი ბრაზი და სირცხვილის გრძნობაც მაქვს - რადგან დავმარცხდი, ვერ გავძელი, სადღაც დავიღალე.

მე აღარ ვარ „მოედანზე“. მერე რა რომ სხვა გზა მართლა აღარ მქონდა - შედეგი მაინც ესაა: მე პროფესიას ჩამოვშორდი. დავბრუნდები თუ არა? ან საერთოდ მინდა? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. მათ გავურბივარ. მეშინია.

ამ შიშის გამო უკვე 5 თვეზე მეტია - 178 დღე, 4265 საათი ვცდილობ დავივიწყო ის, რასაც ცხოვრების ნახევარი ვაკეთებდი და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა.

ზუსტად ამდენი ხანია არ მიყურებია და არ მომისმენია ახალი ამბები - მხოლოდ ვკითხულობ.

თითქოს არ მინდა დავინახო, როგორ გრძელდება უჩემოდ. არ მინდა გამუდმებით მიტრიალებდეს კითხვა: სად ვარ ამ დროს? მე როგორ მოვიქცეოდი? მსგავსად გავაშუქებდი თუ არა? არ მინდა მოვლენების ყურების დროს „ადრენალინი მომაწვეს” და ვერაფერი გავაკეთო.

არ მინდა ბრაზი ბოღმად მექცეს და ეს ყველაფერი „კრიტიკოსობით“ შევფუთო.

ძალიან მენატრება. ყოველდღე მეფიქრება. ყოველდღე თავიდან ვცდილობ ამ ლოდად ქცეული ფიქრების, მოგონებების უგულვებელყოფას. ყოველდღე თავიდან...  

მხოლოდ პროფესია არა, ხალხი მენატრება. ქართული ხმაური, ჩემი ქუჩის სუნი, მეზობლები, მეგობრების ჩახუტება. დედაჩემი, ვისაც წამოსვლის დღეს ვეღარ ვუყურებდი. ისე ვერ დავემშვიდობე, როგორც მინდოდა, საჭირო იყო. ჩემი ჭაღარა ბებო, ვისაც ვერ ვპასუხობ კითხვაზე -„როის ჩამუალ“.  

ასევე, უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სხვა საქმე - ისეთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, დამაინტერესებს, შევძლებ. მაგრამ…  

ზოგჯერ „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისს, ე.წ. ქუდს ვუყურებ. 23-ე წამზე, წამიერად, ისევ ეკრანს ვუბრუნდები. ეს წამი სხვისთვის არაფერია, შეუმჩნეველია, მაგრამ ჩემთვის დიდ ამბავს ჰყვება. ამბავს ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა”, თუმცა ის „იგი“ არ ყოფილა. ადამიანზე, ვინც ერთ დროს ბუნდოვანებას ებრძოდა - ახლა კი ის მისი საუკეთესო თანამგზავრია. რაც უფრო ბუნდოვანია მომავალი, მით უფრო ნაკლებია დრო იმაზე ფიქრისთვის, რისი დატოვებაც, დათმობაც მოუწია, თუმცა არა - ნებაყოფლობით.

--------------------------------------------


საქართველოში სულ უფრო მეტი ჟურნალისტია იძულებული ემიგრაციაში წავიდეს,  პროფესია შეიცვალოს ანდა შემოსავლის ალტერნატიული გზები ეძებოს.

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით მოამზადა ანგარიში საქართველოზე. RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ 2024 წლის გაზაფხულიდან ერთიმეორის მიყოლებით იღებს მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობითაც აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა და წერილობით გააფრთხილა ტელე და რადიო მაუწყებლები.

გასულ წელს სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ღია მიმართვა მათ, ვისაც ნინო შუბლაძემ კითხვების დასმა უნდა ასწავლოს
ფოტო: სქრინი „მედია აკადემიის“ ფეისბუკის გვერდიდან 

„4-თვიანი კურსის ფარგლებში ინტერვიუს მომზადებას ნინო შუბლაძე გასწავლის და საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებს“, - ასეთი ტექსტით იწვევს კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედია აკადემია“ დაინტერესებულ პირებს ჟურნალისტიკის კურსებზე. ნინო შუბლაძე გასწავლით კითხვების დასმასო. 

ახლა იმ მომავალ სტუდენტებს მინდა მივმართო, რომლებიც ამ კურსს დაესწრებიან და ვთხოვო, პირველ ყოვლისა, დასვან კითხვა: ვინ არის ნინო შუბლაძე და როგორია მისი პროფესიული ბიოგრაფია? 

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამ ბიოგრაფიის, ე.წ. CV-ის ინტერნეტ სივრცეში მოპოვება საკმაოდ რთული გამოდგა. თუკი გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვებს - ნინო შუბლაძის ბიოგრაფია, პირველი ეს მასალა შეგხვდებათ:

თუმცა, მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას არ ვენდე, შევეცადე და რაღაც ინფორმაცია მაინც მოვიპოვე. 

ნინო შუბლაძის პროფესიული კარიერა „პირველი არხის“ გადაცემა „ალიონში“ დაიწყო და არც ისე დიდხანს გაგრძელდა. 2003 წლიდან 2014 წლამდე ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წელს, გამოქვეყნდა ფარული მიყურადების კადრები, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მისი მოადგილის, ნინო შუბლაძის კაბინეტებში იყო ჩაწერილი. ეს ის პერიოდია, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად უპირისპირდება მისდამი კრიტიკულად განწყობილ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ტელეკომპანიას. (ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შედის და რამდენიმე წელი გრძელდება. საბოლოოდ, 2019 წლიდან ტელეკომპანიას უკვე ქიბარ ხალვაში მოიპოვებს და „რუსთავი 2“-ს „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მოაქცევს). 

