„ყურადღება მოვადუნეთ, დაგვავიწყდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობა“ - ინტერვიუ ზურაბ ალხანიშვილთან
30.11.2021

საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებია 60-ს აჭარბებს. ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ქვეყანაში დაბალია. რა როლი აქვს მედიას პანდემიასთან ბრძოლაში და რა უნდა გაითვალისწინონ ქართულმა მედიასაშუალებებმა, როცა კოვიდ-19-ს აშუქებენ? - ამ თემებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, ზურაბ ალხანიშვილს ვესაუბრეთ. 


წაიკითხეთ ამავე თემაზე: პანდემიის გაშუქება - ექიმის რჩევები მედიას


პანდემიის გამოცხადებიდან თითქმის 2 წელი გავიდა, როგორ შეიცვალა ამ პერიოდში მედიის გაშუქების ხარისხი კოვიდ-19-თან დაკავშირებით?

პანდემიის დაწყებისთანავე საქართველოში მედია ამ საკითხს, მეტწილად, კარგად აშუქებდა: აქცენტებს სწორად სვამდნენ და სპეციალისტების აზრს ითვალისწინებდნენ. მარტივი მაგალითი, რომ გავიხსენოთ, პირველსავე დღეებში, როცა საქართველოში კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა, კორონავირუსი შუქდებოდა, როგორც „ახალი მომაკვდინებელი კორონავირუსი“, შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია, რომ ასეთი ფორმით ვირუსი არ გაეშუქებინათ.

ქართულმა მედიასაშუალებებმა მართლა ერთ დღეში შეწყვიტეს კორონავირუსის ამ ფორმით წარდგენა და გაშუქება.

პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა, ძირითადი პრობლემა ამ გადმოსახედიდან ისაა, რომ პერსონალური თუ სხვა ინტერესების გამო ხშირად ზარალდება ინსტიტუციების ავტორიტეტი. ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნებისმიერ კრიზისში მნიშვნელოვანია ინსტიტუციების მიმართ ნდობა.

კოვიდპანდემიის საწინააღმდეგოდ ჩვენი იარაღი კომუნიკაციაა: ინსტიტუტებმა და ავტორიტეტულმა ადამიანებმა გასცენ რეკომენდაციები და ეს რეკომენდაციები მთელმა საქართველომ შეასრულოს. ეს რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ვაქცინაცია. ხალხი ამ რეკომენდაციებს მაშინ ითვალისწინებს, თუ ენდობა ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს. ამის ნათელი მაგალითი 2 წლის თავზე ჩვენ უკვე ვნახეთ იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის ინსტიტუტები და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობს. იქ ახლა უკეთესი ვითარებაა, მოსახლეობის დიდი ნაწილიც აცრილია და რეკომენდაციებიც მეტადაა დაცული. ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო მთელი საზოგადოების ერთიანი ინტერესი, რომ შენარჩუნებულიყო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ ნდობა.

სხვა მხრივ შეგვიძლია შევაქოთ ჩვენი მედიასაშუალებები, რომ სწრაფად აუღეს ალღო მათ შორის მედიცინის და მეცნიერების მტკიცებულებების იერარქიას და თვითონ იწყებდნენ ხოლმე ინფორმაციის გადამოწმებას. რიგ შემთხვევებში იყო რესპონდენტების პრობლემა, შეიძლებოდა ეთერში ისეთი ადამიანი მოხვედრილიყო, რომელიც მტკიცებულებების გარეშე საუბრობდა, თუმცა ესეც ნელ-ნელა თავისით დარეგულირდა.

ახსენეთ ჯანდაცვის ინსტიტუტებისადმი ნდობა, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს მედიას აქვს უფლება კრიტიკული იყოს ხელისუფლების, მათ შორის ჯანდაცვის უწყების მიმართ და ეს კრიტიკა ჯანსაღი და არგუმენტირებული იყოს. ამაში ხედავთ პრობლემას?

