ვირტუალური თუ პარალელური რეალობა
30.05.2025


წელს, კანის ფესტივალზე ყოფნისას, საქართველოდან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო: მართლა მოხვდა თუ არა ინფლუენსერი მანჩო (სახელი შეცვლილია, რადგან ჩემი ბლოგის მთავარი გმირი ის არ არის) წითელ ხალიჩაზე და თუ მართლა მოხვდა, როგორ? ერთი სიტყვით, ფეისბუკის ქართველი მაყურებელი არკვევდა, რეალობა იყო თუ არა ის, რაც მათ ნახეს. მივხვდი, რომ პასუხის გაცემა რთულია. 

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანის უახლოესი მეგობარი თუ მრჩეველი ნებისმიერ საკითხში, მათ შორის პირადშიც კი, ხელოვნური ინტელექტია, ახალგაზრდა თაობა კი დროის უმეტესობას ვირტუალურ სამყაროში ატარებს, საიდან უნდა ვიცოდეთ, სად არის ან რომელია რეალობა?! ამიტომ პირველად მაშინ გამიჩნდა ეს პასუხი - არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო სინამდვილეში წითელ ხალიჩაზე, რადგან რეალობა არის ის, რაც ნახეთ. 

სურათი კი ასეთი იყო: მანჩო წითელ ხალიჩასთან ფესტივალის ფეშენებელური მანქანით მიგრიალდა, ეცვა ძვირადღირებული საღამოს კაბა, მას ტაშს უკრავდნენ, უყვიროდნენ, ის პოზირებდა ფოტოკამერების წინ და ფოტოგრაფებიც უღებდნენ ფოტოებს. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს ეკუთვნის, ერთი პატარა გამონაკლისის გარდა - მისი სახელი და გვარი არ გამოაცხადა ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ. ინფლუენსერის ცნობილ ვიდეოში, ზემოდან დადებული ოვაციების ხმის გარდა, ყველაფერი ნამდვილია. მხოლოდ ერთია, რომ ქართველმა ინფლუენსერმა ეს რეალობა სოციალური ქსელისთვის შეიძინა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ფულს იხდის იმ რეალობისთვის, რომელსაც პროპაგანდა მისთვის ქმნის და ხალხს სთავაზობს. 

მანჩოს რამდენიმე ათასმა გამომწერმა დაიმახსოვრა, რომ ის კანის ფესტივალზე დაპატიჟეს, გულთბილად დახვდნენ, წითელ ხალიჩაზე ოვაციებით ააცილეს და მხოლოდ ეჭვიანმა ერთეულებმა გამოიკვლიეს, რომ ნანახი ბოლომდე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ასევეა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მერე რა რომ ეს ზრდა ჩვენს ჯიბეზე არ ასახულა.

უკვე საზეპიროსავით ვიცით, რომ პროპაგანდას სჭირდება მტრის ხატის შექმნა და შემდეგ ამ „მტრის“ მიმართ შიშის გაღრმავებაზე მუშაობა. თუკი წინა ხელისუფლება მუდმივად რუსეთით გვაშინებდა და რეალური საფრთხის გადაჭარბებული და უზომო წარმოჩენით ნაწილობრივ მისი დევალვაციაც მოახდინა, დღევანდელი ხელისუფლების მტერი დასავლეთია, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, თუ ირანში ხდება. ერთი სიტყვით, ამ მტრის მიმართ შიშის გაძლიერებაზე ეფექტურად მუშაობს: ომში ჩაგვითრევს, გაგვანადგურებს, ტრადიციებს წაგვართმევს, სქესს დაგვაკარგვინებს და ა.შ. 

გარდა ამისა, პროპაგანდის არანაკლებ მნიშვნელოვანი იარაღია რეალობის პოზიტიურად წარმოჩენაც: ჩვენ კარგად ვართ, კარგად ვცხოვრობთ, ჩვენ ირგვლივ ყველა დასაქმებულია, კარგი ანაზღაურება აქვს და ა.შ. უკანასკნელ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერა მუშაობა და ცდილობს საქართველოს მდგომარეობა ისეთი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, როგორც კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ვარსკვლავები ბრწყინავენ. 

ქვემოთ მოცემული რამდენიმე მაგალითი მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, როგორ ყვავის და ბრწყინავს საქართველო. ამგვარი სიახლეები, რაც ეკონომიკურ პროგრესს წარმოაჩენს, ქმნის ილუზიას, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურად მუშაობს, ეს ილუზია კი ხელისუფლების მიმართ ნდობის ზრდაზე მოქმედებს. 



ეს პოზიტიური ამბები ხშირად ნეგატიური მოვლენების, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადამალვის ყველაზე ეფექტური ხერხია. მაგალითად, „იმედის“ მაყურებელი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დარწმუნებულია, მაგალითად, არ აღშფოთდება, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში დაგროვებულ ქონებას რომ ნახავს. მთავარია, „ქვეყანა ვითარდება“. 

პოზიტიური პროპაგანდა იდეალური სახელმწიფოს იმიჯს ქმნის. ამიტომ არის, რომ მმართველი პარტია ნებისმიერი წარმატების მითვისებას, მასთან გაიგივებას ცდილობს: მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ნებისმიერი გოლი თუ გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა, რადგან ეს მაშინ ხდება, როდესაც ამ სახელმწიფოს მე ვმართავ. მაგრამ თუ სადმე, ჩემი სახელით წასული დამარცხდება, მას ასე წარმოვაჩენ:


და ამ „შთამბეჭდავი“ გამოსვლის შემდეგ, პროპაგანდა იმას კი არ იტყვის, რომ მარიამ შენგელია შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, არამედ იტყვის, თუ ვინ გადავიდა:


ასეთია პოზიტიური ამბების პროპაგანდის ხასიათი, ის ქმნის სტაბილურობისა და კომფორტის ილუზიას. აგრესიული „აბა, ომი გინდათ“ კამპანიის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ომის საფრთხეში უკვე მყარად დააჯერეს და დააშინეს, აქცენტი ახლა სწორედ ამ სტაბილურობასა და კომფორტზე კეთდება. საბჭოთა ადამიანს სჯეროდა, რომ საბჭოეთში ყველა ბედნიერი და უზრუნველყოფილი იყო, დასავლეთში კი ცოცხალ ადამიანებს მაღაზიებში ვიტრინის მანეკენებად ამუშავებდნენ.

დროთა განმავლობაში სინამდვილე და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებული ვირტუალური რეალობა ერთმანეთში იმდენად იდღაბნება, რომ „ქართული ოცნება“ ცარიელი მაცივარის ვირტუალურად გავსებას წარმატებით ახერხებს და ამას მოქალაქეებსაც აჯერებს. ასე იქცა 21-ე საუკუნეში ვირტუალური რეალობა პარალელურ რეალობად. 

