კატეგორია: ინტერვიუ
  • "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას, პირველი არხს "იმედთან" და "რუსთავი 2"-თან ერთად, "სამთავრობო სამეულად" მოიხსენიებდნენ.
  • პირველ არხზე გავიდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული სამთავრობო-პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმი — "ნოემბრიდან - ნოემბრამდე".
  • 2017 წელს, ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს, რომელიც მანამდე, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ "მეცხრე არხზე". ამან გააჩინა ეჭვები, ხომ არ მოექცეოდა მაუწყებელი მოქმედი ხელისუფლების გავლენის ქვეშაც.

"ეს ადამიანი, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. ასე იყო მისი გენერალური დირექტორობისას და ახლაც, როდესაც ბორდს ხელმღვანელობს", — გვითხრა გიორგი გვიმრაძემ, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა.

არხის დამოუკიდებლობის ხარისხის მთავარი ინდიკატორი მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვება, "მოამბეა". "მოამბის" რედაქციის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან, ეს საზოგადოების მოთხოვნაცაა და მოლოდინიც. საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს, ამ მოთხოვნას, "კონსტრუქციული ჟურნალისტიკის" მიდგომით უპასუხოს.

სხვა საკითხებთან ერთად, გიორგი გვიმრაძეს ვკითხეთ: რას გულისხმობს კონსტრუქციული მედია, აქვს თუ არა არხს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეპუტაციული რისკები, რამ განაპირობა პირველი არხის რეიტინგის ზრდის პოზიტიური დინამიკა, და რა ადგილი უკავია საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლარიზებულ მედიასივრცეში.

მოკლედ, გიორგი გვიმრაძის შესახებ:
  • 2013-2014 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტი იყო;
  • 2014 წლიდან თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, როგორც გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს კონსულტანტი;
  • 2015 წელს გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაგმენტების შესახებ:
  • "კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მთავარი მიზანი ნიჰილიზმის დაძლევაა."
  • "გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ ნარატივს, თითქოს დამოუკიდებლები არ ვართ. რეალურად, აღიზიანებთ, რომ დამოუკიდებლები ვართ და მათ შორის, მათგანაც."
  • "არასამთავრობო სექტორის ასეთი ფორმით არსებობა დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს."
  • "სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი პრობლემების ათეულს მიღმაა."
  • "ჟურნალისტების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია და დროა, ჰკითხონ საკუთარ თავს — რატომ?"
  • "ახალი ამბები ცუდი ამბების მენიუს დაემსგავსა".
  • "არ ვეცდებით, კრიტიკა ვაქციოთ მთავარ მიზნად, რადგან მჯერა, კრიტიკა აზროვნების ინსტრუმენტია და არა — მთავარი მიზანი."

2004 წლიდან პირველი არხის სტატუსი შეიცვალა და სახელმწიფო ტელევიზიიდან - საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირება მოხდა, თუმცა, მაინც დარჩა ეჭვები არხზე პოლიტიკური გავლენების შესახებ. ახლა რა ხდება?

პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად დაცლილი ვერც მაყურებელი იქნება და ვერც ჟურნალისტი, რადგან ადამიანები ვართ და ცნობიერება გაგვაჩნია. აბსოლუტურად ობიექტურები მხოლოდ არაცნობიერი არსებები შეიძლება იყვნენ — მათ არ აქვთ სუბიექტური მიდგომებისა და ემოციების ქონის უნარი.

შეუძლებელია, ადამიანს არ გქონდეს პოლიტიკური პრეფერენციები (*უპირატესობის მინიჭება), ასევეა ჩვენს ნიუსრუმშიც — აქ ჟურნალისტებს განსხვავებული გემოვნება აქვთ და სხვადასხვა საკითხის სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსწონთ. თუმცა, როგორც პერსონალურად მათი, ასევე ჩვენი, რედაქტორების ძალისხმევის შედეგია, ეს არ ეტყობოდეს მათ მიერ მოყოლილ ამბებს.

ამისთვის, რა "ფილტრები" იცავს მაყურებელს? როგორ უზრუნველყოფთ მაუწყებლის დეკლარირებული პრინციპებით მუშაობის სტანდარტს?

"ფილტრები" ადამიანები არიან — სხვადასხვა მიმართულების პროდიუსერები და რედაქტორები. ნებისმიერი თემის გაშუქებისას, ჟურნალისტები მათთან თანამშრომლობით ამზადებენ მასალას, რათა პროდუქტი იყოს იმ პრინციპებთან შესაბამისობაში, რაზეც ვაფუძნებთ ამბის გაშუქების ორიენტირებს.

ახლა ვართ მოცემულობაში, როდესაც მაუწყებელმა სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ელემენტის დამკვიდრების სახით. ეს არ არის პანაცეა (*მყისიერი გამოსავალი), მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლითაც შესაძლოა, მაუწყებელი ფასობდეს იმ პროცესში, რასაც დემოკრატია ჰქვია. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა საკმაოდ მსუყე ნაბიჯია გამოწვევების დასაძლევად.

თქვენი გადმოსახედიდან, რა არის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის არსი?

დღეისათვის, დასავლეთშიც და საქართველოშიც, დემოკრატიის მთავარი გამოწვევა საზოგადოების აბსოლუტური გაუცხოება და ნიჰილიზმია პოლიტიკური პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, მიზეზი ინფორმაციის ხასიათიცაა. მედიასივრცე სავსეა ნეგატივით და არ სთავაზობს მაყურებელს გადაწყვეტილების გზებს. პრობლემებიდან ზოგი გაზვიადებულიც არის, კონტექსტიდან ამოგლეჯილიც.

მთლიანობაში, ახალი ამბები დაემსგავსა ცუდი ამბების მენიუს, სადაც სულ ცუდი ხდება და ყველაფერში პოლიტიკოსები არიან დამნაშავე, თუმცა, ეს "დამნაშავე პოლიტიკოსი" იმის მიხედვით სახელდება, რომელი მედია აშუქებს ამბავს, პროსახელისუფლებო, თუ — ოპოზიციური.

მედიის პერსპექტივიდან ნაჩვენები სურათი არის აბსოლუტურად ბნელი, აბსოლუტურად ცუდი და მასში ყველა აქტორი ცუდია, რაც მაყურებელს აღარ უტოვებს არჩევანს და ნიჰილიზმს აჩენს. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მთავარი ამოცანა ამ ნიჰილიზმის დაძლევაა. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვეძებოთ პოზიტიური ამბები, მოვატყუოთ მაყურებელი, ან კარგის შესახებ ვუყვებოდეთ და ცუდზე — არა. კონსტრუქციული მედიის მთავარი ამოცანაა, პრობლემაზე საუბრისას სრული სურათი ვაჩვენოთ და ამ პროცესში ჩავრთოთ პოლიტიკური აქტორებიც და გვითხრან, რაში ხედავენ გამოსავალს.

მკითხველის ნაწილმა შეიძლება იფიქროს, რომ კრიტიკასთან გაქვთ პრობლემა.

არა, მე ცნობიერებასთან მაქვს პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ შენი საქმიანობა მთავრდება კრიტიკით. გავაკრიტიკე და ამით კმაყოფილი ვარ. მერე რას ვაკეთებ? კარგია, რომ აღმოაჩინე კრიტიკით პრობლემები მაგრამ დავრჩეთ ამ პრობლმეაში?

ვისურვებდი, მედიამ გაიაზროს, რა არის მისი არსებობისა და მოქმედების მიზანი და რა — საშუალებება. ჩვენ ვართ პროცესში, სადაც, პოლიტიკური კუთვნილების გამო, მედიებმა კრიტიკა აქციეს მთავარ მიზნად და როდესაც ადამიანი საშუალებას აქცევს მიზნად, ის დაცლილია მიზნისგან. ხომ ამბობენ ვიღაცები, რომ თავისუფლებაა მიზანი, მე ვამბობ, რომ თავისუფლება საშუალებაა, და თუ შენ თავისუფლებას ისახავ მიზნად, ნიშნავს, რომ შენ მიზანი არ გაქვს, რადგან შენ საშუალებას ემსახურები და ვერასდროს მიაღწევ შედეგს. ამბობენ ხოლმე, ხვალ სხვა ხელისუფლებას გავაკრიტიკებთო. ხელისუფლება თუ შეიცვლება, რას გააკეთებენ? რაღაც ნაწილი, ვინც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს, ხვალ ახალი ხელისუფლების ქებას დაიწყებს და რაღაც ნაწილი, რომელიც დღეს იცავს ხელისუფლებას, ისინი გააკრიტიკებენ ახალს.

როგორ აისახება კონსტრუქციულობა "მოამბეზე" და არხის სხვა საინფორმაციო - ანალიტიკურ პროგრამებზე?

ეს ცალსახად ურთულესი გზაა, რადგან ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია ადამიანებში უკვე ჩამოყალიბებულ კონსტრუქციებთანაც, თუ რა არის ნიუსი. ბევრგან ხომ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ასწავლიან, რომ "Bad news is good news" (*ცუდი ამბავი არის კარგი ამბავი), და ახალი ამბავი ისაა, როდესაც ადამიანმა უკბინა ძაღლს და არა — პირიქითო. ამიტომაც იქცა ცუდ ამბებზე სწორება ჟურნალისტების პროფესიულ ქცევად, მაგრამ მრჩება განცდა, რომ უკვე ხვდებიან, ახალი ამბების წარმოების ამ მიდგომას არ მოაქვს საზოგადოებრივი სიკეთე.

ქართულ ტელევიზიებში დებატებიც დეფიციტურია, რადგან პარტიებიდან ზოგი ერთ მედიას არ ელაპარაკება, ზოგი — მეორეს. რა ხდება თქვენს შემთხვევაში?

ამ წუთას მეჩვენება, რომ პოლიტიკური კლასი არ არის მზად ერთმანეთთან საუბრისთვის. შესაძლოა, ოპოზიციამ მითხრას, რომ ასე არ არის, მაგრამ ისინი მზად არიან იმ ტიპის დებატებისთვის, როგორიც აქამდე არაერთხელ გვინახავს: დაჯდებიან, გალანძღავენ ერთმანეთს და შესაძლოა, ხელჩართულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს საქმე და კი, ამ თვალსაზრისით მზად არიან.

მაგრამ იმისთვის, რომ გამოსავალზე ორიენტირებული დებატები გავმართოთ, არც ერთი მხარე არ არის მზად. ჩამოვყალიბდით საზოგადოებად, სადაც ვინმეს შეურაცხყოფა არაფერია, მოსულა, და ამას სიტყვის თავისუფლებაში გავატარებთ. ამიტომ საკმაოდ რთულია მათ შორის, დებატების მოწყობაც, თუმცა სულ მინდა, რომ გვქონდეს დებატები, მაგრამ კარგად მესმის, რატომ ვერ ხერხდება ეს.

დასავლურ პოლიტიკას თუ გადავხედავთ, დებატები ჯერ კიდევ არის იქაური პოლიტიკური კულტურის ნაწილი სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე: ჯანდაცვაზე, საგადასახადო პოლიტიკაზე, განათლებაზე, სოციალურ გამოწვევებზე. ჩვენთან არ არსებობს მსგავსი დებატები, არადა, პრობლემების ათეულში შედის ეს საკითხები. სახეზეა სოციალური პრობლემების სპექტრი, რომელთა გადაჭრასაც საზოგადოება ითხოვს, მაგრამ არ არსებობენ გამოსავლის მაძიებელი პოლიტიკური აქტორები. ასევე, მათი დიდი ნაწილი იმ პრობლემებზე აპელირებენ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ასახულ ჩამონათვალს მიღმაა. მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი. დასახელებულ პრობლემებს შორის ის შეიძლება იყოს მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე ადგილზე. შესაძლოა, სასამართლო მნიშვნელოვანი კომპონენტიც იყოს, თუმცა მზად ვარ, ვიკამათო — რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ფაქტია, მოქალაქეებსაც სულ სხვა საკითხები აწუხებთ. ჩემი აზრით, აბსოლუტური ტყუილია, როდესაც ამბობენ, დემოკრატია სასამართლოს დამოუკიდებლობით იწყებაო. დემოკრატია იწყება ძლიერი ჯგუფებისგან, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ და ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები. მათ შორის იწყება იმის "დალაგება", რა წესებით იურთიერთონ ერთმანეთთან და აქ შემოდის დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც ამ წესების მაკონტროლებელი არბიტრი. სანამ ეს ძლიერი ჯგუფები და მათი წარმომადგენლები არ გვეყოლება, მათ შორის, პარლამენტში, რა უნდა განსაჯოს დამოუკიდებელმა სასამარათლომ, ვისგან უნდა გახდეს დამოუკიდებელი?

ოპოზიციის ნაწილს ეჭვი შეაქვს მაუწყებლის მიუკერძოებლობაში. რას აკეთებთ, რომ ასე აღარ იფიქრონ?

ვაკეთებთ ყველაფერს, რაზეც ამ ინტერვიუსას საუბრობთ. რეალურად ვქმნით იმ ტიპის პლატფორმას, სადაც ნებისმიერს აქვს საშუალება, მოვიდეს და აბსოლუტურად თავისუფლად ისაუბროს პერსპექტივებზე, რომლისაც სჯერა. მათმა დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა გათავისუფლება კლიშეებისგან, რომელიც პირველი არხის ირგვლივ დიდი ხანია არსებობს და რომელსაც, ცალკეული იდეოლოგიური ჯგუფები, დიდი ხანია, მიზანმიმართულად ქმნიან. ამბობენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა არსებობდესო. როდესაც ასეთი ნარატივებია და საუბრობენ მაუწყებლის ცუდ წარსულზეც, ამ შეხედულებებიდან ადამიანების გათავისუფლება ასევე რთული ამბავია.

