ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ქარდი წარწერით:
„ოპოზიციური მედია რუსთაველზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
შეკრებილ ხალხს პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს“.
„იმედი“ ოპოზიციურ მედიაში ტელეკომპანია „პირველს“
გულისხმობს. ქარდზე სწორედ საინფორმაციო გამოშვება „პირველების“
მასალის სქრინებია გამოყენებული.
სინამდვილეში ტელეკომპანია „პირველს“ 13:00-საათიან
საინფორმაციო გამოშვებაში რუსთაველის გამზირიდან ორი პირდაპირი ჩართვა
ჰქონდა და „პირველების“ მასალა სათაურით - „რადიკალების მსვლელობა
რუსთაველზე“ და „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე“ არა ოჯახის
სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს, არამედ 17 მაისის
ღონისძიებაზე „ალტ-ინფოს“ მსვლელობას ეხეოდა. რუსთაველის გამზირზე
ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალას
კი „ოჯახის სიწმინდის დღე“ ერქვა.
„პირველის“ ახალი ამბების სამსახურის უფროსი, ნოდარ
მელაძე „იმედის“ ქარდს შესაბამისი განმარტებით სოციალურ ქსელში
გამოეხმაურა.
„TV Imedi ახლა კარგად მომისმინეთ, სიყალბესაც ხომ
გააჩნია ზღვარი!!!!
ორი ჩართვა იყო გამოშვებაში, ერთი ალტ ინფოს მსვლელობა
და მეორე ოჯახის სიწმინდის დღე!!! შესაბამისი სათაურებით, ახლა
ავრცლეებენ ყალბ ქარდს თითქოს ოჯახის სიწმინდის დღეს ტვ პირველმა
პრორუსების მსვლეობა დააწერაო!!!
ვინც მანდ მუშაობთ არ გრცხვენიათ? Natia Songulashvili
აი ამას რომ კადრულობ არ გიტყდება ?“ - დაწერა მელაძემ ფეისბუქის
პირად გვერდზე.
ტელეკომპანიამ მოგვიანებით ქარდს ჩაამატა ტექსტი:
„ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ამ ქარდების გამოქვეყნებას „ტვ პირველის“
საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა“. შესაბამის
პოსტში ვკითხულობთ მელაძის განცხადების ნაწილსაც.
ნოდარ მელაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ
ტელეკომპანია „იმედმა“ ტელეკომპანია „პირველთან“ დაკავშირებით ყალბი
ცნობები გაავრცელა და სათაური განზრახ დაამახინჯა, რისი მიზანიც არხის
დისკრედიტაციაა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5
პრინციპის მიხედვით, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული
არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს
საზოგადოება. მე-11 პრინციპით, კი ჟურნალისტს ერთ-ერთ უმძიმეს
პროფესიულ დანაშაულად ფაქტის განზრახ დამახინჯება უნდა მიაჩნდეს.
მედიაში შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით
კი: „გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის
ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ
უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის
ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევის მიხედვით, გენდერული და
იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური
მიზნით 2024 წელსაც აქტუალური პრობლემა იყო და როგორც საქართველოში
მიმდინარე მოვლენებს, ისე საერთაშორისო და რეგიონულ თემატიკასაც
ეხმიანებოდა.
კვლევა - „გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული
დეზინფორმაცია“ 2024 წლის მონაცემებს აანალიზებს და დეზინფორმაციის
თემატიკას, სამიზნეებს, მეთოდებსა და წყაროებს მიმოიხილავს.
ანგარიშის მიხედვით, გენდერული და იდენტობაზე
დაფუძნებული დეზინფორმაციის 71 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც
უმეტესობა (53) წინა წლების მსგავსად - სექსუალურ ორიენტაციას, 18 კი
გენდერული ნიშნით დეზინფორმაციასა და მანიპულაციას ეხებოდა:
„ზოგიერთ შემთხვევაში გავრცელებული შინაარსი
ინტერსექციული დისკრიმინაციის ხასიათს ატარებდა და პოლიტიკური
დატვირთვის იყო, როცა რუსეთის, როგორც ე.წ. “გარყვნილი დასავლეთისგან”
მართლმადიდებლობის ერთადერთი დამცველის მესიანისტურ მისიაზე კეთდებოდა
აქცენტირება“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სახელისუფლებო
პროპაგანდის მთავარი სამიზნე პროევროპული, პროდემოკრატიული საპროტესტო
აქციები იყო, რომელთა დისკრედიტაცია ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის
გაყალბებული ვიზუალით, ქალების პროტესტის გაქილიკებით, ასევე
ქალი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ
მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით
ხდებოდა.
ანგარიშის მიხედვით, თუ წინა წლებში იდენტობასთან
დაკავშირებული თემების ინსტრუმენტალიზაციას ძირითადად კრემლისტური და
ულტრამემარჯვენე აქტორები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ახდენდნენ,
2024 წელს ამ პროცესში სახელისუფლებო მედიის როლი მეტად
გამოიკვეთა:
„შესაბამისად, იდენტობის თემაზე უცხოეთის მხრიდან
ინფორმაციით მანიპულირების და ჩარევის (FIMI) ტენდენციას ადგილობრივი
პროპაგანდა და სახელისუფლებო რესურსების სრული მობილიზება
დაემატა“.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ თემატური თანხვედრა ქართულ
სახელისუფლებო მედიას, კრემლისტურ აქტორებსა და რუსულ
პროპაგანდისტულ არხებს შორის ისეთ საკითხებზე გამოიკვეთება,
როგორიცაა: სამოქალაქო და სექსუალური განათლების გათანაბრება
იდენტობის დაკარგვასთან; დასავლეთის/დასავლელი საჯარო პირების
წინააღმდეგ ჰომოფობიური დეზინფორმაცია; უკრაინის დისკრედიტაცია:
„პროტესტის, ოპოზიციის, აქტივისტებისა და
ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული გენდერული და
იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია ყველაზე აქტიურად ანონიმური
სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშების მეშვეობით
ვრცელდებოდა“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო მედიებიდან
ყველაზე მეტად იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციისა და
მანიპულაციური შინაარსის გავრცელების მხრივ „პოსტვ“
გამოირჩეოდა, რუსულენოვან პროპაგანდისტული მედიებიდან კი
ყველაზე ხშირად იდენტობის თემატიკაზე დეზინფორმაციის წყარო Царьград-ი
იყო.
რაც შეეხება „კრემლისტურ აქტორებს,
როგორიცაა კონსერვატიულ პარტიასთან დაკავშირებული „ალტ-ინფო“,
„სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „სეზონი ტვ“, „სალტე“, სრული თემატური
თანხვედრა ჰქონდათ როგორც რუსულ პროპაგანდისტულ, ასევე ქართულ
სახელისუფლებო არხებთან“.
„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას - „გენდერული და
იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია“ სრულად გაეცანით
აქ.
