ფოტო: Le Républicain Lorrain
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ოქტომბერს, ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის ნიკოლას პრიმერსკის სარჩელი, რომლითაც ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვდა, არ დააკმაყოფილა. სააგენტომ ამ გადაწყვეტილებით, ფრანგი ფოტოგრაფისთვის ცოტა ხნით ადრე გაცემული მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოაცხადა. ფრანსის პრიმერსკი წლებია საქართველოში ცხოვრობს.
------------------------------------
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის
გაზაფხულზე ფრანსის პრიმერსკის აცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და საქართველოში მოკლევადიანი
ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 9 მარტამდე გაუგრძელა. თუმცა, 25
მარტის გადაწყვეტილებით, სააგენტომ პრიმერსკის მიმართ გამოცემული ეს
აქტი ძალადაკარგულად გამოაცხადა. ფრანგმა ფოტოგრაფმა აპრილში, სწორედ
ეს, მისთვის მინიჭებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის
გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლოში
გასაჩივრებულია ქვეყნის დასატოვებლად მიცემული ვადის გადავადებაზე
მიღებული უარიც.
------------------------------------------
„მოუთმენლად ველოდები სასამართლოს წერილობითი
გადაწყვეტილების მიღებას, რათა გავეცნო მის დასაბუთებას და ჩემს
ადვოკატთან ერთად განვიხილო გასაჩივრების შესაძლო გზები.
საქართველო უკვე ოც წელზე მეტია ჩემი ძირითადი საცხოვრებელი
ადგილია. ეს ულამაზესი ქვეყანა, რომლის მიმართაც ღრმა სიყვარული და
განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მაკავშირებს, ჩემი ცხოვრების განუყოფელ
ნაწილად იქცა. გაურკვევლობა იმის შესახებ, შევძლებ თუ არა აქ
დარჩენას, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.
მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ღირსეულად და შეუპოვრად
გავაგრძელო ეს ბრძოლა იმ იმედით, რომ შევძლებ აქ ჩემი მომავლის
შენებას გავაგრძელო, ამ ქვეყანაში, რომელიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია
ჩემი სახლია“, - დაწერა
დღეს, 13 ოქტომბერს, პრიმერსკიმ სოციალურ ქსელში.
მისი ადვოკატი, შორენა ლოლაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას განმარტავს,
რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლოს გამოცემულ
აქტში ფაქტობრივი გარემოება, თუ რა დაედო საფუძვლად ფრანგი
ფოტოგრაფისთვის გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის
გაუქმებას, მითითებული არ არის. მისი თქმით, მასში მხოლოდ კანონის ის
მუხლია მოყვანილი, რომელშიც ვკითხულობთ: „თუ იგი ახორციელებს
საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებას“.
როგორც ლოლაძე ამბობს, „საინტერესოა ის საკითხიც,
რომ კონკრეტულად რა ტიპის დასკვნა გასცა სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურმა, მხარისთვის უცნობია, რადგან იგი სახელმწიფო საიდუმლოებას
წარმოადგენს და მისი გაცნობის უფლება მხოლოდ სასამართლოს
აქვს“.
ფრანსის
პრიმერსკის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასასაჩივრებლად 14-დღიანი
ვადა აქვს, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან
აითვლება.
„მედიაჩეკერმა“ სცადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან დაკავშირებაც, გვაინტერესებდა, რა გახდა ფრანგი ფოტოგრაფისათვის გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაუქმების მიზეზი. სააგენტოსგან პასუხის მიღების შემთხვებაში მასალა შესაბამისად განახლდება.
„მედიაჩეკერის“ მასალები მსგავს თემაზე:
SJC-მა აფგან სადიგოვის გაძევებასთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოს მიმართა
უნგრელმა ჟურნალისტმა, ლასლო მეზეშიმ საქართველო დატოვა, მას გაძევება ემუქრებოდა