არხის მიმართ არსებული წარმოდგენებიდან, რა არის სტერეოტიპები და რა — რეალობა?

რეალობაა უამრავი სირთულე და პროცესი, რომლის წინაშეც ვდგავართ. მათ შორის, ადმიანების ცნობიერების გარდაქმნა უკეთესისკენ, და აქ ვგულისხმობ კონკრეტულიად კონსტრუქციული ჟურნალისტიკისკენ გარდაქმნას, ამის დანერგვას. ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული და ისიც, რაც ჩვენს გარშემო ხდება — ცხადია, მედია და პოლიტიკური გარემოც გვიქმნის დამატებით სირთულეებს და მზად ვართ, დავძლიოთ ეს სირთულეები. ისიც გვესმის, რომ ადამიანები ვართ და შესაძლოა, ბევრი რამ შეგვეშალოს.

შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, პოლიტიკური ზეწოლა პრობლემა არ არის? "ახალი კვირიდან" წასული ჟურნალისტები საუბრობდნენ ცენზურის შემთხვევების შესახებ.

აქ თუ ვინმე რამეს დააცენზურებს, ნიშნავს, რომ პირველ რიგში, მე უნდა დავაცენზურო, ან მე უნდა დამაცენზუროს ვინემ. ასეთი ვარ, როგორიც ვარ; მწამს, რისიც მწამს და შესაძლოა, აქ ცოტა იზიარებდეს ამ ხედვებს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მე გავლენას ვახდენ მათზე.

არ ვიცი, როგორ უნდა დავამტკიცო, რომ არ გვაქვს პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ, თანამედროვე რეალობაში უკვე მივეჩვიეთ, რომ შენს წინააღმდეგ შეიძლება გაიჟღეროს ბრალდებამ, რომლის საწინააღმდეგოს მტკიცება უბრალოდ, შეუძლებელია. დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო და უნდა ამტკიცო საპირისპირო. როცა საუბრობენ, რომ არსებობს ჩემ მიმართ ზეწოლა, როგორ დავამტკიცო საპირისპირო? შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიძლება იყოს თუნდაც ერთი ინსტრუმენტი, ჩემივე სიტყვის გარდა? ვინც ენდობა ჩემს სიტყვას, მას სჯერა კიდეც ამის.

რა არის დღეს არხისთვის ძლიერი და სუსტი მხარეები, ან რა რისკებისა და გამოწვევების წინაშეა?

სუსტი მხარეებია მაუწყებელთან დაკავშირებული ნარატივები, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომელთაც არც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაღალი რეიტინგი აქვთ და არც — ნდობა. საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებზე, არამედ პოლიტიკაში მყოფ სხვა აქტორებზეც, რომლებიც თითქოს არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკური პროცესის გავლენის აგენტები არიან. მუდმივად აპელირებენ, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდიებელი, და ჩემი აზრით, სინამდვილეში, სწორედ ის აღიზიანებთ, რომ არხი დამოუკიდებელია და მათ შორის, მათგანაც.

არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO) გულისხმობთ?

რა თქმა უნდა, და განსაკუთრებით, რამდენიმე, ე.წ. ძლიერ NGO-ჯგუფს. მათ მიმართ მაქვს პრეტენზიები და ვფიქრობ, იციან ჩემი პოზიციების შესახებ. ჩემთვის არასამთავრობო სექტორის ასეთი ფორმით არსებობა დემოკრატიისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და სერიოზულად აზიანებს დემოკრატიას იმასთან ერთად, რაც მედიაში ხდება და რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მათგანაც დამოუკიდებელია და ესაა მათთვის პრობლემა. მოცემულობა ასეთია: ერთი მხრივ, სახეზეა ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, მაუწყებელი მართულიაო, მეორე მხრივ კი არიან ჯგუფები, რომლებიც ამ არგუმენტის გაზიარებით, მაუწყებლის გაუქმებას მოითხოვენ. მათი ინტერესები, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ერთმანეთისას კვებავს. მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ისეთი, როგორიც სურთ, მაშინ აღარ იარსებებს მათთვის ტელევიზიის გაუქმების არგუმენტი.

ხომ არ გააძლიერა ეს წარმოდგენები საკადრო პოლიტიკამ? იმ პროდიუსერებისა თუ ჟურნალისტების დასაქმებამ, ვინც მანამდე მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიებში მუშაობდნენ, ან თუნდაც, წინა დირექტორის — ვასილ მაღლაფერიძის ფაქტორმა, რომელსაც მმართველ პარტიაში ოფიციალური პოზიცია ეკავა, ახლა კი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორია?

არხის ხასიათსა და ხარისხსაც განსაზღვრავს ის, თუ რა ჩანს ეკრანზე. ეს ადამიანები, და მათ შორის, მაღლაფერიძე, ამ ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. იმ თანამდებობითაც, რაც მანამდე ეკავა (*არხის გენერალური დირექტორის პოზიცია) და იმითაც, რაც ახლა უკავია, და ვფიქრობ, ეს აისახება კიდეც ჩვენს კონტენტზე. მათ, ვინც სკეპტიკურია, ვეტყვი: უყურონ კონტენტს. თუ რამე შეგვეშალა, მზად ვართ პასუხი ვაგოთ.

მათ კი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ვიღაც საიდანღაც გადმოვიდა, ვეტყვი: ეს არ არის ცალმხრივი პრეტენზია, რადგან არხზე მუშაობენ ისინიც, ვისაც სხვების პოლიტიკური პრეფერენცეიების მიმართ გააჩნიათ პრეტენზია, მაგრამ ეს არის მედია სივრცე, სადაც ადამიანები მოდიან, მკვიდრდებიან, ან აქედანაც მიდიან. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად არასწორი კამათია, ვინ საიდან მოვიდა. ეს ყველაფერი უპატივისცემლო დამოკიდებულებაა ამ ადამიანების მიმართ და რეალურად, ამ ადამიანების შეფასების ერთადერთი კრიტერიუმია ის, თუ რა გადის ეთერში. თუ ვინმეს ეს აინტერესებს, შეაფასოს ეთერი. რა გავაკეთოთ, 2012 წლის შემდეგაც ყველა გაგვეშვა, ვინც მანამდე მუშაობდა არხზე და იმაზე მსჯელობით მიგვეღო გადაწყვეტილება, ვინ ვისთან მუშაობდა?

რა ადგილი უკავია საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლარიზებულ მედიასივრცეში და რა განგასხვავებთ სხვა მაუწყებლებისგან?

ვცდილობთ, მაყურებელს ამა თუ იმ ამბის უფრო ფართო სურათი ვაჩვენოთ. არ ვეცდებით, კრიტიკა ვაქციოთ მთავარ მიზნად, რადგან მჯერა, რომ კრიტიკა არის ინსტრუმენტი აზროვნებისა და არა — მთავარი მიზანი. და ეს ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ აქტიურად. პოლიტიკური პროცესის ანალიზს მივყოთ ხელი და პოლიტიკის წარმოების ფორმები გავიაზროთ, ვიპოვოთ, რა არის მასში პრობლემური თავისი აქტორებიანად და ვეძიოთ გამოსავალი.

რა უნდა მაყურებელს "მოამბისგან"? სწავლობთ აუდიტორიის მოთხოვნებს?

რა თქმა უნდა, შესწავლილი გვაქვს და უამრავი კვლევა ტარდება. "მოამბის" მაყურებელი ის არის, ვისაც არ სურს მიიღოს ინფორმაცია ანგაჟირებული პერსპექტივიდან. თუმცა, მეორე მხრივ უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზებული მედიების მაღალ რეიტინგებს განსაზღვრავს ისიც, რომ ადამიანებს იმ აზრის მოსმენა უნდათ, რომლისაც სწამთ.

თუმცა, საზოგადოებირივი აზრის ახალი კვლევის შედეგებში ჩანს, რომ პროცენტული უპირატესობა იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც ვეღარ ხედავენ მათი ინტერესების წარმდგენ აქტორებს ქართულ პოლიტიკაში. არის ეს მოცემულობა თქვენთვის შესაძლებლობა?

მე არ ვარ სოციოლოგი და საკმაოდ რთულია კვლევებზე დაყრდნობაც. თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, გეთანხმებით: როდესაც მაყურებელი ხედავს, რომ მის პირველად პრობლემებს არავინ აქცევს ყურადღებას, შესაძლოა, მათთვის პირველი არხის სახით გამოჩნდეს სივრცე, სადაც ამ პრობლემების გაშუქებას დიდი დრო დაეთმობა. ამან შესაძლოა, მაყურებელს გაუჩინოს განცდა, რომ მე პირველი არხისკენ უნდა წავიდე, ამას ვუყურო.

საქართველოში არ უნდათ იმის დაჯერება, რომ ჟურნალისტების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია და არა მხოლოდ ჩვენთან, და ჟურალისტები არ სვამენ კითხვას — რატომ არ ენდობიან მათ ისევე, როგორც პოლიტიკოსებს. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი საზოგადოებასთან. ისინი არ ელაპარაკებიან, არ სთავაზობენ მათი პრობლემების შესახებ მსჯელობასა და გადაწყვეტის გზებს.

"მოამბეში" როგორ ითვალისწინებთ ამ ფაქტორს? ცდილობთ, შექმნათ მოდელი, რომელიც იქნება ცალკეული სოციალური ჯგუფების, და მათ შორის — ეთნიკური, რელიგიური, თუ სექსუალური უმცირესობების პრობლემების რეპერეზენტატორი პლატფორმა?

ჩვენთვის პრობლემაა, რომ ერთ კონკრეტულ გამოშვებაში უნდა გაშუქდეს მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური საკითხები და ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს და სათანადო დრო უნდა დავუთმოთ მოქალაქეების პრობლემების გაშუქებასაც. სირთულე იმაშია, რომ ეს უნდა მოხდეს იგივე ქრონომეტრაჟში, რაც სხვა არხების საინფორმაციო გამოშვებებს აქვთ. რთულია, იმის პარალელურად მოახერხო ეს, რასაც აკეთებენ სხვები. ჩვენი საქმის სირთულე მეტია, ვიდრე — მათი, რადგან ესეც უნდა გააშუქო და ისიც.

უმცირესობებზე კი, ჩემი ხედვები მაქვს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მეინსტრიმულ (*დამკვიდრებული თვალსაზრისი) გაგებასთან. ჩემთვის, ის წესრიგი, რომლითაც ვუყურებთ მრავალფეროვნებას, ადამიანების ჯგუფებად დაყოფით ორიენტირებულია უფრო მეტად საზოგადოების დანაწევრებაზე, ვიდრე გაერთიანებაზე.

თუმცა, კანონიც გავალდებულებთ, არხზე წარმოდგენილი იყოს ყველა ჯგუფის პრობლემები და ინტერესები.

მე იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა წარმოვადგენდეთ მათ ინტერესებს. ჩემთვის პრობლემურია დამოკიდებულება, რომ აუცილებლად ჯგუფებად უნდა დავყოთ ადამიანები, რომლებიც საბოლო ჯამში, ერთმანეთთან აუცილებლად მოვლენ კონფლიქტში, რადგანაც განსხვავებული ხედვები აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლოს იმას გააკეთებს, რასაც კანონი დაუდგენს, მაგრამ საზოგადოება რისკენ უნდა იყოს მიდრეკილი — დანაწევრებისკენ, თუ გაერთიანებისკენ?

მაგ ნაწილში, პრობლემას ხედავთ კანონში არსებულ ჩანაწერში, რომელშიც გაწერილია მაუწყებელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები?

მე ვხედავ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ საზოგადოების პრობლემას. ჩემთვის დემოკრატია დგას ორ რამეზე: უფლებასა და პასუხისმგებლობაზე, რაც ნიშნავს რომ უფლებებიც გვაქვს და გვაქვს ამ უფლებების თანაზოგადი პასუხისმგელობებიც. ჩვენ, 30 წელია, მხოლოდ უფლებებზე ვსაუბრობთ, რომ ყველას რაღაცის უფლება გვაქვს, მაგრამ თითქოს არავის გვაკისრია პასუხისმგებლობა.

თუმცა, ამ ჯგუფებს შორის არიან ისინიც, ვინც კონსტიტუციური უფლებებითაც ვერ სარგებლობენ, მაგალითად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების პრობლემა ლგბტქი თემისთვის.

მე მგონია, რომ ამ უფლებრივ საკითხებზე ლაპარაკით ვატყუებთ იმ ადამიანებს, ვის უფლებებზეც ვსაუბრობთ და რეალურად, მათ არ ველაპარაკებით იმ პრობლემებზე, რაც თავადვე აქვთ და რისი გადაჭრაც რეალურად სურთ. ვცდილობთ, ვასწავლოთ თავის დაცვა სხვებისგან, ანუ ვუბიძგებთ, მუდმივად იყვნენ გეტოში (*სპეციფიური ნიშნით გაერთიანებული კომუნა).

ხომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომები ცალკეული ჯგუფების პრობლემების გაშუქებისას? შეიძლება, ერთი კონკრეტული ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევები განვიხილოთ საერთო პრობლემად და არა — ინდივიდუალურად?