ეს არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით ეს მხოლოდ დადებითად შესაფასებელი საკითხია. თუ მოსახლეობამ იცის, რომ ფილტრში გადის გადაწყვეტილების მიმღები პირების რეგულაციები, ექვემდებარება კრიტიკას, შეუძლია განსხვავებული მოსაზრება მოისმინოს. და თუ ამ განსახვავებულ მოსაზრებას შემდგომში სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

თუმცა მე ამას არ ვგულისხმობ. მე აქ ვგულისხმობ პერსონალურ კრიტიკას. იმიტომ, რომ პანდემიის ვითარებაში მათი პირადი ცხოვრების სხვა დეტალების გაშუქება ნეგატიურ კონტექსტში კარგს არაფერს იძლევა. ეს კარგი არავისთვის არ არის და ვერცერთი პროცენტით ადამიანებს ვერ ეხმარება.

ძირითადად რა უზუსტობები ისმოდა ქართულ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებით?

საბედნიეროდ, ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ძალიან დააზარალა როგორც ვაქცინაციის კამპანია, ასევე პირდაპირ აისახა ადამიანების განწყობაზე. ვგულისხმობ, პრაიმატიმის, რეიტინგული საეთერო დროის, დათმობას იმ ადამიანებისთვის, ვისაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია და უფრო მეტიც, არიან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც შეფარვით თუ ცხადად ანტივაქსერული განწყობები აქვთ.

მათ ეთერი არ უნდა დაეთმოთ, ან, თუ დაეთმობათ, ეს წინასწარ კარგად უნდა იყოს დაგეგმილი და გაანალიზებული. ვერცერთი ჟურნალისტი ანტივაქსერს ვერ გაუწევს ოპონირებას: როცა ადამიანი მეცინერებისგან აბსოლუტურად განყენებულ საკითხზე გეუბნება რაღაცას მის წინააღმდეგ შენ სამეცნიერო არგუმენტი არ გაგაჩნია, რადგან ეს არის აბსურდი. როცა აბსურდზე გელაპარაკებიან და შენ ამ აბსურდზე უბრალოდ სიტყვა არ გაქვს, ვერ შეეწინააღმდეგები. მე რომ გითხრათ, თქვენ ხართ უცხოპლანეტელი ხომ ვერ დამიმტკიცებთ, რომ არ ხართ უცხოპლანეტელი, მაგრამ ამას პირდაპირ ეთერში რომ გეუბნებიან, უბრალოდ დაიბნევით და ვერაფერს იტყვით. მაყურებლის თვალით ჩანს, „აი შეხედეთ, მას სათქმელიც არაფერი ჰქონდა“. ეს წაგებული ბრძოლაა ხოლმე, ამიტომ მედია ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთი რადიკალური ჯგუფების მოწვევას და გაშუქებას. ხოლო თუ აშუქებს, ისინი წინასწარ უნდა მოემზადონ ამისთვის, იცოდნენ ვინ დაახვედრონ სტუდიაში ოპონირებისთვის.

ასევე, მედიაში ჩანდნენ ქართველი, ახლა უკვე ცნობადი, სახეები რომლებსაც კერძო ინტერესები ჰქონდათ. მაგალითად, თავიანთი ბალახეულის წამლები, რომლებსაც ყიდიან კოვიდპაციენტებზე და, შესაბამისად, როცა ისინი ამბობენ, „არ აიცრათო“, იმიტომ ამბობენ, რომ ეს მათი პირდაპირი ინტერესია: რაც უფრო მეტი იქნება ავად, მეტ ფულს იშოვის თავისი „წამლებით“, რომელსაც ყიდის კოვიდპაციენტებზე.

სხვა მხრივ არ მახსენდება შემთხვევა, ალბათ, ერთეულები იქნება, როცა მედიამ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გაავრცელა და ამით დააზარალა მოსახლეობა ან კამპანია.

ვაქცინებზე და ზოგადად კორონავირუსის შესახებ საუბრისას რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება?

