ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დგებუაძისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნას უერთდება
16.01.2025


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ირაკლი დგებუაძისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიების თაობაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნას უერთდება. 

„საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.

როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

საია-ს ცნობით, მზია ამაღლობელს, დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, ირაკლი დგებუაძის ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად კედელზე სტიკერის გაკვრის გამო გაფიცვისკენ მოწოდებით. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე დააკავეს მეორედ - ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ.  მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობელი იყო. პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს დაპირისპირება და ჭყლეტა და ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს მზია ამაღლობელი. დაკავების პროცესში პირადად მონაწილეობდა ირაკლი დგებუაძე. „ბათუმელების“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აგინებს და იმუქრება, რომ მას სისხლის სამართლებრივი წესით დაასჯევინებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 


მზია ამაღლობელის საქმე

,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.  

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

ბათუმელები/ნეტგაზეთის 13 იანვრის განცხადებით, „სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული გზავნილები გააანალიზა და გამოაქვეყნა კვლევა - „„ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“. 

მასში აღნიშნულია, რომ ამაღლობელის წინააღმდეგ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - მამუკა მდინარაძე. ასევე, მათ გარდა, პერიოდულად, განცხადებებს აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ თბილისის მერი - კახა კალაძე და პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი და სოზარ სუბარი.

CMIS-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ რამდენიმე ძირითად გზავნილს ეყრდნობოდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე განცხადებაში ერთდროულად იკვეთებოდა: 
  • მზია ამაღლობელი არის დამნაშავე 
  • მზია ამაღლობელი არის[ოპოზიციური] პარტიული აქტივისტი 
  • მზია ამაღლობელი არის უცხოეთის აგენტი, დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელი
  • მზია ამაღლობელი არის მოძალადე

გარდა ამისა, მასში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა ყალბი ინფორმაციაც, თითქოსდა მზია ამაღლობელი პოლიციელებს სტიკერს აკრავდა ზურგზე, ან/და მზია ამაღლობელმა პოლიციელს შეაფურთხა. 

„„ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა ცხადყო, რომ „ქართული ოცნება“ პროპაგანდის მეშვეობით მზია ამაღლობელის დემონიზებას და დისკრედიტაციას ცდილობდა, რაც ჟურნალისტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და მანიპულირებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული კი წარმოაჩენს პარტიის პოლიტიკას პრესის თავისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. მათი დამოკიდებულებები და ქმედებები პირდაპირ მიესადაგება ავტოკრატიის ლოგიკას, სადაც პოლიტიკური ლიდერები ნაცვლად ანგარიშვალდებულებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით ხელმძღვანელობისა, საზოგადოების მანიპულირებას მიმართავენ და დამოუკიდებელ მედიას ზღუდავენ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“, - ვკითხულობთ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

CMIS-მა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებები და განცხადებები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მოიძია ონლაინ მედიასაშუალებებიდან: Netgazeti.ge, Publika.ge, On.ge, Tabula.ge, ipn.ge, 1TV.GE, „რეზონანსი“, Imedinews.ge და Ambebi.ge. მონაცემები შეაგროვა  საძიებო სისტემებისა და თეგების გამოყენებით და კვლევაში სულ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული 38 განცხადება გააანალიზა.

------------------------------------------------

მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

 
კვლევა: „პატიმრობის ერთი წელი და დისკრედიტაციის უწყვეტი კამპანია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისი საზოგადოება“ წერს, რომ 2025 წელს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი იყო:

„მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციებისა და სასამართლო პროცესების პარალელურად, მთელი წლის განმავლობაში მისი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობდა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პარტიასთან დაკავშირებული ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები, პროპაგანდისტული მედია, ანონიმური აქტორები და რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელები“.

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევის მიხედვით, ამაღლობელის დისკრედიტაციის საწინააღმდეგო კამპანია მისი დაკავებიდან მალევე დაიწყო, პროპაგანდისტულმა მედიამ კოორდინირებულად გაავრცელა ერთი და იგივე ვიდეო, რომელშიც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა ჩანდა, პოსტების ნაწილი კი ფეისბუქზე დარეკლამებული იყო:

„მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის კამპანიაში, ტრადიციულად, პირველები ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები ჩაერთნენ. მათ შორის, ჟურნალისტის დაკავებიდან რამდენიმე საათში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, აქტიურად გავრცელდა დავით ჩიხელიძისა და გია აბაშიძის ფეისბუქსტატუსები. ორივე მათგანი აღნიშნავდა, რომ მედიის წარმომადგენლების დაკავებისას აშშ უფრო ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, აბაშიძემ კი ირაკლი დგებუაძეს, მის ოჯახსა და კოლეგებს მხარდაჭერაც გამოუცხადა. იდენტურ გზავნილებს ავრცელებდნენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და ექსპერტებად პოზიციონირებადი „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერები“. 

როგორც ISFED-ი წერს, ე.წ. „ექსპერტების“ შემდეგ, მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ წევრებმაც, მათი გზავნილები კი სრულ თანხვედრაში მოდიოდა ერთმანეთთან და აქცენტი გაკეთებული იყო ჟურნალისტის კანონის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე, „საზოგადოებრივი აზრის მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ ფორმირებისთვის, მისი ქმედება აღწერილი იყო როგორც „პოლიციელზე თავდასხმა“ და „ცემა““.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც მან შიმშილობა დაიწყო:

„მზია ამაღლობელის 38-დღიან შიმშილობას, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სოციალურ ქსელებში „დიეტად“ და „სპექტაკლად“ წარმოაჩენდნენ. აღნიშნული კამპანია აქტიური იყო როგორც ფეისბუქის ანონიმურ გვერდებსა და პროფილებზე, ისე ტიკტოკზე“.

ამაღლობელის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ეკოსისტემა განსაკუთრებით გააქტიურდა მისი მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადებისა და მიღების პარალელურადაც. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ სოციალური მედიის პლატფორმების მონიტორინგი აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია მისი საერთაშორისო ჯილდოებზე წარდგენისა და გამარჯვების შემთხვევაშიც აქტიურდებოდა:

„მზია ამაღლობელის ამ პრესტიჟული [სახაროვის] პრემიით დაჯილდოება მორიგი პროპაგანდისტული კამპანიის მიზეზი გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და პარტიასთან დაკავშირებული პირები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ და პრემიის გადაცემას ძალადობის წახალისებად წარმოაჩენდნენ. ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო“.

ISFED-ის კვლევის მიხედვით, პროპაგანდისტული მედიის გზავნილების ნაწილი მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ მოიხსენიებდა, „ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვის მიზნით აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეომონტაჟები, რომელიც საზოგადოებას მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ მცდარ წარმოდგენებსა და უნდობლობას უჩენდა. პროპაგანდისტული მედია მზია ამაღლობელს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქაოსის გამოწვევაში სდებდა ბრალს. მასთან ერთად, დისკრედიტაციის სამიზნე იყვნენ სხვა პოლიტპატიმრებიც“.

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, მზია ამაღლობელის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ფარგლებში გავრცელდა გზავნილებიც, რომლებიც მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას ეხებოდა. დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ პროპაგანდის სამიზნე გახდა დიპლომატიური კორპუსიც. 

ISFED-ი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელისა და „ნეტგაზეთის“ საწინააღმდეგო გზავნილები გაავრცელა რუსეთიდან მართულმა ანონიმურმა ქსელმაც და მასთან ერთად, ჟურნალისტის დისკრედიტაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული კრემლთან დაკავშირებული „სპუტნიკი“ და Pravda-ის ქსელი.

მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

 
TI: „კრიტიკული მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის ამარა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2024-2025 წლებში, პროსამთავრობო მაუწყებლებმა ჯამში 89.5 მლნ ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, კრიტიკულმა ტელევიზიებმა კი („მთავარი არხის“ 2024 წლის მონაცემის ჩათვლით) თითქმის 4-ჯერ ნაკლები - 23 მლნ ლარის, რაც „ნათლად აჩვენებს იმ უზარმაზარ დისპროპორციას და სარეკლამო ბაზრის არათანაბარ განაწილებას, რაც პროსამთავრობო და კრიტიკულ მაუწყებლებს შორის ფიქსირდება“. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, შექმნილი ფინანსური პრობლებების გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა, ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე არიან ქვეყნის მთავარი კრიტიკული მაუწყებლები - „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“:

„კრიტიკული მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის ამარა“.

2024-2025 წლების სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა ასევე აჩვენებს, რომ წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების ხარჯები კვლავაც მნიშვნელოვნად - 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში კი - 3-ჯერ აღემატება მათ შემოსავლებს და ისინი უკვე რამდენიმე წელია, რაც ფისკალურ წელს ზარალით ასრულებენ და მოგებაზე ვერ გადიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის დასკვნითი ნაწილის მიხედვით:

  • 2024-2025 წლების მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ანალიზი მკაფიოდ აჩვენებს, რომ სარეკლამო ბაზარი არ არის საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის, რასაც თან ახლავს ბაზრის არათანაბარი და დისპროპორციული განაწილება პროსამთავრობო მაუწყებლების სასარგებლოდ.

  • მაგალითად, მხოლოდ 2025 წლის პირველ 3 კვარტალში, მხოლოდ პროსამთავრობო „იმედის ჰოლდინგმა“ 29.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო კომერციული რეკლამიდან, რაც ორი კრიტიკული მაუწყებლის - „ფორმულა“, „ტვ პირველი“ - იმავე პერიოდის ჯამურ შემოსავალზე 3.7-ჯერ მეტია. მათ საანგარიშო პერიოდში, ჯამურად მხოლოდ 7.8 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

  • საყურადღებოა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობაც საერთო სარეკლამო ბაზარზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც ხელისუფლების დღის წესრიგზეა მორგებული და ისედაც სოლიდური სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, კომერციული რეკლამის  ნაწილში კერძო მაუწყებლების კონკურენტად გვევლინება. რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს სარეკლამო შემოსავლების უდიდესი ნაწილის აკუმულირებას პროსამთავრობო არხებზე. აღნიშნული განსაკუთრებულ წნეხად კვლავ კრიტიკულ მაუწყებლებს აწვებათ, რომლებიც ისედაც მინიმალური ფინანსური რესურსების ზღვარზე ოპერირებენ.

  • ამასთან, მკაფიოდ იგრძნობა ერთგვარი თვითცენზურა რეკლამის დამკვეთებშიც, რის ვარაუდსაც პირად საუბრებში თავად კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. მათივე ცნობით, ადგილი ჰქონდა უკვე დადებული სარეკლამო კონტრაქტების გაუქმებასაც. ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს მაუწყებლებში მიტანილი რეკლამების საერთო მაჩვენებლებიც.

  • კრიტიკულ მედიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს თან სდევს, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსების მკვეთრი ნაკლებობა. მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებების ფონზე, ბევრი ჟურნალისტი იძულებული ხდევა დატოვოს პროფესია, დარჩენილები კი მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობენ საქმიანობას.

  • ამას ემატება მრავალმხრივ გაუარესებული კანონმდებლობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ხელისუფლებისადმი კრტიკულად განწყობილი მაუწყებლებისადმი არსებულ წნეხს. 2025 წლის დასაწყისში, რეპრესიული ცვლილებებით, ფაქტობრივად, სრულად შეიზღუდა დასავლური ფონდებიდან დაფინანსების მიღება, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ მედიისთვის. აღსანიშნავია, კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის გაფართოებაც, რრომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაუწყებლების დასჯის  ინსტრუმენტად გამოიყენება.

  • აღსანიშნავია მედიის წარმომადგენლებისთვის ბოლო წლებში შექმნილი მტრული გარემოც, რაც მათ უკანონო დაკავებებში (მათ შორის, სისხლის სამართლებრივი წესით), დაჯარიმებებში,  ე.წ. SLAPP (საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგიული სარჩელები) სარჩელებში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დაშინებაში, მუქარაში, შევიწროებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის შემთხვევებში გამოიხატება.  ბოლო 2 წელში, 600-ზე მეტი ამგვარი ინციდენტი აღირიცხა.

  • ამას თან ერთვის ჰიბრიდული საინფორმაციო ომი, კრიტიკული მედიების მიმართ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა, რაც მკვეთრად პოლარიზებული გარემოს პირობებში, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის იმ გარემოს, რომელშიც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უწევთ ფუნქციონირება.

SJC: „აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, გუშინ, 16 იანვარს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნინო ენუქიძის დადგენილება ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა მის ქმედებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.

აფგან სადიგოვს სასამართლომ პარლამენტის მიმდებარე ტერიოტირაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული პატიმრობა ორჯერ შეუფარდა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19-21 ოქტომბრის ეპიზოდზე მიუსაჯა, 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით კი 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. 

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვს ამჯერად 2025 წლის 17-18 დეკემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული  სამართალდარღვევის  ჩადენას ედავება, რაც ტრანსპორტის ან/და ხალხის(ქვეითთა) გადაადგილების შეფერხებისთვის  პასუხისმგებლობას ითვალისწინებს:

„სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აფგან სადიგოვი, აქამდე იმავე საფუძვლით უკვე იყო სახდელდადებული, მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს  შეიცავს.

„ქართულმა ოცნებამ“  16 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და  სსკ-ის 347-ე მუხლით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდა შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ.

მოგვიანებით, 12 დეკემბერს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-10, მე-111, მე-112 და მე-13 მუხლების რედაქცია შეიცვალა იმგვარად, რომ ახლა უკვე აიკრძალა ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნაც და განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ჩადენა, კვლავ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დარჩა.

ამ საფუძვლით, ბოლო  კვირებში, სასამართლომ რამდენიმე აქტივისტის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე რეაგირებისთვის შსს-ს გადაუგზავნა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის დაიწყებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას და წაუყენებს თუ არა ბრალს მათ მშვიდობიანი პროტესტის აქტივისტებს. თუმცა  გზის გადაკეტვის საფუძვლით უკვე რამდენიმე თვეა წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული ერთ-ერთ აქტივისტს, რომელსაც, პროკურატურა, სწორედ სსკ-ის 347-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო და ევროპულ სასამართლოებს ცალსახა პოზიცია აქვთ, რომ მოძრაობის შეფერხების გამო ამგვარი შეზღუდვები შეკრების თავისუფლების არსს ეწინააღმდეგება. ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ ეროვნული სასამართლოები შეფერხების „ხელოვნურობის“ დასადგენად რაიმე განჭვრეტად სტანდარტს არ ეყრდნობიან და არც კი მსჯელობენ, თუ შეკრების მონაწილეების რა რაოდენობაა საკმარისი სატრანსპორტო მოძრაობის კანონიერი შეფერხებისთვის:

„შეკრების მონაწილეების დასჯის ამგვარი პრაქტიკა არღვევს კანონის გარეშე დასჯის აკრძალვის საბაზისო და აბსოლუტურ პრინციპსაც, რომელიც ევროპული სასამართლოს თანახმად, მოიცავს ინდივიდუალური ბრალის (mens rea) გარეშე დასჯის აკრძალვასაც. ამასთან, მსგავსი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ კანონმდებლობაში ცვლილებების სიხშირიდან და ვიწრო მიზნებიდან გამომდინარე, დარღვეულია სამართლის უზენაესობის სხვა - კანონის სტაბილურობისა და ზოგადი ბუნების შესახებ  - პრინციპებიც“.

