გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
07.11.2024
მანანა ქველიაშვილის ფოტო / ბათუმელები

„მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა მისი უკანონოდ დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ კი საქმეს - „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ნომერი მიენიჭა და როგორც „მთის ამბები“ წერს, განმცხადებელს ეცნობა, რომ საჩივარი შესაძლებლობისთანავე განიხილება. მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის ( თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ედავება.

საქმე 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას ეხება. პოლიციამ გელა მთივლიშვილი მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს გამართულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავა. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი სასამართლომ ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციომაც.

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაკავების დღესვე მიმართა. გენერალურმა პროკურატურამ კი, ის დაზარალებულად  ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს ცნო.

„დამკავებელმა პოლიციელმა ანრი ფხაკაძემ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაადანაშაულა, რომ ის აგინებდა პოლიციელებს, ეძახდა მათ მონებს, ხელს უშლიდა მუშაობაში და ცდილობდა პოლიციელებისთვის გამოეგლიჯა, წაერთმია ერთ-ერთი დაკავებული პირი. სინამდვილეში, კეკელიძის ქუჩაზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უწყვეტი კადრებით, დასტურდება, რომ ჟურნალისტს პოლიციელებთან არც ფიზიკური და არც ვერბალური კომუნიკაცია არ ჰქონია. ის მისვლისთანავე დააკავეს. პროკურატურამ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო ივლისში, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. პირიქით, ერთ-ერთი მათგანი დააწინაურეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს“, - წერს „მთის ამბები“.

ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ უწევს. 

ვრცლად საქმის - „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ შესახებ წაიკითხეთ

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა


„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნდა. CMIS-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტოს პერიოდში, ქვეყანაში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 117 მედია ორგანიზაციას და 174 ჟურნალისტს ინდივიდუალურად შეეხო, მათი უმეტესობა კი ერთზე მეტჯერ დაზარალდა. როგორც ორგანიზაცია წერს, ამ მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ზომები მიიღო საიმისოდ, რომ დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსური და სამართლებრივი გარემო არამდგრადი გამხდარიყო. 



CMIS-ის ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში ყველაზე ხშირი ხასიათი შემდეგი სახის დარღვევებს ჰქონდა: სიტყვიერი თავდასხმები (102 შემთხვევა), სამართლებრივი ინციდენტები (81 შემთხვევა), ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევა (33 შემთხვევა), შრომითი უფლებების დარღვევა (21 შემთხვევა), რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება (15 შემთხვევა). სიტყვიერი თავდასხმის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი დისკრედიტაცია იყო - „სიტყვიერი თავდასხმის 102 შემთხვევიდან 69 წარმოადგენდა მცდელობას, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მედიასაშუალებები წარმოეჩინათ უცხოეთიდან დაფინანსებულ პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რომლებიც უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან. ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა, ძირითადად, სახელმწიფოს ეკისრება“. 

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ სუბიექტებად ყველაზე ხშირად სახელდებოდნენ: სასამართლოები (46), სამართალდამცავი უწყებები (32), პროსამთავრობო მედიასაშუალებები (27), შემდეგ კი - პარტია „ქართული ოცნება“, საქართველოს პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა, ცვლილებების უმეტესობა კი დაჩქარებული წესით, სათანადო საპარლამენტო და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე იქნა მიღებული: 

„საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების სამმა ტალღამ - 2025 წლის ოქტომბერში, 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის მარტში - კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, გააფართოვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განმეორებითი სამართალდარღვევებისთვის და მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია“. 

კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ კი ჟურნალისტები დააკავეს და დააპატიმრეს როგორც პროფესიული მოვალეობების შესრულებისას, ისე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს. მათ საანგარიშო პერიოდში, მთლიანობაში, 16 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს.

კვლევის მიხედვით, მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს, თუ როგორ დაიხურა შიდა სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმი: პატიმრობაში მყოფმა „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა ამ პერიოდში საქართველოს სასამართლო სისტემის ყველა ინსტანცია ამოწურა, უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე თქვა უარი თქვა მისი საქმის არსებითად განხილვაზე. „ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ საკუთარ ქმედებას არ ნანობს. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციებს უარი ეთქვათ მასთან შეხვედრის ნებართვაზე, ხოლო პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ მის მიერ შეტანილი ორი ცილისწამების სარჩელი განხილვის გარეშე შეწყდა. მისი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე ოთხი განაცხადია წარდგენილი“.

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის პერიოდში ზეწოლის ინსტრუმენტებს წარმოადგენდა ორი ინსტიტუცია: კომუნიკაციების კომისია და საქართველოს პარლამენტი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2026 წლის მარტში ComCom-მა სამაუწყებლო შინაარსის მონიტორინგი დაიწყო და მას შემდეგ, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეარხებს საინფორმაციო პროგრამებში გამოყენებული ლექსიკის გამო ჯარიმები დააკისრა. გარდა ამისა, ამავე საანგარიშო პერიოდში, კომისიამ უცხოური გრანტების მიმღები მაუწყებლების მიმართ ახალი შეზღუდვებიც აღასრულა. 

რაც შეეხება პარლამენტს, კვლევაში აღნიშნულია, რომ მან ჟურნალისტებს აკრედიტაციის მისაღებად დამატებითი ბარიერები დაუწესა და დაფიქსირდა აკრედიტაციის შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის 8 შემთხვევა. გარდა ამისა, „2026 წლის იანვარში შემოღებული პროცედურის ფარგლებში, სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი შვიდი განაცხადი უარყოფილ იქნა, უმეტეს შემთხვევაში ყოველგვარი განმარტების გარეშე“.

ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელში 2024 წელს დაწყებული თანამშრომელთა გათავისუფლების, დისციპლინური სანქციებისა და გადაცემების დახურვის პოლიტიკა არსებითი ცვლილების გარეშე გაგრძელდა. მასში მოხვდა პარლამენტის მიერ, 2026 წლის ივნისში, იმ ღია კონკურსისა და დამოუკიდებელი კომისიის მექანიზმის გაუქმებაც, რომლის მეშვეობით ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევდნენ. 

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო აღარ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს დევნილობაში მყოფი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის. როგორც მასში ვკითხულობთ, თუ წინა საანგარიშო პერიოდში უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში შემოსვლაზე ეუბნებოდნენ უარს, ახლა დაფიქსირდა დეპორტაციის, იძულებითი გამგზავრების და ბინადრობის ნებართვის გაუქმების შემთხვევებიც.

როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, ამ საანგარიშო წლის მნიშვნელობა არა მხოლოდ დოკუმენტირებული დარღვევების რაოდენობაშია, არამედ მედიის წინააღმდეგ მიმართული შემზღუდავი ზომების ესკალაციაშიც. კვლევაში მითითებულია, რომ ამ პერიოდში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მაუწყებლის წინააღმდეგ, პირველად შეეფარდა ჟურნალისტს ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ასევე, დაფიქსირდა საპარლამენტო აკრედიტაციის ვადამდე ადრე შეწყვეტის და ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის ერთი წლით შეჩერების შემთხვევებიც. 

ვრცლად „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ანგარიშის შესახებ იხილეთ აქ. 

 
„როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის“ - TI


„როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ისედაც დრაკონული წესი დამოუკიდებელი მედიის დევნის მექანიზმად არის ქცეული. როგორც TI წერს, სწორედ ამ წესის საფუძველზე, დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა კრიტიკული მედიის 15-მდე წარმომადგენელს შეუზღუდეს.

„წლებია, „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია, რომელიც ამხელს ყველა იმ დანაშაულებრივ სქემასა თუ კორუფციულ გარიგებებს, რომლებთანაც მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების სავარაუდო ჩართულობა ან/და კავშირები იკვეთება. „ოცნების“ გუნდს დისკოფორტს უქმნის ამგვარი თემების გარშემო დასმული ნებისმიერი კითხვა და მათზე პასუხების თავიდან არიდების მიზნით, ის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად აქტიურად იყენებს მისი გავლენების ქვეშ მყოფ ინსტიტუციებს, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, პარტიული დანამატის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში გვევლინებიან. ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ  ისინი რიგითი მოქალაქეეების გადასახადებით ფინანსდებიან და ვალდებულნი არიან უპასუხონ მათ მიმართ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვასაც კი. ამდენად, დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში არსებული ფორმალური წესების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კითხვების დასმის აკრძლვის ინსტრუმენად გადაქცევა.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ პროფესიული მოვალების შესრულება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობით სარგებლობა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, თავის მხრივ კი - ასევე „ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების კომისია მათ ბალანსის დარღვევისთვის სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უწესებს“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

რატომ უჩერებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო აკრედიტაციას კრიტიკულ ჟურნალისტებს? - ორგანიზაცია მასალაში მომხდარ შემთხვევებსაც აღწერს: 

  • „29 ივნისს, დეპუტატისთვის კითხვების დასმის გამო, პარლამენტში საქმიანობა 1 წლით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილისგან აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა მისი მეუღლე სააფთიაქო ქსელ „ავერსიდან“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირენელ კომისიაში, მას შემდეგ, რაც მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა.

  • 23 ივნისს, აგრეთვე დეპუტატისთვის შეკითხვების დასმის გამო, პარლამენტში აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს. იგი „ოცნების“ დეპუტატებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმის შესახებ უსვამდა კითხვას.

  • 22 ივნისს, იმავე მიზეზით, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერეს აგრეთვე „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ რა მისიით ჩამოდიან მათთან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რამზან კადიროვის „დაჯგუფების“ წევრები და ჩამოაქვთ თუ არა მათთან ოქრო არალეგალური გზებით.

  • 8 ივნისს, იმავე მიზეზით პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება 6 თვით აეკრძალა „ნოდარ მელაძის შაბათის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტს „ოცნების“ დეპუტატებისგან აინტერესებდა, თუ რატომ არ აქვთ მათ ზოგიერთ თანაგუნდელს - მაგალითად, ეკა ჭიჭინაძეს - წარდგენილი პარლამენტში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • მანამდე, მაისის თვეში, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადაზე ადრე გააუქმეს ონლაინგამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს. მათ საკანონმდებლო ორგანოში 4-4 აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. საპარლამენტო აკრედიტაციების გაუქმების მიზეზად ბოლო 10 კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა.

ამასთან, 26 ივნისს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის გასაშუქბელად, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს არც ერთჯერადი საშვი მისცეს“.

რას გულისხმობს საპარლამენტო აკრედიტაცია? 

პარლამენტში აკრედიტაციის წესი შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით არის დამტკიცებული. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში“ ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს. სწორედ აღნიშნული ნორმა აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების, აგრეთვე კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად. ნორმაზე მითითებით, ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს და საკანონმდელო ორგანოში საქამიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის ათობით წარმომადგენელს.

საგულისხმოა, რომ 2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ეროპარლამენტმა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პროპაგანდისტული, პროსამთავრობო „იმედს“ აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესსაც გადახედავდნენ. რაც იმთავითვე კრიტიკული მედიისადმი მუქარად იქნა აღქმული. დაპირებიდან მალევე, დაახლოებით 1 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“ აკრედიტაციის წესი მართლაც შეცვალა და მისი დარღვევისთვის სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ:

  • აკრედიტაციის წესის განმეორებითი დარღვევისთვის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების 6-თვიანი ვადა 1 წლამდე გაზარდა.

  • „დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით“, საპარლამენტო აკრედიტაცია, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ მედიასაც გაუუქმდეს, რომელსაც იგი წარმოადგენს.

  • პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით უჩერდება“.

    ორგანიზაცია სოლიდარობას გამოხატავს ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, „რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან შექმნილი მტრული სამუშაო გარემოს მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებს მის მოვალეობას და ინარჩუნებს პროფესიულ ღირსებას“. 




საია: „ფორმულასთან“ დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 10 000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

                                                                     

გუშინ, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობდა. მისი ადვოკატების განცხადების საფუძველზე, გოგა ხაინდრავას მიმართ „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. 
                                                                     

„ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას. მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა“. 

საია მიმოიხილავს იმ ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც ეს პრეცედენტი SLAPP-ად შეიძლება შეფასდეს: „კერძოდ, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული სამეფოს Anti-SLAPP Coalition-ისა და იურისტთა რეგულირების ორგანოს (SRA) შეფასებით, SLAPP-ის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი:

1) ძალთა დისბალანსი - მიუხედავად იმისა, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, ამასთანავე, პარალელურად დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიებაც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურისთვის დამატებითი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მედიაზე ზეწოლას და ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე.

2) უსაფუძვლო ან გაზვიადებული პრეტენზიები - სადავოა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სარჩელი რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

3) სასამართლო პროცესის, კანონების ან საპროცესო წესების ინსტრუმენტალიზაცია/ბოროტად გამოყენება - თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფინანსური სანქციები ხშირად გამოიყენება კრიტიკული მედიის ფინანსური დასუსტებისა და შეზღუდვის საშუალებად. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ზოგადად, საქართველოს რეალობაში, საერთო სასამართლოები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ასეთი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია ფორმულას არაერთხელ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ, ეს კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10’000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანის უფლებების უმწვავეს კრიზისში რეპრესიების სამიზნე სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა.

