კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2021 წლის აპრილის ბოლოს “ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელმა ტომ ელისონმა თანამშრომლებს “ფეისბუქის” განვითარების გეგმის შესახებ წერილი გაუგზავნა. ამ წერილის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობა გეგმავს “ფეისბუქის” მთავარი გვერდი ე.წ ფიდი უფრო მეტად დაემსგავსოს “ტიკ-ტოკის” მთავარ გვერდს.

ტომ ელისონის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი დოკუმენტი გამოცემა The Verge-მა მოიპოვა და იმ ცვლილებების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რასაც შესაძლოა “ფეისბუქზე” ველოდოთ.

რა შეცვლება “ფეისბუქზე”?

მოკლედ: “ფეისბუქზე” შესვლისას “ფიდზე” გამოჩნდება ისეთი პოსტებიც, რომელთა ავტორები შესაძლებელია გამოწერილი არ გვყავდეს, აპლიკაცია რეკომენდაციას გაუწევს ჩვენთვის უცხო ანგარიშების გამოქვეყნებულ კონტენტს.

მესენჯერი კი როგორც წლების წინ, ისევ “ფეისბუქის” აპლიკაციაში დაბრუნდება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გეგმავს “ფეისბუქი” დოკუმენტში აღწერილი ცვლილებების გატარებას.

რა არის “ფეისბუქის” ახალი ამოცანა?

“ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელი ტომ ელისონი ამბობს, რომ პლატფორმის ახალი ამოცანაა შექმნას ისეთი ტექნოლოგია, რომლითაც მომხმარებლები ახალი კონტენტის ნახვასა და აღმოჩენას შეძლებენ. ამ მიზანს კი “ფეისბუქში” ფრაზით discovery engine (აღმოჩენის ძრავი) მოიხსენიებენ.

აპლიკაციას სამი ახალი პრიორიტეტი აქვს:

  • Reels-ების (მოკლე ფორმატის, ვერტიკალური ვიდეოები) წინ წამოწევა- ისინი მომხარებლებს შეხვდება “ფიდზე”, “ჯგუფებში” და აპლიკაციის სხვა განყოფილებებშიც.
  • რეკომენდაციის მაღალი დონის სისტემის შექმნა - რომელიც, კომპანიის გეგმით, უპასუხებს მომხმარებლის ინტერესებს, ამოიცნობს ტრენდულ და ორიგინალურ კონტენტს, შეაფასებს მილიარდობით პოსტს და პასუხისმგებლიან რეკომენდაციას გაუწევს მომხმარებლებს.
  • კონტენტის მესიჯებით გაზიარების გაძლიერება.

როგორი იქნება “ფეისბუქი” ვიზუალურად?

აპლიკაციის მთავარ გვერდზე ანუ “ფიდზე” შეგვხვდება “სთორები” და მოკლე ფორმატის ვერტიკალური ვიდეოები -“რილსები”, მას მოჰყვება ის პოსტები, რომლებსაც აპლიკაციის სისტემა რეკომენდაციას გაუწევს, როგორც “ფეისბუქიდან”, ისე “ინსტაგრამიდან”.

  •  “ფიდი” ვიზუალურად უფრო დატვირთული გახდება.
  •  შეგვხვდება მეტი ვიდეო.
  •  უფრო თვალსაჩინო და გამარტივებული იქნება ამ კონტენტის მეგობრებისთვის “მესენჯერით” გაზიარება.
  •  “ინბოქსი” ისევ აპლიკაციაში დაბრუნდება და მარჯვენა, ზედა მხარეს განთავსდება.

“ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელს სურს, რომ პლატფორმა “უფრო სუფთა და მარტივად გამოსაყენებელი” გახდეს.

ტომ ელისონი ამბობს, რომ discovery engine-ის იდეა “ფეისბუქისთვის” არც ისეთი რადიკალური ცვლილებაა, როგორც ეს შეიძლება ჟღერდეს.

