"რიჟას" [გიორგი კაპანაძე] ცილისწამების დავა 4 ტელევიზიისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ
27.06.2024


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის - "გიორგი კაპანაძე (რიჟა) 4 მედიასაშუალებისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ“ წარმოება დაიწყო. მოსამზადებელი სხდომა გუშინ, 27 ივნისს გაიმართა და კონკრეტული თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო. Მოსარჩელე მხარე, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე  სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა მიზეზად მისი ახლო ნათესავის გარდაცვალება დაასახელა. "მედიაჩეკერი" კაპანაძის ადვოკატს, გიორგი ყავლაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა, მან დროის უქონლობის გამო კომენტარზე უარი თქვა.

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, „რადიო თავისუფლებისა“ და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის/ცნობების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უარყოფას ითხოვს.

„რადიო თავისუფლებისა“ და გიორგი მგელაძის ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის თქმით, კაპანაძის სარჩელი 2020 წლის მასალას ეხება და აქედან გამომდინარე, მას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს. 

ჟურნალისტ გიორგი მგელაძის განმარტებით, მასში ორ ბიზნეს ჯგუფს შორის დავაა აღწერილი. ერთი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ძმის შვილიშვილი, მამუკა შევარდნაძე, მეორე კი "დეზერტირების ბაზრის" მფლობელი ჯგუფია.

"დეზერტირების ბაზრის" დაზარალებულები მოვიდნენ ჩემთან და თქვეს, რომ მათი მოწინააღმდეგე მხარის, შევარდნაძის უკან გავლენიანი ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე იდგა, რომელსაც ქართული საზოგადოება იცნობს, როგორც „რიჟას“ და ის ეხმარებოდა მათ წინააღმდეგ დავაში.

დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ვიძიებდი ამ თემას. Მოვკრიბე ყველა მტკიცებულება, რაც მათ მონათხობს ადასტურებდა, ან აბათილებდა. Რაც საჭიროდ ჩავთვალე, რომ იყო მეტ-ნაკლებად გადამოწმებადი, დამტკიცებადი, მრავალ წყაროზე დაყრდნობით ჩემს ჟურნალისტურ პროდუქტში მოხვდა.

გამოქვეყნებამდე რამდენიმე მცდელობა მქონდა, რომ დავკავშირებოდი თავად ადრესატს (კაპანაძეს). Მისი დეიდა არის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, თამარ ფხაკაძე, რომელიც დღეს "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მმართველია. თამარ ფხაკაძესთან მქონდა ორი საუბარი და ორივე საუბრის აუდიო ჩანაწერი წარვუდგინე სასამართლოს, როგორც მტკიცებულება. საბედნიეროდ, ამ დრომდე მქონდა შენახული ყველა მტკიცებულება, სადაც მას ვთხოვდი, რომ ბატონ გიორგი კაპანაძეს მოეცა ინტერვიუ და კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

მე მოვამზადე მასალა, ავსახე ინტერვიუები, მტკიცებულებები, დოკუმენტები და, რა თქმა უნდა, სტატიის თავშივე აღვნიშნე, რომ ამ ყველაფერთან კავშირს გიორგი კაპანაძე უარყოფს. 

ჩვენ, ჟურნალისტებმა ვიცით, რომ თვითრეგულირების სიმძიმე უფრო მეტია ჩვენთვის, ვიდრე კანონი. Მე თუ მკითხავ, კანონი ბევრად მსუბუქია, ვიდრე ეთიკური პრინციპები და ვთვლი, რომ ეს სტატია მომზადებული იყო ეთიკური პრინციპების დაცვით და ყველა შესაძლო ხერხის გამოყენება ვცადე, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიმეტანა აუდიტორიამდე", - ამბობს ჟურნალისტი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

გიორგი მგელაძის შეფასებით, ეს არის მედიის წინააღმდეგ ერთგვარი კამპანიის ნაწილი.

"თვითონ სარჩელი იმდენად სუსტია, იმდენად ქაოტურად შერჩეული მოპასუხეებია, იმდენად ხანდაზმული საქმეებია, ჩვენი შემთხვევა განსაკუთრებით, რომ ვერ ვხედავ სხვა მიზანს გარდა იმისა, რომ ე.წ. SLAPP-ის ეფექტი ჰქონდეს. სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, სამართლებრივად მოგების არანაირი შანსი არ აქვთ. მგონია, რომ გავლენიანი ადამიანები მსგავსი სარჩელებით მსუსხავი ეფექტის მოხდენას ცდილობენ ხოლმე".

„ტვ პირველის" იურისტის, ვასილ ჟიჟიაშვილის განცხადებით, წარდგენილი სარჩელით, სადავო არა ტელეკომპანიის, არამედ რესპოდენტის განცხადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზია სათანადო მოპასუხე საერთოდ არ არის.

„საქმე ეხება ტელეკომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ კონკრეტულ სტატიას და მითითებულია ამ სადავო განცხადებაში, რომ ეს სიტყვები კონკრეტულ რესპოდენტს, ბესო დონაძეს ეკუთვნის, რომელიც კორუფციის მკვლევარია.

აქედან გამომდინარე, ამ საქმესთან „ტვ პირველს“ არანაირი შემხებლობა არ აქვს. დავამატებდი იმასაც, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ცილისწამების დავებზე  მისი შეტანის ვადა 100 დღეა. ამ შემთხვევაში სარჩელი 3 წლის შემდეგ არის შეტანილი, ამიტომ მას პრობლემა ამ ნაწილშიც აქვს“, - განმარტავს ჟიჟიაშვილი. 

ტელეკომპანია "მთავარი არხისა“ და გიორგი გაბუნიას იურისტის, ლიკა მეტრეველის თქმით, დავა მათ შემთხვევაშიც ცილისწამებაზეა და ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო ის ვერ აღსრულდება.

„რეალურად, აღსრულების ნაწილი ვერ დადგება, ვინაიდან ამაზე პრაქტიკა გვაქვს და ვიცით, რომ  ხანდაზმულობის ვადა 100 დღიანია. მივყვებით დინებას, როგორ და რანაირად ცდილობს სასამართლოს მეშვეობით, ცენზურის დაწესებასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ბატონი გიორგი კაპანაძე.