რომ ავიღოთ გენერალიზებული პრობლემები, მეტყვით, რომ თუნდაც, ეთნიკური უმცირესობების პრობლემები განსხვავებულია სხვებისგან? მათაც აქვთ უმუშევრობის, არასაკმარისი ხელფასისა და შემოსავლის პრობლემები. განათლების ხარისხიც არც მათ აკმაყოფილებს და არც — სხვებს.

წარმატების მისაღწევად მათი ბარიერები ხომ განსხვავებულია, რასაც შესაძლოა, ქმნიდეს სახელმწიფო ენაზე საუბრის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა?

არსებობს შესაბამისი ენის პროგრამებიც, რომელიც შესაძლოა, არ იყოს იდეალური. ვაღიარებ, რომ მათთვის ენობრივი ბარიერი პრობლემაა და მეტი ინტეგრაციაც ესაჭიროებათ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაგალითად, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის განათლება შესაძლოა, მეტად იყოს ხელმისაწვდომი, ვიდრე — სხვებისთვის. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი თურქეთში მიდის და იქ იღებს განათლებას და შესაძლოა, იქ უფრო მაღალი იყოს განათლების ხარისხი, ვიდრე ჩვენთან. მთავარი ხომ შედეგია, საბოლოოდ, ვინ უფრო უკეთესი განათლება მიიღო.

მაგრამ სახელმწიფოს იდეა ხომ ის არის, რომ თანაბარად უზრუნველყოს პირობები ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით?

ეგეც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვყოთ ცალკე ჯგუფად, ვუწოდოთ "მოწყვლადი ჯგუფი" და ვთქვათ, რომ მას რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები აქვს. ანუ ის, რომ ის სხვა ენაზე მეტყველებს, დანაშაულია? რაიმე ნაკლია? ამის გამო, განსხვავებულად უნდა მოვექცეთ, ვიდრე დანარჩენებს, თუ ერთნაირად? და თუ ერთნაირად უნდა მოვექცეთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ: სად ერთიანდებიან ეს ადამიანები, რა აერთიანებთ, რა არის ინტეგრატორი.

თქვენი ეს ხედვები, როგორ აისახება მაუწყებლის გაშუქების სტანდარტზე?

მაუწყებელმა რაც გააკეთა, არის ის, რომ მაუწყებლობს მათ ენაზე და ამის მთელი იდეაა ის, რომ რაც შუქდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, შუქდება გენერალიზებულად. იმასვე ვყვებით მათთვის გასაგებ ენაზე, რასაც მათთვის, ვისაც ესმის სახელმწიფო ენა. აქ მიდგომაა, რომ მათზე "მორგებულ ინფორმაციას" კი არ ვაწარმოებდეთ, არამედ ისინი გავხადოთ ამ სოციუმის წევრი, სადაც ხდება და "იხარშება" ეს მოვლენები. ხომ უნდა იცოდნენ ამ მოვლენების შესახებ, რომელსაც მათზეც აქვთ გავლენა?

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეთნიკური დასახლებული რეგიონები სხვადასხვა ხელისულებისთვის არაერთხელ იქცნენ მეტი ხმის მისაღებად საშუალებად. გვინდა, ამ ადამიანებსაც იმ ტიპის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჰქონდეთ ამ ქვეყნის მიმართ, რა პასუხისმგებლობაც ე.წ. უმრავლესობას ვთხოვთ. არ მიყვარს ადმიანების უმრავლესობებად და უმცირესობებად დაყოფა. რა გავაკეთეთ ადამიანების ასეთი დაყოფით? — იმის რაღაც განსხვავებულობა ვაქციეთ მათ ღირსებად. განსხვავებულობა კი არ არის ღირსება, ღირსებაა ის, რომ ადამიანია. იმათი პრობლემები ისეთივეა, როგორიც ჩვენი.

რეიტინგების მთვლელი კომპანია "TRI მედიას" მონაცემებით, 2018-დან დღემდე, არხს რეიგინგის პოზიტიური დინამიკა აქვს, რაც კარგია. ამავე მონაცემებით, ეს მეტწილად, სპორტული თამაშების ტრანსლირებისა და "მასტერშეფის", "ვოისისა" და სხვა გასართობი შოუების ტელეყურებამ განაპირობა. რას ამბობს ეს შედეგები არხის პროგრამულ პრიორიტეტებზე?

სპორტი, "მასტერშეფი", "ვოისი", ეს მეგაპროექტები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და ამას ყველა მედია ცდილობს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გადაწყევეტილებაა, გვქონდეს ასეთი კონტენტი, რომლითაც მოვიზიდავთ მაყურებელს და გვყავდეს ჩვენს მიმართ ლოაიალობით (*ერთგული) განწყობილი ტელემაყურებელი. გვინდა, გაიზარდოს არხის ცნობადობა, რომ მეტად გაიგონ — რას აკეთებ და სად ხარ. ამ ცნობადობის გაზრდას ემსახურება არხზე ამ მიმართულებების გაძლიერება.

მიფიქრია, ეს სამი მდგენელი: ინფორმირება, შემეცნება და გართობა, რამდენად ეხმარება დემოკრატიას. ხომ გააჩნია შემეცნებით კონტენტსაც. მაგალითად, შემეცნება, რომელიც გიფართოვებს თვალთახედვას და მათ შორის, შეიძლება გიზრდიდეს წარმოდგენებს პოლიტიკური სისტემების შესახებ და ზოგად პოლიტიკური ცოდნის ამაღლებას ემსახურებოდეს.

გართობას კი ისე განიხილავენ-ხოლმე, თითქოს, არ იყოს კავშირში დემოკრატიულ პროცესებთან. აქაც ხომ დიდი განსხვავებაა: არსებობს მდარე გასართობი შოუები, რომელებიც სიბრაზისგან დაცლას, "ბოლის გამოშვებას" შეიძლება ემსახურებოდეს, რაც კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს დემოკრატიისთვის, მაგრამ სხვაა გასართობი გადაცემები, რომლებიც განტვირთვის საშუალებას იძლევა.

განტვირთვა, ძალიან მნიშვნელვოანი კომპონენტია, რომ ადამიანებმა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით არა ემოციური, არამედ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ. რაციონალურად მოახერხონ იმ შემეცნებისა და ინფორმაციის გადააზრება, რომელიც მათ მიეწოდებათ. გართობაც, შემეცნებაც და ინფორმაციაც ერთმანეთის შემავსებელია და რეიტინგებზეც აისახება. ასე რომ ტელევიზიის ამ მიმართულებებთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა მიზანმიმართულია. ეს ხომ არ არის, რომ აი, ჩვენ გართობაც გამოგვივიდა. ჩვენ ამ პროდუქტებს ვქმნით მიდგომებით — რას ვაკეთებთ და როგორს ვაკეთებთ. არა "ბოლის გამოსაშვებად", არამედ დამშვიდების, დაწყნარების, განტვირთვისთვის, რომ შემდეგ მაყურებელი რაციონალური იყოს სხვა ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც.
კატეგორია: საქართველო

რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 თვის შემდეგ, 2008 წლის 3 ოქტომბერს, ბიოლის ფონდის ოფისში იმსჯელეს საკითხზე — "მედია და ომი". შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაშინ პირველად გააანალიზეს მედიის შეცდომები ომში.

აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტის სიცოცხლე არ იყო დაზღვეული, არ ჰქონიათ ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არავის ჰქონდა გავლილი ტრენინგი, როგორ უნდა ემუშავათ მსგავს სიტუაციაში.

"რამაც დაატყო კიდეც კვალი მოვლენების გაშუქებას. ჩავებით პროპაგანდისტულ ომში და რუსულ პროპაგანდას კონტრპროპაგანდით ვპასუხობდით", — თქვა შეხვედრაზე დავით კიკალიშვილმა, რომელიც "კურიერი P.S."-ის წამყვანი იყო "რუსთავი 2"-ზე, იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკას ხელისუფლება აკონტროლებდა.

გარდა ამისა, შეხვედრისას ითქვა, რომ:
  • მოუმზადებელი იყვნენ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით;
  • არ იცოდნენ, როგორ გაეწიათ პირველადი გადაუდებელი დახმარება ველზე; როგორ ემოქმედათ მტრულად განწყობილ სამხედროებთან;
  • უმეტესწილად, სატელევიზიო მედიის ცნობები სახელისუფლებო პროპაგანდას ემსახურებოდა და არა — აუდიტორიის სწორ ინფორმირებას.
IREX SAFE Initiative-ის რისკების მართვისა და ფიზიკური უსაფრთხოების სპეციალისტი, გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ 2008 წლის ომის გაშუქებისას, ქართული მედიის მოქმედება იყო დაუფიქრებელი და გაუაზრებელი. ეს ნათლად აისახა ინფორმაციის ხარისხზეც, თუმცა, უპირველესად, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, რადგან ომს რეპორტიორების სიცოცხლე შეეწირა.

ეს და სხვა გამოწვევები, მედიის უდიდეს ნაწილს, ომიდან 14 წლის შემდეგაც გადასაჭრელი აქვს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი დღეს ?

  • ჟურნალისტის უსაფრთხოება და სიცოცხლე, ნებისმიერ ინფორმაციაზე პრიორიტეტულია და მედიასაშუალებებს მართებთ, ამზადებდნენ მათ შესაბამისი ცოდნით;
  • საჭიროა, მედიამ შეიმშავოს სარედაქციო პროტოკოლი — როგორ იმოქმედებენ ამგვარი ვითარებისას;
  • კონფლიქტების და ომის არაკვალიფიციური გაშუქებით, მედიამ შეიძლება ავნოს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
"ზოგადად, ჯობია, ნებისმიერი ამბისთვის მოემზადო, მით უფრო, კონფლიქტების გასაშუქებლად, ოკუპაციის ფაქტორისა და აქამდე არსებული გამოცდილების გათვალისწინებით. მოლოდინი, რომ კვლავ შეიძლება მოგვიწიოს ამ ყველაფრის გავლა, ლეგიტიმურია, მით უფრო, თუ გადავხედავთ, ვინ არის ჩვენი მეზობელი და როგორია რეგიონული კონტექსტი", — ამბობს მაკა ანთიძე, რომელიც Reuters-ის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელობდა და 2008 წლის ომსაც ამ საერთაშორისო სააგენტოსთვის აშუქებდა.

"როცა გაქვს კონკრეტული მოცემულობა, მაგალითად, დგახარ და მოედინება მეწყერი, ხომ არ დაიწყებ იმაზე ფიქრს, ჟურნალისტი ვარ და არ დამაზიანებსო?! ასეთივე "მეწყერია" საომარი სიტუაცია, ან თუნდაც, ძალადობრივი საპროტესტო აქცია, სადაც შეშინებული ხალხის მასა გარბის. თუ პროაქტიულად არ მოემზადები ვითარებისთვის, "მეწყერი" აუცილებლად გადაგივლის", — ამბობს გიორგი კუპატაძე.

ვინ შეიძლება აშუქებდეს ომს და ვინ — არა?

"Reuters-ი არასდროს გაუშვებს საომარი ვითარების გასაშუქებლად ჟურნალისტს, ვინც არ იცის, რა სიტუაციაში როგორ მოიქცეს. მაგალითად, დაბომბვისას — გაიქცე, დაწვე, დაიმალო, თუ შეეფარო შენობას. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სტანდარტი არ არსებობს, შესაბამისად, ყველაფერი ხდება სპონტანურად, წინასწარი მომზადების გარეშე", — ამბობს მაკა ანთიძე და გვიზიარებს საერთაშორისო მედიაის პრაქტიკას, როგორ გეგმავენ კონფლიქტის გაშუქების პროცესს:
  • ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა და მზადყოფნა, როგორ იქცეოდეს შესაბამის სიტუაციებში;
  • ვინ გააშუქებს ველიდან და ვინ - ნიუსრუმიდან, ამის განსასაზღვრად რედაქტორები გუნდში გამოკითხვას უნდა ატარებდნენ;
  • მენეჯერები უნდა უხსნიდნენ თანამშრომლებს, რომ ველზე გასვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საომარი მდგომარეობის შესახებ სიახლეების ნიუსრუმიდან, ან არასაბრძოლო ვითარებიდან გაშუქება.
  • არც ჟურნალისტს უნდა მოერიდოს იმის თქმა, რომ ოფისიდან მეტად პროდუქტიული იქნება, ვიდრე - ველზე, რადგან შეიძლება, ეშინოდეს, რაც სრულიად ბუნებრივი და ნორმალურია.
"კარგი ჟურნალისტობაა, როდესაც იაზრებ, რომ თუ შესაბამისი ცოდნა არ გაქვს, არ ხარ მზად ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად, ველზე არწასვლა არ "ტეხავს". ისიც უნდა გვახსოვდეს, კურსები ძალიან განსხვავებულია რეალური ვითარებისგან" - ამბობს მაკა ანთიძე - "რომ რთულია საომარ მდგომარეობაში მუშაობა, მით უფრო, საკუთარ ქვეყანაში, რადგან ამ შემთხვევაში ერთვება ემოციებიც, თუმცა "უნდა მივუდგეთ საქმეს პროფესიულად და არა - ემოციურად. შენ იქ იმისთვის ხარ, ხალხს მოუყვე რა ხდება."

მედიას არ აქვს რესურსი

ჟურნალისტების გადამზადება ძვირია და საქართველოში მედიას, განსაკუთრებით, მცირე ნიუსრუმებს, შესაძლოა, შესაბამისი სახსრების მოძიება უჭირდეთ, თუმცა, გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ ფინანსების მოსაძიებლად მრავალი გზა არსებობს.