SJC-ის შეფასებით, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობიან პროტესტს ყველა საშუალებით ებრძვის და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს:

„განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სადიგოვისთვის გამოძიების დაწყების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად არ უცნობებიათ.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, 2024 წელს დააკავეს. ის საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. სადიგოვმა პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.

 
MDF: „იმედმა“ საინფორმაციო მომსახურებაზე 8 მუნიციპალიტეტის მერიასთან ჯამში 62 445 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა

„მედიის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია „იმედმა“, 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საინფორმაციო მომსახურებაზე 8 მუნიციპალიტეტის მერიასთან ჯამში 62 445 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ეს მუნიციპალიტეტებია: გორის, ახალქალაქის, ადიგენის, ხულოს, რუსთავის, ბორჯომის, ფოთისა და ხობის.

როგორც MDF-ი წერს, ეს კონტრაქტები ერთწლიანია და 7 შემთხვევაში თითოეულის ღირებულება 7 500 ლარია (თვეში 625 ლარი). ამ 7 კონტრაქტში ხელშეკრულების საგანს „იმედის“ ვებგვერდზე არაუმეტეს 60 რელიზის განთავსება წარმოადგენს, რუსთავის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი ხელშეკრულების წლიური ღირებულება 9 945 ლარია (თვეში 825, 75) და კონტრაქტი ვებგვერდზე არაუმეტეს 85 საინფორმაციო რელიზის განთავსებას ითვალისწინებს:

„ხელშეკრულების პირობები მეტწილად ერთგვაროვანია და შემდეგ შინაარსობრივ და პროცედურულ ვალდებულებებს ითვალისწინებს:

შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განთავსებას შინაარსის შეცვლის გარეშე: მასალის რედაქტირება და თარგმნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მისი შინაარსი არ შეიცვლება (ხობი, ფოთი, ხულო, გორი, ადიგენი, ბორჯომი).

დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად გაშუქება: სააგენტო უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მისი საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების/ინფორმაციების მომზადებასა და გაშუქებას, აგრეთვე მათ გავრცელებას სხვა მედია საშუალებებისთვის, საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში არაუმეტეს 38-ჯერ.   

სააგენტო უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ღონისძიებების ფოტო გადაღებას, საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში არაუმეტეს 2-ჯერ ქ. თბილისის მასშტაბით (ბორჯომი).

საინფორმაციო მხარდაჭერა მიწოდებული რელიზების განთავსების გზით: ვებ-გვერდზე (www.imedinews.ge) ჯამში არაუმეტეს 60 რელიზის განთავსება (ხობი, ფოთი, ხულო, გორი, ახალქალაქი, ადიგენი, ბორჯომი), 85 რელიზისი განთავსება (რუსთავი).

ეთიკური და არაშეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელება: არ განათავსოს ისეთი ინფორმაცია რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ, არაკორექტულ და არაეთიკურ ინფორმაციას (ახალაქალაქი, ბორჯომი). 

მიწოდებული ინფორმაციის ოპერატიული განთავსება: მიწოდებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ (ინფორმაციის მიწოდებიდან იმავე დღეს) უნდა განთავსდეს (ხობი, ფოთი, ხულო, გორი, ადიგენი).

მუნიციპალიტეტების საავტორო უფლებების დაცვა: შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე არ გადასცეს მესამე პირს დისტრიბუციის, გაცვლის ან გაყიდვის მიზნით (ახალქალაქი, ხობი, ფოთი, ხულო, ადიგენი, ბორჯომი)“. 

„მედიის განვითარების ფონდი“ ხაზს უსვამს, რომ „ტელეიმედი“ მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებულ დაფინანსებულ პრესრელიზებს, სარეკლამო აღნიშვნის გარეშე აქვეყნებს, რითაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და მასალის ფასიანი ხასიათის შესახებ მათ ინფორმირებულობას ხელს არ უწყობს.


ორგანიზაცია აქვეყნებს მაგალითებსაც, რომლებშიც „კარგად ჩანს, რომ ის, რასაც ტელეიმედის ვებ-გვერდი სანდო წყაროს რუბრიკით წარმოადგენს, რეალურად დაფინანსებული სტატიაა, შესაბამისი სარეკლამო აღნიშვნის გარეშე, რომელიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის გვერდზეც იდენტური ტექსტით ვრცელდება. ამასთანავე, იმედის ვებ-გვერდზე რეგიონების შესახებ განთავსებული ინფორმაცია ძირითადად უკრიტიკოდ, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, რაც იმედის სარედაქციო პოლიტიკის სახელისუფლებო ხასიათზე მეტყველებს“. 


„მედიის განვითარების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია „იმედსა“ და მუნიციპალიტეტებს შორის კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკით, Qartli.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდა, რომელიც „ტელეიმედსა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ფასიანი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით, 2025 წლის დეკემბრისა და 2026 წლის 9 იანვარის ჩათვლით მონაცემები შეისწავლა. 

 
საია: „სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეების წარმოება აქტიურად გრძელდება“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეების წარმოება აქტიურად გრძელდება, პირველ საქმეზე (პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების შეფარდება და დაკავშირებული დარღვევები) საიამ წერილობითი პოზიცია წარადგინა, მეორეზე კი (ადმინისტრაციული დაკავება და სამართალდარღვევები) ევროსასამართლომ ახალი საჩივარი დაარეგისტრირა.

საიას ინფორმაციით, პირველი საქმე (Amaghlobeli v. Georgia, no. 13661/25) ეხება 2025 წლის 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონოდ დაკავებული და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული შემდეგი უფლებების დარღვევას: მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-18 მუხლი (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები). ამ საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა:

„2025 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე წერილობითი პოზიცია წარადგინა. სახელმწიფომ დარღვევები არ აღიარა და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, ისევე, როგორც მისი განგრძობადი წინასწარი პატიმრობა, იყო კონვენციურ ვალდებულებებთან შესაბამისი“.

2025 წლის 11-12 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს:

„2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს სტიკერის, წარწერით - „იფიცება საქართველო“, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე გაკვრის გამო, რა დროსაც მზია ამაღლობელი სარგებლობდა კონსტიტუციითა და კონვენციით განმტკიცებული გამოხატვის თავისუფლებით და სოლიდარობას უცხადებდა მიმდინარე აქციის ფარგლებში უკანონოდ დაკავებულ პირებს. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საიამ 2025 წლის 17 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომელიც სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა და მიანიჭა შესაბამისი ნომერი (no. 36304/25). ეს მზია ამაღლობელის რიგით მეორე საქმეა სტრასბურგის სასამართლოში.

2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელი, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ მეორედ იქნა უკანონოდ დაკავებული სისხლის სამართლის წესით და 2025 წლის 13 იანვარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას. ამ საქმეზე წარმოება ეროვნულ დონეზე კვლავ გრძელდება“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე სტრასბურგის სასამართლოს წინაშეც არ განუმარტავს და არ დაუდგენია მათ შორის იმ პირის ვინაობა, რომელმაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით რეალურად დააკავა:

„იუსტიციის სამინისტრო, ისევე როგორც პროკურატურა, ვერ ასაბუთებს დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვის არსებობას, რომელიც დაადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან კონკრეტული ქმედების, როგორც თავად პროკურატურამ დააკვალიფიცირა - ,,პოლიციელზე თავდასხმის” ფაქტს, თუ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას, რითაც დაირღვა მზია ამაღლობელის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებული თავისუფლების უფლება.