„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც ადამიანის უფლებების
დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს,
საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის
შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევა 2017 წლიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდს მოიცავს
და მისი მიზანია საზოგადოებას დაანახოს, „თუ როგორ ირღვევა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი, როგორ გამოიყენება საჯარო
თანხები და რა მდგომარეობაა ამჟამად მაუწყებელში საკუთარი ფუნქციის
აღსრულებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“
სასარგებლოდ მიკერძოების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ
კითხვის ნიშნები მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა ბოლო
თვეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ
ერთხელ გამოკვეთა მისი როლი მკვეთრად „ქართული ოცნების“ მიმართ
კეთილგანწყობილი პოლიტიკის გატარების კუთხით.
მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის
გადაწყვეტილებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომ „ქართული ოცნება“
საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად, მათ შორის
დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივის გასავრცელებლად
იყენებს:
„არხის მენეჯმენტი ღიად დევნის იმ
თანამშრომლებს, რომლებიც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის გამო
პროტესტს ღიად გამოხატავენ. სწორედ აღნიშნულის გამო მოხვდა სამეურვეო
საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და დირექტორი თინათინ
ბერძენიშვილი ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაში
იმ პირების გვერდით, რომელთა დასანქცირებაც ევროპარლამენტმა
აუცილებლად მიიჩნიეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა
ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის და პროპაგანდის ხელშეწყობის
გამო“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“
მისია
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ხაზს უსვამს, რომ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და მიზანი პოლიტიკურად ნეიტრალური
და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივ ინტერესებზე
მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების მომზადება და მიწოდება უნდა
იყოს, თუმცა უკვე წლებია, რაც მაუწყებელი მასზე კანონით დაკისრებულ
ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს უხეშად არღვევს, რის
გამოც, მისი მმართველი ძალის მიმართ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს:
„„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ 2024
წელს ჩატარებულმა ორთვიანმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა
აჩვენა, რომ წინასააჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი
მაუწყებლის „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური
ამბების გაშუქებისას, „ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებულ
სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. „ხოლო, ახალი ამბების გაშუქებისას,
„მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური
განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს ეხმიანებოდა“.
უშუალოდ „პირველი არხის“ მიერ ჩატარებული შიდა წინასაარჩევნო
მონიტორინგითაც, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“
დაეთმო. იგივე აჩვენა ოდირის სადამკვირვებლო მისიის
მონიტორინგმაც“.
მაუწყებლის მმართველი რგოლის „ქართული
ოცნებასთან“ კავშირები
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“
სამეურვეო საბჭო, რომელიც 11 წევრისგან შედგება იმგვარად არის
დაკომპლექტებული, რომ მის უმრავლესობაში მუდმივად ხელისუფლებისადმი
ლოიალური და მისი კვოტით წარდგენილი კანდიდატები დომინირებენ,
რომლებიც მაუწყებელში პროსამთავრობო ინტერესების გატარებას
ემსახურებიან, რაც საბოლოო ჯამში, არხის სარედაქციო პოლიციკაზეც
მკაფიოდ აისახება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტსა და
სამეურვეო საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც „ქართული ოცნებისადმი“
ლოიალურობით გამოირჩევიან.
„გარდა ამისა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“
სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან და სხვადასხვა წამყვან
პოზიციებზე მუშაობენ ბიძინა ივანიშვილის შვილის - ბერა ივანიშვილის
ტელევიზია GDS-ის (Georgian Dream Studio) ყოფილი
თანამშრომლები, რომლებიც ვასილ მაღლაფერიძემ არხზე ღია
კონკურსის გარეშე დაასაქმა. მაგალითად,პირველი არხის საინფორმაციო
სამსახურის ხელმძღვანელი და ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელია ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო
სამსახურის უფროსი იყო. არხის ვებგვერდის მთავარი რედაქტორია GDS-ის
საინფორმაციო სააგენტო 2030.news-ის ყოფილი რედაქტორი - ირინა
დეკანოიძე. ასევე, GDS-ის ყოფილი თანამშრომლები არიან: ახალი ამბების
დღის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერები - თამუნა კენკიშვილი და
მაია ჭუჭულაშვილი; ტოკშოუს წამყვანი მაკა ცინცაძე და ფინანსური
დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე“.
სარედაქციო პოლიტიკა და ცენზურა
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე
ბოლოდროინდელმა პროცესებმა გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი
ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს „ქართული ოცნების“ არასასურველი
საკითხების გაშუქებისას ზღუდავს და კრიტიკულ ხმას სათანადო დროს არ
უთმობს, ხოლო ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ცალმხრივად, „ქართული
ოცნების“ ინტერესების შესაბამისად წარმოაჩენს.
„მაუწყებლის ამგვარი პოზიციონირებისადმი უარყოფითი
დამოკიდებულება აქტივისტებმა მაუწყებლის შენობასთან პროტესტით
გამოხატეს და მენეჯმენტს მაუწყებლის რეალური მისია ამ ფორმით
შეახსენეს. მათვე მოვლენების ადეკვატურად გაშუქება და ეთერის
საზოგადოების საპროტესტო ხმის დათმობა მოითხოვეს. მართალია,
თავდაპირველად, მაუწყებლის მენეჯმენტმა დემონსტრანტების მოთხოვნა
ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ყოველდღიურ ეთერში დაახლოებით
40-წუთიანი დრო დაუთმო, თუმცა ეთერი დაახლოებით ერთ თვეში შეწყდა და
აღარც განახლებულა“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი
მავნე პრაქტიკას აგრძელებს და აქტიურად დევნის და ავიწროებს იმ
თანამშრომლებს, რომლებიც არხის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ღიად
უპირისპირდებიან.
„სწორედ ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა
დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანის, ვასილ
ივანოვ-ჩიქოვანის ჯერ ეთერიდან მოხსნა, შემდეგ კი - გათავისუფლება,
ასევე ტოკ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის
გათავისუფლებაც. წამყვანების გათავისუფლების პარალელურად, მაუწყებელმა
დისციპლინური სანქციები დააკისრა კიდევ ოთხ თანამშრომელს, რომლებიც
„მაუწყებლის მცველების“ რიგებში არიან. ორი მათგანის მიერ
გასაჯაროებულ ბრძანებებში წერია, რომ თუკი ისინი „მაუწყებლის
სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ“ კიდევ
დააყენებენ, შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლონ“.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში,
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკადრო პოლიტიკა და თანამშრომლების
გათავისუფლების საკითხი არაერთხელ გახდა ფართო განხილვის საგანი, რა
დროსაც მაუწყებლიდან რეორგანიზაციის მოტივით ათობით თანამშრომელი
გაათავისუფლეს.
„მაუწყებელზე თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება
2017 წლიდან დაიწყო და 2021 წლის ჩათვლით პერიოდში, ჯამში 102
თანამშრომელი
გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა ნაწილმა სასამართლოში
შრომითი დავები წამოიწყო, რომელთა უმეტესობა მომჩივნების სასარგებლოდ
დასრულდა და მარტო 2017-2020 წლებში მაუწყებელს
დაახლოებით 300 000 ლარი აქვს გადახდილი გათავისუფლებული
თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით, რიგ შემთხვევებში კი
მაუწყებელი იძულებული გახდა რამდენიმე თანამშრომლი
სამსახურშიც აღედგინა. მაუწყებლიდან თანამშრომლების
გათავისუფლება შემდგომშიც გაგრძელდა“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ,
მაუწყებლის რეპუტაციასა და მისდამი ნდობას უზარმაზარი ზიანი მიაყენა
და საზოგადოების ობიექტური კრიტიკა და მწვავე პროტესტი
გამოიწვია. ასევე, გამოიკვეთა საჭიროება, რომ მაუწყებელმა
გააუმჯობესოს საკადრო პოლიტიკა და უზრუნველყოს თანამშრომელთა
უფლებების დაცვა.