2021-2022 წლების სიუჟეტებია. აქამდე მას არ მომუმართავს, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. თვითრეგულირების ორგანო არსებობს მაუწყებელში, კანონით განსაზღვრული და გათვალისწინებული, რომელიც საკმაოდ აქტიურია ჩვენს შემთხვევაში. განვიხილავთ, სხდომებს ვატარებთ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც გვაქვს. ანუ, ამ კუთხითაც შეეძლო,  თუ სასამართლო არ სურდა იმ ეტაპზე და ეს საქმე თვითრეგულირებაში განიხილებოდა", - განმარტავს "მედიაჩეკერთან" საუბრისას ლიკა მეტრეველი. 

ტელეკომპანია "ფორმულას" იურისტის, გვანცა ხარშილაძე განცხადებით, ასეთი დავები მათთვის უცხო არ არის და ბოლო პერიოდში, ეს უკვე მედიასთან ბრძოლის მეთოდად იქცა. ხარშილაძის თქმით, 2020 და 2022 წლის სიუჟეტებზე ხანდაზმულობის ვადები გასულია, თუმცა,  სხვა მედიებისგან განსხვავებთ Ერთ-ერთი  სიუჟეტი 2023 წლის ოქტომბრისაა. 

"ჩვენ ამ ნაწილში არსებითად დავა მოგვიწევს და უკვე შინაარსობრივ ნაწილზე უნდა გადავიდეთ, იყო თუ არა ეს ცილისწამება. ცილისწამებად კვალიფიკაციისთვის კანონით დადგენილი არცერთი კრიტერიუმი სახეზე არ არის. Უშუალოდ ამ პირის მიმართ უნდა იყოს გავრცელებული ინფორმაცია. 1 ქუთი და რამდენიმე წამი გრძელდება სიუჟეტი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. Მასში ეს ადამიანი მოხსენიებული მხოლოდ ერთხელაა და ისიც ზოგად კონტექსტში. Საკითხი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხებოდა.

მეეორე კრიტერიუმით, ინფორმაცია არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი უნდა იყოს და ესეც არაა სახეზე და არც ზიანის მიმყენებელი არაა მისთვის. 

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი. Ესაა, როდესაც საჯარო პირის მიმართ ხდება ინფორმაციის გავრცელება და თმენის ვალდებულება ამ შემთხვევაში უფრო მაღალია. Მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კაპანაძე, კლასიკური გაგებით, კანონმდებლობის ჩანაწერით, საჯარო პირი არაა, მის მიმართ მაინც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მნიშვნელოვანი ფიგურაა საზოგადოებაში და ხშირად ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი სახელის მოხსენიება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ კერძო პირთან მიმართებით, მისი თმენის ვალდებულება უფრო მაღლია", - ამბობს "მედიაჩეკერთან" საუბრისას ადვოკატი.


"გიორგი კაპანაძე 4 მედიასაშუალებისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ" - ერთ-ერთი ის საქმეა, რომელსაც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" SLAPP დავად მიიჩნევს. ორგანიზაციის იურისტის, ეკატერინე სუბელიანის შეფასებით, კრიტიკული მედიების წინააღმდეგ სარჩელი გავლენიანი პირის, ბიზნესმენის მიერ არის შეტანილი.

"როდესაც მოსარჩელეს ცალსახად ხანდაზმული სარჩელი შემოაქვს, არც უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი მოთხოვნა აღსრულდება. Ასეთ დროს სხვა მიზანი, გარდა იმისა, რომ რესურსი გახარჯოს მედიების, ჟურნალისტების, დაღალოს და შემდეგ ჩაახშოს მათი კრიტიკული აზრი, არ შეიძლება არსებობდეს.

გარდა ამისა, Საყურადღებოა, რა დროს შემოაქვს სარჩელი მხარეს. Განცხადებების უმეტესობიდან გასულია 3 წელი. როდესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს ერთი მეორეზე მიყოლებით შემოაქვთ სარჩელები, მასაც მაშინ ახსენდება, რომ 3 წლის წინანდელი მასალები გაასაჩივროს და სადავო გახადოს. 

მიგვაჩნია, რომ ამ კამპანიის ნაწილია Მედიები დაღალო, ატარო სასამართლოებში და საბოლოოდ, გაუქრო სურვილი, რომ რაიმე კრიტიკული თქვას. Სწორედ, ამ მიზეზების გამო, ესეც ერთ-ერთი იმ საქმეთაგანია, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ არის მიმართული", - განმარტავს სუბელიანი.

"დემოკრატიული ინიციატივის" 2023 წლის ანგარიშის - "SLAPP საქმეები საქართველოში, ახალი საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის" მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი მედიებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. 

დღევანდელი მონაცემებით SLAPP სასამართლო დავების რაოდენობამ 42-ს მიაღწია.

რას ნიშნავს SLAPP სასამართლო დავა მედიის წინააღმდეგ -  ნახეთ "მედიაჩეკერის" სტატია არქივიდან


 

 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
ჟურნალისტების შევიწროების მასშტაბისა და გავლენის კვლევა


ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და შევიწროების შესახებ "მედიის ადვოკატირების კოალიციამ" USAID-ის მედია პროგრამის მხარდაჭერით კვლევა მოამზადა, რომლის მიზანიც 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში მედიის წარმომადგენლების შევიწროების მასშტაბისა და გავლენის აღრიცხვა იყო.

მიმდინარე წლის ამ პერიოდში მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ოფიციალური სახელმწოდებით - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხელმეორედ დააინიციირა, რასაც ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე ძალის გამოყენებით დაშალეს. პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ ჟურნალისტებსაც. 

კანონის საწინააღმდეგო აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებიც გაუკრეს. წარწერების გამოჩენამდე კი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა დაიწყო. ზარზე პასუხისას კი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებოდნენ. ჟურნალისტმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მუქარისა და სისტემური დევნის გამო შესაბამის უწყებებსაც მიმართეს. 

ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და შევიწროების შესახებ გამოკითხვაში მონაწილეობა 43 მედიის 91-მა თანამშრომელმა მიიღო, საიდანაც 21 რეგიონულ მედიას წარმოადგენდა, 22 კი - ნაციონალურს. კვლევის კითხვარი რამდენიმე შინაარსობრივ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი უცხო ნომრებიდან მიღებულ ზარებს ეხებოდა. როგორც კვლევის შედეგებიდან ვლინდება, რესპონდენტების 24%-მა მიიღო და უცხო ნომრებიდან შესულ ზარებს უპასუხა კიდეც, 40%-მა კი ზარი უპასუხოდ დატოვა. 

"მიღებული ზარებიდან 57% მოიცავდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 43% - ეპიტეთებს: “აგენტი” და “მოღალატე”, 35% - ძალადობის მუქარას, 13% - ჰომოფობიური შინაარსის შეურაცხყოფას. იმ რესპონდენტების 90%, ვინც ზარი მიიღო, აცხადებს, რომ მათთან 10-მდე ზარი შევიდა".

