კომუნიკაციების კომისიის ახალმა წევრმა, ანი ვაზაგაშვილმა 2025 წელს
სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე ასაღები)
61 571.6 ლარი აიღო, „მაესტროდან“ კი - 6 030 ლარი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ანი ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრად მიმდინარე წლის აპრილში აირჩია. გაზაფხულზე კომისიის წევრობის ვადა ვახტანგ აბაშიძეს ამოეწურა. ცნობისთვის, აბაშიძემ 2025 წელს ComCom-დან ხელფასის სახით 192 973.68 ლარი აიღო.
კომისიამდე ვაზაგაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიულ სამსახურსაც ხელმძღვანელობდა. ის „იმედსა“ და „მაესტროში“ 2024 წლის ივნისიდან მუშაობდა.
ტელევიზიებამდე, 2019 წლიდან ანი ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.
2023 წლიდან სამთავრობო ტელეკომპანია
„იმედში“ მუშაობდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა
გულორდავაც. ის მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო. გულორდავამ
2025 წელს „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 166 428 ლარი
აიღო.
კომისიამდე, 2020 წლიდან, ის მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“. 2016-2020 წლებში გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
გოგა გულორდავასა და ანი ვაზაგაშვილის გარდა,
კომუნიკაციების კომისიის წევრები არიან: ნათია კუკულაძე, ეკატერინე
იმედაძე და ივანე მახარაძე.
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, ვაზაგაშვილის მფლობელობაშია 2018 და 2023 წლებში შეძენილი, $46 000-ისა და $105 000-ის ღირებულების 2 ბინა გორსა და თბილისში. 2021 წელს, მან $14 000-ად გორში კომერციული ფართიც შეიძინა. ანი ვაზაგაშვილის საკუთრებაშია 2024 წელს $10 000-ად შეძენილი Lexus-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანაც.
კომუნიკაციების კომისიის წევრს დეკლარაციაში მითითებული
აქვს, რომ მან 2025 წელს, ჯამში 102 000 ლარის 2 სესხი აიღო:
კომუნიკაციების კომისიამ ბრიტანეთის მიერ
სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და postv-ის დასანქცირების
შემდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის
კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება
დააანონსა, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო
პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით
შეფასდეს“.
მას შემდეგ კომისიამ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, ორ-ორჯერ, 2 500 და 5 000 ლარით დააჯარიმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიები „TV პირველი“ და „ფორმულა“, ერთხელ, 2 500 ლარით კი - პროსამთავრობო „პოსტვ“-ი. კომისიამ ეს მაუწყებლები, „იმედთან“ ერთად, პირველად აპრილში წერილობით გააფრთხილა. გაფრთხილების შემდეგ, კომისიას არ განუხილავს პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კანონმდებლობის ამავე საფუძვლით შესაძლო დარღვევის საკითხი. ComCom-მა წერილობით გააფრთხილა „რუსთავი 2“-იც.
კომუნიკაციების კომისიას თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.
„ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში?“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აპრილში, ანი ვაზაგაშვილის ComCom-ის წევრად არჩევის შემდეგ, ანგარიში ამ სათაურით გამოაქვეყნა. მასში მიმოხილულია რა როლს ასრულებს კომისია პრაქტიკაში, ვინ არიან კომუნიკაციების კომისიის ძველი და ახალი წევრები და რა აკავშირებთ მათ „ქართული ოცნებასთან“. TI-ის მასალა იხილეთ აქ.