ჩემი ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები და გაჩვენებთ გოგოს, რომელსაც აქვს კაბა წითელ ხალიჩაზე ასასვლელად, მაგრამ არ აქვს მოსაწვევი. ფურცელზე დაწერილი ტესტით ის სწორედ მოსაწვევს ითხოვს და მას ამ მოსაწვევს ან ბილეთს აუცილებლად აჩუქებს ვინმე ჩემნაირი, ვისაც აქვს ბილეთი, მაგრამ არ აქვს კაბა. ბილეთის გამოყენება კი აუცილებელია და მისი უქმად გაცდენა აკრძალულია.

ამ გოგოსაც შეუძლია შექმნას წარმატებული ქალის სურათი და ვინ გასცემს ცალსახა პასუხს კითხვაზე, რეალური იქნება ეს იმიჯი თუ ვირტუალური?! რადგან მთავარი მაინც ის იქნება, რომ მის „ბრწყინვალებას“ აუცილებლად დაიმახსოვრებს და დაიჯერებს ეკრანთან მჯდომი ობივატელი. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
„კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“


„კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“ - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევაა, რომელიც ქართულ მედიაში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემების გაშუქებას ეხება. 

მედია მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგონებთან დაკავშირებული საკითხები ტელემედიაში ხშირად ზედაპირულად და ფრაგმენტულად შუქდება. ქართული ტელევიზიები არასათანადო ძალისხმევას დებენ ადგილობრივი წყაროებისგან ინფორმაციის მოპოვებაში, თუნდაც ეს წყარო აფხაზური ან ცხინვალის რეგიონში მომუშავე მედია იყოს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართული ტელევიზიები ამ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს სათანადო ყურადღებას უთმობენ, როგორც წესი, ამბის გაშუქებისას თითქმის არ ჩანან თავად აფხაზები, ოსები და განსაკუთრებით აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები.

ანალიზისთვის მასალები 7 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიდან შეგროვდა და ჯამში, 2024 წლის მაისი-ივლისის პერიოდის 576 გამოშვება დამონიტორინგდა, საიდანაც კვლევისთვის რელევანტურად სულ 87 მასალა ჩაითვალა. 

კვლევამ აჩვენა, რომ მონიტორინგის პერიოდში მოხვედრილი დღეების უმეტეს ნაწილში 7 ტელევიზიიდან არც ერთი მათგანის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ მოხვედრილა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული სიუჟეტი ან კადრ-სინქრონი, რელევანტური მასალების (87) მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოკლე კადრ-სინქრონი იყო. 

„თემატურად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე ხშირად ხვდებოდა ოკუპაციის, ომისა თუ კონფლიქტის კონტექსტში. ამას მოსდევდა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკა და ისტორიასთან, კულტურასთან ან რელიგიასთან დაკავშირებული მასალები. უშუალოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე შიდა ამბები კი იშვიათად ხვდებოდა ქართული ტელევიზიების პრაიმტაიმში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში, თუკი აღნიშნულ თემებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა თუ ოკუპაციის საკითხთან. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებით ხშირად არის ნეგატიურ თემატურ კონტექსტში მომზადებული და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არ ჩანან უშუალოდ აფხაზები და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცხოვრებნი. ამასთან, მედიის მიერ მომზადებული მასალები, როგორც წესი, არ აკეთებს აქცენტს სამშვიდობო პოლიტიკაზე“. 

ტელემედიის მიერ კონფლიქტის რეგიონების გაშუქებისას გამოვლენილი ტენდენციები კი ასეთია:

● წამყვანი ქართული ტელევიზიებისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები არაპრიორიტეტულ თემებს მიეკუთვნება, განსაკუთრებით თუკი აღნიშნული თემები საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან ან ოკუპაციის საკითხთან არ იკვეთება; 

● არსებული მწირი გაშუქების პირობებში, განსაკუთრებით თვალშისაცემია ნეგატიური კონტექსტის მქონე თემებზე მედია მასალების სიჭარბე;

● მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემები ხშირად ზედაპირულად და ფრაგმენტულად შუქდება და იშვიათად გვხვდება პროაქტიულად მომზადებული სიღრმისეული სიუჟეტები; 

● ჟურნალისტების ენა უმეტესწილად ნეიტრალურია, თუმცა მაინც გვხვდება დისკრიმინაციული და მტრული ენის გამოყენების ერთეული შემთხვევები. ხშირად ეს ენა მიემართებათ რუსებს და არა აფხაზებსა და ოსებს, ხოლო ნეგატიური გამოხატვის წყაროები კი რესპონდენტები არიან და არა ჟურნალისტები;

● საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია ნეგატიურად აისახება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებული თემების ტელემედიაში გაშუქებაზე, ვინაიდან შეზღუდული სივრცე რჩევა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გარდა სხვა თემების გაშუქებისათვის;

● ტელემედიების მიერ მომზადებულ მასალებში მშვიდობის პოლიტიკა უმეტესწილად უგულებელყოფილი იყო ანდა პოლიტიკური პოლარიზაციის გავლენით, მშვიდობის თემის ინსტრუმენტალიზება ხდებოდა;

● თვალში საცემია აფხაზეთთან დაკავშირებით რომანტიკული დისკურსი მედიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში, რაც არასწორ წარმოდგენებს ქმნის მაყურებლებში აფხაზეთთან დაკავშირებული ისტორიული რეალობის და სოციოპოლიტიკური წარსულის შესახებ.

კვლევის - „კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“ ავტორი ლაშა ქავთარაძეა.



„მედიის მიმართ ძალადობა სისტემატურად იყო წაქეზებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ“, - ორგანიზაციების ანგარიში


„ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“ - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით, ანგარიში გამოაქვეყნეს. დოკუმენტი 2024 წლის 28 ნოემბერიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და ის 11-მა ორგანიზაციამ მოამზადა.

ანგარიში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსაც აანალიზებს. მასში მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევაა დოკუმენტირებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მედია საპოლიციო ძალადობის განსაკუთრებულ სამიზნედ იქცა, „რაც წაქეზებულია „ქართული ოცნების“ მიერ მედიის მადისკრედიტირებელი კამპანიებით და მედიის წარმმადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით“. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკვლევ პერიოდში სამართალდამცავები ჟურნალისტებს არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არამედ მიზანმიმართულად, სასტიკად, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ მათ.

„სწორედ მედია და მათი აღჭურვილობა იქცა აგრესიის სამიზნედ, ვინაიდან ისინი იღებდნენ და აშუქებდნენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველ მტკიცებულებებს. გამოვლინდა ჟურნალისტების ცემის, გინების, მუქარის, შევიწროების, სპეციალური საშუალებების მიზანმიმართული გამოყენების, აღჭურვილობის დაზიანების და ჩამორთმევის, დაკავების, პატიმრობის შეფარდების, ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემთხვევები. სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს კრიტიკული ონლაინ მედიის ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“.

დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მთავრობასთან დაკავშირებული პირები - „ტიტუშკები“ გამოიყენებულია მათ შორის ჟურნალისტების დასაშინებლად და თავდასხმისთვის.

კვლევაში ხაზგასმულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის გამკაცრებაც, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყენებს, როგორც სახელმწიფო მედიას სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოს ტვ“ კი, რომლებიც მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არიან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „ქართული ოცნების“ ნარატივების პოპულარიზაციაში, „კრიტიკული ხმის გვერდის ავლით და, პირიქით - მათ მიმართ ცრუ, დამაზიანებელი კამპანიის წარმოებით“. 

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდეს საქართველოს პარლამენტშიც. ორგანიზაციების შეფასებით, ამ ქმედების მიზანი კრიტიკული მედიის დადუმება და „მსუსხავი ეფექტის“ გავრცელებაა. 

დოკუმენტირებული შემთხვევებისა და ღია წყაროებით მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად, ანგარიშში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი შემდეგი სისტემური დარღვევებია გამოკვეთილი: 

  • სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენება, რამაც გამოიწვია მედიის წარმომადგენელთა მასობრივი დაზიანება;
  • მიზანმიმართული ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური თავდასხმები, სიტყვიერი შეურაცხყოფები და აღჭურვილობის განადგურება, კონფისკაცია; 
  • პროფესიულ საქმიანობაში სისტემური ხელშეშლა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და გზის გადაკეტვის საფუძვლით ჯარიმების დაკისრება; 
  • მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმეების აღძვრა სასამართლოებში და სამართალწარმოების ინსტრუმენტალიზაცია.  

კვლევის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ დაწყებული რეპრესიების ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების სისტემურ დარღვევას პოლიტიკური ბუნება აქვს. მიმდინარე რეპრესიებზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ეკისრება. 

ანგარიში ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებსა და მათთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს. 



გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია - MDF


„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევის მიხედვით, გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნით 2024 წელსაც აქტუალური პრობლემა იყო და როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ისე საერთაშორისო და რეგიონულ თემატიკასაც ეხმიანებოდა. 

კვლევა - „გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია“ 2024 წლის მონაცემებს აანალიზებს და დეზინფორმაციის თემატიკას, სამიზნეებს, მეთოდებსა და წყაროებს მიმოიხილავს. 

ანგარიშის მიხედვით, გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის 71 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც უმეტესობა (53) წინა წლების მსგავსად - სექსუალურ ორიენტაციას, 18 კი გენდერული ნიშნით დეზინფორმაციასა და მანიპულაციას ეხებოდა:

„ზოგიერთ შემთხვევაში გავრცელებული შინაარსი ინტერსექციული დისკრიმინაციის ხასიათს ატარებდა და პოლიტიკური დატვირთვის იყო, როცა რუსეთის, როგორც ე.წ. “გარყვნილი დასავლეთისგან” მართლმადიდებლობის ერთადერთი დამცველის მესიანისტურ მისიაზე კეთდებოდა აქცენტირება“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი სამიზნე პროევროპული, პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები იყო, რომელთა დისკრედიტაცია ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის გაყალბებული ვიზუალით, ქალების პროტესტის გაქილიკებით, ასევე ქალი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით ხდებოდა. 

ანგარიშის მიხედვით, თუ წინა წლებში იდენტობასთან დაკავშირებული თემების ინსტრუმენტალიზაციას ძირითადად კრემლისტური და ულტრამემარჯვენე აქტორები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ახდენდნენ, 2024 წელს ამ პროცესში სახელისუფლებო მედიის როლი მეტად გამოიკვეთა:

„შესაბამისად, იდენტობის თემაზე უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირების და ჩარევის (FIMI) ტენდენციას ადგილობრივი პროპაგანდა და სახელისუფლებო რესურსების სრული მობილიზება დაემატა“.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ თემატური თანხვედრა ქართულ სახელისუფლებო მედიას, კრემლისტურ აქტორებსა და რუსულ პროპაგანდისტულ არხებს შორის ისეთ საკითხებზე გამოიკვეთება, როგორიცაა: სამოქალაქო და სექსუალური განათლების გათანაბრება იდენტობის დაკარგვასთან; დასავლეთის/დასავლელი საჯარო პირების წინააღმდეგ ჰომოფობიური დეზინფორმაცია; უკრაინის დისკრედიტაცია:

„პროტესტის, ოპოზიციის, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია ყველაზე აქტიურად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშების მეშვეობით ვრცელდებოდა“. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო მედიებიდან ყველაზე მეტად იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის გავრცელების მხრივ „პოსტვ“ გამოირჩეოდა, რუსულენოვან პროპაგანდისტული მედიებიდან კი ყველაზე ხშირად იდენტობის თემატიკაზე დეზინფორმაციის წყარო Царьград-ი იყო. 

რაც შეეხება „კრემლისტურ აქტორებს, როგორიცაა კონსერვატიულ პარტიასთან დაკავშირებული „ალტ-ინფო“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „სეზონი ტვ“, „სალტე“, სრული თემატური თანხვედრა ჰქონდათ როგორც რუსულ პროპაგანდისტულ, ასევე ქართულ სახელისუფლებო არხებთან“. 

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას - „გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია“ სრულად გაეცანით აქ.

„გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვა“ - საია Facebook პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარებაზე


„ქართული ოცნების“ წევრების მიმართ Facebook-ზე გამოთქმული მოსაზრებების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის.

საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა „ქართული ოცნების“ ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან თავი შეიკავონ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა იქნება უზრუნველყოფილი:

„გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოებს ასევე პოზიტიური ვალდებულებებს უწესებს, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ინდივიდების ან ჟურნალისტების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პარალელურად, შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული პირის საჯარო დებატებში მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, მაშინაც კი, თუ ისინი გამაღიზიანებელად ან შოკისმომგვრელად აღიქმება საჯარო ფიგურების მიერ“. 

როგორც საია აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს:

„ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა, ასევე, ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზოგადო მოღვაწედ, კერძოდ, იმ პირებზე, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც რაიმე სხვა ფორმით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს, ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან“.

