რა იცვლება Facebook-ზე, Instagram-ზე, Messenger-სა და WhatsApp-ზე
03.05.2019
Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა ყოველწლიურ F8 კონფერენციაზე, რომელსაც 5000 დეველოპერი, ბიზნესმენი და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანი ესწრება, Instagram-ზე, Facebook-ზე, Messenger-სა და WhatsApp-ზე დაგეგმილი ცვლილებები დააანონსა.

Facebook


alt



⇒    შეიცვლება დიზაინი

Facebook-ს ახალი დიზაინი ექნება, რომელიც ახლანდელ ინტერფეისთან შედარებით ბევრად გამარტივებული, სწრაფი და ჯგუფებზე ორიენტირებული იქნება. განახლებები Facebook-ის აპლიკაციაში უკვე დაიწყო, ხოლო შეცვლილი დესკტოპ ვერსია მომდევნო თვეებში გამოჩნდება.

⇒    Facebook-ის ჯგუფები პრიორიტეტული გახდება

ახალი დიზაინის საშუალებით საჯარო სივრციდან კერძო სივრცეში, მაგალითად ჯგუფებში გადასვლა გამარტივდება. დღესდღეობით Facebook-ზე 400 მილიონზე მეტი მომხმარებლით ათობით მილიონი აქტიური ჯგუფია.

ჯგუფების აღმნიშვნელი ჩანართი ახალი Facebook ჯგუფების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ახალ ჩანართში თქვენს ყველა ჯგუფში მიმდინარე აქტივობები ჩანს. გარდა ამისა, ახალი ჯგუფების მოსაძებნად რეკომენდაციების გაუმჯობესებული ფუნქცია თქვენი ინტერესების შესაბამის ჯგუფებს შემოგთავაზებთ. News Feed-ზე უფრო მეტჯერ გამოჩნდება ჯგუფებში მიმდინარე აქტივობები და News Feed-იდან კონტენტის ჯგუფებში გაზიარება პირდაპირ, ისევე გახდება შესაძლებელი, როგორც პოსტების მეგობრებთან გაზიარებაა შესაძლებელი.

⇒    სხვადასხვა ტიპის ჯგუფს კონკრეტული ფუნქციები დაემატება - მაგალითად, ჯანდაცვის თემატიკის ჯგუფებში მომხმარებლებს კითხვის დასმა და ინფორმაციის გაზიარება ინკოგნიტოდ, პოსტზე მათი სახელის გამოჩენის გარეშე შეეძლებათ.

ვაკანსიების თემატიკის ჯგუფებს დამსაქმებლებისთვის ვაკანსიის გამოცხადების შაბლონი დაემატება, სამსახურის მაძიებლები კი დამსაქმებელთან დაკავშირებას პირდაპირ Facebook-იდან შეძლებენ.

"გეიმინგ" ჯგუფებს "ჩატის" ფუნქცია დაემატებათ. ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში კი მომხმარებლები Facebook Live-ის დატოვების გარეშე შეძლებენ კითხვების დასმასა და  პროდუქტის შეკვეთას. 

 
 

⇒    "საიდუმლო ქრაში" - დაწყვილების ფუნქცია

Facebook-ზე Secret Crush-ის ფუნქციის საშუალებით მომხმარებლები იმ 9 მეგობარს აირჩევენ, რომლებიც მოსწონთ. ამის შესახებ შეტყობინება მიუვათ არჩეულ პირებს ისე, რომ არ ეცოდინებათ ვინ "მოიწონა" ისინი. იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარეც "საიდუმლო ქრაშის" სიში დაამატებს მომხმარებელს, მაშინ ორივე მათგანს შეტყობინება მიუვა და ერთმანეთის ვინაობასაც შეიტყობენ.

Secret Crush-ი და Facebook-ის გაცნობის სერვისი ამჟამად 19 ქვეყანაში: ბრაზილიაში, ბოლივიაში, ჩილეში, ეკვადორში, გაიანაში, პარაგვაიში, პერუში, ურუგვაიში, ლაოსში, მალაიზიაში, ფილიპინებში, სინგაპურში, ვიეტნამში, სურინამში, არგენტინაში, კოლუმბიაში, მექსიკაში, კანადასა და ტაილანდშია ჩართული.

alt



⇒    ახალი მეგობრების გაცნობა

Facebook-ი ამატებს ახალი მეგობრების გაცნობის ფუნქციასაც, რომლის საშუალებითაც საერთო საზოგადოების (მაგ: სკოლის, სამუშაო ადგილის, ქალაქის) წარმომადგენლები ერთმანეთს გაიცნობენ. ფუნქციაში ჩართვა არჩევითი იქნება და, შესაბამისად, მომხმარებლები ამ ჩანართში დაინახავენ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი ექნებათ.

