ამაღლობელის ადვოკატი საგამოძიებო სამსახურზე: „გვიან დაწყებული გამოძიება შეიძლება იყოს არაეფექტური“
21.01.2025


ლევან იოსელიანს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს მხედველობაში მიიღებს და მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

დღეს, 21 იანვარს მზია ამაღლობელი # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველმა მოინახულა და „შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა; ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე“.

ომბუდსმენმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით 16 იანვარს მიმართა. ამავე დღეს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სააპელაციოში გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, „მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა, მატერიალური სახით მისი ჩაბარება ხდება პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა. სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 12 საათისთვის მიიღო და ახლა იწყებს საჩივრის განხილვას“.

გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 15 იანვრის ინფორმაციით, „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება, რომელმაც საიას გამოძიების დაწყება 20 იანვარს, ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.

ორგანიზაციის განცხადებით, „12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. ,,მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი“.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გვიან დაწყებული გამოძიება შეიძლება არაეფექტური იყოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარის სამმართველოში გამოძიება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე“ მიმდინარეობს. 

მზია ამაღლობელის საქმე

,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

ბათუმელები/ნეტგაზეთის 13 იანვრის განცხადებით, „სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“. 

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
საია: „ფორმულასთან“ დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 10 000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

                                                                     

გუშინ, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობდა. მისი ადვოკატების განცხადების საფუძველზე, გოგა ხაინდრავას მიმართ „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. 
                                                                     

„ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას. მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა“

საია მიმოიხილავს იმ ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც ეს პრეცედენტი SLAPP-ად შეიძლება შეფასდეს: „კერძოდ, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული სამეფოს Anti-SLAPP Coalition-ისა და იურისტთა რეგულირების ორგანოს (SRA) შეფასებით, SLAPP-ის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი:

1) ძალთა დისბალანსი - მიუხედავად იმისა, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, ამასთანავე, პარალელურად დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიებაც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურისთვის დამატებითი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მედიაზე ზეწოლას და ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე.

2) უსაფუძვლო ან გაზვიადებული პრეტენზიები - სადავოა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სარჩელი რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

3) სასამართლო პროცესის, კანონების ან საპროცესო წესების ინსტრუმენტალიზაცია/ბოროტად გამოყენება - თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფინანსური სანქციები ხშირად გამოიყენება კრიტიკული მედიის ფინანსური დასუსტებისა და შეზღუდვის საშუალებად. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ზოგადად, საქართველოს რეალობაში, საერთო სასამართლოები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ასეთი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია ფორმულას არაერთხელ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ, ეს კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10’000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანის უფლებების უმწვავეს კრიზისში რეპრესიების სამიზნე სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა.

4) ერთი და იმავე ფაქტისა თუ საკითხის საფუძველზე რამდენიმე და კოორდინირებული სამართალწარმოება - “ფორმულას” წინააღმდეგ ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად ხდება ორი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება - სამოქალაქო დავა პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით და, სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით, რომელთან დაკავშირებითაც საიამ ასევე გააკეთა განცხადება. ასეთი მრავალმხრივი სამართლებრივი ზეწოლა დამახასიათებელია SLAPP-ისთვის, რადგან მისი მიზანია კრიტიკული მედიის ფინანსური და პროფესიული რესურსების გამოფიტვა და დაშინება.

5) სამიზნეა პუბლიკია, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს უკავშირდება - მოსარჩელემ სადავო გახადა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, საუბარია სუს-თან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო არაკანონიერ შემოყვანაზე. ეს საკითხი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და მიგრაციის პოლიტიკას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას“.

ამ ინდიკატორების გათვალისწინებით, როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, ნათელია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე დავა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით, SLAPP-ის მკაფიო ნიშნებს ატარებს. 

„საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, შეფასებებიც ადასტურებს, რომ მსგავსი საქმეები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევებს, არამედ ეს არის მედიაგარემოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილი“, - ვკითხულობთ საიას შეფასებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. მისი შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის მორიგ პრეცედენტს წარმოადგენს. 

„აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ატარებს SLAPP დავის ნიშნებს, სადაც მართლმსაჯულება საზოგადოებრივი მონაწილეობისა და კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. თავად მოსარჩელის განცხადება, რომ მიღებული ფულით მედიის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციას შექმნის, პირდაპირ მიუთითებს ამ დავის სადამსჯელო, რეპრესიულ მოტივზე. სამოქალაქო ჯარიმისა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პარალელური ამოქმედება კი ღიად აჩვენებს, რომ სახელმწიფო აპარატი სრულად არის მობილიზებული დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად.

ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი საგამოძიებო გუნდი და, ზოგადად, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, კოორდინირებული თავდასხმისა და შევიწროების სამიზნეები არიან სწორედ მათი დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. საჯარო ინტერესის მქონე თემებზე მუშაობის გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები და „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები ერთობლივად ებრძვიან თავისუფალ მედიას, რითაც ცდილობენ დააშინონ ჟურნალისტები და ქვეყანაში დაამკვიდრონ ცენზურა“, - წერს კოალიცია. 

„მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 3 მაისს აღინიშნება, „მედიის განვითარების ფონდმა“ და „მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი ტენდენციები შეაჯამა. 

„მედია, როგორც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი ხშირად ხდება ძალაუფლების მქონეთა სამიზნე. ინფორმაციული ავტოკრატიის პირობებში ეს გამოწვევები კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს ატარებს, როცა დეზინფორმაცია, მათ შორის გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული, ასევე დისკრედიტაციის კამპანიები და კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) მედიისა და ცალკეული ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული გარემოს შესაქმნელად გამოიყენება და იზოლირებული ხასიათი არ აქვს“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები. 

ანგარიშის მიხედვით, საკვლევ პერიოდში „მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული - 26 ვიზუალური მანიპულაცია იყო. ვიზუალური მანიპულაცია თავის მხრივ მოიცავდა ვიდეომანიპულაციისა (15) და ფოტო მანიპულაციის (11) შემთხვევებს. 

მკვლევრებმა გამოავლინეს თაღლითობის 6 შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების ვიზუალს მეტწილად სამედიცინო მედიკამენტების რეალიზების მიზნით იყენებდნენ. ასევე, გამოვლინდა მანიპულაციისა და უკონტექსტო შინაარსის გავრცელების - 4, დეზინფორმაციის - 3 და ჟურნალისტების სახელით და ჟურნალისტის წინააღმდეგ ციტატის გაყალბების 3 შემთხვევა:

„ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ტაქტიკები დივერსიფიცირებულია. ყველაზე ხშირად, ჟურნალისტების/მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება (12) ხდებოდა. ამასთანავე თითქმის თანაბრად გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და სლატშეიმინგის ტაქტიკა (11),  შედარებით ნაკლებად - თაღლითურ პოსტებში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად მეინსტრიმული მედიის ჟურნალისტების ვიზუალის გამოყენება ხდებოდა (6). დეზინფორმაციული და მანიპულალციური მასალები ჟურნალისტების წინააღმდეგ ასევე მოიცავდა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას (5), გაქილიკებას და შეურაცხადად გამოცხადებას (5), ორმაგ სტანდარტებში (4) და ერთ შემთხვევაში ჯაშუშობაში დადანაშაულებას“. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციული, მანიპულაციური შინაარსის ყველაზე ხშირი სამიზნე „ტვ პირველის“ ჟურნალისტები იყვნენ, ასევე პატიმრობაში მყოფი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და მისივე დაფუძნებული გამოცემები, რასაც პროპაგანდისტული ნარატივებიც ემატებოდა:

„დეზინფორმაციული და მანიპულაციური მასალები ასევე ვრცელდებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის სხვა მედიების მიმართ: „ფორმულა“, „მისმინე“, „კავკასია“, „მთავარი არხი“, „მთის ამბები“. ერთ შემთხვევაში კი სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2 გახდა. ფეისბუქზე გავრცელებულ თაღლითურ პოსტებში გამოყენებული ჟურნალისტები მეტწილად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებიდან (საზოგადაოებრივი მაუწყებლის „1 არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“) იყვნენ, ასევე „ევრონიუს საქართველოდან“ და ქვიარ-ფემინისტური გამოცემა „აპრილიდან„“. 