ორგანიზაციის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ  ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება კი მასობრივი ცენზურის პრეცედენტი იქნება:

„აქვე, გარდა იმისა, რომ, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემა სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენება, ხაზი უნდა გაესვას მართლმსაჯულების აღსრულების შერჩევით სტანდარტსაც. საზოგადოებისვის ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილი - მაისის “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციების დროს, კანონის მოწინააღმდეგეებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მუქარა იყო რეალური, რადგან რიგ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. 2024 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოს შედეგად, ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და რუსული კანონის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ დევნას ახორციელებდა. რაც გამოიხატებოდა კონკრეტული ჯგუფის გამორჩევასა და მის მიმართ სხვადასხვა რეპრესიული ზომის (მაგალითად, სატელეფონო ზარები, კერძო საკუთრების დაზიანება) გატარებაში. ამ ყველაფერს კი არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია“.

მათ შორის, რომელთა წინააღმდეგაც სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო „ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრებით მიმართა, არიან ჟურნალისტები და ტელეწამყვანები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, ეკა მიშველაძე, მიშა მშვილდაძე და დეა მამისეიშვილი. მათ გუშინ, 11 ივნისს დაუკავშირდნენ და სასამართლოში დაიბარეს. 

„ქართული ოცნების“ წევრების საჩივრების სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 17316-ე მუხლია, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა. 

 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები პრორუსული პარტიის ანტიდასავლურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ“, - „მითების დეტექტორი“

ფოტო : მითების დეტექტორი


„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის ყოფილი დირექტორი და ამჟამად გადაცემა „42° პარალელის“ წამყვანი გიორგი გვიმრაძე და ამავე არხის ანალიტიკოსი ნინო ხელაია კრემლისტურ პარტიასთან - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დაკავშირებული ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობენ.

18 მაისს გვიმრაძე და ხელაია თბილისში, ორგანიზაცია „სოციალისტური პლატფორმის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაში - „თანამედროვე ფაშიზმი, პროდასავლური ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე“ მონაწილეობდნენ

„სოციალისტური პლატფორმა“ კრემლისტურ პარტიასთან - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დაკავშირებული ფეისბუკ გვერდია, რომელიც ანტიდასავლური და კრემლისტური პრორუსული ნარატივების გავრცელებისთვის გამოიყენება.  

როგორც ფაქტების გადამოწმების პორტალი წერს, კონფერენციის მონაწილეებმა დასავლური ლიბერალური სისტემის კრიზისზე, კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებასა და აშშ-ის როლზე ისაუბრეს:

„კონფერენციის რეზოლუციაში დასავლეთი და უკრაინა იმპერიალიზმისა და ნაციზმის გამაძლიერებლებად იყვნენ წარმოჩენილი. „სოციალისტური პლატფორმის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ხაზი გაესვა, რომ ლიბერალიზმი და ფაშიზმი საერთო იდეოლოგიებია და მათ წინააღმდეგ ბრძოლა კოორდინაციითაა აუცილებელი. სიუჟეტი აღნიშნავს, რომ კონფერენციის მონაწილეები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გადახედვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. კონფერენციამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ პრაგმატულ საგარეო კურსს და დაგმო ქვეყნის ანტირუსულ კოალიციაში ჩართვის მცდელობები. 

„სოციალისტური პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ 2003-2012 წლებში საქართველოში პროფაშისტური და ულტრამემარჯვენე ლიბერალური რეჟიმი დამყარდა, რომელიც დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სამსახურში იდგა. მათი შეფასებით, ამ რეჟიმმა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრია, რასაც ტერიტორიების დაკარგვა და მძიმე სოციალური კრიზისი მოჰყვა. პლატფორმა ამ პერიოდს აფასებს როგორც დასავლური გეგმის ერთ-ერთ ეტაპს, სადაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ „პოლიგონად“ გამოიყენეს. რეზოლუციაში ასევე დადებითად არის შეფასებული ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ კოალიციაში შეერთების მოთხოვნით ზეწოლას გაუძლო“.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გადაცემის „მილენიალის“ წამყვანი ნუკრი შოშიაშვილი, პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანკვეტაძე, ამავე პლატფორმის გადაცემების სტუმარი, სოციოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი

როგორც „მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, კონფერენციის მიღმა, გიორგი გვიმრაძე და ნინო ხელაია რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სტუმრად „სოლიდარობა მშვიდობისთვის” YouTube-გადაცემა „მილენიალში“, რომლის წამყვანიც ნუკრი შოშიაშვილია. გადაცემაში ისინი მედიის მხრიდან მოსახლეობის მანიპულაციაზე, ე.წ „ვოუქიზმზე“ და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ მიერ თავსმოხვეულ ე.წ „ჰეგემონურ დისკურსზე“ საუბრობდნენ. 

„სოლიდარობა მშვიდობისთვის” 2021 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდა და 2023 წლის დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. myth detector-ის ინფორმაციით, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საქართველოში რუსული გავლენის მნიშვნელოვან აქტორს წარმოადგენს. მათი ლიდერები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც რუსეთის სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებთან და მონაწილეობენ მოსკოვის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. „სოლიდარობა მშვოდიბისთვის“ წევრები: თემურ ფიფია, პაატა აბულაძე და მიხეილ ჟღენტი რუსეთის „სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმის წევრები არიან. ამავე კლუბის პრეზიდიუმის წევრები არიან: რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, რუსი დიპლომატი ევგენი პრიმაკოვი და პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი.

ქარტია: შსს-სა და სასამართლოების მიზანია, ჯარიმების მსუსხავი ეფექტის პოტენციალის გამოყენებით, ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარი ათქმევინონ


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოებს მოუწოდებს, „გზის გადაკეტვისთვის“ ჟურნალისტების უკანონოდ დაჯარიმების პრაქტიკაზე უარი თქვან.

ქარტიის განცხადებით, ბოლო ხანებში შსს-ს მიდგომა შეიცვალა. თავიდან უწყება ჟურნალისტებისთვის გამოწერილ ჯარიმებს აუქმებდა, [როდესაც ისინი წარადგენდნენ: პრესის ბარათს, ცნობას სამსახურიდან, ფოტოებს, ვიდეოკადრებსა და სხვა იმ მტკიცებულებებს, რითაც დასტურდებოდა, რომ დაჯარიმების მომენტში ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ] ივნისში კი ჟურნალისტებმა საჩივრების დაკმაყოფილებაზე  შსს-სგან უარი მიიღეს:

„ჟურნალისტებისა და მათი უფლებადამცველების თქმით, ეს დადგენილებები შაბლონურია, რაც აჩვენებს,რომ შსს-ს გადაწყვეტილების მიღებისას მათი პროფესიული კუთვნილება და სამუშაოს სპეციფიკა საერთოდ არ გაუთვალისწინებია. 