მთავარია:
  1. მზაობა — გააზრებული გადაწყვეტილება, რომ უსაფრთოება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან "მოკლული, დაჭრილი, დაშავებული, დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელსაც კამერა წაართვეს, მასალებს ვერ გამოიტანს."
  2. შესაძლებლობების მოძიება — საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, და მათ შორის, IREX-ისა და "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" პერიოდული უფასო ტრენინგები უსაფრთხოების შესახებ.
  3. საერთაშორისო დონორები, რომლებმაც შესაძლოა, დააფინანსონ სწავლება და დაეხმარონ ნიუსრუმებს უსაფრთხოების პროტოკოლის შემუშავებაშიც.
  4. პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება, რომელიც საქართველოში მაღალი დონით ტარდება და თანაც, უფასოა.

ურთიერთობა მტრულად განწყობილ სამხედროებთან

  • 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად დაიჭრა 11 და დაიღუპა 4 ჟურნალისტი.
  • მოკლულთაგან ორი, მტრულად განწყობილმა სამხედროებმა მოკლეს.
"[...]ცხინვალში როცა მივაღწიეთ, სამხედროები დავინახეთ. შეიარაღების მიხედვით, ერთ ჩვენგანს ქართველები ეგონა და ქართულად მიესალმა, რასაც რუსულად გინება და სროლა მოჰყვა. მანქანისკენ გავიქეცით, რაც უმძიმესი შეცდომა იყო, რადგან ტყვიამფრქვევის ჯერი წამოვიდა ჩვენსკენ. გიგა ჩიხლაძე და საშა კლიმჩუკი ადგილზევე მოკლეს, ორნი კი დავიჭერით. თუ ისვრიან, თუნდაც ჰაერში, უნდა დაწვე მიწაზე და ხელები აწიო, იმიტომ რომ შენ არ ხარ სამხედრო, ხარ ჟურნალისტი, არ გაქვს იარაღი და ვერც ტყვიაზე სწრაფად გარბიხარ", — თქვა ჟურნალისტმა თემო კიღურაძემ აგვისტოს ომის გაშუქებაზე საუბრისას პოდკასტში, "პირველი ნაბიჯები".

 

ოკუპანტების კონტროლირებად გამშვებ პუნქტებზე არაერთხელ მოუხდა რუს სამხედროებთან ურთიერთობა მაკა ანთიძესაც, როდესაც ომს "როიტერისთვის" აშუქებდა.

"იმ მომენტში უნდა დაივიწყო, რომ ის ადამინი გძულს, ოკუპანტია, გიკლავს მოქალაქეებს და შესაძლოა, ხვალ შვილიც მოგიკლას. ეს რთულია, თუმცა ამის გამოსამუშავებლად არსებობს სპეციალური ტრენინგები, როგორ უნდა მოიქცე გამტარ პუნქტებთან. ძალიან ფრთხილი უნდა იყო: არ გააღიზიანო, არ გაუჩინო ეჭვი, რომ რაიმე საფრთხეს შეუქმნი და ასე შემდეგ".

ომი, ინფორმაცია და პროპაგანდა

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართული მედია ცხინვალში, ქართული ჯარის წარმატების შესახებ იუწყებოდა. იქაურები უყურებდნენ ტელევიზორს და ეჭვიც არ ჰქონიათ საფრთხის მოახლოებაზე, მხოლოდ მეზობლებისაგან გაიგეს, რომ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ სახლები. მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა. მხოლოდ პროპაგანდისტული ინფორმაცია რომ არ მოესმინათ და სიმართლე სცოდნოდათ, სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნებოდათ", — ამბობდა ჟურნალისტი ნინო დანელია, ომიდან 2 თვის შემდეგ, ბიოლის ფონდში გამართულ შეხვედრაზე.

ეს მაგალითიც კარგად აჩვენებს, რა ხელშესახები ზიანი შეიძლება მოუტანოს მედიამ ადამიანებს, პროპაგანდის გავრცელებით.

"ომის გაშუქება არ ნიშნავს, დაივიწყო ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია - დასვა კითხვები და აუდიტორიას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდო - ომის დროს ეს შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის მთავარი წყარო ხარ.

პროპაგანდაში გადაზრდილი პატრიოტიზმი არ არის ქართველი ჟურნალისტების "ექსკლუზივი" და ეს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გაშუქებასაც ეტყობა, ამ ქვეყნების მედიის ინფორმაციის მიხედვით, რთულია გააარკვიო, რა არის მართალი და რა — არა",- ამბობს მაკა ანთიძე.

რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი

რისკების მართვის სპეციალისტს გიორგი კუპატაძეს, სხვა ქვეყნების მედიათან სამუშაო ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბევრად სერიოზულად ეკიდებიან უსაფრთხოების საკითხებს, ვიდრე აქამდე. მათ ფონზე კი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა ქართულ მედიას აქვს, რადგან უსაფრთხოების საკითხს "ცოტა ინფანტილურად უყურებენ."

კუპატაძის თქმით, საქართველოს მსგავი პრობლემა ჰქონდა უკრაინულ მედიასაც, სადაც 2014 წლის ყირიმის მოვლენების გამოცდილების მიუხედავად, ბევრმა მაინც არ დანერგა სისტემური მიდგომა უსაფრთხოების თვალსაზისით, რამაც 2022 წლის მოვლენებისას იჩინა თავი, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების კუთხით.

"ომის პირველ თვეებში უკრაინულ მედიაზე უამრავი კიბერშეტევა მოხდა, ისინი კი, ვისაც არ ჰქონდათ სარეზერვო საიტები, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ".

კიბერთავდასხმები საომარი მდგომარეობისას გარდაუვალია და 2008 წელს ამის გამოვლა ქართულ მედიასაც მოუხდა, რისთვისაც არ იყვნენ მზად. მაგალითად, რუსთავი 2-ზე განხორცილებული კიბერთავდასხმის შემდეგ, ტელევიზიას არ ჰყავდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ვიდეომასალას ალტერნატიული წყაროებით გაავრცელებდნენ.

2008 წელს, ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, დავით კიკალიშვილი ამბობდა, რომ ამან გარკვეულწილად, ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე. იგივე პრობლემა ჰქონდათ საინფორმაციო სააგენტოებსაც, რომელთა ნაწილმა, ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება მხოლოდ 10 აგვისტოსთვის აღადგინა.

კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვა, კონფლიქტების გაშუქებისათვის, მედიის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მედიისთვის ხელმისაწვდომია უსაფრთხოების ტრენინგების უფასო ონლაინ-ვერსიებიც, მათ შორის არის IREX-ის მიერ შედგენილი დოკუმენტიც, თუმცა, გიორგი კუპატაძე მიიჩნევს, რომ სასურველია, უსაფრთხოების გეგმა ყველა მედიამ სპეციალისტებთან ერთად, ინდივიდუალურად შეადგინოს - კონკრეტული ქვეყნისა და კონკრეტული მედიასაშუალებისთვის შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით.

ჟურნალისტებს კი, ვინც შესაძლოა, ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდეს საბრძოლო ვითარებაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარი წესებით, Youtube-ის ამ არხზე, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიერ მომზადებული ვიდეოების სერია შეუძლია იხილოს.
კატეგორია: ინტერვიუ
NDI-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში, НТВ, ОРТ, Россия 1 და RTR არაქართულენოვანი არხების ყურებადობის სათავეშია. აქედან სამს ოფიციალურად, რუსეთის სახელმწიფო ფლობს, მეოთხეს — კრემლისტური "გაზპრომ მედია". ანუ მაყურებელთა ეს ნაწილი, ახალ ამბებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ცენზურითა და პროპაგანდისტული გზავნილებით ეცნობა.

დეზინფორმაციაზეც და პროპაგანდაზეც, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის მძლავრ არსენალზე, რუსეთ-უკრაინის ომამდეც ღიად საუბრობენ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მთავრობები, თუმცა, ამ საფრხეებს არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება, არც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფაქტორის გათვალისწინებით, და არც — რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პოზიციიდან.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ავალიშვილი გვესაუბრება საქართველოში რუსული არხების მაუწყებლობის პრობლემასა და  რისკებზე.

მოკლედ, ლევან ავალიშვილის შესახებ:
  • ავალიშვილი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ერთ-ერთი დამფუძნებელი და IDFI-ს პროგრამების დირექტორია;
  • წლებია, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს;
  • 2016 წელს, მისი მონაწილეობით შემუშავდა დოკუმენტი — "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ", რომელშიც პროპაგანდასთან ბრძლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობაზეა აქცენტი.

მოკლედ, ინტერვიუს მთავარი გზავნილები:
  • "საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა სიტყვის თავისუფლების დაცვასა და პროპაგანდის აკრძალვას შორის."
  • "საქართველოში რუსულ პროპაგანდას მრავალი შრე აქვს."
  • "2012 წლამდე, საქართველოში არაფორმალურად იყო აკრძალული რუსული არხების ტრანსლირება, ახლა კი შეუზღუდავად ვრცელდება. ეს ყველაფერი, "რუსეთის არგაღიზიანების" პოლიტიკის" ნაწილია."
  • "სანამ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, ვერც ერთი არხი, თუ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ დაექვემდებარება შეზღუდვებს."

ლევან ავალიშვილთან ეს ინტერვიუ მანამ ჩავწერეთ, ვიდრე საქართველოში რუსული პროპაგანდისტული იდეების გამტარებელი არხი "პირველი გასართობი" მაუწყებლობას შეწყვეტდა. არხი დაფინანსებას რუსეთის "პერვი კანალისგან" (OPT) იღებდა და ამავე არხის გასართობ პროგრამებს, სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს ქართულ ენაზე ავრცელებდა. ლევან ავალიშვილი პროპაგანდის ამ ფორმას "კულტურულ პროპაგანდას" უწოდებს.

კულტურული პროპაგანდა

ნებისმიერი არხი, რომელიც ფინანსდება და კონტროლდება რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ, ოფიციალურად არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, იმის მიუხედავად, რა სახის კონტენტს ავრცელებს, რადგან მთლიანობაში, გინდ კულტურული მიმართულება იყოს, გინდ — საინფორმაციო, სრული შინაარსით ექვემდებარება კრემლის კონტროლს. ეს ასე იყო ზოგადადაც, და განსაკუთრებით, ასეა დღეს, როდესაც რუსეთში პუტინმა ცენზურა ოფიციალურად, "სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში დააკანონა.

კულტურული პროპაგანდა, რუსეთის გრძელვადიან მიზნებზე გათვლილ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება. ფილმების, სერიალების, ტელე და რადიო გადაცემების გავრცელება მიმართულია კულტურული ერთობის, ტრადიციების, კავშირების გაძლიერებაზე, რათა გააძლიეროს ბმა "რუსულ სამყაროსთან", როგორც მენტალური, ასევე, ემოციური თვალსაზრისით.

ეს არ არის ახალი "გამოგონება". მაგალითად, ცივი ომისას, ჯინსების და ჯაზის კულტურული ექსპანსია, თუ "რადიოსიხშირეებით ბრძოლა", იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი ბუნებრივი მეთოდი იყო. ასე რომ, კი, კულტურული პროპაგანდა, ზოგადად, პროპაგანდის ერთი კონკრეტული სახეა, რომელიც არანაკლებ უნდა გვაღელვებდეს, ვიდრე დეზინფორმაციის გავრცელება. ამ თვალსაზრისით, რუსული გადაცემების ქართულად თარგმნა მიმართულია კონკრეტულ ადამიანებზე, ვისაც სურთ, ჰქონდეთ წვდომა "რუსულ კულტურულ სამყაროსთან".

პროპაგანდის მისია

ზოგადად, პროპაგანდას მრავალი შრე აქვს და ერთმანეთისგან განსხვავებულ ასაკობრივ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ფენებზე სხვადასხვა გზებითაა მიმართული. მაგალითად, უფროს ასაკზე გათვლილი კონტენტის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდობის ემოციების გაძლიერებისკენ არის მიმართული, რაც ვერ "იმუშავებს" ახალგაზრდებზე, და შესაბამისად, მიდგომებიც დივერსიფიცირებულია.

სანაცვლოდ, ახალ თაობაზე ძალიან ეფექტურად ახდენენ გავლენას სოციალური მედიის საშუალებით. მათ შორის, საქართველოში მოქმედი და საქართველოს მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, თუ კერძო სუბიექტები. ამ კონტექსტში, თავის მოტყუება იქნება მხოლოდ რუსული სატელევიზიო მედიის შეუზღუდავად გავრცელებისგან წარმოქმნილ რისკებზე საუბარი, რადგან სოციალური მედიის დახმარებით, კრემლისტური ინტერესების გავრცელება, არანაკლებია.

ექსპატები — კიდევ ერთი საფრთხე, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის

პროპაგანდისგან გამოწვეული რისკები ძალიან მაღალია. ასე იყო ომამდეც, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, კიდევ უფრო საყურადღებოა. მაგალითად, დღეისათვის საინფორმაციო უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად იქცა ის გარემოება, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ექსპატების რაოდენობა (*ექსპატი: სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე, ან დროებით მცხოვრები ადამიანი, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქე არ არის). გამოქცეული ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქ მუშაობენ, შეიძინეს ქონება — მათი რაოდენობა უკვე 100 000-ია და ისინი ინფორმაციულად, ისევ რუსულ წყაროებზე არიან დამოკიდებული.

