ანიკაშვილმა „იმედის“ მფლობელი კომპანიის 25%-იანი წილი 250 ლარად იყიდა
16.10.2026



ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები ხელახლა გადანაწილდა. დღევანდელი ცვლილებებით, მას ახლა 4 მფლობელი: მარიამ ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, მაია ჩიგოშვილი და მადგა ანიკაშვილი ჰყავს. ოთხივე მათგანი „იმედის“ მფლობელი კომპანიის თანაბარ, 25-25%-იან წილს ფლობს. 

მარიამ ლომიძე - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისა“ და „იმედის“  გენერალური დირექტორი. აქამდე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-ს ფლობდა. 

ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 16 ოქტომბრის ცვლილებებამდე „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-იანი წილის მფლობელი იყო. 

მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აქამდე ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილი ეკუთვნოდა. ჩიგოშვილი „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დირექტორიცაა. 

მაგდა ანიკაშვილი - „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერი - დებატების“ წამყვანი, ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ახალი მეწილე.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ წილები აღარ ეკუთვნით ილია მიქელაიშვილის კომპანიას - „პრაიმ მედია გლობალს“, ვასილ კალანდარიშვილსა და ნათია სონღულაშვილს.  

16 ოქტომბრის ცვლილებებამდე ბიზნესმენ ილია მიქელაიშვილის კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი კი - 10-10%-იან წილებს. კალანდარიშვილი „იმედის“ ფინანსური დირექტორია, სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დღეს წარდგენილი დოკუმენტებით, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა თავიანთ საკუთრებაში არსებული „იმედის“ მფლობელი კომპანიის წილები მაგდა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად მიჰყიდეს, ანიკაშვილმა კომპანიის 5%-იანი წილი, 50 ლარად, იყიდა „პრაიმ მედია გლობალისგანაც“. „პრაიმ მედია გლობალმა“ დარჩენილი 45%-იანი წილი თანაბრად, სიმბოლურად, 150-150 ლარად მიჰყიდა მარიამ ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძესა და მაია ჩიგოშვილს. 



--------------------------------------

დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადადგომის შესახებ მათი იდენტური განცხადებები 6 თებერვლით თარიღდება. ისინი ამ განცხადებებში „იმედის“ გენერალურ დირექტორს სწერენ, რომ „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“, პირადი განცხადების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის წასვლა რამდენიმე საათში დაარეგისტრირა. 

რა მოხდა 6 თებერვალს?

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - ამ დღეს „იმედმა“ „ჰანიველ პარტნერსის“ ტელეკომპანიიდან გასვლის შესახებ ირაკლი რუხაძის განცხადება გაავრცელა. რუხაძე წერდა, რომ ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“ ადვილი არ იყო. 

„იმედის“ მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანიამ, „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ მის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადასცემდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად 10 თებერვალს იყიდეს. 

მარტში განახლდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც. მისი წევრები ირაკლი ჩიხლაძის, ნათია სონღულაშვილისა და მაგდა ანიკაშვილის გარდა, არიან: მარიამ ლომიძე, ვასილ კალანდარიშვილი, მაია ჩიგოშვილი და ილია მიქელაიშვილი. 

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 სხვა კომპანიას, მათ შორის, „რადიო იმედსა“ და GDS TV-ის. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
MDF: საბიუჯეტო რეკლამის განაწილება ნაციონალურ ტელევიზიებში კვლავ უკიდურესად არათანაბარია

„მედიის განვითარების ფონდმა“ ქართული მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2025 წლის მონაცემების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნდა. ის სამაუწყებლო მედიის მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით, სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებებში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას, ასევე, მედიაშინაარსზე საბიუჯეტო დაფინანსების გავლენას აანალიზებს. 

გასული წლის მონაცემებზე დაკვირვების შედეგად, MDF-ის კვლევაში გამოკვეთილი მიგნებები იხილეთ სრულად:

  • 2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (51%) ნაციონალურ კომერციულ ტელევიზიებზე მოდიოდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი (37.4%) მოსდევდა. 

  • სატელევიზიო ბაზრის საერთო შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა: 2025 წელს მან 231.3 მლნ ლარი შეადგინა, რისი ძირითადი მიზეზიც არასამაუწყებლო შემოსავლების მკვეთრი კლება იყო. 

  • კომერციული სარეკლამო შემოსავლების კონცენტრაცია სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე კიდევ უფრო გაიზარდა. თუ 2024 წელს „იმედზე“, „მედია ჰოლდინგზე“, POSTV-სა და GDS TV-ზე კომერციული რეკლამის შემოსავლების 67.4% მოდიოდა, 2025 წელს მათი წილი 82.9%-მდე გაიზარდა. მხოლოდ „იმედმა“, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო 2026 წელს პოსტვისთან ერთად დაასანქცირა, 2025 წელს მთლიანი სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლის 48.1% მიიღო.

  • სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა,  POSTV-იმ და „მაესტრომ“ - 2025 წელი ჯამში 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ტელეკომპანია “იმედზე” მოდის (43.1 მილიონი).

  • უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა მაუწყებლების დაფინანსების გარემო შეცვალა, ფინანსური სირთულეების ფონზე მაუწყებლობა სამმა ტელეკომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა. „მთავარი არხის“ გარდა, ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა კიდევ ორმა რეგიონულმა ტელეკომპანიამ („მე-9 არხი“ და „ბორჯომი“) შეაჩერა.

  • უცხოური დაფინანსების შეზღუდვის ახალი წესების აღსრულებაში შერჩევითი მიდგომის ნიშნები გამოიკვეთა. დასავლური წყაროებიდან დაფინანსების გამო მარეგულირებელმა რამდენიმე მაუწყებლის მიმართ ზომები გაატარა, თუმცა ჩინეთის საელჩოს მიერ „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის დაფინანსებაზე იდენტური ზომებისთვის არ მიუმართავს. 

  • არათანაბარი პირობები რეგიონული ტელევიზიების საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მხრივაც იკვეთება. კერძოდ, გამოვლინდა შეუსაბამობა საბიუჯეტო კონტრაქტებით მიღებულ თანხასა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის, რაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ რეგიონულ მაუწყებელს “ფარვანას” უკავშირდება.

  • ბაზარზე რამდენიმე ტელევიზია კვლავ მფლობელის ან სხვა შემომწირველების დოტაციაზე იყო დამოკიდებული. „ალტ ინფოს“ - 100%, „სეზონი TV-ის“ - 99.5%, „ერთსულოვნების“ - 99.1%, „სილქმედიის“ შემოსავლის 95%, „ფორმულა მულტიმედიის“ - 80,8%, „ობიექტივის“ - 76.9%  მფლობელის ან დაკავშირებული პირების შემოწირულობებით ფორმირდებოდა.

  • კონცენტრაციის ტენდენცია რეგიონული ტელევიზიების ბაზარზეც გამოიკვეთა: აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის შემოსავალი რეგიონული ტელევიზიების მთლიანი შემოსავლის 89.25%-ს შეადგენდა. ამავე დროს, კერძო რეგიონული მაუწყებლების უმრავლესობაში შემოსავლების კლება დაფიქსირდა.

  • 2025 წელს რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედია საშუალებებთან და შუამავალ კომპანიებთან გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 9.28 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემზე დაახლოებით 953 ათასი ლარით ნაკლებია. 