  • ”ჩვენ ყოველთვის ვაპირებთ პრიორიტეტი მივანიჭოთ იმას, რის გაზიარებაც გსურთ თქვენს მეგობრებთან. მთავარი, რაც შეიცვლება, არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძალიან ბევრი შეზღუდვის დაწესებას იმაზე, თუ როდის და სად ვაჩვენოთ რეკომენდებული კონტენტი ფიდში, რასაც წარსულში ვაკეთებდით.”
  • დღეს, “ფეისბუქის” “ფიდზე” კონტენტის მხოლოდ 11%-ია ისეთი გვერდებისა თუ პროფილებისგან, რომელთა მიმდევრებიც არ ვართ.
  •  ამ კონტენტის უმეტესობა კი ჩვენს მთავარ გვერდზე არა ხელოვნური ინტელექტის, არამედ ხალხის გაზიარებების მიხედვით ხვდება.

არ შეიცვლება - ჯგუფები, რომლებსაც “ფეისბუქი” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ერთადერთი ცვლილება აქ ის იქნება, რომ “რილსები” ჯგუფებშიც გამოჩნდება.

სად ვნახავთ მეგობრების პოსტებს?

“ფიდზე” მეგობრებისა პოსტებს ისევ შევხვდებით, თუმცა ის შერეული იქნება “დაუკავშირებელ” კონტენტთან ანუ “სთორებთან”, “რილსებთან” და იმ გვერდების პოსტებთან, რომლებიც გამოწერილი არ გვაქვს.

თუმცა, “ფეისბუქში” მუშაობენ პროექტზე, რომელითაც მომხარებლებს წვდომა ექნებათ თავიანთი გამოწერილი გვერდების, ჯგუფებისა და მეგობრების კონტენტის ქრონოლოგიურ “ფიდზეც”.

რა ხდება “ინსტაგრამზე”?

“მეტას” კიდევ ერთი პლატფორმა “ინსტაგრამზე” ამ სიახლეების ნაწილი უკვე დაიგეგმა.

  • “ინსტაგრამი” უკვე აქტიურად უჩვენებს თავის მომხმარებლებს “რილსებს” იმ გვერდებიდან, რომლებსაც არ იწერენ.
  •  აქ უკვე ხელმისაწვდომია ორი ქრონოლოგიური “ფიდის” - გამოწერილი და ფავორიტი გვერდების ფუნქცია.
  •  “ინსტაგრამი” უპირატესობას ანიჭებს ორიგინალურ და არა პლატფორმებიდან გადაზიარებულ ან თავიდან გამოქვეყნებულ კონტენტს.
  •  უკვე დაიწყო მობილურის ეკრანზე კონტენტის უფრო დიდ ზომებში ჩვენების ტესტირება.
  • პლატფორმაზე“რილსების” ხანგრძლივობა 60-დან 90 წამამდე გაიზარდა და დაემატა ინტერაქტიული სტიკერები.
  •  “ფიდზე” კი პოსტების „აპინვის“, ანუ მაღლა ამოწევის ფუნქცია გაჩნდა.

“ტიკ ტოკთან” კონკურენცია

“აშკარაა, “მეტა” აცნობიერებს, იმისთვის, რომ TikTok-ს კონკურენცია ნამდვილად გაუწიოს, მან უნდა გაიმეოროს TikTok-ის მთავარი გვერდის For You-ს მაგიური გამოცდილება.”, - წერს The Verge-ის რედაქტორის მოადგილე ალექს ჰიტი “ფეისბუქის” აპლიკაციის ხელმძღვანელთან საუბრისა და მისი წერილის გაცნობის შემდეგ.

  •  ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი ქსელს “ტიკ ტოკს” 3.6 მილიარდზე მეტი გადმოწერა აქვს.
  • გასულ წელს, TikTok-ის გადმოწერები/ჩამოტვირთვები 20%-ით უსწრებდა “ფეისბუქის”,“ინსტაგრამს“ კი 21%-ით.
  •  2022 წლის პირველ სამი თვეში კი iPhone-ის მომხმარებლები საშუალოდ 78%-ით მეტ დროს ატარებდნენ “ტიკ ტოკზე”, ვიდრე “ფეისბუქზე.

