„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოში „მედიაგარემოს
გაუარესებას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი
მედიის დევნის მორიგ მცდელობებს“
ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბოლო პერიოდში
განვითარებული მოვლენები მკაფიოდ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“
ატარებს მიზანმიმართულ და კოორდინირებულ პოლიტიკას თავისუფალი მედიის
ხმის ჩასახშობად, ჟურნალისტთა შესავიწროებლად და საზოგადოების
ალტერნატიული ინფორმაციის გარეშე დასატოვებლად“.
როგორც კოალიცია აღნიშნავს, ბოლო დღეების განმავლობაში დამოუკიდებელი მედიის დევნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა:
„კომუნიკაციების კომისია განაგრძობს დამოუკიდებელი მაუწყებლების ცენზურას და რეპრესიული კანონმდებლობის იმპლემენტირებას. ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმეს ტელეკომპანია „ფორმულა“. დარღვევად მიიჩნიეს საინფორმაციო გამოშვებებში ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“ თუ „ივანიშვილის პრემიერი“. აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ თაობაზე ადრე მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმის ბოროტად გამოყენებას და მედიაზე ფინანსურ თუ სამართლებრივ წნეხს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ვახო სანაია კვლავ სამართალდამცავი ორგანოების სამიზნე გახდა. მას შემდეგ, რაც ივლისში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ერთხელ უკვე შეეფარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მათ შორის, ახლად შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ) მის წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი დევნა წამოიწყო ფეისბუქის სტატუსებისა და ვიდეოს გამო. ეს ფაქტი დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნასა და დაშინების მცდელობაზე მიუთითებს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა მედიისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით სასამართლოში საჩივრების შეტანა დაანონსა. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლოს, მდგომარეობისა და ივანიშვილის სახელმწიფო უწყებებზე გავლენების გათვალისწინებით, მსგავსი განცხადება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების (SLAPP) გამოყენების რეალურ საფრთხეს ზრდის. ასეთი სარჩელები მიზნად ისახავს არა უფლებების დაცვას, არამედ მედიისთვის ფინანსური და სამართლებრივი პრობლემების შექმნას.
საგამოძიებო მედიაჯგუფის „სტუდია მონიტორის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესებთან დაკავშირებული საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნებას მოჰყვა მაღალი თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიის მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ. რეპუტაციული დაზიანებისა და სტიგმატიზაციის მცდელობა მსგავსი ახალისებს სიძულვილსა და ძალადობას ჟურნალისტების მიმართ“.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ ეს პროცესები არ არის ცალკეული ინციდენტები, „არამედ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართულ პოლიტიკას წარმოადგენს, რომლის გამოც დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შემზღუდველი საკანონმდებლო ბაზის, სისტემური დევნისა და სრული დაუსჯელობის პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა“.
MAC-ი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა
დამოუკიდებელ ჟურნალისტს, „რომელიც მზარდი წნეხის, შანტაჟისა და
დევნის მიუხედავად, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებასა და
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას“.