კვლევაში - „დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“ ცალკე თავი ეთმობა დეზინფორმაციას მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. მასში აღნიშნულია, რომ ამაღლობელი მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეც იყო, რასაც ანონიმური ფეისბუქ გვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც ერთვოდა: 

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ ბათუმელების დამფუძნებელი დამნაშავედ მანამ გამოაცხადა, ვიდრე სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანდა და ის პოლიციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნული ქმედება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მზია ამაღლობელს მისი რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან სასამართლომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა პირველივე სხდომაზე შეწყვიტა. 

მზია ამაღლობლის საქმეში პოლიტიკური მოტივების უარყოფის მიზნით მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო წილოსანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, სახელისუფლებო ტელე იმედის ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ჟურნალისტს დარღვეული უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მათ მიერ გავრცელებული, განმეორებადი გზავნილები იდენტური შინაარსის იყო და ამკვიდრებდა აზრს, რომ ეს ფაქტი საქმეში პოლიტიკური მოტივების არარსებობას ადასტურებდა, რადგან გარდაუვალი მარცხის თავიდან ასაცილებლად ამაღლობელმა საერთაშორისო მართლმსაჯულების შესაძლებლობებით არ ისარგბელა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის მზია ამაღლობელს ამ განცხადებების გაკეთებამდე გაცილებით ადრე ჰქონდა მიმართული, ხოლო 23 ივნისიდან სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარესთან - საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდა დაწყებული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები მანიპულაციურად აშუქებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე გერმანიის ელჩის განცხადებასა (Postv) და ინფორმაციას გერმანიაში ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით (ტვ იმედი). გაშუქება მიზნად ისახავდა დაემკვიდრებინა აზრი, რომ ამაღლობელის საქმის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა დაუსაბუთებელი და საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების გამოვლინება იყო“. 

ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სოციალურ მედიაში კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც (CIB) გამოვლინდა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, ანონიმური ფეისბუქ გვერდები ამაღლობელის დისკრედიტაციას სხვადასხვა პოსტებით, მათ შორის გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, ყალბი ანგარიშები ონლაინ გამოცემების: „ინტერპრესნიუსის“, News.on.ge-ის და Tabula-ს კომენტარებში აქტიურობდნენ და ჟურნალისტის შესახებ ნეგატიურ კომენტარებსა და რეაქციებს ტოვებდნენ. გარდა ამისა, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ერთ-ერთი ტროლის კომენტარებს სახელისუფლებო მედიაც („კვირა“, „რეპორტიორი“, news-hub, „პრაიმ-ტაიმი“) კოორდინირებულად ციტირებდა: „ნიშანდლობლივია, რომ აღნიშნულ ანგარიშს რამდენიმე სახელი და ფოტო აქვს გამოცვლილი, მათ შორის სხვისი კუთვნილი და მედიაშიც განსხვავებული ვიზუალით და სახელით არის ციტირებული“. 

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებების მიმართ უნდობლობის გაღვივება მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. ამ პროცესში კი როგორც სახელისუფლებო მედიები, ისე ანონიმური ფეისბუქ ანგარიშებიც არიან ჩართულნი. ხელისუფლების სამიზნე აღმოჩნდა საერთაშორისო მედიაც იმ ორი ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელიც ერთ შემთხვევაში - ხელისუფლების ქმედებებს, მეორე შემთხვევაში კი სახელისუფლებო „ტელეიმედის“ ყოფილი მფლობელის საქმიანობას შეეხებოდა. 

გენდერული დეზინფორმაცია და სლატშეიმინგი - ანგარიშის კიდევ ერთი ქვეთავია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალი ჟურნალისტების წინააღმდეგ გენდერული დეზინფორმაციის და სლატშეიმინგის გამოყენება წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა:

„თუმცა, თუ ადრე ამ მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშები იყენებდნენ, წელს გამოიკვეთა შემთხვევა, როცა ჟურნალისტის და აქტივისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო სექსუალურ დანაშაულებსა და ტრეფიკინგში მხილებულ, ამერიკელ ბიზნესმენ, ჯეფრი ეპსტინთან ერთად “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიის წევრის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიზუალი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ მის მიერ სასამრთლოში შეტანილ სარჩელზე ინფორმაციის ილუსტრაციად იყო გამოყენებული, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა კი („რუსთავი 2”, „პოსტვ”, „იმედი” და საინფორმაციო სააგენტო „ჯორჯიან თაიმსი”) ის უცველად და უკრიტიკოდ გააშუქეს ჟურნალისტის მორალური განსჯის მიზნით“.

კვლევის მიხედვით, ჟურნალისტების სლატშეიმინგის და სექსუალიზაციის მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ანგარიშები მიმართავდნენ, რომლებიც მედიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის ამოცანასაც ასრულებდნენ: „ასეთი ფეისბუქ გვერდები ჟურნალისტების ცალკეული ფრაზების მანიპულაციური დამონტაჟებით და უკონტექსტოდ გავრცელებით მათ სექსუალიზაციას ახდენდნენ. ამ მხრივ ერთ-ერთი სამიზნე ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია იყო, რომლის სიტყვებს არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით მანიპულაციური მონტაჟის შედეგად სექსუალური კონოტაცია ეძლეოდა, მეორე შემთხვევაში კი მისი სექსუალური ორიენტაციის ეჭვქვეშ დაყენება ხდებოდა.

ჟურნალისტების სლატშეიმინგის მიზნით ფოტოფაბრიკაციის მეთოდიც გამოიყენებოდა და ყველაზე ხშირი სამიზნე ამ მხრივ ტვ პირველის ჟურნალისტი და აქტივისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, რომლის სექსუალურ ობიექტივიზაციას და მრუშობით შერცხვენას ანონიმური ფეისბუქ გვერდები და სხვადასხვა ანგარიშები მიმართავდნენ. გარკვეულ შემთხვევებში ასეთი შინაარსის პოსტების კოორდინირებული გავრცელების ტენდენციაც იკვეთებოდა“.  

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს გახშირდა ფინანსური სარგებლის მიღების ან პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით თაღლითურ მასალებში ჟურნალისტების ვიზუალის გამოყენების პრაქტიკა, რასაც ინფორმაციის სანდოდ წარმოჩენის მიზნით მიმართავენ. გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობაში კი ხმის ხელოვნური ინტელექტით დამუშავების ტენდენცია გამოვლინდა.  



კვლევის ბოლო ნაწილში განხილულია დეზინფორმაცია/მანიპულაციის წყაროებიც. ავტორები წერენ, რომ მედიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალების გავრცელებაში მეტწილად ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური ფეისბუქ გვერდები ფიგურირებენ, რომელთა ნაწილი სახელწოდებიდან გამომდინარე ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით არის შექმნილი, ზოგის სახელწოდებაში „მედია“ ფიგურირებს, ზოგიერთში კი - მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი. 

„ჟურნალისტების და მედიის მიმართ მტრული რიტორიკის გარდა, რამდენიმე შემთხვევაში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია მმართველი პარტიის დეპუტატებმა თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმაც გაავრცელეს, ასევე სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედის ყოფლმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ. მედიის წინააღმდეგ სახელისულებო დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გავრცელებაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები („იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“) და ონლაინ მედიებიც („ნიუსჰაბი“, „მარშალპრესი“, INFO9, Exclusive Media, „დაიჯესტი“, The Georgian Times) იყვნენ ჩართულნი“, - ვკითხულობთ კვლევაში. 

კვლევა „დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“ ვრლად, კონკრეტული მაგალითებით იხილეთ აქ. 