საზოგადოებისა და თანამშრომელთა ნაწილის პროტესტი
მაუწყებელს
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით,
საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული გამოწვევები და პოლიტიკურ
მიკერძოებულობასთან დაკავშირებული პრობელემები კიდევ უფრო თვალსაჩინო
2024 წლის ნოემბრის ბოლოდან, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული პროევროპული
საპროტესტო აქციების ფონზე გახდა.
„პროტესტის დაწყებიდან მალევე, ქვეყანაში მიმდინარე
პროცესების ადეკვატურად გაშუქებისა და ხალხის ხმისთვის სატელევიზიო
ეთერის დათმობის მოთხოვნით, ერთ-ერთ საპროტესტო კერად მაუწყბელის
შენობაც იქცა. მართალია, დასაწყისში საზოგადოებრივი მაუწყებლის
მენეჯმენტმა დემონსტრანტების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ
ყოველდღიურ ეთერში მოქალაქეთა პოზიციის გახმოვანებისთვის დაახლოებით
40-წუთიანი დრო დაუთმო, თუმცა ეთერი დაახლოებით ერთ თვეში შეწყდა და
აღარც განახლებულა. ამდენად, იმავე მოთხოვნით,
მაუწყებელთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე, ყოველდღიურ რეჟიმში
გრძელდება“.
კოალიცია მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი
ჟურნალისტების დევნას, დაშინებასა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებას
დაუშვებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს
ჰქონდეთ პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობა,
რაც მაყურებლის წინაშე არსებული მათი უმთავრესი
ვალდებულებაა.
„ცალსახაა, რომ მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტი და
სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ის
„ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ
რეპრესიული პოლიტიკის გატარების იარაღად არის გამოყენებული. ამდენად,
კოალიცია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოქმედი მენეჯმენტის
ცვლილებას და მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინა ბერძენიშვილისა
და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და
სანაცვლოდ, პოლიტიკურად მიუკერძოებელი მენეჯმენტის
ჩამოყალიბებას“.
ვრცლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო
დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები იხილეთ
აქ.
„მედია ხმამ“ მედიაგარემოს ყოველწლიური კვლევა - „მედიაგარემო
2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის საქართველოში“
გამოაქვეყნა.
კვლევაში ის საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმებია
ასახული, რომლებიც საინფორმაციო ეკოსისტემაზე, მედიის
სიცოცხლისუნარიანობასა და მედიისადმი ნდობაზე საქართველოში გავლენას
ახდენენ. ასევე, კვლევაში გაანალიზებულია რუსული კანონისა და
საპროტესტო დემონსტრაციების ზეგავლენაც ინფორმაციულ ეკოსისტემაზე.
„ამ პროცესში შეფასებულია, თუ რა ხელისშემშლელი და
მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს მედიაში სხვადასხვა აქტორის
(მმართველი და სხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და
მედიის აუდიტორიის, აკადემიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
დონორების) მხრიდან; რა და როგორ მოქმედებს მედიისა და სხვა
აქტორებისადმი ნდობაზე და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ამ ნდობის
გაზრდა; როგორ მოქმედებს ჟურნალისტურ საქმიანობაზე პოლარიზაცია და
მასთან ბრძოლის რა საშუალებები არსებობს;
კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს კლეპტოკრატიული
მმართველობის პირობებში მედია, როგორ უმკლავდება რუსულ გავლენებს,
ტექნოლოგიური გამოწვევების პირობებში, დეზინფორმაციისა და მძლავრი
პროპაგანდის გამოწვევებს. კვლევის ერთერთი ასპექტი არის, გააანალიზოს
მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს ევროპული
ინტეგრაციის კონტექსტში“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლი
კრიზისულ სიტუაციებში და მედიის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი
ინსტრუმენტები და ტრანსფორმაციული გამოცდილების მაგალითები 2024 წლის
კვლევაში პირველად გამოიკვეთა.
„გამოკვეთილია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების დაუსჯელობის აღკვეთისთვის აუცილებელი, მიზნობრივი
სანქციებისა და საერთაშორისო სასამართლოების როლი. კვლევის სიტუაციურ
ანალიზს წარმოადგენს იმ საკვანძო მოვლენების ხაზგასმა, რომლებმაც
ზეგავლენა მოახდინა მედიის დღის წესრიგსა და მედიაგარემოზე
საქართველოში. დაკონკრეტებულია ტერნიმონოლიური ჩარჩოც და
განმარტებებიც“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა. ამ
გადაწყევტილების შესახებ ტელევზიიამ თანამშრომლებს დღეს წერილობითი
ფორმით შეატყობინა:
„როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი
მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს - „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო
ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი
ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან,
ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ
იგეგმება“.
„რეალური სივრცის“ გუნდი ტელევიზიის მენეჯმენტის
გადაწყევტილებისა და მიღებული შეთავაზების შესახებ პრესკონფერენციას
ორშაბათს, 5 მაისს გამართავს.
ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხიდან 11
აპრილს გაათავისუფლა. სოსო კაციტაძეს, თამარ მშვენიერაძესა და ტუხა
კვინიკაძეს კი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა
„საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის
სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და
ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო
უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის
დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ
გააფრთხილა.
ნინო ზაუტაშვილის არხიდან გათავისუფლების შემდეგ
„რეალური სივრცე“ „პირველი არხის“ რადიო ეთერში აღარ გასულა. გადაცემა
ტელევიზიიდან რადიოს ეთერში კი 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის
ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადავიდა.
დღეს, 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წელს, რუსული
კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების საქმის
განხილვა დაიწყო. სასამართლომ იმსჯელა მხარეების მიერ წარდგენილ
შუამდგომლობებზე და მტკიცებულებების გამოთხოვის მიზნით, საქმის
განხილვა 2025 წლის 16 ივნისამდე გადადო.
სასამართლოში სარჩელი 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის
სახელით „მედიაომბუდსმენმა“ წარადგინა. მოსარჩელები პოლიციელების მიერ
მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. საქმეს მოსამართლე
ანა ჩხეტიანი უძღვება.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, რომელიც საბოლოოდ
2024 წლის 14 მაისს მიიღო, პირველად 2023 წელს დააინიცირა, რასაც
პროტესტი მოჰყვა. მარტში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია კი
ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.