კვლევაში მონაწილე პირების 13%-ის თქმით, 1 აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, 14%-ის შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები აქციაზე გამოვლინდა, 9%-მა პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება დაასახელა, 6%-მა კი სახლთან დახვედრისა და მანქანით ან პირის მიერ ადევნების ფაქტი აღნიშნა.

"ასევე, ამ პერიოდში, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ავტომობილის "ჩხრეკას", აქციაზე დაკავებას, პირადი ტელეფონის ჩამორთმევას, სოციალურ ქსელებში ტროლების მიერ გინებას და ლანძღვას, გენდერული ნიშნით დაცინვა-დისკრიმინაციას, კიბერბულინგს, სექსუალური ორიენტაციით დარცხვენის მცდელობას, წერილობით მუქარას ანგარიშსწორებაზე, “ფეისბუკზე” მათი ფოტოების განთავსებას და დამცინავი და დამამცირებელი პოსტების გამოქვეყნებას მათი მისამართით".

აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ ვინც განაცხადა, იმ რესპონდენტების მხოლოდ 17% ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მათი განცხადება ძალადობის შესახებ სერიოზულად მიიღეს. 

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის ძალადობის შესახებ მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ რესპონდენტების 65%-ში გაბრაზება გამოიწვია, 38%-მა კი პირადი უსაფრთხოების ზომები მიიღო.

"ფიზიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჟურნალისტებმა, ბოლო პერიოდში, გადადგეს შემდეგი ნაბიჯები: 47% სახლიდან გასვლისას ყურადღებით ათვალიერებს გარემოს, 43% საპროტესტო აქციებზე დამცავ აღჭურვილობას იყენებს, 26%-მა წიწაკის სპრეი შეიძინა, 19%-მა სახლის/ოფისის საკეტები გააუმჯობესა, 13%-მა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ერთმანეთის ადგილსამყოფელის გადამოწმების წესები, 8% საჯარო სივრცეში მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მასთან ერთად სხვა ადამიანიც არის".

კითხვარის შინაარსობრივი ნაწილის ანალიზის შედეგად რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის ისიც, რომ მედიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სამართალდამცავები ხელს უშლიან. ასევე, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად არის გაუარესებული ჟურნალისტების დაცულობის საკითხი და ფიზიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაცაა. 

კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციებიც:

  • საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამართალდარღვევების, მიზანმიმართული სატელეფონო შევიწროების და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიება, ასევე მიიღოს ზომები ორგანიზატორებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ.
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აიღონ ვალდებულება, დაიცვან მედიის უფლებები, რათა მათ შეეძლოთ შეზღუდვისა და მათზე ძალადობის გარეშე მუშაობა, მათ შორის საპროტესტო აქციებზე და მომავალ არჩევნებზე.
  • საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს ქართული მედიასაზოგადოების მხარდაჭერა და შესაბამისი დახმარება გაუწიოს.
  • დონორებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებმა, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა, პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ მედიის მუშაკების ფიზიკურ, ციფრულ და ფსიქო-სოციალურ უსაფრთხოებას. 

რა უნდა გავითვალისწინოთ თუკი სამოქალაქო არეულობებისა და დემონსტრაციების გაშუქება მოგვიწევს


რა უნდა გავითვალისწინოთ თუკი სამოქალაქო არეულობებისა და დემონსტრაციების გაშუქება მოგვიწევს - „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ჟურნალისტებს ქართულ ენაზე უსაფრთხოების სახელმძღვანელოს იმ ნაწილს სთავაზობს, რომელშიც რჩევებია მოცემული, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, როგორ მოემზადოს ჟურნალისტი და იმუშაოს პროტესტის განმავლობაში. 

ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების სახელმძღვანელო ავტორი დევიდ ბივენია, ორგანიზაციიდან Cadre Consultants. სახელმძღვანელო კი  „ევროპის ჟურნალისტთა ევროპულმა ფედერაციამ“ (The European Federation of Journalists) გამოაქვეყნა. 

სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://europeanjournalists.org/safety4journalists/ebook/ 

დაშავებულ ჟურნალისტებს/მოქალაქეებს მიყენებული ზიანის დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმის შევსება შეუძლიათ


„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს“ (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტთა ჯგუფის, ბერკლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ომეგას კვლევითი ფონდის ერთობლივი თანამშრომლობით, მიმდინარე წელს პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამეტებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინებისთვის ფორმა შეიქმნა.

აღნიშნული ფორმა დაზარალებულს გამოცდილებისა და ფიზიკური ზიანის ნებისმიერი მტკიცებულების დოკუმენტირებაში, ასახვასა და იმ აღჭურვილობების აღწერაში დაეხმარება, რომლებიც სამხედრო, თავდაცვისა და პოლიციის დანაყოფებმა მისთვის ზიანის მიყენების დროს გამოიყენეს.

IRCT-ის კომუნიკაციების საბჭოს წევრი 2024 წლის აპრილში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, თიკო ცომაია გახდა. ის „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან“ ერთად ცდილობს საქართველოში დაზარალებული ადამიანების (მათ შორის ჟურნალისტების) ბაზა  შექმნას, რათა მომავალში მათთვის მიყენებული ზიანი სწორად იდენტიფიცირდეს და დახმარების გაწევა გამარტივდეს.

ცომაიას თქმით, ევროკავშირმა მიიღო ჟურნალისტების დაცვის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაცვას მათი წყაროების გამჟღავნებისა და მათ წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამების გამოყენებისგან. 

„აქ გაერთიანდა ბევრი ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტების დაცვის ინსტრუმენტებზე მუშაობს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოხდეს იმ ჟურნალისტების იდენტიფიცირება, ვინც წამების მსხვერპლი გამხდარა და მათი სახელის საერთო ბაზაში განთავსება. ამის შემდეგ ხდება, საჭიროების შესაბამისად, მათი სხვადასხვა ფორმით დახმარება, იქნება ეს ფულადი კომპენსაცია თუ სხვა“. 

როგორც IRCT-ის კომუნიკაციების საბჭოს წევრი აღნიშნავს, რაც მეტ ჟურნალისტს ექნება ინფორმაცია „პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამატებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმის“ შესახებ, ეს მათ დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დაცვას გაუადვილებს.