მართალია “ფეისბუქს” ყოველთვიურად 2.94 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა The Verge-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელს გასულ წელს პირველად შეუმცირდა ყოვედღიური მომხმარებლები. კომპანიიდან გამოჟონილი დოკუმენტებით ჩანს, რომ მისი მომხმარებლების ასაკი მატულობს და მცირდება თინეიჯერი ფეისბუქმომხმარებლების რიცხვი.

“ფეისბუქის” ზოგიერთი თანამშრომელი აპლიკაციის სამომავლო გეგმისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ “ფეისბუქი” თავის მთავარ მიზანს - მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კავშირს შორდება.

თუმცა, “მეტას” ხელმძღვანელობის თქმით, “ფეისბუქზე” გატარებული დროის ნახევარს ადამიანები ვიდეოების ნახვაში ატარებენ და ხშირად კონკრეტული განზრახვის გარეშე ხსნიან აპლიკაციას, და „ახალი გეგმის კარგად განხორციელების შემთხვევაში კი ადამიანების დაკავშირების შესაძლელობები გაძლიერდება“.
კატეგორია: საქართველო
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

საქართველოსთვის ევროკომისიამ მხარი არ დაუჭირა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია ქვეყანას მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსი კი მიენიჭოს, როდესაც რამდენიმე პრიორიტეტს დააკმაყოფილებს.


რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ევროკომისიის წამოყენებული ერთ-ერთი პირობაა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის.

პრიორიტეტების სია საქართველოსთვის

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველოს შემუშავებულია პრიორიტეტების სია, რომლის საფუძველზეც საქართველოთვის შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცენ.

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება
  • ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა
  • ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება, ეს ეხება სასამართლო რეფორმასაც
  • პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება
  • თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის

როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ:

  • ევროპული პერსპექტივის მიღება საქართველოსთვის დიდი მიღწევაა, ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი წინსვლისთვის.
  • საქართველოზეა დამოკიდებული რა დრო დასჭირდება ამას. რაც უფრო მალე გადადგამს ქვეყანა საჭირო ნაბიჯებს, მით უფრო მალე იქნება პროგრესიც.

ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროპულმა საბჭო გადაწყვეტს მიენიჭება თუ არა ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთმა ამერიკული მედიასაშუალებები გააფრთხილა, რომ აკრედიტაციას დაკარგავენ, თუკი აშშ-ში რუსი ჟურნალისტებისადმი მოპყრობა არ გაუმჯობესდება.

ინფორმაციას სააგენტო Reuters და “ამერიკის ხმა” რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რა ხდება? უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-ის სანქციების სიაში სამი რუსული სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიასაშუალებაც მოხვდა. შეზღუდვებს მოსკოვი მედიის თავისუფლებისადმი უპატივცემულობად მიიჩნევს და საპასუხო ზომებზე საუბრობს.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა 6 ივნისს ამერიკული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
  • შეხვედრას The Wall Street Journal-ის, CNN-ის, Associated Press-ის, NPR-ისა და Alhurra TV-ის წარმომადგენლები დაესწრენ.
ზახაროვამ თქვა, რომ აშშ-ში მყოფი რუსი ჟურნალისტების პრობლემები ვიზების განახლებას, დაბლოკილ საბანკო ანგარიშებს და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოებიდან შევიწროებას მოიცავს. მისი თქმით, სანქციების გამო ბევრი რუსული კომპანია ამერიკაში მომუშავე ჟურნალისტების ანაზღაურებას ვერ ახერხებს.

ზახაროვას გაფრთხილება

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ამერიკელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ:

  • თუკი რუსი ჟურნალისტები შეერთებულ შტატებში თავისუფლად მუშაობას ვერ შეძლებენ, მაშინ ამერიკელი რეპორტიორები რუსეთში იმავე სირთულეებს გადააწყდებიან. შესაძლოა გაუუქმედეთ აკრედიტაცია, შეექმნათ სავიზო და საბანკო პრობლემები.
  • თუ აშშ-ში რუსი ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, ამერიკელ ჟურნალისტებს რუსეთის დატოვება მოუწევთ. ზახაროვას განმარტებით, რუსეთს ამის გაკეთება არ სურს, მაგრამ იძულებული იქნება.
  • ამერიკეულ ჟურნალისტებს რუსეთში აკრედიტაცია და ვიზები მხოლოდ სამი თვით გაუხანგრძლივდებათ და თუ ამერიკული მხარე არ გააუმჯობესებს რუსი ჟურნალისტებისადმი მოპყრობას, ამერიკელ ჟურნალისტებს რუსეთში მუშაობა აეკრძალებათ.