„მედიაომბუდსმენის“
ინფორმაციით, 2023 წლის 2-9 მარტის პერიოდში
სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლების მიმართ ისეთ ძალადობრივ
მეთოდებს იყენებდნენ, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის
ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური
შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში,
მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის
ჩარტყმა), სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, დამამცირებელი მიმართვა,
ძალადობის მუქარა), კამერაზე ხელის აფარება, იძულებით გაყვანა
გადაღების ადგილიდან, პარლამენტის შენობიდან გაგდება და სხვა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სპეციალურმა
საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება “მედიაომბუდსმენის” მიერ
წარდგენილ ფაქტებზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და სამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე შეუსრულებელია, რაც დამატებით
აღრმავებს უნდობლობას გამოძიების ეფექტიანობის მიმართ.
სასამართლო დავა წარმოადგენს კიდევ ერთ სამართლებრივ
მცდელობას, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოების
ინფორმირების უფლების დაცვა. აღნიშნული სარჩელის დროული და
სრულფასოვანი განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და მედიის
თავისუფლების განმტკიცებისთვის“, - წერს
მედიაომბუდსმენი.
მთლიანობაში, 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას,
რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 21
წარმომადგენელს შეეშალა, საიდანაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
9 ჟურნალისტსა და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
სასამართლოში სარჩელი კი მედიის 18 წარმომადგენლის სახელით
შევიდა.
დღეს, 28 აპრილს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია
ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სახელით
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით
მიმართა.
საიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია
ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი
ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, როგორებიცაა:
თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება
(კონვენციის მე-5 მუხლი);
საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
(კონვენციის მე-6 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის
უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის
მე-10 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების
უფლება (კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან
ერთობლიობაშ);
უფლების შეზღუდვათა გამოყენების
ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში
გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევების, რომლებიც მზია
ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი:
„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე
საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი
აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში
დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის
დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი
11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ
დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ
კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა,
ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე
მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის
გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ“
გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია
ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად
ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი
მოსამართლე სალიხ შაინიძემ
ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18
მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი
განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს
4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე
შიმშილობდა.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი
და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი
80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს.
18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა
და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი
დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ
კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით
კამპანია
დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო
ორგანიზაცია Amnesty International-მაც.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის
დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00
საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა
სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობას ითხოვს.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური
პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე
ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და
თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა
და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული
საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“
განცხადებით,დაცვის მხარე სასამართლოს
წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში
ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ
მოპყრობას დაექვემდებარება.
„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და
ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა,
რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური
დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში
ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის
Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის
ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე
აღებულ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის
მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და
დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ
საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად
არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს
ეფუძნება“.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის
ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა
საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს
უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა
დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც
მეუღლე, სევინჩ სადიგოვა
ამბობს, ძალიან მძიმეა.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის
საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს
გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3
აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24
დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ
მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე
კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
კონფერენციის პარალელურად „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“
(RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტების გათავისუფლება
მოითხოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის
შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი,
ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და
მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“
წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15
ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი
ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო
მასალებს ამზადებდა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის
ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო
საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას,
გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის
თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას
დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი
ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის
კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია
მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს
დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი,
რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“
RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა
და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი
შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას
ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ
აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს
„უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023
წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული
საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ
პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით
და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა.
პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი
ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად
გააძევა.
როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4
სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად,
(რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო
მოპყრობას განიცდიან.
RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180
ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.
თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო
კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების
ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA
ავრცელებს.
პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის
სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ
ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.
ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში
აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან
2001 წლამდე.
ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი
„არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“, თუმცა, ეს
პუნქტი მედიას არ ეხება.
29 აპრილს, დილის 9 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა,
რომელიც მეკითხებოდა ჩვენს კიდევ ერთ მეგობართანაც ხომ არ შევიდნენო.
შევიდნენ, ანუ სახლში ჩხრეკაზე, რომელიც არავინ იცის რით დასრულდება,
დაპატიმრებით თუ უბრალოდ ტექნიკის კონფისკაციით. რატომღაც ისე ხდება,
რომ ქუჩაში, მიტინგის დროს დარბევაზე მეტად ეს სახლში შევარდნები უფრო
მაშინებს. დედაჩემი, რომელიც 30-იან წლებში გაიზარდა, სულ მიყვებოდა,
როგორ აშინებდათ სადარბაზოში ნაბიჯების ხმა, კარზე კაკუნის ხმა
ჩხრეკაზე მისული ხალხის, დაპატიმრების… ამას ძალიან ხშირად
გვიყვებოდა, სხვა ტრავმებთან ერთად, როგორც ჩანს, დედას შიშები
იღვიძებს, როდესაც ვხედავ ახლობლების, ნაცნობების, თანამოაზრეების
სახლში მისულ დღევანდელ „ენკავედეს“ და ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს
ჩემთანაც მოვლენ. არც მათ დააშავეს რამე და არც მე, მაგრამ ჩვენ ხომ
„უცხო ქვეყნის ჯაშუშები“ ვართ, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ გასული
საუკუნის 30-იან წლებში.
მედია და
რეალობა
28 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“, დოკას კინოკლუბში
ირანული ფილმი აჩვენეს „წმინდა
ლეღვის თესლი“, სადაც ასეთი ეპიზოდია: გარეთ
ადამიანებს სცემენ, არბევენ, წამლავენ, აპატიმრებენ… ქალს უნდა
გაიგოს, რა ხდება ქალაქში, ტელევიზორს რთავს და კონცერტი მიდის. ეს
ირანის რეალობაა.
29 აპრილს, მასობრივი ჩხრეკების ფონზე, 14:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომა
ერთ საათს გაგრძელდა, დეტალებს არ მოვყვები, მხოლოდ ერთ მონაკვეთს
გამოვყოფ. ტელევიზიის დირექტორის მოხსენების შემდეგ, რომელშიც მან
მაუწყებლის წარმატებებზე ისაუბრა (ასეთი ეპიზოდები საბჭოთა ფილმებში
გექნებათ ნანახი, ქარხნის დირექტორი რომ გასული კვარტლის მიღწევებს
უამბობს მის ზემდგომს), ბორდის წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს და
დაამატეს:
იხილეთ ვიდეო:
ეს ახალი გადაცემაა „ხალხური“. ამ პროექტის შინაარსის
მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მისი ანოტაციაც და გადაცემებიც
აქ
შეგიძლიათ იხილოთ. გეტყვით, რომ მშვენიერი, გადასარევი ხალხური მუსიკა
ისმის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მოსამზადებელ პერიოდში, გასულ
ზაფხულს „ხალხურის“ ჯგუფმა შემოიარა მთელი საქართველო, საუკეთესო
სასტუმროებში გაჩერდა, თან დაჰქონდათ დიდი სცენა, აპარატურა… ამ
პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ოდნავ
გაცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე
ძვირადღირებული პროექტია.
თუმცა, კარგი მუსიკა ნამდვილად ისმის, იქაც კარგი
კონცერტი იყო, ირანულ
ფილმში, ტელევიზორში რომ გამოჩნდა, მაგრამ
კონტექსტი აქაც და ირანშიც ამ კონცერტებისგან
განსხვავებულია.