„ყველა ჟურნალისტმა, ვინც პროტესტის დროს დაზიანდება, უნდა იცოდეს, რომ არსებობს ამგვარი კითხვარი, რომლის შევსების შემდეგაც მოხდება: 1. დაზიანების კვალიფიკაცია და 2. კონკრეტული დახმარების მიღება. როდესაც იქნება მტკიცებულებები, ჟურნალისტების დაცვის აქტი მისცემს მათ საშუალებას, რომ ყველა მათგანს დაეხმარონ მატერიალური, ფიზიკური სახით“.

„წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო საერთაშორისო საბჭო“ არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მუშაობს წამების პრევენციისთვის მთელ მსოფლიოში. დანიაში დაფუძნებული IRCT არის ქოლგა ორგანიზაცია 160-ზე მეტი დამოუკიდებელი წამების სარეაბილიტაციო ორგანიზაციისთვის 76 ქვეყანაში.

 
სასამართლომ „ფორმულა“ 5 000 ლარით ბოლო ერთ თვეში მეოთხედ დააჯარიმა


თბილისის საქალაქო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო ტელეკომპანია „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა და არხს  დადგენილების ჩაბარებისთანავე რეკლამის ამოღება დაავალა. „ფორმულა“ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანიისთვის შედგენილი სამართალდამრღვევის ოქმის საფუძველზე მიიღო. კომისიამ „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო „ფორმულა“ სამართალდამრღვევად 10 ოქტომბერს სცნო. 

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

11 ოქტომბერს კი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს რეკლამის განთავსების საშუალებს არ აძლევს, ვინც განათავსა კი, მათ დასჯის მიზნით, სამართალდამრღვევად ცნობს. მეზვრიშვილის თქმით, პარტია კომუნიკაციების კომისიას სასამართლოშიც უჩივის.

„ფორმულასთვის“ დღევანდელი 5 000-ლარიანი ჯარიმა მეოთხეა, რომელიც საქალაქო სასამართლომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიას დააკისრა. აქამდე კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სასამართლომ „ფორმულა“ 5 ათასი ლარით სამჯერ „ქართული ოცნების“ რეკლამების ეთერიდან ამოღებისა და განუთავსებლობის გამო დააჯარიმა



ვრცლად წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

 
ComCom-მა „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს  „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები შეუდგინა


კომუნიკაციების კომისიამ „რუსთვი 2“ და „ტელეიმედი“ „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ComCom-მა „იმედი“  სამართალდამრღვევად ცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვისაც.

ComCom-ის განცხადებით, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება  „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე  „რუსთავი 2“-თან  გაფორმებული ხელშეკრულებისა, მაუწყებელმა გაერთიანების მიერ მიწოდებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განათავსა.

კომუნიკაციების კომისიაში „ძლიერმა საქართველომ“ უჩივლა „იმედსაც“. კოალიციის საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია მათ ფასიან წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს არ ათავსებდა. 

როგორცComCom-ი წერს, „იმავე დღეს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ „ტელეიმედი“ უარს აცხადებდა ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე“.

კომისიის განმარტებით კი, „საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. 

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება“.

ComCom-ის განცხადებით, 9 ოქტომბერს „ტელეიმედმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი, მეთოდი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. მეორე დღეს, 10 ოქტომბერს, გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას კი, კვლავ არ მიუთითა გამოკითხვის თარიღი, მეთოდი და შესაძლო ცდომილების ფარგლები.

„საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები“.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდნენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. მეორე დღეს, 11 ოქტომბერს კი, მმართველი პარტიის რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა.

ამ თემაზე წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ სხვა მასალებიც: 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „აჭარა თაიმსის“ რედაქტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შეშფოთებას გამოთქვამს „აჭარა თაიმსის“ რედაქტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე კრიტიკული გაშუქების გამო მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. 

„11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის 14 კმ.-იანი მონაკვეთი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. საღამოს გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ არის - მძღოლებმა, რომელთაც სასიხარულო ახალი ამბავი მედიით შეიტყვეს, გზით სარგებლობა იმ საღამოსვე გადაწყვიტეს, თუმცა მათ ის ბეტონის ფილებით გადაკეტილი დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ. ეს ამბავი ონლაინ მედიასაშუალების, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა, სულხან მესხიძემ ლაივით გააშუქა, რის შემდეგაც მას უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა ტელეფონზე. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა კრიტიკული გაშუქების გამო. ის არც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო თვეებში იმავე მიზეზით მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება. 

„საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია, მიზანმიმართულად და სისტემურად ეწევა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის დისკრედიტაციას. მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. დამძიმებული ვითარების  მსუსხავი ეფექტი საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს“.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლმა, სულხან მესხიძემ სექტემბრის დასაწყისშიც ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ უცნობი პირი მის სახლში შეჭრას ცდილობდა. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის სახლში უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა 

უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის პატიმრობაში გარდაიცვალა

ფოტო: censor.net

უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთის პატიმრობაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა საკუთარ Telegram არხზე გაავრცელა.

„მაქვს რუსული მხარის ოფიციალური დოკუმენტური დადასტური უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ, რომელსაც რუსეთმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვიქტორიას ოჯახს და მეგობრებს,“ – აღნიშნულია ლუბინეცის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, ჟურნალისტი 2023 წლის აგვისტოში, აღმოსავლეთ უკრაინაში რეპორტაჟის გასაკეთებლად  ჩასვლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუჩინარდა.  2024 წლის მაისში კი, რუსეთმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტი დააკავეს და ის რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დმიტრო ლუბინეცის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც.

„ჟურნალისტების უკანონო დაკავება და გატაცება არის რუსეთის ფედერაციის იარაღი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ! რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ჟენევის კონვენცია და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიქტორია როშჩინას გარდაცვალებას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც გამოეხმაურა. CPJ-ის  ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის თქმით, ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.

„CPJ შოკირებულია რუსეთის მიერ მისი უკანონო პატიმრობის დროს ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, როშჩინა სხვადასხვა დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობდა.

 
TikTok-მა რუსული სახელმწიფო სააგენტო SPUTNIK-ის 37 ანგარიში დაბლოკა


ონლაინ პლატფორმა TikTok-მა რუსული სახელმწიფო სააგენტო SPUTNIK-ის 37 ანგარიში და RT International-ის პროფილი დაბლოკა.

