სახალხო დამცველი: მედია არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს
11.10.2024


სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამთავრობო მედიის, POSTV-ის იმ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ტელევიზიის ჟურნალისტი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს „სომხურ წარმომავლობას“.

„მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა,  ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად, ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, - წერს იოსელიანი.

დღეს, 11 ოქტომბერს POSTV-იმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე - „POSTV - ანალიტიკა“ არმენოფობიური შინაარსის მასალა გაავრცელა. 

გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში POSTV-ის ჟურნალისტი კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მისი წარმომავლობის შესახებ უსვამს კითხვებს. „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამისი აღიარება?" - მიმართავს ჟურნალისტი ხაზარაძეს და ამატებს: „სომხები ხო ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამისი აღიარება“.

42-წამიან ვიდეოს თან ახლავს შემდეგი ტექსტიც: „მალავს თუ არა ხაზარაძე საკუთარ წარმომავლობას?! - კავშირს იმ ერთან რომელთანაც ქართველებს მრავალსაუკუნოვანი ძმობა და ისტორია აკავშირებს, ხოლო თბილისელი სომხები ქალაქის განსაკუთრებულ კოლორიტს წარმოადგენენ?!“

10 ოქტომბერს „ძლიერი საქართველო“ ამომრჩევლებთან შეხვედრას კახეთში, ქალაქ თელავში მართავდა, სწორედ იქაა ჩაწერილი ეს ვიდეოც. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტია. POSTV კი, ამ ვიდეოს გამოქვეყნებით ეთნიკური წარმომავლობის მამხილებელ კომპრომატად გამოყენებას ცდილობს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის შეფასებით, „ეთნიკური უმცირესობების უცხოდ მონიშვნა, მათი მოქალაქეობის გაუქმება, არმენოფობია, ეთნო-ცენტრიზმი - 90-იანი წლების რეპრესიული და შავი ქართული ნაციონალიზმის მთავარი დისკურსების გაცოცხლებას უშვებს ქართული ოცნების ხელისუფლება“.

ვრცლათ ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალაში: POSTV პოლიტიკოსის დისკრედიტაციას არმენოფობიური კონტექსტით ცდილობს

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
TI: „ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით“


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს:

„“ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი - მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა“. 

ორგანიზაცია მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე, თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს დაკავებულთა სიასაც: 

  • ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მან საპატიმრო უკვე დატოვა.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო უკვე დატოვა.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერი, ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
  • ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი - ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
  • აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
  • ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. იგი 5 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დააკავეს.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა.
  • მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფერდეს. კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორი, ნიკა პატარაია. მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
  • ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინგამოცება „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ




„მითების დეტექტორის“ კვლევა: „ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქ-გვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“


„ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქ-გვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“ - „მითების დეტექტორის“ ახალი კვლევის მიხედვით, „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე მის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, პროსახელისუფლებო მედია, ანტიდასავლური/პრორუსული აქტორები და ანონიმური ანგარიშები იყვნენ ჩართული:

„თავდაპირველად, შეტევები მის პიროვნებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ კამპანია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ნარატივში გადაიზარდა.

ამ ნარატივების თანახმად, ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რათა საქართველოში პოლიტიკური არეულობა დაწყებულიყო და „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. კამპანიის ფარგლებში მას არა მხოლოდ „დანაშაულის“ შესრულებაში სდებდნენ ბრალს, არამედ დასავლეთის ელჩებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას და ორმაგი სტანდარტების გამოყენებას აბრალებდნენ“.

„მითების დეტექტორის“ მონიტორინგის მიხედვით, რომელიც თებერვლიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გამოვლინდა როგორც პერსონალური დისკრედიტაცია, ასევე სხვადასხვა დეზინფორმაციული გზავნილი დაწყებული მისი სექსუალური ორიენტაციის თემით მანიპულაციიდან, დამთავრებული საერთაშორისო განცხადებების დამახინჯებული გაშუქებით. მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, ჟურნალისტზე და მის საქმესთან დაკავშირებით „მითების დეტექტორმა“ სამი მანიპულაციური, ერთი დეზინფორმაციული, ერთი კონტექსტის გარეშე გავრცელებული და ნაწილობრივ მცდარი შინაარსის ინფორმაცია გადაამოწმა. 

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, მონიტორინგის შედეგად შემდეგი გზავნილები გამოვლინდა: 

  • ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური არეულობის გამოწვევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს;

  • საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებით და ამ საქმის შეფასებით უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში;

  • დასავლეთის ორმაგი სტანდარტი – ელჩები და საერთაშორიო ორგანიზაციები დანაშაულს, რომელიც დასავლეთში მკაცრად ისჯება, საქართველოში ახალისებენ;

ზემოაღნიშნულ გზავნილებს შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ: 

  • “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, დავით მათიკაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კირცხალია, თორნიკე ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ირაკლი ხელაძე.

  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ჟურნალისტები: ზვიად ავალიანი (POSTV), ანუკი გუმბერიძე (ტელეკომპანია იმედი), ირაკლი ჩიხლაძე (ტელეკომპანია იმედი);

  • “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტები და სხვა: გია აბაშიძე, რამაზ საყვარელიძე, გელა  ნიკოლაიშვილი (ერთიანი ნეიტრალური საქართველო), გურამ მაჭარაშვილი (ხალხის ძალა), დავით ჩიხელიძე (რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი),  გოგა ხაინდრავა (რეჟისორი);

  • პრორუსული/ანტილიბერალური აქტორები: ნიკოლოზ მჟავანაძე (სეზონი ტვ), სოსო შატბერაშვილი (მემარცხენე ალიანსი), სოსო მანჯავიძე (ერი მედია); გელა ზედელაშვილი (ასავალ-დასავალი); ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი); ბესო ბარბაქაძე (საქართველო და მსოფლიო);

  • ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები: “არა ნაცებს – არა დიქტატურას”, “მიხუნ ჰაუზენი”, დაათ ცაბაძე, Kakha Danelia, Boris Gedevani; 

„მითების დეტექტორის“ კვლევით, გარდა დისკრედიტაციის კამპანიისა, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმაციის კამპანია მოიცავდა როგორც ამაღლობელის საქმის სიმძიმის გადამეტებულად წარმოჩენას, ასევე საერთაშორისო კომენტარების მანიპულაციურ გაშუქებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მისი პიროვნული შეურაცხყოფა და სექსუალური ორიენტაციის თემით მანიპულაციაც. 

„ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ანონიმური ფეისბუკ ანგარიშებიც, რომლებიც ამაღლობელის შესახებ შეურაცხმყოფელ აღწერილობებსა და ვიზუალურ მასალებს ავრცელებდნენ“, - წერს ორგანიზაცია. 

მონიტორინგის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, პროსახელისუფლებო ექსპერტებისა და ანტილებერალური ატორების გზავნილებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ვრცლად „მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ აქ. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო  2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

 „კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ - საიამ მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი გამოაქვეყნა


„კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ახალი კვლევაა, რომელშიც 2025 წლის თებერვლიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებია განხილული.

როგორც საია წერს, 2024 წლის დეკემბრიდან ძალადობრივი კანონშემოქმედების პროცესი კიდევ უფრო სწრაფი და ინტენსიური გახდა, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები კი აქტიურად მიმდინარე წლის თებერვლიდან ინიციირდება, რასაც „ქართული ოცნება“ მოკლე ვადებში ამტკიცებს. 

ამ ცვლილებებში შედის:

  • პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის აკრძალვა;  
  • მედიისთვის უცხოური დაფინანსების მიღების აკრძალვა;  
  • ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ახალი რეგულაციები;  
  • მაუწყებლის „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან“ დაკავშირებული ვალდებულებები;
  • ცილისწამებასთან დაკავშირებული სტანდარტების გაუარესება; 
  • სასამართლოში მედიის საქმიანობის შეზღუდვა.
გამოხატვის უფლების სტანდარტების გაუარესებასთან დაკავშირებული ცვლილებები კი შემდეგი საკანონმდებლო აქტების მეშვეობით განხორციელდა:
  • ცვლილებები საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
  • ცვლილებები საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“;
  • ახალი კანონის მიღება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. FARA);
  • ცვლილებები საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ“;
  • ცვლილებები ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“;
  • ცვლილებები საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად და დაუსაბუთებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აფერხებს მედიის საქმიანობას:

  • ე.წ. FARA-ს ფართო და ბუნდოვანი დებულებები ახალისებს თვითცენზურას და შესაძლებლობას იძლევა, ამ კანონით გათვალისწინებული მასტიგმატიზებელი სტატუსი, ექსტენსიური ანგარიშგების სისტემა და სხვა ვალდებულებები, ასევე, სისხლისსამართლებრივი სანქციები თვითნებურად იყოს გამოყენებული, მათ შორის, გამოხატვის და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ.
  • სამოქალაქო საზოგადოების და მედიის უცხოური დაფინანსება საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი სამიზნეა. დაფინანსების შეზღუდვა რამდენიმე საკანონმდებლო აქტითაა გამოწვეული, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონით, რომელიც პირდაპირ კრძალავს მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას. სხვა ფორმის მედიასაშუალებებისთვის, ამ მხრივ, რელევანტურია ე.წ. FARA-ს საფუძველზე და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგენილი რეგულაციები, რომლის შედეგად, დაფინანსების მიღება მთავრობის ნებაზე დამოკიდებული ხდება. ეს კი საფრთხეს უქმნის მთავრობის მიმართ კრიტიკულ მედიებს. ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ რეგულაციები მედიასაშუალებებს უბიძგებს, თავად თქვან უარი უცხოურ დაფინანსებაზე „აგენტის“ იარლიყის თავიდან ასაცილებლად. 
  • მაუწყებლობის შესახებ კანონში „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ ახლებური განუჭვრეტელი რეგულირება ქმნის კრიტიკული მაუწყებლების თვითნებური დასჯისა და გაუმართლებელი შინაარსობრივი კონტროლის საფრთხეს.
  • სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის მომწესრიგებელი ახალი ნორმები პრაქტიკაში სრულად კრძალავს ამ საქმიანობას, უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს, პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებას, იმავდროულად, მიზნად ისახავს მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების გაშუქების ხელშეშლას.
  • ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში“ ასუსტებს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა მიზანიც საჯარო დისკურსის დაცვა იყო და მედიას (ასევე, სხვა აქტორებს) უფრო მოწყვლადს ხდის SLAPP-ების მიმართ.
  • თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფის დასჯადობა არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლის აქტიური გამოყენების პრაქტიკა და დასაშვები გამოხატვისთვის მაღალი ადმინისტრაციული სანქციების დაწესება ცხადყოფს, რომ მისი მიზანი მსუსხავი ეფექტისა და თვითცენზურის გამოწვევაა. 

კვლევის მიხედვით, „გამოხატვის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმდინარე, მზარდი და მწვავე კრიზისის შემადგენელი ნაწილი, ასევე, განსხვავებული აზრისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარტია „ქართული ოცნების“ ხელში“.

კვლევა -„კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ ვრცლად იხილეთ აქ.

 
ქარტია ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ქარტიის განცხადებით, „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის იდგა არა მანიფესტანტებთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთან ერთად და კადრებს იღებდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ნინია კაკაბაძისა და სხვა ჟურნალისტების დაკავებას დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.

„გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ დააკავა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. შსს მას, სავარაუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირიდან, სადაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. 

ჟურნალისტის თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის საშუალებას, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. მოგვიანებით ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს. სასამართლო მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს, 4 ნოემბერს, იმსჯელებს. 

„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ისინი ფოტო და ვიდეოკამერაზე ასახავენ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტებსაც.

როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის იდგა არა მანიფესტანტებთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთან ერთად და კადრებს იღებდა. 

ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ - ვკითხულობთ ქარტიის განცხდებაში.

„გზის ხელონურად გადაკეტვის“ საბაბით 19 ოქტომბრიდან დღემდე პოლიციამ არაერთი ჟურნალისტი დააკავა. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდა. 24 ოქტომბერს დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიც, რომელსაც მოგვიანებით უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“. მგალობლიშვილი რუსთაველის პროტესტსაც აშუქებს. 

ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიციამ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით პროტესტის ათეულობით მონაწილე დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

 

„დიდი ექსკორტით მომაქანეს აქ, როგორც ცნობილი კრიმინალი“ - ნინია კაკაბაძე თავისუფალია
(ფოტო: „პუბლიკა“)

„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც პოლიციამ 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, დააკავა, თავისუფალია. კაკაბაძის თქმით, სასამართლო მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ხვალ, 4 ნოემბერს იმსჯელებს. შსს მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, ეკეთა პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათიც. 

როგორც კაკაბაძე ჰყვება, ის რუსთაველის გამზირიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიიყვანეს:

„ბავშვთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ ძალიან დიდ ხანს. დაახლოებით 20 პოლიციელისგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა გულისხმიერი, რომელმაც, როგორც იქნა, დამთანხმდა და მომცა საშუალება, რომ ბავშვთან დამერეკა, ნიკოსთან, რომელიც სახლში მარტო იყო და ვერ გავაფრთხილე აქამდე, რომ 22:00 საათზე, როდესაც წავედი უკვე სახლისკენ, რომ სახლში ავსულიყავი და დამაპატიმრეს, სადღაც 12-ის წუთებზე ძლივს დამარეკინეს, მანამდე არ მარეკინებდნენ. ადვოკატთან ბოლომდე არ დამარეკინეს, მაგრამ აი, ახლა გამომიშვეს…დიდი ექსკორტით მომაქანეს აქ, როგორც ცნობილი კრიმინალი და ახლა, ასე ძაღლივით გამომაგდეს გარეთ“.

„გზის ხელონურად გადაკეტვის“ საბაბით 19 ოქტომბრიდან დღემდე პოლიციამ არაერთი ჟურნალისტი დააკავა. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდა. 24 ოქტომბერს დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიც, რომელსაც მოგვიანებით უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“. მგალობლიშვილი რუსთაველის პროტესტსაც აშუქებს. 

ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიციამ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით პროტესტის ათეულობით მონაწილე დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

„იმედმა“ და Postv-იმ Facebook რეკლამებისთვის 90 დღეში $91 125 დახარჯეს


Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, პროპაგანდისტულმა Postv-იმ 2 აგვისტოდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე 3 049 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $66 857 დახარჯა:

  • „POSTV-ანალიტიკა“: 645 პოსტი - $29 681;
  • POSTV News: 2 312 პოსტი - $29 044;
  • „ევროკრატია-ყოფილი ევროპა“: 40 პოსტი - $5 150;
  • „ევროპის დაისი“: 10 პოსტი - $1 589;
  • „ლიბერალიზმის ანატომია“: 19 პოსტი - $1 169;
  • „კონსერვატორია“: 23 პოსტი - $224;



Postv-ს, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძეა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2025 წლის 30 ოქტომბრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 435 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ კი ანალოგიურ პერიოდში (2 აგვისტო - 30 ოქტომბერი) Facebook-ის 2 გვერდზე 68 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად 24 268 დოლარი დახარჯა:
  • tv imedi: 64 პოსტი - $23 275;
  • „იმედის კვირა“: 4 პოსტი - $993;



სამთავრობო „იმედს“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, 2020 წლის აგვისტოდან 2025 წლის 30 ოქტომბრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 209 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული.

რეკლამების ბიბლიოთეკა არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს აერთიანებს და Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. 

IPI: პრესაზე თავდასხმები ძირს უთხრის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებებს ტირანიისა და უკონტროლო ძალაუფლებისგან იცავენ
(ფოტო:EPA-EFE/Rolex Dela Pena)

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გადადგას სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები დაუსჯელობის გლობალური კრიზისის დასასრულებლად და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.

IPI-ის შეფასებით, მთელს მსოფლიოში თავისუფალი პრესა საფრთხის ქვეშაა, ხოლო ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმები დღითიდღე ძლიერდება:

„სახელმწიფოების უუნარობამ, არ მიიღონ რეალური ზომები დაუსჯელობის ამ კრიზისის მოსაგვარებლად, დააჩქარა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ეროზია, რადგან ავტორიტარიზმი ფეხს იკიდებს მსოფლიოს მრავალ ნაწილში“.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით, პრესაზე თავდასხმები თავად დემოკრატიის გულს ურტყამს და ძირს უთხრის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებებს ტირანიისა და უკონტროლო ძალაუფლებისგან იცავენ.

როგორც IPI-ი აღნიშნავს, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა გადამდებ დაავადებას ჰგავს: ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, ასუსტებს ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და ამწვავებს ძალადობას:

„ცხადია, რომ მხოლოდ კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები საკმარისი არ არის: საჭიროა პოლიტიკური ნება და ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ერთგულნი არიან კანონის უზენაესობის დაცვისადმი - სწამთ თავისუფალი საზოგადოებისა და წესებსა და უფლებებზე დაფუძნებული წესრიგის - მზად არიან პრაქტიკაში დაიცვან ეს ვალდებულებები და პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა გამოიძიონ, გაასამართლონ და დასაჯონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მაშინაც კი, როდესაც სამართლიანობის მიღწევა პოლიტიკური მოკავშირეებისა და გავლენიანი ელიტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს“

2 ნოემბერთან - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სია გამოაქვეყნა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“. RSF-მა ამ 34-კაციან სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა. 

„პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კლიმატის კონფერენციის პარალელურად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო - geghard-saf.am


დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. კონფერენციის პარალელურად  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“

RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.