  • შეიცვალა საბიუჯეტო რესურსების განაწილების სტრუქტურა. 2023 წელთან შედარებით ონლაინ მედიასთან გაფორმებული კონტრაქტები თითქმის გაორმაგდა, ხოლო ნაციონალური ტელევიზიების კონტრაქტები თითქმის განახევრდა. პარალელურად გაიზარდა რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოს დაფინანსება, ხოლო პრესის, სოციალური მედიისა და შერეული კონტრაქტების მოცულობა შემცირდა. 

  • მკვეთრად გაიზარდა შუამავალი კომპანიების როლი და მათ გავლით განხორციელებული შესყიდვების კონცენტრაცია. 2025 წელს შუამავლების მეშვეობით გაფორმებული საერთო კონტრაქტების ღირებულებამ 2.19 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 154%-იანი ზრდაა. ათი ყველაზე მსხვილი კონტრაქტიდან რვა შპს „პირველთან“ იყო გაფორმებული, რაც საბიუჯეტო თანხების განაწილებაში რამდენიმე მსხვილი შუამავლის მზარდ როლზე მიუთითებს. 

  • საბიუჯეტო რეკლამის განაწილება ნაციონალურ ტელევიზიებში კვლავ უკიდურესად არათანაბარია. 2025 წელს ამ კატეგორიის კონტრაქტების 97.81% კვლევაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებზე მოდიოდა, ხოლო ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად არხებზე - მხოლოდ 1.98%. მხოლოდ „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო. 

  • ონლაინ მედიაში არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობა გაიზარდა, არამედ შეიცვალა მისი ძირითადი მიმღებებიც. თუ წინა წლებში საბიუჯეტო კონტრაქტების მიღებით „პალიტრა მედიის“ ჰოლდინგში შემავალი ონლაინ გამოცემები ლიდერობდნენ, 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის კონტრაქტები „იმედის“ ვებგვერდზე მოდიოდა, ხოლო „პალიტრა მედიის“ გამოცემების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 2025 წელს Imedinews.ge-სთან ასეთი ხელშეკრულება 17 მუნიციპალურ ორგანიზაციას ჰქონდა გაფორმებული, ხოლო იგივე ტენდენცია 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. 

  • საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად „იმედის“ ონლაინ პლატფორმაზე ადგილობრივი არჩევნების გაშუქების მკვეთრი ასიმეტრია გამოიკვეთა. ბოლნისის არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გამოცემამ სულ მცირე 25 პუბლიკაცია დაეთმო, ოპოზიციური „ლელო - ძლიერი საქართველოს“ კანდიდატის კომენტარი კი მხოლოდ ერთხელ გაშუქდა - მაშინ, როდესაც მან კანდიდატურა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოხსნა. 

  • საბიუჯეტო კონტრაქტებში გამოიკვეთა სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სისტემური რისკები. მონიტორინგმა აჩვენა დაფინანსებული მასალების სარეკლამო ნიშნის გარეშე გამოქვეყნების მოთხოვნა, მედიაში დამკვეთისთვის სპეციალური რუბრიკის ჩაშენება და სოციალური მედიის კომენტარებისა და მოწონებების კონტროლის ვალდებულებები - პირობები, რომლებიც სარედაქციო საქმიანობასა და დამკვეთის ინტერესებს შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდის. 

  • რეგიონულ მედიაში განაწილება შედარებით მრავალფეროვანია, თუმცა კონცენტრაციის ტენდენცია იქაც ნარჩუნდება. ოთხ ყველაზე მსხვილ რეგიონულ ტელევიზიაზე ამ კატეგორიის საბიუჯეტო თანხების 55.5% მოდიოდა.

  • დასავლური დაფინანსების საჯარო კრიტიკის მიუხედავად, 2025 წელს რეგიონული მედიის საბიუჯეტო კონტრაქტების ნაწილიც დასავლური საგრანტო რესურსით ფინანსდებოდა. ორი ასეთი ხელშეკრულების დაფინანსების წყარო GIZ-ის გრანტი იყო, ჯამური ღირებულებით 90 000 ლარი. 

  • ბეჭდვით და სოციალურ მედიაში საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა: 2023 წელთან შედარებით, პრესაზე - 47.7%-ით, ხოლო სოციალურ მედიაზე - 36%-ით. 

  • სრული სურათის დადგენას მონაცემთა არასრულყოფილება და შერეული კონტრაქტების გაუმჭვირვალობა აფერხებს. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი კომპანია სარეკლამო და საინფორმაციო ხარჯებს არ ასაჯაროებს, ხოლო შერეული კონტრაქტების შემთხვევაში კონკრეტულ მედიაზე გადანაწილებული თანხის იდენტიფიცირება ხშირად შეუძლებელია. 

  • რბილი ცენზურის პრობლემა, როდესაც საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას ახდენს მედია შინაარსზე ხელისუფლების მხარდასაჭერად ან მისი ოპონენტების წინააღმდეგ, 2025 წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

  • საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიების ნაწილში იკვეთება არა მხოლოდ ფინანსური კონცენტრაცია, არამედ სარედაქციო პოლიტიკის პრობლემაც. ბოლო პერიოდში კონტრაქტები მეტწილად იმ მედიებთან ფორმდება, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ.  ამავე დროს გრძელდება საბიუჯეტო ურთიერთობა გამოცემასთან, რომელიც სიძულვილის ენის შემცველ მასალებს აქვეყნებს.

  • კვლავ გამოვლინდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინფორმაციული სინქრონის ნიშნები: მათ შორის არასაჯარო ან კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება, დახურული ჩატების მასალების გამოქვეყნება, დიპლომატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების მანიპულაციური გაშუქება და არასაჯარო დოკუმენტების დისკრედიტაციის მიზნით გამოყენება. 

  • საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიის ნაწილი კოორდინირებულად ავრცელებდა დეზინფორმაციულ და დისკრედიტაციულ შინაარსსაც, მათ შორის ჰომოფობიურ და გენდერულ დეზინფორმაციას, ზოგ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიზუალების გამოყენებითაც.

  • გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების გზავნილების მეინსტრიმულ მედიაში სისტემატიური და კოორდინირებული გავრცელების პრაქტიკა. 2025 წელსა და 2026 წლის პირველ ნახევარში 2 ყალბი პროფილის ციტირების 351 შემთხვევა გამოვლინდა,  მათ შორის ერთი და იგივე ანგარიშის სხვადასხვა სახელითა და ვიზუალური იდენტობით. 

  • ყალბი ანგარიშების ციტირება გამოიყენებოდა როგორც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დისკრედიტაციისთვის, ისე ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად. სამიზნეებს შორის იყვნენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მმართველი პარტიის ექს-პრემიერი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, პროტესტის დროს დაპატიმრებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, აქტივისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესები და ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტორები. 

  • საჯარო დაფინანსების განკარგვისას არ ყოფილა გათვალისწინებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რაც წინა წლებშიც პრობლემური იყო.  

ანგარიშში მითითებულია, რომ მასში გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები და საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაცია. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში, მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შესაფასებლად, მოიცავს კონტენტის ანალიზსაც. 

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევა - „მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2025“ სრულად იხილეთ ამ ბმულზე. 