ანგარიშები დაიბლოკა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ მედიაჯგუფ „როსია სევოდნიასა„ და მისი შვილობილი კომპანიების: „რია ნოვოსტის“, TV-Novosti-ის, RT-ს, Sputnik-ისა და  Ruptly-ს წინააღმდეგ სანქციების დააწესების ფონზე.

17 სექტემბერს კი, Facebook-ის, Instagram-ის, Threads-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა ამერიკულმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ საკუთარ პლატფორმაზე ისეთ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიებს ბლოკავს, როგორებიცაა:  RT და მედიაჰოლდინგი Rossiya Segodnya. 


იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები: 

 
აგენტების სიაში შეყვანის შემდეგ, რუსული გაზეთი Собеседник მუშაობას აჩერებს


რუსული გაზეთი Собеседник რამდენიმე თვით მუშაობას აჩერებს . საქმიანობის დროებით შეჩერების მიზეზი რუსეთის მთავრობის მიერ გაზეთის „უცხო ქვეყნის აგენტთა“ სიაში შეყვანაა.

გამოცემა „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში 13 სექტემბერს მოხვდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გაზეთი ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, ასევე, „არასანდო ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჯარის ნეგატიური იმიჯის შექმნას“. 

Собеседник-ი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ის ერთ-ერთი ბოლო გაზეთია, რომელიც კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებს და ოპოზიციონერებს აშუქებს.

 
„ღმერთო, განსხიპე ტოტები მავნე“ -  „ქართული ოცნების” საკომუნიკაციო ენა წინასაარჩევნოდ


ვიდეორგოლი, სარეკლამო ბილბორდი და ასევე, მუსიკალური კლიპიც ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. ამ კლიპებითა და რეკლამებით მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არც ადრე და არც ახლა არ ეცნობა პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, მთავარ მესიჯებს იღებს.  

რამდენიმე ხნის წინ ერთი ძველი ქართული სიმღერის ძებნისას, ჯემალ სეფიაშვილის ჰიმნად ქცეული სიმღერა “გიხაროდენ” ამომიგდო. ეს ვიდეორგოლი 1998 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინდელი ხელისუფლების - “მოქალაქეთა კავშირის” მხარდასაჭერად შეიქმნა. 

ეს 90-იანი წლების ბოლოს იყო, როდესაც ყველაფერი გამოვიარეთ, აფხაზეთის ომიც და სამოქალაქო ომიც. ქვეყანა კორუფციაში იხრჩობოდა, ყველა ნაბიჯზე ქრთამის გადახდა გვიწევდა, ქუჩები სავსე იყო მშიერი ადამიანებით, კრიმინალი ყოველდღიურ რეალობად იყო ქცეული, არც გაზი იყო ქვეყანაში, საავადმყოფოები თუ ბინები რომ გაეთბო და ელექტროენერგიაც გრაფიკით მოგვეწოდებოდა. შევარდნაძის მთავრობამ ყველაფერი გააპარტახა, ადამიანებს უკიდურესად უჭირდათ, მაგრამ პროპაგანდისტულ სიმღერაში მონაწილე 40-მდე ესტრადის მომღერალი, მსახიობი, თუ უბრალოდ (როგორც მაშინ ეძახდნენ) ცნობადი სახე, ერთად და მხიარულად გვიყიჟინებდა, რომ უნდა გაგვხარებოდა. რა უნდა “გვიხაროდენ”, არავინ იცოდა! 

სიმღერის ტექსტის ავტორი ედუარდ შევარდნაძის მეგობარი პოეტი რეზო ამაშუკელია, რომელიც შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მეგობარიც გახდება. ამაშუკელის ტექსტი “მარადიულია”, ის დღევანდელ დღესა და „ქართული ოცნების“ მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს იმავე წარმატებით მიესადაგება. 

აი, პატარა მონაკვეთი ტექსტიდან და ნახეთ, როგორ მოუხდებოდა ის დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ რეალობას.  

ღმერთო, განსხიპე ტოტები მავნე 

მოეც სიკეთე ჩემს გზას და რწმენას,

ასვი მირონი მამულის ვენახს,

შთამომავლობის გადასარჩენად.


მაშინ, 90-იანი წლების ბოლოს, ტექსტი თითქოს არც გვესმოდა, ჩვენამდე მხოლოდ ერთი სიტყვა - „გიხაროდენ“ უნდა მოსულიყო და მოდიოდა კიდეც. უნდა გაგვხარებოდა, მაგრამ ვინ იყვნენ “მავნე ტოტები”, შთამომავლობის გადასარჩენად რომ უნდა გაგვესხიპა, არ ვიცი. ახლა კი, დანამდვილებით ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები და სხვა ე.წ. ლიბერალები იქნებოდნენ, რომლისგანაც გვყავს გადასარჩენი: მამული, ენა, ვენახი, ერეკლე პაპა, სარწმუნოება… 

არა გუნდრუკით გადამთიელის,

შენ თავად ზარდე შენი გავაზი,

და სულ გახსოვდეს, ხარ ნაშიერი

აღმაშენებლის და ფარნავაზის.

და სულ გახსოვდეს, შენ ხარ პატრონი

ამ სამოთხის და ამ სილამაზის.

სწორედ ამას ცდილობს “ბატონი” ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, რომ გააგებინოს საქართველოს მოსახლეობას - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და დასავლეთიდან არავის მითითებებს ჩვენ არ მივიღებთო. ჩვენს საქმეებს ჩვენ გადავწყვეტთ და ევროპაში ასე დამოუკიდებლად, ღირსებით და ორივე ფეხზე მდგარნი შევალთო. დიახ “მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ” - ეს არის 2024 წლის მთავარი სლოგანიც. 

მესმის, სახუმაროდ საქმე არ გვაქვს, ამიტომ ვნახოთ, რა იყო 2024 წლამდე და როგორ, რა გზით მოვედით აქამდე?! 

2012 წლის წინასაარჩევნო პარტიული მუსიკალური კლიპი ინტერნეტში არ იძებნება. ის, რაზეც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი 12 წელია დგას, უკვე 2014 წლიდან  ჩნდება: წარსულში დაბრუნების შიშებზე აპელირება და პირველი კლიპი სახელწოდებით - “წარსულში არ ბრუნდებიან”. ვიდეორგოლში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძის ხმები ისმის, შავ-თეთრ ეკრანზე კი, 7 ნოემბრისა და 2008 წლის ომის კადრები მოჩანს.  

“თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას” პირდებოდა „ქართული ოცნება“ 2016 წელს. ჩნდება უკვე “ქართული ოცნების” ჰიმნად ქცეული “ჩემი საქართველო აქ არის” გათანამედროვებული ვერსიის კლიპი. ამ სიმღერის ტექსტის ავტორი მურმან ლებანიძეა, ხოლო მუსიკის - გოგი ცაბაძე. რა თქმა უნდა, ამ წინასაარჩევნო კლიპებშიც მხოლოდ გაღიმებული, ბედნიერი ადამიანები, აშენებული და დამშვენებული: ხიდები, ავტობანები, სპორტული მოედნები, საავადმყოფოები მოჩანს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკანასკნელი მუსიკალური კლიპი წარმატებული გამოდგა, 2020 წელს მისი ახალი ვერსია გაჩნდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიული ინსტრუმენტები თუ ხმები შემოდის.

„ქართული ოცნების“ საკომუნიკაციო ენა უკვე ცალსახად აგრესიულ ხასიათს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ატარებს, როდესაც ქალაქში ოპონენტების “სისხლიანი ბანერები” გაჩნდა.   

მაშინ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე იყო, ამიტომ, ცხადია, ბანერზე ის, მიხეილ სააკაშვილი და სხვა “ნაცები” ჩანდნენ. 

2018 წელს მოსდევს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ისევ სიძულვილით სავსე კამპანია. ქალაქი ისევ ოცნების ოპონენტების სისხლიანი ბილბორდებით გაივსო. ნაცების ე.წ. ძირითადი ბირთვი ადგილზე დარჩა, მათ რამდენიმე ახალი პერსონაჟი დაემატა, მათ შორის ცოტა ხნით ადრე გადამდგარი „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია. მსგავსი შინაარსის ფოტოები სატელევიზიო რეკლამებშიც გვხვდებოდა. 

წელს ეს სიძულვილით სავსე ფოტოები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გამოჩნდა, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სახლებსა თუ სამუშაო ადგილებზე გაკრული, შედარებით პატარა ზომის, მაგრამ გაცილებით დიდი რაოდენობის პლაკატების სახით. 

არაფერს ვიტყვი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამზადებულ მთავარ საარჩევნო რეკლამასა და ბანერებზე, რისი მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ უკრაინაში ომის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილს საკუთარი გამარჯვების სანაცვლოდ ყიდის.

საინტერესოა, რომ 2018 და 2021 წლის “სისხლიანი ბანერების” ავტორობას „ქართული ოცნება“ უარყოფდა და ამბობდა, რომ ეს ბანერები გაამზადეს და განათავსეს იმ კერძო პირებმა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურდა, 2024-ში კი, ამას უკვე ღიად აკეთებს და მონაწილეობას არ უარყოფს. 

ამიტომ ერთ-ერთი ვიდეორგოლი აგრძელებს, რეზო ამაშუკელს თუ დავესესხებით, გადამთიელების გუნდრუკის უარყოფას და მის ამომრჩეველს ახსენებს, რომ უარი უთხრას „მორალურ გადაგვარებასა და ბნელ წარსულს“. „ბნელი წარსული“, ცხადია, “სისხლიანი 9 წელია”, მაგრამ „მორალური გადაგვარება“ ის არის, რაც ამჟამად დასავლეთიდან “გვემუქრება”. 

მმართველ პარტიასა და მის მიერ კონტროლირებულ ტელევიზიებს იმდენად ჰყავთ დამუშავებული მათი ამომრჩევლები თუ მაყურებლები, რომ რეგიონებში, მათ მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო კონცერტებზე მისული ადამიანები იქაც ტრადიციებსა და მშვიდობას იცავენ. 

 

ტრადიციების დაკარგვის შიში და შიში იმისა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, მეორე დილით, ყველა ქართველი ჰომოსექსუალად გადაიქცევა ხელოვნურად გააჩინეს.

ქვეყანას, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რამდენიმე ომი გამოიარა, ომის რაციონალური და ირაციონალური შიშიც ბუნებრივად აქვს, მაგრამ ტრადიციების დაკარგვასთან დაკავშირებული შფოთვები მთლიანად ირაციონალური და პროპაგანდის მეშვეობითაა თავსმოხვეული. 

ამ სარეკლამო რგოლში გამოტანილი სახეები კი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ქუჩაში დაცვის გარეშე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ და ისინი შესაძლებელია, ნებისმიერ დღეს იმ ადამიანების მსხვერპლნი გახდნენ, ვისაც დააჯერეს, რომ მათ ჰეტეროსექსუალურ იდენტობას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იცავს. 

 






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
როგორ არ მოვტყუვდეთ წინასაარჩევნო კვლევებით



დარწმუნებული ვარ, თქვენც მიდიხართ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და გაცნობიერებულიც გაქვთ, როგორი კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თქვენს ხმას. 

თუმცა, თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ვის ირჩევთ და ამ თვითგამორკვევის პროცესში დამხმარე ინსტრუმენტად სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო რეიტინგებს იყენებთ, ამ ბლოგში გაგიზიარებთ საკვანძო კითხვებზე პასუხებს, რის მიხედვითაც შეგიძლიათ შეაფასოთ მედიასაშუალებების მიერ გაშუქებული კვლევის სანდოობა: 

(შენიშვნა: ბლოგში გამოყენებული ყველა ქარდი შედგენილია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით)

 
1. ვინ ატარებს წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას?



2. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა?



 

3. რა უნდა იყოს მითითებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას?

ამას საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი განსაზღვრავს:




4. რა იკრძალება და რა ხდება წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევის შემთხვევაში? 




5. ვინ და როგორ არეგულირებს წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესებს?


როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გაიდში ვკითხულობთ: „მედია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოების ინფორმირების, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის საქმეში”. ამ როლის შესასრულებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა საზოგადოერივი აზრის კვლევისა და გაშუქების დროს ადგილობრივი საკანონმდებლო რეგულაციები და საერთაშორისო სტანდარტები დაიცვან.

 



მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დარღვევებს განიხილავენ და რეაგირებას ახდენენ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმები მათივე დადგენილი წესების შესაბამისად”-მაუწყებელთა ქცევის კოდექსის (27-ე მუხლი). ხოლო :

 



მაგალითად, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების მიზეზით, ტელეკომპანია „ბი ემ ჯის” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა - „კერძოდ, კვლევის გამოქვეყნებისას ტელეკომპანიის მიერ დაირღვა საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის დამკვეთი, გამოკითხვის თარიღი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ასევე, ფასიანია თუ უფასო გამოკითხვა”.

