პროევროპული აქციების დაწყებიდან ორი წელი გავიდა. 2024 წლის 28
ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს, რასაც საქართველოში
ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაშინ, თბილისში,
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებს შსს-ს ძალები სპეციალური
საშუალებების გამოყენებით შლიდნენ, პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად
უსწორდებოდნენ და აკავებდნენ.
ამ პროევროპული აქციების გაშუქებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტების ნაწილსაც, მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ დემონსტრაციების დასაშლელად სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების დროსაც. მათ ნაწილს დაუზიანეს ან წაართვეს აღჭურვილობაც. იმ დროს, თითქმის ორი კვირის განმავლობაში, მედიის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის 90-ზე მეტი შემთხვევა მოხდა.
ჟურნალისტები ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე და
გურამ როგავა, რომლებიც მაშინ განსაკუთრებულად დაშავდნენ, მათზე
მომხდარ თავდასხმასა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას იხსენებენ.
ჩვენ მათ ვთხოვეთ, გაეზიარებინათ, რა აღმოჩნდა ამ ორი წლის
განმავლობაში მათთვის უფრო რთული, ფიზიკური ძალადობის გამოცდილებასთან
გამკლავება თუ თავდამსხმელების დაუსჯელობა.
ალექსანდრე
ქეშელაშვილი
2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სამართალდამცველებმა სახისა და თავის არეში სცემეს და დააკავეს. წაართვეს სამუშაო აპარატურაც. მძიმე დაზიანებების გამო საავადმყოფოში იმავე ღამეს გადაიყვანეს. მას ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
ქეშელაშვილი გვიყვება, რომ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს და დაზარალებულის სტატუსიც მალე მიანიჭეს. „მაგრამ ეს იყო და ეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილი იურისტები იცავენ ჩემს უფლებებს და ყველაფერი გააკეთეს, რომ დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, მას შემდეგ არ ყოფილა არაფერი ხელშესახები ან რეალური წინსვლა, არათუ ის, რომ ვინმე დაეკავებინათ“.
„ფორმალურად ცდილობენ ერთი ან ორი სპეცრაზმელის პასუხისმგებლობა დააყენონ და წარმოაჩინონ, თითქოს ესენი იყვნენ ერთეული ფიცხი ადამიანები, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტეს.
ჩემს შემთხვევაში იყო დიდი კორდონი, რომელიც შედგებოდა, როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისგან და ასევე, ნიღბიანი სპეცრაზმელებისგან“, - ამბობს ალექსანდრე.
იმ ღამეს მასზე თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო. ქეშელაშვილი იხსენებს, რომ სხვა ჟურნალისტებთან ერთად, პოლიციის კორდონთან საკმაოდ ახლოს, რამდენიმე მეტრში იდგა და აშუქებდა აქციას, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა. „ჯერ არ გვქონდა ნანახი ის ძალადობა, რაც შემდგომ დღეებში უკვე მთელმა საზოგადოებამ ნახა. სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე ათეული პოლიციელი შემოცვივდა აქციის მონაწილეების მხარეს. მაგრამ ისე მოხდა, რომ ფაქტიურად მედიის ჯგუფი მოგვაქციეს ალყაში. ზურგიდან შემითრიეს კორდონში და მაშინვე დამიწყეს ცემა“.
როგორც ალექსანდრე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულად ურტყამდნენ, სამუშაო ტექნიკა, ორი ფოტოაპარატი, ძალიან ფაქიზად მოხსნეს, ფაქტობრივად გაძარცვეს და ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, სახეზე არაერთი დაზიანების მიუხედავად, თავის არეში მძიმე ტრავმებს დამცავი ჩაფხუტის წყალობით გადაურჩა.
ქეშელაშვილს, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტებს, პრესის მაინდენტიფიცირებელი ნიშანი, ე.წ. ბეიჯი იმ ღამესაც ეკეთა და ამის შესახებ სამართალდამცველებსაც პირველივე წუთებიდან ეუბნებოდა.
რამდენიმე თვეში „პუბლიკას“ ნაცემი რეპორტიორი ალექსანდრე ქეშელაშვილი ამ საქმეზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. „ბრალი დამდეს, თითქოს მე ვეწინააღმდეგებოდი პოლიციას. ერთადერთი წინააღმდეგობა, რასაც ვცდილობდი, იყო, რომ სახე დამეფარა, რომელშიც მირტყამდნენ. სავარაუდოდ, ამისთვის მე მცნეს სამართალდამრღვევად“.
