სახალხო დამცველის 2025 წლის
ანგარიშში, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაა მიმოხილული, ჟურნალისტურ
საქმიანობაში ხელშეშლისა და მედიის წარმომადგენლების დევნის
შემთხვევებიც მოხვდა. ანგარიშში საუბარია მედიის შემზღუდავ
საკანონმდებლო ცვლილებებზეც.
არასათანადო
მოპყრობა გაზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის
აქციებზე
ომბუდსმენის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების
წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტები 2024 წლის
მსგავსად, 2025 წელსაც გამოვლინდა:
„კერძოდ, 2025 წლის 12 მაისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხა და ტექნიკა წაართვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის მამამ… ასევე, საანგარიშო პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც „მედია ომბუდსმენის“ დირექტორი მიუთითებდა „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე, ჟურნალისტ თ.დ.-ზე ძალადობის; ჟურნალისტ ნ.ქ.-სა და ოპერატორ ს.ბ.-სთან დაპირისპირების შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაპირველად პროკურატურამ აპარატს აცნობა, რომ მიმდინარეობდა გარემოებების შესწავლა, ხოლო მოგვიანებით მიღებული პასუხის მიხედვით, შესწავლის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა და არც გამოძიება დაწყებულა“.
ასევე, ანგარიშში მოხვდა 2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტიც, რომლის დროსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
დოკუმენტში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომა-ზამთრის აქციებზე არაერთი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი, სამართალდამცავი უწყების არცერთი თანამშრომლის მიმართ ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს,
რომ ე.წ. შავნიღბიანი მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე
თავდასხმის ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.
გამოხატვის
თავისუფლება - მედიის წარმომადგენელთა დაცულობა და ხელშემწყობი გარემო
მათი საქმიანობისთვის
სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 10 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც მოიცავდა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. დოკუმენტის თანახმად, დასახელებული 10 საქმიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 4 საქმეში წარიმართა.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 2024 წელს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. მათგან 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად, დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხერხდა. საგულისხმოა, რომ დევნა არც მოცემული ეტაპისთვის დაწყებულა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების არცერთ შემთხვევაზე.
ამასთანავე, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა დედაქალაქში 2023 წლის 2 და 7-9 მარტს, ასევე 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისს ჩატარებული შეკრების მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით/იარაღით გადამეტებისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ“.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გარდა, დოკუმენტში მოხვდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის სხვაგვარი შემთხვევაც. საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ ჟურნალისტის არ შეშვების ფაქტზე, მაშინ, როდესაც ასეთი შესაძლებლობით ისარგებლეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა:
„საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა რეგულირების
სისტემური პრობლემა, რადგან მუნიციპალურ ორგანოში არ მოქმედებდა შიდა
წესი, რომელიც მედიასაშუალებათა თანაბარი დაშვებისა და პროფესიული
საქმიანობის განხორციელების პროცედურას მოაწესრიგებდა“.
„მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და კომუნიკაციის
ეროვნული კომისიის პრაქტიკა
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ის საკანონმდებლო ცვლილებაც, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, 1 ივნისამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებსაც შეეხო, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, პროგრამულ შეზღუდვებს, საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს.
„განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სახალხო დამცველი საანგარიშო წელს გაეცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკას. როგორც გამოიკვეთა, სამ შემთხვევაში, მაუწყებლების მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული შინაარსის გამოხატვის გამო სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევა დაადგინა იმგვარად, რომ სათანადოდ არ შეუფასებია, თუ რამდენად აკმაყოფილებდა თითოეული სადავო გამონათქვამის აკრძალვა უფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ მოთხოვნას. კერძოდ, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლად და დეტალურად არ შეფასებულა, რამდენად გავრცელებული იყო თითოეული სადავო ფრაზა (ან მისი ნაწილი), მათ შორის, სალაპარაკო ენაში, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებში და ამ ფონზე, შეეძლო თუ არა თითოეული მათგანის გამოყენებას მომეტებულად დაეზიანებინა „ხარისხიანი და ობიექტური მაუწყებლობა“. გარდა ამისა, კომისიას სიღრმისეულად არ უმსჯელია, ექცეოდა თუ არა თითოეული სადავო გამონათქვამი მედიის წარმომადგენლებისთვის მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს მიღმა, რაც ჟურნალისტებს მოვლენების გარკვეული დონით გაზვიადებულად ან, თუნდაც, პროვოკაციულად აღწერის უფლებას ანიჭებს და რამდენად სცილდებოდა ის ხელისუფლების და თანამდებობის პირების დასაშვები კრიტიკის ფარგლებს…
სხვა შემთხვევებში, კომისიამ დასახელებული მოთხოვნის დარღვევად არ შეაფასა მაუწყებლის მიერ კრიტიკული შინაარსის გამოხატვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ. აღნიშნული დასკვნის დასაბუთებისთვის, კომისიამ მიუთითა, რომ სადავო ფრაზები ვერ შეფასდებოდა პოზიციის გამოხატვად, ვინაიდან ამ ფრაზებს საფუძვლად ედო და წინ უსწრებდა ამავე მაუწყებლის საგამოძიებო სიუჟეტი ან წარმოაჩენდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს. აღნიშნული საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად რთულია აზრისა და ფაქტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც არაერთხელ გამხდარა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სწორი შეფასების გაკეთება შეუძლებელია იმ გარემოებების სათანადოდ გამოუკვლევლად, რასაც სადავო განცხადებები ეფუძნება. გარდა იმისა, რომ კომისიის დასახელებული გადაწყვეტილება ამგვარი სტანდარტის დასაბუთებას არ შეიცავს, ის კარგად წარმოაჩენს, ერთი მხრივ, 1 აპრილის ცვლილებებით დაწესებული რეგულირების თაობაზე თანმიმდევრული, დასაბუთებული და არგუმენტირებული ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროებას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საკანონმდებლო ცვლილებების ბუნდოვანებასა და მისი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას“.