რაც შეეხება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, მისი გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

„მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის განხორციელებისას არსებითია მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვა, საარჩევნო პროცესის და პროცედურების მაღალი პასუხისმგელობის გრძნობითა და პროფესიონალიზმით გაშუქება, რათა არავის მისცენ მათით მანიპულირების საშუალება და ამომრჩევლებს ინფორმაცია ობიექტურად მიაწოდონ.” მედიასაშუალებები რომ ამ პრინციპებს იცავდნენ, როგორც რიგით ამომრჩევლებს, ძალიან დიდი რესურსი დაგვეზოგებოდა და, გარდა ზემოთ ხსენებული მარკერებისა, კიდევ დამატებითი სანდოობის ტესტის ჩატარება არ მოგვიწევდა. 

სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ რეალობაში, როცა რომელიმე მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული წინასააარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეცნობი და სანდობიის დადგენას ცდილობ, აუცილებლად დაუსვი შენს თავს კითხვა - რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი ხომ არ არის ეს მედია. 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, მაუწყებლები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ მათ ეთერში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საფუძვლიანობა, საიმედოობა და არ დაუშვან საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. 

თუმცა, მაგალითისთვის, აგვისტოსა და სექტემბერში ორი სხვადასხვა ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული წინასააარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს შორის ისეთი სხვაობაა, რთულია ობიექტური რეალობის დადგება, რადგან ორივე ტელევიზია მხარეს წარმოადგენს:


1. გორბის კვლევა -  არჩევნები 2024

 




2Edison Research -ის კვლევა - არჩევნები 2024 

 



მესმის, შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი თქვენგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ იმ პირობებში, როცა ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებები სახელისუფლებო ან ოპოზიციური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის იარაღად იქცნენ, 26 ოქტომბრის არჩევნები კი ჩვენს მომავალს განსაზღრავს, ყურადღების მოდუნების ფუფუნება არ გვაქვს. 

 




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
პროპაგანდამ რა ქნა?


ეს ძალიან სუბიექტური ბლოგია. შესაძლებელია, რასაც დავწერ მცდარი იყოს. აქამდე არ მაქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, მაგრამ მგონია, რომ ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არც არსებობს. მე მაინტერესებს, რა გავლენა აქვს იმ ჰომოფობიურ, სიძულვილზე დაშენებულ პროპაგანდას, რომელსაც უკანასკნელი წლებია და განსაკუთრებით 2023-2024 წლებში, მედიის საშუალებით ვისმენთ. პირადად მე დავიჯერე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჰომოფობიურია. არა მხოლოდ დავიჯერე, არამედ... 

ისე მოხდა, რომ ჩემი საჯარო აქტივობა და ადამიანის უფლებების დაცვა უფრო მეტად ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს უკავშირდება. არ ვიცი, რატომ გამიჩნდა განსაკუთრებული მგრძნობელობა სწორედ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური იდენტობის მქონე ჯგუფების მიმართ. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, მიმდინარე მოვლენები მკაფიოდ მახსოვს, როგორ დევნიდნენ ეთნიკურ უმცირესობებს, ავიწროვებდნენ და მათი დიდი ნაწილი საქართველოდანაც გააქციეს. შემდეგმა ტალღამ რელიგიურ უმცირესობებს გადაუარა, კარდაკარ დასდევდნენ, ავიწროვებდნენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მათ დასაცავად უკვე მოვახერხე ხმამაღლა და საჯაროდ რამდენიმე სიტყვის თქმა თუ დაწერა. ბოლოს ლგბტქ+ თემის ჯერი დადგა, ახლა მათ ჩაგვრაზე დგას „ძლიერების“ ძალაუფლება.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და მოსკოვი, როგორც ძალაუფლების ცენტრი ფორმალურად მოიშალა, ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამ ვაკანტური ძალაუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა. კომუნისტური იდეოლოგია ნაციონალისტურმა და რელიგიურმა, კერძოდ, მართლმადიდებლურმა იდეოლოგიამ ჩაანაცვლა. ეკლესიაც ძალაუფლების ვერტიკალში მოექცა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საქართველო ისევ მოსკოვიდან იმართება.

თუმცა, ჩვენ ახლა სხვა საკითხზე ვსაუბრობთ. 90-იან წლებში დაწყებული ეთნონაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმით გაგრძელებული და ამჟამად მიმდინარე ფაშისტური ჰომოფობია მუდმივად ზემოდან იკვებება. ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია იმას ცდილობს, რომ ამ, ძალაუფლების ვერტიკალში მყოფების მოწონება და თანადგომა დაიმსახუროს.

ამიტომაც, უკანასკნელი 20-30 წელია ამ ქვეყნის მთავარ იდეოლოგიურ ხაზს სწორედ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია განსაზღვრავს. ეკლესიას კი, ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება ირაციონალურ შიშებზე დამყარებული, ადვილად სამართავი საზოგადოება.

გრძელი შესავალი მხოლოდ იმის სათქმელად გამომივიდა, რომ ცხადია, უმცირესობების პრობლემებით დაინტერესებული ადამიანი არ შეიძლება, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებზე არ ბრაზობდეს და მათ არ აკრიტიკებდეს. ასე მერგო პატრიარქისა და ეკლესიის მაგინებლის იარლიყი. ამას მრავალი წელია შეგუებული ვარ, მაგრამ პირველად შარშან მოხდა, რომ...

როდესაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვა პირველად  დაიწყო, ჩემს მეგობარ ჟურნალისტებთან, ონლაინ მედიების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში შევედი, სადაც ჩვენ ტრანსფარანტებითა და საყვირებით ვაპროტესტებდით ამ ქვეყნისთვის დამღუპველ კანონს. იმავე დღეს, 2 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  ირაკლი კობახიძემ კანონის მოწინააღმდეგები ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ჩემი სახელი და გვარი დაასახელა - „პატრიარქის და ეკლესიის მაგინებელი ნინია კაკაბაძე“. ჩემი სახელი იმ ადამიანებთან ერთად დაასახელა, ვინც 2 მარტს პარლამენტის შენობაში არ ყოფილან, მაგრამ ცხადია, რუსულ კანონს ებრძოდნენ. ასე, ანუ ჩემი მეშვეობით, სცადა კობახიძემ პროტესტის გაშავება.