მასზე ძალადობის ეპოზოდზე კი ამ დრომდე არავინ დასჯილა, მისთვის არც კამერები დაუბრუნებიათ.
„იმის გამო, რომ წლებია გარეთ, სხვადასხვა სირთულის სიტუაციებში ვმუშაობ, ჩემთვის მოულოდნელი და შოკური არც ყოფილა, რომ ვინმე თავს დამსხმოდა და ეძალადა ჩემზე. შემდგომ დღეებშიც უფრო რთული იყო ის, რომ ვერ ვმუშაობდი და ვერ ვასრულებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას.
ამ ორი წლის განმავლობაში, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა იმის ყურება, რომ ამ ხელისუფლების და სისტემის წინ თითქოს რაღაც დეჰუმანიზებული არსება ვარ. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში ისინი შეიძლება თავს დაგესხან…
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი ან ორი ადამიანი
დასაჯონ, ჩემთვის მთავარია, რას ვხედავ სახელმწიფოს უმაღლესი პირების
მხრიდან. ეს ძალადობა არის საბოლოო წერტილი, რომელიც იწყება მათი
მხრიდან ამ სიტყვიერი დეჰუმანიზებით, როდესაც ვიღაცებზე ამბობენ, რომ
„რადიკალები“, „ტერორისტები“, „ექსტრემისტები“ არიან, ან
„დასაძინებელი“ ობიექტები. შესაბამისად, მერე ამ აღმასრულებლების
მხრიდან ძალადობა ლოგიკური უფროა, ვიდრე მოულოდნელი შემთხვევა.
ჩემთვის, ბევრად უფრო რთულია იმის ყურება, რომ მოქალაქეები ვართ
დაუცველები და დაუცველები ვართ ზუსტად იმ სისტემის წინაშე, რომელიც
პირიქით, ჩვენს დაცვაზე უნდა ზრუნავდეს“.
გურამ
როგავა
ორი წლის წინ, 28-29 ნოემბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე
პროევროპული აქციის დაშლის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას სპეცრაზმელი
თავს დაესხა
მაშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავას. მან კისრის
მე-7 მალის და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.
როგავაზე თავდასხმიდან წელიწადნახევარში „ფორმულას“ გადაცემაში - „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა გაარკვიეს. 2 დღეში, 7 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტზე თავდამსხმელი დააკავა. უწყებაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ვიდეო მიმართვა როგავამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ იყო ის პირი, ვისზეც მათ წყარომ ინფორმაცია მიაწოდა.
12 ნოემბერს კი, ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეუფარდეს, თუმცა გურამ როგავა არ იზიარებს, რომ სწორედ კირკიტაძეა ის პირი, ვინც მასზე იძალადა. როგორც ის ამბობს, განაჩენის შესახებ მას საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ ტელეფონით შეატყობინა, როგავას არ მიეცა სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალება, ის დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად, არც გამოსაკითხად დაუბარებიათ.
„დღემდე ეჭვქვეშ ვაყენებ, რომ მსჯავრდებული ნამდვილად ის პირია, ვინც მე დამესხა თავს. მოვითხოვდი შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებასაც, თუნდაც იმის დასადგენად, რატომ არ ემთხვევა ფორმალურად დაკავებულის და რეალური თავდამსხმელის ფიზიკური მონაცემები ერთმანეთს. გურამ კირკიტაძე ბევრად დაბალი, მომცრო ტანისაა, ვიდრე ის სპეცრაზმელი, რომელიც თავდასხმის კადრებში ჩანს. ჩემი ინფორმაციით, რეალური თავდამსხმელი კვლავ თავისუფალია, რადგან ის სხვა არანაკლებ გახმაურებულ საქმეში მთავარი ფიგურანტი იყო, მათ შორის ლევან ხაბეიშვილისა და დავით ქაცარავას ჯგუფურად ცემისა და წამების ეპიზოდებში. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა ე.წ. წამების მანქანებში, სადაც მოქალაქეებს აწამებდნენ, აშიშვლებდნენ, აფურთხებდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდნენ“.