4) ერთი და იმავე ფაქტისა თუ საკითხის საფუძველზე რამდენიმე და კოორდინირებული სამართალწარმოება - “ფორმულას” წინააღმდეგ ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად ხდება ორი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება - სამოქალაქო დავა პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით და, სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით, რომელთან დაკავშირებითაც საიამ ასევე გააკეთა განცხადება. ასეთი მრავალმხრივი სამართლებრივი ზეწოლა დამახასიათებელია SLAPP-ისთვის, რადგან მისი მიზანია კრიტიკული მედიის ფინანსური და პროფესიული რესურსების გამოფიტვა და დაშინება.

5) სამიზნეა პუბლიკია, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს უკავშირდება - მოსარჩელემ სადავო გახადა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, საუბარია სუს-თან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო არაკანონიერ შემოყვანაზე. ეს საკითხი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და მიგრაციის პოლიტიკას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას“.

ამ ინდიკატორების გათვალისწინებით, როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, ნათელია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე დავა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით, SLAPP-ის მკაფიო ნიშნებს ატარებს. 

„საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, შეფასებებიც ადასტურებს, რომ მსგავსი საქმეები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევებს, არამედ ეს არის მედიაგარემოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილი“, - ვკითხულობთ საიას შეფასებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. მისი შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის მორიგ პრეცედენტს წარმოადგენს. 

„აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ატარებს SLAPP დავის ნიშნებს, სადაც მართლმსაჯულება საზოგადოებრივი მონაწილეობისა და კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. თავად მოსარჩელის განცხადება, რომ მიღებული ფულით მედიის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციას შექმნის, პირდაპირ მიუთითებს ამ დავის სადამსჯელო, რეპრესიულ მოტივზე. სამოქალაქო ჯარიმისა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პარალელური ამოქმედება კი ღიად აჩვენებს, რომ სახელმწიფო აპარატი სრულად არის მობილიზებული დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად.

ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი საგამოძიებო გუნდი და, ზოგადად, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, კოორდინირებული თავდასხმისა და შევიწროების სამიზნეები არიან სწორედ მათი დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. საჯარო ინტერესის მქონე თემებზე მუშაობის გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები და „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები ერთობლივად ებრძვიან თავისუფალ მედიას, რითაც ცდილობენ დააშინონ ჟურნალისტები და ქვეყანაში დაამკვიდრონ ცენზურა“, - წერს კოალიცია. 

მთივლიშვილის თქმით, კიბერთავდასხმის შედეგად „საქართველოს ამბების“ ვებგვერდი გაითიშა



„საქართველოს ამბების“/„მთის ამბების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, „საქართველოს ამბების“ ვებგვერდი კიბერთავდასხმის შედეგად გაითიშა.

მთივლიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ეს მათ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმის პირველი შემთხვევა არაა:

„ერთი, ორი, სამი - ყველაზე მოწყვლადები მაინც კიბერთავდასხმების მიმართ აღმოვჩნდით. ალბათ იმიტომაც, რომ წლების განმავლობაში, მწირი და მუდმივად შეზღუდული რესურსების ფონზე, მთელ დროსა და ენერგიას კონტენტის წარმოებას ვუთმობდით. გვინდოდა, ყველგან მივსულიყავით, სადაც ვჭირდებოდით - სიღრმისეულად შეგვესწავლა, გაგვეშუქებინა, სათქმელი რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიგვეტანა და რეალური ცვლილებები გამოგვეწვია.

ამისათვის გვერდით ვედექით ადგილობრივ ინიციატორებს სხვადასხვა რეგიონიდან, უმეტესად კი თვითონ ვაინიცირებდით და პარტნიორებთან ერთად ვახორციელებდით ადვოკატირების მრავალ კამპანიას. მათ შორის: დიალიზის ცენტრების გახსნა მთიან რეგიონებში - თითქმის ყველგან, სადაც წლების განმავლობაში ეს სერვისიც არ არსებობდა; სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მთისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; სინათლე უშუქო სოფლებში; მთის და საზღვრისპირა დასახლებების ინტერნეტიზაცია; რუსი ოლიგარქის პარტნიორზე გასხვისებული რაჭის ტყეების გამოხსნა და ბევრი სხვა. ეს იყო ჩვენი ყოველდღიური საფიქრალიც და საზრუნავიც. სამწუხაროდ, კიბერუსაფრთხოების კუთხით მედეგობა არასდროს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე.

ხოდა, ჯერ ერთი საიტი გაგვიუბედურეს - regmarket.ge, რომელიც 2015 წელს IREX-ის მხარდაჭერით შევქმენით. ეს იყო ფასიანი და უფასო განცხადებების პლატფორმა, რომელსაც ცოტაოდენი შემოსავალი მოჰქონდა და ამ რესურსს ისევ ხარისხიანი ჟურნალისტიკის შესაქმნელად ვიყენებდით. როგორც კი შევიტყვეთ, რომ საიტზე ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ განცხადებები განათავსეს და მათი წაშლა ვერაფრით შევძელით, იძულებული გავხდით, პლატფორმა დაუყოვნებლივ მთლიანად გამოგვერთო. ამ უკიდურესად რეპრესიულ და კრიზისულ პერიოდში მის აღსადგენად ფიზიკურად რესურსი არ გვაქვს.

მალევე გატეხეს ჩვენი მეორე ვებგვერდი - reginfo.ge. მასზე კახეთის საინფორმაციო ცენტრისა და შემდგომ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მასალების არქივი ინახებოდა, რომელიც საძიებო სისტემებში საუკეთესოდ იძებნებოდა. ეს საიტიც გამოვრთეთ. არქივები კი შენახული გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ხილვადი აღარ არის.

ახლა კი ჩვენი მთავარი საიტი - sakartvelosambebi.ge გატეხეს. ვვარაუდობთ, ასე მარტივად იმიტომ გვერევიან, რომ საიტები ძველ ძრავებზეა აწყობილი. მინიმალური რესურსების გამო შესაბამისი პროგრამული განახლებები ვერ უზრუნველვყავით, რამაც თავდამსხმელებს საქმე გაუადვილა. ძალიან ამოგვიჩემეს და გვარიანადაც გვაზიანებენ“.