ვაშინგტონის პასუხი

რუსეთის ამ გაფართხილების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის მედია პოლიტიკაზე საუბრობენ.

  • ომის დაწყების შემდეგ კრემლმა დაბლოკა არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ქვეყნის შიგნით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდა.
  • რუსეთში შემოიღეს ე.წ ფეიკების კანონი, რომლითაც იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.
  • კანონდარღვევის შემთხვევაში კი რუსეთის მოქალაქე დაისჯება ჯარიმით ან 15 წლამდე პატიმრობით.
  • რუსეთის ოფიციალური უწყებები არ იყენებენ სიტყვებს “შეჭრა” და “ომი”, უკრაინაში დაწყებულ ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ შტატები განაგრძობს ვიზების გაცემას კვალიფიციური რუსი ჟურნალისტებისთვის და აშშ-ში მომუშავე არცერთი რუსი ჟურნალისტისთვის საგარეო პრესცენტრის აკრედიტაციები არ გაუუქმებიათ.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ნობელის პრემიის ლაურეატი რუსი ჟურნალისტის, დმიტრი მურატოვის ნობელის მედალი ნიუ-იორკში Heritage Auctions-ზე 20 ივნისს გაიყიდება. “ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორის მიზანი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაა.  


აქუციონის დეტალები

მურატოვის ნობელის მედალი აქუციონზე 20 ივნისს, ლტოლივლთა საერთაშორისო დღეს გაიყიდება.

აუქციონის სახლი უარს ამბობს საკომისიოს მიღებაზე და მედლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მთლიანად გაეროს ბავშვთა ფონდში UNICEF-ში, უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. 

Heritage Auctions-ს აქამდე ნობელის რამდენიმე მედალი აქვს გაყიდული, მათ შორის დნმ-ის ერთ-ერთი აღმომჩენის ფრენსის კრიკის მედალი, რომელიც 2013 წელს 2.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 

მურატოვის ამ გადაწყვეტილების შთაგონება ნობელის პრემიის ლაურეატი დანიელი ფიზიკოსი ნილს ბორია, რომელმაც 1939 წელს ფინეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ, ფინელების დასახმარებლად თავისი მედალი აუქციონზე გაიტანა.

მურატოვის გეგმები

დმიტრი მურატოვი ამბობს, რომ YouTube არხის შექმნას გეგმავს და იმედოვნებს, რომ "ნოვაია გაზეტას" გამოცემას ომის დასრულების შემდეგ განაგრძობს. 

"ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად გამოცემას და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას მაინც აგრძელებს.

თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონმდებლობის გამო “ნოვაია გაზეტამ” გადარჩენის მიზნით ჯერ ომის გაშუქება, შემდეგ კი მთლიანად მუშაობა შეაჩერა.

კონტექსტი

  • “ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი მარტში აუქციონის სახლებს მოუწოდებდა მისი ცნობილი ჯილდო გასაყიდად გაეტანათ.
  • დმიტრი მურატოვს გამოხატვის თავისუფლებისათვის გაბედული ბრძოლისათვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გასულ წელს ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესასთან ერთად გადასცეს.
  • დმიტრი მურატოვი სიტყვის თავისუფლებას თავისი საქმიანობით რუსეთში ათწლეულებია იცავს. ის დამოუკიდებელი გაზეთის "ნოვაია გაზეტას" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მის რედაქტორად 1995 წლიდან მუშაობს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
YouTube-მა პლატფორმიდან უკრაინის შესახებ წესების დარღვევით განთავსებული 70 000-ზე მეტი ვიდეო და 9 000 არხი წაშალა. მათ შორის ვიდეოები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას “გათავისუფლების მისიად” მოიხსენიებდნენ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

რა ხდება?