სასამართლო პრაქტიკაც იმავეს აჩვენებს იმ შემთხვევებზე, სადაც საქმე სასამართლომდე მივიდა“. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ ეს ცვლილება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შსს-სა და სასამართლოების მიზანია, ჯარიმების მსუსხავი ეფექტის პოტენციალის გამოყენებით, ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარი ათქმევინონ, რათა ამ აქციების შესახებ ინფორმაციამ საზოგადოებამდე არ მიაღწიოს: 

„დაჯარიმებულთა შორის არიან როგორც სამაუწყებლო, ისე ონლაინ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტები, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი პროფესიონალები, როგორც ფრილანსერები და მედიასაშუალებებში შტატიან პოზიციებზე დასაქმებულები. 

კომუნიკაცია ჟურნალისტებსა და შსს-ს შორის და სასამართლო პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ არც შსს-სა და არც სასამართლოში არ ესმით ან არ სურთ გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებს მედია და რა პროცესებისა და პრაქტიკის შედეგად იქმნება მედიაპროდუქტი. განსაკუთრებულად რთული გასაგები მათთვის ონლაინ მედიის სპეციფიკა აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში შსს-მ ონლაინ მედიისგან მტკიცებულებებად მოითხოვა პირდაპირი ჩართვები და იმ დღესვე გამოქვეყნებული მასალები. 

ცალკე წუხილის საგანია ჯარიმის ოდენობა - 5,000 ლარი, რაც მედიაში დასაქმებულებისთვის  არაპროპორციულად მძიმე ტვირთს წარმოადგენს“.

  • დაჯარიმებულთა შორის არის „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელსაც შსს გზის გადაკეტვას 14 თებერვალს ედავებოდა. მგალობლიშვილმა 6 ივნისს, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ შსს-მ საჩივარი არ დაუკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მან მტკიცებულებები წარადგინა იმის საჩვენებლად, რომ იმ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  • 31 მაისს დააჯარიმეს „მედია აპრილის“ მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე. ჟურნალისტი იმ დღეს, 29 მარტს, ქალების მარშზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. შსს-ს შესაბამისი მასალები მიაწოდა ღოღობერიძემაც.
  • 30 მაისს სასამართლომ დააჯარიმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე. შსს მას „გზის გადაკეტვას“ 2 თებერვალს ედავებოდა. 
  • 23 მაისს სასამართლომ დააჯარიმა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მარიამ ქავშბაიაც, რომელსაც შსს „გზის გადაკეტვას“ 3 თებერვალს ედავებოდა.
  • 3 ივნისს დააჯარიმეს ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირიც.
  • OC Media-ს დამფუძნებელსა და ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს კი შსს-მ 4 ჯარიმა გამოუწერა. ნიკურაძემ 4 ივნისს დაწერა, რომ მათგან ერთზე შსს-მ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.  

ორგანიზაციის განცხადებით, გასაჩივრებულ ოქმებზე უარის მოლოდინში არიან სხვა ჟურნალისტებიც. 

„ჟურნალისტებისა და მათი უფლებადამცველების შეფასებით, რასაც ქარტიაც იზიარებს, ჟურნალისტების დაჯარიმება გზის გადაკეტვის გამო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას მედიის საქმიანობის თავისუფლებაში. ქარტიისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია შსს და სასამართლოების მიდგომის სისტემური ხასიათი და ის გულგრილობა, რასაც ისინი იჩენენ წარდგენილი მტკიცებულებების მიმართ. ჟურნალისტები მაშინაც კი მკაცრად ისჯებიან, როცა ისინი ცდილობენ არ დაარღვიონ თვით იმგვარი კანონები, რომლებიც სამართლიანობის საბაზისო ტესტსაც ვერ უძლებენ“. 

ქარტია შსს-ს და სასამართლოებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონიერად და სამართლიანად, შეწყვიტონ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის დაზიანება და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა, მათ წინააღმდეგ ფინანსური ბერკეტების გამოყენების გზით. 

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კლიმატის კონფერენციის პარალელურად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო - geghard-saf.am


დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. კონფერენციის პარალელურად  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“

RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.

 
თალიბანს სურს, მედიაში აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება


თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA ავრცელებს.

პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.

ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“,  თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.

 
პროფესიული სოლიდარობა, როგორც გაუთვლელი გვერდითი მოვლენა

ფოტო : Mo SE


„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა მედიისა და ჟურნალისტების, მთლიანად სექტორის ეკოსისტემის დასაზიანებლად. თუმცა, ასე ჩანს, რომ მან რეპრესიული პოლიტიკის ერთი გვერდითი მოვლენა ვერ გათვალა - ვერ გათვალა ის, რომ მისი ქმედებები სოლიდარობის რესურსის შექმნას შეუწყობდა ხელს. 

2000-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ჟურნალისტურ თემში სოლიდარობის განცდის გაძლიერება იყო ჩემი და ჩემი ბევრი კოლეგის პროფესიული მიზანიც და ოცნებაც. როცა მედიის განვითარების ხელშესაწყობად  აქტივობების დიზაინზე ვმუშაობდით, ვფიქრობდით იმაზეც, თუ რა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ უნარების შეძენის პარალელურად, პროფესიონალებს შორის ინტერაქციაც გაძლიერებულიყო. გვინდოდა, მეტად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან თბილისის წამყვან მედიებსა და რეგიონებში მომუშავე მცირე ზომის მედიებს, სამაუწყებლო მედიებსა და ჯერ ბეჭდურ და მერე უკვე ონლაინ მედიებს, სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიებს.

ჩვენ ვაწყობდით გაცნობით ვიზიტებს, ხელს ვუწყობდით ჟურნალისტებს თბილისიდან გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისთვის რეგიონებში, ჩამოგვყავდა ჟურნალისტები რეგიონიდან ნაციონალურ მედიაში პრაქტიკის გასავლელად, ვაძლიერებდით ქსელურ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე, სხვადასხვა ზომის მედიები სხვადასხვა რეგიონიდან მედიაპროდუქტს ერთობლივად ქმნიდნენ. ვცდილობდით, ამ საქმეს კრეატიულად მივდგომოდით  - თანამშრომლობის წასახალისებლად და ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა ფორმა გამოგვეძებნა. 

ჩვენ ვიცოდით, იმისთვის რომ სექტორი განვითარებულიყო, მისი სოციალური ქსოვილი უნდა გამყარებულიყო. სექტორში თავისუფლად უნდა ემოძრავა ცოდნასა და გამოცდილებას, უნდა გააქტიურებულიყო პროფესიული კავშირები, განსხვავებულ მოცემულობაში მომუშავე პროფესიონალებს უკეთ უნდა გაეაზრებინათ ერთმანეთის საჭიროებები და გამოწვევები, რათა მეტად დაეფასებინათ ის ძალისხმევა, რასაც ისინი კოლექტიურად და ინდივიდუალურად იღებდნენ. 