მეორე დღეს მე პარლამენტის შენობაში აღარ შევედი, ეზოში ვიდექი, იქაც ვერიდებოდი კამერებს და დავიჯერე, რომ ჩემი გამოჩენით საქმეს ვაფუჭებდი. მაშინ პროტესტი სტრატეგიულად მოვიგეთ, რადგან პირველ ხაზზე არა ჩვენ, არამედ ახალგაზრდა, უპარტიო, განსხვავებული ბიოგრაფიის მქონე თაობა იდგა. ბევრი იმუშავეს სამთავრობო მედიებმა, რომ ახალგაზრდებისთვის ხან სატანის მოციქულები, ხან „გაფერადებულები“ და ორიენტაცია არეულები ეწოდებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩვენ დავიჯერეთ, რომ გამარჯვების ფორმულა სწორედ ეს იყო.

ამის შემდეგ, ერთ წელიწადში, რუსული კანონი მაინც მიიღეს და ცოტა ხნის წინ ზედ მიაყოლეს ისევ რუსული ჰომოფობიური კანონი, რომელსაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონპროექტი დაარქვეს და რომელიც უპირველეს ყოვლისა, გამოხატვის თავისუფლების სერიოზულ და კრიტიკულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს. პროპაგანდისტებმა ცენზურაც ჰომოფობიის მეშვეობით გაყიდეს, ისე რომ ხმა არავის დაუძრავს.ხმა არავის დაუძრავს, რადგან ჩვენ დავიჯერეთ, რომ ჰომოფობია საზოგადოების უმრავლესობაში მძვინვარებს. ასე რომ არ იყოს, ალბათ, “ქართული ოცნება” არც მთავარ წინასაარჩევნო იარაღად გამოიყენებდა. რამდენად ეფექტური გამოდგება  სიძულვილის ეს იარაღი, ამას უკვე 26 ოქტომბერს ვნახავთ.

ამ კანონზე დებატები "ოცნებას" უნდოდა და ამიტომ იყო, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიები, მარტიდან მოყოლებული აგვისტომდე, დისკუსიის გაჩაღებას არნახული მონდომებით ცდილობდნენ და დილის 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვებებიდან  დაწყებული  ღამემდე აღნიშნავდნენ, რომ „ოპოზიცია არ ერთვება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში“. მიზანს ვერ მიაღწიეს, ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი ჰომოფობიის წინააღმდეგ ვერ ააყვირეს, ამიტომ მთავრობამ და სამთავრობო მედიამ მათი სიჩუმე ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობად მონათლა.

პირველი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მაღელვებს და მაინტერესებს, არის ის, თუ როგორ აისახება ეს უპასუხოდ დარჩენილი სიძულვილის პროპაგანდა ხალხზე, რამდენად გააღრმავებს ის ჰომოფობიას და რა დოზით დააზარალებს თავად ქვიარ თემის წევრებს. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი დროთა განმავლობაში გამოჩნდება, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ახლაც ხილულია.

ჩვენ დაგვაკომპლექსეს და დაგვაჯერეს, რომ ჩვენი გულწრფელი სოლიდარობისა თუ სიყვარულის განცდა მართლაც არაპოპულარულია და შესაძლებელია, ესა თუ ის პროცესი მართლაც დააზარალოს. ამას ნამდვილად მიაღწია “ალტ ინფოდ” ქცეულმა მთავრობამ და სამთავრობო მედიების პროპაგანდამ. მაგრამ…

ასე დაემთხვა, რომ ჰომოფობიური კანონის მიღების შემდეგ, 3 დღეში ერთი-ერთი პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მისმა შეყვარებულმა მოკლა,  მოკლა კაცმა, რომელთანაც კესარიას 2-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ამ მოძალადე კაცს, რომელსაც ისედაც კონფლიქტი ჰქონდა საკუთარ თავთან და მის გარემოსთან, საქართველოს ხელისუფლებამ უთხრა, რომ კესარიას სიყვარულის უფლება ამიერიდან კანონითაც აეკრძალა. ცივსისხლიანმა მკვლელმა მოკლა ცნობილი, პოპულარული, ლამაზი, ყველასთვის საყვარელი ტრანსგენდერი ქალი და მისი მკვლელობით, თითქოს, სიმბოლურად წინასაარჩევნო დაკვეთაც შეასრულა. ყველას უთხრა, რომ ამ ქვეყანაში ქალი ქალია და კაცი - კაცი, კესარიასნაირი ადამიანების ადგილი კი აქ არ არის.

თუმცა, ამ შესანიშნავი, მოსიყვარულე, კეთილი ქალის, კესარია აბრამიძის სიკვდილმა ისიც დაგვანახა, რომ "ქართული ოცნების" სიძულვილის პროპაგანდა არ ვრცელდება ადამიანებზე, ვისაც სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი აქვს და ასეთები, საბედნიეროდ, ძალიან ბევრნი არიან. ეს საუკეთესოდ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში გასულ, მარიამ გაფრინდაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გამოჩნდა, სადაც კესარიას მეზობლები, ნაცნობები, ახლობლები მასზე სიყვარულით საუბრობენ. კესარიამ დაამტკიცა, რომ ტრანსგენდერის, განსხვავებული შიში ნამდვილად ირაციონალურია, უცხოს და უცნობის შიშია, მაგრამ თუკი მათ ახლოს გავიცნობთ ისინი ისეთ  სიყვარულს იმსახურებენ, როგორც ეს კესარიამ დაიმსახურა. ამიტომ ვფიქრობ რომ არ უნდა დავიმალოთ, არ უნდა გავჩუმდეთ და რაც მთავარია არ უნდა შეგვეშინდეს.

"ოცნების" პროპაგანდა ძალით წამლავს საზოგადოებას სიძულვილით, ღვარძლით და შიშით…  ჩემი ტექსტის სათაურს რომ დავუბრუნდე - პროპაგანდამ რა ქნა? რა და არ იმუშავა და ეს თავად "ოცნების" ხელმოცარულმა პროპაგანდისტებმა დაამტკიცეს. კესარიას მკვლელობის ამბავზე, როდესაც “ოცნებამ” საზოგადოების არა თავსმოხვეული, არამედ რეალური განწყობა ამოიკითხა, კრებსითი "ნინო წილოსანები" ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ თანაგრძნობა გამოეხატათ კესარიას მიმართ და მისი მკვლელობა ნაცებისთვის დაებრალებინათ

რა მოხდა? მათ მიერ ნაწარმოები ანტირეკლამა, რეკლამად იქცა, მათი დათესილი სიძულვილი კი - სიყვარულად. ასე მოხდება მომავალშიც, "ქართული ოცნების" მიერ სიძულვილით აჭრელებულ ქალაქს სიყვარული დაამარცხებს. 





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