 
იგნორირების პოლიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან


წლების წინ, როცა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ვმუშაობდი, სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის კადრებზე

პოსტში ტანსაცმელშემოხეულ ყოფილ პრეზიდენტზე ვწერდი, რომ ეს იყო პატიმრის ღირსების შეურაცხყოფა და რომ ხელისუფლებამ მორალური უპირატესობა დაკარგა. იმ დღეს სამსახურში არ ვყოფილვარ, ვისვენებდი. როგორც კოლეგებმა მითხრეს, არხის საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელმა პირმა, ეკა შონიამ ჩემს პოსტზე ტანტრუმი დაიმართა და ამხანაგური სასამართლო მოაწყო. მისი ინიციატივით, სიუჟეტების მომზადება სამი კვირის განმავლობაში ამეკრძალა.

სააკაშვილის მიმართ სენტიმენტები ნამდვილად არ მქონია, მისი მმართველობის პერიოდზე იმდენი კრიტიკული სიუჟეტი მაქვს მომზადებული, კოლეგები ხუმრობდნენ, მიშა ხელისუფლებაში თუ დაბრუნდა, ქვეყნიდან წასვლა მოგიწევსო. უბრალოდ, მაშინ ჩემთვის ამორალური იყო თავად ფაქტი, როგორ მოექცნენ პატიმარს. მაშინ შემეხო პირველად საზმაუს იგნორირების პოლიტიკაც. მაშინ პირველად გამოვცადე, როგორია იყო გადაცემის ნაწილი და სრულიად არასაჭიროდ გრძნობდე თავს. ეს გამოცდილება, ამჯერად ჩემი კოლეგის, ბელა ზაქაიძის შემთხვევამ გამახსენა. 



საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ბელა ზაქაიძემ ეს პოსტი ჩვენი კოლეგის, ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად გამოაქვეყნა.

„საკუთარი კოლეგების დაცვის გამო, ძალადობის გაპროტესტების გამო არ უნდა გვეკრძალებოდეს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება, რომელსაც წლები შევალიეთ. თითქოს შევეგუეთ ჩვენი კოლეგების დაკავებებს, რაც შემზარავია“, - წავიკითხე პოსტში და მივხვდი, რის ფასად უჯდებოდა ჩემს კოლეგას თავისუფალი აზრის გამოთქმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ბელას სიუჟეტების ძებნა დავიწყე და ჩემი ვარაუდი დადასტურდა - კვალიფიციური ჟურნალისტი, რომლის ძირითადი სამუშაო სფერო სამართალია და წესით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა ჰქონოდა, მთელი 45 დღე უსაქმოდ იყო. 

ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც 3 სექტემბერს ჩატარდა, ბელას სიუჟეტი აღარ იძებნებოდა. დარწმუნებული ვარ, თუ ამაზე ვინმე მიუთითებს, მენეჯმენტი უამრავ საბაბს მოიფიქრებს, რატომაც ბელა გადაღებებზე არ დადის, თუმცა არავინ იტყვის მთავარს, რომ ეს მაუწყებლისთვის მიღებული და გამოცდილი პრაქტიკაა - ამოჩემებული ჟურნალისტის დასჯის ერთ-ერთი ფორმა მისი იგნორირებაა. 

მოგვიანებით დააკავეს არხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები: სამეურვეო საბჭოს წევრი - ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მაიკო ბოკერია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე არ შეუერთდა ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც საბჭოს ორმა წევრმა ზაზა აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა მოამზადეს. მეტიც, მაღლაფერიძემ თანამშრომლებს შეახსენა, რომ კოლეგების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა შინაგანაწესით აკრძალული აქვთ.

„ჩემი დაბეჯითებითი რეკომენდაცია იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მიაწოდოთ, რომ ზუსტად დაიცვას. ამას გთხოვთ, რომ ჩემი ერთი სახელით, თუ წევრები გაიზიარებენ, ჩემი სახელით, რომ ძალიან ზუსტად დაიცვან თანამშრომლებმა ის შინაგანაწესი, რომელიც მათ ავალდებულებთ მიუკერძოებლობას პროცესების მიმართ…“, - მიუთითა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ „პირველი არხის“ იურისტს ელენე მიხაილოვას. (სტილი დაცულია) 

ამის მიუხედავად, დაკავებული კოლეგების მიმართ სოლიდარობა საზმაუს გაცილებით მეტმა თანამშრომელმა გამოხატა, ვიდრე ამას ვასილ მაღლაფერიძე ისურვებდა. 

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იგნორირების პოლიტიკა მათზეც წარმატებით ვრცელდება, ვისაც კადრში ვერ ხედავთ. ორ თვეზე მეტია გადაღება არც კვალიფიციურ ფოტოგრაფს, მირიან მელაძეს ჰქონია. მირიანიც  ფბ-ზე აქტიურობაშია „ბრალდებული“, ის ხმამაღალი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩევა, ამიტომ საზმაუს არც მისი შრომა სჭირდება. ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება არხის ვებ-გვერდზე, სადაც მირიანის ბოლო ნამუშევარი 22 ივლისით თარიღდება.

როგორც უკვე გითხარით, არასასურველ თანამშრომელთა იგნორირების პოლიტიკა წელს არ დაწყებულა. ასე ხდებოდა მაშინაც, როდესაც საზმაუს მიკერძოება ასე აშკარა ჯერ არ იყო. შესაბამისად, ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურებოდა გადაცემა „ახალ კვირაში“ ე.წ. რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩემი და ჩემი ორი კოლეგის, იმედა დარსალიასა და სოფო ზედელაშვილის პროტესტი.

ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ არხზე არსებობდა ე.წ. შავი სიები და მიუკერძოებლობის პრინციპი ირღვეოდა ხელისუფლების სასარგებლოდ, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ საბაბია და მენეჯმენტი ამ გზით უბრალოდ თავიდან იშორებდა გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ცენზურის პირობებში მუშაობაზე ვერ დაითანხმა.     

ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ მე და ჩემი ორი კოლეგა სამსახურიდან მაშინვე არ გავუშვივართ, როგორც კი პრობლემებზე საჯაროდ დავიწყეთ ლაპარაკი. ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას დაგვდებდნენ ბრალად, ჩვენ მიმართაც, თვეების განმავლობაში იგნორირების პოლიტიკა ტარდებოდა. მეც და სოფოც, ბელას და მირიანის მსგავსად, კვირების მანძილზე უშედეგოდ ველოდით, როდის მოგვეცემოდა მუშაობის საშუალება. საათების განმავლობაში უსაქმოდ ვისხედით ნიუსრუმში, სადაც ყველა რაღაცას წერდა, ამონტაჟებდა და სადაც დემონსტრაციულად მიგვანიშნებდნენ, რომ ყველასთვის გამოიძებნება საქმე, ჩვენ გარდა, რომ ჩვენი ადგილი ამ სივრცეში არ არის.

რას აკეთებდნენ სხვები? „ახალი კვირის“ სხვა ჟურნალისტები მაშინ გადაღებებზე დადიოდნენ, ნაწილმა კი გაავრცელა წერილი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ცენზურა არასდროს შეხებიათ და ყველა სიუჟეტი პროფესიული პრინციპების დაცვით მოამზადეს.  

ხელმომწერებს შორის, სამწუხაროდ, იყვნენ ისინიც, ვინც დღეებით ადრე ჩვენთან ერთად წუხდა უკვე შექმნილ პრობლემებზე, მართალია, ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც  სვამდა კითხვებს: რატომ არ აძლევენ სიუჟეტის მომზადების უფლებას, მაგალითად,  მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანის კორუფციულ სქემებზე, მაშინ, როცა ნებადართულია სიუჟეტი რომელიღაც სოფლის გამგებლის მოადგილის კორუმპირებულობასა და დაუოკებელ მადაზე? რატომ არ იმჩნევდნენ პროდიუსერები მწვავე პოლიტიკურ თემებს? კითხვები კითხვებად დარჩა, უკმაყოფილება - ჩუმ უკმაყოფილებად. საჯაროდ არავის არაფერი უთქვამს. 

რატომ მოიქცნენ ჩემი კოლეგები მაშინ ასე და არა სხვაგვარად? რატომ არ დადგნენ ჩვენ გვერდით და ჩვენთან ერთად არ გააპროტესტეს, ალბათ, ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ცენზურა?

ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ მაშინ გამოჩენილ სოლიდარობას ჩვენს შემთხვევაშიც და ზოგადად, მედიაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, შეეჩერებინა ის ზვავი, რომელიც ახლა მოექანება და ჩატანით ემუქრება მთლიანად პროფესიას. 

შესაძლოა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ ეს დროებითი უსიამოვნება იყო, გადაივლიდა და ისევ გაეხსნებოდათ ხელ-ფეხი - სამსახურის დაკარგვა და შემოსავლის გარეშე დარჩენა ნამდვილად არაა მარტივი. კრედიტები, ბავშვების სკოლა, წრეები, კვება - ყველაფერს ფული სჭირდება.. რთულია ბორბლებში საკუთარი ნებით შეუვარდე რეპრესიულ მანქანას, ვიდრე ის შენ უშუალოდ არ შეგეხება.. 

ჩვენი ამბავი სხვა კუთხითაც იყო განსხვავებული - ჩვენ საზმაუს პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბრეთ ისე, რომ სამსახურიდან არ წამოვსულვართ. მაშინ, რატომღაც, გულუბრყვილოდ დავიჯერე, რომ რაღაც გაუგებრობა იყო, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელმა, თინა ბერძენიშვილმა რაღაცები არ იცოდა (აი, „სტალინმა რომ არ იცოდა“, დაახლოებით მაგ ტალღას ავყევი, პატარა ხავსი დავინახე და ჩავეჭიდე).

დღეს კი უკვე აპრობირებული მეთოდია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში „ურჩობის შემთხვევები“ ანუ სამოქალაქო პოზიციის ან სოლიდარობის გამოხატვა ისჯება ჯერ იგნორით, შემდეგ საბაბის გამოგონებით და სრულდება ამ თითიდან გამოწოვილი საბაბით სამსახურიდან გათავისუფლებით. ბოლო და ყველაზე მკაფიო მაგალითი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლება იყო. მაშინ, როცა მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ხშირად გადაცემის ბოლო ბლოკში, ბოლოს წინა ამბად გვიყვებოდა მოშიმშილე მზია ამაღლობელზე, ვასილ ჩიქოვანმა ყველა ახალი ამბის პირველ წინადადებად სწორედ მზიას მიმართ სოლიდარობა აქცია. და სოლიდარობისთვის ისიც დაისაჯა.. სამაგიეროდ ეთერში დიდხანს იქნებიან მისი ყოფილი კოლეგები, რომლებიც, რა ირონიულია, რომ უკვე ვასილის დაკავების ამბავს ასე ჰყვებიან: „სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაიკო ბოკერია“... „მათ შორის“.

სხვათა შორის, სამსახურიდან ჩემი გაშვების შემდეგ, „ახალ კვირაში“ „იმედიდან“ პორტირებულმა პროდიუსერმა, თამარ გოგესაშვილმა დეზინფორმაციის მასტერკლასი ჩაატარა და ჩემი პროტესტის მთავარ საფუძვლად ხელფასთან დაკავშირებული უკმაყოფილება დაასახელა. ოღონდ გამორჩა იმის მითითება, როგორ იყენებდა საზმაუს მენეჯმენტი სახელფასო პოლიტიკას ჟურნალისტებზე ზეწოლის ბერკეტად, როგორ მუშაობდნენ წლობით მინიმალურ ანაზღაურებაზე ათვალწუნებული კადრები და როგორ იზრდებოდა ხელფასი პრივილეგირებული თანამშრომლებისთვის. ხელფასის მომატებით ხდებოდა არა გაწეული შრომის დაფასება, არამედ მორჩილი თანამშრომლების კეთილგანწყობის მოპოვება. ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი, თუმცა პროფესიონალი კადრების მოთხოვნებს კი მენეჯმენტი აიგნორებდა.