ეს ყველაფერი პოზიტიური დღის წესრიგის შესასრულებლად იყო საჭირო, რათა მედიებს ერთად ეზრუნათ სარეკლამო ბაზრის გაფართოებასა და სარეკლამო რესურსების სამართლიანად განაწილებაზე, ნაციონალურ მედიას უფრო ხშირად და კვალიფიციურად გაეშუქებინა რეგიონებში მიმდინარე ამბები, რეგიონულ მედიას უფრო უკეთ გამოეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ამის გაკეთება პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ადვილი არ იყო. რაღაც, ალბათ, გამოგვივიდა, რაღაც, ალბათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა. მაგალითად, ყოველთვის წარმატებული არ აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა, ხელი შეგვეწყო მედიების გაერთიანებების, ჟურნალისტთა ასოციაციების დაარსებისა და, რაც მთავარია, შენარჩუნებისთვის. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ამ სირთულეების საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია. რამდენიმე ჩავარდნილი მცდელობის მერე, როცა განსხვავებული პოზიციების მქონე მედიების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება არ მოხერხდა, პროფესიული პრინციპების დასაცავად ჟურნალისტები უკვე ინდივიდულურად გაერთიანდნენ. 

თანამშრომლობის სხვადასხვაგვარი გამოცდილება სექტორში კი იყო, მაგრამ არ იყო საკმარისად ბევრი თვისებრივი ცვლილების გამოსაწვევად. 

2023 წლის გაზაფხულზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, „უცხოეთის აგენტებად“ შეერაცხა ყველა, ვინც დასავლურ ორგანიზაციებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობდა, ვითარება კარდინალურად შეცვალა. უეცრად ყველანი ერთ ნავში აღმოვჩნდით, ყოველდღიურად მზარდი საფრთხის წინაშე. მართალია, ძალიან განსხვავებულები, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც, თუმცა, ძალიან მყარად შეთანხმებულები ერთ საკითხზე - დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვის ერთადერთი სწორი არჩევანია და ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

შემდეგი მძლავრი იმპულსი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაეპაუზებინა. დაუნდობელმა თავდასხმებმა ჟურნალისტებზე და მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობამ ჟურნალისტური თემი კიდევ უფრო შეაკავშირა. 

მას მერე, ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ათას საშინელებას -  ერთად ვჭამეთ ცხრა ფუთი მარილი და ერთად შევხედეთ თვალებში წარმოუდგენელ სისასტიკესა და ღალატს. ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ ერთმანეთი და დავიწყეთ ერთმანეთთან საუბარი საპროტესტო აქციებზე, მარშებზე და მის მიღმა. მათ, ვინც საბაზრო კანონების თანახმად, კონკურენტები იყვნენ, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთისთვის თავდადების შთამბეჭდავი მაგალითები აჩვენეს. ორგანიზაციებმა და ადამიანებმა საერთო ამოცანების ირგვლივ გააერთიანეს ტექნიკური, ინტელექტუალური და ემოციური რესურსები.  

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ მოკლე ვადაში შეძლო მედიის სექტორის ისე გაძლიერება, თავისი მიზნის საპირისპიროდ, როგორც წლების განმავლობაში ვერ შევძელით მედიის განვითარებაზე მომუშავე ექსპერტებმა და ორგანიზაციებმა. 

იმის მიუხედავად, რომ ახლა ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, საკანონმდებლო თუ სხვა მექანიზმებით გვირაზავენ ყველა კარს, გვდევნიან, გვემუქრებიან და ჩვენს გასაქრობად ძალისხმევას არ იშურებენ, ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური თემი მთლიანობაში და მისი ცალკეული წევრები, ასეთი ძლიერები აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. გვჯერა, რომ სიხარულისა და ბედნიერების ის განცდა, რაც ამ ერთად ყოფნამ მოგვიტანა, მთებს გადაგვადგმევინებს. და უბრალოდ ვიცით, რომ როცა ყველაფერი კარგად დასრულდება და ჩვენ-ჩვენი ნიუსრუმების რუტინას დავუბრუნდებით, ეს გამოცდილება და კავშირები იმ საგზლად დაგვრჩება, რაც უკეთეს საქართველოში უკეთესი მედიაგარემოსა და მედიასაშუალებების შექმნას შეგვაძლებინებს. 

 
ვირტუალური თუ პარალელური რეალობა


წელს, კანის ფესტივალზე ყოფნისას, საქართველოდან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო: მართლა მოხვდა თუ არა ინფლუენსერი მანჩო (სახელი შეცვლილია, რადგან ჩემი ბლოგის მთავარი გმირი ის არ არის) წითელ ხალიჩაზე და თუ მართლა მოხვდა, როგორ? ერთი სიტყვით, ფეისბუკის ქართველი მაყურებელი არკვევდა, რეალობა იყო თუ არა ის, რაც მათ ნახეს. მივხვდი, რომ პასუხის გაცემა რთულია. 

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანის უახლოესი მეგობარი თუ მრჩეველი ნებისმიერ საკითხში, მათ შორის პირადშიც კი, ხელოვნური ინტელექტია, ახალგაზრდა თაობა კი დროის უმეტესობას ვირტუალურ სამყაროში ატარებს, საიდან უნდა ვიცოდეთ, სად არის ან რომელია რეალობა?! ამიტომ პირველად მაშინ გამიჩნდა ეს პასუხი - არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო სინამდვილეში წითელ ხალიჩაზე, რადგან რეალობა არის ის, რაც ნახეთ. 

სურათი კი ასეთი იყო: მანჩო წითელ ხალიჩასთან ფესტივალის ფეშენებელური მანქანით მიგრიალდა, ეცვა ძვირადღირებული საღამოს კაბა, მას ტაშს უკრავდნენ, უყვიროდნენ, ის პოზირებდა ფოტოკამერების წინ და ფოტოგრაფებიც უღებდნენ ფოტოებს. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს ეკუთვნის, ერთი პატარა გამონაკლისის გარდა - მისი სახელი და გვარი არ გამოაცხადა ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ. ინფლუენსერის ცნობილ ვიდეოში, ზემოდან დადებული ოვაციების ხმის გარდა, ყველაფერი ნამდვილია. მხოლოდ ერთია, რომ ქართველმა ინფლუენსერმა ეს რეალობა სოციალური ქსელისთვის შეიძინა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ფულს იხდის იმ რეალობისთვის, რომელსაც პროპაგანდა მისთვის ქმნის და ხალხს სთავაზობს. 

მანჩოს რამდენიმე ათასმა გამომწერმა დაიმახსოვრა, რომ ის კანის ფესტივალზე დაპატიჟეს, გულთბილად დახვდნენ, წითელ ხალიჩაზე ოვაციებით ააცილეს და მხოლოდ ეჭვიანმა ერთეულებმა გამოიკვლიეს, რომ ნანახი ბოლომდე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ასევეა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მერე რა რომ ეს ზრდა ჩვენს ჯიბეზე არ ასახულა.