ასევე, მიღებული ცვლილებებით მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ, დაუშვებელი გახდა სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებაც. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამდაგვარი ბლანკეტური
აკრძალვის დაწესებით იზღუდება არა მხოლოდ დემოკრატიული
საზოგადოებისთვის პოტენციურად საზიანო, არამედ იმგვარი გარე
დაფინანსებაც, რომლის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი
ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერა: „მოცემულ ეტაპზე,
უცხოური დაფინანსების მიღების შეწყვეტა კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას არაერთი რადიომაუწყებლის და ტელემაუწყებლისთვის აქვს
მოთხოვნილი. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების
პირობებში, მსგავსი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, უფლებაში
არაპროპორციულ ჩარევას უტოლდებოდეს“.
სხვა
საკანონმდებლო ცვლილებები
ანგარიშშია აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 26 ივნისს შეტანილმა ცვლილებებმაც, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება და აიკრძალა მასალის გადაღება როგორც სასამართლოს შენობაში, ისე მის ეზოში.
ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლოში საქმეთა
განხილვის საქვეყნოობის უზრუნველმყოფი გარანტიების გაუქმება
საგრძნობლად გააუარესებს როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის
ხარისხს, ისე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების
პროცესზე.
დასაქმებულების
გამოხატვის თავისუფლება
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს შრომის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფაქტებზეც და მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილისა და საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლების საქმეები.
„დაკავებული პოზიციებიდან განმცხადებლების გათავისუფლების ზემოხსენებული საქმეები განსხვავდება სტანდარტული შრომითსამართლებრივი დავებისგან და მათი სათანადო გადაწყვეტა დამატებით მოითხოვს კომპლექსურ მსჯელობას დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა შორის ექცევა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ დამსაქმებლის მიმართ ლოიალურობის გამოჩენის ვალდებულების ფარგლები. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მათი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, სახალხო დამცველმა 2025 წლის 2 ოქტომბერს საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. დოკუმენტში გაწერილია ის გარემოებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხედველობაში უნდა მიიღებოდეს, როდესაც დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლება ბალანსდება დამსაქმებლის მიერ მენეჯერული უფლებამოსილების განხორციელების საპირწონედ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებშიც უფლებადარღვევა დადგინდა სახელმწიფო ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების გათავისუფლების ან/და მათი სხვაგვარი სანქცირების შედეგად, რაც მათ მიერ დამსაქმებლის საჯარო კრიტიკას მოჰყვა“.
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, ახლებურად
ჩამოყალიბდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი,
რათა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენილი ყველა
დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მათ ჟურნალისტურ საქმიანობას
უკავშირდება და გამკაცრდეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული
სასჯელი.
ინფორმაციის
თავისუფლება
დოკუმენტში საუბარია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემურია ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის და ამ ვადებში ინფორმაციის გაცემის საკითხი, რაც „საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობას და საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციის განმახორციელებელი პირების საქმიანობას, ვინაიდან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ შესაძლოა დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება“.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დასაკონკრეტებელია, თუ რას გულისხმობს საჯარო ინფორმაციის დამუშავების ფარგლები: „არ არსებობს ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულების სათანადო შესრულების საზედამხედველო მექანიზმი. პრობლემურია შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტის ცნებაც და ასევე, მისი მეტი სიცხადით გაწერა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილებით უზრუნველყოფს უფლების დროულ და ეფექტიან დაცვას“.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების
სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებით
დაინტერესებული პირისთვის არ არის ეფექტიანი მექანიზმი, ვინაიდან
„სასარჩელო წარმოება ხანგრძლივ დროს მოითხოვს და არ არის იაფი
პროცედურა. ასევე, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ინფორმაციის დროულად
მიღება, რასაც ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განმახორციელებელი
ორგანო“.
