კომუნიკაციების კომისიამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ
„საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი
ისევ არ დააკმაყოფილა. როგორც კომისიამ
დაადგინა, „მაუწყებლის მიერ მოწოდებული
ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით
წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება
გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის დაცვის
მოთხოვნა“.
ComCom-ის ინფორმაციით, „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ორგანიზაციის დამფუძნებლის საჩივარი გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტს შეეხებოდა, „მომჩივანების შეფასებით, მათ შესახებ გავრცელდა არაზუსტი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც ლახავდა მათ რეპუტაციას. ამასთან, მომჩივანები ითხოვდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობას, რაზეც შპს „ტელეიმედმა“ დაუსაბუთებლობის მიზეზით უარი განაცხადა“.
კომუნიკაციების კომისიის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, „სადავო სიუჟეტები ეხებოდა ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების განაწილების სქემას, მათ შორის, „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საქმიანობას, ასევე, ორგანიზაციის საქმიანობაზე შესაძლო გავლენებთან დაკავშირებულ გარემოებებს“.
ComCom-მა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა 2025 წლის 30 დეკემბერსაც. ის „იმედის კვირაში“, მაუწყებლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა და მომჩივანის შეფასებით, ალექსანდრე ზიბზიბაძის შესახებ უზუსტო, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებდა, „ამასთან, მომჩივანი „ტელეიმედისგან“ ითხოვდა პასუხის უფლებას, თუმცა, მაუწყებელმა აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილა“.
კომუნიკაციების კომისიის მაშინდელი დასაბუთებით, „მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნა“.
ComCom-მა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წინა საჩივრებიც. კომისიამ მაშინ მიიჩნია, რომ გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძისა და ჟურნალისტის, მარიამ ოშხნელის ფრაზები:„მდიდარი ენჯეოები“, „ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი“, „გარედან მართული აგენტურა“, „ანტისახელმწიფოებრივი პროექტები“, „ანტიკონსტიტუციური აქციები“, „ოპოზიციურ- პროპაგანდისტული ორგანიზაცია“, „რადიკალები“, „რადიკალური აქციები“, „ექსტრემიზმის წახალისებით“ და საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანის, ხატია ქვათაძისა და ჟურნალისტის, ნინი გოგიშვილის გამონათქვამები: „ძალადობრივი აქციების ორგანიზება“, „ექსტრემისტული ჯგუფები“, „ხელოვნური პროტესტი“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებული ბრალდებებია და არა მაუწყებლის პირადი მოსაზრება ან დამოკიდებულება.
„როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ეფუძნება რაიმე ტიპის ფაქტობრივ მასალას, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს და რომლითაც ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ან პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, მაშინ ასეთი განცხადებები მიჩნეულ უნდა იქნას ბრალდებებად და არა მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად.
გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლის მიერ გაჟღერებულ ფრაზებს საფუძვლად უდევს და წინ უსწრებს ამავე მაუწყებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო სიუჟეტი და რადგანაც პირის მიმართ გამოითქვა ბრალდებები, ComCom-მა დაასკვნა, რომ აღნიშნული ვერ შეფასდება ჟურნალისტის პირად მოსაზრებად ან/და პოზიციის გამოხატვად. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრები არ დააკმაყოფილა“, - ასე დაასაბუთა 2025 წლის 11 დეკემბერს, კომისიამ თავის გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული.
გასული წლის მაისის ბოლოს, კომუნიკაციების კომისიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა მიმართა. ნათია ბოკუჩავამ ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა.
ComCom-მა მაშინ „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, რადგან დარღვევა კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში მოხდა.
„ქართული ოცნების“ ეს საჩივრები პირველი იყო, რომელიც
კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო
და განიხილა.