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ YouTube-მა კრემლის მხარდამჭერი არხები, მათ შორის რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის, არხი წაშალა. რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან დაკავშირებულ არხებს კი დროებით ვიდეოების ატვირთვა შეუზღუდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ წაშლილი კონტენტისა და არხების უმრავლესობა კრემლის ნარატივს ატარებდა.

YouTube-ის წარმომადგენელი ნილ მოჰანი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ :

  • პლატფორმაზე ავტორიტარული არხების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში, რუსეთში, ასევე პოლონეთსა და უკრაინის მიმდებარე ქვეყნებში.
  • მხოლოდ უკრაინაში ომის შესახებ ახალი ამბების კონტეტს 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
  • კომპანიას აქვს შესაბამისი პოლიტიკა ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით და ეს მოიცავს მნიშვნელოვანი ძალადობრივი მოვლენების უარყოფასაც: იქნება ეს ჰოლოკოსტი თუ უკრაინაში მიმდინარე ომი.
  • ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკა გამოიყენეს და უკრაინაში ომის შესახებ კონტენტის წესების დარღვევას “უპრეცედენტო მოქმედებით” უპასუხეს.

Youtube რუსეთში

Youtube იმ რამდენიმე უცხოური სოციალური მედიის პლატფორმას შორისაა, რომელიც რუსეთს არ დაუბლოკავს.

მას რუსეთში 90 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ქვეყანაში ვიდეოს გაზიარების ყველაზე დიდ ვებგვერდად რჩება.

  • „YouTube არის ადგილი, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია ომის შესახებ ცენზურის გარეშე მიიღონ”, - ამბობს ნილ მოჰანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პლატფორმაზე რუსეთის მასშტაბით რეკლამების განთავსება აიკრძალა. Youtube-მა დაბლოკა რუსული სახელმწიფო მედია და მასთან დაკავშირებული არხებიც, მათ შორის Russia Today და Sputnik.

რუსეთის მთავრობამ კი ტექ კომპანიების აკრძალვების საპასუხოდ სოციალური ქსელები: Facebook და Instagram დაბლოკა, Twitter-ზე კი წვდომა შეზღუდა.

კრემლის მხრიდან YouTube-ის მიმართ “უკანონო” კონტენტის არ წაშლის გამო გართხილებებისა და ჯარიმების მიუხედავად, რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პლატფორმის დაბლოკვას არ აპირებენ, რადგან ამით “რუსი მომხმარებელი დაზარალდება”.
კატეგორია: პოდკასტი
 
"პირველი ნაბიჯების"  ამ ეპიზოდის სტუმარია POLITICO Europe-ის შტატგარეშე კორესპონდენტი დათო ფარულავა.

ის გამოცემისთვის ვიდეო რეპორტაჟებსა და ილუსტრაციებზე მუშაობს. ამავე დროს დათო შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტია.

დათო გვიყვება ჟურნალისტიკაში სპეციალიზების მნიშვნელობაზე, საქართველოში მედია ბაზარსა და დასავლური მედიის სპეციფიკაზე. ის გვიზიარებს რჩევებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და მედია გამოცემებში მოსახვედრად.

ეპიზოდი ჩაწერილია მაშინ, როდესაც დათო POLITICO Europe-ში ჯერ კიდევ სტაჟიორი იყო.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდში გაიცნობთ Demnagram-ის შემქმნელს და მოდის სახლ “ბალენსიაგას” გუნდის წევრს საბა ბახიას.

“დემნაგრამი” 4 წელიწადზე მეტია “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორის, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შემოქმედების შესახებ სიახლეებს ავრცელებს.

საბა გვიყვება “დემნაგრამის” ისტორიასა და მის განვითარებაზე, როგორ მოხვდა “ბალენსიაგას” გუნდში, მოდის ჟურნალისტიკასა და ამ ინდუსტრიის გავლენაზე. საბა თავისი გამოცდილებით გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კონტენტის შემქნელებმა უნდა გაითვალისწინონ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე. მისი ფილმი “სოვდაგარი” Netflix-ზე პირველი და ჯერ ერთადერთი ქართული დოკუმენტური ფილმია.