ვებგვერდებზე მომხდარ კიბერთავდასხმებთან ერთად, გელა მთივლიშვილი პანკისის სათემო რადიოს მნიშვნელობასა და მისი დახურვის მიზეზებზეც წერს: 

„თითქოს ეს არ იყო საკმარისი, „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის გამო, იძულებული გავხდით და დავხურეთ პანკისის სათემო რადიო - პროექტი, რომელიც მრავალი გამოწვევის მიუხედავად, 10 წლის წინ შევქმენით. ამ პერიოდში უზარმაზარი საქმე გავაკეთეთ, მათ შორის ბევრი ისეთი, რაც სამსახურებრივად არც გვევალებოდა, მაგრამ ხალხს ჰაერივით სჭირდებოდა. ხეობაში რადიო მხოლოდ ინფორმაციის წყარო არ ყოფილა - მან საგანმანათლებლო მისიაც იკისრა. შეიქმნა სასწავლო ცენტრი, სადაც 500-ზე მეტმა ადამიანმა უფასოდ ისწავლა კომპიუტერული პროგრამები, ავტომობილის მართვის თეორია და პრაქტიკა, „ორის“ ბუღალტერია, საფეხმავლო გიდობა და საოჯახო ტურიზმი. სულ მცირე 40-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ სტარტაპ გრანტების (25–50 ათასი ლარი) მოპოვებასა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში.

ყველა კრიტიკულ მომენტში სათემო რადიო თემის გვერდით იდგა - იქნებოდა ეს სირიაში ახალგაზრდების წასვლის წინააღმდეგ ბრძოლა, ლაფანყურის სპეცოპერაციის მხილება და საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე, ჰესების მასობრივი მშენებლობის საწინააღმდეგო გამოსვლები თუ სხვა.

რადიოსთვის ლაფანყურის თემა წლების განმავლობაში საკვანძო იყო. პანკისის სათემო რადიო ჯერ არც კი არსებობდა, როდესაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები ვამხილეთ: ის, რომ დივერსანტები დაღესტნიდან თუ ჩრდილოეთ კავკასიიდან არ გადმოსულან (როგორც ამას მაშინდელი ხელისუფლება და პროპაგანდა ამტკიცებდა) და სინამდვილეში პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც ჩახოცეს. წლები ვაშუქებდით ამ ამბავს, ვიდრე აქ თუ საზღვარგარეთ (თურქეთში, გერმანიაში, სირიაში) სათითაოდ არ ამოხოცეს ამ საქმის ცოცხლად გადარჩენილი მონაწილეები და მოწმეები.

გვებრძოდა სუს-თან მჭიდროდ დაკავშირებული და ორგანიზებულ დანაშაულებებში (მკვლელობა, გატაცება) ჩვენ მიერ არაერთხელ მხილებული ჯგუფი, რომელსაც ზოგიერთი ადგილობრივიც უჭერდა მხარს. აორგანიზებდნენ აქციებს რადიოს წინააღმდეგ, გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და რადიოს დარბევითაც კი, თუმცა სახელმწიფოს არცერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებია!

პანკისში კეთილმოწყობილი ოფისი და სასწავლო ცენტრი გვქონდა. კეთილმოწყობილი ახლაა, თორემ როდესაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით ავიღეთ, სრულიად დანგრეული და გაოხრებული იყო: წყალი ჩადიოდა, სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკიც კი არ ჰქონდა. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ისეთი სივრცე შევქმენით, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრებიც კი ვერ მალავდნენ გაოცებას, როდესაც სათემო რადიოს პირდაპირ ეთერში სტუმრად მოდიოდნენ.

ამ ოფისიდან რომ გაგვასახლონ, ჯერ პოლიციას მიმართეს გამობარგების მოთხოვნით, ახლა კი სასამართლოში გვიჩივლა ახმეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა (წარმოშობით ხევსურმა!!!). მერად მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ბიძამისი, შენგელი ფიცხელაური, სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. ეს ოფისი „ქართული ოცნების“ ერთ ხარბ აქტივისტს დაჰპირდნენ, რომელიც დიდი ხანია ცდილობს მის ხელში ჩაგდებას.

ახლა მთავარია ქვეყანა არ დავკარგოთ. ბრძოლა ბოლომდე - ყველაფერი დანარჩენი აღდგება! სარგებელზე დახარბებული ჭია-ღუები მხოლოდ დროებით ხარობენ!“. 

ცნობისთვის, 25 ივლისს საგამოძიებო პლატფორმა „მონიტორმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ YouTube არხზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც ის 5 დღის მანძილზე გათიშული იყო. დროებით დაიბლოკა „მონიტორის“ facebook გვერდიც.

რეგიონული მედიის - TOKTV-ის ინფორმაციით, კიბერშეტევა რამდენჯერმე განხორციელდა მათ ვებგვერდზეც. 



MAC: „ქართული ოცნება“ ატარებს მიზანმიმართულ და კოორდინირებულ პოლიტიკას თავისუფალი მედიის ხმის ჩასახშობად


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოში „მედიაგარემოს გაუარესებას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის დევნის მორიგ მცდელობებს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მკაფიოდ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს მიზანმიმართულ და კოორდინირებულ პოლიტიკას თავისუფალი მედიის ხმის ჩასახშობად, ჟურნალისტთა  შესავიწროებლად და საზოგადოების ალტერნატიული ინფორმაციის გარეშე დასატოვებლად“.

როგორც კოალიცია აღნიშნავს, ბოლო დღეების განმავლობაში დამოუკიდებელი მედიის დევნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა:

„კომუნიკაციების კომისია განაგრძობს დამოუკიდებელი მაუწყებლების ცენზურას და რეპრესიული კანონმდებლობის იმპლემენტირებას. ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმეს ტელეკომპანია „ფორმულა“. დარღვევად მიიჩნიეს საინფორმაციო გამოშვებებში ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“ თუ „ივანიშვილის პრემიერი“. აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ თაობაზე ადრე  მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმის ბოროტად გამოყენებას და მედიაზე ფინანსურ თუ სამართლებრივ წნეხს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ვახო სანაია კვლავ სამართალდამცავი ორგანოების სამიზნე გახდა. მას შემდეგ, რაც ივლისში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ერთხელ უკვე შეეფარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მათ შორის, ახლად შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ) მის წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი დევნა წამოიწყო ფეისბუქის სტატუსებისა და ვიდეოს გამო. ეს ფაქტი დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნასა და დაშინების მცდელობაზე მიუთითებს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა მედიისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით სასამართლოში საჩივრების შეტანა დაანონსა. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლოს, მდგომარეობისა და ივანიშვილის სახელმწიფო უწყებებზე გავლენების გათვალისწინებით, მსგავსი განცხადება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების (SLAPP) გამოყენების რეალურ საფრთხეს ზრდის. ასეთი სარჩელები მიზნად ისახავს არა უფლებების დაცვას, არამედ მედიისთვის ფინანსური და სამართლებრივი პრობლემების შექმნას.