გურამ როგავა უშედეგოდ ითხოვდა ამ პირის დაკითხვასაც. „არც დაიბარებენ ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლების სათავეში, რადგან ეს კონკრეტული სპეცრაზმელი უპირობოდ ასრულებდა უკანონო სისხლიან დავალებებს და ამიტომაც ოლიგარქის მიერ შექმნილი სისტემა, ჩემზე რეალურ თავდამსხმელს იმუნიტეტს ანიჭებს. ის იმდენად დიდ და მძიმე ინფორმაციას ატარებს, რომ მას არ ეხებიან“.
როგორც როგავა ამბობს, გასული ორი წლის განმავლობაში მისთვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმასთან გამკლავებაზე მეტად, იმის გაცნობიერება აღმოჩნდა უფრო რთული, რომ სახელმწიფომ რეალური მოძალადის იდენტიფიცირებასა და დასჯაზე არ იზრუნა.
„ეს ორი გამოცდილება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, თუმცა, ალბათ, უფრო მძიმე მეორე აღმოჩნდა. ფიზიკურ ტკივილთან გამკლავება რთული იყო, ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური ტრავმა, მაგრამ ყველაზე მძიმეა იმის გააზრება, რომ დამნაშავეს მფარველობს სახელმწიფო.
აი, ასე მუშაობს ივანიშვილის „აღდგენილი“ სამართლიანობა.
ეს არ არის, მხოლოდ ჩემი პირადი უკმაყოფილება, ეს არის კითხვა
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე - შეუძლია თუ არა ხელისუფლებას
საკუთარი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ ჩადენილი
დანაშაულის ობიექტური გამოძიება, მაგრამ როგორ გამოიძიებს ობიექტურად,
როდესაც თავად ხელისუფლება არის უკანონო ბრძანების გამცემი. მაშინ
ვისი იმედი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს? დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავს,
რადგან ეს უსამართლობა ყველა იმ მოქალაქის მისამართზე მივა, ვინც ახლა
ჩუმად ადევნებს თვალს ქვეყანაში არსებულ
განუკითხაობას“.
მაკა ჩიხლაძე
2024 წლის 7 დეკემბრის ღამის გახსენება დღემდე რთულია „ტელეკომპანია
პირველის“ ჟურნალისტისთვის, მაკა ჩიხლაძისთვის. მაშინ, პირდაპირ
ეთერში მუშაობისას ჩიხლაძეს და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს
ნიღბიანი, შავებში ჩაცმული პირები დაესხნენ თავს და სასტიკად
გაუსწორდნენ.
„არ ვიცი, ვისი ემოცია უფრო მძაფრი იყო, ვინც მიყურებდა, თუ ჩემი, იმიტომ რომ იმ მომენტში შოკისგან ვერ ვახერხებდი ბევრი რამის გააზრებას. ჩემთვის მერე უფრო მტკივნეული და მძიმე იყო იმ კადრების ნახვა, მე ხომ ის ნიღბიანი პირი სინამდვილეში არ დამინახავს, რამაც გადამარჩინა. ექიმიც ამბობს, რომ მე რომ ის დამენახა და მცირედი წინააღმდეგობა მაინც გამეწია, მე დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. როდესაც კადრებში ხედავ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და სულ ვცდილობ, არ ვნახო. გულწრფელი რომ ვიყო, ჩემს კადრზე მეტად, კიდევ უფრო მეტად მიმძიმს და ცრემლის გარეშე არაფრით არ შემიძლია ვუყურო და ვუსმინო გიორგიზე თავდასხმის კადრებს, ჩემს ოპერატორზე, რომელსაც, არ ვიცი, კაცებს ვერ ვიტყვი, რაღაც არსებები წიხლებით შესდგნენ ერთ ადამიანს. მისი არაადამიანური ხმა არასდროს არ ამომდის ყურებიდან, არასდროს.
განცდა და შეგრძნება მაქვს, მაშინაც და ახლაც ის, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივ ქუჩაში დადიან, ვითომ არაფერი მომხდარა და სახელმწიფო, რომელიც მე უნდა მიცავდეს, მეუბნება, რომ აი, იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. აი, რა უნდა ქნან, ვერ მოახერხეს?! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჟურნალისტური გამოძიებით, რამდენიმე სახელი და გვარი მივაწოდეთ. არც ისე მიამიტი ვარ, მჯეროდეს, რომ ამ ადამიანების დასჯა ვინმეს უნდა. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ მწვანე იმ დღეს, ზუსტად იცოდნენ, რომ არც არავინ დასჯიდა და ამიტომაც გააკეთეს ის, რაც გააკეთეს“.