უკვე საზეპიროსავით ვიცით, რომ პროპაგანდას სჭირდება მტრის ხატის შექმნა და შემდეგ ამ „მტრის“ მიმართ შიშის გაღრმავებაზე მუშაობა. თუკი წინა ხელისუფლება მუდმივად რუსეთით გვაშინებდა და რეალური საფრთხის გადაჭარბებული და უზომო წარმოჩენით ნაწილობრივ მისი დევალვაციაც მოახდინა, დღევანდელი ხელისუფლების მტერი დასავლეთია, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, თუ ირანში ხდება. ერთი სიტყვით, ამ მტრის მიმართ შიშის გაძლიერებაზე ეფექტურად მუშაობს: ომში ჩაგვითრევს, გაგვანადგურებს, ტრადიციებს წაგვართმევს, სქესს დაგვაკარგვინებს და ა.შ. 

გარდა ამისა, პროპაგანდის არანაკლებ მნიშვნელოვანი იარაღია რეალობის პოზიტიურად წარმოჩენაც: ჩვენ კარგად ვართ, კარგად ვცხოვრობთ, ჩვენ ირგვლივ ყველა დასაქმებულია, კარგი ანაზღაურება აქვს და ა.შ. უკანასკნელ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერა მუშაობა და ცდილობს საქართველოს მდგომარეობა ისეთი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, როგორც კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ვარსკვლავები ბრწყინავენ. 

ქვემოთ მოცემული რამდენიმე მაგალითი მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, როგორ ყვავის და ბრწყინავს საქართველო. ამგვარი სიახლეები, რაც ეკონომიკურ პროგრესს წარმოაჩენს, ქმნის ილუზიას, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურად მუშაობს, ეს ილუზია კი ხელისუფლების მიმართ ნდობის ზრდაზე მოქმედებს. 



ეს პოზიტიური ამბები ხშირად ნეგატიური მოვლენების, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადამალვის ყველაზე ეფექტური ხერხია. მაგალითად, „იმედის“ მაყურებელი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დარწმუნებულია, მაგალითად, არ აღშფოთდება, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში დაგროვებულ ქონებას რომ ნახავს. მთავარია, „ქვეყანა ვითარდება“. 

პოზიტიური პროპაგანდა იდეალური სახელმწიფოს იმიჯს ქმნის. ამიტომ არის, რომ მმართველი პარტია ნებისმიერი წარმატების მითვისებას, მასთან გაიგივებას ცდილობს: მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ნებისმიერი გოლი თუ გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა, რადგან ეს მაშინ ხდება, როდესაც ამ სახელმწიფოს მე ვმართავ. მაგრამ თუ სადმე, ჩემი სახელით წასული დამარცხდება, მას ასე წარმოვაჩენ:


და ამ „შთამბეჭდავი“ გამოსვლის შემდეგ, პროპაგანდა იმას კი არ იტყვის, რომ მარიამ შენგელია შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, არამედ იტყვის, თუ ვინ გადავიდა:


ასეთია პოზიტიური ამბების პროპაგანდის ხასიათი, ის ქმნის სტაბილურობისა და კომფორტის ილუზიას. აგრესიული „აბა, ომი გინდათ“ კამპანიის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ომის საფრთხეში უკვე მყარად დააჯერეს და დააშინეს, აქცენტი ახლა სწორედ ამ სტაბილურობასა და კომფორტზე კეთდება. საბჭოთა ადამიანს სჯეროდა, რომ საბჭოეთში ყველა ბედნიერი და უზრუნველყოფილი იყო, დასავლეთში კი ცოცხალ ადამიანებს მაღაზიებში ვიტრინის მანეკენებად ამუშავებდნენ.

დროთა განმავლობაში სინამდვილე და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებული ვირტუალური რეალობა ერთმანეთში იმდენად იდღაბნება, რომ „ქართული ოცნება“ ცარიელი მაცივარის ვირტუალურად გავსებას წარმატებით ახერხებს და ამას მოქალაქეებსაც აჯერებს. ასე იქცა 21-ე საუკუნეში ვირტუალური რეალობა პარალელურ რეალობად. 

ჩემი ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები და გაჩვენებთ გოგოს, რომელსაც აქვს კაბა წითელ ხალიჩაზე ასასვლელად, მაგრამ არ აქვს მოსაწვევი. ფურცელზე დაწერილი ტესტით ის სწორედ მოსაწვევს ითხოვს და მას ამ მოსაწვევს ან ბილეთს აუცილებლად აჩუქებს ვინმე ჩემნაირი, ვისაც აქვს ბილეთი, მაგრამ არ აქვს კაბა. ბილეთის გამოყენება კი აუცილებელია და მისი უქმად გაცდენა აკრძალულია.

ამ გოგოსაც შეუძლია შექმნას წარმატებული ქალის სურათი და ვინ გასცემს ცალსახა პასუხს კითხვაზე, რეალური იქნება ეს იმიჯი თუ ვირტუალური?! რადგან მთავარი მაინც ის იქნება, რომ მის „ბრწყინვალებას“ აუცილებლად დაიმახსოვრებს და დაიჯერებს ეკრანთან მჯდომი ობივატელი. 

 
მე თქვენ გადანაშაულებთ

 

პროლოგი

29 აპრილს, დილის 9 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა, რომელიც მეკითხებოდა ჩვენს კიდევ ერთ მეგობართანაც ხომ არ შევიდნენო. შევიდნენ, ანუ სახლში ჩხრეკაზე, რომელიც არავინ იცის რით დასრულდება, დაპატიმრებით თუ უბრალოდ ტექნიკის კონფისკაციით. რატომღაც ისე ხდება, რომ ქუჩაში, მიტინგის დროს დარბევაზე მეტად ეს სახლში შევარდნები უფრო მაშინებს. დედაჩემი, რომელიც 30-იან წლებში გაიზარდა, სულ მიყვებოდა, როგორ აშინებდათ სადარბაზოში ნაბიჯების ხმა, კარზე კაკუნის ხმა ჩხრეკაზე მისული ხალხის, დაპატიმრების… ამას ძალიან ხშირად გვიყვებოდა, სხვა ტრავმებთან ერთად, როგორც ჩანს, დედას შიშები იღვიძებს, როდესაც ვხედავ ახლობლების, ნაცნობების, თანამოაზრეების სახლში მისულ დღევანდელ „ენკავედეს“ და ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემთანაც მოვლენ. არც მათ დააშავეს რამე და არც მე, მაგრამ ჩვენ ხომ „უცხო ქვეყნის ჯაშუშები“ ვართ, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში. 


