„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს სამოქალაქო აქტივისტის, ბლოგერისა და მედიაპლატფორმა „მისმინეს“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის, თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ქარტია აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში რაზმაძე სოციალურ ქსელებში უპრეცედენტოდ მასშტაბური და, გამოყენებული ინსტრუმენტების თვალსაზრისით, უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი თავდასხმის სამიზნე გახდა.
„ფეისბუქსა და ტიკტოკზე საეჭვო წარმომავლობის გვერდებმა
მისი დისკრედიტაციის მიზნით
გაავრცელეს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული
ვიდეოები და ყალბი ინფორმაცია.
განსაკუთრებით საყურადღებოა იმპერსონაციის მცდელობები - თორნიკე
რაზმაძის იდენტობის გამოყენებით აუდიტორიისთვის შთაბეჭდილების
შესაქმნელად, რომ ვიდეოში სწორედ ის საუბრობს და მოქმედებს. სიტუაცია
დაამძიმა დაუდგენელი პირების მიერ სოციალურ ქსელებში თორნიკე რაზმაძის
მობილურის ნომრის გასაჯაროებამ. ამგვარი ქმედება სამეცნიერო
ლიტერატურაში doxing-ის სახელითაა ცნობილი და მისი მიზანი ადამიანების
შევიწროება, დაშინება, შერცხვენა ან მათთვის ზიანის მიყენებაა.
ჟურნალისტების და აქტივისტები წინააღმდეგ ასეთ ტაქტიკას
არადემოკრატიულ ქვეყნებში რეჟიმები ან თავად, ან მათთან
აფილირებული/მათი მფარველობის ქვეშ მოქმედი ჯგუფების ხელით ხშირად
მიმართავენ.
თორნიკე რაზმაძის მიმართ მტრული განწყობის შექმნა, მძიმე
დანაშაულის მტკიცებულებების ფაბრიკაცია და სოციალურ ქსელებში
გავრცელება იმის გამოც არის სახიფათო, რომ ონლაინ სივრცეში
წარმოებული კოორდინირებული სიძულვილის კამპანია შეიძლება, ძალიან
მარტივად და სწრაფად გადავიდეს ფიზიკურ გარემოში, შესაბამისად, მის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური და მყისიერი საფრთხე
დაემუქროს.
თორნიკე რაზმაძე უკვე რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელებით გავრცელებულ
ცრუ ინფორმაციას უარყოფს და სამართალდამცველი ორგანოების ყურადღების
მიპყრობას ცდილობს, თუმცა მისი უსაფრთხოება ამ დრომდე დაცული არ
არის.
დღეს ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვას, დაიწყება თუ არა თორნიკე რაზმაძის მიმართ გაჟღერებული მუქარის გამოძიება და რას ფიქრობს ის იმაზე, რომ ეს მუქარა “ქართული ოცნების” გუნდის წევრისგან, დიტო სამხარაძისგან მოდის, პირდაპირ არ უპასუხა და თქვა: „დიტო სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით“.
ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ იმოქმედოს - დაადგინოს, თუ ვინ დგას სიძულვილის ამ ორკესტრირებული კამპანიის უკან, ვინ და რა მიზნით მონაწილეობს მასში, შეაფასოს რისკები და უზრუნველყოს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოება“, - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“:
„საიას შეფასებით, აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო აქტივისტის მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს, ამასთან ისინი იმპერსონაციის (impersonation) კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს სხვა პირის იდენტობის გამოყენებას ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავად ეს პირი საუბრობს, აკეთებს კონკრეტულ განცხადებას ან ახორციელებს გარკვეულ ქმედებას.
მოცემულ შემთხვევაში, თორნიკე რაზმაძის გამოსახულებისა და ხმის ხელოვნურად გამოყენებით შექმნილი და გავრცელებული ვიდეოები მას მიაწერს რეალურად არარსებულ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მისი იდენტობის გამოყენებისა და მისი სახელით კომუნიკაციის იმიტაციის აშკარა ნიშნებს შეიცავს. გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გადამწყვეტია, აღიქმება თუ არა მსგავსი მასალა გონივრული აუდიტორიის მიერ აშკარა სატირად, პაროდიად ან შეფასებით მოსაზრებად, თუ ის წარმოდგენილია როგორც რეალური აუდიოვიზუალური მტკიცებულება.
ამ შემთხვევაში, საიას შეფასებით, მასალებს არ ახლავს სატირული ხასიათის გარკვეული მითითება, და, არც დამოუკიდებელი დამკვირვებლის მიერ შეიძლება იქნას ასეთად მიჩნეული/შეფასებული. ეს ზრდის თ. რაზმაძის პატივის, პირადი ცხოვრების, იდენტობისა და უსაფრთხოების უფლებებზე ზემოქმედების სიმძიმეს.
გამოსახულება პიროვნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. თორნიკე რაზმაძის მიმართ გავრცელებული ყალბი მასალის კონტექსტში ეს პრინციპი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გავრცელებულ ყალბ მასალაში ადამიანის იდენტიფიცირებადი მახასიათებლები გამოიყენება ისეთი ქცევის შესაქმნელად, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამგვარად, პირი კარგავს კონტროლს არა მხოლოდ საკუთარ ვიზუალურ წარმოდგენაზე, არამედ იმაზეც, თუ რა განცხადება ან ქმედება მიეწერება მას“.
როგორც საია წერს, მსგავსი შინაარსის ყალბი ვიდეოების მიზანმიმართული გავრცელების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ციფრული ტექნოლოგიების მანიპულაციური გამოყენებით ადამიანის წინააღმდეგ მტრული გარემოს შექმნის მცდელობაა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომ რაზმაძე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური პირია.
„საიას მიაჩნია, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებული ქმედებები ერთიანი, მიზანმიმართული და კამპანიური შევიწროების ხასიათის მატარებელია, რომელთა კუმულაციური მიზანიც შეიძლება იყოს პირის ფსიქიკური ტანჯვის გამოწვევა, ცხოვრების წესის ცვლილებია ან/ და მის მიმართ ძალადობის განხორციელების პროვოცირება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას პირის მიერ ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით, თან ახლავს პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ციფრულ სივრცეში გავრცელებულმა ყალბმა მასალებმა შესაძლოა ონლაინგარემოს მიღმაც გამოიწვიოს პირის შევიწროება, საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას და შეაფერხოს მისი საზოგადოებრივი საქმიანობა. ეს ყოველივე საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, უსაფრთხოებას.
შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დროულად შეაფასოს ეს რისკები, მიიღოს სათანადო დამცავი ზომები და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები“, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
გუშინ, 23 ნოემბერს, ფაქტების გადამოწმების პორტალმა - „მითების დეტექტორმა“ გამოაქვეყნა, რომ თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდებოდა:
„ფეისბუქსა და ტიკტოკზე გავრცელებული ვიდეოები, სადაც თორნიკე რაზმაძე 1. ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს; 2. კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს, როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები. მესამე პოსტი, რომელსაც ანონიმური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს, მტკიცებულების გარეშეა და მისი ღია წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება“.
როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, ერთიანობაში სოციალურ
მედიაში გავრცელებული ვიდეოები და ფეისბუქ პოსტი თორნიკე რაზმაძის
დისკრედიტაციის კამპანიურ ხასიათზე მიანიშნებს. „ანონიმური
ფეისბუქ გვერდები „განულებულიოპოზიცია“
და „პოლიტიკანი“
ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყვნენ
ჩართული; ისევე როგორც ტიკ ტოკ გვერდი DaDash
Pirveli“.



