კახი ბექაურს კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. დღეიდან 6 წლის ვადით ComCom-ის წევრი გოგა გულორდავაა, ახალ თავმჯდომარეს კი კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით წესით, 3 წლის ვადით, 29 იანვარს აირჩევს.
„სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება, რომელშიც კომუნიკაციების კომისიაში კახა ბექაურის უფლებამოსილების ვადაა შეჯამებული.
„კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში - უწყებაში, რომელსაც ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რომელიც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცა. კომისიის სადამსჯელო საქმიანობა არ იყო ერთჯერადი ან სპონტანური. ბექაურის ფორმალური კონტროლის ქვეშ მყოფი მარეგულირებელი წლების განმავლობაში იღებდა შერჩევით, მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
კომუნიკაციების კომისიაში მუშაობამდე კახა ბექაურს მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ის ხელმძღვანელობდა არაერთ მაუწყებელს, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი მე-9 არხის დირექტორი. ბექაური კომისიის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. მის საკვალიფიკაციო შესაბამისობასთან დაკავშირებით არაერთი ლეგიტიმური კითხვა დაისვა, რამაც კომისიის ხელმძღვანელის ლეგიტიმაციას სერიოზული ჩრდილი მიაყენა. 2019 წელს, ბექაურის კომისიის წევრად მეორედ არჩევამდე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შევიდა სადავო ცვლილება, რომელმაც ერთი და იმავე კომისიონერის ერთზე მეტი ვადით თავმჯდომარედ არჩევის აკრძალვა გააუქმა. ცვლილება ფართო კრიტიკის საგანი გახდა და გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ კანონი კონკრეტულად კახა ბექაურზე იყო მორგებული.
კახა ბექაურის ხელმძღვანელობის პერიოდში კომისიის რეპრესიული საქმიანობა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. უწყებამ რადიკალურად შეცვალა მიდგომა პოლიტიკური რეკლამის რეგულირების მიმართ და დამკვიდრებული პრაქტიკის საპირისპიროდ დაიწყო მედიის დაჯარიმება არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო. 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული მაუწყებლები „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეორგოლების ეთერში განუთავსებლობის გამო დასანქცირდნენ. აღნიშნული რეკლამები არაერთი შეფასებით შეიცავდა მანიპულაციურ, არაეთიკურ და სიძულვილის შემცველ გზავნილებს, მათ შორის უკრაინელი ხალხის ტრაგედიის სპეკულაციურ გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის. მიუხედავად ამისა, კომისიამ მაუწყებლების არგუმენტები არ გაიზიარა. აღნიშნული რეკლამა ევროპის კავშირის პარლამენტმაც დაგმო.
ბექაურის აქტიური ჩართულობით, კომისიამ სცადა საზოგადოებრივი აზრის კვლევების შეზღუდვაც. მარეგულირებელმა მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათგან კვლევების „სანდოობის გადამოწმებას“ მოითხოვდა და სანქციებით ემუქრებოდა. ეს ქმედებები ფართოდ შეფასდა როგორც კვლევების ფაქტობრივი აკრძალვისა და წინასაარჩევნო თვითცენზურის დამკვიდრების მცდელობა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით კომისიამ სიუჟეტის შინაარსი უხამსობად შეაფასა და ფაქტობრივად სარედაქციო შინაარსის შეფასების უფლებამოსილება საკუთარ თავზე აიღო. ეს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალი იყო იმისა, რომ კომისია მზად იყო შინაარსობრივი კონტროლის ფუნქციის აღებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეფასებები თვითრეგულირების მექანიზმებს ან სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. 2021 წელს ამ პრაქტიკას დაემატა ბექაურის საჯარო განცხადებები მედიის დამატებითი რეგულირების აუცილებლობის შესახებ, რაც პოლარიზებულ მედიაგარემოში აღიქმებოდა არა ნეიტრალურ ანალიზად, არამედ კრიტიკული მედიის მიმართ ინსტიტუციურ უნდობლობად.
2025 წელს „ქართული ოცნების“ მიერ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მედიისთვის კონკრეტული ტერმინების გამოყენების აკრძალვა დაისახა მიზნად. ამ შემთხვევაში კომისია არ მოქმედებდა როგორც ნეიტრალური არბიტრი, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი ორგანო.
დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სისტემურმა მხარდაჭერამ განაპირობა კახა ბექაურის დასანქცირება ლიეტუვის და უკრაინის მიერ, როგორც პირის, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და მარეგულირებლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევაში. 2025 წლის თებერვალში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც მოითხოვს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ელიტისთვის, მათ შორის ბექაურისთვის სანქციების დაწესებას.
მარეგულირებელში კომისიონერის პოზიციაზე შერჩევა პრაქტიკულად დახურული იყო გარე, დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის. შერჩევის პროცესი წლების განმავლობაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა და უპირატესობა ენიჭებოდა მოქმედ კომისიონერებსა და თანამშრომლებს – განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც ბექაურის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ ან მის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილნი. ამან კიდევ უფრო დაასუსტა ინსტიტუციის პროფესიული დამოუკიდებლობა და გააძლიერა თავმჯდომარის პერსონალური გავლენა კომისიის შიგნით.
კახა ბექაურის ქონებრივი მდგომარეობა კომისიაში საქმიანობის პერიოდში მკვეთრად გაუმჯობესდა. მაღალანაზღაურებადი საჯარო სამსახურის პარალელურად, ის სუპერმარკეტების ქსელის „ორი ნაბიჯი“ თანამესაკუთრეა, რაც მისთვის მილიონობით ლარის ოდენობით შემოსავალი მოაქვს.
კახა ბექაურის მემკვიდრეობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ უკავშირდება მედიისთვის სტაბილური, თავისუფალი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისია ჩამოყალიბდა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინსტიტუტად, რომლის აქტიურობა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ. კომისია ვერ გაძლიერდა ინსტიტუციურად – ვერც დამოუკიდებლობის, ვერც პროფესიული ავტორიტეტის და ვერც საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით, რადგან მისი გავლენა მეტწილად სანქცირების შესაძლებლობასა და შერჩევით აღსრულებას ეფუძნებოდა და არა თანმიმდევრულ, გამჭვირვალე და სამართლიან რეგულირებას“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან იყო. ის მესამე ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე ერთი და იმავე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა შეუძლებელი იყო. 2019 წელს მიღებული ცვლილებით კი, ეს შეზღუდვა გაუქმდა.
ახლა კომუნიკაციების კომისიის წევრები არიან: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და გოგა გულორდავა. ComCom-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, გოგა გულორდავას „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი 2025 წლის დეკემბერში, დაუჭირა.