2012 წლამდე, საქართველოში არაფორმალურად იყო აკრძალული რუსული არხების ტრანსლირება, რაც იმ დროინდელი პოლიტიკის ნაწილი იყო. 2012 წლის შემდეგ კი, შეუზღუდავად ვრცელდება ყველგან — სილკნეტზე, მაგთიზე, თუ სხვა საკაბელო მაუწყებლებით. რუსულ არხებს ხშირად შეხვდებით სასტუმროებშიც და ტურისტულად ჩამოსული მილიონობით რუსი, რომელთა დიდი ნაწილი ამ მომენტშიც ცხოვრობს სასტუმროებში, ინფორმაციას ისევ პროპაგანდისტული რუსული წყაროებიდან იღებს.

რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა — ბარიერი პროპაგანდასთან ბრძოლაში

საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა გამოხატვის თავისუფლებასა და პროპაგანდის აკრძალვას შორის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, სწორედ ოკუპაციის ფაქტორის გამო, საქართველოს მოცემულობა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაგალითისგან განსხვავებულია, სადაც დილემური იყო არჩევანი რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის.

ჩვენ, რეალურად ვართ ოკუპაციის პირისპირ და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. შესაბამისად, არასწორია, როდესაც ასეთ პროცესში სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საინფორმაციო მედეგობას და პროპაგანდის გავრცელების საშუალებას აძლევს ოკუპანტ ქვეყანას, რომლის "სპუტნიკიც", ოკუპაცირებულ რეგიონებში — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაუყწყებლობს, და თანაც, ფილიალი აქვს თბილისში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ასაქმებს და უხდის ხელფასს. აწარმოებს არა მხოლოდ რუსულ, არამედ, ქართულენოვან კონტენტსაც. ეს ყველაფერი კი არაფერში ჯდება.

პრობლემა, 2012 წლის შემდეგ, ბევრად მძაფრად დადგა. დავიწყეთ ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან მთლიანობაში, ეს ყველაფერი "რუსეთის არგაღიზიანების გამოცხადებულ პოლიტიკაში" ჯდება. სანამ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, ვერც ერთი არხი და ვერც ერთი პრორუსული არასამთავრობო, თუ სხვა ტიპის ორგანიზაცია ვერ დაექვემდებარება შეზღუდვებს. ასეთია ამ პრობლემის კონტექსტი და ამ ხელისუფლების გაცხადებული კურსის პირობებში, რაიმეს შეცვლა, შეუძლებელია.

საგულისხმოა, რომ პროპაგანდის გავრცელების თვალსაზრისით, რუსეთისთვის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენია მოლდოვა. როგორც ცნობილია, უკრაინის მხარდაჭერის პროცესში მოლდოვა და საქართველო დაახლოებით, ერთსა და იმავე პოზიციაშია. საერთო რისკებიდან გამომდინარე, არც საქართველო და არც მოლდოვა ერთვება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაში, თუმცა, ერთადერთი, რაც გააკეთა მოლდოვის ხელისუფლებამ, ეს იყო რუსული არხების აკრძალვა. ჩვენ, საქართველომ, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის, ეს მინიმუმიც არ გავაკეთეთ.
კატეგორია: საქართველო

რა ხდება?
რუსული პროპაგანდისტული შინაარსის ტელეკომპანია "პირველი გასართობი" საქართველოში უკვე ერთი კვირაა, აღარ მოაუწყებლობს. გათიშულია ტელევიზიის ოფიციალური ვებგვერდიც.

მულტიპლექს ოპერატორის, "სტერეო პლუსის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ხითარიშვილი ამბობს, რომ არხს დავალიანება ჰქონდა და მისი ინფორმაციით, ოფისიც დახურულია.

"პირველი გასართობის" დირექტორი, ანა მანჯგალაძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე კომენტარას არ აკეთებს, ამბობს რომ "ოფისი გადასულია" და არ გვიდასტურებს, არხმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა თუ სრულად.

რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოს კანონით "მაუწყებლობის შესახებ", ტელეკომპანიას უფლება აქვს, მაუწყებლობა 12 თვით შეაჩეროს.

12 თვის შემდეგ, ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს კომუნიკაციების კომისიისთვის კომპანიის პირადი მიმარათვა, ან ისეთი გარემოება, როცა ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად არღვევს ქვემოთ მოყვანილ შემდეგ პუნქტებს:
  • არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
  • არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
  • არ იხდის რეგულირების საფასურს;

რა ვიცით "პირველი გასართობის" შესახებ?

  • საქართველოში, რუსული პროპაგანდისტული იდეების გამტარებელი ტელეკომპანია "პირველი გასართობი" 2015 წლიდან მაუწყებლობდა.
  • ის ქართულად თარგმნიდა და ავრცელებდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის — "პერვი კანალის" (OPT) პროპაგანდისტულ გადაცემებს, სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს.
  • 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, "პირველი გასართობის" ერთადერთი დაფინანსების წყარო რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზია "პერვი კანალი" (OPT) იყო.
  • იანვარში "პირველ გასართობს" "ოერტესგან" 61 358 ლარი ჩაერიცხა, თებერვალში - 57 895. ამის შემდეგ კი რუსეთის პირველი არხისგან დაფინანსება შეწყდა.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რუსული "პერვი კანალი" სანქცირებულია 2022 წლის 3 ივნისიდან, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედების შემდეგ, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიების მაუწყებლობის შეჩერებას და SWIFT-დან (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) გათიშვასაც გულისხმობს.

რადგან საქართველოს საბანკო სისტემა SWIFT-ის ნაწილია, რუსეთის საქნცირების ამ ნაწილს ავტომატურად იზიარებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის 16 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს." სავარაუდოდ, ამ შეზღუდვებმა განაპირობა არხის ძირითადი დაფინანსების წყაროს შეზღუდვა.


მეტი დეტალი "პირველი გასართობის" შესახებ.
  • 2015 წლიდან "პირველი გასართობი" შეუზღუდავად ვრცელდებოდა მთელ საქართველოში, როგორც საკაბელო ტელევიზიებით, ასევე, ე.წ. სეტ ტოპ ბოქსებითაც, ანუ მისი ყურება ნებისმიერი ანტენით არის შესაძლებელი.
  • არხმა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი, ეთერში გასვლისთანავე, არაერთგზის დაარღვია.
  • მაუწყებლობდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ლოგოთი და წარწერით: "Грузия".
  • ეთერში ათავსებდა პროპაგანდისტული OPT-ს საინფორმაციო-პოლიტიკურ პროგრამებსაც.
  • 2015 წელს კომპლექსური დარღვევების გამო, კომუნიკაციების არეგულირებელმა კომისიამ მას შემდეგ დააკისრა სანქციები, რაც შესაბამისი მოთხოვნით, "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) მიმართა.
  • შედეგად, არხი იძულებული გახდა, 2015 წლის 18 აგვისტოდან მაუწყებლობის შინაარსი შეეცვალა და "პირველი გასართობის" სახელით დღემდე მაუწყებლობს.
  • რუსული სახელმწიფო საინფორმაციო პროპაგანდა კი, "კულტურული პროპაგანდით" ჩაანაცვლა.


რას ნიშნავს კულტურული პროპაგანდა?

ეს პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმაა. ემსახურება გრძელვადიან მიზნებზე გათვლილ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს, რაც სხვა ქვეყანაში იმ ქვეყნის იდეების გავრცელებას გულისხმობს, რომელ ქვეყანაც ამაში ფულს ხარჯავს.

კულტურულ პროპაგანდას ავრცელებენ:
  • ფილმებით,
  • სერიალებით,
  • ჟურნალებით,
  • რადიო და სატელევიზიო გადაცემებით.

ეს აქტივობები გამიზნულია ერის იმიჯის გასაძლიერებლად და კეთილგანწყობის შესაქმნელად სხვა ქვეყნების მოსახლეობაში, რათა მოახდინონ გავლენა მათი ქვეყნის მთავრობებსა და პოლიტიკაზე, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის გზით.

საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველომ არ გაიზიარა სხვა დასავლური ქვეყნების გადაწყვეტილება, აეკრძალა რუსული პროპაგანდა, შესაბამისად, უპრობლემოდ ვრცელდებოდა "პირველი გასართობიც", რომელსაც რუსული პროპაგანდისტული OPT წლებია, აფინანსებს.

არხის ფინანსური შემოსავლები 2016-2022 წლამდე, ასეთია:

alt
კატეგორია: საქართველო
სარეკლამო კომპანია "Betterfly Media" "ფიფლმეტრების" მონაცემებს ამუშავებს, მათი ინფორმაციის მიხედვით კი, 2021-2022 წლის ანალოგიურ პერიოდში, ყველაზე პოპულარული ტელევიზიების რეიტინგმა საგრძნობლად იკლო.

წინა სტატიაში მოგიყევით, როგორ ადგენენ ტელევიზიების რეიტინგს ე.წ. ფიფლმეტრების ტენოლოგიით.

ამჯერად გავაანალიზებთ, რას გვეუბნება "ფიფლმეტრებზე" დაკვირვება ქართველი ტელემაყურებლისა და მისი ინტერესების შესახებ.

რა ხდება?

  • მაყურებელი დაკარგეს ამ არხებმა: "იმედი", "მთავარი არხი", "რუსთავი 2", "GDS".
  • უმნიშვნელოდ, მაგრამ გაზრდილია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და "ფორმულას" აუდიტორია.
alt

რამ გამოიწვია აუდიტორიის კლება?

მიზეზი მარტივია:
  • 2020 წლის მარტიდან, ტელევიზიის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც Covid 19-ის პანდემიამ განაპირობა.
  • ადამიანებს სახლში ყოფნა მოუხდათ, ვირუსის გავრცელებისა და პრევენციული ზომების შესახებ ინფორმაციის მიმართ ინტერესი მაღალი იყო, ამან კი ტელეყურების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 27%-ით გაზარდა.
  • 2022 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში, ტელემაყურებლის რაოდენობამ 6%-ით იკლო და კლება ყველა არხის წილზე აისახა.

რა შინაარსის პროგრამები აინტერესებს ქართველ ტელემაყურებელს?

უპირველესად, სპორტი — მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს ტელემაყურებლის ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს.

მაგალითად, TV MR-ის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბრის თვის 25 ყველაზე პოპულარული პროგრამიდან 8 სპორტულ კატეგორიაშია — რეიტინგების სათავეში კი, უეფას ერთა ლიგაა (საზოგადოებრივი მაუწყებელი). ინტერესი მაღალია არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ, რაგბისა და კალათბურთის მიმართაც, რაზეც გასული თვეების მონაცემებიც მოწმობს.

გართობა - 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, რეიტინგების სათავეებში გხვდება ღამის შოუები, გასართობი, “ყვითელი” თოქ-შოუები და ე.წ. "მეგაშოუები". ამ მიმართულებით ყველაზე მეტი ტელემაყურებელი "იმედს" ჰყავს.

სერიალები - ცალკეული ტელევიზიების რეიტინგებში მეტწილად, თურქული სერიალები ლიდერობენ. მთლიანობაში, განსაკუთრებულად პოპულარულია — "ერთხელ ჩუკუროვაში" (იმედი).

ახალი ამბები და საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები - ამ კატეგორიაშიც "იმედი" ლიდერობს. სხვადასხვა თვის 25 ყველაზე რეიტინგულ პროგრამას შორისაა "იმედის კვირა". "ქრონიკას" კი, ახალი ამბების გამოშვებებს შორის, ყველაზე მაღალი აუდიტორია ჰყავს.

საინტერესო ფაქტები:

  • სტატისტიკურად, ტელევიზორს ყველაზე მეტი მაყურებელი 21:00-დან 23:00-მდე ჰყავს. ტელეინდუსტრიაში დღე-ღამის ამ მონაკვეთს ძირითად დროს, იგივე Prime time-ს უწოდებენ.
  • საქართველოში, ტელევიზიას, ყველაზე დიდი აუდიტორია იანვარსა და თებერვალში, ყველაზე მცირე კი, ივლისსა და აგვისტოში ჰყავს.
  • ტელევიზორს ყველაზე ნაკლებად სამშაბათობით უყურებენ, ყველაზე მეტად — კვირას.
alt


  • მაყურებელი ტელევიზორთან ყველაზე დიდი ხნით ჩერდება, თუ უყურებს ფილმს, ახალ ამბებსა და თოქშოუებს.
  • მხატვრული ფილმები ქართული სატელევიზიო პროგრამების 20%-ს შეადგენს.

რა ვიცით პოპულარული ტელევიზიების მაყურებლის შესახებ?

შემოსავლები:
  • მეტწილად, საშუალო და მაღალი შემოსავალი აქვს იმედისა და ფორმულას მაყურებელს;
  • მეტწილად, დაბალი შემოსავალი აქვს რუსთავი 2-ის, მთავარი არხისა და მაესტროს მაყურებელს;
  • მეტწილად, საშუალო და დაბალი შემოსავალი აქვს ტელეკომპანია პირველის მაყურებელს.
ასაკი:
  • საშუალოდ, ყველაზე ახალგაზრდა აუდიტორია ჰყავს იმედს (35 წელი და ზემოთ);
  • საშუალოდ, 45 წელს გადაცილებული მაყურებელი ჰყავს რუსთავი 2-ს, მთავარ არხს, ტვ პირველსა და ფორმულას
  • მაესტროს მაყურებელი კი საშუალოდ, 55 წელს ზემოთ აუდიტორიაა.