ამ კადრების გამოქვეყნებიდან მალევე, ნინო შუბლაძე „რუთავი 2“-ს ტოვებს და ცოტა ხანში, 2015 წლის ივლისში, მთავრობაში, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ინაცვლებს. 




ნინო შუბლაძის მომავალო სტუდენტებო, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ და იცოდეთ, ეს მანკიერი პრაქტიკაა - „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტები მთავრობაში რომ მიდიან სამუშაოდ და შემდეგ უკან, მედიაში ბრუნდებიან. შეიძლება ჟურნალისტი წავიდეს პოლიტიკაში, საჯარო სამსახურში, მაგრამ უკან აღარ უნდა დაბრუნდეს. ვინც დაბრუნდება, ის ყოველთვის იმ მთავრობის მსახურად დარჩება, რომლის გუნდის წევრიც იყო. პოზიციისა და მთავრობის ცვლილება კიდევ შესაძლებელია, მორჩილების - არა.   

გავაგრძელოთ მისი ბიოგრაფიის კვლევა. 2017 წელს შუბლაძე ისევ მედიაში, ამჯერად „ტვ პირველზე“ იწყებს მუშაობას, საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელად. გავრცელებული ხმებით, თითქოს ტოქშოუც უნდა წაეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ მთავრობაში „მოღვაწეობა“ არჩია და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურში გადავიდა. ზოგადად, მის კარიერას თუ დააკვირდებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიაში მუშაობა მისი ვნება არ არის, გაცილებით უფრო მშვიდად გრძნობს თავს იქ, სადაც მმართველი გუნდის (ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში) სითბო და სიყვარული აქვს. 

სწორედ ამ სითბოსა და სიყვარულის შედეგია, ნინო რომ ისევ „რუსთავი 2“-ზეა და პოლიტიკური ტოქშოუ მიჰყავს. გულთბილი ადამიანია, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმაც არ უყვარს. რატომ უნდა ატკინოს გული?! 

მის გადაცემაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩვენს კოლეგაზე - მზია ამაღლობელზე ხშირად საუბრობენ. (მზიას ნინო შუბლაძის კოლეგას ვერ ვუწოდებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ მზია ამაღლობელიც ჟურნალისტია და ნინო შუბლაძეც). შუბლაძის გადაცემის სტუმრები იტყუებიან და ამბობენ, რომ მზიამ პოლიციის თანამშრომელს „დიფ სტეიტის“ დავალებით გააწნა სილა, რომ მზია მოძალადე თავდამსხმელია და არა დაზარალებული, რომ მზიამ თავდაპირველად სტიკერი პოლიციელს მიაკრა ზურგზე და ა.შ. მაგალითად, 2025 წლის 16 აპრილს, გადაცემა „ღამის კურიერის“ სტუმარი ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  იყო, რომელმაც მზია ამაღლობელზე ზემოხსენებული ტყუილები გაიმეორა. ჩავთვალოთ, რომ შუბლაძესაც სჯერა, ვიღაც „დიფ სტეიტის“ არსებობის და იმის, მზია რომ მისი დავალებით მოქმედებდა, მაგრამ ზუსტად იცის და კადრებიც ნანახი აქვს, რომ პოლიციელის ზურგზე მას არანაირი სტიკერი არ მიუკრავს. პარტიის მიზანია საზოგადოება ამ სიცრუეში დაარწმუნოს, ამიტომ ნინო ჩუმადაა. 

გთხოვთ, იხილოთ მზია ამაღლობელის უფლებადამცველის, მაია მწარიაშვილის პასუხები. მასალა მომზადებულია „მთის ამბების“ მიერ: 


ამის შემდეგ მზიას კოლეგები „რუსთავი 2“-ის შენობასთან მივედით და როგორც ყველა პროფესიონალს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი ავალდებულებს, „რუსთავი 2“-ს მაია მწარიაშვილისთვის პირდაპირი ეთერის დათმობა მოვთხოვეთ. ნინო შუბლაძემ ეს გვიპასუხა: 


მან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა დაგვაბრალა და თქვა, რომ აუცილებლად დაუთმობდა ეთერს მაია მწარიაშვილს, ოღონდ მისი პირობებით. მწარიაშვილს დღემდე არ ჰქონია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მზიას საქმეზე საუბრის შესაძლებლობა. შუბლაძემ ჩვენი აქცია გააშუქა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შესრულებით მხოლოდ ერთ ძალას უსრულებს „თხოვნებს“. 

ძვირფასო სტუდენტებო, მოგმართავთ მათ, ვისაც ახლა ნინო შუბლაძემ კითხვების დასმა უნდა გასწავლოთ. გთხოვთ, აქ გაეცნოთ ვინ არის მზია ამაღლობელი, რომელი გამოცემების დამფუძნებელია, რა ჯილდოების მფლობელია, უბრალოდ მისი ნამუშევრები წაიკითხეთ. 

და შემდეგ გაეცანით ნინო შუბლაძის - მუდმივად მთავრობის სამსახურში მყოფი ჟურნალისტის ბიოგრაფიას. ნახეთ მისი გადაცემები, სადაც ის კრიტიკულ კითხვებს არ სვამს და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამბედაობა სოლიდარობა გამოუცხადოს უკანონოდ დატყვევებულ ჟურნალისტს, (მით უმეტეს, რომ საკუთარ თავსაც ჟურნალისტად მოიაზრებს) არ აქვს გამბედაობა პირდაპირ ეთერში მიიწვიოს მისი უფლებადამცველი, ის ფასეულს ვერაფერს გასწავლით. ერთადერთი, რისი სწავლებაც მას შეუძლია, უსიტყვო მორჩილებაა.   

იხილეთ მასალები და გაიცანით მზია ამაღლობელი:




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.



მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