დაზარალებულად მაკა ჩიხლაძეც ცნეს, თუმცა როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, „ეს საქმე სულ თაროზე შემოდებული იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია“, რადგან „მისი გამოძიება არავის არ უნდა“.
„გამომძიებელი რომ მოვიდა იმ დღეს ჩემთან კლინიკაში, მე მაშინ ვუთხარი, რომ ჩემთან რატომ მოდიხართ, რა არის ჩემთან სასწრაფო, წადით და ამოიღეთ ახლომდებარე ქუჩების კამერების ჩანაწერი, სადაც უნიღბოდ გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები. ქუჩებიც კი მივუთითე, სად უნდა მისულიყვნენ. მთელი ქალაქი ხომ ნიღბით არ უვლიათ?! რაღაც ადგილას გაიკეთეს. ძალიან მარტივი იყო ამის დადგენა. სატელეფონო ანძები ამოეღოთ, უამრავი რაღაცის გაკეთება შეეძლოთ. და რა დევს დღეს საქმის მასალებში? მაკულატურა. იმდენი ფურცელია, რომ გეგონება გამოძიებამ თავი მოიკლა და იმუშავა.
ამდენი ხნის განმავლობაში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ვერ ჩაატარეს თურმე, რომ სახის ამოცნობა გაეკეთებინათ. არადა ჩვენ რომ ჩვენი გადაგდებული ჩიპი ვიპოვეთ შავი მასალის, იქ ბევრად კარგი გარჩევადობა იყო და შესაძლებელი იყო მათ შორის, ნიღბებში ამ ადამიანების ამოცნობა. სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა“.
როგორც მაკა გვიყვება, „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმ დღეს ჩემს განცდებს უკავშირდება, ეს არის პოლიციის ორი ავტომობილი, რომელმაც მე იქ მიმატოვა. გავიგე, რომ რაღაც დავალებას ასრულებ, რომ რეაგირება არ უნდა მოახდინო, მაგრამ როდესაც შენ თვალწინ ადამიანებს კლავენ, შენ კი შეტრიალდები, მანქანაში ჩაჯდები, დაქოქავ და წახვალ… ან იმ ღამეს როგორ დაიძინეს, ან სახლამდე რომ მივიდნენ, სანამ გაიგებდნენ, მოვკვდით თუ გადავრჩით, ან მთელი ეს ორი წელი როგორ ცხოვრობენ, მართლა არ ვიცი.
მარტო ის კი არა, რომ იმ დღეს მიმატოვეს, მივხვდი, რომ საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც შეიძლება ვენდო, რომლის იმედიც შეიძლება მქონდეს. ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს რომ რამე გაუჭირდეს, ვის უნდა მიმართოს, ვის უნდა მივმართოთ?! ისე მიჭირს ამაზე დაფიქრება და სულ ვცდილობ, რომ აღარ ვიფიქრო, შევეგუე ამ ამბავს, რომ სახელმწიფო არ გვაქვს ჩვენ.
ამის ყველაზე კარგი გამოხატულება იყო, სალომე ზურაბიშვილმა რომ დაგვაჯილდოვა და რომ მივედით თაბაშირიანი, თვალებდალურჯებული, ზოგი ყავარჯნით ხელში, ეს ჟურნალისტები ისეთი სანახავები იყვნენ, სრულიად უხმო კადრი რომ გაუშვა, გასაგებია, რა გვჭირს მედიას საქართველოში“.
2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული, უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათგან 200-მდე კი მხოლოდ მიმდინარე წელს მოხდა.
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“
განცხადებით, საქართველოში პროევროპული საპროტესტო
აქციების დაწყებიდან ორ წლის შემდეგ ჟურნალისტების წინააღმდეგ
ძალადობა უმეტესად კვლავ დაუსჯელი რჩება, რეპრესიებში კი სულ უფრო
მეტი სახელმწიფო ინსტიტუტი ერთვება. სამართლებრივი დევნა,
ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, სარედაქციო შინაარსის კონტროლი და
ფინანსური მარწუხები - RSF-ი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი
ჟურნალისტიკის გასანადგურებლად სისტემური კამპანია
მიმდინარეობს.