უკვე დღესავით ნათელია, რომ რეჟიმს არ სჭირდება მოაზროვნე თავები, ისეთი ჟურნალისტები ურჩევნია, ჩართვაზე დგომა ნაირ-ნაირი „ლუქის“ პრეზენტაციისთვის რომ სჭირდებათ, უცხოეთში გადაღებისთვის წასვლას პროფესიის ნაწილად კი არა, მენეჯმენტის წყალობად რომ თვლიან და ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, თვითცენზურაც კარგად ეხერხებათ და დამატებით პრობლემებსაც არასდროს ქმნიან. 

უნდა ვთქვათ ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სადამსჯელო ღონისძიებათა ნუსხაში მხოლოდ იგნორირება არ არის.. არსენალი დიდია. თქვენ კარგად იცნობთ „საზმაუს მცველებს“ (ღირსეულ პროფესიონალებს), მაგრამ მე ვიცნობ „მენეჯმენტის მცველებსაც“. „მენეჯმენტის მცველები“ პრივილეგირებულთა ჯგუფია, რომელიც, იგნორირების პარალელურად, სამუშაო პროცესისგან გარიყულთა დამცირებით, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევით არის დაკავებული, რათა მაქსიმალურად აუტანელი გახადოს შენთვის სამუშაო სივრცეში ყოფნა. ამ ჯგუფმა ჩემი და სოფოს მსგავს მდარე პროვოკაციაზე წამოგებაც არაერთხელ სცადა - არ გამოუვიდათ და საბოლოოდ, არხის „რეპუტაციის შელახვის“ საფუძვლით გაგვათავისუფლეს. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია, მურუსიძის სასამართლოში.

წლების შემდეგ, ზუსტად ამ გზის გავლით დარჩნენ „საზმაუს მცველებიც“ საზმაუს გარეშე. რამდენიმე მათგანს ჩემთვის პირად საუბარშიც უთქვამს, რომ „ახალი კვირის“ გუნდის ნაწილის სამსახურიდან გაშვების დროს მათი პროტესტი უფრო ხმამაღალი უნდა ყოფილიყო.. სამწუხაროდ, მაშინ დღევანდელი რეალობის კონტურები ბუნდოვნად ჩანდა - რთული იყო იმის აღქმა, რამდენად საშიში პროცესი იწყებოდა.

ამას წინათ მეგობარს ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი. ცუდად, სამშობლო მტკივაო, მიპასუხა.. და, სამწუხაროდ, ეს არ არის პათეტიკა - უკვე ფიზიკურად ცუდად ვართ ამ ტოქსიკური გარემოს გამო. ტკივილს ზოგი გაქცევით იყუჩებს (ან იყუჩებს, კი?) ზოგი - რუსთაველზე დგომით,ზოგი - რეალობის ვერდანახვით.. 

რეჟიმს უნდა, რომ წავიდეთ, გავეცალოთ, შვილები გავარიდოთ, ათობით აქტივისტი ციხეშია, მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება და მათ შორის არიან ჟურნალისტები. 

თავისუფლების 30 წელი ცოტა არ არის - ეს ერთადერთია, რაც მიჩენს იმედს, რომ გადავრჩებით. მთავარია, გადარჩენამდე სისტემამ ბევრი ჩვენგანი არ გაჭყლიტოს. 

მთელმა ამ პროცესმა ერთი რამ მასწავლა, რომ წინააღმდეგობას, თითოეული ადამიანის ხმას, პოზიციას, თუ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს აქვს აზრი. როგორც კი გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არხის ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრს იგნორირების რეჟიმში ამყოფებს, მეორე დღესვე, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, „პირველი არხის“ ეთერში ბელა ზაქაიძის სიუჟეტი გამოჩნდა. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.


ვერ დასვამთ მზიას საბრალდებო სკამზე


წარმოუდგენელია, დღეს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო და არ გქონდეს ნაფიქრი - თუ დამიჭერენ, რა იქნება, როგორ ავიტან ამას, როგორ მოვიქცევი, რამდენად შევინარჩუნებ საკუთარ თავს?! ასეთ დროს, უნდა ვაღიარო, რომ პირველ რიგში, მზია ამაღლობელი მახსენდება და ვფიქრობ, მე, ალბათ, ვერ შევძლებდი. 



სასამართლო პროცესებზე ვუყურებ ფეხზე ამაყად მდგომ მზიას, რომელიც არ ჯდება და მახსენდება როზა პარკსი, რომელიც იჯდა და არ ადგა.  

50-იანი წლების ამერიკაში როზა პარკსი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. ეს ის ქალია, ავტობუსიდან. პარკსი სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, მისთვის, ანუ შავკანიანი ადამიანებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა. მაშინდელი დისკრიმინაციული წესების თანახმად, ის ვალდებული იყო, უადგილოდ დარჩენილი თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილი დაეთმო. როზა პარკსმა თავისი ადგილი არ დათმო, რასაც ხანმოკლე, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც მოჰყვა და ჯარიმაც. თუმცა, საბოლოოდ, პარკსის სიჯიუტე და საკუთარი ღირსების დაცვა დიდი საპროტესტო ტალღის დასაბამი აღმოჩნდა, რომელიც 381 დღე გაგრძელდა და შედეგად საქალაქო ტრანსპორტში სეგრეგაციის გაუქმება მოიტანა. 