დღევანდელ დღეს ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო
ძალიან დიდ ფულს ხარჯავს პროპაგანდასა და გასართობ გადაცემებზე.
რუსეთის ტელევიზიაც ხომ ამით არის ცნობილი?! სანახაობა
ნებისმიერი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია, ამიტომაც არ
იშურებს ვასილ მაღლაფერიძე ხალხის ფულს მათი გართობისთვის. წლებია ამ
ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება გადაცემაზე - „მასტერ შეფი“.
ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა,
მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, 369,924-ს შეადგენდა, ამ ბავშვებს
ეკრანზე გემრიელად მომზადებული საჭმლის სანახაობას
სთავაზობენ.
იცით, ეს
გადაცემები რისთვის არის?
„სამართალდამცავები“ გარეთ რომ პროტესტში მონაწილე
ადამიანებს დაარბევენ, აქტივისტების სახლებში შეიჭრებიან, ჩვენს
ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო რომ გაიზრდება,
ადამიანებს ისევ სცემენ, დაასახიჩრებენ და საქართველოს მოსახლეობის
დიდმა ნაწილმა ამ დროს იმაზე უნდა ინერვიულოს, ვინ გაიმარჯვებს
კახეთის, იმერეთის თუ მცხეთა-მთიანეთის ჯგუფი. ვისი სიმღერა თუ კერძი
აჯობებს?! შეხედავს სცენაზე ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ წამყვანებს,
მათ ჩაცმულობასა თუ თმის ვარცხნილობაზე სხვადასხვა ძვირადღირებული
ბრენდები იზრუნებენ, იკაშკაშებს და იბრწყინებს ეკრანი, რომლის მეორე
მხარეს ჩვენ ვისხდებით, რომელთაც კი, კარზე კაკუნის გვეშინია, მაგრამ
უკან მაინც არ ვიხევთ და არ ვჩუმდებით.
მესმის, ამ ადამიანებისთვის უცხოა ეს განცდა, რადგან მათ
წინაშე საფრთხე არ არის, კარგად იქცევიან, რეჟიმის მოლაპარაკე თავები
მათ უღიმიან, ხელს ართმევენ, მადლობას უხდიან შესანიშნავი
გადაცემებისთვის... ისინიც ფიქრობენ: მე ხომ არაფერს ვაშავებ, ჩემს
საქმეს ვაკეთებ, არც მე მომწონს ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ
გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს და ოჯახს - პურს,
საზოგადოებას კი სანახაობას ვაჭმევ. დიახ, სწორედ მათზე დგას რეჟიმი,
არა მის ერთგულ მონა-მორჩილებზე, არამედ პირველ რიგში იმ ადამიანებზე,
ვინც ახლა ჩუმად არის და „თავის საქმეს აკეთებს“, აი, ასე:
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ბევრი ადამიანი
მუშაობს ისეთი, ვისაც არ მოსწონს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ამას
არც მალავს, ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებშიც კი იღებს
მონაწილეობას, ზოგი პირად საუბრებში აკრიტიკებს „ქართული ოცნების“
პოლიტიკას. ეს ადამიანები შემდეგ მიდიან სამსახურში, მაყურებელს
ართობენ და ფიქრობენ, რომ ამით არაფერს აშავებენ.
ძვირფასო მეგობრებო, მსახიობებო, ჟურნალისტებო,
იუმორისტებო… მე თქვენ გადანაშაულებთ რეჟიმის მხარდაჭერაში, მის
გაძლიერებასა და თქვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობელის,
ონისე ცხადაძისა და სხვების უკანონო პატიმრობის გამართლებაში. დიახ,
თქვენი თანამშრომლობა რეჟიმთან ამ ადამიანების პატიმრობის
გამართლებაა. ყველა, ვინც დღეს პროპაგანდისტულ მედიაში მუშაობთ და ღია
ეთერში არ ლაპარაკობთ იმ რეპრესიებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“
ატარებს, ამ ბოროტების მონაწილეები ხართ, რადგან ბოროტება ხშირად არა
სიძულვილით და დაუნდობლობით არის ჩადენილი, არამედ უპასუხისმგებლობით.
ასეთია ჰანა არენდტის მიერ მოყოლილი „ბოროტების ბანალურობა“, რომელიც
გულისხმობს იმას, რომ ბოროტება ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი
ადამიანების ჩუმ მორჩილებაში არსებობს.
ეპილოგი
29 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ მის ბინაში პირველი შეჭრისა
და ჩხრეკის შემდეგ, დიდხანს კარზე კაკუნის შიში ჰქონდა. ეს ფრაზა
„ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანამ კონტექსტიდან ამოიღო და
ქარდად აქცია. „იმედის“ თანამშრომლებმა ვერ გაიგეს, რა იგულისხმა
ილიამ, ისინი ახლა ძალაუფლების ვერტიკალში არიან და იფიქრეს, ეს
სიტყვები ილიას აკნინებს, მათ არ იციან, რომ დედაჩემს და მის თაობას
მთელი ცხოვრება გაჰყვა სადარბაზოს კიბეებიდან მომავალი ნაბიჯების და
კარზე კაკუნის ხმის შიში.
კი, ჩვენც ასე ვიქნებით და დღეს, როდესაც ერთმანეთით
ვამაყობთ, ერთმანეთის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გვაბედნიერებს, ერთად
ვშფოთავთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ამორალურად გამოიყურებით ეკრანზე
მოლაზღანდარე, ბრჭყვიალა მოლაპარაკე თუ მომღერალი თავები!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
უწყვეტი პროტესტის 112-ე დღეს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მე და
გურამ როგავა ჩვენი გადაცემისთვის ინტერვიუს ვწერდით, როცა აქციის
მონაწილეებმა კობახიძის ინტერვიუ ახსენეს. „დღეს საზოგადოებრივს
ეყოლება... ნეტავ, სტუდიაში მივა?! თუ ვერ გაბედავს და ჩაერთვება?!
ნეტავ, თუ მოვასწრებთ, შევუერთდეთ „პირველი არხის“ წინ პროტესტს?!“ -
ასეთი იყო მსჯელობა. მოგეხსენებათ, „პირველი არხის“ წინ, კოსტავას
68-ში უწყვეტი აქციებია, ეთერის გახსნის მოთხოვნით. ამ დროს გაირკვა,
რომ კობახიძე სხვა, ახალ მისამართზე მისულა. პომპეზურად გაიხსნა კადრი
და ახალი ეთერიც. ოლიგარქის პრემიერი პირველ სტუმრად შეარჩიეს. სწორედ
ამ დროს ჩემ წინ, რუსთველზე კობახიძის გამოსახულებით დროშა შევნიშნე,
წარწერით: „ნუ იყურები ირანისკენ“.
საუბარი კობახიძესთან თამთა სანიკიძემ საგარეო
პოლიტიკით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით დაიწყო. თემა
ნამდვილად აქტუალურია...
მაგრამ აი, რა ვერ მოისმინა საზოგადოებრივი
მაუწყებლის მაყურებელმა, - კითხვები, რომელსაც ხელისუფლებისგან
დამოუკიდებელი მედია აუცილებლად დასვამდა:
შეუძლებელია, კობახიძეს ამერიკაზე ესაუბრებოდე და არ
გაგახსენდეს ის, რაც შესაძლოა, პირველივე წითელი ხაზი გახდეს
ტრამპისთვის - ირანთან დაახლოება.