“სოვდაგარმა” გაიმარჯვა კანადის Hot Docs-ისა და Sundance-ის კინოფესტივალებზე.

ამ ეპიზოდში თამთა გვიყვება კინოდოკუმენტალისტიკაზე, 1500-ლარიანი ბიუჯეტის ფილმის “ნეტფლიქსამდე” გავლილ გზასა და რჩევებზე, როგორ უნდა მოხვდე კინოფესტივალებზე და რა უნდა გაითვალისწინო თუ დოკუმენტური ფილმის გადაღება გინდა.
 

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების"  ამ ეპიზოდის სტუმარია მსოფლიო სპორტში ცნობილი ხმა, სპორტის ჟურნალისტი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინგლისურენოვანი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი.

გიორგი პირველი ქართველი დიქტორია ოლიმპიურ თამაშებზე.
ის სხვადასხვა როლით პეკინის, ლონდონის, რიო დე ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიადებზე მუშაობდა.  ამ ეპიზოდში გიორგი ჭანიშვილი საუბრობს სპორტული ჟურნალისტიკისა და დიქტორობის თავისებურებებზე, სპორტის ჟურნალისტიკაში ქალების როლზე, სპორტულ ღონისძიებებზე მუშაობის გამოცდილებასა და შეცდომებით ნასწავლ პროფესიულ გაკვეთილებზე. 

გიორგი გვიყვება, ჟურნალისტიკიდან  პიარის სფეროში გადასვლაზე, როგორ მოხვდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში და რა არის საჭირო საერთაშორისო დონეზე დიქტორობისთვის.  ეპიზოდი ჩაწერილია 2021 წლის ზაფხულში, გიორგის ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი

"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი მაკა (მარგარიტა) ანთიძე, რომელიც 24 წლის განმავლობაში ახალი ამბების ცნობილ საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და კავკასიის ბიურო ხელმძღვანელი იყო. 

მაკა გვიყვება ფიქსერობით დაწყებულ კარიერაზე, როგორ მოხვდა Reuters-ში და რატომ უთხრა თავდაპირველად უარი მათ შემოთავაზებას.
საუბრობს ჟურნალისტიკაში ზოგადი განათლების პრობლემაზე, ემოციურობაზე, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ პირველ სატელევიზიო ინტერვიუზე, ირაკლი ღარიბაშვილთან კამათსა და საქართველოს ერთ-ერთი პრეზიდენტის შეთავაზებაზე. 

მაკა ანთიძე გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მიუდგეთ რთულ რესპონდენტებს და რა უნდა გაითვალისწინოთ ჟურნალისტიკაში მიზნის მისაღწევად და როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი. 


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი

"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდში, ჟურნალისტი თემო კიღურაძე კონფლიქტებისა და ომების გაშუქების დროს დაშვებულ შეცდომებსა და გამოცდილებაზე გვიყვება. 

თემოს, კარიერის განმავლობაში, საერთაშორისო მედიისთვის ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიის საზღვარსა და სხვა ცხელ წერტილებში უმუშავია. 

ის გვიყვება, როგორ მოხვდა შემთხვევით კონფლიქტების გაშუქების სფეროში, თავის პირველ გამოცდილებაზე 2008 წელს აგვისტოს ომში. იმაზეც, რა შეიძლება შეცვალოს არასწორ დროს ნათქვამმა "გამარჯობამ" ან "ოქეიმ". 

თემო გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მოემზადოს ჟურნალისტი ომის გასაშუქებლად, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ უნდა დაიწყოს თანამშრომლობა საერთაშორისო მედიასთან.  მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


ამ ეპიზოდში ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი ნათია ხულუზაური საუბრობს ლონდონში ოფიციანტობიდან — "National Geographic საქართველოს" მთავარ რედაქტორობამდე განვლილ გზაზე, პერფექციონიზმზე, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობის განსხვავებულ მიდგომებზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ "National Geographic"-ისთვის მუშაობა გსურთ.