 

როზა პარკსი არ იყო რიგითი აქტივისტი, ის იყო კანონების მცოდნე, განათლებული, ჭკვიანი ქალი, რომელიც შავკანიანთა საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობდა. ვინ არის მზია? მზია არ არის რიგითი აქტივისტი, რომელიც საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა. ის, ალბათ, არც ტელევიზიით უნახავს ვინმეს. მზია ბევრს არ ლაპარაკობს, ის მოქმედებს და ამ მოქმედებაში, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, შექმნა ორი სანდო, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მედიაგამოცემა, რომელიც 20 წელიწადზე მეტია არსებობს და რომელმაც 3 სხვადასხვა მთავრობას გაუძლო, მათ შორის, ასლან აბაშიძის ავტორიტარიზმს. საქართველოში სიტყვის თავისუფლება სწორედ ამ გამოცემებთან და მზია ამაღლობელთან ასოცირდება, ამიტომ დღევანდელი მოძალადე, ავტორიტარი ხელისუფლებისთვის მზიას დამარცხებას სიმბოლური დატვირთვაც ექნება, ჩვენს ქვეყანაში ის სიტყვის თავისუფლების დამარცხების ტოლფასი გახდება.



რა არის ყველაზე მიმზიდველი მებრძოლ ქალებში: საკუთარი პრინციპების, სიმართლის ჯიუტად დაცვა. მზია ქალის იმ სტერეოტიპულ სახე-ხატსაც ანგრევს, რომელიც კაცებმა შეთხზეს - „მყვირალა“, ისტერიული ქალის. მზიასგან ახლობლებს არ აქვთ თანხმობა, ილაპარაკონ მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე. მზია საპყრობილეში, ხშირად კომფორტის იმ პირობებითაც არ სარგებლობს, რომლის უფლებაც მას აქვს. მაგრამ ყველაზე მომნუსხველი მისი ჩუმი, მონუმენტური სიდინჯეა, რომელსაც ყველა სასამართლო პროცესზე ავლენს. უკვე არაერთი პროცესი იყო და მზია სკამზე არც ერთი მათგანის დროს არ დამჯდარა. ის შუშით შემოსაზღვრულ კაბინაში, სასამართლო დარბაზის ე.წ. საკანში ჰყავთ გამოკეტილი. თითქმის ყველა პროცესზე ადვოკატი ითხოვს, რომ მზია მის გვერდით დაჯდეს და შუშის კედლების გარეშე შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ მოსამართლე ნინო სახელაშვილი ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ჯერ ისევ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის, თავდასხმის რისკი და ადვოკატის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. 

მზია ჩუმად და უსიტყვოდ აპროტესტებს მოძალადე რეჟიმისგან მიწებებულ მოძალადის იარლიყს. მზია დგას, ის არ ჯდება, არც ერთხელ დამჯდარა, არ ეგუება ამ უსამართლობას და აი, ასე იბრძვის. თუკი როზა პარკსი არ ადგა და არ დათმო ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, მზია ამაღლობელი არ ჯდება იმ სკამზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. მზიასთვის იმ შემოსაზღვრულ, საშიში კრიმინალებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდომა, შეგუებისა და ბრალის აღიარების ტოლფასია. ამიტომ რამდენ საათსაც არ უნდა გრძელდებოდეს პროცესი, მზია იმდენი საათი იდგება ჩუმად, დინჯად. იმდენ ხანს, რამდენსაც მას ეს მოძალადე, ირაკლი დგებუაძის მსგავსი მშიშარა კაცების სისტემა აიძულებს. მშიშარა კაცები, რომელთა ლიდერიც ხალხის წინ მხოლოდ შუშის ტყვიაგაუმტარი კოლბით გადაადგილდება. 

ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, რა იქნება, როგორ გავიმარჯვებთ?! გავიმარჯვებთ, რადგან 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე გვყავს და არც ერთი მათგანი არ გამტყდარა, ყველა მათგანი ფეხზე დგას, სალი კლდესავით და სწორედ ამ ურყევი პრინციპულობით „მოვიგებთ ამ ომს“. 



დღეს, 21 ივლისს, ერთ-ერთ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მზიას საპროცესო გარიგება შესთავაზეს, რომელიც მისგან ბრალის აღიარებას გულისხმობს. მან უნდა თქვას, რომ აგინებდა პოლიციელებს, ძალადობდა მათზე, რომ მოქმედებდა „დიფ სტეიტის” დავალებით და ა.შ. და ა.შ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. ყველა ეს ქმედება ერთადერთ მიზანს ისახავს, გატეხონ და საბრალდებო სკამზე დასვან მზია ამაღლობელი. მისგან ითხოვენ კითხვაზე - ნანობს თუ არა ის საკუთარ საქციელს, განსხვავებული პასუხი მიიღონ და არა ის, რაც უკვე მოისმინეს: „რომ ვთქვა, რომ ვნანობ, ეს იქნება სიყალბე. ეს გარდაუვალი იყო. ვიმეორებ - ბევრად ჰარმონიაში ვიქნებოდი საკუთარ თავთან, რომ სათანადო სიტყვიერი პასუხი გამეცა, მაგრამ მოხდა ეს ფაქტი და ამას ვერსად გავექცევი”. 

მზია ჩვენი ღირსებაა, ის ჩვენი ბრძოლის სიმბოლოა, მას ვერასდროს დასვამთ საბრალდებო სკამზე, ის არასდროს აღიარებს ბრალს, რომელიც არ ჩაუდენია.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
პროფესიული სოლიდარობა, როგორც გაუთვლელი გვერდითი მოვლენა

ფოტო : Mo SE


„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა მედიისა და ჟურნალისტების, მთლიანად სექტორის ეკოსისტემის დასაზიანებლად. თუმცა, ასე ჩანს, რომ მან რეპრესიული პოლიტიკის ერთი გვერდითი მოვლენა ვერ გათვალა - ვერ გათვალა ის, რომ მისი ქმედებები სოლიდარობის რესურსის შექმნას შეუწყობდა ხელს. 

2000-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ჟურნალისტურ თემში სოლიდარობის განცდის გაძლიერება იყო ჩემი და ჩემი ბევრი კოლეგის პროფესიული მიზანიც და ოცნებაც. როცა მედიის განვითარების ხელშესაწყობად  აქტივობების დიზაინზე ვმუშაობდით, ვფიქრობდით იმაზეც, თუ რა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ უნარების შეძენის პარალელურად, პროფესიონალებს შორის ინტერაქციაც გაძლიერებულიყო. გვინდოდა, მეტად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან თბილისის წამყვან მედიებსა და რეგიონებში მომუშავე მცირე ზომის მედიებს, სამაუწყებლო მედიებსა და ჯერ ბეჭდურ და მერე უკვე ონლაინ მედიებს, სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიებს.