ტერმინოლოგიას შინაარსი აქვს და ის ძალიან განსაზღვრავს ხოლმე განწყობებს, როგორ აღიქვამს ამას შემდგომში მსმენელი და მაყურებელი. არის, მაგალითად, ჯგუფები, რომლებსაც არ უყვართ, რომ ანტივაქსერებს ეძახიან, მაგრამ ანტივაქსერი არის - ადამიანი, რომელიც არის ვაქცინების მოწინააღმდეგე, ამაში ახალი არაფერია.

რა იყო მედიით ყველაზე ხშირად გავრცელებული დეზინფორმაცია კოვიდ-19-ის შესახებ?

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია ნაკლებად არის ხოლმე ცენტრალურ მედიაში. ძირითადად ისინი თავიანთი საინფორმაციო არხებით სარგებლობენ სოციალურ ქსელებში. შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ფორმა:

1. „მიმები“, რომლებიც ვრცელდება „ფეისბუქზე“, რომელიც დატვირთულია სახალისო, ვითომ შემეცნებითი შინაარსით, რეალურად ეფუძნება ნაწილობრივ სიმართლეს და ძირითადად მიმართულია ადამიანების შეცდომაში შეყვანისკენ. ემოციური შინაარსით არის დატვირთული, შეიძლება იყოს გამოგონილი ადამიანის ისტორიები; ან იყოს ნამდვილი ადამიანის ამბავი, ოღონდ შეცვლილი, რომელიც ხალხზე ზემოქმედებს. მართალია მასში აქცენტი მოთხრობილ ემოციურ ამბავზეა, მაგრამ ის გზავნილები, რომლის გატარებაც უნდათ მაინც აუდიტორიის ქვეცნობიერში რჩება და სხვადასხვა დროს ისევ იღვიძებს.

2. შეცვლილი, გაყალბებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოსახულებები ან ვიდეოები. ამის ნათელი მაგალითი იყო და ქართულ მედიაშიც აქტიურად გავრცელდა, „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ ერთ-ერთი სპიკერის ვიდეო, რომელშიც ის თითქოს ამბობდა და „აღიარებდა“, რომ პანდემია არ არსებობს, ეს ყველაფერი მოგონილია და შეთქმულების თეორიაა. სინამდვილეში, ეს ვიდეო არასწორი ქართული თარგმანით გამოქვეყნდა. ეს ვიდეო ძალიან ფართოდ გავრცელდა ქართულ მედიაში. თავდაპირველად არავინ სცადა მისი ორიგინალის ნახვა, თუ რას ლაპარაკობდა ის ქალი ინგლისურად სინამდვილეში.

3. ფალსიფიცირებული გვერდები, მათ შორის ცნობილი ადამიანების ყალბი ფეისბუქ გვერდები. ამის მაგალითი იყო, როცა შექმნეს ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქ გვერდი. მასზე განთავსებული ინფორმაციის, ალბათ, 90% სწორი იყო, რაც ეყრდნობოდა „დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ ამიტომ ადამიანების ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ეს ოფიციალური გვერდი იყო და აქედან სწორი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. თუმცა დროდადრო გამოერეოდა ხოლმე ყალბი, ძირითადად ანტივაქსერული ინფორმაცია, და ასე შეჰყავდათ ადამიანები შეცდომაში.

4. ორკესტრირებული კამპანიები, რაც საქართველოშიც აქტიურად მუშაობს, საბედნიეროდ, ისეთი წარმატებით ვერა, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ხშირად ამ საკითხზე საუბრისას ადამიანებს აქვთ კითხვა რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ ასეთი კამპანიები აწარმოონ საქართველოში. ამის ორი ძირითადი საფუძველი არსებობს. პირველი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისს შეუძლია მთელი ქვეყნის კრიზისში შეყვანა, რადგან ის იწვევს ეკონომიკურ, ფინანსურ კრიზისს და ა.შ გადის უზარმაზარ დანახარჯებზე, ეპიდემიების გამო იხურება სკოლები და ბაღები, იკარგება სამუშაო ადგილები და ა.შ. და მეორე: ეს პირდაპირ ურტყამს ავტორიტეტს - ანგრევს ჯანდაცვის ინსტიტუტების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნდობას, ისინი კარგავენ გავლენას, ეს არის მტერი სახელმწიფოების ინტერესი და ამის გამო ამ მეთოდით იბრძვიან ხოლმე.

როგორ შეიძლება ჟურნალისტებმა თავიდან აიცილონ გაუცნობიერებლად ხელი არ შეუწყონ კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის ან კონსპირაციული თეორიების გავრცელებას?

ნებისმიერმა ადამიანმა ინფორმაცია სანდო წყაროებში უნდა გადაამოწმოს. თუ შევხედავთ მტკიცებულებათა იერარქიას, ყველაზე დაბალი რანგის არის მაგალითად, ექსპერტის მოსაზრება, რადგან მას თუ ზურგს არ უმაგრებს მტკიცებულებები და კვლევები, მაშინ მის აზრს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ამ იერარქიაში რაც უფრო ზემოთ მივდივართ, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ინსტიტუციებს, რადგან ინსტიტუციები კვლევების შეჯერების საფუძველზე იძლევიან გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენ თუ რაღაც ახალ ინფორმაციას ვეცნობით და გვაინტერესებს ეს ინფორმაცია ნამდვილია, ყალბი, ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის ინსტიტუციებში.

ჩვენთან უკვე რამდენიმე ვებგვერდი მუშაობს, რომლის უკან „დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ და „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ დგას და ამ ინფორმაციის გადამოწმება ძალიან იოლია, მათ შორის „დაავადებათა კონტროლის ცენტრში“ არის კომუნიკაციის ჯგუფი, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება.

რომელი სამედიცინო და სამეცნიერო წყაროებია ყველაზე სანდო კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად?

ეს არის NCDC.ge – „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ვებგვერდი, ასევე მათი პორტალი vaccines.ncdc.ge და provax.ge – ეს არის ის სამი ძირითადი პორტალი, რომლებიც პარტიორ ორგანიზაციებთან ერთად არის შექმნილი, მუდმივად განახლებადია და, როგორც წესი, პირველად ინფორმაცია ქართულ ენაზე მანდ არის ხოლმე ხელმისაწვდომი. ისევე როგორც ვაქცინების შესახებ სრული ინფორმაცია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომია.

უცხოენოვანი წყაროებიდან, თუ სამეცნიერო ჟურნალებს არ შევეხებით, რადგან აქაც თავისი იერარქიაა და უამრავი ჟურნალი არსებობს, მაშინ ისევ მარეგულირებლებს შეგვიძლია მივაკითხოთ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის მარეგულირებელი FDA და ევროპის მარეგულირებელი EMA. ეს სამი ძირითადი მარეგულირებელი არის ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ორგანიზაცია.

როგორია ჟურნალისტების როლი პანდემიის დროს?

თითოეულ ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. რაღაც პრინციპებს მუდმივად უნდა ვიცავდეთ, არასდროს ეთერში არ უნდა მოხვდეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ გავიდეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა ორჭოფობა გამოიწვიოს ხალხში. ინფორმაცია, რომლის მიღმაც დარჩება შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არ გვექნება. და, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს და იმ მოცემულობას, რომელშიც ვართ. მაგალითად, ახლა რომ გაკეთდეს სიუჟეტი, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი არა, ეს არასწორი მიდგომა იქნებოდა იმიტომ, რომ რომელი ვაქცინაც გვაქვს, 3%-ით მეტად ან ნაკლებად ეფექტური არის თუ არ არის - ეს არაფერს არ ცვლის, ეს ვაქცინები გვაქვს, ეს ვაქცინები უნდა გამოვიყენოთ, მით უმეტეს ვიცით, რომ სიკვდილიანობისგან 99%-ით ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი მედიამ პანდემიასთან ბრძოლას დღევანდელ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში?

დღევანდელი სურათით თუ ვიმსჯელებთ, წინა რამდენიმე თვე პოლიტიკურად ძალიან აქტიური და დატვირთული იყო, რის გამოც მედიის დღის წესრიგიდან მოიხსნა კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები. რეალურად, ამის შედეგებს ახლაც ვხედავთ - აქტუალურობა დაკარგა. უბრალოდ ახლა, ბოლო დღეებში მოსახლეობაში ის აქტუალური გახდა, რადგან ვირუსის გავრცელება ისევ მაღალი გვაქვს და როცა ადამიანი თავისი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების ავადობას ხედავენ ხოლმე, უშინდებიან და აკითხავენ ვაქცინაციის ცენტრებს, ოჯახის ექიმებს და ა.შ

პოზიტიური მხარე ისაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში გაიზარდა ზოგადად იმუნიზაციის შესახებ ცნობიერება, ეს მოიტანა როგორც მედიის აქტიურობამ ისე ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობამ საქართველოს მასშტაბით. ეს ორივე ისევ მაღალ დონეზე უნდა მუშაობდეს ოღონდ, საჭიროა კოვიდ რეგულაციები არ აღსრულდა, რაც მოიკოჭლებს ხოლმე, ესეც თუ მედიით აქტიურად არ გაშუქდა და ერთგვარ ფორმაში არ ამყოფა მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიც, სტატისტიკა ცუდი გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ გვჭირდება ამ მდგომარეობის შეცვლა. მედია თუ ამ საკითხებს სათანადოდ გააშუქებს ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ყოველთვის ცვლის ხოლმე მათ შორის მთავრობის დღის წესრიგსაც.

რა უნდა შეიცვალოს მედიაში პანდემიისა და ვაქცინაციის გაშუქების მიმართულებით?

მოდი უფრო ფართოდ შევხედოთ სურათს რომ მივხვდეთ რა მოხდა ბოლო 20-30 წელიწადში: ჩვენ გარშემო ვეღარ ვხედავთ ადამიანებს ყვავილით, პოლიომიელიტით, დიფტერიით, წითელათი და ა.შ. ეს დაავადებები ადრე მილიონობით ადამიანს, ხშირად ბავშვებს კლავდა. ეს იყო ჩვენი წარსული და ეს გამოცდილება ჩვენს ოჯახებში ასაკოვან ადამიანებს ახსოვთ.

მაგრამ როცა ეს დაავადებები ვაქცინებით იმართა, ზოგიერთი მათგანი, ფაქტობრივად, გაქრა, ზოგი კი გაქრობის პირას არის. ამ დაავადებებს ჩვენ გარშემო ვეღარ ვხვდებით და, შედეგად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ინტერესი მოვადუნეთ - ბოლო წლების განმავლობაში ამ თემებზე თითქმის აღარ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ეს თემა აღარ გვაწუხებდა. მედიაშიც, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მცირე ნაწილი ეკავა ხოლმე და მოსახლეობისთვისაც ეს აღარ იყო აქტუალური თემა ანუ ვაქცინები თავისივე წარმატების მსხვერპლი გახდნენ და დღეს როცა ვამბობთ, რომ მსოფლიო მოუმზადებელი იყო პანდემიისთვის ის იგულისხმება, რომ ხალხმა დავივიწყეთ ის სარგებელი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მოაქვს.

როცა პრობლემა ხელახლა შემოგვიბრუნდა, ძალიან გაგვიჭირდა იმ წარსულის გახსენებაც და გადაფასებაც, რასაც უკვე მივაღწიეთ წინა საუკუნეში. ამიტომ მედიასაშუალებებმა სასურველია არ მოადუნონ ყურადღება. მხოლოდ კოვიდი ხომ არ არის? გრიპის სეზონი გვაქვს, საქართველოში მიმდინარეობს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები და მიმართვიანობა არის ძალიან დაბალი. ამ დროს ეს არის ვაქცინა, რომელიც საშვილოსნოს კიბოს განვითარებისგან იცავს, მაგრამ ამის შესახებ მედიასაშუალებებიდან ნაკლებად გვესმის ხოლმე, კარგი იქნება, რომ ეს საკითხები დღის წერსიგში მუდმივად იდგეს, რათა მომავალში ასეთ ვითარებაში აღარ აღმოვჩნდეთ. აიცერით, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი გარშემომყოფები.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