არ გიქმნით უხერხულობას ირანის
ისლამურ რესპუბლიკაში ორი ვიზიტი, როცა ორივეჯერ ისეთი ტერორისტული
ორგანიზაციების ლიდერების გვერდით აღმოჩნდით, როგორიცაა: „ჰამასი”,
„ისლამური ჯიჰადი” და „ჰეზბოლა“. ინაუგურაციაზე კი, რომელსაც
„ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო, სულაც ისმოდა შეძახილები
„სიკვდილი
ამერიკას“?
რამდენად თავსებადია ამერიკასთან
ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი და ჩინეთთან სტრატეგიული
ურთიერთობის გაღრმავება? მათ შორის, მათთვის ანაკლიის პორტის
გადაცემა, ბოლო-ბოლო „ესაქმებათ თუ არა ამერიკელებს შავ ზღვაში“? (ეს
ივანიშვილის ცნობილი ციტატის პერიფრაზია, რაც მამუკა ხაზარაძემ
გაასაჯაროვა).
„გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, აგენტები,
მტრები, ჩალის ფასი“
კობახიძეს შეთქმულების თეორიების ტირაჟირების საშუალება
დაუბრკოლებლად მიეცა. უკვე მერამდენედ განავითარა მითი იმის შესახებ,
რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვაზე იყო მიბმული. რა შეიძლებოდა,
გეკითხა ჟურნალისტს აქ:
ქვეყანას მისცეს კანდიდატის
სტატუსი. გამოდის, რომ ახლა ომში უნდა ვიყოთ ჩართული?
როგორ ჯდება თქვენს ,,ომის“
თეორიაში, რომ მოლდოვას საქართველოზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი
და მას ბრძოლაში ჩართვა არ მოუწია?
ამბობთ, რომ ევროპარლამენტი მისი
ბოლო რეზოლუციითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის დასჯას ითხოვს.
სინამდვილეში, „რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს,
სანქცია დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ
გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ,
ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“. ჩამონათვალში ხართ
თქვენც და „პირველი არხის“ ხელმძღვანელობაც.
ინტერვიუს ხანგრძლოვობა 1 საათი და 37 წუთია,
სანიკიძესა და კობახიძეს არ უხსენებიათ ბიძინა
ივანიშვილი.
ოლიგარქის პრემიერი პროდასავლური აქციების სასტიკ
დარბევაზე პასუხისმგებლობასაც გაექცა, თქვა, რომ გდდ-სა თუ შინაგან
საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოპერაცია იმართებოდა მკაცრი
ინსტრუქციებით, ინციდენტი კი გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე.
„პირველი არხის“ მაყურებელი
იმსახურებდა იმის გახსენებას, სინამდვილეში, როგორ იქცეოდნენ
მოგვიანებით სწორედ სისასტიკის გამო სანქცირებული ძალოვანები, მათ
შორის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), რომელიც პირდაპირ ჩართული იყო
დარბევაში და რუპორით აგინებდა მომიტინგეებს.
კობახიძისთვის წამყვანს რამდენიმე
ინციდენტზე საუბრისას უნდა შეესწორებინა და მოეყვანა მშრალი ფაქტები,
მათ შორის „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის
განცხადებიდან:
საქართველოს სახალხო
დამცველის განცხადებით, 327
დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225
აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს
ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.
ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის საქმეზეც მიეცა
დემაგოგიის საშუალება, „აბა, გერმანიაში დაარტყით ხელი პოლიციელს“, -
ღირდა კითხვის შებრუნება, - აბა გერმანიაში იძალადოს პოლიციელმა
ჟურნალისტზე, როგორი იქნება რეაგირება?! (აქვე ჟურნალისტს შეეძლო,
მაყურებლისთვის აეხსნა, რეალურად რაზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა
მზია ამაღლობელის რეაგირება პოლიციელის ქმედებაზე, დანაშაულებრივ
ძალადობად ჩაითვალოს )
აქვე უმძიმესი სტატისტიკა და ისევ მშრალი ფაქტები:
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ
აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა
დაფიქსირდა.
არ დასჯილა და არც კი გამოვლენილა მედიის
წარმომადგენლებზე მოძალადე პირები. რეაგირება - ნული!
ოლიგარქის პრემიერი აქციის მონაწილეებს თავს არაერთხელ
დაესხა. ჟურნალისტს მეტი ეცოდინებოდა პროტესტის შინაარსსა და აქციის
მონაწილეების მოტივაციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უფრო მეტ
დროს რომ უთმობდეს პროტესტს, რეჟიმის პატიმრების დედებს, რომლებმაც
თავადაც არაერთხელ ითხოვეს პირდაპირ ეთერში საუბარი. ამაზე
„რეალური
სივრცის“ რადიოეთერში დაკავებული თორნიკე გოშაძის
დედამ, მარიზი კობახიძემ აღნიშნა.
აქვე, ბონუს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის
მენეჯმენტს, როდის დაუბრუნებს სატელევიზიო სტუდიას „რეალურ სივრცეს“,
როდის მოიძებნება ახალ შენობაში ადგილი ნინო ზაუტაშვილისთვის?
ივანიშვილის პრემიერი რეპრესიულ კანონებზე დასმული
კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპორციულია.
მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა ილუსტრაციისთვის:
5000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ახლა „ოცნება“ ტოტალურად იყენებს
დემონსტრანტების წინააღმდეგ, 19-ჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.
აქვე ვკითხავდი, იღებს თუ არა
პასუხისმგებლობას „ოცნება“ იმ ათეულობით ბავშვის ჯანმრთელობაზე,
რომლებიც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების გამო გადაუდებელი და
სასიცოცხლო დახმარების გარეშე დარჩნენ.
ლეგიტიმაცია
კობახიძე ირწმუნება, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი არ აქვს,
რადგან ქვეყნის შიგნით ხმა მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა
მისცა.
არჩევნებამდე რატომ არ უთხრეს
ამომრჩეველს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაჩერებას
გეგმავდნენ? ექნებოდათ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა?
დასჯა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის
წამყვანს არ უხსენებია ის ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის
შედეგადაც საჯარო სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ
პროფესიონალ კადრებს. შეცვალეს კანონი და კომპენსაციისა თუ ეფექტიანი
სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს საჯარო მოხელეები, რომლებსაც
ხელი აქვთ მოწერილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციისთვის. ამას
წინ უძღოდა „ოცნების“ შესაბამისი მუქარა.
ჭიათურა
ინტერვიუს მსვლელობისას სოციალურ ქსელში წამყვანს
სთხოვდნენ, ეკითხა მაღაროელების პრობლემაზე. ჭიათურაში უსამსახუროდ
დარჩენილი მაღაროელების პროტესტი გამწვავდა, რაც კომპანიამ მიწისქვეშა
სამუშაოები გააჩერა. კითხვა დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტის
გარეშე.