TI: „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ ბრიტანული სანქციები ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პროპაგანდისტული არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს. „ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და კერძო პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი“.

დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო ტელევიზიები: „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის 24 თებერვალს დაასანქცირა . როგორც TI წერს, ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა.


რას ნიშნავს ბრიტანული სანქცია და როგორ მუშაობს ის?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბრიტანული სანქციის გავრცელების არეალი ბრიტანეთის იურისდიქციას სცილდება და ის კონკრეტულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს მის ფარგლებს გარეთაც ავრცელებს და მეორადი სანქციის საფრთხეს უქმნის ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესმენს, რომელიც სანქცირებულ სუბიექტთან თანამშრომლობას განაგრძობენ ან მათთან ახალ გარიგებებში შესვლას გადაწყვეტენ:

„ამდენად, მეორადი სანქციის რისკისა და უზარმაზარი რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, განსაკუთრებით კი - დასავლური საფინანსო სისტემა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემაც დასავლური სისტემის ნაწილია, ის მის წესებს უნდა დაემორჩილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ბანკებმა (არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“) სანქცირებულ ტელეკომპანიებს ანგარიშები უნდა გაუყინონ და მათ ყველანაირ ფინანსურ სერვისსა და მომსახურებაზე უარი უთხრან, წინააღმდეგ შემთხევაში, ისინი საფრთხეს მათსავე ბიზნესს შეუქმნიან“.

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედსა“ და „პოსტვის“?

TI აღნიშნავს, რომ ანგარიშების გაყინვისა და საბანკო სერვისების შეზღუდვის პარალელურად, დასანქცირებული პროპაგანდისტული არხები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან. კერძოდ:

  • ვეღარ მიიღებენ შემოსავლებს, მათ შორის რეკლამიდან, საბანკო ანგარიშსწორების გზით;
  • თანამშრომლებს ვერ გადაუხდიან ხელფასებს;
  • ვეღარ იყიდიან უცხოურ  სერიალებს;
  • გაუუქმდებათ გასართობი გადაცემებისთვის არსებული საერთაშორისო ლიცენზიები;
  • გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რომელსაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან;
  • დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში;
  • შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება/ვერ გაუშვებენ რეკლამებს;
  • ვეღარ აიღებენ სესხს და ვეღარ მიიღებენ ახალ დაფინანსებას;
  • ვერ გაყიდიან ან/და გააქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
  • ვეღარ შეიძენენ ან/და იქირავებენ ტექნიკას;
  • საბანკო ანგარიშსწორებით ვეღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს;
  • გაურთულდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა (დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება);
  • თანამშრომლებს გაურთულდებათ საბანკო სესხების აღება.

„საყურადღებოა, რომ მეორადი სანქციის რისკი შეექმნება ყველა იმ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს, რომელიც დასანქცირებულ ტელევიზიებს მათთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში დაეხმარება“, - წერს ორგანიზაცია.

რას გამოიწვევს „იმედისა“ და „პოსტვის“ დახმარება?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი: „სანქციების შესრულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებით „იმედი“ და „პოსტვ“ გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარებიან.

შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავონ „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე“.

„ოცნების“ მხარდაჭერა პროპაგანდისტულ მედიებს და შავი ფულის ტრიალის რისკი

„პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციები ცხადჰყოფს, რომ სანქციები მათთვის დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა. ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე, „ოცნების“ გუნდმა „იმედსა“ და „პოსტვის“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე და ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც. „ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მეტიც,  „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს ღიად მოუწოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიების მიმართ იქნება წნეხი სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, შავი ფულის ტრიალის რისკებს ქმნის, კომპანიებს კი მეორადი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გამო. 

სანქცირებული პროპაგანდისტული მედიებისადმი მმართველი გუნდის წევრების დემონსტრაციული მხარდაჭერა და მათი დახმარებისკენ მიმართული ღია ძალისხმევა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ მძლავრ გავლენებს ხსენებული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკასა და საქმიანობაზე“, - წერს ორგანიზაცია.

ბრიტანული სანქციების ეფექტი

როგორც TI წერს, პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები დაიცვეს: „ამას მოწმობს ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს - „იმედის ბანკს“ დააარსებენ, რომელიც მათ მოემსახურებათ. 27 თებერვალსვე  „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანული სანქციების გამო „იმედში“ ხელფასები „ნაღდი ფულით“ - „კონვერტებით“ დაარიგეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბანკებში მათ მომსახურება უკვე შეეზღუდათ და სანქცირებულ ტელევიზიებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრათ ბიძინა ივანიშვითლის ოჯახთან დაკავშირებულმა და „იმედის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა ბანკებმაც, შესაბამისად, „ქართუმ“ და „ლიბერთიმ“.

საბანკო სერვისებით სარგებლობით შეზღუდვის პარალელურად, „იმედი“ და „პოსტვ“ შემოსავალს ვეღარც რეკლამიდან მიიღებენ, რადგანაც ქართულ ბანკებს ეკრძალებათ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიებისთვის ნებისმიერი სახის ტრანზაქციის შესრულება. ამდენად, „იმედი“ და „პოსტვ“ თანხებს ვეღარც ეთერში გაშვებული კომერციული რეკლამისთვის მიიღებენ, ყველა შესაძლო შემოვლითი გზა კი - აღქმული იქნება როგორც სანქციებისგან თავის არიდება. შედეგად, ნებისმიერი ბიზნესმენი თუ კომპანია, რომელიც „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამისთვის თანხას გადაუხდის, ან მათ თანხის შემოვლითი გზით მიღებაში დაეხმარება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე თავად დადგება“.

დასანქცირებული არხები სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში?

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების გამოცხადებიდან მალევე, ორივე სანქცირებული პროპაგანდისტული ტელეარხის მიერ გადადგმული ნაბიჯები ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ სანქციების თავიდან არიდებისა და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს:

„მაგალითად, პროპაგანდისტული არხების დასანქირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრმა ორი ახალი ორგანიზაცია შპს „იმედის მხარდამჭერები“ და შპს „პოსტივის მხარდამჭერები“ დაარეგისტრირა. პირველის 100%-იანი წილის მფლობელი „იმედის“ სოციალური ქსელების მენეჯერი, ნიკა კლდიაშვილია, „შპს პოსტივის მხარდამჭერების“ 100%-ს კი გიორგი შენგელია ფლობს.

დაწესებული სანქციების გამო, 25 თებერვალს, გაითიშა „იმედის“ ვებგვერდები -  imedinews.ge  და imedi.ge. მათი ფუნქციონირება მეორე დღეს აღდგა. გავრცელებული ცნობებით, „იმედმა“ ვებსაიტის უსაფრთხოების სისტემა რუსულ კომპანიაზე  გადაიყვანა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ იყენებენ. თავად „იმედმა“ ინფორმაცია უარყო და მას „პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ „მორიგი ტყუილი“ უწოდა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო კვლევამ ისიც აჩვენა, რომ  „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ Meta-ს მიერ მისი სოციალური ქსელების პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის დასპონსორება/რეკლამირების შეზღუდვის შემდეგ, ისინი ახალი გვერდების დარეგისტრირებას და კონტენტის ამ გზით რეკლამირებას ცდილობენ.

გარდა ამისა, „მითების დეტექტორის“ კვლევამ ისიც გამოკვეთა, რომ „იმედსა“ და „პოსტვის“ დასანქცირების შემდეგ, მათი მასალების გამოქვეყნებასა და დარეკლამებაში აქტიურად ეხმარებიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ახლადშექმნილი მედიაპლატფორმები, რომლებიც მათ მასალებს მანამდეც აქვეყნებდნენ. ერთ-ერთის მფლობელი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი, შაკო კუჭაშვილია.