საგამოძიებო მედიაჯგუფის „სტუდია მონიტორის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესებთან დაკავშირებული საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნებას მოჰყვა მაღალი თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიის მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ. რეპუტაციული დაზიანებისა და სტიგმატიზაციის მცდელობა მსგავსი ახალისებს სიძულვილსა და ძალადობას ჟურნალისტების მიმართ“.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ ეს პროცესები არ არის ცალკეული ინციდენტები, „არამედ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართულ პოლიტიკას წარმოადგენს, რომლის გამოც დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შემზღუდველი საკანონმდებლო ბაზის, სისტემური დევნისა და სრული დაუსჯელობის პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა“.

 MAC-ი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს, „რომელიც მზარდი წნეხის, შანტაჟისა და დევნის მიუხედავად, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას“. 


„მედიააკადემიას“ ფუტკარაძის ნაცვლად ბონდო გასვიანი უხელმძღვანელებს


ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას აღარ შეასრულებს. ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან, ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე, გაათავისუფლეს. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ გიორგი ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 10 თებერვალს, 1 თვით დანიშნა, შემდეგ ვადა ჯერ 31 აგვისტოს ჩათვლით, ბოლოს კი კიდევ 4 თვით, 2026 წლის ბოლომდე გაუგრძელა. 




1 ოქტომბრიდან „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე  გოგა გულორდავამ ბონდო გასვიანი დანიშნა. გასვიანი 2025 წლიდან კომუნიკაციების კომისიაში ადმინისტრაციის უფროსი იყო. 

ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ კითხვებზე „მედიაჩეკერს“ კომისიიდან წერილობით უპასუხეს, რომ „განხორციელდა ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებები, გიორგი ფუტკარაძე ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ასრულებდა. დღეიდან ხელმძღვანელის პოზიციას ბონდო გასვიანი იკავებს. გიორგი ფუტკარაძე რჩება „მედიააკადემიის“ „მედიასკოლის“ მიმართულების ხელმძღვანელად. კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას შესაბამისი ჯგუფის უფროსი შეასრულებს“.

„მედიააკადემიას“ 2021 წლის სექტემბრიდან 2026 წლის 10 თებერვლამდე შორენა შავერდაშვილი ხელმძღვანელობდა. ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გოგა გულორდავამ ComCom-ის თავმჯომარედ არჩევიდან მალევე გაათავისუფლა. გიორგი ფუტკარაძე მაშინაც „მედიასკოლას“ ხელმძღვანელობდა. ის „მედიააკადემიის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. 

კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“ 2018 წელს დააფუძნა. კომისიას „მედია აკადემიის“ დაფინანსებაზე წლევანდელი ბიუჯეტიდან 3 853 205 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

„შემოგვიერთდით მათი ხმის გაძლიერებასა და სამართლიანობის მოთხოვნაში“, - PEN International-ი პატიმრობაში მყოფ „ოთხ მამაც ხმაზე“


„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“. 

PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“. 

PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან“.

მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.  

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“. 

PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო. 

რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.

იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.

PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

„მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს",  - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა. 

უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) კი ნოემბრის დასაწყისში, კონგრესს შეატყობინა, რომ RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას აპირებდა. 

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს: RFE/RL-ს, „ამერიკის ხმასა“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს. 

 
როდის იქნება „ომი“ ?

 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა დოკუმენტური ფილმი - „ჩემი არასასურველი მეგობრები - ნაწილი I, უკანასკნელი ჰაერი მოსკოვში”, რომლის ავტორიც ამერიკაში მცხოვრები რუსი დოკუმენტალისტი იულია ლოკტევაა. ის მოსკოვში 2021 წელს ჩავიდა, მისი მეგობრების, ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტების ყოველდღიური ცხოვრებისა და მუშაობის გადასაღებად, რაც იმ პერიოდში უკვე არამხოლოდ პროფესიული ვალდებულების შესრულება, არამედ ბრძოლა იყო. 2021 წელს რუსეთში უკვე ბევრი პოლიტპატიმარია, „დოჟდის“ ჟურნალისტები კი - „არასასურველი ორგანიზაციის“ წევრები და „უცხოური აგენტები“. 

5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაყურებელი ამ ჟურნალისტებს აკვირდება, მათ ცხოვრებას სახლში, ქუჩაში, აქციებზე, მანქანაში, შვილებთან, მეგობრებთან ერთად და ცხადია, სამსახურში. ამ ხნის განმავლობაში ის თითქოს ფილმის გმირებთან ერთად ცხოვრობს, ხუმრობს, იცინის, ტირის, ნერვიულობს…  და რაც მთავარია, ყველაზე ხშირად სვამს კითხვას: „ნეტავ როდის დადგება დრო, როდესაც მივხვდებით, რომ უნდა წავიდეთ?!“ მასზე პასუხი ჯერ არავის აქვს, რადგან, მიუხედავად არაერთი რეპრესიული კანონისა, ჯერ ისევ შეუძლიათ თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულება. ამიტომ ჯერ ისევ ცხოვრობენ, იბრძვიან, მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! 

უკანასკნელ პერიოდში ნანახი დოკუმენტური ფილმებიდან, რომელნიც ბელარუს ან რუს აქტივისტებს, უფლებადამცველებსა თუ ჟურნალისტებს ეხებათ, ყველაზე დამთრგუნველი იმაზე დაკვირვებაა, რამდენად ჰგავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს და არა მხოლოდ ფაქტები, არამედ შეგრძნებებიც, მოქმედებებიც, ასოციაციებიც, სიტყვებიც…უყურებ და ფიქრობ, რომ ეს ფილმი შენ შესახებ არის. 

ერთ-ერთ ეპიზოდში სონია გროისმანი ჰყვება, ღამის 4 საათზე სადარბაზოს კარზე დარეკილი ზარის შემდეგ როგორ დაიწყო ჩანთის ჩალაგება, შედარებით მოსახერხებელი საცვლები გაამზადა. მაისურები, შარვალი ჩანთაში ჩადო და ელოდა. სადარბაზოს კარს არ აღებდა, თუ პოლიციაა (და დარწმუნებული იყო, რომ მის დასაპატიმრებლად მივიდნენ), ისედაც შეაღწევდნენ. როდესაც გაარკვევს, რომ სინამდვილეში, შეცდომით მისული კურიერია, სიცილით ამბობს, რომ კარგი გაკვეთილი იყო, რადგან კომფორტული „ტრუსიკების“ ძებნა კი არ უნდა დაეწყო, არამედ კომპიუტერი უნდა გაესუფთავებინა და მომავლისთვის ეს აუცილებლად ეცოდინება. ამ ამბავს სიცილით ჰყვება და მეც მახსენდება ჩემი ჩალაგებული ჩანთა, კომფორტული საცვლებით, შარვლით, მაისურებით, რომელიც მთელი ზამთარი საძინებელში მედო და ვუყურებდი. 