კერძოდ, სახელმწიფო თავად მიუთითებს, რომ ქმედების კვალიფიკაციისათვის მხოლოდ ,,ზიანის ხარისხი” არ არის განმსაზღვრელი და, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მიხედვით, ქმედების კვალიფიკაციისას ასევე მნიშვნელობა ენიჭება ,,იმ კონტექტს, რომელშიც ქმედება განხორციელდა” და ,,დამნაშავის მიზანს”. მოვლენათა თანმიმდევრობისა და ქმედების განხორციელების ირგვლივ არსებულ გარემოებათა გადმოსაცემად და მზია ამაღლობელის განზრახვის დასადასტურებლად, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია შესაბამისი, მათ შორის, ნეიტრალური მტკიცებულებები და დაეყრდნო საქმეში არსებულ ვიდეომასალას, რომლითაც შეუძლებელია კონკრეტული დანაშაულისა და განსაკუთრებით ,,დამნაშავის მიზნის” იდენტიფიცირება. წარდგენილ პოზიციაში განმარტებულია, რომ დაკავება იყო თვითნებური და ემსახურებოდა ავ განზრახვას, რამდენადაც ეს განპირობებული იყო არა საფუძვლიანი ეჭვით, არამედ - ირაკლი დგებუაძის მუქარით, რომ ,,სისხლით” დაიჭერდა მზია ამაღლობელს“.

როგორც საია აღნიშნავს, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ ეროვნულ დონეზე პროკურატურის მიერ გაჟღერებული არგუმენტები გაიმეორა, რომლებიც მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს უკავშირდებოდა:

„იმ პირობებშიც კი, როდესაც ეროვნულ დონეზე საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა არათუ გააბათილა აღნიშნული რისკების არსებობა, არამედ უფლებადამცველებმა პროკურატურას მიუთითეს კიდეც სტანდარტზე და იმ მტკიცებულებების აუცილებლობაზე, რომელთა არსებობა აუცილებელი იყო განგრძობადი პატიმრობის დასადასტურებლად, საერთაშორისო დონეზე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

წარდგენილ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისათვის პროკურატურა დაეყრდნო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებასა და სამართალდარღვევის საქმეებს, რომელთა ირგვლივ, არა თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო გამოტანილი, არამედ არც იყო განხილული სასამართლოების მიერ. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ,,ახალი დანაშაულის” ჩადენის რისკის დასამტკიცებლად პროკურატურას არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები და მხოლოდ ეყრდნობოდა ადმინისტრაციული დაკავებას, მზია ამაღლობელს პარალელურად უწევდა ემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა იმ საქმეების ირგვლივ, რომელიც ეროვნულ დონეზე იყო მიმდინარე. Პროკურატურის პოზიციითა და სასამართლოების მიერ პროკურატურის არგუმენტების ყოველგვარი შეფასების გარეშე გაზიარებით დაირღვა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც საერთაშორისო დადგენილი პრაქტიკით ინდივიდს იცავს სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“.

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციით ვერ დასტურდება იმ განზრახვის არარსებობა, რომლის მიზანს რეალურად მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით საიამ წარადგინა მმართველი პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და ნინო წილოსანის განცხადებებიც, რომლებიც მზია ამაღლობელს, იმ პირობებშიც კი როდესაც მის მიმართ ჯერაც არ დამდგარა ეროვნულ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება, დამნაშავედ მოიხსენიებენ და მიუთითებენ, რომ მან კონკრეტული დაკვეთა შეასრულა.

„დამატებით წერილობით პოზიციაში წარდგენილია ახალი ფაქტობრივი გარემოებები საქმის ირგვლივ, მათ შორის იმ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მიერ წარდგენილ შეპასუხებაში არ ყოფილა აღნიშნული. კერძოდ, 2025 წლის 14 ნოემბერს, პროკურატურამ, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე დაინიშნა სრულიად უკანონოდ, გურიის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს დეტექტივის ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის საფუძველზე, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციის საშუალებებით ესაუბრებოდა იმ ეტაპისთვის დაუდგენელ პირებს, ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე გარდა იმისა, რომ ექსპერტიზის დანიშვნისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ვლადიმერ ჩიტაიას მიერ მიწოდებული ინფორმაციით და არ გაითვალისწინა ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, რითაც დაარღვია მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით გარანტირებული უფლებები, თითქმის 9 თვიანი ექსპერტიზის შემდგომ, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია ვერ მოიპოვა“, - წერს საია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ამ პირობებში მზია ამაღლობელს უფლების დაცვის ქმედითი საშუალება წაერთვა, რამდენადაც მისი უფლებები შეიზღუდა იმ გარემოებებში, როდესაც არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის გარდა, რომელშიც მოცემული ინფორმაციაც ვერ დადასტურდა. 

 
„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
IPI: პრესაზე თავდასხმები ძირს უთხრის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებებს ტირანიისა და უკონტროლო ძალაუფლებისგან იცავენ
(ფოტო:EPA-EFE/Rolex Dela Pena)

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გადადგას სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები დაუსჯელობის გლობალური კრიზისის დასასრულებლად და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.

IPI-ის შეფასებით, მთელს მსოფლიოში თავისუფალი პრესა საფრთხის ქვეშაა, ხოლო ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმები დღითიდღე ძლიერდება:

„სახელმწიფოების უუნარობამ, არ მიიღონ რეალური ზომები დაუსჯელობის ამ კრიზისის მოსაგვარებლად, დააჩქარა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ეროზია, რადგან ავტორიტარიზმი ფეხს იკიდებს მსოფლიოს მრავალ ნაწილში“.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით, პრესაზე თავდასხმები თავად დემოკრატიის გულს ურტყამს და ძირს უთხრის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებებს ტირანიისა და უკონტროლო ძალაუფლებისგან იცავენ.

როგორც IPI-ი აღნიშნავს, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა გადამდებ დაავადებას ჰგავს: ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, ასუსტებს ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და ამწვავებს ძალადობას:

„ცხადია, რომ მხოლოდ კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები საკმარისი არ არის: საჭიროა პოლიტიკური ნება და ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ერთგულნი არიან კანონის უზენაესობის დაცვისადმი - სწამთ თავისუფალი საზოგადოებისა და წესებსა და უფლებებზე დაფუძნებული წესრიგის - მზად არიან პრაქტიკაში დაიცვან ეს ვალდებულებები და პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა გამოიძიონ, გაასამართლონ და დასაჯონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მაშინაც კი, როდესაც სამართლიანობის მიღწევა პოლიტიკური მოკავშირეებისა და გავლენიანი ელიტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს“

2 ნოემბერთან - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სია გამოაქვეყნა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“. RSF-მა ამ 34-კაციან სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა. 

„პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

 
2026 წელი უარესი იქნება, მაგრამ…

ფოტო: ლევან ზაზაძე


ისე მოხდა, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავატარე: გაზეთი, ჟურნალი, რადიო, ტელევიზია და ბოლოს უკვე ონლაინ მედია. ყველა მათგანში წლის ბოლოს შეჯამებას მთხოვდნენ, რაც იმდენად მძულდა, რომ არასდროს ვასრულებდი. ბოლო წლებია ამ შეჯამებას, არამხოლოდ მედიები, სოციალურ ქსელში ყველა ჩემი „ფრენდიც“ მთავაზობს, ამას მომავალი წლის გეგმებიც ემატება და ასე დაუსრულებლად. წლის ნომინაციები და ლაურეატების გამოვლენაც მძულს. 2004 წელს, გაზეთ „24 საათში“, წინასაახალწლო საავტორო სვეტში (მაშინ ბლოგებს სვეტი ერქვა), დავწერე ჩემი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ და ვამხილე ყველა მათგანი, ვინც ერთი თვით ადრე იწყებდა კითხვას: „შენა და ახალ წელს რას აპირებ?“ იმ ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, ახლობლების ნაწილი ისე შევაშინე, ახალ წელსაც არ მილოცავდნენ. ერთი სიტყვით, არ მიყვარს თავსმოხვეული დღესასწაულები და არც იმის მჯერა, რომ წლების ნუმერაციაზეა დამოკიდებული ცვლილებები. სიახლის მოლოდინი კი სულ მაქვს, მაგრამ ეს 31 დეკემბრის ღამესთან ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული. საახალწლო „ნიუსების“ თვალიერებისას ყველაზე მეტად იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯორჯია მელონის სიტყვები მომეწონა, გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ არ იდარდოთ, მომავალი წელი უარესი იქნებაო. 