სქესი:
  • უფრო მეტი ქალი მაყურებელი ჰყავს: რუსთავი 2-ს, იმედს, მთავარ არხს;
  • უფრო მეტი კაცი უყურებს: მაესტროს, ფორმულას, ტვ პირველს.



ქართველი ტელემაყურებლის ზოგადი პორტრეტი კი ასეთია:

  • შემოსავალი: მეტწილად, დაბალი და საშუალო
  • ასაკი: მეტწილად, 45
  • სქესი: მეტილად, ქალი
  • უყურებენ: მეტწილად რეგიონებში, ვიდრე თბილისში.

სტატიაში გამოყენებულია betterfly media-ს, Tri media-სა და TV MR-ის მონაცემები.
კატეგორია: საქართველო
სატელევიზიო და სარეკლამო ინდუსტრიისთვის რეიტინგი მთავარი სავაჭრო ვალუტაა — ის შემოსავლებს განსაზღვრავს. დამკვეთმა რომ რეკლამა რომელიმე არხზე, ან გადაცემაში განათავსოს, პოტენციური აუდიტორიის შესახებ დეტალური ინფორმაცია სჭირდება.

სატელევიზიო აუდიტორიას საქართველოში აუდიტორიის მთვლელი ორი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა ზომავს, თუმცა, მათი მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა და ტელევიზიებიდანაც ნდობას ზოგი ერთს უცხადებს, ზოგი — მეორეს.

რა არის პრობლემა?

მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ბევრ ქვეყანაში სატელევიზიო რეიტინგებს არა ორი ან მეტი, არამედ ერთი კომპანია ადგენს. 2020 წელს მსგავსი საკითხი საქართველოშიც დადგა, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.
  • მაუწყებლები, ორივე კომპანიის მიღმა პოლიტიკურ მოტივაციებს ხედავენ.
  • ტელევიზიები, გადაწყვეტილებასაც იმის მიხედვით იღებენ, თუ ვის მონაცემებს უფრო ენდობიან.
  • სწორედ მთვლელი კომპანიების მონაცემები განსაზღვრავს მათ შემოსავლებს, განვითარებასა და საერთოდ, არსებობის საკითხსაც კი.

მოკლედ, ტელევიზიების რეიტინგის მთვლელი კომპანიების შესახებ საქართველოში:

Nielsen — ამერიკული კომპანიაა, რომლის ლიცენზირებული პარტნიორიც საქართველოში კომპანია "TV MR საქართველოა".

მის დამკვეთებს შორის არიან:
  • მთავარი არხი;
  • ტვ პირველი;
  • ფორმულა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • კავკასია.

Kantar Media — ბრიტანული კომპანია. საქართველოში მისი ექსკლუზიური ლიცენზია "Tri Media Intelligence"-ს ეკუთვნის.

მის დამკვეთებს შორის არიან:
  • იმედი;
  • რუსთავი 2;
  • მაესტრო;
  • პოს ტვ;
  • ალტ ინფო;
  • GDS.

რეიტინგების მდგენელი ორგანიზაციები და პოლიტიკა

"TV MR საქართველო" გოჩა ცქიტიშვილმა დააარსა და ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, როგორც აუდიტორიის მთვლელი კომპანია.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მათ მთავრობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კი კომპანიას პრობლემები შეექმნა — 2014 წელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურმა მათი შემოწმება დაიწყო და სატელევიზიო კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართების გამჟღავნება მოსთხოვა.

რა პრობლემაა, თუ შემოსავლების სამსახურს ეცოდინება კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართები?
  • 2014 წელს, არასამთავრო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას ეს კვლევაში მონაწილე ოჯახებზე ზეწოლის საშუალებას მისცემდა, რაც შესაძლოა, ოჯახების თვითცენზურაზეც ასახულიყო — თავი შეეკავებინათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხების ყურებისაგან.
კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი 2011 წლიდან ფლობს საზოგადოებრივი კვლევით ცენტრს "IPM", რომელიც ასევე, 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა, ცქიტიშვილს კი "პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის წევრი" უწოდა.

2 წლის შემდეგ, 2016 წელს საქართველოში მეორე მთვლელი კომპანია "Tri Media Intelligence" შემოვიდა.

Tri Media Intelligence - მას ორი დამფუძნებელი ჰყავს — გიორგი თევდორაშვილი და მერაბ ფაჩულია.

ფაჩულიას ეკუთვნის კომპანია “გორბი”, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია “იმედისთვის” ეგზიტპოლებსა და გამოკითხვებს ატარებს.

"იმედისა" და "გორბის" ეგზიტპოლები და გამოკითხვები არაერთხელ გახდა პოლიტიკური სკანდალის მიზეზი. "გორბის" ეკუთვნის "იმედის" ბოლო გახმაურებული გამოკითხვა, სადაც კითხვა ასეთი ფორმულირებით დასვეს: "თუ დასავლეთი მოსთხოვს, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს პოზიცია?".
  • საგულისხმოა, რომ სწორედ მერაბ ფაჩულიას "გორბი" ატარებს საველე სამუშაოებს მისივე სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის კომპანიისთვის — "Tri Media Intelligence".


როგორ ადგენს სატელევიზიო რეიტინგებს "TV MR საქართველო" და "Tri Media Intelligence"?

"ფიფლმეტრებით" — ასე ჰქვია ტექნოლოგიას, რომელსაც სატელევიზიო აუდიტორიის კვლევებისთვის, სტანდარტულად მთელ მსოფლიოში იყენებენ.

"ფიფლმეტრს" აყენებენ კვლევისთვის შერჩეულ ოჯახებში არსებულ ყველა ტელევიზორზე. მოწყობილობის დისტანციური მართვის პულტზე კი, ოჯახის ყველა წევრისთვის შესაბამისი ღილაკია გამოყოფილი.

კვლევაში მონაწილე ოჯახების ქცევაზე დაკვირვებით, "ფიფლმეტრი" მუდმივად ასახავს და ინახავს ინფორმაციას თუ რას უყურებს ოჯახის თითოეული წევრი.

სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას, დამკვეთი სწორედ ამ დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას — რომელ არხზე, ან რომელ კონკრეტულ გადაცემაში დახარჯოს ფული.

სად ტარდება კვლევა?

კომპანიები, აუდიტორიის კვლევისთვის ირჩევენ ქალაქებს, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოში ასეთი 7 ქალაქია.

აუდიტორიის შერჩევისას გათვალისწინებულია ქვეყნის სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორები, რათა სარეკლამო ინდუსტრიამ იცოდეს, რა შემოსავლების მქონე ადამიანები უყურებენ ამა თუ იმ არხს, ან გადაცემას.
  • Kantar Media კვლევისთვის 540 ოჯახს აკვირდება.
  • Nielsen კი, 450 ოჯახს.
კვლევისთვის შერჩეული ოჯახების რაოდენობა შესაძლოა, ცოტა მოგვეჩვენოს, თუმცა, მოსახლეობის საერთო რაოდენობის პროპორციის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნების პრაქტიკაც მსგავსია.

კვლევაში მონაწილეობა არ შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა წევრ(ებ)ი დაკავშირებული არიან საქმიანობის ისეთ სფეროებთან, როგორიცაა: მედია, რეკლამა, პოლიტიკა, ან საჯარო სამსახური, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე პირი მაღალ თანამდებობას იკავებს.

მთელი ეს პროცესი მაყურებლისთვის უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, სარეკლამო კომპანია „Betterfly Media“-მ პოპულარულ ენაზე მომზადებულ ამ ვიდეოში ახსნა — რა არის სატელევიზიო კვლევის პანელი.



რას გვაჩვენებს სტატისტიკა?
  • ორივე მთვლელი კომპანიის შედეგების მიხედვით, ტელეკომპანია "იმედი" საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა და მას ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
  • მანამ, სანამ "რუსთავი 2"-ში მენეჯმენტი შეიცვლებოდა და არხს მაშინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას გუნდი დატოვებდა, "იმედს" ყველაზე დიდ კონკურენციას სწორედ ტელეკომპანია "რუსთავი 2" უწევდა.
  • 2019 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-დან წასულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გააგრძელა მუშაობა, "იმედის" მთავარი კონკურენტი "მთავარი არხია".
დაბოლოს,  სარეკლამო კომპანია „Betterfly Media“-ს ამ გრაფიკულ ვიდეოში ჩანს, როგორ იცვლებოდა ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ტელევიზიების წილის მაჩვენებლები 2016-2020 წლებში.




ამავე თემაზე: ქართველი მაყურებლის პორტრეტი — ვინ და რას უყურებს ტელევიზორში
კატეგორია: საქართველო
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტივის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კომუნიკაციების კომისია ამაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა, 2016 წელს, მსგავს შემთხვაში კანონდარღვევა დაადგინა.

მოკლედ, რა ხდება?

  • საქართველოს პარლამენტის მოქმედმა წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პოსტვ"-ის ს 52% 520 000 ლარად იყიდა.
  • ეს ნიშნავს, მოქმედი დეპუტატი ფლობს კომპანიის საკონტროლო პაკეტს.

რა არის პრობლემა და რა არ არის?

  • კანონით, პრობლემა არ არის, რომ პარლამენტის წევრი მედიას ფლობდეს.
  • პრობლემაა, რომ კანონის ამავე რედაქციით იხელმძღვანელა მარეგულირებელმა კომისიამ, როდესაც 2016 წელს დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ მისცა ტელევიზიის ფლობის უფლება.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

  • "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განსაზღვრულია, ვის არ აქვს უფლება ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას.
  • ჩამონათვალში დეპუტატები არ არიან, თუმცა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კანონში ტერმინების გაგება მარეგულირებელი კომისიისა და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის განსხვავებული და დილემურია.

დეტალურად

რას ამბობს კანონი?

  • "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 37-ე მუხლით, არ შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, ან საჯარო მოხელე მაუწყებლის სფეროში ლიცენზიის მფლობელი იყოს.
  • ასეთ შემთხვევაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ვალდებულია, განიხილოს საკითხი და კანონით განსაზღვრული ნორმის მიხედვით იმოქმედოს.

პოზიციები:

  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია: "საჯარო სამსახურის კანონის თანახმად, დეპუტატი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს. შესაბამისად, ვინაიდან ვიქტორ ჯაფარიძე არც საჯარო მოხელეა და არც ადმინისტრაციული ორგანოს, ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, მის მიერ მაუწყებლის წილის შეძენა არ ეწინააღმდეგება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს".
  • ვიქტორ ჯაფარიძე არ მიიჩნევს, რომ "პოსტივის” წილის ფლობით კანონს არღვევს თუმცა, თქვა, რომ აპირებს, კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში მინდობილობით გადასცეს მართვაში სხვა პირს.
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც 16 ორგანიზაციას აერთიანებს, კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებენ, შეისწავლოს ვიქტორ ჯაფარიძის მიერ, "პოსტვ"-ის ფლობის კანონიერების საკითხი და იხელმძღვანელოს იმავე სტანდარტით, რაც 2016 წელს, ტელეკომპანია “იბერიის” შემთხვევაში გამოიყენეს.
  • ორგანიზაციების მიმართვისთვის მარეგულირებელ კომისიას ჯერ არ უპასუხია.

სანქციები:
  • მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
  • მარეგულირებელი კომისიის მიერ მაუწყებლობის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა, ან პრევენცია, ხოლო ამისთვის მაუწყებელს "გონივრული ვადა ეძლევა".

რა ხდება, თუ მაუწყებელი მარეგულირებელი კომისიის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს?
  • კომისია ვალდებულია მაუწყებელს ჯარიმა დააკისროს.
  • ხოლო, მაუწყებელს აქვს უფლება კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

კონტექსტი:
  • ვიქტორ ჯაფარიძემ "ქართული ოცნება" 2022 წლის 4 ოქტომბერს დატოვა და მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდა. ეს მოძრაობა ანტიდასავლური განხადებებითაა ცნობილი.
  • "ხალხის ძალა" თავდაპირველად, "ქართული ოცნებიდან" წასულმა ოთხმა დეპუტატმა დააარსა, ახლა მათ მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა.
  • "პოსტვის" წილების შეძენის შემდეგ, ტელევიზია ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, "რომ არხი "ხალხის ძალას" მედიაპლატფორმა გახდება - მოძრაობას “პოსტივის” 8 წამყვანი და ანალიტიკოსი შეუერთდა.
კატეგორია: საქართველო
მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე, "ქვიარი" (Queer) ლგბტქი ადამიანების მიმართ დამკვიდრებული არასასურველი მიმართვის ფორმა იყო, მაგრამ დრომ და აქტივიზმმა ბევრი რამ შეცვალა და ახლა ეს ტერმინი, პოზიტიური დატვირთვით და პოლიტიკური შინაარსით, ჰეტერონორმატიულ დღის წესრიგს უპირისპირდება.

ასეთი სახელწოდებით და ასეთივე მიზნით — გააუმჯობესოს საქართველოში ქვიარ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და გარემო, 2021 წლის 17 მაისს, ლგბტქი აქტივისტებმა, თამაზ სოზაშვილმა და ნინო ბოლქვაძემ ონლაინ გამოცემა, Queer.ge დააფუძნეს.

