„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი,
ბერა ივანიშვილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ
ტელეკომპანიებს, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში
უჩივის. სარჩელების მიხედვით, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ
„ნოდარ მელაძის შაბათსა“ და „შაბათის ფორმულაში“ მის მიმართ გავრცელდა
„არსებითად არასწორი, სახელისგამტეხი და დიფამაციური ინფორმაცია“,
რითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
„მოგახსენებთ, მოსარჩელე მუსიკალური სფეროს
გამორჩეული წარმომადგენელია. იგი შემოქმედებით საქმიანობას ეწევა,
როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჰყავს
მრავალრიცხოვანი მსმენელი და შემოქმედების
თაყვანისმცემელი.
მოპასუხის მიერ ცილისმწამებლური, სახელის
გამტეხი განცხადებებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებით
მოსარჩელეს შეელახა პირადი ღირსება და სოციალური რეპუტაცია, რითაც
შეეზღუდა საზოგადოებაში სხვათა თანასწორად, სხვათა თანაბარი
მნიშვნელობისა და თანაბარი ღირებულების მატარებელ სუბიექტად ყოფნის
უფლება, რომელიც პატივისცემას იმსახურებს, რადგანაც მოპასუხემ იგი
წარმოაჩინა დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ადამიანად,
რომელიც მეგობრობს და მფარველობს კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულ
პირებს და რომ მისი განაწყენების შემთხვევაში, გამოძიების ხელშეშლითა
და მასში უკანონოდ ჩარევით, ანუ დანაშაულის ჩადენით, იგი „აჭერინებს“
კონკრეტულ პირებს. ეს თავდასხმა კი პირდაპირაა მიმართული მოსარჩელის
პიროვნების ადამიანური ღირსების მსაზღვრელი უმთავრესი ბირთვისადმი,
რაც საზოგადოებაში მას დისკრედიტირებულ პიროვნებად წარმოაჩენს და
ლახავს მის რეპუტაციას“, - უთითებს მოსარჩელე დავის
ფაქტობრივ გარემოებებში.
„TV პირველის“ შემთხვევაში, თბილისის
საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, ბერა ივანიშვილი
გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში 2026 წლის 26 სექტემბერს
გასულ სიუჟეტსა
და ამავე სიუჟეტის ანონსზე
დავობს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ სადავო სიუჟეტში - „ბერას სამეგობრო
ციხეში | რის გამო დააკავეს ძმები ფეიქრიშვილები?“ ბერა ივანიშვილის
შესახებ გადმოცემული ინფორმაცია არის „არსებითად მცდარი და
ცილისმწამებლური“.
ფაქტობრივ გარემოებებში ასევე მითითებულია, რომ „სადავო
სიუჟეტის შინაარსი და მისი საერთო კონტექსტი მიზნად ისახავდა
მოსარჩელეზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში
შეყვანას, საზოგადოებაში მოსარჩელის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების
ჩამოყალიბებასა და შესაბამისად, მოსარჩელისათვის რეპუტაციული ზიანის
მიყენებას“.
მოსარჩელე მოითხოვს, აღიარებულ იქნას, რომ ბერა
ივანიშვილის შესახებ გასული სიუჟეტი და მასში გადმოცემული ინფორმაცია
არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური და „TV პირველს“ დაეკისროს,
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში,
გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიმდინარეობისას სადავო სიუჟეტში
„გადმოცემული ცილისმწამებლური განცხადებების“ საჯაროდ უარყოფა -
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნებით, შემდეგი
სახით:
- „სიცრუეა და ცილისწამება, რომ ბერა
ივანიშვილის წყენის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს ძმები -
გიორგი და დავით ფეიქრიშვილები.
- სიცრუეა და ცილისწამება, რომ ძმები
- გიორგი და დავით ფეიქრიშვილები - ბერა ივანიშვილთან მეგობრობის გამო
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი ხელშეუხებლები იყვნენ.
- სიცრუეა და ცილისწამება, რომ ბერა
ივანიშვილთან კონფლიქტი წარმოადგენდა ძმები გიორგი და დავით
ფეიქრიშვილების ციხეში გაშვების მიზეზს.
- სიცრუეა და ცილისწამება, რომ ბერა
ივანიშვილის განაწყენება გახდა „კრიმინალური სამყაროს ცნობილი
წარმომადგენლების“, ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების, სისხლის
სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე დაკავების მიზეზი“.
„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, წარდგენილი
სარჩელი გაუმართავია და მათთვის ბუნდოვანია, რას ითხოვს მოსარჩელე
მხარე:
„როგორც წესი, ცილისწამების დავებში ზუსტად უნდა
მიუთითოს მოსარჩელე მხარემ, რომელი განცხადებების უარყოფას ითხოვს.