ნათია გვიყვება, რომელი შეცდომებიდან ისწავლა და რის მიხედვით არჩევს ადამიანებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს.


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt





"პირველი ნაბიჯები" - პროექტ 64-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.
კატეგორია: პოდკასტი
მესამე ეპიზოდის სტუმარია ნიკო ნერგაძე, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი.





ამ ეპიზოდში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი და "ნიკოს პოდკასტის" ავტორი ნიკო ნერგაძე გვიყვება პროფესიულ შეცდომებზე, უხერხულ მომენტებზე, რატომ არ უყვარს ვოქსპოპების ჩაწერა და რას ითვალისწინებს სხვების კრიტიკის დროს.

ნიკო საუბრობს ჟურნალისტიკაში ცნობისმოყვარეობის და ცნობადობის მნიშვნელობაზე, ჟურნალისტიკის რუტინულ მხარეზე, კომპრომისებზე და იმაზე, თუ რა არის ყველაზე კარგი გზა მედიაში (ნაცნობების გარეშე) დასაქმებისთვის.


"პირველი ნაბიჯები" - პროექტ 64-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt


კატეგორია: პოდკასტი
მეორე ეპიზოდის სტუმარია Fox News-ის პროდიუსერი ნანა საჯაია.






ამ ეპიზოდში ნანა გვიყვება ზუგდიდის კორესპონდენტობიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელევიზიის პროდიუსერობამდე გავლილ გზაზე.

“ჟურნალისტიკასთან თავის პირველ შეჯახებაზე”, მიზნის მისაღწევად 290 მცდელობაზე, ბევრ უარზე და თავდაჯერებულობის მნიშვნელობაზე.



„პირველი ნაბიჯები“ - პროექტ 64-ისა და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე „პირველი ნაბიჯების“ ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მიუხედავად იმისა, რომ TikTok-მა მარტში რუსეთიდან ახალი კონტენტის ატვირთვა აკრძალა, რუსმა პროპაგანდისტებმა შეზღუდვის გვერდის ავლით ომის მხარდამჭერი ვიდეოების გავრცელება მაინც შეძლეს.

დღეს კი TikToK-ზე შესულ რუსეთში მცხოვრებ ადამიანს ძირითადად რუსეთის ომის პროპაგანდისტული ვიდეოები ხვდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი? რუსეთის მთავრობის მიერ “ფეისბუქის”, “ტვიტერისა” და “ინსტაგრამის” დაბლოკვის შემდეგ “ტიკტოკი”, ფაქტობრივად, ერთადერთი გლობალური სოციალური მედიის პლატფორმაა, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, “ტიკტოკს” მნიშვნელოვანი როლი აქვს რუსეთში ომის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.

რა მოხდა?

ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაცია, ციფრული უფლებების ჯგუფმა Tracking Exposed-მა “ტიკტოკის” ალგორითმისა და პოლიტიკის შესახებ კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ კომპანია თავის ქმედებების შესახებ გამჭვირვალე არ ყოფილა.

  • 6 მარტს “ტიკტოკმა” რუსეთში “ფეიკების” შესახებ მიღებული კანონის გამო “თავისი თანამშრომლებისა და მომხმარებლების დასაცავად” რუსეთიდან ახალი ვიდეოების ატვირთვების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.
თუმცა, გაირკვა, რომ ეს შეზღუდვა 6 მარტის შემდეგ სრულად არ მოქმედებდა. მეტიც, 23-25 მარტს რუსეთიდან ვიდეოების ატვირთვა “ტიკტოკის” დესკტოპ აპლიკაციიდან შეუზღუდავად იყო შესაძლებელი.

  • 6 მარტამდე, სანამ “ტიკტოკი” აკრძალვაზე განაცხადებდა, პლატფორმაზე ომის საწინააღმდეგო და ომის მხარდამჭერი ვიდეოების თანაფარდობა თითქმის ერთნაირი იყო, აკრძალვის შემდეგ ომის თემაზე კონტენტიდან ვიდეოების 93.5% ომის მხარდამჭერი, 6.5% ომის საწინააღმდეგო იყო.
  • მკვლევარმა ორგანიზაციამ ისიც შეამჩნია, რომ აკრძალვადე ერთი დღით ადრე, უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციების ამსახველი ვიდეოები პლატფორმიდან, ფაქტობრივად, გაქრა.