"გვინდა, დავანახოთ ხალხს, რომ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ, იმის მიუხედავად, ვინ გვიყვარს" - ამბობს გამოცემის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე, რომელიც Queer.ge-ს რედაქციას 2022 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის On.ge-ის მთავარი რედაქტორი იყო.

მედიასტანდარტი და ბალანსი

ხატია ღოღობერიძე, ტელევიზიაში, თუ ონლაინ-მედიაში მუშაობისას, ძირითადად ახალ და მიმდინარე ამბებს აშუქებდა. ბოლო წლებში კი მისთვის მთავარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებები იქცა.

"ერთი მხრივ არ მინდოდა ჟურნალისტიკიდან აქტივიზმში წასვლა, მეორე მხრივ, მინდოდა, ქვიარებისა და ქალების უფლებებზე მემუშავა და ზუსტად ეს არის Queer.ge. აქ შემიძლია ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესო” - ამბობს ხატია ღოღობერიძე.

გამოცემა ცდილობს, ლგბტქ+ საკითხები ჟურნალისტური სტანდარტებით გააშუქოს ერთი მთავარი პრინციპით - “არ ავნო”. “გვინდა, ჩვენი მუშაობით შევქმნათ მაგალითი: როგორ გავაშუქოთ ლგბტქ+ საკითხები ისე, რომ არავინ დავაზიანოთ, რადგან სტანდარტებს შორის ეს ერთ-ერთი უმთავრესია”, - გვეუბნება რედაქტორი.

მაგალითად, როდესაც გამოცემა წერს რესპონდენტზე, რომელიც დაქამინგაუთდა, სტატიას გამოქვეყნებამდე კარგად განუმარტავს შესაძლო რისკებს: რა შეიძლება მოიტანოს საჯაროობამ, რა შეილება მოჰყვეს ამ ყველაფერს მათ შორის Facebook-ზე.

ამას ყველა მედია უნდა აკეთებდესო - ამბობს ხატია ღოღობერიძე - "არ შეიძლება ლგბტქ+ საკითხებს ისევე აშუქებდე, როგორც პოლიტიკური პარტიებს და თქვა, რომ ერთი მხარეც გააშუქე და მეორეც, რადგან არ არსებობს "ბალანსი" და ლეგიტიმური "მეორე მხარე", როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოზიცია. არ შეიძლება თოქ-შოუში მიიყვანო ქვიარ ადამიანი და "არგუმენტებისთვის" დაუსვა ის, ვინც მას ქუჩაში ურტყამს.”

უსაფრთხოება

რედაქციის მისამართი საჯარო არ არის. ეს “მეტწილად ჰომოფობიურ საზოგადოებაში და ასევე, ჰომოფობიისა და ძალადობისკენ წამქეზებელი ხელისუფლების პირობებში” უსაფრთხო არ იქნებოდაო, ამბობს ხატია ღოღობერიძე.

უსაფრთხოების კუთხით, რისკები მაინც არსებობს. 2021 წლის ხუთმა ივლისმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ადამიანებს ერთი მხრივ, სექსუალური იდენტობის გამო ესხმიან თავს, მეორე მხრივ კი თავდასხმის სამიზნეა, მედიაც. Queer.ge-კი ორივე მხრივ რისკის ქვეშაა.

“მაგრამ ეს არ გვაფერხებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობით შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა" - ამბობს გამოცემის რედაქტორი.

დაფინანსება

8 ავტორისგან შემდგარი სარედაქციო გუნდი სტატიებს ქართულად, რუსულად და ინგლისურად აქვეყნებს.

“ქვიარი” დონორების ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს, მაგრამ კომერციული განვითარების გეგმაც აქვთ. ხატიას იმედი აქვს, რომ გამოცემის ქვიარ თემატიკა ბიზნესს არ დააბრკოლებს.

"კომპანიებს, რომლებიც დღეს ხმამაღლა გველაპარაკებიან თანასწორობაზე, შეუძლიათ ნამდვილად გადადგან ნაბიჯი თანასწორობისკენ და არ შეშინდნენ, რომ ჩვენთან რეკლამის მოტანის გამო ვინმე გააკრიტიკებს. მგონია, ეს ერთგვარი გამოწვევაც კი შეიძლება იყოს ბიზნესისთვის", — ამბობს "ქვიარის" რედაქტორი.

ინფორმაცია პოზიტიური ცვლილებებისთვის

"ქვიარში" სჯერათ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლა ქვიარ საკითხების მიმართ ინფორმაციის მიწოდების გარეშე, შეუძლებელია - სწორი ინფორმაცია ადამიანებში არარაციონალურ შიშებს ამარცხებს, ამიტომაც საგანმანათლებლო სტატიები გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

“ერთ-ერთი რესპონდენტი გვიყვებოდა თავისი ბარის შესახებ, სადაც ხშირად უნახავს ჰომოფობები, რომლებიც რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალნენ. ისინი შეიცვალნენ, რადგან ეს ბარი, ლგბტქი ადამიანების მიმართ მეგობრულია და ნახეს, რომ ქვიარ ადამიანების შესახებ მათი წარმოდგენები, რაც ემყარებოდა ხელისუფლების, საპატრიარქოს ან ცალკეული ძალადობრივი ჯგუფების განცხადებებს, არასწორი იყო", - ჰყვება ხატია ღოღობერიძე.

გამოცემა მხოლოდ პრობლემებსა და გამოწვევებზე არ წერს. ლგბტქი ადამიანების მიღწევების გაშუქება მათთვის არანაკლები პრიორიტეტია, რადგან "თემში ბევრი წარმატებული ადამიანია და მათთვის ბევრად რთულად მოდის ეს წარმატება, ვიდრე სხვებისთვის."

გამოცემაში ამისთვის სპეციალური რუბრიკაა შექმნილი — "ქვიარი ამბობს", სადაც ადამიანები საკუთარ თავზე საუბრობენ. ამ რუბრიკაში ბევრ წარმატებულ ადამიანსაც ნახავთ. პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც მათ, როგორც ქვიარ ადამიანებს აქვთ, მაგრამ ამ პრობლემებს შორის ხშირად არის ისეთი საკითხებიც, რაც ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება აღელვებდეს გენდერული, ან სექსუალური იდენტობის მიუხედავად. ეს იქნება სიღარიბე, ინფლაცია, ოკუპაცია, გარემო, თუ სხვა საკითხები.

ხატია ღოღობერიძის თქმით, გამოცემის კიდევ ერთი მიზანია, ადამიანები გააცნოს საზოგადოებას არა მხოლოდ მათი იდენტობის, არამედ შეხედულებების გამო, “რადგან თემში ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ნებისმიერ თემაზე — იდეოლოგიებზე, თუ პოლიტიკაზე, და ეს სრულიად ნორმალურია. გოგოები მოგწონს, თუ ბიჭები, ეს ვერ იქნება იდეოლოგიის, სოციალურ, თუ პოლიტიკურ საკითხებზე შენი მოსაზრებების განმსაზღვრელი და ჩვენ ამის ჩვენებასაც ვცდილობთ".

"ქვიარი" და პოლიტიკა

ლგბტქი ადამიანების ცხოვრებისა და უსაფრთხოების ხარისხზე პოლიტიკა უდიდეს გავლენას ახდენს. მით უფრო, რომ ლგბტ+ ადამიანებს ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა ისეთი ფუნდამენტური უფლებებისთვის, როგორიცაა, მაგალითად:

  • დისკრიმინაციული მიდგომები შრომით ურთიერთობებში;
  • ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღებისათვის ბრძოლა;
  • ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების;
  • რეგულაცია სამართალში;
  • ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა
და ა.შ. და ასე შემდეგ.

ბევრ ასეთი საკითხის პოზიტიური ცვლილება იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის აირჩევს ხალხი და როგორი იქნება პოლიტიკური აქტორების მიდგომები ლგბტქი ადამიანების, და ზოგადად, ადამიანის უფლებების მიმართ. ამის გათვალისწინებით, ჩვენ Queer.ge-ს რედაქტორს პოლიტიკაზეც ვკითხეთ.

"როდესაც ვამბობ, რომ ლგბტ თემში ბევრი სადისკუსიო საკითხია, ერთ-ერთი სწორედ პოლიტიკაა. ვინ როგორ შეიძლება წარმართოს პოლიტიკა ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამაზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და აზრებიც გაყოფილია, რაც სრულიად ნორმალურია.

“ქვიარის” ერთ-ერთი მიზანი სწორედ ლგბტქ+ ადამიანებისთვის ღია სადისკუსიო სივრცის შექმნაა.

"გვინდა, "ქვიარი" იყოს მედია, სადაც ერთი მხრივ, ქვიარ ადამიანებს ექნებათ ღია დისკუსია პოლიტიკაზე და “მეორე მხრივ — პოლიტიკოსები შემოვიყვანოთ "ქვიარში" და გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ამომრჩეველს შორის ბევრი ქვიარია და, სულ რომ არ იყოს ადამიანი ქვიარი, მას აქვს უფლება იცოდეს, რას ფიქრობს ესა თუ ის პოლიტიკოსი. თუ პოლიტიკოსი ჰომოფობია, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან". - ამბობს “ქვიარის” რედაქტორი.
კატეგორია: საქართველო

რა ხდება?

2022 წლის 20 სექტემბერს, სასამართლომ ტელეკომპანია “პირველს” 5 555 ლარის გადახდა დააკისრა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის სასარგებლოდ. ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ კი, მას ხუთ-ხუთი ლარი უნდა გადაუხადონ.

  • ეს პროცესი ერთ-ერთია ბოლო 2 წლის განმავლობაში სამი ოპოზიციური ტელევიზის, “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი 30-ზე მეტი სარჩელიდან.
  • მაგალითად, 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2022 წლის ჩათვლით, "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 11-მა მერმა მიმართა და “მორალური ზიანის ასანაზღაურებლად” 55 555 ლარი მოითხოვა.

რატომ არის ამბავი საყურადღებო?

მომჩივნების უმრავლესობა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. ქალაქის მერების გარდა, კრიტიკულ მედიებს ცილისწამების მუხლით ედავებიან:

  • კახა კალაძე — თბილისის მერი;
  • გრიგოლ ლილუაშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
  • გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი") — პროსახელისუფლებო "იმედის" ჰოლდინგის კუთვნილი "მაესტროს" წამყვანი;
  • ჯაბა ფუტკარაძე — აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.
  • თამარ ზაალიშვილი - “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის დედა.

რიცხვებში

  • ბოლო ორ წელში, სასამართლოში, ცილისწამების ბრალდებით ყველაზე მეტი მომჩივანი "მთავარ არხს" ჰყავს.
  • მთავარი არხის წინააღმდეგ, 15 სარჩელიდან სხვადასხვა ქალაქის 11-მა მერმა მას შემდეგ შეიტანა, რაც ნიკა გვარამიამ, საავტორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები", იმ დროისათვის მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტობაში დაადანაშაულა.
  • ტელევიზიების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების უმრავლესობა ჯერ არ დასრულებულა.
  • დასრულებული საქმეების უმრავლესობაში მომჩივნებმა გაიმარჯვეს.
  • ტელევიზიების გამარჯვებით მხოლოდ ორი საქმე დასრულდა — აჭარის ჯანდაცვის მინისტრი "ტვ პირველის" წინააღმდეგ და წყალტუბოს მერი "მთავარი არხის" წინააღმდეგ.

კოორდინირებულად შეტანილი სარჩელები

  • მერების მიერ სასამართლოში შეტანილი ყველა სარჩელი თითქმის იდენტურია ფორმით, სტრუქტურით, სიტყვებით და შინაარსით.
  • მსგავსია სარჩელო მოთხოვნაც: ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარით.

რას ამბობენ მოსარჩელე მერები?

მედიაჩეკერი მოსარჩელე მერებს 2022 წლის აპრილში დაუკავშირდა.
მათმა უმეტესობამ კომენტარზე უარი გვითხრა.

  • ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი ამბობს, რომ მას სხვა მერებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი თქმით, ერთნაირად მოთხოვნილი თანხა 55 555 ლარი "არაფერს არ უკავშირდება".
  • ყვარლის მერისგან განსხვავებით, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ამბობს, რომ იცოდა, სხვებიც რომ აპირებდნენ სასამართლოში სარჩელის შეტანას. "კოლეგები ვართ და ვნახეთ, რომ ერთი და იგივე მეთოდი იყო გამოყენებული ყველასთან მიმართებაში და, შესაბამისად, ყველამ ერთნაირი გადაწყვეტილება მიიღო", ამბობს — ბექა ვაჭარაძე.
  • სხვა მერებთან “კოლეგიალურ კომუნიკაციას" ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილიც ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ მერებს გულისხმობს. ის ამბობს რომ, მოთხოვნილი 55 555 ლარი, სიმბოლურად "ნაციონალურ მოძრაობასთან" დააკავშირეს.
  • ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ გვითხრა, რომ "არ არის ვალდებული ვინმეს აუხსნას, რატომ და როდის შეიტანა სარჩელი", ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
  • მარნეულის მერმა კენან ომაროვმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
  • ქარელის, წყალტუბოს, ქუთაისის, ადიგენის, ჭიათურის და ნინოწმინდის მერებმა გვითხრეს, რომ დაკავებულები არიან ან/და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

თბილისის მერი "ტვ პირველის" ჟურნალისტის წინააღმდეგ

11 მერის დავას, 2022 წლის 20 ივნისს თბილისის მერის, კახა კალაძის სასამართლო სარჩელი დაემატა. კალაძე, არხის თოქ-შოუს წამყვან მაია მამულაშვილს ცილისწამებისთვის ედავება ფრაზის გამო — "კალაძემ 60 მილიონი ერთ-ერთი ტენდერიდან ჩაიდო ჯიბეში", და არხისგან 100 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვს".