ასევე, საგულისხმოა, რომ რუხაძის „იმედიდან“ წასვლიდან რამდენიმე დღეში, „იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან მფლობელობაში არსებულ კიდევ 4 სხვა კომპანიაში - „შპს IMEDI FILMS“, „შპს ტელეკომპანია აისი“, „შპს თაჩ მედია“ და „შპს ჯი-დი-ეს თი-ვი“ - დირექტორის თანამდებობები „იმედის“ თანამშრომლებმა და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-10%-იანი წილების მფლობელებმა - მარიამ ლომიძემ და მაია ჩიგოშვილმა დაიკავეს. „იმედის“ მფლობელ კომპანიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში განხორციელებული ცვლილებები, იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ, შესაძლოა, არსებობდა წინასწარი ინფორმაცია „იმედის“ დასანქცირების შესახებ და ნაჩქარევი გადაადგილებები აღნიშნული კომპანიების გავლით, სანქციების თავიდან აცილების მცდელობასთან უნდა იყოს დაკავშირეული. ნესბიმიერ შემთხვევაში, ამგვარი კონფიგურაცია, სანქციების გვერდის ავლის კარგ წინაპირობას ქმნის.

გარდა ამისა, „იმედის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ და ასევე პროსამთავრობო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ფლობენ შპს „უნიმედიას“ 50%-50%-იან წილებს და მათი პარტნიორობა, შესაძლოა, სანქციების თავიდან აცილების დამატებით მექანიზმად იქნას გამოყენებული საერთაშორისო და ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის ნაწილში“.

ვინ ყიდულობს სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვზე“?

„ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და პროსამთავრობო „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს კრიტიკულ მაუწყებლებს („ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“), რომელთა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, კიდევ უფრო მწირია. მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარით იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.

საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების - „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited - საშუალებით. მოცემული მომენტისთვის, „ბანკი ქართუსა“ და „შპს ქართუ ჯგუფის“ 100%-100%-იან წილებს ფონდი „ქართუ“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ამ უკანასკნელის 35%-იანი წილის მფლობელი კი - ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია,  დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული. მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია.

იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია, ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ: კოკაკოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელეციზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც. (ტელევიზიების მიხედვით რეკლამების ჩამონათვალი ნახეთ ცხრილში #1).

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, რთულია როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი. ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სანქციების დაწესებიდან 4 დღეში განაცხადა, რომ „არ ითანამშრომლებდა სანქცირებულ კომპანიებთან“ ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ იყო, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთია და რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმის ქვისლი, თამაზ ხარაიძეა. თუმცა, განცხადებიდან მეორე დღესვე, კომპანიამ დააზუსტა, რომ მათ უარი არ უთქვამთ „ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „იმედთან“ და „პოსტვისთან“ თანამშრომლობაზე“ და ეს პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება“, - წერია კვლევაში.

ვინ ფლობს სანქცირებულ „იმედსა“ და „პოსტვის“?

ორგანიზაცია წერს, რომ ბრიტანეთის მიერ ორი პროპაგანდისტული არხის დასანქცირებამდე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი რუხაძე იყო: „მაგალითად, რუხაძესა და ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანიაში „ქართული ცემენტი“.

„იმედის“ დასანქცირებამდე 18 დღით ადრე, 6 თებერვალს, რუხაძემ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიის წილების მფლობელობიდან გადიოდა და კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-ს, რომლის საშუალებითაც იგი მის  უცხოელ პარნიორებთან ერთად „იმედს“ ფლობდა, „იმედის“ თანამშრომლებსა და კომპანია „პრაიმ მედია გლობალს“ გადასცემდა. შედეგად, „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილი სიმბოლურ ფასად - 1 000 ლარად „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა, რომელმაც თავის მხრივ, 10%-10%-იანი წილები - ასევე სიმბოლურ ფასად 100-100 ლარად „იმედის“ თანამშრომლებს - ნათია სონღულაშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, მარიამ ლომიძეს, მაია ჩიგოშვილს და ვასილ კალანდარიშვილს გადასცა. ბრიტანეთის სანქციების დაწესებიდან მეორე დღესვე, 25 თებერვალს, ირაკლი რუხაძემ კიდევ სამ წევრთან ერთად „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოც დაჩქარებული წესით დატოვა.

რუხაძის „იმედიდან“ ნაჩქარევად გასვლამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ამ ქმედებით მან პირად სანქციებს აარიდა თავი. ირაკლი რუხაძე „იმედიდან“ წასვლის შემდეგ, მედიასთან პირველად 19 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის „აბსოლუტურად დაუმსახურებელი“ და რომ ამით „იმედს“ არაფერი შეეტყო და არც მომავალში შეეტყობა.

„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან 4 წევრის გასვლიდან დაახლოებით 20 დღეში, 13 მარტს, არხის გენერალურმა დირექტორმა, მარიამ ლომიძემ საჯარო რეესტრს სამეთვალყურეო წევრების ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია:

საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ნათია სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე „იმედის“ მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. საბჭოს წევრები: მაგდა (მაგდალინა) ანიკაშვილი - „იმედი LIVE-ისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანი; მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აგრეთვე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი; ილია მიქელაიშვილი - „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილის მფლობელი.

რაც შეეხება „პოსტვის“, მის 52%-იან წილს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. ჯაფარიძე არაერთხელ იყო მხილებული სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და კავშირებში. „პოსტვის“ 24%-24%-იან წილებს ამავე არხის წამყვანი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ.

საგულისხმოა, რომ ჯაფარიძემ პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირებამდე 25 დღით ადრე, წილები სამართავად სხვა პირს - ზაზა მარიდაშვილს გადასცა, რომელიც 2017-2022 წლებში კასპის მერის მოადგილე იყო“.

რას საქმიანობს „პრაიმ მედია გლობალი“ და ვინ არის მისი მფლობელი?

კვლევის მიხედვით, „პრაიმ მედია გლობალი“ სატელევიზიო რეკლამის გამყიდველი შუამავალი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ილია მიქელაიშვილია: „კომპანია ტელევიზიაში რეკლამის განთავსების მსურველებს პროსამთავრობო ტელეკომპანიების -  „იმედის“, „GDS-ის“, „რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“ და „პოსტვის“ სარეკლამო დროს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია სარეკლამო დროს ტელევიზიების ნაცვლად თავად ყიდის და დამკვეთის რეკლამას, მისი სურვილისამებრ, შესაბამის ტელევიზიას გადასცემს, სარეკლამო მომსახურების თანხასთან ერთად. სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიის მიერ გაყიდული სარეკლამო დროის დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე“ მოდის. გამოცემა „ბიემჯის“ ცნობით, 2024 წელს კომპანიამ რეკლამის გაყიდვისგან 29.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26.4 მლნ ლარის რეკლამა ტელევიზიებში განათავსა, 3.1 მლნ ლარი კი - შემოსავლის სახით დარჩა“.

კვლევა - „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 



„სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს!“ -  Windfor’s-ის კამპანია „სინათლე მედიას“ მხარდასაჭერად



სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა Advan Production-თან ერთად, „სინათლე მედიას“ ქსელში შემავალი დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად კამპანია - „სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს!“ დაიწყო.





„“წარწერების ომი“ კი საუკეთესო მეტაფორაა საქართველოში დამოუკიდებელი მედიის ამჟამინდელი მდგომარეობისთვის - რეჟიმი მედიას ებრძვის, აჩუმებს, ზღუდავს, თუმცა სიმართლის დაფარვას მაინც ვერ ახერხებს. რადგან სიმართლე სინათლეში ჩანს“, - Windfor’s-ს სურდა ამ კამპანიით დამოუკიდებელი მედიის მიმართ მხარდაჭერა და მადლიერება გამოეხატა. 

