„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შეშფოთებას
გამოთქვამს
იმის გამო, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული პირები
კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციას და
საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მათდამი სიძულვილის გაღვივებას
ცდილობენ. ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარი ქმედებები
ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
გუშინ, 17 იანვარს „ექსპრესნიუსმა“ გაავრცელა
განცხადება,
რომლის მიხედვითაც, გამოცემის დამფუძნებელსა და რედაქტორს, ირაკლი
მანაგაძეს პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების
სამსახურის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა და „ამოძირკვით“ დაემუქრა.
„ექსპრესნიუსი“ გრძელიშვილის მუქარას ამოძირკვასთან
დაკავშირებით სერიოზულ საფრთხედ აღვიქვამს, რადგან მათი ინფორმაციით,
ძალოვან უწყებებში ის დიდი გავლენით სარგებლობს. „გრძელიშვილი
ხელმძღვანელობს პარტიის პროპაგანდისტული მედიის მუშაობას, მათ შორის
ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავი2-ს“ დაქვემდებური ჰყავს
რამდენიმე ახალი ამბების სააგენტო და ონლაინ გამოცემა“, - ვკითხულობთ
განცხადებაში.
გამოცემა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მისი
თანამშრომლის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კი პარტია „ქართული
ოცნებას“ მოუწოდებს, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად შიდა მოკვლევა
ჩაატაროს და შედეგები გაასაჯაროვოს. „ასევე უზრუნველყოს, რომ მისი
თანამშრომლები დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობაში არ
ერეოდნენ, ჟურნალისტებს პატივისცემით ექცეოდნენ და კანონის დაცვით
მოქმედებდნენ“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანგარიშის - „ინფორმაციის თავისუფლება:
მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ“ მიხედვით,
განვლილი 2 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხის
მკვეთრმა უკუსვლამ საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებაზე
არსებითი მნიშვნელობის ნეგატიური გავლენა იქონია.
„2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში
დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. რუსული კანონის
მიღება, მედიის სხვადასხვა მეთოდით შევიწროება და საქმიანობაში
ხელშეშლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არადემოკრატიულად ჩატარებული
საპარლამენტო არჩევნებითა და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მიერ ამ დრომდე
არაღიარებული პარლამენტისა და მთავრობის არაკონსტიტუციური
გადაწყვეტილებით გაგრძელდა. ამ ფონზე, არსებითად დამძიმდა მედიისა და
ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე
საფრთხეებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა
დაემატა. დემოკრატიის უკუსვლამ ბუნებრივად განაპირობა საჯარო
დაწესებულებების ანგარიშვალდებულების შემცირება“.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის
გამომწვევი არა მოქმედი კანონმდებლობა, არამედ მისი სრული და
სისტემური უგულებელყოფაა.
„მედიის წარმომადგენლების მიერ საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნისას, უმეტეს შემთხვევაში, სახეზეა საჯარო დაწესებულებების
მხრიდან ყველაზე საბაზისო კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფა.
მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით
მიღება არის უკიდურესად საგამონაკლისო შემთხვევა“.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საჯარო ინფორმაციის
განცხადებათა დაახლოებით 60% საჯარო დაწესებულებებმა რეაგირების
გარეშე დატოვეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის
უხეში დარღვევაა. საჯარო ინფორმაციის 204 განცხადებიდან კი 10-დღიანი
პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 12 (6%) დაკმაყოფილდა.
„საჯარო დაწესებულებები, როგორც წესი, ხელოვნურ
დაბრკოლებებს უქმნიან განმცხადებლებს, რათა თავი აარიდონ მოთხოვნილი
საჯარო ინფორმაციის გაცემას“.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“
შეფასებით, პრაქტიკაში, როგორც წესი, ადმინისტრაციული საჩივრის
მექანიზმი თავის ფუნქციას არ ასრულებს, რაც, მათ შორის, საჯარო
დაწესებულებების მიერ მათი განხილვის არათანმიმდევრული პრაქტიკით არის
განპირობებული. ადმინისტრაციული ორგანოები უფლების შემზღუდველ
დანაწესებს არასწორად/ფართოდ განმარტავენ, რაც, ხშირ შემთხვევაში,
საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას იწვევს, მისი გაცემისთვის
საჭირო საკანონმდებლო წინაპირობების არსებობის
შემთხვევებშიც.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში არ არსებობს
დამოუკიდებელი გარე საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე დროული და ეფექტიანი
ზედამხედველობის განხორციელებას შეძლებდა.
„საერთო სასამართლოებში, საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობაზე სამართალწარმოება წლების განმავლობაში გრძელდება.
სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს
რისკი იმისა, რომ იმავე/მსგავსი შინაარსის ინფორმაცია საჯარო
დაწესებულებამ კვლავ არ გასცეს“.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ინფორმაციის თავისუფლების
საკითხებზე IDFI-ის მიერ დასრულებული და მიმდინარე საქმეები მოწმობს,
რომ მედიას საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროცესში არსებითი,
როგორც წესი, უკანონო სამართლებრივი და პრაქტიკული დაბრკოლებები
ექმნება.