მითითება უნდა მოხდეს ციტატების საშუალებით. ამ შემთხვევაში
მოსარჩელეს ერთი მხრივ, პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მოთხოვნილი აქვს,
რომ მთლიანი სიუჟეტის უარყოფა უნდა. ეს გაუგებარია, რადგან მთლიან
სიუჟეტში არის როგორც ფაქტები, ასევე ბრალის დადგენილება,
პროკურორების საუბარი და ანუ ყველას ედავება, როგორც პროკურორებს, ისე
სახელმწიფო ორგანოებს, რომ კონკრეტული დადგენილება გამოიტანეს თუ რა
მოთხოვნა აქვს ზუსტად, ბუნდოვანია ჩვენთვის.
მეტიც, ამ ფორმით თუ დარჩა სარჩელი და სასამართლომ
დააკმაყოფილა, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება ტექნიკურად
გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს.
პირველი მოთხოვნის მეორე ნაწილში უთითებს
კონტექსტზეც და ამბობს, რომ ამის უარყოფაც უნდა. ესეც ბუნდოვანია
იმიტომ, რომ ნებისმიერი დავის დროს მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს
სასამართლოში კონკრეტული განცხადება, რომელსაც ედავება ტელეკომპანიას.
ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული განცხადებები არ არის
მითითებული.
გარდა იმისა, რომ ამ ფორმით სასარჩელო მოთხოვნები
ბუნდოვანია მოპასუხისთვის, „TV პირველისთვის“, ის ეწინააღმდეგება
საქართველოს კანონმდებლობასა და საერთო სასამართლოების პრაქტიკას,
მიღებულ გადაწყვეტილებებს მსგავს სამეებთან
დაკავშირებით.
კონტექსტი ვერ გახდება სადავო, სადავო უნდა გახდეს
კონკრეტული განცხადება, რადგან შემდგომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს
ერთი მხრივ, არის თუ არა ეს ფაქტი და არის თუ არა მოსაზრება და მეორე,
თუ ფაქტია, რამდენად არის ცილისწამება ან რამდენად არ არის, ანუ
რამდენად არსებითად მცდარია ან არ არის კონკრეტული განცხადება, ხოლო
კონტექსტთან დაკავშირებით იმავეზე ვერ იმსჯელებს სასამართლო, ამიტომ
არ ვიცი, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა თავიდან
ბოლომდე სარჩელი არის გაუმართავი“, - ამბობს თორნიკე
მიგინეიშვილი.
ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაშიც,
ბერა ივანიშვილი „შაბათის ფორმულას“ ეთერში 26 სექტემბერს გასულ
სიუჟეტსა
და ამავე სიუჟეტის ანონსზე
ჩივის. სარჩელის მიხედვით, სადავო სიუჟეტიც - „ოცნების ქუჩა“, რომელიც
მათ შორის ვატო ყიფიანის და ძმები ფეიქრიშვილების დაკავებას ეხება,
„არსებითად მცდარი და ცილისმწამებლურია“ ბერა ივანიშვილთან
მიმართებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ორივე მედიასაშუალების მიერ
გავრცელებული ინფორმაცია „შეთანხმებულად და ხმაშეწყობილად იმეორებს
ერთსა და იმავე მცდარ ფაქტობრივ მტკიცებებსა და აშკარად
ცილისმწამებლურ განცხადებებს, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე
გვაქვს არა დამოუკიდებელ და ობიექტურ ჟურნალისტურ გამოძიებასთან,
არამედ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისკენ
მიმართულ წინასწარ დაგეგმილ და მიზანმიმართულ საინფორმაციო
კამპანიასთან“.
მოსარჩელე ამ შემთხვევაშიც მოითხოვს, აღიარებულ იქნას,
რომ ბერა ივანიშვილის შესახებ გასული სიუჟეტი და მასში გადმოცემული
ინფორმაცია არსებითად მცდარი და ცილისმწამებლურია და „ფორმულას“
დაეკისროს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის
ვადაში, გადაცემა „შაბათის ფორმულას“ მიმდინარეობისას სადავო სიუჟეტში
„გადმოცემული ცილისმწამებლური განცხადებების“ საჯაროდ უარყოფა -
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნებით, შემდეგი
სახით:
- „სიცრუეა და ცილისწამება, რომ ბერა
ივანიშვილმა საკუთარი ძმაკაცები და ყიფიანის ღია მტრები, ძმები გიორგი
და დავით ფეიქრიშვილები დააჭერინა.
- სიცრუეა და ცილისწამება, რომ
გიორგი და დავით ფეიქრიშვილები სწორედ ბერა ივანიშვილმა გაწირა, მას
შემდეგ რაც შავი სალაროდან დიდი ოდენობით თანხა გაქრა.
