კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მის მიერ ჩატარებული
მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ
მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება,
ამჯერად 5 000 ლარით
დააჯარიმა.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „TV პირველის“ ეთერში 27-28 ივლისის ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინდა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის - „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ 1-ელი და მე-2 პუნქტები და 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.
„პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც დღეს საკრებულოსთან მოვა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ“, - 27 ივლისის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტის მიერ ნათქვამი ეს წინადადება მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მოხსენებით ბარათში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის ორი პუნქტის დარღვევის მაგალითად აქვს მოყვანილი.
დეპარტამენტის დასაბუთებით, მაუწყებლის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არაჯეროვანი სიზუსტით იყო გადაცემული, რადგან სიუჟეტში ჩასმულ ინტერვიუში გოგა მემანიშვილი ასეთ განცხადებას არ აკეთებს:
„სიუჟეტში ჟურნალისტი პოლიციის მაღალჩინოსანს უსვამს შეკითხვას: „მაგალითად, ამ ადამიანს უწერია კი თეთრ ბანერზე, ეს ეხლა დანაშაულია? ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა? [...] ანუ კი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?”. რაზეც პოლიციის მაღალჩინოსანი პასუხობს: „ვინც დაარღვია ის დავაკავეთ, ხო არ ვედავებით [...].“ ჟურნალისტი: „ანუ სხვა ადამიანების დაკავებასაც აპირებთ?“. პასუხი: „რატომ უნდა დავაკავოთ?“ აღნიშნულიდან კი წამყვანის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ გამომდინარეობს“.
„TV პირველს“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად: „დიდი ნადირობა მოაწყო“; „სქროლვა სქრინვის სააგენტო“; „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“; „ჩეჩნური ტიპის რაზმი“; „რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“; „დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე“; „აქტივისტებზე ნადირობა“; „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“.
„TV პირველს“ არხის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის გადადება სურდა, თუმცა კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საკითხის მომხსენებლის, ეკატერინე ჭახრაკიას თქმით, ამ შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ „განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე აუცილებელია საკითხი დეტალურად იქნეს შესწავლილი ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის მიერ. გარდა ამისა, მას თავად სურს მონაწილეობა მიიღოს პროცესში და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბატონი ნოდარ მელაძე იმყოფება შვებულებაში 19 აგვისტოს ჩათვლით, მოთხოვნილია სხდომის გადადება გონივრული ვადით და განცხადებას ერთვის ბრძანება შვებულების მიცემის თაობაზე“.
კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ კი აღნიშნა, რომ „თუ იურისტს ბმული გაეგზავნა და არ ესწრება სხდომას და ის, რომ ბატონი ნოდარი იმყოფება შვებულებაში, ჩემი აზრით ვერ იქნება მიჩნეული საპატიო მიზეზად. ერთი ის, რომ, კი ბატონო, გვესმის შვებულებაში ყოფნის პერიოდი, თუმცა ვიცით, რომ სხდომას მხარეები ესწრებიან ონლაინ და ამიტომ არა მგონია ახლა ბატონი ნოდარი ისეთ ადგილას იმყოფებოდეს, საიდანაც ჩართვა არ შეეძლო. მეორე ის, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ასევე სხვასაც შეეძლო, სხვა უფლებამოსილ პირს დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება და კომისია გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ საკითხის განხილვა უნდა გადავდოთ“.
კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ და სხვ. ივნისში 2 500 ლარით დააჯარიმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების შემდეგ
კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის
გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი
ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს
მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან
დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების
შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
ComCom-მა მონიტორინგისას 2 დარღვევა გამოუვლინა და 6 აგვისტოს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2500 ლარით დააჯარიმა „პოსტვ“-იც.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ ორჯერ: 2 500 და 5 000 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „ფორმულა“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, აპრილში კომისიამ წერილობით გააფრთხილა: „პოსტვ“-ი, „იმედი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“. გაფრთხილების შემდეგ, ComCom-ს ჯერ არ განუხილავს პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კანონმდებლობის ამავე საფუძვლით შესაძლო დარღვევის საკითხი.
17 ივლისს კომუნიკაციების კომისიიდან „მედიაჩეკერს“ წერილობით უპასუხეს, რომ კომისია „სისტემატურად მონიტორინგს ახორციელებს 6 ყველაზე ყურებად არხზე, მათ შორის მონიტორინგდება „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და „ფორმულა“. გარდა ამისა, კომისია პერიოდულად ამოწმებს ასევე სხვა მაუწყებლებსაც, მაგალითად „პალიტრა“, BMG, კავკასია.
აპრილის შემდეგ, კომისიის სისტემატური მონიტორინგის ფარგლებში, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ გარდა განხორციელდა სხვა არხების მონიტორინგიც, ბოლო მონიტორინგის შედეგად „პოსტვ“-ის შესაძლო დარღვევის საკითხი კომისიაში ჩანიშნულია 23 ივლისს. ხაზგასასმელია, რომ კომუნიკაციების კომისია თანამშრომლობს მაუწყებლებთან საკანონმდებლო მოთხოვნების განმარტების მიმართულებით, მათ შორის აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები „ტვ პირველის“ წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ყველა მაუწყებლის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად მონიტორინგდება, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. გამონაკლისი არის მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის შემთხვევაშიც დარღვევები არ შემცირებულა. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფორმულამ“ გამოთქვა კომისიასთან სამუშაო შეხვედრის სურვილი, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა“.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. აპრილში კი, ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, დარღვევაზე პირველად იმსჯელა.
ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების
განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის
გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით
მიეცა.