მედია და რეალობა

28 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“, დოკას კინოკლუბში ირანული ფილმი აჩვენეს წმინდა ლეღვის თესლი, სადაც ასეთი ეპიზოდია: გარეთ ადამიანებს სცემენ, არბევენ, წამლავენ, აპატიმრებენ… ქალს უნდა გაიგოს, რა ხდება ქალაქში, ტელევიზორს რთავს და კონცერტი მიდის. ეს ირანის რეალობაა. 

29 აპრილს, მასობრივი ჩხრეკების ფონზე, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, დეტალებს არ მოვყვები, მხოლოდ ერთ მონაკვეთს გამოვყოფ. ტელევიზიის დირექტორის მოხსენების შემდეგ, რომელშიც მან მაუწყებლის წარმატებებზე ისაუბრა (ასეთი ეპიზოდები საბჭოთა ფილმებში გექნებათ ნანახი, ქარხნის დირექტორი რომ გასული კვარტლის მიღწევებს უამბობს მის ზემდგომს), ბორდის წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს და დაამატეს: 

იხილეთ ვიდეო: 

ეს ახალი გადაცემაა „ხალხური“. ამ პროექტის შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მისი ანოტაციაც და გადაცემებიც აქ შეგიძლიათ იხილოთ. გეტყვით, რომ მშვენიერი, გადასარევი ხალხური მუსიკა ისმის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მოსამზადებელ პერიოდში, გასულ ზაფხულს „ხალხურის“ ჯგუფმა შემოიარა მთელი საქართველო, საუკეთესო სასტუმროებში გაჩერდა, თან დაჰქონდათ დიდი სცენა, აპარატურა… ამ პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ოდნავ გაცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. 

თუმცა, კარგი მუსიკა ნამდვილად ისმის, იქაც კარგი კონცერტი იყო, ირანულ ფილმში, ტელევიზორში რომ გამოჩნდა, მაგრამ კონტექსტი აქაც და ირანშიც ამ კონცერტებისგან განსხვავებულია. 

დღევანდელ დღეს ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს პროპაგანდასა და გასართობ გადაცემებზე. რუსეთის ტელევიზიაც ხომ ამით არის ცნობილი?!  სანახაობა ნებისმიერი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია, ამიტომაც არ იშურებს ვასილ მაღლაფერიძე ხალხის ფულს მათი გართობისთვის. წლებია ამ ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება გადაცემაზე - „მასტერ შეფი“. ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა, მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, 369,924-ს შეადგენდა, ამ ბავშვებს ეკრანზე გემრიელად მომზადებული საჭმლის სანახაობას სთავაზობენ.  

იცით, ეს გადაცემები რისთვის არის? 

„სამართალდამცავები“ გარეთ რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებს დაარბევენ, აქტივისტების სახლებში შეიჭრებიან, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო რომ გაიზრდება, ადამიანებს ისევ სცემენ, დაასახიჩრებენ და საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ დროს იმაზე უნდა ინერვიულოს, ვინ გაიმარჯვებს კახეთის, იმერეთის თუ მცხეთა-მთიანეთის ჯგუფი. ვისი სიმღერა თუ კერძი აჯობებს?! შეხედავს სცენაზე ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ წამყვანებს, მათ ჩაცმულობასა თუ თმის ვარცხნილობაზე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდები იზრუნებენ, იკაშკაშებს და იბრწყინებს ეკრანი, რომლის მეორე მხარეს ჩვენ ვისხდებით, რომელთაც კი, კარზე კაკუნის გვეშინია, მაგრამ უკან მაინც არ ვიხევთ და არ ვჩუმდებით. 

მესმის, ამ ადამიანებისთვის უცხოა ეს განცდა, რადგან მათ წინაშე საფრთხე არ არის, კარგად იქცევიან, რეჟიმის მოლაპარაკე თავები მათ უღიმიან, ხელს ართმევენ, მადლობას უხდიან შესანიშნავი გადაცემებისთვის... ისინიც ფიქრობენ: მე ხომ არაფერს ვაშავებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, არც მე მომწონს ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს და ოჯახს - პურს, საზოგადოებას კი სანახაობას ვაჭმევ. დიახ, სწორედ მათზე დგას რეჟიმი, არა მის ერთგულ მონა-მორჩილებზე, არამედ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვინც ახლა ჩუმად არის და „თავის საქმეს აკეთებს“, აი, ასე:

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ისეთი, ვისაც არ მოსწონს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ამას არც მალავს, ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებშიც კი იღებს მონაწილეობას, ზოგი პირად საუბრებში აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ეს ადამიანები შემდეგ მიდიან სამსახურში, მაყურებელს ართობენ და ფიქრობენ, რომ ამით არაფერს აშავებენ. 

ძვირფასო მეგობრებო, მსახიობებო, ჟურნალისტებო, იუმორისტებო… მე თქვენ გადანაშაულებთ რეჟიმის მხარდაჭერაში, მის გაძლიერებასა და თქვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობელის, ონისე ცხადაძისა და სხვების უკანონო პატიმრობის გამართლებაში. დიახ, თქვენი თანამშრომლობა რეჟიმთან ამ ადამიანების პატიმრობის გამართლებაა. ყველა, ვინც დღეს პროპაგანდისტულ მედიაში მუშაობთ და ღია ეთერში არ ლაპარაკობთ იმ რეპრესიებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ამ ბოროტების მონაწილეები ხართ, რადგან ბოროტება ხშირად არა სიძულვილით და დაუნდობლობით არის ჩადენილი, არამედ უპასუხისმგებლობით. ასეთია ჰანა არენდტის მიერ მოყოლილი „ბოროტების ბანალურობა“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბოროტება ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი ადამიანების ჩუმ მორჩილებაში არსებობს.  


ეპილოგი

29 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ მის ბინაში პირველი შეჭრისა და ჩხრეკის შემდეგ, დიდხანს კარზე კაკუნის შიში ჰქონდა. ეს ფრაზა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანამ კონტექსტიდან ამოიღო და ქარდად აქცია. „იმედის“ თანამშრომლებმა ვერ გაიგეს, რა იგულისხმა ილიამ, ისინი ახლა ძალაუფლების ვერტიკალში არიან და იფიქრეს, ეს სიტყვები ილიას აკნინებს, მათ არ იციან, რომ დედაჩემს და მის თაობას მთელი ცხოვრება გაჰყვა სადარბაზოს კიბეებიდან მომავალი ნაბიჯების და კარზე კაკუნის ხმის შიში. 

კი, ჩვენც ასე ვიქნებით და დღეს, როდესაც ერთმანეთით ვამაყობთ, ერთმანეთის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გვაბედნიერებს, ერთად ვშფოთავთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ამორალურად გამოიყურებით ეკრანზე მოლაზღანდარე, ბრჭყვიალა მოლაპარაკე თუ მომღერალი თავები! 










ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ასევე იხილეთ