„მთლიანობაში, მედიის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ
ჟურნალისტს მიეცემა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის
შესაძლებლობა, ფაქტობრივად არ არსებობს. საჯარო დაწესებულებების მიერ
კანონის სისტემური დარღვევების მიღმა, არსებობს სხვადასხვა ტიპის
გამოწვევები, რომლებიც უშუალოდ კანონიდან ან/და კანონის არასწორი
ინტერპრეტაციიდან მომდინარეობს“.
IDFI-ის შეფასებით, სასამართლო სისტემა სისტემურ
უკანონობაზე ეფექტიანად ვერ რეაგირებს და სასამართლოში რამდენიმე წელი
გრძელდება, მათ შორის, ისეთი დავების განხილვა, სადაც სახელმწიფოს
მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული უგულებელყოფა
აშკარაა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მედიაგარემოს შეფასების
დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა: ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის
წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული
საქმეები, წინასაარჩევნო პერიოდი მედიის მიმართ, დეზინფორმაციული
კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის
გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული სხვა ძირითადი
გამოწვევები.
დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელიც მიზნად
საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს.
კვლევის - „საქართველოს მედიაგარემო 2024“
ძირითადი მიგნებებია:
● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედია,
განსაკუთრებით კი მისი დამოუკიდებელი და კრიტიკული სეგმენტი, მძიმე
გამოწვევების წინაშე იდგა.
● მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული
ფაქტებით გამოირჩევა. ძალადობის მსხვერპლი განსაკუთრებით
დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები
არიან.
● მმართველი პარტიის მიერ მიღებული „რუსული კანონი“ მიზნად ისახავს
დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას,
საქმიანობის შეზღუდვას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. ეს კანონი
ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს, წარმოადგენს
სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა
და ევროინტეგრაციის გზაზე.
● ხელისუფლების დანაწილება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა. სახელმწიფო
ინსტიტუტების პოლიტიზაცია და მმართველი პარტიის მიერ მათი მიტაცება
განსაკუთრებით მძიმედ აისახება მედიის თავისუფლებაზე.
● საქართველოს პარლამენტი თანდათანობით იქცა დახურულ სივრცედ
დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის
აკრედიტაციის ახალი წესების შემოღებით და უსაფრთხოების გამკაცრებული
ზომებით, რამაც არსებითად შეზღუდა ჟურნალისტების შესაძლებლობა,
გააშუქონ საპარლამენტო საქმიანობა.
● დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სტრატეგიული
სამართალწარმოების სარჩელები (SLAPP) კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად
რჩება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული
პირების მიერ წარდგენილი სარჩელები ხშირად დაშინების იარაღად
გამოიყენება და მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის
შეზღუდვისაკენ.
● დეზინფორმაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება.
განსაკუთრებით - შიდა დეზინფორმაცია. ყოველდღიურად ხელისუფლების
მხრიდან ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდება. შიდა პროპაგანდის
სამიზნე არიან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციები და მათი
ჟურნალისტები.
● საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ ნიშნულამდეა
მისული.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ წინასწარ დასკვნებს
აქვეყნებს. წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების
შესახებ მისიის მოხსენების მიხედვით, პოლარიზებული მედიაგარემო და
კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით
ინსტრუმენტალიზაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების
გაშუქებაზე, რაც ამომრჩევებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის
გაკეთებაში.
„მედია მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ
პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ
პარტიებთან აფილირებული კერძო პირებზე, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელ
ჟურნალისტიკას. ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ
განხორციელებული არაერთი თავდასხმისა და დაშინების აქტებისა და
ზეწოლის გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. ODIHR
-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა
მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური
მიკერძოება და კომერციული სატელევიზიო არხების მიერ ახალი ამბების
მიუკერძოებელი გაშუქების კანონიერი ვალდებულების უგულვებელყოფა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია
უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი
ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო
პარტიას. კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის
ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ
წარმოებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას.
პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და
წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი მონაწილეობა მიეღოთ
დებატებში, ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების
შესაძლებლობას“.
მედია
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის
მოხსენების მიხედვით, მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ
პოლარიზებულია და ფართო პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სტრუქტურებს
აძლიერებს. მედიასაშუალებები ფინანსური გამოწვევებით სავსე გარემოში
მუშაობენ, რასაც სარეკლამო ბაზარზე არსებული დეფიციტიც ემატება, რის
გამოც ისინი დამოკიდებული ხდებიან პოლიტიკურ და
ბიზნესინტერესებზე.
„ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ
განხორციელებული არაერთი თავდასხმის, დაშინებისა და ზეწოლის
აქტების გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. სამოქალაქო
ცილისწამების პროცედურებთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარანტიების
მიუხედავად, სამოქალაქო ცილისწამების საფუძვლით ბოლო დროს წარმოშობილი
საჩივრები ოპოზიციასთან აფილირებული მედიასაშუალებებისა და
ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებით დასრულდა, რაც
ძირს უთხრის საგამოძიებო ჟურნალისტიკას და კიდევ უფრო მეტი გამოწვევის
წინაშე აყენებს ფინანსურად მყიფე მედია გარემოს“.
ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო
მისიასთან საუბარში მხარეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ საჯარო
ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვან ბარიერებთან არის დაკავშირებული.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიაზეც.
„საკანონმდებლო ნორმების თანახმად მაუწყებლები ვალდებული
არიან დაიცვან მიუკერძოებლობა და იმოქმედონ სამართლიანი და
პლურალისტური მიდგომებით; თუმცა, აღნიშნული მხოლოდ თვითრეგულაციის
საგანია მაშინ, როცა უფასო და ფასიანი რეკლამის განთავსებისა და ასევე
დებატების გამართვის მარეგულირებელი ნორმების აღსრულებას
კომუნიკაციების კომისია უწევს მეთვალყურეობას. კომუნიკაციების
კომისიის წევრთა დანიშვნის პროცედურა არ უზრუნველყოფს მის
დამოუკიდებლობას, რის გამოც ეს უწყება სანქციების დაწესების
მეტისმეტად დიდ ძალაუფლებას ფლობს მაუწყებელთა უმრავლესობას, მათ
შორის კომერციულ მაუწყებლებს, კანონი ავალდებულებს მნიშვნელოვანი
ოდენობის საეთერო დრო საარჩევნო სუბიექტებს გამოუყონ. თუმცა, ODIHR-ის
მიერ გაცემული რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ უფასო საეთერო დრო და
დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო
სუბიექტებს ჰქონდათ. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მარეგულირებელმა ნორმებმა,
რომლებიც იყენებენ ცნებას „სხვა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო
მიზნებს ემსახურებიან“ და მათმა ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებამ
კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოებს ექვსი მაუწყებელის
დააჯარიმების შესძლებლობა მისცა და შეუსაბამოდ შეზღუდა ოპოზიციურ
პარტიათა უფლება წინასაარჩევნო აგიტაცია მედიასაშუალებებით
ეწარმოებინათ“.
როგორც მისიის ანგარიშში ვკითხულობთ, მაუწყებლები
ვალდებული არიან შეამოწმონ პოლიტიკური პარტიის შინაარსი. „ქართული
ოცნების“ საჩივრების შედეგად კი, სამი ტელეკომპანია არაერთხელ
დაჯარიმდა იმის გამო, რომ ეთერში არ განათავსა „ქართული ოცნების“
კონკრეტული წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც ტელეკომპანიის
განმარტებით კანონის, მათ შორის „სიძულვილის ენის შესახებ“ ნორმებს
არღვევდა.
„ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ კომუნიკაციების
კომისიისთვის წაყენებულ წინა მოთხოვნებს უარი ეთქვა პროცედურული
საფუძვლით. შედეგად მთავრობასთან დაკავშირებულმა ორმა ტელეკომპანიამ,
რომელთა მონიტორინგსაც ODIHR-არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია
აწარმოებდა, 11 ოქტომბერს სრულად შეწყვიტა ოპოზიციურ პარტიათა
წინასაარჩევნო რეკლამების გაშუქება. „ძლიერი საქართველოსა“ და „
ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ საჩივრები სასამართლომ ძალაში
დატოვა, მთავრობასთან დაკავშირებული რამდენიმე მაუწყებელი კი
დაჯარიმდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი დაჩქარებულ
პროცედურებს არ უზრუნველყოფს, კანონდარღვევები არ გამოსწორებულა, რაც
ძირს უთხრის ოპოზიციის შესაძლებლობებს თანაბარი პირობებით აწარმოოს
წინასაარჩევნო კამპანია“.
ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 18-დან 25
ოქტომბრის პერიოდში ექვსი ტელეკომპაიისა და ორი ონლაინ
მედიასაშუალების მონიტორინგი განახორციელა.
„ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა
მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური
მიკერძოება; კანონის მოთხოვნის მიუხედავად კომერციული ტელეკომპანიები
არ იცავდნენ ახალი ამბების მოუკერძოებელი გაშუქების ვალდებულებას.
ტელეკომპანიების უმრავლესობამ ახალი ამბების გაშუქებისას
წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“
მიუძღვნა. თუმცა, კომერციული ტელეკომპანიების გაშუქების ტონი
თანხვედრაში იყო საჯაროდ აღქმულ პარტიულ მიკერძოებასთან.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი
უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი)
წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“
დაუთმო (58 პროცენტი). “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამართულ
ერთადერთ დებატებში მთავრობისა და ძირითადი ოპოზიციური პარტიების
წარმომადგენლებმა არ მიიღეს მონაწილეობა, მას შემდეგ რაც ოპოზიციური
პარტიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს
მონაწილეობაზე“.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის
შეფასებით, მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად
გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ გაშუქებას და
ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას.
„პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი
ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების
უარი მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლების უზღუდავდა
ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას თბილისში 18
ექსპერტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი
წარმოადგენდა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებს დააკვირდა 42
ქვეყნის წარმომადგენელი 530 დამკვირვებელი, მათ შორის ODIHR-ის 30
ხანგრძლივვადიანი და 332 მოკლევადიანი დამკვირვებელი და ასევე ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის 60-წევრიანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია, ევროპარლამენტის
12-წევრიანი დელეგაცია და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38- წევრიანი
დელეგაცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის
სახლთან გამართული შეკრების მონაწილეებს 5 000-ლარიანი ჯარიმები
დაუწესა.
მოსამართლე ციცინო მოსიძემ 9 პირის, მათ შორის 3
ჟურნალისტის: გელა მთივლიშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძის, ეკა კუხალაშვილისა
და მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, ვლადიმერ აფხაზავას, ირინა
ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეები
განიხილა.
მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის
საცხოვრებელ სახლთან გამართული შეკრების გამო 7 თებერვალს,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილით
შეუდგინეს.
26 იანვარს, მოსამართლის სახლთან შეკრებილებმა მზია
ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიერ წინა
დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოქროპირაშვილმა მზია
ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი აღკვეთის ღონისძიების
შეცვლას ითხოვდა, 25 იანვარს, განუხილველად დატოვა.
„მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, 19 ნოემბრის საქმეზე,
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის კანონიერი მოთხოვნის
დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სერგი ბარამიძის
იურისტის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სხდომა საქალაქო
სასამართლოში უახლოეს საათებში გაიმართება.
19 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი,
სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის
გამოყენებით დააკავეს
და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბარამიძე
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც გამოიკითხა, თუმცა დაზარალებულად
ცნობილი ამ დრომდე არ არის.
19 ნოემბერს, პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე
მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც
ჟურნალისტებიც დაშავდნენ.
დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იან წილს არხის
გენერალურ დირექტორსა და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ
გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცემს.
მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თებერვალს
გაფორმდა, მასში ვკითხულობთ: „წილის მიმღები წილის გამსხვისებლის
საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის
გამსხვისებლისათის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის
ოდენობით“.
„ფორმულას“ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზურაბ გუმბარიძემ 7 თებერვალს
მიმართა. თუმცა, ამავე დღეს რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება
შეაჩერა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებითი
დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.
ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, ტელეკომპანია
„ფორმულას“ წილები ასე გადანაწილდება:
მიხეილ მშვილდაძე - 12.25%
ირაკლი საღინაძე - 12.25%
ზურაბ გუმბარიძე - 38.25%
გიორგი ლიფონავა - 12.25%
„თავისუფლების ფორმულა“ - 25%
ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22
ივლისს
დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან
დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა,
რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის
დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების
ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“
შეუერთდა.
თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ
მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა
ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის
(51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი
გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან
25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს
სიმბოლურად 1 ლარად
გადასცა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის
დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00
საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა
სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობას ითხოვს.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური
პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე
ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და
თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა
და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული
საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“
განცხადებით,დაცვის მხარე სასამართლოს
წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში
ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ
მოპყრობას დაექვემდებარება.
„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და
ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა,
რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური
დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში
ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის
Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის
ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე
აღებულ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის
მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და
დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ
საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად
არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს
ეფუძნება“.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის
ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა
საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს
უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა
დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც
მეუღლე, სევინჩ სადიგოვა
ამბობს, ძალიან მძიმეა.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის
საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს
გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3
აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24
დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ
მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე
კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
კონფერენციის პარალელურად „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“
(RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტების გათავისუფლება
მოითხოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის
შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი,
ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და
მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“
წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15
ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი
ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო
მასალებს ამზადებდა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის
ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო
საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას,
გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის
თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას
დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი
ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის
კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია
მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს
დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი,
რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“
RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა
და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი
შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას
ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ
აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს
„უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023
წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული
საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ
პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით
და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა.
პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი
ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად
გააძევა.
როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4
სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად,
(რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო
მოპყრობას განიცდიან.
RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180
ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.
თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო
კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების
ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA
ავრცელებს.
პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის
სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ
ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.
ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში
აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან
2001 წლამდე.
ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი
„არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“, თუმცა, ეს
პუნქტი მედიას არ ეხება.
ამ ბლოგში, როგორც თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში“
წერია, მხოლოდ უტყუარ ფაქტებს, ზუსტ მონაცემებს დავეყრდნობი და
დასკვნების გამოტანას მკითხველს მოგანდობთ.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც
ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. პირველ დღეებში
სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციების დასარბევად სპეციალურ
საშუალებებსაც იყენებდა. შსს-ის ძალები განსაკუთრებული აგრესიით
გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენლების მიმართ. ისინი ჟურნალისტების
ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ შორის აღმოჩნდნენ
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებიც.