რა გვქონდა 2025 წელს? 

მედიისთვის 2025 წელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ძალაში შევიდა ე.წ. ფარა, რომელიც ყველას, ვინც საერთაშორისო ფონდებიდან თუ ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა და ამით სრულ დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ინარჩუნებდა, აგენტებად გვაცხადებს. ეს კანონი იმ პროპაგანდის იარაღია, რომლის მიზანიც არის წარმოგაჩინონ უცხო ქვეყნის აგენტად და იმუშავონ შენს დისკრედიტაციასა და განადგურებაზე.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ, რომლის „ენჯიო“ ბიოგრაფიასაც აღარ შეგახსენებთ, მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ შორის, დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო, რომ დაადგინოს აქამდე მიღებული გრანტების შესაბამისობა კანონთან. 

კამერები და მიკროფონები აკრძალეს სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, იმისათვის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ არ გვაჩვენოს დღევანდელი სასამართლო, რომელსაც მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილის სახე აქვს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება აუკრძალეს ტელე და რადიო მაუწყებლებსაც. პოლიტიკური, უფრო სწორედ პარტიული ფული აღარ არის ტელევიზიებში, რადგან მომდევნო 3 წლის მანძილზე არჩევნები არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, 2 ტელევიზია დახურვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ვფიქრობ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლები ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნავდნენ და არა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე. 

ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, საკითხები, რომელიც აქამდე თვითრეგულირების ორგანოს უნდა განეხილა, კომუნიკაციების კომისიას დაექვემდებარა და მას მაუწყებლების დასანქცირების საშუალებაც მიეცა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა როგორც იქნა, მოიცილა ურჩი თანამშრომლები, ახალ შენობაში გადაბარგდა, რკინის ღობე შემოარტყა და საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიძირა. მათ უკვე გარედან უკმაყოფილების ხმაც აღარ წვდებათ, იმდენად შორს არიან „ციხე-სიმაგრეში“ გამაგრებულები. რაც უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული ხდება ეს არხი, რაც უფრო იზრდება მაუწყებლის დაფინანსება, მით უფრო უახლოვდება საბჭოთა წარსულს, სადაც მაყურებელი ეკრანიდან მხოლოდ ტყუილს, გამოგონილ რეალობას ხედავდა. 

დაბოლოს, ყველაზე მთავარი - ჩვენ 2025 წელს, პირველი ჟურნალისტი ქალი პოლიტპატიმარი გვყავს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელები“ ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი მედიაა, რომელმაც ყველა ხელისუფლებას გაუძლო და დღემდე მოაღწია, იმიტომ რომ არასდროს ყოფილა სხვაზე დამოკიდებული და მხოლოდ საკუთარი პროფესიის ერთგულია. ამიტომ შეარჩია რეჟიმმა მზია ამაღლობელი სამაგალითო სასჯელისთვის და შეატყობინა დამოუკიდებელ მედიებს - ყველას დაგსჯით და ყველას გაგტეხავთო. 

რა მიიღო სანაცვლოდ? 

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების მიუხედავად, არც ერთ მედიას არ შეუწყვეტია მუშაობა. ტელევიზიები, სადაც უკვე დიდი ხანია ფინანსური პრობლემებია და  ჟურნალისტებს თვეებია სრული ხელფასი არ აუღიათ, მაინც მუშაობენ. მუშაობენ გაუსაძლის პირობებში, მტრულ გარემოში… მათ უწევთ „ქართული ოცნების“ წევრების დევნა, ბრძოლა კითხვებზე პასუხების მოსაპოვებლად, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ იღებენ. შეწუხებული დეპუტატები ხშირად ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევას ითხოვენ და ასრულებენ კიდეც. პროპაგანდისტული არხების არც ერთი თანამშრომელი დაიჯერებს, რომ მათი კოლეგები, რომელთა ხელფასი ოდესღაც რამდენიმე ათასი ლარი იყო, დღეს მის გარეშე მუშაობენ. ცხადია, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ისინი ჯერ ისევ ფეხზე დგანან და იბრძვიან. 

ონლაინ მედიები კი ნაცვლად დაშლისა, კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საერთო პლატფორმა - „სინათლე მედია“ შექმნეს, რომელმაც ისეთ შედეგებს მიაღწია, რასაც არავინ ელოდა. 

ყველა ჩვენთაგანს ემუქრებიან, ჩვენ წინააღმდეგ სამთავრობო ტელევიზიები, სავარაუდოდ, სუსის დაკვეთით, სიუჟეტებს ამზადებენ, უკანონო ფულის მიღებას გვაბრალებენ და მაინც ვერ აღწევენ მიზანს, მაინც ვერ გვაშინებენ. ონლაინ მედიების მიმართ საზოგადოებამ არნახული სოლიდარობა გამოხატა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სინათლე არ ჩაქრება! 

არამხოლოდ მედიის, არამედ ყველა ჩვენი თანამებრძოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მზია ამაღლობელია, რომელიც კოლოსივით უდრეკია და რომელმაც გვაჩვენა, რომ იდეალიზმი და გმირობა შესაძლებელია ჩუმი, უსიტყვო და ადამიანური იყოს. ვერასდროს ვახერხებ მზიაზე აღფრთოვანების გარეშე საუბარს. მისი გაუტეხელობა და სიჯიუტე არასდროს მოგვცემს უფლებას ჩვენ აქ, თავისუფლებაზე დარჩენილები გავტყდეთ და დავნებდეთ. სიფრთხილე შიშსა და თვითცენზურაში არ გადაგივიდეთო, - გვითხრა ბოლოს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კრებაზე რომ დარეკა და იქ შეკრებილ ჟურნალისტებს მოგვმართა, ერთად უნდა იყოთ და ყველაფერი გამოვაო. აუცილებლად გამოვა, რადგან ერთად ვართ!