საარჩევნო უფლება
- სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები და მათი გამოძიება
ანგარიშის თანახმად, საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის შედეგად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ჯამში 12 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც ერთ შემთხვევაში გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით ხელშეშლის ფაქტზე მიმდინარეობს.
„დაზარალებულად ცნობილია ოთხი პირი.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. აღსანიშნავია, რომ
ამავე ფაქტთან დაკავშირებით, იკვეთება საქმეზე მინიჭებული
კვალიფიკაციის პრობლემურობა. ჟურნალისტები მიუთითებდნენ არა მხოლოდ
საქმიანობაში ხელშეშლის, არამედ, ფიზიკური ძალადობისა და ტელეფონის
წართმევის ფაქტებზეც. კვალიფიკაცია არასრულია და საჭიროა, საქმეზე,
გამოძიებამ, დამატებით ძალადობისა და ეკონომიკური დანაშაულის
შესაბამისი მუხლებით (ძარცვა ან ყაჩაღობა) კვალიფიკაციის შესახებაც
იმსჯელოს“.
დისკრიმინაციის
წახალისება და დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის, ჟურნალისტების
მიმართ
როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. საქმისწარმოების ფარგლებში გამოვლინდა სიძულვილისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი მიმართვების გამოყენება სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის, ასევე, რელიგიური კუთვნილების გამო.
ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო სივრცეში ჰომოფობიასთან ბრძოლის საკითხზე სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ მიმართა:
„სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი – „გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და მაუწყებლის როლი სიძულვილის ენის პრევენციაში“. ამასთანავე, მედიასაშუალების თანამშრომლები გადამზადნენ სიძულვილის ენის გამოვლენისა და პრევენციის საკითხებზე. აღნიშნულ საქმეში, სახალხო დამცველის გადაწყვეტილების საფუძველზე ტელევიზიის მხრიდან გატარებული ღონისძიებები, დადებითად იქნა შეფასებული“.
დოკუმენტში მოხვდა 2025 წლის 10 ივნისს, პრორუსული ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში „TV პირველის“ ქალი ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული სექსისტური გამონათქვამებიც.
როგორც ომბუდსმენი წერს, საანგარიშო წელსაც გამოვლინდა ჟურნალისტებისთვის ადმინისტრაციული ბარიერების შექმნის შემთხვევები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.
„სახალხო დამცველის აპარატში კვლავ შენარჩუნდა
მომართვიანობა ჟურნალისტებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების
საკითხთან დაკავშირებით. პრობლემურია, რომ აკრედიტაციის წესი
არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გათვალისწინების გარანტიებს და
უფლების დაცვის პროცედურულ საშუალებებს არ უზრუნველყოფს“.
მედიის
ხელმისაწვდომობა
სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „მოამბე 21:00 საათზე“ – სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, ყოველდღიურად ამზადებს ოთხ საინფორმაციო გამოშვებას ამავე ენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია პირველი არხის ვებგვერდზე და უსასყიდლოდ გადაეცემა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზიებს“, ეროვნული უმცირესობებისთვის შექმნილი მედიაპროდუქტის პოპულარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება.
დოკუმენტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა სამუშაო შეხვედრებმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ან არასრულად ფლობს.
ომბუდსმენი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს,
გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული მთავარი
საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების შესახებ ინფორმაციის
მიზნობრივი და სისტემური გავრცელება ეროვნული უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებულ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის,
აღნიშნული პროდუქტის ხელმისაწვდომობის კონკრეტული მექანიზმების
(სინქრონული თარგმანი, ვებგვერდი, რეგიონული მაუწყებლები და სხვ.)
შესახებ საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების უზრუნველყოფით.
მზია ამაღლობელის
ადმინისტრაციული საქმე
სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში.
„პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია. დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო. ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა. თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო.
რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია
ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით,
იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე
მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის
30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11
იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის
მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი. ხსენებულ
საქმეზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae)
მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის
შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის
სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე
მიუთითა“, - წერია ანგარიშში.