კონტექსტი
„ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანია, რომელიც ფლობს
„ჭიათურმანგანუმს“ და ზესტაფონის გადამამუშავებელ წარმოებას,
ფაქტობრივად ისედაც სახელმწიფო მართვაშია. საწარმოში 2017 წლიდან
სახელმწიფოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი იმ მოტივით, რომ
კომპანია გარემოს აყენებდა ზიანს. ფაქტობრივ მმართველად მივლენილია
ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე
„რიჟა“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დაფინანსებას უკავშირებენ. მისი
დანიშვნის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის
მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, საწარმო კი გაკოტრებამდე
მივიდა.
ამ ინტერვიუს არ უნდა ჩაევლო „მაუწყებლობის შესახებ“
კანონში შესატან ცვლილებებზე კითხვების გარეშე. „ოცნების“ ახალი
რეგულაცია კრიტიკულ მედიას უკიდურესად ზღუდავს, მაგრამ გამოდის, რომ
ჩანაწერის რამდენიმე პუნქტი სამთავრობო მედიასაც ვერ აუვლის
გვერდს.
მაგალითად:
მსგავსი ინტერვიუ კობახიძესთან მომავალში სტანდარტის
დარღვევად ჩაითვლება, რადგან სანქციაა გათვალისწინებული: „თუ
პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და
ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ
მონაწილეობს“.
აქ კი კობახიძე თავს დაესხა ყველას: აქციის მონაწილეებს,
ოპოზიციას, მეხუთე პრეზიდენტს, ფონდებს, ენჯეოებს, ევროპარლამენტს,
ევროკავშირს, უკრაინას, ამერიკის წინა ადმინისტრაციას, მოკლედ, ყველას
- ივანიშვილის, პუტინის, ორბანის, ფიცოს გარდა.
P. S.
ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა რომ
მქონდეს, სინამდვილეში, კობახიძეს ვკითხავდი იმავეს, რაზეც მთავრობის
კანცელარიაში პასუხი არ გამცა: ვინ მიიღო ქვეყნის დასავლური
კურსის გადახედვისა და ამით აღშფოთებული ახალგაზრდების დასახიჩრების
გადაწყვეტილება, - ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის დაკვეთით თუ ოლიგარქი
თვითინიციატივით ებრძვის ხალხს?!
„პირველი არხის“ ჟურნალისტების მეთოდია მუდმივად ციტატებით საუბარი.
მაგალითად, გადაცემის წამყვანი დაიწყებს უზარმაზარი ტექსტის კითხვას
და სულ ბოლოს დააყოლებს: „განაცხადა ქვეყნის პრემიერმა“, „განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარემ“ ან სხვ. ეს ტექსტი იმდენად დიდი ხნის
წინ არის დაწყებული, რომ წარმოუდგენელია მსმენელმა გაარჩიოს
კონკრეტულად რომელი სიტყვა ეკუთვნოდა „პრემიერს“ და რომელი „მოამბის“
წამყვანს. არის კიდევ ერთი მეთოდი, როდესაც გინდა პარტიის
გზავნილი ისე გააჟღერო, რომ „ნეიტრალურად“ დარჩე. აი,
მაგალითად, 18 მარტის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტი
„დაყადაღებული ფონდების“ შესახებ, რომლის ავტორებიც არიან:
ინფორმაცია ამგვარია: 17 მარტს, საქართველოს
პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე 5 საქველმოქმედო
ფონდი დააყადაღა.
დავალება ასეთია - მაყურებელს გავაგებინოთ, რომ 5 ფონდი
ქვეყანაში ძალადობრივ წინააღმდეგობას აფინანსებს და სახელმწიფო
გადატრიალებას გეგმავს. ახლა მივყვეთ სიუჟეტს ქრონოლოგიურად და
ვნახოთ, როგორ ასრულებს ამ დავალებას პროპაგანდისტული მედია, რომელსაც
კანონი ავალდებულებს იყოს დაბალანსებული და წარმოაჩინოს საქმის მეორეც
მხარეც.
სიუჟეტი იწყება სიტყვებით, რომლებსაც პასუხი უნდა
გაეცეს: „რაში დაიხარჯა 5 ორგანიზაციის: „ნანუკას
ფონდის“, ნიკა გილაურის ფონდის - “ფროსფერითი ჯორჯია”, ფონდი
„ერთმანეთსთვის“, „სირცხვილიასა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ
2 მილიონ ლარზე მეტი? პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი
ნაწილი - ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის და ამ ფონდების
ანგარიშების დაყადაღებაც, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში
მოხდა”.
ამას ამტკიცებს პროკურატურა. ჟურნალისტის მიზანი უნდა
იყოს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი და გაარკვიოს რამდენად შეესაბამება
პროკურატურის ბრალდება სიმართლეს. რას აკეთებს ამისთვის?
პირდაპირ ეთერში კითხულობს ერთ-ერთი ფონდის
დამფუძნებლის, გუგა ხელაიას ფეისბუკ პოსტიდან
აი ამ ფრაგმენტს: „პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი
ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ
დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. „ერთმანეთისთვის“
მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და
ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე
წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. პლუს დეკლარაცია
შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად, არც ერთ ჩვენს
თანამშრომელს, ჩემი ჩათვლით, ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის
განმავლობაში”.
გუგა ხელაიას პოსტში არის სიტყვებიც, რომელიც პირდაპირ
პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - რაში დაიხარჯა ფული?
თუმცა, ეს ნაწილი სიუჟეტში ვერ მოხვდა: „ძალიან ბევრ ადამიანს
დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების,
ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო
რეალობის მისაღწევად“.
შემდეგი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც
სატელეფონო კომენტარს აკეთებს და ადასტურებს, რომ შეძენილი აქვს
აირწინაღებიც მაშინ, როდესაც მისი გამოყენება არ იყო აკრძალული. სხვა
არანაირი ინფორმაცია „ნანუკას ფონდის“ შესახებ არ ჩანს. ჟურნალისტი
მაყურებელს არ უყვება იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც ეს ფონდი
არსებობს, რომ ის ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უკანასკნელ პერიოდში,
გარდა აირწინაღებისა, ეხმარება პროტესტში მონაწილე ადამიანებს, რომ
დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და გაუმკლავდნენ ადმინისტრაციულ
ჯარიმებს. მოკლედ, ძირითადი მესიჯი „ნანუკას ფონდის“ შესახებ იყო, რომ
კი, აირწინაღები ნამდვილად შეიძინა.
მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ სად დაიხარჯა „სინამდვილეში“
2 მილიონი ლარი, ფონდების დაყადაღების საქმის მთავარი ფიგურანტი,
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი
სცემს: „ამაზრზენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ, თითქოს, ეს
თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს. ეს
არის დიდი ტყუილი. ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის
წინააღმდეგ მიმართულ კანონგარეშე ქმედებებს”.