ამ ჩემი „საახალწლო“ ბლოგის დასაწყისში ჯორჯია მელონის სიტყვები გავიმეორე, მძიმე იყო 2025, მაგრამ 2026 კიდევ უფრო მძიმე იქნება-მეთქი. კი, 2026-ში კიდევ უფრო მოგვიჭერენ მარწუხებს, კიდევ უფრო მეტს დაგვიჭერენ, დაგვშლიან, დაგვხურავენ, გვცემენ, ალბათ, ისევ მოგვწამლავენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ვერ გაგვაჩუმებენ და ვერ შეგვაშინებენ, რადგან ჩვენ, ქართველებმა (მათ შორის ჟურნალისტებმა), არნახული სოლიდარობის, თანადგომის, ერთმანეთის სიყვარულისა და ბრძოლის უნარი გამოვავლინეთ! უკანასკნელი წლები, ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ახლა უკვე ღიად ჩვენი მთავარი მტერი - რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის და გვკლავს, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც დღეს იბრძვის, იცის, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება, ეს დღეები და წლებიც ყველაზე ტკბილად გაახსენდება, რადგან არასდროს ყოფილა ამდენი სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთად ბრძოლის ჟინი. არასდროს ყოფილა ეს სიტყვები ასეთი გულწრფელი და ნამდვილი, როგორც დღეს: მიყვარხარ საქართველო! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

პასუხი „იმედს“ - აღიარებით ჩვენებად ქცეული დეზინფორმაცია

მინსკში 2020 წლის შემოდგომაა, ბელარუსის ერთ-ერთ სამთავრობო არხზე გადაცემა „პოლიტიკის საიდუმლო ზამბარები“ (Тайные пружины политики) გადის. უზარმაზარი ლურჯი ეკრანის ფონზე ლუკაშენკოს რეჟიმის განთქმული მეხოტბე, ტელეწამყვანი გრიგორი აზარიონოკი ევროკავშირს - ანტიქრისტიანულ საქმიანობაში, პროევროპელ ბელარუსებს კი სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს. გავა ხუთი წელი და იმავე პათოსს გაიმეორებს ქართული სამთავრობო მედიაც. 23 ნოემბერს „იმედის“ სახე ირაკლი ჩიხლაძე, ასევე ლურჯი მონიტორის ფონზე, ათრთოლებული ხმის ტემბრითა და ქართული სპეცსამსახურების ქება-დიდებით, მაყურებელს ამცნობს, რომ „იმედის“ გუნდმა თითქოს „მასშტაბური ღალატის“ სქემა გაშიფრა.

„იმედის“ „ენიგმა-სპეცრეპორტაჟი“ დასავლური სახელმწიფოების დავალებით ონლაინმედიის ე.წ. „ანტიქართულ“ საქმიანობას ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც რუსული და პრორუსული რეჟიმების პროპაგანდა გვიკვლევია, იმ საღამოს რემინისცენციის მძაფრი განცდა დაგვეუფლებოდა. ღალატსა და ჯაშუშობაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დადანაშაულება იმდენად ნაცნობია, იმდენჯერ მოგვისმენია ხან სალავიოვის, ხან აზარიონოკის, ხან კი სკაბეევა-პოპოვი-სიმონიანის threesome რიტორიკაში, რომ „იმედის“ მთელი ჟურნალისტური მასალა, პროლოგად წამძღვარებული ტექსტის ჩათვლით, რუსულიდან ნათარგმნი გეგონებათ. 

15-წუთიანი ე.წ. სპეცრეპორტაჟის თავდაპირველი სამიზნე რეპრესიული კანონებით შევიწროებული 22 ონლაინგამოცემის საერთო კამპანიაა, სახელწოდებით „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, „იმედის კვირა“ ამ კამპანიას იატაკქვეშა ჯაშუშურ ქსელს უწოდებს, რომელიც ვითომ დასავლური სპეცსამსახურებიდან იმართება. 

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ზაფხულში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი-კობახიძის „ფარას კანონი“ ძალაში შევიდა და ევროპულ-ამერიკული დონაციით დაფინანსებული, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები მტრად გამოცხადდა. ეს კამპანია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც კი ქართულ მედიასივრცეში სიტყვის თავისუფლების გადასარჩენად განხორციელებულა. თუკი რამე არის გამჭვირვალე და ცხადი, სწორედ ამ კამპანიის მიზნები, არსი და შემოსავალია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფაქტი ე.წ. სპეცრეპორტაჟის ავტორებმა თუ არა, დამკვეთებმა ყველაზე კარგად იციან, მაგრამ როგორც ჩანს, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფაზა სწორედ აღვირახსნილი დეზინფორმაციით გამოაცხადეს. 

ყველაზე კომიკური მაინც ე.წ. სპეცრეპორტაჟის შინაარსობრივი სტრუქტურაა, - ბუნდოვანი, პარანოიის ელფერით, კონცეპტუალურად გაურკვეველი და შეთქმულების თეორიაზე დამყარებული. ისმის მხოლოდ ცრუ ბრალდებები და მყვირალა ფრაზები: ღალატი, ჯაშუშები, ქართული ეკონომიკის ნგრევა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. საერთო ჯამში, მასში არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, თუნდაც მოჩვენებითი ბალანსისთვის, ყალბი ეთიკისთვის, მეტი დამაჯერებლობისთვის, „იმედის“ მაყურებელს თვალებზე რომ ააფარონ. რამდენიმე წუთში ე.წ. სპეცრეპორტაჟის სამიზნე იცვლება და „საქმეში შემოდის“ ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ მისი „შვილობილი“ ორგანიზაციებით, შემდეგ კი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, იგივე GIPA, როგორც „სამჭედლო დასავლური სპეცსამსახურების ქართველი ჯაშუშებისა“. დეზინფორმაციული მასალის ავტორები ამბობენ, რომ ონლაინმედიის ჟურნალისტებს ამ სივრცეში ატრენინგებენ. იაფფასიანი პროპაგანდისადმი მოწყვლად მაყურებელს აუცილებლად ეგონება, რომ GIPA არა ინსტიტუტი, არამედ „ოცნების“ გამოგონილი მონსტრის, „დიფ სთეითის“ ფილიალია. GIPA-ში მართლაც არაერთ ჟურნალისტს გვისწავლია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მედიასკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე. მაგრამ „იმედი“ ამ ინფორმაციას დამახინჯებულად ჰყვება, რადგან „ოცნებიდან“ მიცემული დავალება ასეთია, - დასავლური სტანდარტის საგანმანათლებლო ობიექტებზე იერიში უნდა მიიტანონ.

„იმედის“ შეთქმულების თეორია პიკს აღწევს, როცა სცენარში CIA-ის დაზვერვის ოფიცერი ქალი შემოჰყავთ, თან ისე რომ გაუგებარი რჩება, რა კავშირი აქვს ამ ქალს ქართულ ონლაინმედიებთან. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის ხსენება შემთხვევითი არ არის. რუსული პროპაგანდის მთელი ნარატივი, ისევე როგორც საბჭოთა პროპაგანდისა, მთავარ მტრის ხატად „ცერეუს“ და მის „ბოროტ ჯაშუშებს“ წარმოაჩენს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არც თავს იწუხებს, აღარც ირჯება საკუთარი პროპაგანდის ავთენტურობისთვის და მოურიდებლად აკოპირებს კრემლის გამზადებულ პატერნებს: „ცერეუ“ (ЦРУ), „ჯაშუშები“, „სამშობლოს მოღალატეები“, „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები“. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ე.წ. სპეცრეპორტაჟის დასკვნით ნაწილში ავტორები თავადვე აღიარებენ, „ეს სქემა ქართულმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს“. ფაქტობრივად, „იმედი“ უნებლიედ იძლევა აღიარებით  ჩვენებას, რომ დეზინფორმაციული მასალა დამოუკიდებელი ონლაინმედიის წინააღმდეგ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკვეთით მომზადდა. 