შესადარებლად ვნახოთ, როგორ გააშუქა მაუწყებელმა დათო
ბეჟანიშვილისა და ბესო გაფრინდაშვილის შემთხვევები. ტელევიზიის
პირდაპირი ჩართვის ოპერატორი, დათო ბეჟანიშვილი 29 ნოემბერს
სპეცრაზმელებმა სცემეს, „მოამბის“ ოპერატორს, ბესო გაფრინდაშვილს კი 4
დეკემბერს საპროტესტო აქციის მონაწილის მიერ ნასროლი პიროტექნიკა
ხელში მოხვდა.
“საპროტესტო აქცია თბილისში. რუსთაველზე შეკრებილების
მოთხოვნა, დაპირისპირება პოლიციასთან და დაკავებები”, - ასეთია
12-საათიანი „მოამბის“ ინტრო. ამ გამოშვებაში ნახსენებია დაშავებული
ჟურნალისტები, მაგრამ არ არის ნაჩვენები კადრები.
„მოამბის” წამყვანი, ლიზა წიკლაური გვიამბობს, რომ:
„გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე,
სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული სხვადასხვა საშუალებების
შედეგად აქციის მონაწილეებთან ერთად დაშავდნენ ასევე, სხვადასხვა
მედიასაშუალების წარმომადგენლები. მათ შორის არის „საზოგადოებრივი
მაუწყებელის“ ჩართვის თანამშრომელი დავით ბეჟაშვილი, რომელსაც სახის
და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.”
ამის შემდგომ მასალაში წამყვანი ამბობს, რომ გასულ
ღამეს, „აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ. 20-ზე
მეტი წარმომადგენელი დაშავდა უფრო კონკრეტულად, მათ შორის ფიზიკური
დაზიანება მიიღო „ფორმულას“ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ, „პუბლიკას”
ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა და ასევე, „რადიო თავისუფლების”
ჟურნალისტმა, დავით ცაგარელმა.”
ამის შემდეგ „პირველი არხი“ უკვე ამ შინაარსის
განცხადებას ავრცელებს: “რუსთაველის გამზირზე აქციის
მიმდინარეობისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათ
შორის დაზიანება მიიღო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელმა
დავით ბეჟანიშვილმა. პირველი არხი მიმართავს
შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ და მოახდინონ
რეაგირება, ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში,
ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან.”
15:00-საათიან „მოამბეში“ უკვე გავიდა, „რადიო
თავისუფლების“ ლოგოთი, გურამ როგავაზე თავდასხმის კადრები. ასევე,
ჩანს დავით ბეჟაშვილის ცემის კადრებიც, მაგრამ მისი იდენტიფიცირება და
ახსნა, რომ სწორედ ეს ადამიანია „პირველი არხის“ ჩართვის ოპერატორი არ
ყოფილა. ასევე, იდენტიფიცირების გარეშე ჩანს „რადიო თავისუფლების”
ჟურნალისტზე თავდასხმის რამდენიმეწამიანი კადრი.
29.11.2024, „მოამბე” 18:00
საათზე, წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც
გამოთქმული პროტესტის გამო, დაახლოებით ერთ თვეში გამოშვებას ჩამოაცილეს.
18:00-საათიან „მოამბეში“ ჩანდა, რომ წამყვანის ტექსტი,
რომელიც ჟურნალისტების დაშავების ფაქტებს დეტალურად აღწერდა, ეთერში
გასულ კადრებთან აცდენილი იყო. მიზეზი გახლდათ ის, რომ ვასილ
ივანოვ-ჩიქოვანის ტექსტი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და არ იყო შეთანხმებული
წინასწარ აწყობილ კადრებთან.
ამის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ 29.11.2024-ის
„მოამბის“ მთავარ გამოშვებაში, 21:00 საათზე,
მაყურებელი დეტალურად მოისმენდა და ნახავდა ინფორმაციას ტელევიზიის
დაშავებული თანამშრომლის შესახებ, მაგრამ ასე არ მოხდა.
„დაშლილი საპროტესტო აქცია და დაშავებული
ჟურნალისტები“, - პირველივე
სიუჟეტიამ სახელწოდებით გადის. აქაც ისმის
დაშავებული ჟურნალისტების გვარები, მაგრამ ისევ და მაინც არ არის
აღწერილი, როდის, რა პირობებში და რამდენად დაშავდნენ ისინი.
კადრებში, რომელიც ეკრანზე ჩანს, დაზარალებულების იდენტიფიცირება ისევ
შეუძლებელია. “რამდენიმე ჟურნალისტი სამართალდამცავთა მიერ ძალის
გადამეტების შედეგად დაშავდა და მათ საკმაოდ მძიმე დაზიანებები
მიიღეს, მათ შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ჯუფის
წარმომადგენელი დავით ბეჟანიშვილი, „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ
როგავა, „რადიო თავისუფლების” რეპორტიორი, დავით ცაგარელი, ონლაინ
გამოცემა “რესპუბლიკას” [იგულისხმება „პუბლიკა“, ნ.კ.] ჟურნალისტი
ალექსანდრე ქეშელაშვილი და სხვები“, - ისმენს მაყურებელი.