სრულიად იდენტურია ასოციაციები, რომელიც ფილმის გმირებს ღამით სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებისას ჰქონდათ. მოვიდნენ! ასე იყო ჩვენი მშობლების თუ წინაპრების დროს, როდესაც მაშინდელი НКВД, „ჩეკისტები“ აუცილებლად ღამით აკითხავდნენ სახლებში, იწყებდნენ ჩხრეკას და გადაჰყავდათ იზოლატორებში, როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუშები ან სამშობლოს მოღალატეები. 

ჩვენი სოლიდარობა რომ გულს გვიჩუყებს, იქაც ასე იყო. დაკავებული ჟურნალისტის მოლოდინში გარეთ, მოსკოვის ზამთარში მომლოდინე მეგობრებს ერთი საკუთარ სახლს სთავაზობს გასათბობად, მეორე - მანქანას, მესამეს საჭმელი მიაქვს… და ეს სრულიად უცხო ადამიანები არიან, რომელთაც საერთო იდეა და მიზანი აქვთ. 

ასეთ დროს ხედავ, რომ არა მხოლოდ დიქტატურის ბუნებაა იდენტური, არამედ მასთან მებრძოლი ადამიანებისაც. 

დავუბრუნდეთ ფილმს და მის გმირებს. 

დასაწყისში ავტორი გვაფრთხილებს, რომ „სამყარო, რომელსაც ვნახავთ, აღარ არსებობს“. ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში აღარ არიან ფილმის მოქმედი გმირები. ის ცხოვრება, რომელიც არსებობდა, გაქრა. 

„მე რატომ უნდა წავიდე? მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისინი წავიდნენ!“ - ფილმის გმირებიც ზუსტად ისე ამბობენ, როგორც ჩვენ. მათთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომი გახდა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ორად ორი არჩევანი დარჩა: სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება ან გაქცევა. 

ამ ტექსტის სათაურია - „როდის იქნება ომი?“ და ომში აქ არა რუსეთის უკრაინზე თავდასხმა იგულისხმება, არამედ ის მომენტი, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უკვე არა შეზღუდვებითა თუ რეპრესიული კანონებით, არამედ პირდაპირ წამოვა ჩვენს გასანადგურებლად და არანაირი ლავირების საშუალებას არ დაგვიტოვებს. 

რუსეთის მაგალითი ბევრს გვასწავლის.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე „დოჟდის“ ჟურნალისტებმა მოასწრეს მუშაობა, ცდილობდნენ სიტყვა „ომი“ არ წარმოეთქვათ, ღიად არ დაედანაშაულებინათ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შენს განადგურებას ისახავს მიზნად, მათი წესების მიღებასა და დამორჩილებას აზრი არ აქვს, რადგან ის მაინც გაგანადგურებს. 

დღეს ჩვენ რუსეთის „ომამდე“ მდგომარეობაში ვართ, აგენტებად შეგვრაცხეს, საერთაშორისო გრანტების მიღება აგვიკრძალეს, რაც მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი იყო, კითხვებზე პასუხს არ გვცემენ და ჩვენ სრულ მარგინალიზებას ცდილობენ, ტროტუარზე დგომისთვის გვაპატიმრებენ, სოციალურ ქსელში განწირული „ყვირილის“ გამო დაჭერით გვემუქრებიან. მიიღეს რუსული კანონი, ე.წ. FARA, შეიტანეს ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, ცვლილებები შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“... „ჩვენ სულ ვფიქრობდით, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?“ - ამბობს ერთ-ერთი ეპიზოდში ანა ნემცერი. ჩვენც ხომ სულ ამას ვიმეორებთ, რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?! 

თუმცა, უარესი წინ არის, უარესი იმ სამყაროს გაქრობაა, რომლის შესახებაც ფილმის დასაწყისში გაგვაფრთხილა ავტორმა. საქართველოდანაც დაიწყო იმ ადამიანების გადინება, ვინც არა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, არამედ დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად მიდის ქვეყნიდან. ქართველი ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი მინიმალური ანაზღაურების ფასად მუშაობს იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგოს რეპრესიულ სისტემას და ამ ახალი ისტორიის დოკუმენტი შექმნას. დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობა ბრძოლაა, ისევე, როგორც ეს იყო „ჩემი არასასურველი მეგობრების“ გმირებისთვის. 

„მე რუსი ვარ და ნაწილობრივ პასუხისმგებლად ვგრძნობ თავს ყველაფერზე, რაც ჩემს ქვეყანას დაემართა. არც ერთმა ჩვენგანმა საკმარისი არ გააკეთა“, - ამბობს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო ფილმში. 

დღეს ჩვენც არ გვაქვს პასუხი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ უარესი არ იყოს?! ერთადერთი პასუხია დაუმორჩილებლობა, ამ რეპრესიული კანონებისა და რეგულაციების დაუმორჩილებლობა: ჩვენ არ დავრეგისტრირდით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, სატელევიზიო მედიის ჟურნალისტები თვეებია ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, არავინ შეარბილა ტონი, ყველა ეძებს გამოსავალს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და არ გაჩერდეს.

დღეს დაუმორჩილებლობაა წინააღმდეგობის ერთადერთი ფორმა, იმისათვის რომ ხვალ არ იყოს „ომი“, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ყველა თავისუფალ ხმას განდევნის და გაანადგურებს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
საქართველო ლამაზო


დაახლოებით ერთი თვის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა დამწყები კინორეჟისორის, სანდრო ტოგონიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ბელგიური ბოძები“. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელსაც ერთ-ერთ რეგიონში წასვლას და იქაურ აღმშენებლობასა და წინსვლაზე სიუჟეტის მომზადებას სთხოვენ. არ წასვლა სამსახურის დაკარგვის მიზეზი იქნება, წასვლა კი - საკუთარი პრინციპების ღალატი. ეს მოკლემეტრაჟიანი კინონაწარმოები იმ ტყუილსა და გამოგონილ რეალობაზეა, რომლის ნამდვილობაში ჩვენს დარწმუნებას პროპაგანდა უკვე დიდი ხანია ცდილობს. რეჟისორი იმ მახინჯ სისტემაზე მოგვითხრობს, რომელიც ამ მანკიერ ჯაჭვში ყველას ითრევს და საკუთარ ნაწილად აქცევს. უნდა იცრუო იმისათვის, რომ დირექტორმა ვალი მოიხადოს მთავრობასთან, გამგებელმა დამალოს მოპარული ფული, ჟურნალისტმა არ დაკარგოს სამსახური და მაყურებელმა დაიჯეროს, რომ ქვეყანა შენდება. სანდრო ტოგონიძის ნამუშევარი ზუსტად ასახავს იმ ტყუილის ნამდვილობას, რომელსაც გვაჩვენებს, რადგან ყველაზე მეტს იქ იტყუებიან, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. 