 
CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა


„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნდა. CMIS-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტოს პერიოდში, ქვეყანაში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 117 მედია ორგანიზაციას და 174 ჟურნალისტს ინდივიდუალურად შეეხო, მათი უმეტესობა კი ერთზე მეტჯერ დაზარალდა. როგორც ორგანიზაცია წერს, ამ მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ზომები მიიღო საიმისოდ, რომ დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსური და სამართლებრივი გარემო არამდგრადი გამხდარიყო. 



CMIS-ის ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში ყველაზე ხშირი ხასიათი შემდეგი სახის დარღვევებს ჰქონდა: სიტყვიერი თავდასხმები (102 შემთხვევა), სამართლებრივი ინციდენტები (81 შემთხვევა), ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევა (33 შემთხვევა), შრომითი უფლებების დარღვევა (21 შემთხვევა), რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება (15 შემთხვევა). სიტყვიერი თავდასხმის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი დისკრედიტაცია იყო - „სიტყვიერი თავდასხმის 102 შემთხვევიდან 69 წარმოადგენდა მცდელობას, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მედიასაშუალებები წარმოეჩინათ უცხოეთიდან დაფინანსებულ პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რომლებიც უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან. ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა, ძირითადად, სახელმწიფოს ეკისრება“. 

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ სუბიექტებად ყველაზე ხშირად სახელდებოდნენ: სასამართლოები (46), სამართალდამცავი უწყებები (32), პროსამთავრობო მედიასაშუალებები (27), შემდეგ კი - პარტია „ქართული ოცნება“, საქართველოს პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა, ცვლილებების უმეტესობა კი დაჩქარებული წესით, სათანადო საპარლამენტო და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე იქნა მიღებული: 

„საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების სამმა ტალღამ - 2025 წლის ოქტომბერში, 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის მარტში - კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, გააფართოვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განმეორებითი სამართალდარღვევებისთვის და მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია“. 

კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ კი ჟურნალისტები დააკავეს და დააპატიმრეს როგორც პროფესიული მოვალეობების შესრულებისას, ისე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს. მათ საანგარიშო პერიოდში, მთლიანობაში, 16 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს.

კვლევის მიხედვით, მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს, თუ როგორ დაიხურა შიდა სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმი: პატიმრობაში მყოფმა „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა ამ პერიოდში საქართველოს სასამართლო სისტემის ყველა ინსტანცია ამოწურა, უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე თქვა უარი თქვა მისი საქმის არსებითად განხილვაზე. „ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ საკუთარ ქმედებას არ ნანობს. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციებს უარი ეთქვათ მასთან შეხვედრის ნებართვაზე, ხოლო პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ მის მიერ შეტანილი ორი ცილისწამების სარჩელი განხილვის გარეშე შეწყდა. მისი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე ოთხი განაცხადია წარდგენილი“.

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის პერიოდში ზეწოლის ინსტრუმენტებს წარმოადგენდა ორი ინსტიტუცია: კომუნიკაციების კომისია და საქართველოს პარლამენტი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2026 წლის მარტში ComCom-მა სამაუწყებლო შინაარსის მონიტორინგი დაიწყო და მას შემდეგ, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეარხებს საინფორმაციო პროგრამებში გამოყენებული ლექსიკის გამო ჯარიმები დააკისრა. გარდა ამისა, ამავე საანგარიშო პერიოდში, კომისიამ უცხოური გრანტების მიმღები მაუწყებლების მიმართ ახალი შეზღუდვებიც აღასრულა. 

რაც შეეხება პარლამენტს, კვლევაში აღნიშნულია, რომ მან ჟურნალისტებს აკრედიტაციის მისაღებად დამატებითი ბარიერები დაუწესა და დაფიქსირდა აკრედიტაციის შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის 8 შემთხვევა. გარდა ამისა, „2026 წლის იანვარში შემოღებული პროცედურის ფარგლებში, სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი შვიდი განაცხადი უარყოფილ იქნა, უმეტეს შემთხვევაში ყოველგვარი განმარტების გარეშე“.

ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელში 2024 წელს დაწყებული თანამშრომელთა გათავისუფლების, დისციპლინური სანქციებისა და გადაცემების დახურვის პოლიტიკა არსებითი ცვლილების გარეშე გაგრძელდა. მასში მოხვდა პარლამენტის მიერ, 2026 წლის ივნისში, იმ ღია კონკურსისა და დამოუკიდებელი კომისიის მექანიზმის გაუქმებაც, რომლის მეშვეობით ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევდნენ. 

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო აღარ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს დევნილობაში მყოფი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის. როგორც მასში ვკითხულობთ, თუ წინა საანგარიშო პერიოდში უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში შემოსვლაზე ეუბნებოდნენ უარს, ახლა დაფიქსირდა დეპორტაციის, იძულებითი გამგზავრების და ბინადრობის ნებართვის გაუქმების შემთხვევებიც.

როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, ამ საანგარიშო წლის მნიშვნელობა არა მხოლოდ დოკუმენტირებული დარღვევების რაოდენობაშია, არამედ მედიის წინააღმდეგ მიმართული შემზღუდავი ზომების ესკალაციაშიც. კვლევაში მითითებულია, რომ ამ პერიოდში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მაუწყებლის წინააღმდეგ, პირველად შეეფარდა ჟურნალისტს ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ასევე, დაფიქსირდა საპარლამენტო აკრედიტაციის ვადამდე ადრე შეწყვეტის და ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის ერთი წლით შეჩერების შემთხვევებიც. 

ვრცლად „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ანგარიშის შესახებ იხილეთ აქ. 

 
„როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის“ - TI


„როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ისედაც დრაკონული წესი დამოუკიდებელი მედიის დევნის მექანიზმად არის ქცეული. როგორც TI წერს, სწორედ ამ წესის საფუძველზე, დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა კრიტიკული მედიის 15-მდე წარმომადგენელს შეუზღუდეს.

„წლებია, „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია, რომელიც ამხელს ყველა იმ დანაშაულებრივ სქემასა თუ კორუფციულ გარიგებებს, რომლებთანაც მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების სავარაუდო ჩართულობა ან/და კავშირები იკვეთება. „ოცნების“ გუნდს დისკოფორტს უქმნის ამგვარი თემების გარშემო დასმული ნებისმიერი კითხვა და მათზე პასუხების თავიდან არიდების მიზნით, ის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად აქტიურად იყენებს მისი გავლენების ქვეშ მყოფ ინსტიტუციებს, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, პარტიული დანამატის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში გვევლინებიან. ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ  ისინი რიგითი მოქალაქეეების გადასახადებით ფინანსდებიან და ვალდებულნი არიან უპასუხონ მათ მიმართ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვასაც კი. ამდენად, დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში არსებული ფორმალური წესების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კითხვების დასმის აკრძლვის ინსტრუმენად გადაქცევა.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ პროფესიული მოვალების შესრულება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობით სარგებლობა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, თავის მხრივ კი - ასევე „ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების კომისია მათ ბალანსის დარღვევისთვის სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უწესებს“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

რატომ უჩერებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო აკრედიტაციას კრიტიკულ ჟურნალისტებს? - ორგანიზაცია მასალაში მომხდარ შემთხვევებსაც აღწერს: 

  • „29 ივნისს, დეპუტატისთვის კითხვების დასმის გამო, პარლამენტში საქმიანობა 1 წლით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილისგან აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა მისი მეუღლე სააფთიაქო ქსელ „ავერსიდან“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირენელ კომისიაში, მას შემდეგ, რაც მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა.