  • ტელევიზიაში ამბობენ, რომ კალაძის სარჩელის მიზეზი მამულაშვილის დასმული შეკითხვაა.
  • "ჟურნალისტმა დებატების დროს კახი კალაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ციტირება მოახდინა, ახლა კალაძე ამის გამო 100 ათას ლარს ითხოვს" - წერია "ტვ პირველის" განცხადებაში.
  • არხის განცხადებით, სარჩელი ტოვებს განცდას, რომ კალაძის მიზანი, მცირე შემოსავლის მქონე ტელევიზიების ფინანსური საქციებით დახურვის პირას მიიყვანაა.

რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებით, ასეთი სარჩელების განხილვისას იკვეთება:

  • პოლიტიკური ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე;
  • სასამართლოს პოლიტიზებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების სასარგებლოდ, რადგან "მსგავსი საქმეები მიუკერძოებლად არ განიხილება.”

"დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად", — "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო."

ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენის" დირექტორის, იურისტ ნათია კაპანაძის აზრით, ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ტენდენცია აღრმავებს ეჭვს, რომ:

  • "ქართულ ოცნებაში" არსებობს მოლოდინი, რომ სასამართლო, მათი პოლიტიკური საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებებს;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებებს "ოცნება" კრიტიკული მედიების ფინანსურად დასუსტების ინსტრუმენტად იყენებს.

რა იქნებოდა სასამართლო დავების ალტერნატივა?

1 — მედიების თვითრეგულირების ორგანო

"მაუწყებლის შესახებ" კანონმდებლობის მიხედვით,

  • ყველა მედიაშია შექმნილი თვითრეგულირების ორგანო.
  • ნებსმიერ პირს, ვინც ფიქრობს, რომ მის შესახებ მედიამ იცრუა, შეუძლია ფაქტიდან 10 დღის ვადაში მიმართოს და მცდარი ფაქტის შესწორება, ან უარყოფა მოითხოვოს.
  • მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სადავო გადაცემის სახელწოდება, ეთერში გაშვების თარიღი, დრო და კოდექსის ის მუხლები, რომელიც დაარღვია მაუწყებელმა.
  • თვითრეგულირების ორგანოებისთვის მიმართვა წერილობითი ფორმით არის შესაძლებელი.

სამივე კრიტიკულ არხთან დაკავშირებაც მარტივად — ელექტრონული ფორმითაც შესაძლებელია, მით უფრო, რომ "მთავარ არხსაც", "ფორმულასაც" და "ტვ პირველსაც" შესაბამისი მიმართვის ფორმა ოფიციალურ ვებგვერდზევე აქვს განთავსებული.

თუ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება მიუღებელია:

  • გასაჩივრება შესაძლებელია თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღეში;
  • მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს ქმნის მაუწყებელი, ან მათი გაერთიანება.

2 — ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

  • ქარტია, შესული განცხადებების საფუძველზე იხილავს ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს.
  • სადაო საკითხების განხილვისას, "ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის" მიერ აღიარებული 11 პუნქტის მიხედვით ხელმძღვანელობს, რომელიც პროფესიული ქცევის სტანდარტად მიიჩნევა.

როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები

მოპასუხე არხების იურისტები ამბობენ, რომ თანაბარი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში — რომელი საქმე განიხილოს დაჩქარებულად, პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. მაგალითად კი კახა კალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის დავები მოჰყავთ.

  • კახა კალაძემ სასამართლოს 20 ივნისს მიმართა და სხდომა 3 ოქტომბრისთვის უკვე ჩაინიშნა;
  • სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს სასამართლოში 2 სარჩელი აქვს შეტანილი "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ, 26 იანვარს და 15 თებერვალს. მისი სარჩელების განხილვა სწრაფი ტემპით უკვე დაიყწო.

"ფორმულას" იურისტი ეთო ქათამაძე ამბობს, რომ "ფაქტია, სასამართლოს ეჩქარება, ამ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება".

საინტერესოა სასამართლოში "ტვ პირველის" მიერ მოგებული ერთადერთ საქმესთან დაკავშირებული გარემოებაც.
  • არხს იმდროისათვის აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ედავებოდა. მის საქმესაც ის მოსამართლე განიხილავდა, რომელმაც ირაკლი კობახიძის დედის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი.
  • ბაკარაძემ პროცესი 2022 წლის 13 იანვარს წააგო, მას შემდეგ, რაც 2021 წლის ივნისში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. 

რა საფრთხეს ხედავენ და რას აპირებენ ტელევიზიები?

  • სამივე ტელევიზია ბოლომდე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. "თუ აქ ვერ ვიპოვეთ სამართალი, სტრასბურგში გავასაჩივრებთ", — ეთო ქათამაძე, "ფორმულას" იურისტი.
  • "სასამართლო სარჩელები, ცალსახად, მიმართული კამპანიაა და მოთხოვნილი თანხის რაოდენობაც კი, ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზს მათ პოლიტიკურ მოტივაციებს“, — ამბობს თამთა მურადაშვილი, "მთავარი არხის" დირექტორი და იურისტი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა და საკუთარი გავლენების გამოყენება სასამართლო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. სასამართლო კი უნდა გათავისუფლდეს გარე და შიდა გავლენებისგან.
კატეგორია: საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებისთვის კანონპროექტი მოამზადეს, რომლითაც სახელმწიფო, მედიაზე რეგულირების სფეროს ზრდის. ინიციატორები ამბობენ, რომ ეს ევროკავშირის დირექტივაა, მედიის სფეროს ექსპერტები კი რისკებს ხედავენ.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

ახალი კანონპროექტი ერთი მხრივ აფართოებს კომუნიკაციების კომისიის გავლენის სფეროს, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს მას, შევიდეს მედია პროდუქტის შინაარსობრივი ნაწილის განხილვაში.

რა იცვლება?

  • მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, დღეს, კომუნიკაციების კომისია განსაზღვრავს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის წესებს და აკვირდება, ხომ არ არღვევენ მაუწყებლები თვითრეგულირების პროცედურულ ნორმებს;
  • კომისია არეგულირებას მხოლოდ ეროვნულ ტელე და რადიო მაუწყებლებს და მხოლოდ მათ მიმართ არსებობს სავალდებულო ავტორიზაციის მოთხოვნა.
  • ახალი კანონპროექტით შემოდის "მედია მომსახურების" ცნება და რეგულაციის სფერო გაფართოვდება და ინტერნეტზეც გავრცელდება.

ეს ნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტი დაარეგულირებს:
  • ტელევიზიას
  • რადიოს
  • რეკლამის სფეროს
  • "გამოძახებით მედია მომსახურებას"

"გამოძახებით მედია მომსახურებაში" იგულისხმება ნებისმიმერი ვებგვერდი, სადაც მომწოდებელი აუდიტორიას სთავაზობს კონტენტს, ხილო მომხმარებელი თავად ირჩევთ რას და როდის უყუროთ. უფრო კონკრეტულად, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ბექა ოდიშარიამ გვითხრა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების მაგალითებია - Netflix, Disney+, Hulu, HBO Max, Cavea +, SILK TV-ის კატალოგი (მედიათეკა)  და ა.შ.

შესაბამისად, თუ აქამდე გამოძახებით მედიამომსახურების შინაარსის ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის ავტორიზაციის გავლა არ იყო საჭირო, ახალი კანონპროექტით, მფლობელებს მოუწევთ, სავალდებულო ავტორიზაცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაიარონ.

რაც მთავარია:
  • თუ მაუწყებლობის შესახებ კანონით, კომუნიკაციების კომისია მხოლოდ პროცედურული წესების დარღვევას აკონტროლებდა, ახალი კანონპროექტი მას შინაარსში შესვლის საშუალებასაც აძლევს.
  • ანუ, ის, რაც აქამდე მედიის თვითრეგულირების ფარგლებში იყო მოქცეული, სახელმწიფო რეგულირების სფეროში გადავა.

რა საჭიროა ცვლილებები კანონში? — "ოცნების" არგუმენტები

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიზანი ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანაა და ის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებასა და ევროკავშირის "შემოქმედებითი ევროპის" პროგრამაში საქართველოს სრულყოფილად მონაწილეობის წინაპირობაა.

რას გულისხმობს ევროდირექტივა?

2014 წლის ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, რომ აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სფეროში კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის მოქმედ რედაქციას დაუახლოვოს, მათ შორის:

  • დაიცვას კულტურული მრავალფეროვნება, უზუნველჰყოს მედია პრულალიზმი, გაზარდოს შშმ ადამიანების ხელმსაწვდომობა მედიაზე, შექმნას სიძულვილის ენისა და ტერორიზმის წაქეზების პრევენციის მექანიზმები და ა.შ.

რა არის პრობლემა?

მედიის ადვოკატირების საკითხზე მომუშავე ორანიზაციები აქამდეც ხშირად აკრიტიკებდნენ კომუნიკაციების კომისიას, შინაარსში ჩარევის მცდელობების გამო.

  • მაგალითად, ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” დირექტორი, ნათია კაპანაძე, შინაარსში ჩარევის მცდელობას უწოდებს კომისიის მიერ, 2022 წლის 23 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე, აქცია "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლის გაშვების გამო, "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა, "ტვ პირველი" და "ფორმულა" კი წერილობით გააფრთხილა.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები იქნება პოლიტიკური იარაღი, რომელიც "რაღაც მომენტში მედიის წინააღმდეგ აუცილებლად გაისვრის", — ამბობს მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში.

კანონპროექტი ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებასაც, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში, სადაც, მედიის ექსპერტები კიდევ ერთ საფრთხეს ხედავენ.

"ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი შანსია, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების მიმართ მიღებული იყოს ძალიან დიდი ზომის ჯარიმებიც", — ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

მედიის რეგულირების მცდელობები "ცილისწამების აღკვეთის" მოტივით

"ქართულ ოცნების" წარმომადგენლები მედიის რეგულირების შესახებ ბოლო წლებში აქტიურად საუბრობენ.

  • 2019 წელს, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას ცილისწამებასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროებით ასაბუთებდნენ. მაშინ ამ აზრს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც უჭერდა მხარს, პატრიარქმა ილია II-მ კი ამ თემას საშობაო ეპისტოლე დაუთმო, რასაც ამ იდეის მხარდასაჭერად "ქართული ოცნების" განცხადებები მოჰყვა.
  • 2021 წლის 28 ოქტომბერს, ხელისუფლების ღია მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) პარლამენტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესატანად საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. გაჩეჩილაძე პარლამენტს მიმართა თხოვნით “შეიმუშაონ სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.

ახალი კანონპროექტით, ამ საკითხს “პასუხის უფლების” ცნება არეგულირებს. ამ ახალი ჩანაწერით, მოქალაქეს აქვს უფლება, კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივროს მედიის მიერ მასზე სავარაუდოდ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, ცილისწამება და ა.შ.

რა არის პრობლემა?

ცილისწამებისთვის დავა აქამდეც შესაძლებელი იყო, თანაც, ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს — შეგიძლიათ მიმართოთ:

  • მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს;
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას;
  • სასამართლოს.

ახალი კანონპროექტით კი, ასეთი დავები მარეგულირებელ კომისიასაც დაექვემდებარება.

"გაუგებარია, რატომ დადგა ცილისწამების შესახებ დავების მარეგულირებელ კომისიაში გადამისამართების აუცილებლობა, თანაც ისე, რომ არ არსებობს ჯეროვანი სიზუსტის დასადგენად გაწერილი სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს მარეგულირებელი კომისია", — ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი თვითრეგულირების მექანიზმი?

ჟურნალისტური თვითრეგულირება სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს და სახელმწიფო კონტროლს ამცირებს.

ევროდირექტივის მიხედვით, უნდა მივიღოთ ეფექტური ზომები მათ შორის, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა რა უნდა იყოს ეფექტური ზომა, ამაში არჩევანის თავისუფლებას გვაძლევს.

ეს შეიძლება იყოს:

  • რეგულირება;
  • თვითრეგულირება;
  • შერეული რეგულირება.

მედიის რეგულირების გამოცდილება

საქართველოში რეგულირების პრაქტიკა 2007 წლამდე არსებობდა და ადმინისტრაციული ორგანოსგან რეგულირდებოდა ისეთი შინაარსობრივი საკითხები, როგორიც შეიძლება იყოს ჯეროვანი სიზუსტის დადგენა, სიძულვილის ენა, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება და ასე შემდეგ.

თუმცა, 2007 წელს, ტელეკომპანია "იმედის" მაგალითმა გვაჩვენა, რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს ეს მიდგომა მთავრობისთვის არასასურველი მედიებისთვის, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ "იმედს" ლიცენზია იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ "ტელეკომპანია 7 ნოემბრის არეულობის გაშუქებისას ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა".

სად არის გამოსავალი?

მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც 16 ორგანიზაციისგან შედგება, კანონპროექტის მთავარ საფრთხედ მედიის თვითრეგულირებიდან სახელმწიფო რეგულირებაში გადატანას მიიჩნევს, რადგან “კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდის რისკებს.”

“შესაბამისად, პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას.”

"მაუწყებლის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება.