სასამართლოში მომუშავე ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონის გამოყენება შესაძლოა მათაც აუკრძალონ. ისინი რამდენიმე დღეა ცდილობენ, გაარკვიონ „პრევენციისთვის“ მობილური ტელეფონის კარადაში შესანახად მანდატურისთვის გადაცემის წესი მედიის წარმომადგენლებზეც გავრცელდება თუ არა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. მას ოფიციალური განცხადებით მიმართა „მედიაჩეკერმაც“.
—------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლოში კარადები მობილური ტელეფონის შესანახი 960 სათავსოთი უკვე დამონტაჟებულია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კარადებს უნდა ჰქონდეს შედარებით დიდი ზომის (27სიმ.-33სიგ.-21სიღ.) 22 ქვედა თაროც. სათავსო მცირე ზომის უჯრებით დამონტაჟდა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც.
იუსტიციის საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 19 სასამართლოსთვის ავეჯის, მათ შორის მობილური მოწყობილობების შესანახი სათავსოების, შესაძენად ტენდერი 19 სექტემბერს გამოაცხადა. მიმწოდებელთან - შპს „ავე“ ხელშეკრულება კი, ჯამური ღირებულებით 91 700 ლარი, 17 ოქტომბერს გააფორმა.
მანამდე, 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“ დაამტკიცა. ერთგვერდიან დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს“.
—-------------------------------
გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი, ნათია ამირანაშვილი შიშობს, რომ მობილური ტელეფონების სასამართლოს შენობაში შეტანის აკრძალვა მედიისთვისაც იქნება დაწესებული. ამირანაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს, როდესაც ჟურნალისტებს სასამართლოში ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა ერთიანად აეკრძალათ და სასამართლოს ეზოში მუშაობაც კი აღარ შეუძლიათ, მედიის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ ეს სწორედ მათ გაშუქებას, სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდებოდა და ცვლილებები მიმართული იყო იმისკენ, რომ მედიას არ ემუშავა და პროცესებიდან ნაკლები ინფორმაცია გასულიყო.
„მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, მედიამ გააგრძელა მუშაობა სასამართლოში და გააგრძელა, ვერ ვიტყოდი რომ ცუდად. ვცდილობდით, რომ ვიზუალური ნაწილიც შეგვევსო და დაგვებალანსებინა…რა თქმა უნდა, ვიდეოები არ იყო, მაგრამ ინფორმაცია საქმის განხილვასთან დაკავშირებით, არგუმენტები ჩვენს მკითხველს გავაცანით. აქედან გამომდინარე, სისტემას, ძალაუფლებაში მყოფ ჯგუფს შესაძლოა, არც ამ ტიპის გაშუქება არ აწყობდეს და ეს ცვლილებები სწორედ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს“.
ნათია იხსენებს იმ მუქარანარევ რეპლიკებსაც, რომლებიც სასამართლოში მომუშავე ჟურნალისტებს ხშირად ესმოდათ: მაგალითად, „მიშას დროს, 2012 წლამდე, ტელევიზია იდგა ხიდქვეშ და იქიდან იღებდა“, „აი, ადრე ტელეფონებსაც კი ატოვებინებდნენ როგოც ადვოკატებს, ასევე სასამართლოში ნებისმიერ შემსვლელს“, გაახსენდა კოლეგისთვის არაოფიციალურად ნათქვამი ფრაზაც: „აი, ცოტახანში მოგიწევთ ტელეფონების დატოვება“.
ამირანაშვილის თქმით, ახლა სასამართლოში საკმაოდ დატვირთული პერიოდია, იწყება როგორც დიდი პროცესების სააპელაციო განხილვები, ასევე, არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული 64 ახალი ბრალდებულის საქმე. სწორედ ამიტომ, ის ფიქრობს, რომ „სისტემა კიდევ უფრო მეტად ემზადება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიხუროს და ჩაიხშოს ინფორმაცია სასამართლოდან“.
„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას რამდენიმე გარემოება აფიქრებინებს, რომ „ტელეფონების დატოვების უკანონო შეზღუდვა“ მედიასაც შეიძლება შეეხოს:
„კვირა იწურება, რაც სასამართლოში ახალი შეზღუდვის შესახებ გახდა ცნობილი, დაისვა ლეგიტიმური შეკითხვები, მათ შორის მედიაზეც და ამ დრომდე არავის აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. მინიმუმ ბუნდოვანებას ტოვებენ.
მეორე, თუ „ქართული ოცნების“ ლოგიკასა და აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს გავყვებით, მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი: სრულად დაიხუროს სასამართლო მედიისთვის. ანუ მედიის წარმომადგენლები სრულად იზოლირებულები გავხდეთ, რადგან მიუხედავად გაშუქებების აკრძალვისა, მაგალითად, სასამართლოს დერეფნებში მანდატურის სამსახურის უკანონო, ძალადობრივი ქმედებების საზოგადოებისთვის გამოტანას მაინც ვახერხებდით.
თუ აღნიშნული ახალი უკანონო შეზღუდვა მედიასაც შეეხო, ფაქტიურად ეს ნიშნავს სასამართლოს სრულ და ყოვლისმომცველ გაუმჭვირვალობას, არა მარტო სხდომების დონეზე, რაც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო დიდ უსამართლობაში აისახება, რადგან ერთ უკანონო ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება მეორე და ასე შემდეგ“.
ნანუკა ქაჯაიასთვის ეს ნიშნავს იმასაც, რომ თუ დამოუკიდებელი მედია გადარჩენას და ბრძოლას ასე თუ ისე ახერხებს, სასამართლო ამ შემთხვევაში ის სივრცე გახდება, სადაც „ეს თავისუფლების კუნძულებიც აღარ იარსებებს“.
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი ჰყვება, რომ სასამართლოში შეზღუდვებსა და აკრძალვებს წინ უძღოდა პატარ-პატარა ძვრები, რაც მედიის წარმომადგენლებს მოსალოდნელ შედეგებზე მიანიშნებდა. მას სურს, იუსტიციის საბჭომ განმარტოს ჩანაწერი, რომელიც ძალიან დიდი ინტერპრეტაციის სივრცეს ტოვებს.
„მე ყველაზე მეტად მაშფოთებს სიტყვა - „მანდატური უფლებამოსილია“. ანუ ფაქტობრივად მანდატურზე, ერთ კონკრეტულ ადამიანზე ჩამოკიდეს გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რაც განსაზღვრავს ჩემი საქმიანობის ეფექტურობას.
მანდატური უფლებამოსილია თავად განსაზღვროს, მე ან სხვას ჩამოართმევს თუ არ ჩამოართმევს [მობილურს]. რის საფუძველზე? რატომ? ეს ხომ არის ძალიან სუბიექტური ჩანაწერი და თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რაც სასამართლოში მიდის, მათ შორის მანდატურების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას, მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს, რომ თუ გადაიღე, ტელეფონს გამოგართმევენ, წაგიშლიან და მათი არგუმენტია, რომ აი, კანონში წერია, რომ გადაღება არ შეიძლება.
მაგალითად, სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს მათი ქმედებები და მათ, დიდი ალბათობით, საკუთარი თავი არ მოსწონთ. მე მიმანიშნებს ეს, რომ შესაძლოა, ეს ჩანაწერი - „უფლებამოსილი“ იყოს სუბიექტურადაც, მიკერძოებულადაც გამოყენებული და კონკრეტული მედიები და ჟურნალისტები გავხდეთ მხოლოდ სამიზნეები ან კონკრეტული მოქალაქეები, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ განიმარტოს, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი“.
ჩადუნელს აინტერესებს, რა სიკეთეს შეიძლება ემსახურებოდეს ეს ჩანაწერი თუ არა უკეთურებას და იმას, რომ ჟურნალისტების მიერ დაწერილი ტექსტებიც არ გამოვიდეს სასამართლოს გარეთ:
„ზიანდება საჯარო ინტერესი, ზიანდება ინფორმაციის გავრცელების უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება. პროფესიული გარემო, რომელიც ისედაც სტრესული და ხელისშემშლელია, კიდევ უფრო მეტად რთულდება. ტელეფონი ხომ არ არის მხოლოდ ფოტო-ვიდეო გადაღების საშუალება. ჟურნალისტებისთვის ტელეფონი არის კომუნიკაციის საშუალება პროდიუსერებთან, რედაქტორებთან. ჩვენს ზარებზე, ჩვენს შეტყობინებებზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება დღის პროგრამა ონლაინ მედიასა თუ ტელევიზიაში. იკლებს ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე და სიხშირე, ოპერატიულობა იკლებს და შემდგომ ამ ოპერატიულობაზე - რეაგირებაც.
ჩვენ საათობით პერიოდს ვატარებთ სასამართლოში. ეს არ არის ერთი და ორი საათი, რომ ტელეფონი დაგატოვებინონ და შეხვიდე. ერთ-ერთ დღეს, ღამის 4 საათზე მოვრჩით მუშაობას, წარმოიდგინეთ და მაშინ რომ ეს წესი ყოფილიყო ამოქმედებული და ჟურნალისტებს შეხებოდათ. პიროვნული ნაწილიც შემოდის, არა მხოლოდ პროფესიული. ოჯახი, ზოგს შვილები ჰყავს, პასუხისმგებლობები და ამდენი ხნის განმავლობაში შენ ხარ მიუწვდომელი“.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას.
„ჟურნალისტები დიდ ძალისხმევას იღებენ იმისთვის, რომ აუდიტორიამ მათ რეპორტაჟებში ფოტო და ვიდეო გამოსახულებისა და ხმის დანაკლისი ნაკლებად იგრძნოს. ამის გაკეთებას ჟურნალისტები სიზუსტის ასე ზედმიწევნით დაცვითა და ისეთი მაღალი ოპერატიულობით ვეღარ შეძლებენ, თუკი მათ სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ კალმისა და ფურცლის გამოყენების უფლებას დაუტოვებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და დამატებით დაბრკოლებებს უქმნის ჟურნალისტებს, რომლებსაც სასამართლო პროცესების სრულფასოვნად გაშუქება სურთ.
„სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, გადაიქცა „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ მყოფ უსამართლობის სიმბოლოდ - იქ, სადაც კანონი აღარ იცავს, არამედ დევნის. ჟურნალისტები და აქტივისტები ხშირად ხდებიან სასამართლოსა და „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ზეწოლის, დევნისა და ძალადობის სამიზნე. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიტპატიმარია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ხოლო სასამართლო ამ დევნაში მოქმედებს როგორც დამსჯელი უწყება. უფრო მეტიც, სასამართლო მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ადგილიც გახდა. მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტები კი კვლავ დაუსჯელი რჩება - გამოძიებები არ ტარდება.
მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვა არა მხოლოდ უხეშად არღვევს ჟურნალისტების უფლებებს, არამედ საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება სამართალი“, - აცხადებს კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
ივნისის ბოლოს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ,„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელი გახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით გადაღებისა და აუდიოჩაწერის დაშვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია. თუმცა, მედიის წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, საბჭომ აქამდე ნება მხოლოდ ერთხელ, ივლისში, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს დართო, რომ გადაეღოთ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში.