  • 23 ივნისს, აგრეთვე დეპუტატისთვის შეკითხვების დასმის გამო, პარლამენტში აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს. იგი „ოცნების“ დეპუტატებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმის შესახებ უსვამდა კითხვას.

  • 22 ივნისს, იმავე მიზეზით, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერეს აგრეთვე „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ რა მისიით ჩამოდიან მათთან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რამზან კადიროვის „დაჯგუფების“ წევრები და ჩამოაქვთ თუ არა მათთან ოქრო არალეგალური გზებით.

  • 8 ივნისს, იმავე მიზეზით პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება 6 თვით აეკრძალა „ნოდარ მელაძის შაბათის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტს „ოცნების“ დეპუტატებისგან აინტერესებდა, თუ რატომ არ აქვთ მათ ზოგიერთ თანაგუნდელს - მაგალითად, ეკა ჭიჭინაძეს - წარდგენილი პარლამენტში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • მანამდე, მაისის თვეში, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადაზე ადრე გააუქმეს ონლაინგამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს. მათ საკანონმდებლო ორგანოში 4-4 აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. საპარლამენტო აკრედიტაციების გაუქმების მიზეზად ბოლო 10 კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა.

ამასთან, 26 ივნისს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის გასაშუქბელად, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს არც ერთჯერადი საშვი მისცეს“.

რას გულისხმობს საპარლამენტო აკრედიტაცია? 

პარლამენტში აკრედიტაციის წესი შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით არის დამტკიცებული. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში“ ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს. სწორედ აღნიშნული ნორმა აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების, აგრეთვე კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად. ნორმაზე მითითებით, ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს და საკანონმდელო ორგანოში საქამიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის ათობით წარმომადგენელს.

საგულისხმოა, რომ 2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ეროპარლამენტმა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პროპაგანდისტული, პროსამთავრობო „იმედს“ აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესსაც გადახედავდნენ. რაც იმთავითვე კრიტიკული მედიისადმი მუქარად იქნა აღქმული. დაპირებიდან მალევე, დაახლოებით 1 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“ აკრედიტაციის წესი მართლაც შეცვალა და მისი დარღვევისთვის სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ:

  • აკრედიტაციის წესის განმეორებითი დარღვევისთვის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების 6-თვიანი ვადა 1 წლამდე გაზარდა.

  • „დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით“, საპარლამენტო აკრედიტაცია, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ მედიასაც გაუუქმდეს, რომელსაც იგი წარმოადგენს.

  • პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით უჩერდება“.

    ორგანიზაცია სოლიდარობას გამოხატავს ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, „რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან შექმნილი მტრული სამუშაო გარემოს მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებს მის მოვალეობას და ინარჩუნებს პროფესიულ ღირსებას“. 




ანიკაშვილმა „იმედის“ მფლობელი კომპანიის 25%-იანი წილი 250 ლარად იყიდა



ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები ხელახლა გადანაწილდა. დღევანდელი ცვლილებებით, მას ახლა 4 მფლობელი: მარიამ ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, მაია ჩიგოშვილი და მადგა ანიკაშვილი ჰყავს. ოთხივე მათგანი „იმედის“ მფლობელი კომპანიის თანაბარ, 25-25%-იან წილს ფლობს. 

მარიამ ლომიძე - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისა“ და „იმედის“  გენერალური დირექტორი. აქამდე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-ს ფლობდა. 

ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 16 ოქტომბრის ცვლილებებამდე „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-იანი წილის მფლობელი იყო. 

მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აქამდე ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილი ეკუთვნოდა. ჩიგოშვილი „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დირექტორიცაა. 

მაგდა ანიკაშვილი - „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერი - დებატების“ წამყვანი, ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ახალი მეწილე.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ წილები აღარ ეკუთვნით ილია მიქელაიშვილის კომპანიას - „პრაიმ მედია გლობალს“, ვასილ კალანდარიშვილსა და ნათია სონღულაშვილს.  

16 ოქტომბრის ცვლილებებამდე ბიზნესმენ ილია მიქელაიშვილის კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი კი - 10-10%-იან წილებს. კალანდარიშვილი „იმედის“ ფინანსური დირექტორია, სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დღეს წარდგენილი დოკუმენტებით, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა თავიანთ საკუთრებაში არსებული „იმედის“ მფლობელი კომპანიის წილები მაგდა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად მიჰყიდეს, ანიკაშვილმა კომპანიის 5%-იანი წილი, 50 ლარად, იყიდა „პრაიმ მედია გლობალისგანაც“. „პრაიმ მედია გლობალმა“ დარჩენილი 45%-იანი წილი თანაბრად, სიმბოლურად, 150-150 ლარად მიჰყიდა მარიამ ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძესა და მაია ჩიგოშვილს. 



--------------------------------------

დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადადგომის შესახებ მათი იდენტური განცხადებები 6 თებერვლით თარიღდება. ისინი ამ განცხადებებში „იმედის“ გენერალურ დირექტორს სწერენ, რომ „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“, პირადი განცხადების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის წასვლა რამდენიმე საათში დაარეგისტრირა. 

რა მოხდა 6 თებერვალს?

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - ამ დღეს „იმედმა“ „ჰანიველ პარტნერსის“ ტელეკომპანიიდან გასვლის შესახებ ირაკლი რუხაძის განცხადება გაავრცელა. რუხაძე წერდა, რომ ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“ ადვილი არ იყო. 

„იმედის“ მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანიამ, „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ მის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადასცემდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად 10 თებერვალს იყიდეს. 

მარტში განახლდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც. მისი წევრები ირაკლი ჩიხლაძის, ნათია სონღულაშვილისა და მაგდა ანიკაშვილის გარდა, არიან: მარიამ ლომიძე, ვასილ კალანდარიშვილი, მაია ჩიგოშვილი და ილია მიქელაიშვილი. 

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 სხვა კომპანიას, მათ შორის, „რადიო იმედსა“ და GDS TV-ის. 


ქარტია: „TV პირველსა“ და „ფორმულას“ საპატრიარქომ პროფესიული საქმიანობის უფლება დაუსაბუთებლად შეუზღუდა

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ საქართველოს საპატრიარქომ პროფესიული საქმიანობის უფლება დაუსაბუთებლად შეუზღუდა. ქარტია საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, ეს ტელეკომპანიები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე არ დაეშვა, საგანგაშოდ მიიჩნევს.

„საპატრიარქომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მსგავსი ღონისძიებების დროს ამ ტელევიზიების ჟურნალისტები ხშირად არღვევენ შინაგანაწესს და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად ტოვებენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს. ჟურნალისტების თავისუფალი გადაადგილება კი ღვთისმსახურების პროცესს აფერხებს. 

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, საპატრიარქომ არ მიიჩნია საჭიროდ, ტელევიზიის მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული მიზეზი განემარტა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც ტელეკომპანიასა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს შორის მიმოწერისას გამოჩნდა, არის მითითება 2021 წლის 8 მარტის ინციდენტზე მარტვილში, როცა სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა. 

ქარტიის მოსაზრებით, ამ ინციდენტსა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გაშუქებას შორის პარალელის გავლება უადგილოა.  