მე-20 საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს ამერიკელმა მკვლევარმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა კლაიდ მილერმა პროპაგანდის ანალიზის თეორია შეიმუშავა. მილერის ფორმულა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების პროპაგანდისტულ მანქანას შიფრავს და ამოცნობას ამარტივებს. დღეს მას მედიაწიგნიერების ერთ-ერთ პატრიარქსაც უწოდებენ. მილერის თეორიის თანახმად, პროპაგანდის უმთავრესი საყრდენი უხილავი, ყოვლისმომცველი მტრის ხატია, რომლის „საპირწონე სიკეთედ“ თავად პროპაგანდის დამკვეთია წარმოჩენილი. ამის ნათელი მაგალითი იყო ცივი ომის დროს სსრკ-ში დამკვიდრებული ნეოლოგიზმი - „კოლექტიური დასავლეთი“ (коллективный запад); ამის ნათელი მაგალითია პუტინის ექსტრემიზმის მთავარი პოსტულატი - „ნატო რუსეთს განადგურებით ემუქრება“; ამის ნათელი მაგალითია ივანიშვილის გონებაში შობილი - „გლობალური ომის პარტია“ და შემდეგ უკვე „დიფ სთეითის“ ცნება, - უხილავი, ფესვგადგმული მტერი, რომელსაც ყველგან ჯაშუშები ჰყავს ჩანერგილ; „ოცნების“ შექმნილი მტრის ხატი, გამოგონილი „ჯაშუში ჟურნალისტების“ ჩათვლით, სხვა არაფერია თუ არა კრემლის პროპაგანდა მორგებული ქართულ რეალობას, საკუთარ ამომრჩეველს და თავიანთ პოლიტიკურ მიმიკრიას. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში შხამიანი სამთავრობო მედია: „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, თავად თუ სჯერათ პროპაგანდისტებს იმ სიცრუის, რასაც ავრცელებენ თუ მათი მორალური დეგრადაცია მხოლოდ პრივილეგიებს და მაღალ ხელფასს ემსახურება?! საბოლოო პასუხის პოვნა მიჭირს. 

ისევ კლაიდ მილერის ანალიზს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც იგი კრემლის პროპაგანდის ანატომიას იკვლევდა, მიხვდა, რომ რეჟიმისადმი ლოიალურ რიგით მოქალაქეს არაფერი იმონებს ისე, როგორც მარადიული შიში აბსტრაქტული მტრისადმი. აბსტრაქტული მტრისადმი შიშით ასაზრდოებს „ოცნება“ ამომრჩეველს, რომლის ნაწილსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ალბათ, ორი დღეა სჯერა, რომ სადღაც იატაკქვეშეთში არსებობს „ჯაშუში ჟურნალისტების“ ქსელი. უფრო სამწუხარო ის არის, რომ საპირისპირო რეალობას ეს ადამიანები ვეღარ ხედავენ. 

სინამდვილეში, სწორედ „ჯაშუშებად“ გამოცხადებული ჟურნალისტები არიან სიღარიბეზე, მოპარულ პენსიებზე, აუტანელ საცხოვრებელ პირობებზე, ჩამონგრეულ ჯანდაცვაზე, რუსულ ოკუპაციაზე, ეკოლოგიურ კატასტროფაზე, შეჩერებულ სოციალურ დახმარებასა და მოქალაქეების ჩაგვრაზე ინფორმაციას წლების განმავლობაში რომ ავრცელებდნენ და ავრცელებენ დღემდე, იმ უჩვეულოდ მძიმე დროშიც კი, როცა რეჟიმმა ჟურნალისტობა ყველაზე დევნილ პროფესიად გადააქცია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ჟურნალისტის დაკავება აქციის გაშუქებისას - რას გვეუბნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა?

პოლიცია ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზით უზღუდავს თავისუფლებას იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს აშუქებენ. 24 ოქტომბერს, დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ავტომობილში ჰყავდათ დაკავებული ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი, ხოლო 5 ნოემბერს დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. 

განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების გამო „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავება, რის შემდეგაც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გზის ხელოვნურად ბლოკირების ბრალდებით და წარედგინა სასამართლოს სახდელის დასადებად. შსს-ს განმარტებით, ნინია კაკაბაძე არ ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, რადგანაც როდესაც ჟურნალისტი შეწყვეტს გაშუქებას, უნდა გადაინაცვლოს ტროტუარისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტური საქმიანობის დროს გზის გადაკეტვის მიზეზით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს. არაერთგვაროვან პრაქტიკას უფრო მეტად ბუნდოვნად აქცევს სამინისტროს განმარტებები ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების წესების შესახებ, რაც თავის მხრივ, არ ეფუძნება არავითარ საკანონმდებლო აქტს, თუ საერთაშორისო პრაქტიკას. მეტიც, შსს-ს დასაბუთება ძირითადად ეყრდნობა შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის შესახებ სასამართლოს პრაქტიკას, რაც საერთოდ არაა რელევანტური ჟურნალისტის მიერ აქციის გაშუქების საქმის კონტექსტში.

შსს-ს განმარტებებს უპირისპირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომებს, რომელთა თანახმად, საქმეები განხილული უნდა იყოს არა შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის, არამედ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. ქვემოთ მიმოხილული იქნება სტრასბურგის სასამართლოს საქმეები ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც მოხდა ჟურნალისტების დაკავება ან სხვაგვარად შეფერხება აქციის გაშუქებისას. 

BUTKEVICH v. RUSSIA

საქმეში - ბუტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის შეგროვება არის ჟურნალისტიკის მომზადების არსებითი ეტაპი, მტკიცედ დაცული, როგორც პრესის თავისუფლების ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტის დაკავება, დევნა და დასჯა არღვევს მის გამოხატვის თავისუფლების უფლებას. სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად (კონვენციის მე-10 მუხლი), დაადგინა თავისუფლების უფლებისა (კონვენციის მე-5 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (კონვენციის მე-6 მუხლი) დარღვევაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედია ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დემონსტრაციებზე უწესრიგობის აღმოფხვრისას ხელისუფლების ქმედებებზე. ამიტომ ჟურნალისტების დემონსტრაციების დროს ხელის შეშლის ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს დაქვემდებარებული „მკაცრ კონტროლს“. ეს ასევე, ეხება ისეთ შემდგომ ზომებს, როგორიცაა სავარაუდო სამართალდარღვევისთვის დევნა.

სასამართლომ განმარტა, რომ საქმე უნდა ყოფილიყო განხილული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და არა მე-11 (მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება) მუხლთან მიმართებით, რაც კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომას. 

ასევე, ეს გადაწყვეტილება ადგენს, რომ ჟურნალისტებისთვის არ არის მოთხოვნილი განმასხვავებელი ტანსაცმლის ან პრესის ნიშნების ტარება საზოგადოებრივ შეკრებებზე, კონვენციით გარანტირებული დაცვის მოსაპოვებლად. ამავე კონტექსტში აგრეთვე საყურადღებოა ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტების დაკავებისგან დაცვის შესახებ იმ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტები იმყოფებიან აქციის იმ მონაწილეებთან ერთად, რომლებიც კანონს არღვევენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს გონივრული ეჭვი აქტივისტების დაკავებისთვის და ჟურნალისტის, ერთი შეხედვით, აქციის მონაწილედ მიჩნევისთვის, თუმცა გადამწყვეტია ის, რომ დაკავების შემდეგ, ძალიან მალე აღარ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი წარადგენს პრესის ბარათსა და ვალიდურ პირადობის მოწმობას. როდესაც ჟურნალისტი საქმიანობს კანონმდებლობის ფარგლებში, პოლიციამ უნდა ივარაუდოს, რომ პირი, რომელიც ატარებს ასეთ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, ნამდვილად არის ჟურნალისტი და ეს წესი მოქმედებს ე.წ. „ჩანერგილი ჟურნალისტიკის“ შემთხვევაშიც. სასამართლომ განაცხადა, რომ დაკავების მცირე ხნისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღარ იყო სამართლებრივი საფუძველი დაკავებისთვის და პოლიციას უნდა გაეთავისუფლებინა ჟურნალისტი.

ამდენად, სასამართლო გადამწყვეტად მიიჩნევს ჟურნალისტის განზრახვას, შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია და ფოტო/ვიდეო მასალა. ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს ფუნქციონალურ და ფართო მიდგომას ჟურნალისტის ცნებისადმი, რომლითაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის როლს.

BRYAN AND OTHERS v. RUSSIA

საქმეში - ბრაიენი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა პროტესტის გაშუქების დროს ჟურნალისტების დაკავებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-5 (თავისუფლების უფლება) მუხლების დარღვევა.