„Windfor’s-ში, მიმდინარე პროექტების პარალელურად, სულ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ ნებისმიერ მიმდინარე მოვლენასა თუ პრობლემასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ სხვადასხვა სფეროს ჩვენი იდეებითა თუ კამპანიებით. სწორედ ამ მუდმივი ფიქრის პროცესში გაჩნდა ეს იდეაც და ვიფიქრეთ, რომ ამ ქუჩის წარწერებს იდეალური ბმა სწორედ „სინათლე მედიასთან“ ექნებოდა. ის, რაც ქუჩებში ჩვენ თვალწინ ხდება, ზუსტად იგივეა, რასაც რეჟიმი მედიებთან მიმართებით აკეთებს. ყველანაირად ცდილობს, ხმა ჩაახშოს და ამით სიმართლე დაფაროს, თუმცა, ფაქტია, რომ არ გამოსდის. ეს გადაწყვეტა ძალიან თვალსაჩინოა - ქალაქის კედლებზე, სადაც გადაშლილი წარწერები ვიპოვეთ, ამოვიკითხეთ ის, რაც ამ შავი ლაქების უკან ეწერა და ისევ იგივე „გავაჩინეთ“, ოღონდ ისე, რომ მხოლოდ სინათლეში ჩანდეს. ვფიქრობთ, იდეალური მეტაფორაა „სინათლე მედიასთვის“ - სადაც სინათლეა, იქ ხმას ვერ ჩაახშობ, ისტორიას ვერ გადაწერ, რეალობას სხვა ინტერპრეტაციას ვერ მისცემ, მეხსიერებას ვერ წაშლი.  

ვფიქრობთ, მედიის როლი დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით კი ისეთ რეალობაში, სადაც მის წინააღმდეგ პროპაგანდა ასე თავდაუზოგავად მუშაობს. 

უმნიშვნელოვანესია, არსებობდეს დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ხალხის სათქმელს ამბობს, არ მალავს სიმართლეს, არ „ფუთავს“ მას ლამაზად, არ ცვლის რეალობას ვინმე კონკრეტულის სასარგებლოდ. 
და ეს ყველა ჩვენგანის გასააზრებელია - ეს ხმა რომ არ იყოს, ჩვენს ყოველდღიურობაში მხოლოდ შავი ლაქები იქნებოდა, რომელსაც გუშინაც ჩავუარეთ, გუშინწინაც და იმის წინაც, მაგრამ ხვალ აღარ გვემახსოვრება, მის უკან რა ხდებოდა.

ყველაფერთან ერთად კი, ძალიან სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც შენს იდეებს და ხედვებს იზიარებენ და ზუსტად იმავე შემართებით გიერთდებიან, საერთო მიზნისთვის“, - გვითხრეს საუბრისას სააგენტოში. 

Windfor’s-მა ვიდეორგოლზე Advan Production-ის გუნდთან ერთად იმუშავა, სცენარი დაამუშავეს, წარწერები მოძებნეს, „გამოიცნეს“ მათ უკან რა ეწერა და გადაიღეს.

„დამოუკიდებელი მედიის არსებობა ჩვენს ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, ყველაზე მთავარი იარაღი არის ინფორმაცია, რომელიც არის ობიექტური და რომელიც გვაჩვენებს რეალობას და არა ილუზიას. ძალიან რთულ პირობებში უწევს დამოუკიდებელ მედიას დღეს არსებობა, ისინი ჩვენთვის დიდ საქმეს აკეთებენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რაიმე ფორმით გამოგვეცხადებინა მათთვის მხარდაჭერა.

„ედვენის“ როლი უშუალოდ ვიდეორგოლის დამზადება იყო. როდესაც „ვინდფორსმა“, სააგენტომ გაგვაცნო იდეა, დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ, საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო და ყოველთვის ბევრად სასიამოვნოა ისეთ პროქტებზე მუშაობა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებას ეძღვნება“, - გვიყვება ანანო დოდელია, Advan-ის თანადამფუძნებელი და რეჟისორი.

დამოუკიდებელი მედიისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას „სინათლე მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ქავთარაძე:

„ერთია, როცა „სინათლე მედია“ გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას მისი ქსელის წევრი მედიების გასაძლიერებლად და ამ ყველაფრის აღსასრულებლად მიმართავს ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ერთვებიან და გვეხმარებიან. 

მაგრამ მეორეა, როცა ადამიანების ჯგუფი ისეთი ძლიერი, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე სარეკლამო სააგენტოდან, როგორიც „ვინდფორსია“ (Windfor's), ჯდება და ფიქრობს შენზე.

ეს არის ნამდვილი ზრუნვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომის შეგრძნება. როცა შენი პრობლემა გაცნობიერებული აქვთ, გამოწვევა იციან და ამის გადაწყვეტის გზებზე შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ყველაფერს, რასაც „ვინდფორსი“ და „ედვენ ფროდაქშენი“ (Advan Production), რომელმაც ვიდეოს აღსრულებაში მიიღო მონაწილეობა, აკეთებენ „სინათლისთვის“.

ჟურნალისტები - ადამიანები, რომლებიც „სინათლე მედიას“ ქსელში შემავალ მედიაორგანიზაციებში მუშაობენ - გრძნობენ, რომ მარტო არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ რთულ დროში მათი ყოველდღიურობა არის სტრესული, დაძაბული და მუდმივი საფრთხის ქვეშ ყოფნის შეგრძნებით. ეს ყველაფერი აძლიერებს ამ ერთობასაც, აძლიერებს ქვეყანასაც და, რაც მთავარია, ხელს უწყობს სინათლის შენარჩუნებას“.

სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა. მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის ყოველთვიური გადარიცხვით.


ComCom-ი „ფორმულას“ ტერმინების გამო კანონის დარღვევას ბოლო ოთხ თვეში მესამედ ედავება


კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ოთხ თვეში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის დარღვევას, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, მესამედ ედავება. 

მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ამჯერად „ფორმულას“ ეთერში 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინდა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.

ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქების მაგალითებით დასაბუთებისას დეპარტამენტი მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ „ფორმულა“ სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“, „რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“.

„ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს კომისია ხვალ, 17 ივლისის სხდომაზე განიხილავს. 

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2 500 ლარით დააჯარიმა მაისში, აპრილში კი, „TV პირველთან“, Postv-ისა და „იმედთან“ ერთად, წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.   

ივნისში ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე,     ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა „TV პირველიც“.   

                                                 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
                                                 

აპრილში გაფრთხილების შემდეგ, კომისიას არ უმსჯელია Postv-ისა და „იმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე საფუძვლით შესაძლო დარღვევის საკითხზე

ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე დარღვევაზე მაშინ პირველად იმსჯელა. 

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა

ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.

2025 წლის ივნისში, კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. 

                                                 

კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე - გოგა გულორდავა ჰყავს. მან 2025 წელს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 166 428 ლარი აიღო. გულორდავა „იმედში“ 2023 წლიდან მუშაობდა, ის მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო.

კომისიამდე, 2020 წლიდან გოგა გულორდავა მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“. ის 2016-2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 

აპრილში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც, ანი ვაზაგაშვილი. ის ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც იყო. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში მუშაობის დაწყებამდე, ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.

მოსამართლე კაჟაშვილმა „ფორმულას“ წინააღმდეგ ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

ხაინდრავა „შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ ამავე გადაცემით უარყოფასთან ერთად, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვდა.

დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ფულს იმ ფონდის შესაქმნელად გამოიყენებს, რომელიც „მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს“:

„ყველას არა აქვს შესაძლებლობა, რომ თავის თავი დაიცვას. ყველას არა აქვს შესაძლებლობა, რომ პრესკონფერენციები მოაწყოს და გადაცემა არ არის პრინციპში, რომ ვიღაცას აი, ასეთი… არ მიაყენონ შეურაცხყოფა. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ჩემი მხრიდან, ეს იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ჭკუა ისწავლონ და იცოდნენ, რომ მე გამოვაცხადე და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ აი, ეს თანხა, რომელიც გამოყვეს, ამ თანხას ჩავდებ, ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, ვისაც არა აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაიცვას ისე, როგორც ამ შემთხვევაში მე მაქვს“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის შეფასებით კი, ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულად ძალიან საშიშია თავისუფალი ჟურნალისტიკის, ზოგადად საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ“.  