ქარტია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქო, პარლამენტის მსგავსად, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იჩენს დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მიმართ. მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის დროს სვეტიცხოვლის ტაძრის ტერიტორიაზე „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ არდაშვებით საპატრიარქომ უპატივცემულობა გამოიჩინა მათი მაყურებლების მიმართ.  

ეკლესია თავის გავლენას არ უნდა იყენებდეს დისკრიმინაციის წასახალისებლად და არ უნდა იმეორებდეს პარლამენტის ცუდ მაგალითს - ზრდიდეს დისტანციას ჟურნალისტებსა და ძალაუფლების მქონე რესპონდენტებს შორის და ჟურნალისტებთან კომუნიკაციას მათ კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ხდიდეს.  

ყოველგვარ პირობითობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული“, - ვკითხულობთ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში.

ქარტია საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ „პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას, და თავისი ურთიერთობა მედიასა და ჟურნალისტებთან ამ ღირებულების გათვალისწინებით ააგოს“.   

საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება, აკრედიტაცია არ მისცა. ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

 
POSTV-ში ჯაფარიძის 52%-იანი წილის მფლობელი გიორგი შენგელია ხდება

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელი გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დამფუძნებელი ხდება. შენგელიამ „პოსტივის მხარდამჭერები“ POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს დაარეგისტრია და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

„ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ში მისი კუთვნილი 52%-იანი წილი გიორგი შენგელიას, ამ წილის მმართველს, სიმბოლურ ფასად - 1 000 ლარად მიჰყიდა. მას არხის საკონტროლო წილი ჯამში 520 000 ლარად ჰქონდა ნაყიდი. 

ჯაფარიძესა და შენგელიას შორის პარტნიორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დღევანდელი დღით თარიღდება. გიორგი შენგელიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს POSTV-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის დღეს, 15 ოქტომბერს მიმართა და სხვა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაც წარუდგინა. ის POSTV-ის 52%-იანი წილის სრულუფლებიანი მესაკუთრე რეესტრში პარტნიორის ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ გახდება.

შენგელია POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი 52%-იანი წილის ახალ მმართველად სექტემბერში დაინიშნა. მანამდე, 28 იანვარს, არხის დასანქცირებამდე თითქმის 1 თვით ადრე, ჯაფარიძემ თავის წილი სამართავად კასპის მერის ყოფილ მოადგილეს, ზაზა მარიდაშვილს გადასცა.

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი (ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი) და შალვა რამიშვილი ფლობენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დირექტორი კი ნუგზარ რუხაძეა.

POSTV-ი, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები დასახელდა.

 
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა
ფოტო: EPA

ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორეპონდენტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა. ის 48 წლის ასაკში, 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. პოლიტკოვსკაიას საერთაშორისო აღიარება ჩეჩნეთის მეორე ომის შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიებმა მოუტანა. 

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-20 წლისთავს მედიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.  

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ამ თარიღის აღსანიშნავად და პოლიტკოვსკაიას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ვიდეორგოლებიც გამოაქვეყნა. როგორც RSF-ი წერს, ამ ოცი წლის განმავლობაში, რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ხელმისაწვდომი სივრცე თანდათან და სისტემატურად შემცირდა:

„2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება აიკრძალა, დაიბლოკა, „უცხოეთის აგენტად“ ან „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, ან იძულებული გახდა, საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეგრძელებინა.

„ნოვაია გაზეტა“, ანა პოლიტკოვსკაიას გაზეთი, ამ რეპრესიების კლასიკური მაგალითია. 2000 წლიდან მოყოლებული, გაზეთის 6 ჟურნალისტი და კონტრიბუტორი მოკლეს. 2022 წელს გაუქმდა მისი ბეჭდური და ონლაინგამოცემის ლიცენზიები, ხოლო მის ყოფილ მთავარ რედაქტორსა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვის 2023 წელს, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიენიჭა. 2026 წლის 4 სექტემბერს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა და მასთან დაკავშირებული106 ადამიანი „უცხოელ აგენტებთან აფილირებულ“ პირთა სიას დაამატა“.

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე რუსეთში, 2021 წელს, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის ფონზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების მოწოდებით გამოდის „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“. 

IPI-ის ადვოკატირების მიმართულების დირექტორი, ემი ბრულეტი აღნიშნავს, რომ ანა პოლიტკოვსკაიას სასტიკი მკვლელობიდან 20 წლის შემდეგაც კი, დანაშაულზე პასუხისმგებელი მთავარი პირები დღემდე არ დასჯილან:

„ეს ხაზს უსვამს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად უფლებამოსილი დამოუკიდებელი, საერთაშორისო მექანიზმის გადაუდებელ საჭიროებას, მაშინ როდესაც ამ გამოძიებების ჩატარებასა და სამართლიანობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ამას არ გააკეთებს“.

„მისი გამბედაობა არასდროს მიეცემა დავიწყებას“ - ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებს „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრიც“. როგორც ECPMF-ი წერს, ოცი წლის შემდეგაც კი, მისი სახელი მჭიდროდ უკავშირდება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლასთან: 

„პოლიტკოვსკაიას ესმოდა, რომ ჟურნალისტიკა სახიფათო სწორედ მაშინ ხდება, როცა თავის საქმეს აკეთებს: სვამს რთულ შეკითხვებს, ამხელს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და აჟღერებს იმ ადამიანთა სათქმელს, რომელთა ტანჯვაც სხვაგვარად, შესაძლოა, უხილავი დარჩენილიყო“.

2018 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ რუსეთმა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემკვეთის დასადგენად ეფექტური გამოძიება ვერ ჩაატარა. ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიეცა, თუმცა დამკვეთის ვინაობა დღემდე უცნობია.

ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის მეორე ომსა და ომის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებს იკვლევდა, წერდა გატაცებების, წამების, მკვლელობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შესახებ. არ ერიდებოდა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების კრიტიკას. არის ავტორი წიგნისა „პუტინის რუსეთი“. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. მძიმე და სახიფათო პირობებში მუშაობის მიუხედავად, მას საგამოძიებო საქმიანობა არ შეუწყვეტია. 

ცნობისთვის, რუსეთი 2026 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 172-ე ადგილს იკავებს. 


 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“. 

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
როდის იქნება „ომი“ ?

 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა დოკუმენტური ფილმი - „ჩემი არასასურველი მეგობრები - ნაწილი I, უკანასკნელი ჰაერი მოსკოვში”, რომლის ავტორიც ამერიკაში მცხოვრები რუსი დოკუმენტალისტი იულია ლოკტევაა. ის მოსკოვში 2021 წელს ჩავიდა, მისი მეგობრების, ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტების ყოველდღიური ცხოვრებისა და მუშაობის გადასაღებად, რაც იმ პერიოდში უკვე არამხოლოდ პროფესიული ვალდებულების შესრულება, არამედ ბრძოლა იყო. 2021 წელს რუსეთში უკვე ბევრი პოლიტპატიმარია, „დოჟდის“ ჟურნალისტები კი - „არასასურველი ორგანიზაციის“ წევრები და „უცხოური აგენტები“. 