სასამართლომ აღიარა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ჟურნალისტების მუშაობაში მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შეკრება, რომელსაც ისინი დოკუმენტირებენ, მიიჩნევა უკანონოდ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ დემონსტრაცია უკანონოა, პოლიციის მოქმედებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს მედია გაშუქებისა და ჟურნალისტური რეპორტაჟის რელევანტობა. ამავე საქმეში სასამართლომ კონვენციით გარანტირებული თანაბარი დაცვის სტანდარტი გაავრცელა არა მხოლოდ მედიასაშუალებებში დასაქმებულ, არამედ ფრილანსერ ჟურნალისტებზეც.

Magyar Helsinki Bizottság v. Hungary

უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი უნგრეთის წინააღმდეგ - საქმეში სასამართლოს დიდმა პალატამ ჟურნალისტური საქმიანობა ფართოდ, ფუნქციონალური გაგებით დაინახა და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საზოგადოებრივ მეთვალყურეებსა (Social Watchdog) და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე.

სასამართლომ აღიარა, რომ საზოგადოებრივი დებატისთვის სხვადასხვა პლატფორმის შექმნის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პრესით, არამედ შეიძლება განხორციელდეს, სხვებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთა საქმიანობა ინფორმირებული საზოგადოებრივი დებატის არსებითი ელემენტია. სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე, ის ახორციელებს საზოგადოებრივი მეთვალყურის (Social Watchdog) როლს, რომელიც პრესის მსგავსი მნიშვნელობისაა და შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მეთვალყურე, რომელიც იმსახურებს კონვენციის ქვეშ პრესისთვის მინიჭებულის მსგავსად დაცვას.

სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიული საზოგადოების ინტერესშია, რომ როგორც პრესას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ, შეასრულონ საზოგადოებრივი მეთვალყურის მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გადაცემაში. იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტი ინფორმაცია მათი საქმიანობის იარაღია, აუცილებელია, მათ მოიპოვონ ინფორმაციაზე წვდომა, რათა შეასრულონ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ცნობების გამავრცელებლის როლი. ინფორმაციაზე წვდომის შესაფერხებლად შექმნილმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მედიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავე პირებს აღარ შეეძლოთ ეფექტურად შეასრულონ „მეთვალყურის“ როლი და მათი უნარი, ზუსტად და საიმედოდ მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, დაქვეითდება.

სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, მოიპოვებს თუ არა პირი ინფორმაციას საზოგადოებრივი მეთვალყურის ხარისხით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ ინტერნეტის მიერ ახალი ამბების მიმართ საზოგადოების წვდომის გაძლიერებასა და ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ბლოგერებისა და სოციალური მედიის პოპულარული მომხმარებლების ფუნქცია ასევე შეიძლება გაუთანაბრდეს „საზოგადოებრივ მეთვალყურეებს“ და მოექცევა კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დაცულ სფეროში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში

მედიასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოც აქამდე მიღებულ დადგენილებებში (2025 წლის 23 მაისის N4/1433-25 დადგენილება, პ. 8.3.) ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების სტანდარტების განსაზღვრისთვის და ადგენს, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ემსახურება საპროტესტო აქციის გაშუქებასა და იქ არსებული მოვლენების დაფიქსირებას, ხოლო ამგვარი საქმიანობისთვის ხელშეშლა, ცხადია, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. საქალაქო სასამართლო იშველიებს საქმეს - Pentikäinen v. Finland, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „მედიის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა შეეშალოთ პოლიციის ოპერაციების დაკვირვებასა და ჩაწერაში, თუ (გამონაკლისის სახით) მათი იქ ყოფნა მნიშვნელოვნად არ შეაფერხებს ან ხელს არ შეუშლის სამართალდამცავებს სამუშაოს შესრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად. თუ მედიის წარმომადგენლები დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან, შესაძლებელია, ამას პოლიციის მხრიდან მოჰყვეს პროპორციული რეაგირება.“  

თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე, მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს სხვა საქმეზეც - Najafli v. Azerbaijan, რომელშიც განმარტებულია, რომ „თუ მედიის წარმომადგენელს არ აცვია სპეციალური ტანსაცმელი ან არ უკეთია სამკერდე ნიშანი, მას უნდა მიეცეს უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აწარმოოს საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობა, მას შემდეგ, რაც პოლიციელისთვის ცნობილი გახდება მისი ვინაობა და პროფესია, ამ შემთხვევაში, ზემოხსენებულ პირს უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაცვის ისეთსავე საშუალებებზე, როგორიც მედიის ყველა სხვა წარმომადგენელს ექნებოდა.“

როგორ უნდა გამოვიყენოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ბოლოდროინდელ შემთხვევებზე?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია და იერარქიულად „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მაღლაც დგას, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები, კონტექსტის შესაბამისად, სავალდებულოდაა გასათვალისწინებელი ადგილობრივი სასამართლოებისთვის.

მოქმედი კანონმდებლობა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილი) ადგენს პასუხისმგებლობას შეკრება/მანიფესტაციის გამართვის წესის დარღვევისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დარღევის ჩადენისთვის პირი უნდა მონაწილეობდეს შეკრებში და ამავდროულად ხელოვნურად კეტავდეს გზის სავალ ნაწილს. პრაქტიკის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტის საქმიანობის შეზღუდვა უნდა შეფასდეს არა კონვენციის მე-11 (მშვიდობიანი შეკრების უფლება), არამედ მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) კონტექსტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტი არ შეიძლება ჩაითვალოს შეკრება/მანიფესტაციის მონაწილედ და შესაბამისად, ის ვერ დაარღვევს იმ წესს, რომლის დარღვევაც მხოლოდ შეკრების მონაწილეს შეუძლია. ისევე, როგორც ჟურნალისტი ვერ გახდება მისი ნების საწინააღმდეგოდ ან მისდა უნებურად შეკრების მონაწილე და მასზე ვერ გავრცელდება აქციის მონაწილის შემზღუდავი კანონმდებლობა.

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, აქციის გაშუქების დროს ჟურნალისტის მიმართ შემდეგი მოთხოვნები უნდა იყოს დაცული:

  • კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს და დაუშვებელია მშვიდობიანი შეკრების წესის დარღვევისთვის ჟურნალისტის დაკავება ან საქმიანობის სხვაგვარად შეზღუდვა;

  • კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს არა მხოლოდ მედიასაშუალებაში დასაქმებული, არამედ ფრილანსერი ჟურნალისტების და სხვა ნებისმიერი პირის საქმიანობას, რომელთა განზრახვაა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შეაგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია, როგორც საზოგადოებრივმა მეთვალყურემ;

  • პრესის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ტარება რეკომენდირებულია, მაგრამ არაა აუცილებელი იმისთვის, რომ პირი მოექცეს კონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის ქვეშ;

  • თუ პოლიციას გაუჩნდება დასაბუთებული ეჭვი, არის თუ არა პირი ჟურნალისტი, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. მას შემდეგ, რაც პოლიციას წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, მას უფლება აღარ აქვს, დააბრკოლოს ჟურნალისტი ან შეუზღუდოს გადაადგილება მას;

  • ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისა და აქციის გაშუქების წესებზე არ მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რადგან ეს მედიის თავისუფლად საქმიანობის განუყოფელი ნაწილია;

  • ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგადი წესი, რომელიც მედიამ აქციის გაშუქებისას უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ ხელი არ უნდა შეუშალოს საპოლიციო ღონისძიებებს და დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს;

  • ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად;

  • პოლიციას შემდგომი პროპორციული რეაგირების უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მედიის წარმომადგენლები დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან.





    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