ყველაზე მეტად საქართველოს რეგიონებში უჭირთ, ამიტომაც პროპაგანდისტულ არხებზე რეგიონში მაცხოვრებელთა ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის და ყველაზე მეტად სწორედ, მათი ყოფის ფალსიფიკაცია ხდება. 

რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადიოდა ნოდარ ჩაჩანიძის გადაცემა - „რეგიონის ხმა“. ნოდარი რეგიონებში დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდა, მისი გადაცემა ყველაზე ზუსტად ასახავდა საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონში მაცხოვრებლების ხმა მართლაც ისმოდა ამ დაბალბიუჯეტიან გადაცემაში, რომელსაც არც ხმაურიანი ქუდი ჰქონდა, არც მაღალტექნოლოგიური გაფორმებები და არც მრავალრაკურსიანი კადრები. მიუხედავად ამისა, „რეგიონის ხმას“ არხზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ რეგიონშიც და ქალაქშიც მაყურებელი ეთერიდან საკუთარ ხმას, ანუ მის პრობლემებსა და მათზე მსჯელობას ელის. თავიანთ პრობლემებზე ყველაზე კარგად თავად საუბრობენ, უბრალოდ მათ ამის საშუალებას არავინ აძლევს. პირველ რიგში, მათ პრობლემებზე საუბარი, ცხადია, მათივე დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება.

„პირველ არხზე“, ყოველ კვირას, 21:00 საათზე, უკვე დიდი ხანია გადის გადაცემა - „მოამბე რეგიონები“, რომელიც ამბობს, რომ „ტელემაყურებელს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (სწორედ ასე წერია გადაცემის ანოტაციაში). სინამდვილეში კი, ის ყოველკვირეულად გვიყვება, რა ლამაზია ცხოვრება სოფლად. ვისაც საბჭოთა საქართველოში გვიცხოვრია და მაშინდელი „პირველი არხის“ დიქტორები და მათი ინტონაცია გვახსოვს, ყველაზე მეტად გვიჭირს „პირველი არხის“ დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებების ყურება, ეს ინტონაცია კი ყველაზე მძაფრად სწორედ ამ გადაცემაში - „მოამბე რეგიონები“ ისმის. 

საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ ერთი თვე, მაგალითად, მარტი და გადავხედოთ მის გამოშვებებს. გადაავლეთ თვალი მხოლოდ სათაურებს და მხოლოდ მათი მეშვეობითაც კი მიხვდებით - რომ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყერი, უკანასკნელი თვის გამოშვებების საერთო სურათი ლამაზი, მშვიდი, წყნარი და ბედნიერი იქნებოდა. პრობლემა, პრაქტიკულად, არსად იარსებებდა. 




და რას გვიამბობს 15 მარტის „მოამბე რეგიონები“ და მისი წამყვანი სოფელ კურსებში ჩამოწოლილ მეწყერსა და მის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე: „სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბი დაზარალებულების საჭიროებებს სწავლობს, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროებში გადაანაწილა, უკვე მეორე დღეა მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ, მცირეწლოვნებთან მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგიც“. ერთი სიტყვით, ჩამოწოლილი მეწყერის გამო კადრში ნაპრალებად ქცეული მიწის შეწებება და დანგრეული სახლების გამთლიანება ვერ შეძლეს, თორემ ისე მაქსიმალურად გაგვილამაზეს რეალობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ სტიქიაც კი ვერ იქცევა უბედურებად, თუკი ქვეყანას ძლიერი და ხალხზე მზრუნველი მთავრობა ჰყავს. (სხვაობის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ მედია გამოცემების „მაუწყებელისა“ და „მთის ამბების” მიერ მომზადებული მასალები.)

3 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, „მოამბე რეგიონები“ ისევ უბრუნდება სოფელ კურსებს და გვამცნობს, რომ „80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება“. მაგრამ არ ცდილობს გაარკვიოს, რა ელით ამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს? თუკი მათ ეკომიგრანტების სტატუსს მიანიჭებენ, რამდენს მიიღებენ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან (30 000-დან 50 000 ლარამდეა გათვალისიწინებული ) და რას შეძლებენ ამ თანხით? მაგრამ გადაცემის მიზანი არ არის დაზარალებული ადამიანების მომავალთან დაკავშირებით დასვას კითხვები, მათი მიზანია მაყურებელს აუწყონ, რომ „უსახლკაროდ დარჩენილები პირველ ეტაზე სასტუმროებში დააბინავეს, მათი დიდი ნაწილი ახლა ქირით ცხოვრობს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს“.  

როგორც ზემოთ გითხარით, სტიქია რომ არა, „მოამბე რეგიონების“ მთავარი თემები უფრო სასიამოვნო საკითხებს ეხება: „გემო ფესტი მესტიაში“, „ფრირაიდის კვირეული საქართველოში“, „ლამპრობა მულახში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში“, „ისტორიული აღმოჩენა რუსთავში“, „ზუგდიდის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები“, „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“ და ა.შ. ხშირად ამა თუ იმ საკითხის გასაშლელად სტუდიაში სპეციალური სტუმარიც მოდის და წარმატებული პროექტების შესახებ აი, ამ სტილში გვიამბობს. (გთხოვთ, იხილოთ ვიდეო).

29 მარტის გამოშვებაში ვნახეთ ვრცელი სიუჟეტი სახელწოდებით „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“, შემდეგ გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართელობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რომელმაც ამ სიუჟეტში მიმოხილულ წარმატებულ პროექტებზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა. 

„მოამბე რეგიონების“ შემოქმედებით ჯგუფს არ აინტერესებს და ამიტომ მასალასაც არ ამზადებს ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში ჩამონგრეული და ჩამოშლილი სასაფლაოების შესახებ, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვა. არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით ინტერესდება, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მის სოფლებს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ თემებზე ისევ მედია პლატფორმები „მაუწყებელი“ და „მთის ამბები“ მუშაობენ. 