5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაყურებელი ამ ჟურნალისტებს აკვირდება, მათ ცხოვრებას სახლში, ქუჩაში, აქციებზე, მანქანაში, შვილებთან, მეგობრებთან ერთად და ცხადია, სამსახურში. ამ ხნის განმავლობაში ის თითქოს ფილმის გმირებთან ერთად ცხოვრობს, ხუმრობს, იცინის, ტირის, ნერვიულობს…  და რაც მთავარია, ყველაზე ხშირად სვამს კითხვას: „ნეტავ როდის დადგება დრო, როდესაც მივხვდებით, რომ უნდა წავიდეთ?!“ მასზე პასუხი ჯერ არავის აქვს, რადგან, მიუხედავად არაერთი რეპრესიული კანონისა, ჯერ ისევ შეუძლიათ თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულება. ამიტომ ჯერ ისევ ცხოვრობენ, იბრძვიან, მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! 

უკანასკნელ პერიოდში ნანახი დოკუმენტური ფილმებიდან, რომელნიც ბელარუს ან რუს აქტივისტებს, უფლებადამცველებსა თუ ჟურნალისტებს ეხებათ, ყველაზე დამთრგუნველი იმაზე დაკვირვებაა, რამდენად ჰგავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს და არა მხოლოდ ფაქტები, არამედ შეგრძნებებიც, მოქმედებებიც, ასოციაციებიც, სიტყვებიც…უყურებ და ფიქრობ, რომ ეს ფილმი შენ შესახებ არის. 

ერთ-ერთ ეპიზოდში სონია გროისმანი ჰყვება, ღამის 4 საათზე სადარბაზოს კარზე დარეკილი ზარის შემდეგ როგორ დაიწყო ჩანთის ჩალაგება, შედარებით მოსახერხებელი საცვლები გაამზადა. მაისურები, შარვალი ჩანთაში ჩადო და ელოდა. სადარბაზოს კარს არ აღებდა, თუ პოლიციაა (და დარწმუნებული იყო, რომ მის დასაპატიმრებლად მივიდნენ), ისედაც შეაღწევდნენ. როდესაც გაარკვევს, რომ სინამდვილეში, შეცდომით მისული კურიერია, სიცილით ამბობს, რომ კარგი გაკვეთილი იყო, რადგან კომფორტული „ტრუსიკების“ ძებნა კი არ უნდა დაეწყო, არამედ კომპიუტერი უნდა გაესუფთავებინა და მომავლისთვის ეს აუცილებლად ეცოდინება. ამ ამბავს სიცილით ჰყვება და მეც მახსენდება ჩემი ჩალაგებული ჩანთა, კომფორტული საცვლებით, შარვლით, მაისურებით, რომელიც მთელი ზამთარი საძინებელში მედო და ვუყურებდი. 



სრულიად იდენტურია ასოციაციები, რომელიც ფილმის გმირებს ღამით სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებისას ჰქონდათ. მოვიდნენ! ასე იყო ჩვენი მშობლების თუ წინაპრების დროს, როდესაც მაშინდელი НКВД, „ჩეკისტები“ აუცილებლად ღამით აკითხავდნენ სახლებში, იწყებდნენ ჩხრეკას და გადაჰყავდათ იზოლატორებში, როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუშები ან სამშობლოს მოღალატეები. 

ჩვენი სოლიდარობა რომ გულს გვიჩუყებს, იქაც ასე იყო. დაკავებული ჟურნალისტის მოლოდინში გარეთ, მოსკოვის ზამთარში მომლოდინე მეგობრებს ერთი საკუთარ სახლს სთავაზობს გასათბობად, მეორე - მანქანას, მესამეს საჭმელი მიაქვს… და ეს სრულიად უცხო ადამიანები არიან, რომელთაც საერთო იდეა და მიზანი აქვთ. 

ასეთ დროს ხედავ, რომ არა მხოლოდ დიქტატურის ბუნებაა იდენტური, არამედ მასთან მებრძოლი ადამიანებისაც. 

დავუბრუნდეთ ფილმს და მის გმირებს. 

დასაწყისში ავტორი გვაფრთხილებს, რომ „სამყარო, რომელსაც ვნახავთ, აღარ არსებობს“. ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში აღარ არიან ფილმის მოქმედი გმირები. ის ცხოვრება, რომელიც არსებობდა, გაქრა. 

„მე რატომ უნდა წავიდე? მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისინი წავიდნენ!“ - ფილმის გმირებიც ზუსტად ისე ამბობენ, როგორც ჩვენ. მათთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომი გახდა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ორად ორი არჩევანი დარჩა: სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება ან გაქცევა. 

ამ ტექსტის სათაურია - „როდის იქნება ომი?“ და ომში აქ არა რუსეთის უკრაინზე თავდასხმა იგულისხმება, არამედ ის მომენტი, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უკვე არა შეზღუდვებითა თუ რეპრესიული კანონებით, არამედ პირდაპირ წამოვა ჩვენს გასანადგურებლად და არანაირი ლავირების საშუალებას არ დაგვიტოვებს. 

რუსეთის მაგალითი ბევრს გვასწავლის.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე „დოჟდის“ ჟურნალისტებმა მოასწრეს მუშაობა, ცდილობდნენ სიტყვა „ომი“ არ წარმოეთქვათ, ღიად არ დაედანაშაულებინათ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შენს განადგურებას ისახავს მიზნად, მათი წესების მიღებასა და დამორჩილებას აზრი არ აქვს, რადგან ის მაინც გაგანადგურებს. 

დღეს ჩვენ რუსეთის „ომამდე“ მდგომარეობაში ვართ, აგენტებად შეგვრაცხეს, საერთაშორისო გრანტების მიღება აგვიკრძალეს, რაც მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი იყო, კითხვებზე პასუხს არ გვცემენ და ჩვენ სრულ მარგინალიზებას ცდილობენ, ტროტუარზე დგომისთვის გვაპატიმრებენ, სოციალურ ქსელში განწირული „ყვირილის“ გამო დაჭერით გვემუქრებიან. მიიღეს რუსული კანონი, ე.წ. FARA, შეიტანეს ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, ცვლილებები შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“... „ჩვენ სულ ვფიქრობდით, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?“ - ამბობს ერთ-ერთი ეპიზოდში ანა ნემცერი. ჩვენც ხომ სულ ამას ვიმეორებთ, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?! 

თუმცა, უარესი წინ არის, უარესი იმ სამყაროს გაქრობაა, რომლის შესახებაც ფილმის დასაწყისში გაგვაფრთხილა ავტორმა. საქართველოდანაც დაიწყო იმ ადამიანების გადინება, ვინც არა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, არამედ დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად მიდის ქვეყნიდან. ქართველი ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი მინიმალური ანაზღაურების ფასად მუშაობს იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგოს რეპრესიულ სისტემას და ამ ახალი ისტორიის დოკუმენტი შექმნას. დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობა ბრძოლაა, ისევე, როგორც ეს იყო „ჩემი არასასურველი მეგობრების“ გმირებისთვის. 

„მე რუსი ვარ და ნაწილობრივ პასუხისმგებლად ვგრძნობ თავს ყველაფერზე, რაც ჩემს ქვეყანას დაემართა. არც ერთმა ჩვენგანმა საკმარისი არ გააკეთა“, - ამბობს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო ფილმში. 

