საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება, აკრედიტაცია არ მისცა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ მედიას ამის მიზეზად ის დაუსახელა, რომ ამ ტელევიზიების ჟურნალისტები „მუდმივად არღვევდნენ შინაგანაწესს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“.
ანდრია ჯაღმაიძეს დამატებითი კითხვებით მიმართა „მედიაჩეკერმაც“, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.
„TV პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტების სვეტიცხოვლობაზე არდაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ გაავრცელა.
„საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამ დრომდე, ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედვად, არ გვაწვდის ბრძანებას, რომლის თანახმადაც TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი და Formula • ფორმულა ჟურნალისტების აკრედიტაციები ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაუქმდა.
დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, „თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა“ თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს.
ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო.
საპატრიარქოს ვთხოვეთ ბრძანება აკრედიტაციის გაუქმებაზე და ნორმა რას ეყრდნობა ეს ბრძანება, რაც არ მოგვაწოდა, როგორც გაირკვა ასეთი ბრძანება ამ დროისთვის (13 ოქტომბერი, 19:00 ) არც არსებობს.
რადგან ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება დაცულია კანონით, ხოლო შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ისიც გამონაკლის შემთხვევაში, გვაინტერესებს რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა ანდრია ჯაღმაიძის გადაწყვეტილება.
მიმოწერის დროს ანრია ჯაღმაიძემ მიზეზად დაასახელა, 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი, სადაც საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოაჯირის გადმოვარდნის დროს დაშავდნენ.
არ არსებობს იურდიული ძალის მქონე წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღო ტელეკომპანია პირველმა საპატრიარქოში მუშაობის წესების დარღვევის ან წესების ცვლილების შესახებ.
საინტერესოა რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“ - დაწერა მელაძემ სოციალურ ქსელში.
12 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე „მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე“ და სვეტიცხოვლის ეზოში დაიშვებიან „მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე და დამზადდება სახელობითი „ბეიჯები““. მათი ინფორმაციით, იგივე რეგულაციები შეეხება ფოტოგადაღებასაც.
მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციის მისაღებად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის უნდა მიემართათ.
საპატრიარქოს ინფორმაციით,
ხვალ „სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით,
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა
სინოდის წევრებთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საპატრიარქო
ტაძარში“ და მას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი
ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები
დაესწრებიან.
„მედიაჩეკერის“ მასალა მსგავს თემაზე:



