WECF-ის ტრეინინგი კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტებისთვის
24.07.2024

ორგანიზაცია "ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 3-დღიან ტრეინინგს მართავს, რომელიც გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, კიბერ უსაფრთხოებასა და ჟურნალისტების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვას შეეხება.

მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა 28 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ.

ტრეინინგები 2024 წლის 2, 3 და 4 აგვისტოს გაიმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
„როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის“ - TI


„როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ისედაც დრაკონული წესი დამოუკიდებელი მედიის დევნის მექანიზმად არის ქცეული. როგორც TI წერს, სწორედ ამ წესის საფუძველზე, დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა კრიტიკული მედიის 15-მდე წარმომადგენელს შეუზღუდეს.

„წლებია, „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია, რომელიც ამხელს ყველა იმ დანაშაულებრივ სქემასა თუ კორუფციულ გარიგებებს, რომლებთანაც მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების სავარაუდო ჩართულობა ან/და კავშირები იკვეთება. „ოცნების“ გუნდს დისკოფორტს უქმნის ამგვარი თემების გარშემო დასმული ნებისმიერი კითხვა და მათზე პასუხების თავიდან არიდების მიზნით, ის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად აქტიურად იყენებს მისი გავლენების ქვეშ მყოფ ინსტიტუციებს, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, პარტიული დანამატის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში გვევლინებიან. ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ  ისინი რიგითი მოქალაქეეების გადასახადებით ფინანსდებიან და ვალდებულნი არიან უპასუხონ მათ მიმართ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვასაც კი. ამდენად, დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში არსებული ფორმალური წესების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კითხვების დასმის აკრძლვის ინსტრუმენად გადაქცევა.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ პროფესიული მოვალების შესრულება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობით სარგებლობა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, თავის მხრივ კი - ასევე „ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების კომისია მათ ბალანსის დარღვევისთვის სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უწესებს“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

რატომ უჩერებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო აკრედიტაციას კრიტიკულ ჟურნალისტებს? - ორგანიზაცია მასალაში მომხდარ შემთხვევებსაც აღწერს: 

  • „29 ივნისს, დეპუტატისთვის კითხვების დასმის გამო, პარლამენტში საქმიანობა 1 წლით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილისგან აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა მისი მეუღლე სააფთიაქო ქსელ „ავერსიდან“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირენელ კომისიაში, მას შემდეგ, რაც მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა.

  • 23 ივნისს, აგრეთვე დეპუტატისთვის შეკითხვების დასმის გამო, პარლამენტში აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს. იგი „ოცნების“ დეპუტატებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმის შესახებ უსვამდა კითხვას.

  • 22 ივნისს, იმავე მიზეზით, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერეს აგრეთვე „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ რა მისიით ჩამოდიან მათთან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რამზან კადიროვის „დაჯგუფების“ წევრები და ჩამოაქვთ თუ არა მათთან ოქრო არალეგალური გზებით.

  • 8 ივნისს, იმავე მიზეზით პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება 6 თვით აეკრძალა „ნოდარ მელაძის შაბათის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტს „ოცნების“ დეპუტატებისგან აინტერესებდა, თუ რატომ არ აქვთ მათ ზოგიერთ თანაგუნდელს - მაგალითად, ეკა ჭიჭინაძეს - წარდგენილი პარლამენტში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • მანამდე, მაისის თვეში, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადაზე ადრე გააუქმეს ონლაინგამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს. მათ საკანონმდებლო ორგანოში 4-4 აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. საპარლამენტო აკრედიტაციების გაუქმების მიზეზად ბოლო 10 კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა.

ამასთან, 26 ივნისს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის გასაშუქბელად, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს არც ერთჯერადი საშვი მისცეს“.

რას გულისხმობს საპარლამენტო აკრედიტაცია? 

პარლამენტში აკრედიტაციის წესი შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით არის დამტკიცებული. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში“ ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს. სწორედ აღნიშნული ნორმა აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების, აგრეთვე კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად. ნორმაზე მითითებით, ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს და საკანონმდელო ორგანოში საქამიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის ათობით წარმომადგენელს.

საგულისხმოა, რომ 2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ეროპარლამენტმა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პროპაგანდისტული, პროსამთავრობო „იმედს“ აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესსაც გადახედავდნენ. რაც იმთავითვე კრიტიკული მედიისადმი მუქარად იქნა აღქმული. დაპირებიდან მალევე, დაახლოებით 1 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“ აკრედიტაციის წესი მართლაც შეცვალა და მისი დარღვევისთვის სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ:

  • აკრედიტაციის წესის განმეორებითი დარღვევისთვის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების 6-თვიანი ვადა 1 წლამდე გაზარდა.

  • „დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით“, საპარლამენტო აკრედიტაცია, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ მედიასაც გაუუქმდეს, რომელსაც იგი წარმოადგენს.

  • პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით უჩერდება“.

    ორგანიზაცია სოლიდარობას გამოხატავს ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, „რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან შექმნილი მტრული სამუშაო გარემოს მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებს მის მოვალეობას და ინარჩუნებს პროფესიულ ღირსებას“. 




საია: „ფორმულასთან“ დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 10 000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

                                                                     

გუშინ, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობდა. მისი ადვოკატების განცხადების საფუძველზე, გოგა ხაინდრავას მიმართ „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. 
                                                                     

„ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას. მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა“

საია მიმოიხილავს იმ ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც ეს პრეცედენტი SLAPP-ად შეიძლება შეფასდეს: „კერძოდ, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული სამეფოს Anti-SLAPP Coalition-ისა და იურისტთა რეგულირების ორგანოს (SRA) შეფასებით, SLAPP-ის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი:

1) ძალთა დისბალანსი - მიუხედავად იმისა, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, ამასთანავე, პარალელურად დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიებაც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურისთვის დამატებითი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მედიაზე ზეწოლას და ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე.

2) უსაფუძვლო ან გაზვიადებული პრეტენზიები - სადავოა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სარჩელი რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

3) სასამართლო პროცესის, კანონების ან საპროცესო წესების ინსტრუმენტალიზაცია/ბოროტად გამოყენება - თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფინანსური სანქციები ხშირად გამოიყენება კრიტიკული მედიის ფინანსური დასუსტებისა და შეზღუდვის საშუალებად. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ზოგადად, საქართველოს რეალობაში, საერთო სასამართლოები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ასეთი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია ფორმულას არაერთხელ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ, ეს კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10’000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანის უფლებების უმწვავეს კრიზისში რეპრესიების სამიზნე სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა.

4) ერთი და იმავე ფაქტისა თუ საკითხის საფუძველზე რამდენიმე და კოორდინირებული სამართალწარმოება - “ფორმულას” წინააღმდეგ ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად ხდება ორი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება - სამოქალაქო დავა პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით და, სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით, რომელთან დაკავშირებითაც საიამ ასევე გააკეთა განცხადება. ასეთი მრავალმხრივი სამართლებრივი ზეწოლა დამახასიათებელია SLAPP-ისთვის, რადგან მისი მიზანია კრიტიკული მედიის ფინანსური და პროფესიული რესურსების გამოფიტვა და დაშინება.

5) სამიზნეა პუბლიკია, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს უკავშირდება - მოსარჩელემ სადავო გახადა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, საუბარია სუს-თან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო არაკანონიერ შემოყვანაზე. ეს საკითხი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და მიგრაციის პოლიტიკას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას“.

ამ ინდიკატორების გათვალისწინებით, როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, ნათელია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე დავა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით, SLAPP-ის მკაფიო ნიშნებს ატარებს. 

„საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, შეფასებებიც ადასტურებს, რომ მსგავსი საქმეები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევებს, არამედ ეს არის მედიაგარემოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილი“, - ვკითხულობთ საიას შეფასებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. მისი შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის მორიგ პრეცედენტს წარმოადგენს. 

„აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ატარებს SLAPP დავის ნიშნებს, სადაც მართლმსაჯულება საზოგადოებრივი მონაწილეობისა და კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. თავად მოსარჩელის განცხადება, რომ მიღებული ფულით მედიის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციას შექმნის, პირდაპირ მიუთითებს ამ დავის სადამსჯელო, რეპრესიულ მოტივზე. სამოქალაქო ჯარიმისა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პარალელური ამოქმედება კი ღიად აჩვენებს, რომ სახელმწიფო აპარატი სრულად არის მობილიზებული დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად.

ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი საგამოძიებო გუნდი და, ზოგადად, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, კოორდინირებული თავდასხმისა და შევიწროების სამიზნეები არიან სწორედ მათი დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. საჯარო ინტერესის მქონე თემებზე მუშაობის გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები და „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები ერთობლივად ებრძვიან თავისუფალ მედიას, რითაც ცდილობენ დააშინონ ჟურნალისტები და ქვეყანაში დაამკვიდრონ ცენზურა“, - წერს კოალიცია. 

„მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 3 მაისს აღინიშნება, „მედიის განვითარების ფონდმა“ და „მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი ტენდენციები შეაჯამა. 

„მედია, როგორც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი ხშირად ხდება ძალაუფლების მქონეთა სამიზნე. ინფორმაციული ავტოკრატიის პირობებში ეს გამოწვევები კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს ატარებს, როცა დეზინფორმაცია, მათ შორის გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული, ასევე დისკრედიტაციის კამპანიები და კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) მედიისა და ცალკეული ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული გარემოს შესაქმნელად გამოიყენება და იზოლირებული ხასიათი არ აქვს“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები. 

ანგარიშის მიხედვით, საკვლევ პერიოდში „მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული - 26 ვიზუალური მანიპულაცია იყო. ვიზუალური მანიპულაცია თავის მხრივ მოიცავდა ვიდეომანიპულაციისა (15) და ფოტო მანიპულაციის (11) შემთხვევებს. 

მკვლევრებმა გამოავლინეს თაღლითობის 6 შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების ვიზუალს მეტწილად სამედიცინო მედიკამენტების რეალიზების მიზნით იყენებდნენ. ასევე, გამოვლინდა მანიპულაციისა და უკონტექსტო შინაარსის გავრცელების - 4, დეზინფორმაციის - 3 და ჟურნალისტების სახელით და ჟურნალისტის წინააღმდეგ ციტატის გაყალბების 3 შემთხვევა:

„ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ტაქტიკები დივერსიფიცირებულია. ყველაზე ხშირად, ჟურნალისტების/მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება (12) ხდებოდა. ამასთანავე თითქმის თანაბრად გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და სლატშეიმინგის ტაქტიკა (11),  შედარებით ნაკლებად - თაღლითურ პოსტებში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად მეინსტრიმული მედიის ჟურნალისტების ვიზუალის გამოყენება ხდებოდა (6). დეზინფორმაციული და მანიპულალციური მასალები ჟურნალისტების წინააღმდეგ ასევე მოიცავდა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას (5), გაქილიკებას და შეურაცხადად გამოცხადებას (5), ორმაგ სტანდარტებში (4) და ერთ შემთხვევაში ჯაშუშობაში დადანაშაულებას“. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციული, მანიპულაციური შინაარსის ყველაზე ხშირი სამიზნე „ტვ პირველის“ ჟურნალისტები იყვნენ, ასევე პატიმრობაში მყოფი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და მისივე დაფუძნებული გამოცემები, რასაც პროპაგანდისტული ნარატივებიც ემატებოდა:

„დეზინფორმაციული და მანიპულაციური მასალები ასევე ვრცელდებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის სხვა მედიების მიმართ: „ფორმულა“, „მისმინე“, „კავკასია“, „მთავარი არხი“, „მთის ამბები“. ერთ შემთხვევაში კი სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2 გახდა. ფეისბუქზე გავრცელებულ თაღლითურ პოსტებში გამოყენებული ჟურნალისტები მეტწილად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებიდან (საზოგადაოებრივი მაუწყებლის „1 არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“) იყვნენ, ასევე „ევრონიუს საქართველოდან“ და ქვიარ-ფემინისტური გამოცემა „აპრილიდან„“. 



კვლევაში - „დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“ ცალკე თავი ეთმობა დეზინფორმაციას მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. მასში აღნიშნულია, რომ ამაღლობელი მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეც იყო, რასაც ანონიმური ფეისბუქ გვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც ერთვოდა: 

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ ბათუმელების დამფუძნებელი დამნაშავედ მანამ გამოაცხადა, ვიდრე სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანდა და ის პოლიციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნული ქმედება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მზია ამაღლობელს მისი რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან სასამართლომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა პირველივე სხდომაზე შეწყვიტა. 

მზია ამაღლობლის საქმეში პოლიტიკური მოტივების უარყოფის მიზნით მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო წილოსანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, სახელისუფლებო ტელე იმედის ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ჟურნალისტს დარღვეული უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მათ მიერ გავრცელებული, განმეორებადი გზავნილები იდენტური შინაარსის იყო და ამკვიდრებდა აზრს, რომ ეს ფაქტი საქმეში პოლიტიკური მოტივების არარსებობას ადასტურებდა, რადგან გარდაუვალი მარცხის თავიდან ასაცილებლად ამაღლობელმა საერთაშორისო მართლმსაჯულების შესაძლებლობებით არ ისარგბელა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის მზია ამაღლობელს ამ განცხადებების გაკეთებამდე გაცილებით ადრე ჰქონდა მიმართული, ხოლო 23 ივნისიდან სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარესთან - საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდა დაწყებული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები მანიპულაციურად აშუქებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე გერმანიის ელჩის განცხადებასა (Postv) და ინფორმაციას გერმანიაში ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით (ტვ იმედი). გაშუქება მიზნად ისახავდა დაემკვიდრებინა აზრი, რომ ამაღლობელის საქმის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა დაუსაბუთებელი და საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების გამოვლინება იყო“. 

ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სოციალურ მედიაში კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც (CIB) გამოვლინდა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, ანონიმური ფეისბუქ გვერდები ამაღლობელის დისკრედიტაციას სხვადასხვა პოსტებით, მათ შორის გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, ყალბი ანგარიშები ონლაინ გამოცემების: „ინტერპრესნიუსის“, News.on.ge-ის და Tabula-ს კომენტარებში აქტიურობდნენ და ჟურნალისტის შესახებ ნეგატიურ კომენტარებსა და რეაქციებს ტოვებდნენ. გარდა ამისა, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ერთ-ერთი ტროლის კომენტარებს სახელისუფლებო მედიაც („კვირა“, „რეპორტიორი“, news-hub, „პრაიმ-ტაიმი“) კოორდინირებულად ციტირებდა: „ნიშანდლობლივია, რომ აღნიშნულ ანგარიშს რამდენიმე სახელი და ფოტო აქვს გამოცვლილი, მათ შორის სხვისი კუთვნილი და მედიაშიც განსხვავებული ვიზუალით და სახელით არის ციტირებული“. 

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებების მიმართ უნდობლობის გაღვივება მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. ამ პროცესში კი როგორც სახელისუფლებო მედიები, ისე ანონიმური ფეისბუქ ანგარიშებიც არიან ჩართულნი. ხელისუფლების სამიზნე აღმოჩნდა საერთაშორისო მედიაც იმ ორი ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელიც ერთ შემთხვევაში - ხელისუფლების ქმედებებს, მეორე შემთხვევაში კი სახელისუფლებო „ტელეიმედის“ ყოფილი მფლობელის საქმიანობას შეეხებოდა. 

გენდერული დეზინფორმაცია და სლატშეიმინგი - ანგარიშის კიდევ ერთი ქვეთავია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალი ჟურნალისტების წინააღმდეგ გენდერული დეზინფორმაციის და სლატშეიმინგის გამოყენება წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა:

„თუმცა, თუ ადრე ამ მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშები იყენებდნენ, წელს გამოიკვეთა შემთხვევა, როცა ჟურნალისტის და აქტივისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო სექსუალურ დანაშაულებსა და ტრეფიკინგში მხილებულ, ამერიკელ ბიზნესმენ, ჯეფრი ეპსტინთან ერთად “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიის წევრის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიზუალი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ მის მიერ სასამრთლოში შეტანილ სარჩელზე ინფორმაციის ილუსტრაციად იყო გამოყენებული, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა კი („რუსთავი 2”, „პოსტვ”, „იმედი” და საინფორმაციო სააგენტო „ჯორჯიან თაიმსი”) ის უცველად და უკრიტიკოდ გააშუქეს ჟურნალისტის მორალური განსჯის მიზნით“.

კვლევის მიხედვით, ჟურნალისტების სლატშეიმინგის და სექსუალიზაციის მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ანგარიშები მიმართავდნენ, რომლებიც მედიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის ამოცანასაც ასრულებდნენ: „ასეთი ფეისბუქ გვერდები ჟურნალისტების ცალკეული ფრაზების მანიპულაციური დამონტაჟებით და უკონტექსტოდ გავრცელებით მათ სექსუალიზაციას ახდენდნენ. ამ მხრივ ერთ-ერთი სამიზნე ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია იყო, რომლის სიტყვებს არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით მანიპულაციური მონტაჟის შედეგად სექსუალური კონოტაცია ეძლეოდა, მეორე შემთხვევაში კი მისი სექსუალური ორიენტაციის ეჭვქვეშ დაყენება ხდებოდა.

ჟურნალისტების სლატშეიმინგის მიზნით ფოტოფაბრიკაციის მეთოდიც გამოიყენებოდა და ყველაზე ხშირი სამიზნე ამ მხრივ ტვ პირველის ჟურნალისტი და აქტივისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, რომლის სექსუალურ ობიექტივიზაციას და მრუშობით შერცხვენას ანონიმური ფეისბუქ გვერდები და სხვადასხვა ანგარიშები მიმართავდნენ. გარკვეულ შემთხვევებში ასეთი შინაარსის პოსტების კოორდინირებული გავრცელების ტენდენციაც იკვეთებოდა“.  

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს გახშირდა ფინანსური სარგებლის მიღების ან პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით თაღლითურ მასალებში ჟურნალისტების ვიზუალის გამოყენების პრაქტიკა, რასაც ინფორმაციის სანდოდ წარმოჩენის მიზნით მიმართავენ. გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობაში კი ხმის ხელოვნური ინტელექტით დამუშავების ტენდენცია გამოვლინდა.  



კვლევის ბოლო ნაწილში განხილულია დეზინფორმაცია/მანიპულაციის წყაროებიც. ავტორები წერენ, რომ მედიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალების გავრცელებაში მეტწილად ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური ფეისბუქ გვერდები ფიგურირებენ, რომელთა ნაწილი სახელწოდებიდან გამომდინარე ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით არის შექმნილი, ზოგის სახელწოდებაში „მედია“ ფიგურირებს, ზოგიერთში კი - მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი. 

„ჟურნალისტების და მედიის მიმართ მტრული რიტორიკის გარდა, რამდენიმე შემთხვევაში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია მმართველი პარტიის დეპუტატებმა თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმაც გაავრცელეს, ასევე სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედის ყოფლმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ. მედიის წინააღმდეგ სახელისულებო დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გავრცელებაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები („იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“) და ონლაინ მედიებიც („ნიუსჰაბი“, „მარშალპრესი“, INFO9, Exclusive Media, „დაიჯესტი“, The Georgian Times) იყვნენ ჩართულნი“, - ვკითხულობთ კვლევაში. 

კვლევა „დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“ ვრლად, კონკრეტული მაგალითებით იხილეთ აქ. 




თინა ბერძენიშვილს საზმაუს დირექტორობა მეორე ვადითაც სურს


თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა. ბერძენიშვილს „პირველი არხის“ დირექტორობა მეორე ვადითაც სურს.


დღეს კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. ამ ეტაპზე სამეურვეო საბჭოს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შერჩევის საფუძველზე, მე-2 ტურში გასული კანდიდატები უნდა გამოევლინა. თინათინ ბერძენიშვილის შემდეგ ტურში გადასვლას მხარი დღევანდელ სხდომაზე მყოფი სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან რვამ დაუჭირა. 

მეორე ეტაპზე, რომელიც 29 ივლისს ჩატარდება, თინათინ ბერძენიშვილთან გასაუბრება გაიმართება. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის ხედვაც უნდა წარადგინოს. სამეურვეო საბჭო „პირველი არხის“ გენერალურ დირექტორს ამავე დღეს აირჩევს.  

თინათინ ბერძენიშვილს 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არ არის ჩანაწერი, რომელიც „პირველი არხის“ მოქმედ დირექტორს კონკურსში მონაწილეობას ან/და მეორე ვადით არჩევას უზღუდავს.  

2026 წლის 1 იანვრიდან ბერძენიშვილი შრომის ანაზღაურება ხელზე ასაღები 15 000 ლარია. 

                                                          

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წელს სამსახურიდან გაათავისუფლა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძეც. არხი „რეპუტაციის შემლახავი“ განცხადებების გავრცელების საყვედურობს და ხელფასს უქვითავს თანამშრომლებსაც.  
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2025 წლის ანგარიშში. „მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გასული წლის შეფასებისას აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. მთავრობის ჩარევაზე ვკითხულობთ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის ანგარიშშიც
„რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?!“ - წაიკითხეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები, რომელიც „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ 2025 წელს მოამზადა. 
გაეცანით კვლევასაც - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“. 
 
„გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა „ქართული ოცნებისთვისაც“ უპრეცენდენტოა“, - ქარტია



„ქარტია გმობს „ქართული ოცნების“ სადამსჯელო ზომებს ტელეკომპანია „ფორმულას“, ვახო სანაიას და მისი სხვა ჟურნალისტების მიმართ“, - „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის, ვახო სანაიას დაკავებას გმობს და ტელევიზიის გარშემო ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება

„22 ივლისს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას. ჟურნალისტს ხელბორკილები დაადეს ფეისბუქ პოსტების გამო, რომლებშიც მან არანორმატიული ლექსიკა გამოიყენა. პატიმრობას წინ უძღოდა მაღალი ჯარიმა, 6,000 ლარი, მსგავსი პოსტისათვის. ვახო სანაიას წინააღმდეგ საპატიმრო სასჯელი გამოიყენეს 2025 წლის ოქტომბერშიც, როცა მას ბრალად „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“ წაუყენეს - მაშინ ჟურნალისტმა საპატიმროში 6 დღე დაჰყო. 

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა „ქართული ოცნებისთვისაც“ უპრეცენდენტოა -  საქართველოში ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობით პირველად დაისაჯა. თუმცა ეს შემთხვევა, სამწუხაროდ,  ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა ჯაჭვში მხოლოდ ერთ-ერთია. „ქართული ოცნება“ უკვე რა ხანია მიზანმიმართულად ცდილობს ტელეკომპანიის დასუსტებას. შემზღუდველი კანონების შედეგად ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშ მყოფ ტელეკომპანიას უწევს რომ შეტევა შეტევაზე მოიგერიოს.

17 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ 5,000 ლარით დააჯარიმა, მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ ეხება, საფუძველზე. კანონის ამ მუხლს კომუნიკაციების კომისია ყველაზე ხშირად იყენებს კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ, რათა მათ ახალი ამბების პროგრამებში ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის ედავოს, როგორებიცაა „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ქართული ოცნების პროკურატურა“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“ და სხვა. მსგავსი ტერმინების, მათ შორის, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „რეჟიმის სასამართლო“, გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია მანამდეც, 21 მაისს, 2,500 ლარით დააჯარიმა. უფრო ადრე კი, 8 აპრილს, კომისიამ „ფორმულა“, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, იმავე მიზეზით გააფრთხილა. მოქმედი კანონმდებლობა კომისიას საშუალებას აძლევს, შემდეგ ჯერზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ავტორიზაცია შეუჩეროს, ხოლო 3 თვის ვადაში პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ის საერთოდაც შეუწყვიტოს (მუხლი 73).

14 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას, სარჩელი „შაბათის ფორმულაში“ 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასული რეპორტაჟების თაობაზე, და „ფორმულა“ მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10,000 ლარით დააჯარიმა.

პარალელურად, 2026 წლის 17 იანვარს გასული სიუჟეტის გამო, გამოძიებას აწარმოებს პროკურატურაც ცრუ დასმენის მუხლით, „ფორმულას“ მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. სადავო სიუჟეტში წყარო ამბობს, რომ ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოჰყავდა ანგარებით, თანხის სანაცვლოდ. პროკურატურამ უკვე გამოკითხა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე და ოპერატორი მიშო მარტაშვილი. 

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს და საუკეთესო პრაქტიკას.

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონი სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცია, ხოლო კომუნიკაციების კომისია, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი უნდა იყოს, პარტიული ხაზის გამტარებლად და ცენზორად. „ქართული ოცნების“ სამსახურში დგას სასამართლოც და პროკურატურაც.

საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, რომ ვახო სანაია ისჯება არა კონკრეტული პოსტების, არამედ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა და დაუმორჩილებლობის გამო. „ქართული ოცნება“ მისადმი დაქვემდებარებული ინსტიტუციების მეშვეობით ლახავს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს სარედაქციო პოლიტიკაზე. ასევე იოლად იკითხება „ქართული ოცნების“ განზრახვა, მართლმსაჯულება საზოგადოებრივი მონაწილეობის წინააღმდეგ და იმ მედიის შესავიწროებლად გამოიყენოს, რომელიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემებს აშუქებს.

ორმაგი სტანდარტები მართლმსაჯულებაში, ცენზურა, უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და საპატიმრო სასჯელები ერთობლიობაში ქმნის რეპრესიულ გარემოს, აფერხებს მედიის ფუნქციონირებას, ასუსტებს თვითრეგულირების როლს და საზოგადოებას ართმევს უფლებას, იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას შაბათის“ გუნდსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ თითოეულ თანამშრომელს - „ადამიანებს, რომლებიც უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, პროფესიის ერთგულნი რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობას“.


„ვახო სანაიასთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს“ - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ვახო სანაიასთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

დღეს, 22 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტით „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული ოცნებისა და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ“.

როგორც საია წერს, „ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შეაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს. გამოყენებული სანქციების სიმძიმე, გამოხატვის კონტროლის მასშტაბი და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოხატვის კონტექსტისა და პოლიტკურ დისკუსიაში მისი როლის უგულებელყოფა საზოგადოებაში ცენზურის ფონს ქმნის, მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება და უხეშად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას“. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ გამოხატვის ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის გამო ვახო სანაიას პატიმრობა მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოსა და კონკრეტულად „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმართული ისეთი რეპრესიული ზომების ფონზე ხდება, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სამოქალაქო სარჩელი/სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე საქმეზე, პარალელურად, ცრუ დასმენის მუხლით სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება „ფორმულას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო.

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“. 

„“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

სანაიასთვის Facebook-პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარებიც. „ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის პატრონებსაც კი გადაუსწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“, - დაწერა რასა იუკნევიჩიენემ. კშიშტოფ ბრეიზამ კი ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაფართოების ევროკომისარს - მარტა კოსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს - კაია კალასს მიმართა: „„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში მკაცრი და გადამწყვეტი მოქმედებების დროა!“

ვახო სანაია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ სახლთან დააკავეს. ის ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვას არ ესწრებოდა. სანაიასთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. ეს სამმართველო ფუნქციონირებას 1 ივნისს შეუდგა. 



„გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. როგორც მინდა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ. სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდები, ტყუილად აქვთ ამის ილუზია“, - თქვა ვახო სანაიამ დაკავებამდე ცოტახნით ადრე. 

შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 10 ივლისს, ვახო სანაია 6000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა. 

 

 
 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
როდის იქნება „ომი“ ?

 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა დოკუმენტური ფილმი - „ჩემი არასასურველი მეგობრები - ნაწილი I, უკანასკნელი ჰაერი მოსკოვში”, რომლის ავტორიც ამერიკაში მცხოვრები რუსი დოკუმენტალისტი იულია ლოკტევაა. ის მოსკოვში 2021 წელს ჩავიდა, მისი მეგობრების, ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტების ყოველდღიური ცხოვრებისა და მუშაობის გადასაღებად, რაც იმ პერიოდში უკვე არამხოლოდ პროფესიული ვალდებულების შესრულება, არამედ ბრძოლა იყო. 2021 წელს რუსეთში უკვე ბევრი პოლიტპატიმარია, „დოჟდის“ ჟურნალისტები კი - „არასასურველი ორგანიზაციის“ წევრები და „უცხოური აგენტები“. 

5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაყურებელი ამ ჟურნალისტებს აკვირდება, მათ ცხოვრებას სახლში, ქუჩაში, აქციებზე, მანქანაში, შვილებთან, მეგობრებთან ერთად და ცხადია, სამსახურში. ამ ხნის განმავლობაში ის თითქოს ფილმის გმირებთან ერთად ცხოვრობს, ხუმრობს, იცინის, ტირის, ნერვიულობს…  და რაც მთავარია, ყველაზე ხშირად სვამს კითხვას: „ნეტავ როდის დადგება დრო, როდესაც მივხვდებით, რომ უნდა წავიდეთ?!“ მასზე პასუხი ჯერ არავის აქვს, რადგან, მიუხედავად არაერთი რეპრესიული კანონისა, ჯერ ისევ შეუძლიათ თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულება. ამიტომ ჯერ ისევ ცხოვრობენ, იბრძვიან, მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! 

უკანასკნელ პერიოდში ნანახი დოკუმენტური ფილმებიდან, რომელნიც ბელარუს ან რუს აქტივისტებს, უფლებადამცველებსა თუ ჟურნალისტებს ეხებათ, ყველაზე დამთრგუნველი იმაზე დაკვირვებაა, რამდენად ჰგავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს და არა მხოლოდ ფაქტები, არამედ შეგრძნებებიც, მოქმედებებიც, ასოციაციებიც, სიტყვებიც…უყურებ და ფიქრობ, რომ ეს ფილმი შენ შესახებ არის. 

ერთ-ერთ ეპიზოდში სონია გროისმანი ჰყვება, ღამის 4 საათზე სადარბაზოს კარზე დარეკილი ზარის შემდეგ როგორ დაიწყო ჩანთის ჩალაგება, შედარებით მოსახერხებელი საცვლები გაამზადა. მაისურები, შარვალი ჩანთაში ჩადო და ელოდა. სადარბაზოს კარს არ აღებდა, თუ პოლიციაა (და დარწმუნებული იყო, რომ მის დასაპატიმრებლად მივიდნენ), ისედაც შეაღწევდნენ. როდესაც გაარკვევს, რომ სინამდვილეში, შეცდომით მისული კურიერია, სიცილით ამბობს, რომ კარგი გაკვეთილი იყო, რადგან კომფორტული „ტრუსიკების“ ძებნა კი არ უნდა დაეწყო, არამედ კომპიუტერი უნდა გაესუფთავებინა და მომავლისთვის ეს აუცილებლად ეცოდინება. ამ ამბავს სიცილით ჰყვება და მეც მახსენდება ჩემი ჩალაგებული ჩანთა, კომფორტული საცვლებით, შარვლით, მაისურებით, რომელიც მთელი ზამთარი საძინებელში მედო და ვუყურებდი. 



სრულიად იდენტურია ასოციაციები, რომელიც ფილმის გმირებს ღამით სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებისას ჰქონდათ. მოვიდნენ! ასე იყო ჩვენი მშობლების თუ წინაპრების დროს, როდესაც მაშინდელი НКВД, „ჩეკისტები“ აუცილებლად ღამით აკითხავდნენ სახლებში, იწყებდნენ ჩხრეკას და გადაჰყავდათ იზოლატორებში, როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუშები ან სამშობლოს მოღალატეები. 

ჩვენი სოლიდარობა რომ გულს გვიჩუყებს, იქაც ასე იყო. დაკავებული ჟურნალისტის მოლოდინში გარეთ, მოსკოვის ზამთარში მომლოდინე მეგობრებს ერთი საკუთარ სახლს სთავაზობს გასათბობად, მეორე - მანქანას, მესამეს საჭმელი მიაქვს… და ეს სრულიად უცხო ადამიანები არიან, რომელთაც საერთო იდეა და მიზანი აქვთ. 

ასეთ დროს ხედავ, რომ არა მხოლოდ დიქტატურის ბუნებაა იდენტური, არამედ მასთან მებრძოლი ადამიანებისაც

დავუბრუნდეთ ფილმს და მის გმირებს. 

დასაწყისში ავტორი გვაფრთხილებს, რომ „სამყარო, რომელსაც ვნახავთ, აღარ არსებობს“. ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში აღარ არიან ფილმის მოქმედი გმირები. ის ცხოვრება, რომელიც არსებობდა, გაქრა. 

„მე რატომ უნდა წავიდე? მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისინი წავიდნენ!“ - ფილმის გმირებიც ზუსტად ისე ამბობენ, როგორც ჩვენ. მათთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომი გახდა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ორად ორი არჩევანი დარჩა: სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება ან გაქცევა. 

ამ ტექსტის სათაურია - „როდის იქნება ომი?“ და ომში აქ არა რუსეთის უკრაინზე თავდასხმა იგულისხმება, არამედ ის მომენტი, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უკვე არა შეზღუდვებითა თუ რეპრესიული კანონებით, არამედ პირდაპირ წამოვა ჩვენს გასანადგურებლად და არანაირი ლავირების საშუალებას არ დაგვიტოვებს. 

რუსეთის მაგალითი ბევრს გვასწავლის.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე „დოჟდის“ ჟურნალისტებმა მოასწრეს მუშაობა, ცდილობდნენ სიტყვა „ომი“ არ წარმოეთქვათ, ღიად არ დაედანაშაულებინათ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შენს განადგურებას ისახავს მიზნად, მათი წესების მიღებასა და დამორჩილებას აზრი არ აქვს, რადგან ის მაინც გაგანადგურებს. 

დღეს ჩვენ რუსეთის „ომამდე“ მდგომარეობაში ვართ, აგენტებად შეგვრაცხეს, საერთაშორისო გრანტების მიღება აგვიკრძალეს, რაც მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი იყო, კითხვებზე პასუხს არ გვცემენ და ჩვენ სრულ მარგინალიზებას ცდილობენ, ტროტუარზე დგომისთვის გვაპატიმრებენ, სოციალურ ქსელში განწირული „ყვირილის“ გამო დაჭერით გვემუქრებიან. მიიღეს რუსული კანონი, ე.წ. FARA, შეიტანეს ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, ცვლილებები შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“... „ჩვენ სულ ვფიქრობდით, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?“ - ამბობს ერთ-ერთი ეპიზოდში ანა ნემცერი. ჩვენც ხომ სულ ამას ვიმეორებთ, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?! 

თუმცა, უარესი წინ არის, უარესი იმ სამყაროს გაქრობაა, რომლის შესახებაც ფილმის დასაწყისში გაგვაფრთხილა ავტორმა. საქართველოდანაც დაიწყო იმ ადამიანების გადინება, ვინც არა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, არამედ დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად მიდის ქვეყნიდან. ქართველი ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი მინიმალური ანაზღაურების ფასად მუშაობს იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგოს რეპრესიულ სისტემას და ამ ახალი ისტორიის დოკუმენტი შექმნას. დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობა ბრძოლაა, ისევე, როგორც ეს იყო „ჩემი არასასურველი მეგობრების“ გმირებისთვის. 

„მე რუსი ვარ და ნაწილობრივ პასუხისმგებლად ვგრძნობ თავს ყველაფერზე, რაც ჩემს ქვეყანას დაემართა. არც ერთმა ჩვენგანმა საკმარისი არ გააკეთა“, - ამბობს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო ფილმში. 

დღეს ჩვენც არ გვაქვს პასუხი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ უარესი არ იყოს?! ერთადერთი პასუხია დაუმორჩილებლობა, ამ რეპრესიული კანონებისა და რეგულაციების დაუმორჩილებლობა: ჩვენ არ დავრეგისტრირდით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, სატელევიზიო მედიის ჟურნალისტები თვეებია ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, არავინ შეარბილა ტონი, ყველა ეძებს გამოსავალს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და არ გაჩერდეს.

დღეს დაუმორჩილებლობაა წინააღმდეგობის ერთადერთი ფორმა, იმისათვის რომ ხვალ არ იყოს „ომი“, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ყველა თავისუფალ ხმას განდევნის და გაანადგურებს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
საქართველო ლამაზო


დაახლოებით ერთი თვის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა დამწყები კინორეჟისორის, სანდრო ტოგონიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ბელგიური ბოძები“. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელსაც ერთ-ერთ რეგიონში წასვლას და იქაურ აღმშენებლობასა და წინსვლაზე სიუჟეტის მომზადებას სთხოვენ. არ წასვლა სამსახურის დაკარგვის მიზეზი იქნება, წასვლა კი - საკუთარი პრინციპების ღალატი. ეს მოკლემეტრაჟიანი კინონაწარმოები იმ ტყუილსა და გამოგონილ რეალობაზეა, რომლის ნამდვილობაში ჩვენს დარწმუნებას პროპაგანდა უკვე დიდი ხანია ცდილობს. რეჟისორი იმ მახინჯ სისტემაზე მოგვითხრობს, რომელიც ამ მანკიერ ჯაჭვში ყველას ითრევს და საკუთარ ნაწილად აქცევს. უნდა იცრუო იმისათვის, რომ დირექტორმა ვალი მოიხადოს მთავრობასთან, გამგებელმა დამალოს მოპარული ფული, ჟურნალისტმა არ დაკარგოს სამსახური და მაყურებელმა დაიჯეროს, რომ ქვეყანა შენდება. სანდრო ტოგონიძის ნამუშევარი ზუსტად ასახავს იმ ტყუილის ნამდვილობას, რომელსაც გვაჩვენებს, რადგან ყველაზე მეტს იქ იტყუებიან, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. 

ყველაზე მეტად საქართველოს რეგიონებში უჭირთ, ამიტომაც პროპაგანდისტულ არხებზე რეგიონში მაცხოვრებელთა ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის და ყველაზე მეტად სწორედ, მათი ყოფის ფალსიფიკაცია ხდება. 

რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადიოდა ნოდარ ჩაჩანიძის გადაცემა - „რეგიონის ხმა“. ნოდარი რეგიონებში დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდა, მისი გადაცემა ყველაზე ზუსტად ასახავდა საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონში მაცხოვრებლების ხმა მართლაც ისმოდა ამ დაბალბიუჯეტიან გადაცემაში, რომელსაც არც ხმაურიანი ქუდი ჰქონდა, არც მაღალტექნოლოგიური გაფორმებები და არც მრავალრაკურსიანი კადრები. მიუხედავად ამისა, „რეგიონის ხმას“ არხზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ რეგიონშიც და ქალაქშიც მაყურებელი ეთერიდან საკუთარ ხმას, ანუ მის პრობლემებსა და მათზე მსჯელობას ელის. თავიანთ პრობლემებზე ყველაზე კარგად თავად საუბრობენ, უბრალოდ მათ ამის საშუალებას არავინ აძლევს. პირველ რიგში, მათ პრობლემებზე საუბარი, ცხადია, მათივე დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება.

„პირველ არხზე“, ყოველ კვირას, 21:00 საათზე, უკვე დიდი ხანია გადის გადაცემა - „მოამბე რეგიონები“, რომელიც ამბობს, რომ „ტელემაყურებელს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (სწორედ ასე წერია გადაცემის ანოტაციაში). სინამდვილეში კი, ის ყოველკვირეულად გვიყვება, რა ლამაზია ცხოვრება სოფლად. ვისაც საბჭოთა საქართველოში გვიცხოვრია და მაშინდელი „პირველი არხის“ დიქტორები და მათი ინტონაცია გვახსოვს, ყველაზე მეტად გვიჭირს „პირველი არხის“ დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებების ყურება, ეს ინტონაცია კი ყველაზე მძაფრად სწორედ ამ გადაცემაში - „მოამბე რეგიონები“ ისმის. 

საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ ერთი თვე, მაგალითად, მარტი და გადავხედოთ მის გამოშვებებს. გადაავლეთ თვალი მხოლოდ სათაურებს და მხოლოდ მათი მეშვეობითაც კი მიხვდებით - რომ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყერი, უკანასკნელი თვის გამოშვებების საერთო სურათი ლამაზი, მშვიდი, წყნარი და ბედნიერი იქნებოდა. პრობლემა, პრაქტიკულად, არსად იარსებებდა. 




და რას გვიამბობს 15 მარტის „მოამბე რეგიონები“ და მისი წამყვანი სოფელ კურსებში ჩამოწოლილ მეწყერსა და მის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე: „სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბი დაზარალებულების საჭიროებებს სწავლობს, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროებში გადაანაწილა, უკვე მეორე დღეა მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ, მცირეწლოვნებთან მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგიც“. ერთი სიტყვით, ჩამოწოლილი მეწყერის გამო კადრში ნაპრალებად ქცეული მიწის შეწებება და დანგრეული სახლების გამთლიანება ვერ შეძლეს, თორემ ისე მაქსიმალურად გაგვილამაზეს რეალობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ სტიქიაც კი ვერ იქცევა უბედურებად, თუკი ქვეყანას ძლიერი და ხალხზე მზრუნველი მთავრობა ჰყავს. (სხვაობის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ მედია გამოცემების „მაუწყებელის“ და „მთის ამბების” მიერ მომზადებული მასალები.)

3 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, „მოამბე რეგიონები“ ისევ უბრუნდება სოფელ კურსებს და გვამცნობს, რომ „80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება“. მაგრამ არ ცდილობს გაარკვიოს, რა ელით ამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს? თუკი მათ ეკომიგრანტების სტატუსს მიანიჭებენ, რამდენს მიიღებენ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან (30 000-დან 50 000 ლარამდეა გათვალისიწინებული ) და რას შეძლებენ ამ თანხით? მაგრამ გადაცემის მიზანი არ არის დაზარალებული ადამიანების მომავალთან დაკავშირებით დასვას კითხვები, მათი მიზანია მაყურებელს აუწყონ, რომ „უსახლკაროდ დარჩენილები პირველ ეტაზე სასტუმროებში დააბინავეს, მათი დიდი ნაწილი ახლა ქირით ცხოვრობს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს“.  

როგორც ზემოთ გითხარით, სტიქია რომ არა, „მოამბე რეგიონების“ მთავარი თემები უფრო სასიამოვნო საკითხებს ეხება: „გემო ფესტი მესტიაში“, „ფრირაიდის კვირეული საქართველოში“, „ლამპრობა მულახში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში“, „ისტორიული აღმოჩენა რუსთავში“, „ზუგდიდის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები“, „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“ და ა.შ. ხშირად ამა თუ იმ საკითხის გასაშლელად სტუდიაში სპეციალური სტუმარიც მოდის და წარმატებული პროექტების შესახებ აი, ამ სტილში გვიამბობს. (გთხოვთ, იხილოთ ვიდეო).

29 მარტის გამოშვებაში ვნახეთ ვრცელი სიუჟეტი სახელწოდებით „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“, შემდეგ გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართელობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რომელმაც ამ სიუჟეტში მიმოხილულ წარმატებულ პროექტებზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა. 

„მოამბე რეგიონების“ შემოქმედებით ჯგუფს არ აინტერესებს და ამიტომ მასალასაც არ ამზადებს ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში ჩამონგრეული და ჩამოშლილი სასაფლაოების შესახებ, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვა. არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით ინტერესდება, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მის სოფლებს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ თემებზე ისევ მედია პლატფორმები „მაუწყებელი“ და „მთის ამბები“ მუშაობენ. 

კიდევ ერთი მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ „მოამბე რეგიონების“ შემოქმედებითი ჯგუფისთვის მტკივნეული პროექტებიც კი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში არსებული რამდენიმე ათეული სავაჭრო ჯიხურის, რესტორნის, კაფე-ბარის, კლუბისა თუ მაღაზიის დემონტაჟი რომ მოხდა, პირველად, 1 მარტს, ეს ამბავი ამგვარად გაშუქდა: „ზღვისპირა პარკში უნებართვოდ აშენებული და ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულების პირობებში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. უსახური შენობების დიდი ნაწილი უკვე აღებულია“. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც აზრს მხოლოდ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, ბულვარის დირექტორსა და პარტია „გირჩის“ ბათუმელ წევრს ეკითხება, თამამად აცხადებს, რომ ამ პროცესით უკმაყოფილო არავინაა.

ცოტა ხანში ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ ჩნდება არერთი პუბლიკაცია, რომელიც გვაჩვენებს, სინამდვილეში, რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები: ამისათვის მხოლოდ სათაურების წაკითხვაც კი საკმარისია. 


როგორც ჩანს, ამ უკამყოფილების ხმებმა „მოამბე რეგიონების” შემქმნელებამდეც მიაღწია, ამიტომ 5 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, გადაწყვიტეს ამ საკითხს დაუბრუნდნენ და ის კითხვები, რომელიც მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა, ბათუმის მერს დაუსვან. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პატივცემულმა გიორგი ცინცაძემ ყველა ეს ეჭვი, თითქოს რაიმე არასამართლიანად ხდება, გააქარწყლოს. 

თქვენ იკითხავთ და არ დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გადიოდეს გადაცემა - „მოამბე რეგიონები“ და იქ, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, არ მზადდებოდეს სიუჟეტი, სადაც რომელიმე რეგიონში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. მით უმეტეს, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს, ჯერ კიდევ არაერთი სოფელია გაზიფიცირების გარეშე, ბევრგან არ არის წყალი, მაღალმთიან სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. მათ შორის ამ რეგიონების მაცხოვრებლების მიერ დაფინანსებული „პირველი არხი“ კი  ხან „წრიული რბოლის ჩემპიონატის“ შესახებ გვიამბობს, ხან კი - გუდაურში აპრილის ხარისხიან თოვლზე.( იხილეთ ფოტო.)


უკანასკნელი თვე-ნახევრის სიუჟეტებს თუ გადაავლებთ თვალს, მხოლოდ ერთი იმედის მომცემი სათაურია: „ცხოვრება მაღალმთიან სოფელში“, რომელიც ეთერში 29 მარტს გავიდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების ამბავს მოგვითხრობს. სიუჟეტის დასაწყისში გვატყობინებენ, რომ ამ რეგიონის მაღალმთიან სოფლებში „გაზიფიცირება ვერ მოხერხდა“. სიუჟეტის ავტორის, ჟანა დიდებაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ აშკარად ჩანს მცდელობა, მიგვანიშნოს რომ გაზიფიცირების დაპირება არსებობდა, თუმცა სამწუხაროდ, სიუჟეტი ისე სრულდება, რომ არავის სთხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ „ვერ მოხერხდა“

მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ საბჭოთა წარსულშიც კეთდებოდა ასეთი „კრიტიკული“ სიუჟეტები, იმისთვის რომ ვინმეს ეჭვი არ შეჰპარვოდა ქვეყნის აღმშენებლობასა და საკუთარ კეთილდღეობაში. გთხოვთ, იხილოთ 1987 წელს მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ზესტაფონის რაიონის, სოფელ შროშაში გახსნილი გრანიტის საამქროს ხმაურით შეწუხებულ მოსახლეობაზეა და ამ სიტყვებით სრულდება: „აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარემ, არჩილ ჭანკვეტაძემ აღნიშნა, რომ საწარმოს გადატანა და ძირეული ტექნიკური გადაიარაღება მომავალი წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი. დიახ, მხოლოდ ნავარაუდევი. ვარაუდი კი მოგეხსენებათ გარანტიას სულაც არ ნიშნავს. მის იმედზე ყოფნა საწარმოს კოლექტივსაც გაუჭირდება და მობინადრეებსაც“. ამგვარ ტექსტს დღევანდელი „მოამბის“ წამყვანისა თუ ჟურნალისტისგან ვერ მოისმენთ. 






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?

„თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” - უზენაესი ძალის ამ დოქტრინალურ ფორმულირებას კაცობრიობის ნაწილი, მტკიცებულებებისა და ორ წყაროსთან გადამოწმების გარეშე, უპირობოდ და უსიტყვოდ, მინიმუმ ორი ათასი წელია ენდობა. 

ენდობა, აღიარებს და ადასტურებს, რომ სიტყვაა ღმერთი. 

თუმცა საუკუნეებგამოვლილი და ეჭვგარეშე აღიარების საპირისპიროდ, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ, ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში სდევნიან, სცემენ, უკანონოდ აპატიმრებენ და კლავენ სიტყვების გავრცელებისთვის, შეკითხვისთვის, ვარაუდის გამოთქმისთვის. ჟურნალისტობა დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე

სამართლიანი იქნება დაზუსტება, რომ ჟურნალისტიკა არ არის მუდმივად საშიში. საგანგაშოა ობიექტური გაშუქება ისეთი საკითხების, როგორიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა, ომი ან კორუფცია. ასეთ დროს ხდება დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია მსოფლიოში. რამდენადაც მაღალია მედიის გაჩუმების მცდელობა, იმდენად ჩანს, „ჟურნალისტები თხრიან იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები”. სხვა დანარჩენისთვის, არსებობს „სამთავრობო (და პროპაგანდისტული) მედია“.

გამონაკლისი არც საქართველოა.  

დღეს 2026 წლის 21 მარტია - ქართული ჟურნალისტიკის დღე. ყველაზე მძიმე და საშიში დრო გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის. უფრო ზუსტად, მძიმე დროა დამოუკიდებელი მედიისთვის და საშიში - ადამიანებისთვის. 

გაქვს პასუხები:

  • რატომ შეუჩერეს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიას?
  • რატომ სჯის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია?
  • რა დაემართა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას?
  • რატომ არის ციხეში მზია ამაღლობელი?
  • ვინ იმეტებდა სასიკვდილოდ გურამ როგავას?
  • რატომ სცემენ ხოლმე არჩევნების ან აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს?
  • რატომ ქრებიან ეკრანებიდან წამყვანები?
  • წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე?
  • უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?
  • შეგიძლია ცოდნის გარეშე მიხვიდე თავისუფლებამდე? 
  • როდის გრძნობ თავს დაცულად?
  • რას მოაქვს შენი თავისუფლება? 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

ასევე იხილეთ