დღეს ჩვენც არ გვაქვს პასუხი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ უარესი არ იყოს?! ერთადერთი პასუხია დაუმორჩილებლობა, ამ რეპრესიული კანონებისა და რეგულაციების დაუმორჩილებლობა: ჩვენ არ დავრეგისტრირდით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, სატელევიზიო მედიის ჟურნალისტები თვეებია ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, არავინ შეარბილა ტონი, ყველა ეძებს გამოსავალს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და არ გაჩერდეს.

დღეს დაუმორჩილებლობაა წინააღმდეგობის ერთადერთი ფორმა, იმისათვის რომ ხვალ არ იყოს „ომი“, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ყველა თავისუფალ ხმას განდევნის და გაანადგურებს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
საქართველო ლამაზო


დაახლოებით ერთი თვის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა დამწყები კინორეჟისორის, სანდრო ტოგონიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ბელგიური ბოძები“. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელსაც ერთ-ერთ რეგიონში წასვლას და იქაურ აღმშენებლობასა და წინსვლაზე სიუჟეტის მომზადებას სთხოვენ. არ წასვლა სამსახურის დაკარგვის მიზეზი იქნება, წასვლა კი - საკუთარი პრინციპების ღალატი. ეს მოკლემეტრაჟიანი კინონაწარმოები იმ ტყუილსა და გამოგონილ რეალობაზეა, რომლის ნამდვილობაში ჩვენს დარწმუნებას პროპაგანდა უკვე დიდი ხანია ცდილობს. რეჟისორი იმ მახინჯ სისტემაზე მოგვითხრობს, რომელიც ამ მანკიერ ჯაჭვში ყველას ითრევს და საკუთარ ნაწილად აქცევს. უნდა იცრუო იმისათვის, რომ დირექტორმა ვალი მოიხადოს მთავრობასთან, გამგებელმა დამალოს მოპარული ფული, ჟურნალისტმა არ დაკარგოს სამსახური და მაყურებელმა დაიჯეროს, რომ ქვეყანა შენდება. სანდრო ტოგონიძის ნამუშევარი ზუსტად ასახავს იმ ტყუილის ნამდვილობას, რომელსაც გვაჩვენებს, რადგან ყველაზე მეტს იქ იტყუებიან, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. 

ყველაზე მეტად საქართველოს რეგიონებში უჭირთ, ამიტომაც პროპაგანდისტულ არხებზე რეგიონში მაცხოვრებელთა ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის და ყველაზე მეტად სწორედ, მათი ყოფის ფალსიფიკაცია ხდება. 

რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადიოდა ნოდარ ჩაჩანიძის გადაცემა - „რეგიონის ხმა“. ნოდარი რეგიონებში დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდა, მისი გადაცემა ყველაზე ზუსტად ასახავდა საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონში მაცხოვრებლების ხმა მართლაც ისმოდა ამ დაბალბიუჯეტიან გადაცემაში, რომელსაც არც ხმაურიანი ქუდი ჰქონდა, არც მაღალტექნოლოგიური გაფორმებები და არც მრავალრაკურსიანი კადრები. მიუხედავად ამისა, „რეგიონის ხმას“ არხზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ რეგიონშიც და ქალაქშიც მაყურებელი ეთერიდან საკუთარ ხმას, ანუ მის პრობლემებსა და მათზე მსჯელობას ელის. თავიანთ პრობლემებზე ყველაზე კარგად თავად საუბრობენ, უბრალოდ მათ ამის საშუალებას არავინ აძლევს. პირველ რიგში, მათ პრობლემებზე საუბარი, ცხადია, მათივე დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება.

„პირველ არხზე“, ყოველ კვირას, 21:00 საათზე, უკვე დიდი ხანია გადის გადაცემა - „მოამბე რეგიონები“, რომელიც ამბობს, რომ „ტელემაყურებელს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (სწორედ ასე წერია გადაცემის ანოტაციაში). სინამდვილეში კი, ის ყოველკვირეულად გვიყვება, რა ლამაზია ცხოვრება სოფლად. ვისაც საბჭოთა საქართველოში გვიცხოვრია და მაშინდელი „პირველი არხის“ დიქტორები და მათი ინტონაცია გვახსოვს, ყველაზე მეტად გვიჭირს „პირველი არხის“ დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებების ყურება, ეს ინტონაცია კი ყველაზე მძაფრად სწორედ ამ გადაცემაში - „მოამბე რეგიონები“ ისმის. 

საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ ერთი თვე, მაგალითად, მარტი და გადავხედოთ მის გამოშვებებს. გადაავლეთ თვალი მხოლოდ სათაურებს და მხოლოდ მათი მეშვეობითაც კი მიხვდებით - რომ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყერი, უკანასკნელი თვის გამოშვებების საერთო სურათი ლამაზი, მშვიდი, წყნარი და ბედნიერი იქნებოდა. პრობლემა, პრაქტიკულად, არსად იარსებებდა. 




და რას გვიამბობს 15 მარტის „მოამბე რეგიონები“ და მისი წამყვანი სოფელ კურსებში ჩამოწოლილ მეწყერსა და მის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე: „სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბი დაზარალებულების საჭიროებებს სწავლობს, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროებში გადაანაწილა, უკვე მეორე დღეა მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ, მცირეწლოვნებთან მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგიც“. ერთი სიტყვით, ჩამოწოლილი მეწყერის გამო კადრში ნაპრალებად ქცეული მიწის შეწებება და დანგრეული სახლების გამთლიანება ვერ შეძლეს, თორემ ისე მაქსიმალურად გაგვილამაზეს რეალობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ სტიქიაც კი ვერ იქცევა უბედურებად, თუკი ქვეყანას ძლიერი და ხალხზე მზრუნველი მთავრობა ჰყავს. (სხვაობის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ მედია გამოცემების „მაუწყებელისა“ და „მთის ამბების” მიერ მომზადებული მასალები.)

3 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, „მოამბე რეგიონები“ ისევ უბრუნდება სოფელ კურსებს და გვამცნობს, რომ „80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება“. მაგრამ არ ცდილობს გაარკვიოს, რა ელით ამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს? თუკი მათ ეკომიგრანტების სტატუსს მიანიჭებენ, რამდენს მიიღებენ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან (30 000-დან 50 000 ლარამდეა გათვალისიწინებული ) და რას შეძლებენ ამ თანხით? მაგრამ გადაცემის მიზანი არ არის დაზარალებული ადამიანების მომავალთან დაკავშირებით დასვას კითხვები, მათი მიზანია მაყურებელს აუწყონ, რომ „უსახლკაროდ დარჩენილები პირველ ეტაზე სასტუმროებში დააბინავეს, მათი დიდი ნაწილი ახლა ქირით ცხოვრობს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს“.  

როგორც ზემოთ გითხარით, სტიქია რომ არა, „მოამბე რეგიონების“ მთავარი თემები უფრო სასიამოვნო საკითხებს ეხება: „გემო ფესტი მესტიაში“, „ფრირაიდის კვირეული საქართველოში“, „ლამპრობა მულახში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში“, „ისტორიული აღმოჩენა რუსთავში“, „ზუგდიდის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები“, „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“ და ა.შ. ხშირად ამა თუ იმ საკითხის გასაშლელად სტუდიაში სპეციალური სტუმარიც მოდის და წარმატებული პროექტების შესახებ აი, ამ სტილში გვიამბობს. (გთხოვთ, იხილოთ ვიდეო).