⇒    პროდუქტის გაგზავნა და ყიდვა Marketplace-ზე

მომხმარებლები მალე აშშ-ის მასშტაბით Marketplace-ზე განთავსებული პროდუქციის გადაგზავნას, ასევე შეძენას (თანხის გადახდას) უშუალოდ Facebook-იდან შეძლებენ.

⇒   ღონისძიებების ახალი ჩანართი

Facebook-ზე ზაფხულში "ღონისძიებების" განახლებული ჩანართი გამოჩნდება. მომხმარებლები ნახავენ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი მათს გეოგრაფიულ ადგილსამყოფელთან ახლოს, მიიღებენ რეკომენდაციებს, აღმოაჩენენ ადგილობრივ ბიზნესკომპანიებს და მეგობრებთან ერთად დაგეგმავენ შეხვედრებს.

Instagram

 
alt


⇒    ნივთების შეძენა პირდაპირ Instagram-იდან

მომავალი კვირიდან Instagram-ის მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდისა თუ ცნობილი ადამიანისგან ნივთების შეძენა აპლიკაციის დატოვების გარეშე შეეძლებათ. პროდუქტის "დასქრინვის" ან დეტალების შესახებ კითხვების დასმის ნაცვლად, მომხმარებლები ფოტოდანვე შეიტყობენ გასაყიდი პროდუქტის შესახებ და გადახდასაც აპლიკაციაშივე შეძლებენ.

alt


⇒    ფონდების მოძიება - შემოწირულებების ფუნქცია

Instagram-ის სთორებში უკვე დაემატა შემოწირულებების სტიკერი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ადამიანისა თუ ორგანიზაციის დახმარების მიზნით თანხის შეგროვებაა შესაძლებელი. ფუნქცია ამჟამად მხოლოდ აშშ-ის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი, თუმცა იგეგმება სხვა ქვეყნების დამატებაც.


alt

⇒    განახლებული კამერა

კამერის განახლებული დიზაინი, რომელიც ეფექტებისა და სტიკერების გამოყენებას კიდევ უფრო გაამარტივებს, ქსელში მომდევნო კვირებში გამოჩნდება.


alt

Messenger

alt

⇒   უფრო სწრაფი აპლიკაცია

Facebook-ი მომხმარებლებს განახლებულ Messenger-ს, რომელიც ახლანდელზე ბევრად უფრო სწრაფი იქნება, წლის ბოლომდე შესთავაზებს.

⇒   ვიდეოების ერთდროულად ნახვა

მალე შესაძლებელი გახდება Messenger-ში ვიდეო გააზიაროთ, მოიწვიოთ მეგობრები და მიმოწერის ან ვიდეო ზარის მიმდინარეობისას ვიდეოს ერთად უყუროთ. ამჟამად ფუნქცია სატესტო რეჟიმშია და ყველასთვის ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე გახდება.

⇒   Messenger-ის დესკტოპ ვერსია

Messenger-ის აპლიკაციის გადმოწერა Windows-სა და MacOS-ზე იქნება შესაძლებელი. დესკტოპ ვერსიაზე პრაქტიკულად გამოსაყენებელი იქნება ვიდეო ზარისა და მიმოწერის ფუნქცია. ახლო მეგობრებთან კომუნიკაცია

ცნობილია, რომ Messenger-ში სპეციალური სივრცე დაეთმობა ახლო მეგობრების "სთორებსა" და მიმოწერებს.


alt


⇒    ბიზნესკომპანიების დაკავშირება მომხმარებლებთან

Ads Manager-ს დაემატება ახალი შაბლონები, რომლებითაც ბიზნესკომპანიები შექმნიან რეკლამას, რაც პოტენციურ კლიენტთან დაკავშირებაში დაეხმარებათ. Messenger-ით შესაძლებელი გახდება სხვადასხვა მომსახურებაზე ჩაწერა და ადგილის დაჯავშვნა.

WhatsApp

alt


⇒    ბიზნეს კატალოგი

რამდენიმე თვეში, მომხმარებლები ბიზნეს კომპანიასთან მიმოწერის დროს ბიზნეს კატალოგის ნახვას აპლიკაციაშივე შეძლებენ. კატალოგებში კომპანიები თავიანთ პროდუქციას წარმოაჩენენ.

გარდა ზემოთაღნიშნული სიახლეებისა, Facebook-ი და Instagram-ი კიდევ რამდენიმე ფუნქციას ტესტავენ, მათ შორის Instagram-ზე მოწონებების რიცხვის დამალვას, რომლის ნახვასაც მხოლოდ პოსტის მომხმარებლები შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ სიახლეებია დაგეგმილი Facebook-ზე ვირტუალური რეალობის განვითარების კუთხითაც. ახალი ფუნქციების ძირითადი ნაწილი, რომელიც F8 კონფერენციაზე დაანონსდა მიმდინარე წელს ამოქმედდება.
alt

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