კიდევ ერთი მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ „მოამბე რეგიონების“ შემოქმედებითი ჯგუფისთვის მტკივნეული პროექტებიც კი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში არსებული რამდენიმე ათეული სავაჭრო ჯიხურის, რესტორნის, კაფე-ბარის, კლუბისა თუ მაღაზიის დემონტაჟი რომ მოხდა, პირველად, 1 მარტს, ეს ამბავი ამგვარად გაშუქდა: „ზღვისპირა პარკში უნებართვოდ აშენებული და ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულების პირობებში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. უსახური შენობების დიდი ნაწილი უკვე აღებულია“. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც აზრს მხოლოდ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, ბულვარის დირექტორსა და პარტია „გირჩის“ ბათუმელ წევრს ეკითხება, თამამად აცხადებს, რომ ამ პროცესით უკმაყოფილო არავინაა.

ცოტა ხანში ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ ჩნდება არერთი პუბლიკაცია, რომელიც გვაჩვენებს, სინამდვილეში, რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები: ამისათვის მხოლოდ სათაურების წაკითხვაც კი საკმარისია. 


როგორც ჩანს, ამ უკამყოფილების ხმებმა „მოამბე რეგიონების” შემქმნელებამდეც მიაღწია, ამიტომ 5 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, გადაწყვიტეს ამ საკითხს დაუბრუნდნენ და ის კითხვები, რომელიც მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა, ბათუმის მერს დაუსვან. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პატივცემულმა გიორგი ცინცაძემ ყველა ეს ეჭვი, თითქოს რაიმე არასამართლიანად ხდება, გააქარწყლოს. 

თქვენ იკითხავთ და არ დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გადიოდეს გადაცემა - „მოამბე რეგიონები“ და იქ, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, არ მზადდებოდეს სიუჟეტი, სადაც რომელიმე რეგიონში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. მით უმეტეს, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს, ჯერ კიდევ არაერთი სოფელია გაზიფიცირების გარეშე, ბევრგან არ არის წყალი, მაღალმთიან სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. მათ შორის ამ რეგიონების მაცხოვრებლების მიერ დაფინანსებული „პირველი არხი“ კი  ხან „წრიული რბოლის ჩემპიონატის“ შესახებ გვიამბობს, ხან კი - გუდაურში აპრილის ხარისხიან თოვლზე.( იხილეთ ფოტო.)


უკანასკნელი თვე-ნახევრის სიუჟეტებს თუ გადაავლებთ თვალს, მხოლოდ ერთი იმედის მომცემი სათაურია: „ცხოვრება მაღალმთიან სოფელში“, რომელიც ეთერში 29 მარტს გავიდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების ამბავს მოგვითხრობს. სიუჟეტის დასაწყისში გვატყობინებენ, რომ ამ რეგიონის მაღალმთიან სოფლებში „გაზიფიცირება ვერ მოხერხდა“. სიუჟეტის ავტორის, ჟანა დიდებაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ აშკარად ჩანს მცდელობა, მიგვანიშნოს რომ გაზიფიცირების დაპირება არსებობდა, თუმცა სამწუხაროდ, სიუჟეტი ისე სრულდება, რომ არავის სთხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ „ვერ მოხერხდა“? 

მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ საბჭოთა წარსულშიც კეთდებოდა ასეთი „კრიტიკული“ სიუჟეტები, იმისთვის რომ ვინმეს ეჭვი არ შეჰპარვოდა ქვეყნის აღმშენებლობასა და საკუთარ კეთილდღეობაში. გთხოვთ, იხილოთ 1987 წელს მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ზესტაფონის რაიონის, სოფელ შროშაში გახსნილი გრანიტის საამქროს ხმაურით შეწუხებულ მოსახლეობაზეა და ამ სიტყვებით სრულდება: „აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარემ, არჩილ ჭანკვეტაძემ აღნიშნა, რომ საწარმოს გადატანა და ძირეული ტექნიკური გადაიარაღება მომავალი წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი. დიახ, მხოლოდ ნავარაუდევი. ვარაუდი კი მოგეხსენებათ გარანტიას სულაც არ ნიშნავს. მის იმედზე ყოფნა საწარმოს კოლექტივსაც გაუჭირდება და მობინადრეებსაც“. ამგვარ ტექსტს დღევანდელი „მოამბის“ წამყვანისა თუ ჟურნალისტისგან ვერ მოისმენთ. 






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?

„თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” - უზენაესი ძალის ამ დოქტრინალურ ფორმულირებას კაცობრიობის ნაწილი, მტკიცებულებებისა და ორ წყაროსთან გადამოწმების გარეშე, უპირობოდ და უსიტყვოდ, მინიმუმ ორი ათასი წელია ენდობა. 

ენდობა, აღიარებს და ადასტურებს, რომ სიტყვაა ღმერთი. 

თუმცა საუკუნეებგამოვლილი და ეჭვგარეშე აღიარების საპირისპიროდ, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ, ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში სდევნიან, სცემენ, უკანონოდ აპატიმრებენ და კლავენ სიტყვების გავრცელებისთვის, შეკითხვისთვის, ვარაუდის გამოთქმისთვის. ჟურნალისტობა დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე. 

სამართლიანი იქნება დაზუსტება, რომ ჟურნალისტიკა არ არის მუდმივად საშიში. საგანგაშოა ობიექტური გაშუქება ისეთი საკითხების, როგორიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა, ომი ან კორუფცია. ასეთ დროს ხდება დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია მსოფლიოში. რამდენადაც მაღალია მედიის გაჩუმების მცდელობა, იმდენად ჩანს, „ჟურნალისტები თხრიან იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები”. სხვა დანარჩენისთვის, არსებობს „სამთავრობო (და პროპაგანდისტული) მედია“.

გამონაკლისი არც საქართველოა.  

დღეს 2026 წლის 21 მარტია - ქართული ჟურნალისტიკის დღე. ყველაზე მძიმე და საშიში დრო გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის. უფრო ზუსტად, მძიმე დროა დამოუკიდებელი მედიისთვის და საშიში - ადამიანებისთვის. 

გაქვს პასუხები:

  • რატომ შეუჩერეს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიას?
  • რატომ სჯის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია?
  • რა დაემართა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას?
  • რატომ არის ციხეში მზია ამაღლობელი?
  • ვინ იმეტებდა სასიკვდილოდ გურამ როგავას?
  • რატომ სცემენ ხოლმე არჩევნების ან აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს?
  • რატომ ქრებიან ეკრანებიდან წამყვანები?
  • წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე?
  • უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?
  • შეგიძლია ცოდნის გარეშე მიხვიდე თავისუფლებამდე? 
  • როდის გრძნობ თავს დაცულად?
  • რას მოაქვს შენი თავისუფლება? 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