29 მარტის გამოშვებაში ვნახეთ ვრცელი სიუჟეტი სახელწოდებით „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“, შემდეგ გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართელობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რომელმაც ამ სიუჟეტში მიმოხილულ წარმატებულ პროექტებზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა. 

„მოამბე რეგიონების“ შემოქმედებით ჯგუფს არ აინტერესებს და ამიტომ მასალასაც არ ამზადებს ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში ჩამონგრეული და ჩამოშლილი სასაფლაოების შესახებ, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვა. არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით ინტერესდება, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მის სოფლებს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ თემებზე ისევ მედია პლატფორმები „მაუწყებელი“ და „მთის ამბები“ მუშაობენ. 

კიდევ ერთი მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ „მოამბე რეგიონების“ შემოქმედებითი ჯგუფისთვის მტკივნეული პროექტებიც კი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში არსებული რამდენიმე ათეული სავაჭრო ჯიხურის, რესტორნის, კაფე-ბარის, კლუბისა თუ მაღაზიის დემონტაჟი რომ მოხდა, პირველად, 1 მარტს, ეს ამბავი ამგვარად გაშუქდა: „ზღვისპირა პარკში უნებართვოდ აშენებული და ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულების პირობებში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. უსახური შენობების დიდი ნაწილი უკვე აღებულია“. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც აზრს მხოლოდ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, ბულვარის დირექტორსა და პარტია „გირჩის“ ბათუმელ წევრს ეკითხება, თამამად აცხადებს, რომ ამ პროცესით უკმაყოფილო არავინაა.

ცოტა ხანში ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ ჩნდება არერთი პუბლიკაცია, რომელიც გვაჩვენებს, სინამდვილეში, რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები: ამისათვის მხოლოდ სათაურების წაკითხვაც კი საკმარისია. 


როგორც ჩანს, ამ უკამყოფილების ხმებმა „მოამბე რეგიონების” შემქმნელებამდეც მიაღწია, ამიტომ 5 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, გადაწყვიტეს ამ საკითხს დაუბრუნდნენ და ის კითხვები, რომელიც მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა, ბათუმის მერს დაუსვან. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პატივცემულმა გიორგი ცინცაძემ ყველა ეს ეჭვი, თითქოს რაიმე არასამართლიანად ხდება, გააქარწყლოს. 

თქვენ იკითხავთ და არ დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გადიოდეს გადაცემა - „მოამბე რეგიონები“ და იქ, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, არ მზადდებოდეს სიუჟეტი, სადაც რომელიმე რეგიონში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. მით უმეტეს, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს, ჯერ კიდევ არაერთი სოფელია გაზიფიცირების გარეშე, ბევრგან არ არის წყალი, მაღალმთიან სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. მათ შორის ამ რეგიონების მაცხოვრებლების მიერ დაფინანსებული „პირველი არხი“ კი  ხან „წრიული რბოლის ჩემპიონატის“ შესახებ გვიამბობს, ხან კი - გუდაურში აპრილის ხარისხიან თოვლზე.( იხილეთ ფოტო.)


უკანასკნელი თვე-ნახევრის სიუჟეტებს თუ გადაავლებთ თვალს, მხოლოდ ერთი იმედის მომცემი სათაურია: „ცხოვრება მაღალმთიან სოფელში“, რომელიც ეთერში 29 მარტს გავიდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების ამბავს მოგვითხრობს. სიუჟეტის დასაწყისში გვატყობინებენ, რომ ამ რეგიონის მაღალმთიან სოფლებში „გაზიფიცირება ვერ მოხერხდა“. სიუჟეტის ავტორის, ჟანა დიდებაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ აშკარად ჩანს მცდელობა, მიგვანიშნოს რომ გაზიფიცირების დაპირება არსებობდა, თუმცა სამწუხაროდ, სიუჟეტი ისე სრულდება, რომ არავის სთხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ „ვერ მოხერხდა“? 

მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ საბჭოთა წარსულშიც კეთდებოდა ასეთი „კრიტიკული“ სიუჟეტები, იმისთვის რომ ვინმეს ეჭვი არ შეჰპარვოდა ქვეყნის აღმშენებლობასა და საკუთარ კეთილდღეობაში. გთხოვთ, იხილოთ 1987 წელს მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ზესტაფონის რაიონის, სოფელ შროშაში გახსნილი გრანიტის საამქროს ხმაურით შეწუხებულ მოსახლეობაზეა და ამ სიტყვებით სრულდება: „აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარემ, არჩილ ჭანკვეტაძემ აღნიშნა, რომ საწარმოს გადატანა და ძირეული ტექნიკური გადაიარაღება მომავალი წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი. დიახ, მხოლოდ ნავარაუდევი. ვარაუდი კი მოგეხსენებათ გარანტიას სულაც არ ნიშნავს. მის იმედზე ყოფნა საწარმოს კოლექტივსაც გაუჭირდება და მობინადრეებსაც“. ამგვარ ტექსტს დღევანდელი „მოამბის“ წამყვანისა თუ ჟურნალისტისგან ვერ მოისმენთ. 






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?

„თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” - უზენაესი ძალის ამ დოქტრინალურ ფორმულირებას კაცობრიობის ნაწილი, მტკიცებულებებისა და ორ წყაროსთან გადამოწმების გარეშე, უპირობოდ და უსიტყვოდ, მინიმუმ ორი ათასი წელია ენდობა. 

ენდობა, აღიარებს და ადასტურებს, რომ სიტყვაა ღმერთი. 

თუმცა საუკუნეებგამოვლილი და ეჭვგარეშე აღიარების საპირისპიროდ, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ, ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში სდევნიან, სცემენ, უკანონოდ აპატიმრებენ და კლავენ სიტყვების გავრცელებისთვის, შეკითხვისთვის, ვარაუდის გამოთქმისთვის. ჟურნალისტობა დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე. 

სამართლიანი იქნება დაზუსტება, რომ ჟურნალისტიკა არ არის მუდმივად საშიში. საგანგაშოა ობიექტური გაშუქება ისეთი საკითხების, როგორიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა, ომი ან კორუფცია. ასეთ დროს ხდება დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია მსოფლიოში. რამდენადაც მაღალია მედიის გაჩუმების მცდელობა, იმდენად ჩანს, „ჟურნალისტები თხრიან იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები”. სხვა დანარჩენისთვის, არსებობს „სამთავრობო (და პროპაგანდისტული) მედია“.

გამონაკლისი არც საქართველოა.  

დღეს 2026 წლის 21 მარტია - ქართული ჟურნალისტიკის დღე. ყველაზე მძიმე და საშიში დრო გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის. უფრო ზუსტად, მძიმე დროა დამოუკიდებელი მედიისთვის და საშიში - ადამიანებისთვის. 

გაქვს პასუხები:

  • რატომ შეუჩერეს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიას?
  • რატომ სჯის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია?
  • რა დაემართა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას?
  • რატომ არის ციხეში მზია ამაღლობელი?
  • ვინ იმეტებდა სასიკვდილოდ გურამ როგავას?
  • რატომ სცემენ ხოლმე არჩევნების ან აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს?
  • რატომ ქრებიან ეკრანებიდან წამყვანები?
  • წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე?
  • უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?
  • შეგიძლია ცოდნის გარეშე მიხვიდე თავისუფლებამდე? 
  • როდის გრძნობ თავს დაცულად?
  • რას მოაქვს შენი თავისუფლება? 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