„მიგვაჩნია, რომ აუცილებლად საჭიროებს გასაჩივრებას არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც და სტრასბურგშიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ამ საკითხების განხილვა, როგორც, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ზეწოლა ზოგადად მედიაზე და ჟურნალისტებზე“, - ამბობს ის. 

გოგა ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობდა.

მისი ადვოკატების განცხადების საფუძველზე, ხაინდრავას მიმართ „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს „შაბათის ფორმულას“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე და ოპერატორი მიშო მარტაშვილი. საქმე ეხება 17 იანვრის იმ სიუჟეტს, სადაც წყაროს მონათხრობით, ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“, მიმდინარე გამოძიებაზე განგაშის სიგნალი ჩართო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით კი, საქართველოს პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს სიუჟეტის საზოგადოებრივი ინტერესი, შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება „ფორმულას“ წინააღმდეგ და პატივი სცეს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას. 



 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
როდის იქნება „ომი“ ?

 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა დოკუმენტური ფილმი - „ჩემი არასასურველი მეგობრები - ნაწილი I, უკანასკნელი ჰაერი მოსკოვში”, რომლის ავტორიც ამერიკაში მცხოვრები რუსი დოკუმენტალისტი იულია ლოკტევაა. ის მოსკოვში 2021 წელს ჩავიდა, მისი მეგობრების, ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტების ყოველდღიური ცხოვრებისა და მუშაობის გადასაღებად, რაც იმ პერიოდში უკვე არამხოლოდ პროფესიული ვალდებულების შესრულება, არამედ ბრძოლა იყო. 2021 წელს რუსეთში უკვე ბევრი პოლიტპატიმარია, „დოჟდის“ ჟურნალისტები კი - „არასასურველი ორგანიზაციის“ წევრები და „უცხოური აგენტები“. 

5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაყურებელი ამ ჟურნალისტებს აკვირდება, მათ ცხოვრებას სახლში, ქუჩაში, აქციებზე, მანქანაში, შვილებთან, მეგობრებთან ერთად და ცხადია, სამსახურში. ამ ხნის განმავლობაში ის თითქოს ფილმის გმირებთან ერთად ცხოვრობს, ხუმრობს, იცინის, ტირის, ნერვიულობს…  და რაც მთავარია, ყველაზე ხშირად სვამს კითხვას: „ნეტავ როდის დადგება დრო, როდესაც მივხვდებით, რომ უნდა წავიდეთ?!“ მასზე პასუხი ჯერ არავის აქვს, რადგან, მიუხედავად არაერთი რეპრესიული კანონისა, ჯერ ისევ შეუძლიათ თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულება. ამიტომ ჯერ ისევ ცხოვრობენ, იბრძვიან, მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! 

უკანასკნელ პერიოდში ნანახი დოკუმენტური ფილმებიდან, რომელნიც ბელარუს ან რუს აქტივისტებს, უფლებადამცველებსა თუ ჟურნალისტებს ეხებათ, ყველაზე დამთრგუნველი იმაზე დაკვირვებაა, რამდენად ჰგავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს და არა მხოლოდ ფაქტები, არამედ შეგრძნებებიც, მოქმედებებიც, ასოციაციებიც, სიტყვებიც…უყურებ და ფიქრობ, რომ ეს ფილმი შენ შესახებ არის. 

ერთ-ერთ ეპიზოდში სონია გროისმანი ჰყვება, ღამის 4 საათზე სადარბაზოს კარზე დარეკილი ზარის შემდეგ როგორ დაიწყო ჩანთის ჩალაგება, შედარებით მოსახერხებელი საცვლები გაამზადა. მაისურები, შარვალი ჩანთაში ჩადო და ელოდა. სადარბაზოს კარს არ აღებდა, თუ პოლიციაა (და დარწმუნებული იყო, რომ მის დასაპატიმრებლად მივიდნენ), ისედაც შეაღწევდნენ. როდესაც გაარკვევს, რომ სინამდვილეში, შეცდომით მისული კურიერია, სიცილით ამბობს, რომ კარგი გაკვეთილი იყო, რადგან კომფორტული „ტრუსიკების“ ძებნა კი არ უნდა დაეწყო, არამედ კომპიუტერი უნდა გაესუფთავებინა და მომავლისთვის ეს აუცილებლად ეცოდინება. ამ ამბავს სიცილით ჰყვება და მეც მახსენდება ჩემი ჩალაგებული ჩანთა, კომფორტული საცვლებით, შარვლით, მაისურებით, რომელიც მთელი ზამთარი საძინებელში მედო და ვუყურებდი. 



სრულიად იდენტურია ასოციაციები, რომელიც ფილმის გმირებს ღამით სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებისას ჰქონდათ. მოვიდნენ! ასე იყო ჩვენი მშობლების თუ წინაპრების დროს, როდესაც მაშინდელი НКВД, „ჩეკისტები“ აუცილებლად ღამით აკითხავდნენ სახლებში, იწყებდნენ ჩხრეკას და გადაჰყავდათ იზოლატორებში, როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუშები ან სამშობლოს მოღალატეები. 

ჩვენი სოლიდარობა რომ გულს გვიჩუყებს, იქაც ასე იყო. დაკავებული ჟურნალისტის მოლოდინში გარეთ, მოსკოვის ზამთარში მომლოდინე მეგობრებს ერთი საკუთარ სახლს სთავაზობს გასათბობად, მეორე - მანქანას, მესამეს საჭმელი მიაქვს… და ეს სრულიად უცხო ადამიანები არიან, რომელთაც საერთო იდეა და მიზანი აქვთ. 

ასეთ დროს ხედავ, რომ არა მხოლოდ დიქტატურის ბუნებაა იდენტური, არამედ მასთან მებრძოლი ადამიანებისაც

დავუბრუნდეთ ფილმს და მის გმირებს. 

დასაწყისში ავტორი გვაფრთხილებს, რომ „სამყარო, რომელსაც ვნახავთ, აღარ არსებობს“. ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში აღარ არიან ფილმის მოქმედი გმირები. ის ცხოვრება, რომელიც არსებობდა, გაქრა. 

„მე რატომ უნდა წავიდე? მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისინი წავიდნენ!“ - ფილმის გმირებიც ზუსტად ისე ამბობენ, როგორც ჩვენ. მათთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომი გახდა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ორად ორი არჩევანი დარჩა: სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება ან გაქცევა. 

ამ ტექსტის სათაურია - „როდის იქნება ომი?“ და ომში აქ არა რუსეთის უკრაინზე თავდასხმა იგულისხმება, არამედ ის მომენტი, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უკვე არა შეზღუდვებითა თუ რეპრესიული კანონებით, არამედ პირდაპირ წამოვა ჩვენს გასანადგურებლად და არანაირი ლავირების საშუალებას არ დაგვიტოვებს. 

რუსეთის მაგალითი ბევრს გვასწავლის.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე „დოჟდის“ ჟურნალისტებმა მოასწრეს მუშაობა, ცდილობდნენ სიტყვა „ომი“ არ წარმოეთქვათ, ღიად არ დაედანაშაულებინათ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შენს განადგურებას ისახავს მიზნად, მათი წესების მიღებასა და დამორჩილებას აზრი არ აქვს, რადგან ის მაინც გაგანადგურებს. 

დღეს ჩვენ რუსეთის „ომამდე“ მდგომარეობაში ვართ, აგენტებად შეგვრაცხეს, საერთაშორისო გრანტების მიღება აგვიკრძალეს, რაც მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი იყო, კითხვებზე პასუხს არ გვცემენ და ჩვენ სრულ მარგინალიზებას ცდილობენ, ტროტუარზე დგომისთვის გვაპატიმრებენ, სოციალურ ქსელში განწირული „ყვირილის“ გამო დაჭერით გვემუქრებიან. მიიღეს რუსული კანონი, ე.წ. FARA, შეიტანეს ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, ცვლილებები შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“... „ჩვენ სულ ვფიქრობდით, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?“ - ამბობს ერთ-ერთი ეპიზოდში ანა ნემცერი. ჩვენც ხომ სულ ამას ვიმეორებთ, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?! 