ბოლოს, მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 9 დეკემბერს,
21:00-საათიან “მოამბეში” გადის ვრცელი სიუჟეტი
დაშავებული ჟურნალისტების შესახებ, რომლის ავტორიც ბელა ზაქაიძეა. აქ
მაყურებელი ნახავს ინტერვიუს ყველა დაშავებულთან და მათ შორის დათო
ბეჟანიშვილთანაც.
ბესო გაფრინდაშვილის საქმე
ბესო გაფრინდაშვილი 04.12.2024-ის „მოამბის“
12:00-საათიანი
გამოშვების პირველივე სიუჟეტში - „დაშავებულების
მდგომარეობა“ ახსენეს და ოთხჯერ, განმეორებით აჩვენეს კადრი, როგორ
ესვრის მას აქციის მონაწილე პიროტექნიკას. შემდეგი სიუჟეტის
სახელწოდებაა - „საპროტესტო აქცია თბილისში“, სადაც „მოამბის”
წამყვანი, ლიზა წიკლაური დაშავებული მედიის წარმომადგენლების შესახებ
კითხულობს ტექსტს: “რაც შეეხება უშუალოდ მედიის წარმომადგენლებს,
როგორც უკვე მოისმინეთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე,
პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი
ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მას აქციის
ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო
გაფრინდაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია
სამედიცინო დახმარება, თუმცა დამატებითი კვლევებისთვის ის გადაიყვანეს
საავადმყოფოში. ოპერატორს ხელი აქვს დაზიანებული და ის კლინიკიდან
ცოტა ხნის წინ გაწერეს.”
04.12.2024-ის 15:00-საათიან
„მოამბეში” წამყვანი „პირველი არხის“ თანამშრომლის დაზიანების შესახებ
ისევ გვიამბობს და ისევ განმეორებითი კადრებით გვაჩვენებენ
მომიტინგეს, რომელიც ბესო გაფრინდაშვილს ფოიერვერკს დამიზნებით
ესვრის.
თუკი, 12:00-საათიან „მოამბეში“ ექიმის სატელეფონო
ინტერვიუ გაუშეს, რომელიც დაზარალებულების შესახებ ჰყვებოდა და რთული
გასარჩევი იყო, ვის მდგომარეობას აღწერდა, 15:00-საათიან გამოშვებაში
უკვე მისი ვიდეო ინტერვიუ აჩვენეს, რომელიც დაშავებული ოპერატორის,
ბესო გაფრინდაშვილის შესახებ ამბობს: „შემოვიდა ჩივილებით, ტკივილები
მესამე/მეოთხე თითის საფრჩხილე ფლანგის არეში. დაედო რბილი ნახვევი
ფლანგებზე და რეკომენდაციით გაეწერა ბინაზე.”
4 დეკემბრის მთავარ გამოშვებაში -„მოამბე”
21:00 საათზე, ისევ განმეორდა ტელევიზიის ოპერატორის
დაშავების ამბავი, სადაც ნაჩვენები იყო ექიმის კომენტარი, აქციის
მონაწილის კადრები განმეორებით, რომელიც ბესო გაფრინდაშვილს
ფოიერვერკს ესვრის და ოპერატორი სასწრაფო დახმარების
მანქანიდან.
როგორ ფიქრობთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“
საინფორმაციო გამოშვებაში ერთი და იმავე პერიოდში დაზარალებული
თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია რატომ გაშუქდა განსხვავებულად?
მაგალითად, თუკი ერთ შემთხვევაში არ დასახელდა თავდამსხმელი, არ
გვაჩვენეს დაზარალებული და არ ჩაწერეს ექიმის კომენტარი, რატომ
მოიქცნენ მეორე ინციდენტის დროს საპირისპიროდ? რატომ გვაჩვენეს
თავდამსხმელი, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ექიმის
კომენტარი?
სამაგიეროდ, 30 იანვარს, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც არხის მენეჯმენტის
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა,
თინა ბერძენიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განსხვავებული
პოზიციის მქონე ჟურნალისტების და მათ შორის, ვასილ ივანოვ ჩიქოვანის
მისამართით თქვა: „მე არ მახსოვს, ჩვენს თანამშრომლებს, იმ ოცამდე
ადამიანს, რომელიც ახლა იდეას იცავს, დათო ბეჟანიშვილის სახელი და
გვარი ეხსენებინოს სადმე. რატომ? რადგან ის ცნობადი სახე არ არის?
რადგან ის ჩართვის ოპერატორია?”
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ მეც მოვყვები ერთ პატარა ამბავს,
მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ საინტერესო რამეს გაგიზიარებთ კოლეგებთან
ერთად, მაგრამ სხვა ფორმატში.
ამ სქრინზე ჩანს "პირველი არხის" ვების რედაქტორთან, ირინა
დეკანოიძესთან ჩემი ბოლო მიმოწერა.