ჩვენ ვაწყობდით გაცნობით ვიზიტებს, ხელს ვუწყობდით ჟურნალისტებს თბილისიდან გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისთვის რეგიონებში, ჩამოგვყავდა ჟურნალისტები რეგიონიდან ნაციონალურ მედიაში პრაქტიკის გასავლელად, ვაძლიერებდით ქსელურ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე, სხვადასხვა ზომის მედიები სხვადასხვა რეგიონიდან მედიაპროდუქტს ერთობლივად ქმნიდნენ. ვცდილობდით, ამ საქმეს კრეატიულად მივდგომოდით  - თანამშრომლობის წასახალისებლად და ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა ფორმა გამოგვეძებნა. 

ჩვენ ვიცოდით, იმისთვის რომ სექტორი განვითარებულიყო, მისი სოციალური ქსოვილი უნდა გამყარებულიყო. სექტორში თავისუფლად უნდა ემოძრავა ცოდნასა და გამოცდილებას, უნდა გააქტიურებულიყო პროფესიული კავშირები, განსხვავებულ მოცემულობაში მომუშავე პროფესიონალებს უკეთ უნდა გაეაზრებინათ ერთმანეთის საჭიროებები და გამოწვევები, რათა მეტად დაეფასებინათ ის ძალისხმევა, რასაც ისინი კოლექტიურად და ინდივიდუალურად იღებდნენ. 

ეს ყველაფერი პოზიტიური დღის წესრიგის შესასრულებლად იყო საჭირო, რათა მედიებს ერთად ეზრუნათ სარეკლამო ბაზრის გაფართოებასა და სარეკლამო რესურსების სამართლიანად განაწილებაზე, ნაციონალურ მედიას უფრო ხშირად და კვალიფიციურად გაეშუქებინა რეგიონებში მიმდინარე ამბები, რეგიონულ მედიას უფრო უკეთ გამოეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ამის გაკეთება პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ადვილი არ იყო. რაღაც, ალბათ, გამოგვივიდა, რაღაც, ალბათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა. მაგალითად, ყოველთვის წარმატებული არ აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა, ხელი შეგვეწყო მედიების გაერთიანებების, ჟურნალისტთა ასოციაციების დაარსებისა და, რაც მთავარია, შენარჩუნებისთვის. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ამ სირთულეების საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია. რამდენიმე ჩავარდნილი მცდელობის მერე, როცა განსხვავებული პოზიციების მქონე მედიების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება არ მოხერხდა, პროფესიული პრინციპების დასაცავად ჟურნალისტები უკვე ინდივიდულურად გაერთიანდნენ. 

თანამშრომლობის სხვადასხვაგვარი გამოცდილება სექტორში კი იყო, მაგრამ არ იყო საკმარისად ბევრი თვისებრივი ცვლილების გამოსაწვევად. 

2023 წლის გაზაფხულზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, „უცხოეთის აგენტებად“ შეერაცხა ყველა, ვინც დასავლურ ორგანიზაციებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობდა, ვითარება კარდინალურად შეცვალა. უეცრად ყველანი ერთ ნავში აღმოვჩნდით, ყოველდღიურად მზარდი საფრთხის წინაშე. მართალია, ძალიან განსხვავებულები, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც, თუმცა, ძალიან მყარად შეთანხმებულები ერთ საკითხზე - დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვის ერთადერთი სწორი არჩევანია და ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

შემდეგი მძლავრი იმპულსი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაეპაუზებინა. დაუნდობელმა თავდასხმებმა ჟურნალისტებზე და მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობამ ჟურნალისტური თემი კიდევ უფრო შეაკავშირა. 

მას მერე, ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ათას საშინელებას -  ერთად ვჭამეთ ცხრა ფუთი მარილი და ერთად შევხედეთ თვალებში წარმოუდგენელ სისასტიკესა და ღალატს. ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ ერთმანეთი და დავიწყეთ ერთმანეთთან საუბარი საპროტესტო აქციებზე, მარშებზე და მის მიღმა. მათ, ვინც საბაზრო კანონების თანახმად, კონკურენტები იყვნენ, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთისთვის თავდადების შთამბეჭდავი მაგალითები აჩვენეს. ორგანიზაციებმა და ადამიანებმა საერთო ამოცანების ირგვლივ გააერთიანეს ტექნიკური, ინტელექტუალური და ემოციური რესურსები.  

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ მოკლე ვადაში შეძლო მედიის სექტორის ისე გაძლიერება, თავისი მიზნის საპირისპიროდ, როგორც წლების განმავლობაში ვერ შევძელით მედიის განვითარებაზე მომუშავე ექსპერტებმა და ორგანიზაციებმა. 

იმის მიუხედავად, რომ ახლა ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, საკანონმდებლო თუ სხვა მექანიზმებით გვირაზავენ ყველა კარს, გვდევნიან, გვემუქრებიან და ჩვენს გასაქრობად ძალისხმევას არ იშურებენ, ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური თემი მთლიანობაში და მისი ცალკეული წევრები, ასეთი ძლიერები აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. გვჯერა, რომ სიხარულისა და ბედნიერების ის განცდა, რაც ამ ერთად ყოფნამ მოგვიტანა, მთებს გადაგვადგმევინებს. და უბრალოდ ვიცით, რომ როცა ყველაფერი კარგად დასრულდება და ჩვენ-ჩვენი ნიუსრუმების რუტინას დავუბრუნდებით, ეს გამოცდილება და კავშირები იმ საგზლად დაგვრჩება, რაც უკეთეს საქართველოში უკეთესი მედიაგარემოსა და მედიასაშუალებების შექმნას შეგვაძლებინებს. 

 

ასევე იხილეთ