თუმცა, უარესი წინ არის, უარესი იმ სამყაროს გაქრობაა, რომლის შესახებაც ფილმის დასაწყისში გაგვაფრთხილა ავტორმა. საქართველოდანაც დაიწყო იმ ადამიანების გადინება, ვინც არა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, არამედ დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად მიდის ქვეყნიდან. ქართველი ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი მინიმალური ანაზღაურების ფასად მუშაობს იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგოს რეპრესიულ სისტემას და ამ ახალი ისტორიის დოკუმენტი შექმნას. დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობა ბრძოლაა, ისევე, როგორც ეს იყო „ჩემი არასასურველი მეგობრების“ გმირებისთვის. 

„მე რუსი ვარ და ნაწილობრივ პასუხისმგებლად ვგრძნობ თავს ყველაფერზე, რაც ჩემს ქვეყანას დაემართა. არც ერთმა ჩვენგანმა საკმარისი არ გააკეთა“, - ამბობს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო ფილმში. 

დღეს ჩვენც არ გვაქვს პასუხი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ უარესი არ იყოს?! ერთადერთი პასუხია დაუმორჩილებლობა, ამ რეპრესიული კანონებისა და რეგულაციების დაუმორჩილებლობა: ჩვენ არ დავრეგისტრირდით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, სატელევიზიო მედიის ჟურნალისტები თვეებია ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, არავინ შეარბილა ტონი, ყველა ეძებს გამოსავალს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და არ გაჩერდეს.

დღეს დაუმორჩილებლობაა წინააღმდეგობის ერთადერთი ფორმა, იმისათვის რომ ხვალ არ იყოს „ომი“, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ყველა თავისუფალ ხმას განდევნის და გაანადგურებს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
საქართველო ლამაზო


დაახლოებით ერთი თვის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა დამწყები კინორეჟისორის, სანდრო ტოგონიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ბელგიური ბოძები“. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელსაც ერთ-ერთ რეგიონში წასვლას და იქაურ აღმშენებლობასა და წინსვლაზე სიუჟეტის მომზადებას სთხოვენ. არ წასვლა სამსახურის დაკარგვის მიზეზი იქნება, წასვლა კი - საკუთარი პრინციპების ღალატი. ეს მოკლემეტრაჟიანი კინონაწარმოები იმ ტყუილსა და გამოგონილ რეალობაზეა, რომლის ნამდვილობაში ჩვენს დარწმუნებას პროპაგანდა უკვე დიდი ხანია ცდილობს. რეჟისორი იმ მახინჯ სისტემაზე მოგვითხრობს, რომელიც ამ მანკიერ ჯაჭვში ყველას ითრევს და საკუთარ ნაწილად აქცევს. უნდა იცრუო იმისათვის, რომ დირექტორმა ვალი მოიხადოს მთავრობასთან, გამგებელმა დამალოს მოპარული ფული, ჟურნალისტმა არ დაკარგოს სამსახური და მაყურებელმა დაიჯეროს, რომ ქვეყანა შენდება. სანდრო ტოგონიძის ნამუშევარი ზუსტად ასახავს იმ ტყუილის ნამდვილობას, რომელსაც გვაჩვენებს, რადგან ყველაზე მეტს იქ იტყუებიან, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. 

ყველაზე მეტად საქართველოს რეგიონებში უჭირთ, ამიტომაც პროპაგანდისტულ არხებზე რეგიონში მაცხოვრებელთა ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის და ყველაზე მეტად სწორედ, მათი ყოფის ფალსიფიკაცია ხდება. 

რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადიოდა ნოდარ ჩაჩანიძის გადაცემა - „რეგიონის ხმა“. ნოდარი რეგიონებში დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდა, მისი გადაცემა ყველაზე ზუსტად ასახავდა საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონში მაცხოვრებლების ხმა მართლაც ისმოდა ამ დაბალბიუჯეტიან გადაცემაში, რომელსაც არც ხმაურიანი ქუდი ჰქონდა, არც მაღალტექნოლოგიური გაფორმებები და არც მრავალრაკურსიანი კადრები. მიუხედავად ამისა, „რეგიონის ხმას“ არხზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ რეგიონშიც და ქალაქშიც მაყურებელი ეთერიდან საკუთარ ხმას, ანუ მის პრობლემებსა და მათზე მსჯელობას ელის. თავიანთ პრობლემებზე ყველაზე კარგად თავად საუბრობენ, უბრალოდ მათ ამის საშუალებას არავინ აძლევს. პირველ რიგში, მათ პრობლემებზე საუბარი, ცხადია, მათივე დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება.

„პირველ არხზე“, ყოველ კვირას, 21:00 საათზე, უკვე დიდი ხანია გადის გადაცემა - „მოამბე რეგიონები“, რომელიც ამბობს, რომ „ტელემაყურებელს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (სწორედ ასე წერია გადაცემის ანოტაციაში). სინამდვილეში კი, ის ყოველკვირეულად გვიყვება, რა ლამაზია ცხოვრება სოფლად. ვისაც საბჭოთა საქართველოში გვიცხოვრია და მაშინდელი „პირველი არხის“ დიქტორები და მათი ინტონაცია გვახსოვს, ყველაზე მეტად გვიჭირს „პირველი არხის“ დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებების ყურება, ეს ინტონაცია კი ყველაზე მძაფრად სწორედ ამ გადაცემაში - „მოამბე რეგიონები“ ისმის. 

საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ ერთი თვე, მაგალითად, მარტი და გადავხედოთ მის გამოშვებებს. გადაავლეთ თვალი მხოლოდ სათაურებს და მხოლოდ მათი მეშვეობითაც კი მიხვდებით - რომ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყერი, უკანასკნელი თვის გამოშვებების საერთო სურათი ლამაზი, მშვიდი, წყნარი და ბედნიერი იქნებოდა. პრობლემა, პრაქტიკულად, არსად იარსებებდა. 




და რას გვიამბობს 15 მარტის „მოამბე რეგიონები“ და მისი წამყვანი სოფელ კურსებში ჩამოწოლილ მეწყერსა და მის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე: „სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბი დაზარალებულების საჭიროებებს სწავლობს, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროებში გადაანაწილა, უკვე მეორე დღეა მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ, მცირეწლოვნებთან მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგიც“. ერთი სიტყვით, ჩამოწოლილი მეწყერის გამო კადრში ნაპრალებად ქცეული მიწის შეწებება და დანგრეული სახლების გამთლიანება ვერ შეძლეს, თორემ ისე მაქსიმალურად გაგვილამაზეს რეალობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ სტიქიაც კი ვერ იქცევა უბედურებად, თუკი ქვეყანას ძლიერი და ხალხზე მზრუნველი მთავრობა ჰყავს. (სხვაობის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ მედია გამოცემების „მაუწყებელის“ და „მთის ამბების” მიერ მომზადებული მასალები.)

3 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, „მოამბე რეგიონები“ ისევ უბრუნდება სოფელ კურსებს და გვამცნობს, რომ „80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება“. მაგრამ არ ცდილობს გაარკვიოს, რა ელით ამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს? თუკი მათ ეკომიგრანტების სტატუსს მიანიჭებენ, რამდენს მიიღებენ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან (30 000-დან 50 000 ლარამდეა გათვალისიწინებული ) და რას შეძლებენ ამ თანხით? მაგრამ გადაცემის მიზანი არ არის დაზარალებული ადამიანების მომავალთან დაკავშირებით დასვას კითხვები, მათი მიზანია მაყურებელს აუწყონ, რომ „უსახლკაროდ დარჩენილები პირველ ეტაზე სასტუმროებში დააბინავეს, მათი დიდი ნაწილი ახლა ქირით ცხოვრობს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს“.  