2024 წლის 19 აპრილს ფლორიდაში, ქართველმა ემიგრანტებმა
საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს
თბილისში შეკრებილ თანამოქალაქეებს. იმ დროს მეც იქ ვიყავი და
შეკრების ორგანიზატორებს ამბის გავრცელებაში ვეხმარებოდი.
ემიგრანტების თხოვნით, ძალიან ამომწურავი ინფორმაცია
(პრესრელიზის სახით), ფოტოები და ვიდეომასალა პირადად ირინა
დეკანოიძეს გავუგზავნე.
ყველას გვეგონა, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არათუ
კეთილ ნებას გამოიჩენდა, არამედ, ვალდებულიც კი იყო, ემიგრანტებისთვის
დაეთმო ყურადღება, თუმცა, დეკანოიძისგან პასუხად მხოლოდ ეს დამცინავი
ემოჯი მივიღე -
ასეთი რეაქცია ძალიან გულსატკენი იყო
ყველასთვის.
“საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ანუ საზოგადოების ყველა
წარმომადგენლის, მათ შორის ქართველი ემიგრანტების ტელევიზიიდან,
წესით, ზუსტადაც რომ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, -
”საზოგადოებრივი მაუწყებელის” იდეაც ხომ ეს არის, მაგრამ,
სამწუხაროდ, დღეს საზმაუს ხალხისთვის არ სცალია.
ირინა დეკანოიძე იყო ის ერთ-ერთი რედაქტორი, რომელიც
“საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ჩემზე თავდასხმის ამბავს
ბლოკავდა.
ამ თემის იგნორირება "მოამბის" თანამშრომლების ნაწილმა
ხმამაღლა გააპროტესტა და მათ შორის იყო ვასილ მაღლაფერიძის კადრად
მიჩნეული ჟურნალისტიც, მას უკითხავს: “რატომ არ ვაშუქებთ ჩვენს
კოლეგაზე თავდასხმას? სხვა სააგენტოს ნიუსს რატომ უნდა ვდებდე
ფეისბუქზე, მინდა, ჩვენი ვებგვერდის მასალა გავაზიაროო".
გაინტერესებთ, რა უპასუხა ირინამ? -
წნეხის შედეგად, ჩემზე თავდასხმა პირველად 10 საათის
დაგვიანებით აჩვენეს "მოამბის" ეთერში.
29 ნოემბერს, 15 საათსა და 11 წუთზე აიტვირთა "პირველი
არხის" საიტზე მასალა სათაურით -
"დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა", სადაც
გაკვრით ჩემზეც ეწერა.
აი, ასეთია "ხალხის არხი" დღეს.
დიახ, საზმაუ ნამდვილად იქცა "ჯი-დი-ესად" (GDS), ბიძინა
ივანიშვილის კერძო ტელევიზიად, იმ განსხვავებით, რომ ბევრი სხვა
პროექტის მსგავსად, ამჯერად ფულს ჩვენ ვიხდით ჩვენივე ჯიბიდან,
მუსიკას კი მაინც ოლიგარქი უკვეთავს (Танцуют все).
ვიცი, მტკივნეულია ამის აღიარება, ჩემთვისაც
მტკივნეულია, როგორც საზმაუს ყოფილი ჟურნალისტისთვის, მაგრამ რეალობას
თვალი უნდა გავუსწოროთ! - საზმაუ დღეს არის GDS-ი, ანუ "ქართული
ოცნების სტუდია", მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ბევრი ღირსეული და
კეთილსინდისიერი ადამიანია, ვინც ამას არ ეგუება და შიგნიდან იბრძვის
თამამად და შეუპოვრად!
ზოგჯერ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ კაცები რომ იყვნენ რეჟიმის მოძალადე
კაცებთან დაპირისპირებული, რამდენ ხანს გასტანდა წინააღმდეგობა?! ამ
ბრძოლაში მხოლოდ კაცები რომ იდგნენ - ქალების გარეშე - რამდენ თვეს
გავუძლებდით, რამდენ დღეს, რამდენ საათს?
შეკითხვა რიტორიკულია, რადგან გამოცდილებაც ამას ამბობს
და რეალობაც: ქალების გარეშე ეს ბრძოლა ვერც ერთ ჯერზე ვერ მიაღწევდა
წარმატებას და კაცებიც ვერაფერს გახდებოდნენ, უსამართლობასთან
შეურიგებელი და კოლოსალური მოთმინების, ძალისა და შეურიგებლობის
მატარებელი ქალები რომ არ იყვნენ ამ ბრძოლის დომინანტები. ყველაფერ
ამას იმიტომ ვუძლებთ, რომ ქალები იბრძვიან და პროტესტი დიდწილად მათ
მხნეობაზე, ჭკუასა და უკომპრომისობაზე დგას.
ჟურნალისტ ქალს დიქტატურასთან მებრძოლი ფილიპინელი ქალის
წიგნი ეჭირა სასამართლოზე - ასევე ქალი პოლიტიკოსის მიერ თარგმნილი
ქართულად: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, რაც გადამდებ სიმბოლოდ იქცა
უამრავი ადამიანისთვის.