- სიცრუეა და ცილისწამება, რომ
გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, რომლებიც ბოლო დროს ბერა ივანიშვილის
გარემოცვის უახლოეს წევრებად და ახლო მეგობრებად ითვლებოდნენ ზუსტად
ბერა ივანიშვილმა დააკავებინა.
- სიცრუეა და ცილისწამება, რომ ბერა
ივანიშვილი მის მეგობარ, ამიკო ჯანელიძესთან ერთად, ქოლ-ცენტრების
ბიზნესს მფარველობს.
- სიცრუეა და ცილისწამება, რომ
კრიმინალური ავტორიტეტები არიან პასუხისმგებელნი თანხის ამოღებაზე და
ბერა ივანიშვილის შავ სალარომდე მიტანაზე“.
მოსარჩელე საქმის ერთ-ერთ ფაქტობრივ გარემოებაში უთითებს „გაურკვეველი
ვინაობის, არაიდენტიფიცირებულ „წყაროზეც„“ და აღნიშნავს, რომ „ფრაზის
- „შაბათის ფორმულას უყვებიან“ - გამოყენებით, მოპასუხე ცდილობს
მცდარი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისთვის კანონით
განსაზღვრული პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და მის მოსაზრებად
შენიღბვას“.
„შაბათის ფორმულას“ წამყვანის, დავით ქაშიაშვილის თქმით,
„გვიწუნებენ იმ ფორმას, რა ფორმითაც წყარო ჩანს ჩვენს რეპორტაჟში.
ვერავინ ვერასდროს ვერავითარი მუქარის თუ მოსყიდვის მცდელობებისა თუ
შანტაჟის მიუხედავად, ვერ მიგვითითებს რედაქციაში, რა ფორმით
მივაწოდოთ საზოგადოებას წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამ
გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, ვიღებთ წყაროების უსაფრთხოებიდან
გამომდინარე და ყოველთვის „შაბათის ფორმულას“ ეთერში უკვე მზა
ტელეპროდუქტი, რომელიც აუდიტორიამდე მიდის, არის აბსოლუტურად
გადამოწმებული.
რაც შეეხება სარჩელში მოყვანილ ფრაზებს, რაც
ეთერიდან ამოგვიკრიბა მოსარჩელემ და მისმა ადვოკატმა, მიუხედავად
იმისა, რომ გვაქვს სასამართლოში დავის გამოცდილება, როგორც წესი, აზრი
არ აქვს ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მივყვებით და ვიდავებთ, მიუხედავად
იმისა, რომელიმე მოსამართლის სამუშაო მაგიდაზე, როგორც გალაკტიონი
იტყოდა, არის თუ არა გამობმული ჭინკა.
ეს იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის, ე.წ. თაღლითური
ქოლცენტრების შესაძლო მფარველობა და ამ მფარველობასთან დაკავშირება
ბერა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის. ამას არა ერთი ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი, გადამოწმებული და დადასტურებული წყარო გვიდასტურებს.
წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნაწილი, ცხადია, ეთერში არ
ხვდება ობიექტური მიზეზების გამო, წყაროების უსაფრთხოებიდან
გამომდინარევე.
მეორე ფრაზა, რაც ასევე, ალბათ, მტკივნეული იყო, იყო
ფეიქრიშვილების დაკავება და ამასთან ბერა ივანიშვილის დაკავშირება.
ესეც მრავალგზის დადასტურებული, მრავალ ფილტრში გავლილი ამბავია. ახლა
ოფიციალურად აღიარა პროკურატურამ, რომ ოთხი დღის განმავლობაში ის
ადამიანები, ვინც მათთან შეასახლეს, მათ სცემდნენ და ითხოვდნენ
მობილური ტელეფონების გახსნას. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით ჩვენს
სიუჟეტში, რომ ფეიქრიშვილებს ჰქონდათ მობილურ ტელეფონში ინფორმაცია
ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის ბერა ივანიშვილზე და გამყარებული
ფაქტებით ვიცოდით, ვიცით, რომ ის, რასაც ფეიქრიშვილის ტელეფონებში
ეძებდნენ, ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი იყო სახელი და გვარი - ბერა
ივანიშვილი“, - ამბობს დავით ქაშიაშვილი.
„TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო
სასამართლოში სარჩელები ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით
ასათიანმა 3 ნოემბერს შეიტანა.
მანამდე, 30 სექტემბერს, ივანიშვილმა სოციალურ ქსელში
დაწერა, რომ მის მიმართ გაჟღერებულ „თითოეულ ბინძურ
ცილისმწამებლურ ბრალდებასთან“ დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს
მოითხოვდა.
„მედიაჩეკერი“ დაუკავშირდა დავით ასათიანსაც, მისი
კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად
განახლდება.