როგორც ზემოთ გითხარით, სტიქია რომ არა, „მოამბე რეგიონების“ მთავარი თემები უფრო სასიამოვნო საკითხებს ეხება: „გემო ფესტი მესტიაში“, „ფრირაიდის კვირეული საქართველოში“, „ლამპრობა მულახში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში“, „ისტორიული აღმოჩენა რუსთავში“, „ზუგდიდის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები“, „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“ და ა.შ. ხშირად ამა თუ იმ საკითხის გასაშლელად სტუდიაში სპეციალური სტუმარიც მოდის და წარმატებული პროექტების შესახებ აი, ამ სტილში გვიამბობს. (გთხოვთ, იხილოთ ვიდეო).

29 მარტის გამოშვებაში ვნახეთ ვრცელი სიუჟეტი სახელწოდებით „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“, შემდეგ გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართელობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რომელმაც ამ სიუჟეტში მიმოხილულ წარმატებულ პროექტებზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა. 

„მოამბე რეგიონების“ შემოქმედებით ჯგუფს არ აინტერესებს და ამიტომ მასალასაც არ ამზადებს ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში ჩამონგრეული და ჩამოშლილი სასაფლაოების შესახებ, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვა. არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით ინტერესდება, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მის სოფლებს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ თემებზე ისევ მედია პლატფორმები „მაუწყებელი“ და „მთის ამბები“ მუშაობენ. 

კიდევ ერთი მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ „მოამბე რეგიონების“ შემოქმედებითი ჯგუფისთვის მტკივნეული პროექტებიც კი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში არსებული რამდენიმე ათეული სავაჭრო ჯიხურის, რესტორნის, კაფე-ბარის, კლუბისა თუ მაღაზიის დემონტაჟი რომ მოხდა, პირველად, 1 მარტს, ეს ამბავი ამგვარად გაშუქდა: „ზღვისპირა პარკში უნებართვოდ აშენებული და ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულების პირობებში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. უსახური შენობების დიდი ნაწილი უკვე აღებულია“. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც აზრს მხოლოდ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, ბულვარის დირექტორსა და პარტია „გირჩის“ ბათუმელ წევრს ეკითხება, თამამად აცხადებს, რომ ამ პროცესით უკმაყოფილო არავინაა.

ცოტა ხანში ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ ჩნდება არერთი პუბლიკაცია, რომელიც გვაჩვენებს, სინამდვილეში, რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები: ამისათვის მხოლოდ სათაურების წაკითხვაც კი საკმარისია. 


როგორც ჩანს, ამ უკამყოფილების ხმებმა „მოამბე რეგიონების” შემქმნელებამდეც მიაღწია, ამიტომ 5 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, გადაწყვიტეს ამ საკითხს დაუბრუნდნენ და ის კითხვები, რომელიც მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა, ბათუმის მერს დაუსვან. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პატივცემულმა გიორგი ცინცაძემ ყველა ეს ეჭვი, თითქოს რაიმე არასამართლიანად ხდება, გააქარწყლოს. 

თქვენ იკითხავთ და არ დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გადიოდეს გადაცემა - „მოამბე რეგიონები“ და იქ, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, არ მზადდებოდეს სიუჟეტი, სადაც რომელიმე რეგიონში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. მით უმეტეს, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს, ჯერ კიდევ არაერთი სოფელია გაზიფიცირების გარეშე, ბევრგან არ არის წყალი, მაღალმთიან სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. მათ შორის ამ რეგიონების მაცხოვრებლების მიერ დაფინანსებული „პირველი არხი“ კი  ხან „წრიული რბოლის ჩემპიონატის“ შესახებ გვიამბობს, ხან კი - გუდაურში აპრილის ხარისხიან თოვლზე.( იხილეთ ფოტო.)


უკანასკნელი თვე-ნახევრის სიუჟეტებს თუ გადაავლებთ თვალს, მხოლოდ ერთი იმედის მომცემი სათაურია: „ცხოვრება მაღალმთიან სოფელში“, რომელიც ეთერში 29 მარტს გავიდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების ამბავს მოგვითხრობს. სიუჟეტის დასაწყისში გვატყობინებენ, რომ ამ რეგიონის მაღალმთიან სოფლებში „გაზიფიცირება ვერ მოხერხდა“. სიუჟეტის ავტორის, ჟანა დიდებაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ აშკარად ჩანს მცდელობა, მიგვანიშნოს რომ გაზიფიცირების დაპირება არსებობდა, თუმცა სამწუხაროდ, სიუჟეტი ისე სრულდება, რომ არავის სთხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ „ვერ მოხერხდა“

მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ საბჭოთა წარსულშიც კეთდებოდა ასეთი „კრიტიკული“ სიუჟეტები, იმისთვის რომ ვინმეს ეჭვი არ შეჰპარვოდა ქვეყნის აღმშენებლობასა და საკუთარ კეთილდღეობაში. გთხოვთ, იხილოთ 1987 წელს მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ზესტაფონის რაიონის, სოფელ შროშაში გახსნილი გრანიტის საამქროს ხმაურით შეწუხებულ მოსახლეობაზეა და ამ სიტყვებით სრულდება: „აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარემ, არჩილ ჭანკვეტაძემ აღნიშნა, რომ საწარმოს გადატანა და ძირეული ტექნიკური გადაიარაღება მომავალი წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი. დიახ, მხოლოდ ნავარაუდევი. ვარაუდი კი მოგეხსენებათ გარანტიას სულაც არ ნიშნავს. მის იმედზე ყოფნა საწარმოს კოლექტივსაც გაუჭირდება და მობინადრეებსაც“. ამგვარ ტექსტს დღევანდელი „მოამბის“ წამყვანისა თუ ჟურნალისტისგან ვერ მოისმენთ. 






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?

„თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” - უზენაესი ძალის ამ დოქტრინალურ ფორმულირებას კაცობრიობის ნაწილი, მტკიცებულებებისა და ორ წყაროსთან გადამოწმების გარეშე, უპირობოდ და უსიტყვოდ, მინიმუმ ორი ათასი წელია ენდობა. 

ენდობა, აღიარებს და ადასტურებს, რომ სიტყვაა ღმერთი. 

თუმცა საუკუნეებგამოვლილი და ეჭვგარეშე აღიარების საპირისპიროდ, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ, ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში სდევნიან, სცემენ, უკანონოდ აპატიმრებენ და კლავენ სიტყვების გავრცელებისთვის, შეკითხვისთვის, ვარაუდის გამოთქმისთვის. ჟურნალისტობა დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე

სამართლიანი იქნება დაზუსტება, რომ ჟურნალისტიკა არ არის მუდმივად საშიში. საგანგაშოა ობიექტური გაშუქება ისეთი საკითხების, როგორიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა, ომი ან კორუფცია. ასეთ დროს ხდება დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია მსოფლიოში. რამდენადაც მაღალია მედიის გაჩუმების მცდელობა, იმდენად ჩანს, „ჟურნალისტები თხრიან იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები”. სხვა დანარჩენისთვის, არსებობს „სამთავრობო (და პროპაგანდისტული) მედია“.

გამონაკლისი არც საქართველოა.  

დღეს 2026 წლის 21 მარტია - ქართული ჟურნალისტიკის დღე. ყველაზე მძიმე და საშიში დრო გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის. უფრო ზუსტად, მძიმე დროა დამოუკიდებელი მედიისთვის და საშიში - ადამიანებისთვის. 

გაქვს პასუხები:

  • რატომ შეუჩერეს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიას?
  • რატომ სჯის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია?
  • რა დაემართა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას?
  • რატომ არის ციხეში მზია ამაღლობელი?
  • ვინ იმეტებდა სასიკვდილოდ გურამ როგავას?
  • რატომ სცემენ ხოლმე არჩევნების ან აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს?
  • რატომ ქრებიან ეკრანებიდან წამყვანები?
  • წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე?
  • უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?
  • შეგიძლია ცოდნის გარეშე მიხვიდე თავისუფლებამდე? 
  • როდის გრძნობ თავს დაცულად?
  • რას მოაქვს შენი თავისუფლება? 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