გისოსებს მიღმა მყოფმა მდუმარედ მაცქერალმა ჟურნალისტმა
წიგნის სათაურით გადმოგვცა გამამხნევებელი სიგნალი: „აი, ასე უნდა
ვებრძოლოთ დიქტატორს!“ - შეუპოვრად, თანმიმდევრულად, დაუღლელად და...
წიგნით! ანუ სხვათა გამოცდილების გათვალისწინებითაც, რადგან ახალი
დიქტატორები ერთმანეთს გვანან თავიანთ მეთოდებსა და
ვნებებში.
რახან წიგნის ყდა და სათაური წინააღმდეგობის ვიზუალურ
მეტაფორად იქცა ამ დღეებში, გავბედავ და ხატსახის შესაძლო
პათეტიკურობის მიუხედავად, მეც ახლებურად დავინახავ ქართველი ქალის
არცთუ მეტაფორულ სახეს: „ქართლის დედა“ ღვინის თასით და ხმლით დგას
სოლოლაკის გორაზე, მაგრამ ჩემთვის ეს ეთნოგრაფიული სიმბოლოა, რომელსაც
ქართველის როლის\სახის ზოგადსაბჭოური ელფერი დაჰკრავს - გამრთობიც რომ
უნდა იყოს აუცილებლად პერფორმატულ მოხანჯლავეობასთან ერთად, ღვინის
თასის მიმწოდებელი... მით უმეტეს, რუსის პირობებში ქართველს მხოლოდ
ბუტაფორული ხმალი თუ ეპყრა ხელთ და თუ ნამდვილი ჰქონდა, მხოლოდ რუსის
ბრძანებით და რუსულ ომებში საქნევი, ჩემთვის კი დღეს ქართველი ქალი
გმირი - ჟურნალისტი ქალია - მოძალადესთან შერკინებული და თასის და
ხმლის მაგიერ, წიგნით ხელში მდგომი - ასი ათასჯერ რომ აღემატება
ცოდნით, ზნეობითა და გაბედულებით მის წინააღმდეგ დაგეშილ არარაობებს
და ახლაც რომ ცამდე მართალია და ისტორიის პერსპექტივითაც რომ მართალი
იქნება უკუნითი უკუნისადმე - შვილიშვილები რომ მოჰყვებიან მის ამბავს:
როგორ აფურთხებდნენ მას საქართველოს სიყვარულისთვის და ის კი რა მხნედ
იდგა! მეტიც, როგორ არ შედრკა დიქტატურის წინაშე!
მებრძოლი და პრინციპული ქალი ქართული ლიტერატურის
დისკურსში ყოველთვის წამებული იყო, მწრამსის დაცვა მას სიცოცხლის
ფასად უჯდებოდა. ასეთია ქართული ლიტერატურის სათავეებთან მდგომი
შუშანიკიც, რომელიც პრინციპს არ ღალატობს, მაგრამ სიცოცხლეს კი
კარგავს. ეს მოდელი ქალთა მიმართ ძალადობებისა და ტრაგედიების
მიუხედავად, ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად ყოველდღიურად კარგავს
აქტუალობას: ქალი იბრძვის, მაინც იმარჯვებს და სხვებს მიუძღვება
გამარჯვებისკენ. ქალი უარს ამბობს იყოს მსხვერპლი, იყოს ბეჩავი და
თმენით უპასუხოს შეურაცხმყოფელსა და მოძალადეს.
თუკი ტრადიციამ ასე ასწავლა, რომ დამცირება უნდა
ითმინოს, მაშინ მოძალადებაც უნდა იცოდეს, რომ მონური თმენის ტრადიცია
უკვე აღარ არსებობს და ძალადობასა და დამცირებაზე ქალისგანაც მიიღებს
პასუხს... როგორც ისტორიულ პასუხს, როგორც ისტორიის მიერ სილის
გაწვნას ყველა ფსევდოკანონის საპირწონედ, რომელიც ბოროტმოქმედს იცავს
და პატრიოტს ტოვებს ციხეში...
ეს სილა ყველა იმ ქალის პასუხია, ვისაც მოძალადეები
ადუმებდნენ, ტკენდნენ და კლავდნენ არათუ წლების, არამედ საუკუნეების
განმავლობაში. და ახლაც - ამ თვეების მანძილზე, როცა წამების
„მინივენებში“ და „კორიდორებში“ ცემდნენ ამ ქალების შვილებს, ქმრებს,
მამებსა და თავად ახალგაზრდა ქალებსაც!
ეს
მსუბუქი სილა ის ხმალია, გაქვავებულ „ქართლის დედას“ რომ უპყრია და
მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა აქამდე, - რომ ეგონათ, სულ ასე
ამაოდ ეჭირებოდა, მხოლოდ ლექსებსა და სადღეგრძელოებში სათქმელად, და
თურმე დრო შეცვლილა: ქალი უკვე პასუხობს, იბრძვის და დიქტატორზე
იმარჯვებს!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.