ამის შემდეგ თათია მაყაშვილი ნიკა გვარამიას კადრების
ფონზე, გვიამბობს: „ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფონდები არა თუ
კანონს არღვევდნენ, არამედ პირიქით, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამიტომ 5 ფონდისთვის ანგარიშების
დაყადაღება პოლიტიკურ ინტერესს ატარებს“. არც ამ სიტყვებში ჩანს, რა
ფუნქცია ჰქონდა გილაურის ფონდს. ოპოზიციის განცხადებიდან ამოღებული
ციტატა პრაქტიკულად მტკიცებულებაა იმისა, რომ დიახ, „უსამართლობის
წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ“. ამას ელენე
ხოშტარიას სიტყვებიდან ამოღებული ფრაგმენტიც ადასტურებს: „უკვე
აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ინდივიდუალურად შეიკრიბა თანხები.
ამიტომ გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარობის და თანადგომის ფორმები
იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე
ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა
იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის”. აქ სადმე ჩანს
კონკრეტულად რაში მდგომარეობს დახმარება, იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც
სიუჟეტის დასაწყისში დასვა ჟურნალისტმა? არა.
ამას მოჰყვება კიდევ ორი ოპოზიციონერის კომენტარი. პაატა
მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მათ უჭირთ, რადგან ვერ
აჩერებენ გულწრფელ პროტესტს, „ნანუკას ფონდის“ დაკავება არის 21-ე
საუკუნის ჩვეულებრივი ინკვიზიცია“. ფიქრია ჩიხრაძე, „ლელო“:
„პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის „ქართული ოცნების“
ხელისუფლებას, ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლოვის
ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ
მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო
და უფრო მცირე იყოს”. პასუხი მთავარ კითხვაზე არც აქ
ჩანს.
სიუჟეტის მეორე ნახევარი ცხადია, მთლიანად „ქართული
ოცნების“ წევრების შეფასებებს მოიცავს, სადაც ისინი გვარწმუნებენ, რომ
„ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა ფონდების მიერ
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ფინანსდებოდა”, - ამბობს
სიუჟეტის ავტორი და თავის სიტყვებს გურამ მაჭავარიანის სინქრონით
ამყარებს. მას მოჰყვებიან გიორგი ვოლსკი და ირაკლი კირცხალია.
საინტერესოა, რომ სადაც მომჩივანი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური
საქართველოა“, საქმეს პროკურატურა იძიებს და მოპასუხეები ფონდების
წარმომადგენლები არიან, რატომ გადის სიუჟეტში მმართველი პარტიის 3
წევრის კომენტარი, თანაც დასკვნით ნაწილში? ამაზე პასუხს თავად ირაკლი
კირცხალია სცემს: „ასე რომ მათი ფიქრები ჩვენთვის
ნაკლებად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროკურატურისთვის, იმიტომ
რომ საქმე არის აღძრული”.
დასასრულს თათია მაყაშვილი ვრცელ
ციტატას გვიკითხავს პროკურატურის განცხადებიდან და სიუჟეტს ამ
სიტყვებით ასრულებს: „პროკურატურის განცხადებით, დაყადაღებული
ფონდებიდან ფინანსდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზება და
საჭირო ინვენტარის შეძენა”.
ერთი სიტყვით, კითხვას, რომელიც დასაწყისში დაისვა -
რაში იხარჯებოდა საქველმოქმედო ფონდების ფული, პასუხი ისევ
პროკურატურამ და ვატო შაქარიშვილმა გასცეს, დანარჩენი რესპონდენტები
უარყოფდნენ პროკურატურის ბრალდებას, მაგრამ „არ გვითხრეს“, რაში
მდგომარეობდა სიმართლე. უფრო სწორედ გვითხრეს, მაგრამ ეს სიუჟეტში არ
მოხვდა.
მაგალითად, ფონდი „ერთმანეთისთვის“ დარეგისტრირდა 2024
წლის 23 დეკემბერს, თუკი ჟურნალისტი დაინტერესდებოდა, მიიღებდა
პასუხს, რომ ფონდი ყოველთვიურად ურიცხავდა პოლიტპატიმრებს თანხებს,
მათ ოჯახებს ეხმარებოდა საჭიროებისამებრ და რამდენიმე პატიმარს,
რომლებიც ოჯახის მარჩენალი იყო, ბანკის სესხი დაუფარეს.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ფონდი 2010 წელს
დაარსდა და მისი დამფუძნებლები არიან: „წამების მსხვერპლთა
ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“, „უფლებები
საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საფარი“. მიმდინარე
მოვლენების პერიოდში ფონდი საპროტესტო აქციებში მონაწილეებს მხოლოდ
ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდა.
ფონდი „ფროსფერითი ჯორჯია“ შემოსული თანხის განაწილების
დეტალებს (2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით)
ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც აქვეყნებს. აქ
ამომწურავი პასუხია კითხვაზე, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დაისვა,
მაგრამ „მოამბის“ ჟურნალისტს ის არ აინტერესებს.
შემდეგ განცხადება
გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“:
„ნანუკას ფონდის“ შესახებ ზემოთაც აღვნიშნე და მის მიერ
გაწეული დახმარებები იმდენად საჯაროა, მასზე ინფორმაციის მოძიება
მინიმალურ მონდომებას საჭიროებს, იმ მონდომებას, რომელიც „მოამბის“
ჟურნალისტებს არ გააჩნიათ.
იქიდან გამომდინარე, რომ სტატიის, ბლოგისა თუ სიუჟეტის დასაწყისი და
დასასრული სიტყვები თუ კადრები მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად
მაყურებელი თუ მკითხველი სწორედ ამას იმახსოვრებს, მეც მინდა,
მკითხველის ყურადღება იმ დეტალზე გავამახვილო, რომელიც მთელ სიუჟეტს
ლაიტმოტივად სდევდა თან. მოგეხსენებათ, სატელევიზიო
სიუჟეტში გამოსახულებას არანაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე სიტყვებს,
ამიტომ მნიშვნელოვანია როგორი კადრებით აფორმებს „მოამბის“ ჟურნალისტი
თავის სიტყვებს.
ეს არის მთავარი პასუხი, ასე უნდა იმუშაოს სამთავრობო
მედიამ, რომელსაც დაავალეს, რომ ხალხს გააგებინოს - ფონდები
მომიტინგეების შეიარაღებას ემსახურებოდა და სახელმწიფო
გადატრიალებისთვის შეიქმნაო. ეს არის პარტიის შეკვეთა და ამას
ზედმიწევნით ასრულებს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საინფორმაციო
გამოშვება და მისი ჟურნალისტები.
სათაურში ჩვენ დავსვით კითხვა, როგორც შევასრულოთ
პარტიის დაკვეთა „ნეიტრალური ტონით“? ძირითადად, სხვადასხვა
მონიტორინგის შედეგებით, რომელიც მედიის ტონს ზომავს, „პირველი არხი“
ნეიტრალურობით გამოირჩევა, რადგან „მოამბეში“ იშვიათად ისმის
ჟურნალისტის მიერ პირველ პირში გაკეთებული შეფასებები, მაგალითად,
ისე, როგორც ეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხდება. თუმცა, დასმული
კითხვები, პასუხებიდან ამოღებული ციტატები და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია - კადრები მაინც ჟურნალისტის სუბიექტური შეფასებაა,
სადაც სუბიექტი უმეტესწილად არა თავად ის, კონკრეტული ჟურნალისტი,
არამედ ქვეყნის მმართველი პარტიაა.