დღეს, რუსეთიდან პლატფორმაზე ვიდეოების ატვირთვა უკვე შეუძლებელია. რუსეთში მცხოვრებ მომხმარებლებს არ აქვთ “ტიკ ტოკზე” რუსეთის გარეთ ატვირთულ კონტენტზე წვდომაც.

  • კვლევის მიხედვით, აკრძალვა, რომელიც “ტიკ ტოკმა” ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში შემოიღო, საბოლოოდ სრულად 25 მარტიდან შეიყვანა ძალაში.
  • შესაბამისად, დღეს რუსეთში “ტიკტოკზე” უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ კონტენტიდან ის ვიდეოებია ხელმისაწვდომი, რომელიც 25 მარტამდე პლატფორმაზე გამოჩნდა - მათი უმრავლესობა კი ომის მხარდამჭერი შინაარსისაა.

“ტიკტოკის” პოლიტიკა?

“სტენფორდის ინტერნეტ ობესრვატორიის” დირექტორი ალექს სტამოსი ამბობს, რომ გლობალური სოციალური მედია პლატფორმები ავტორიტარულ ქვეყნებში დიდი ხანია დილემის წინაშე დგანან:

  • დაემორჩილონ ადგილობრივ რეპრესიულ კანონებს თუ სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპები დაიცვან?
  • მისი აზრით, რუსეთში “ტიკტოკმა” პირველი ვარიანტი აირჩია.

მეცნიერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს “ტიკტოკის” გადაწყვეტილებას - ეს პოლიტიკური თუ ბიზნეს მიზნებითაა ნაკარნახები?

  • “ტიკტოკის” მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ია. ჩინეთისა და რუსეთის მთავრობებს კი ახლო ურთიერთობები აქვთ.

Tiktok-ის პოზიცია

„ტიკტოკის“ წარმომადგენლობა უარყოფს, რომ პლატფორმაზე კონტენტის პოლიტიკას ჩინური კომპანია ადგენს ან მასზე გავლენას ახდენს.

კომპანიის წარმომადგენლის, ჯეიმი ფავაცას განმარტებით, ოპერაციების შესახებ ყველა გადაწყვეტილებაზე სრული ავტონომია სინგაპურში მყოფ აღმასრულებელ დირექტორს აქვს, “ტიკტოკის” ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელი კი დუბლინიდან მუშაობს.

24 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით “ტიკტოკმა”:

  • ომის შესახებ 41,191 ვიდეო წაშალა, თითქმის 90% არღვევდა პლატფორმის პოლიტიკას საზიანო დეზინფორმაციის შესახებ.
  • 5,600 ვიდეოს დაამატა მითითება, რომ კონტენტი გადამოწმებული არ იყო.
  • რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიის 49 გვერდს შესაბამისი აღნიშვნა გაუკეთა.
  • წაშალა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით მოქმედი და შეცდომაში შემყვანი 6 ქსელი და 204 პროფილი.
  • წაშალა 400 000-მდე ყალბი პროფილი რუსეთში და 50 000-მდე ყალბი პროფილი უკრაინაში, შედეგად წაიშალა 400 000-მდე ვიდეო.

“ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტი უილ ორემუსი კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ “ტიკტოკმა” მხოლოდ რუსეთისთვის ალტერნატიული სამყარო შექმნა.

გასათვალისწინებელია, რომ „ტიკ ტოკის“ ნაცვლად მის მშობლიურ ჩინეთში “ტიკტოკის” ანალოგი აპლიკაცია Douyin-ია ხელმისაწვდომი, რომელშიც მხოლოდ ჩინური კონტენტი ქვეყნდება და ხელისუფლებისგან კონტროლდება.

კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რუსეთში სწორედ მსგავს ახალ აპლიკაციას ეყრება საფუძველი, თუმცა კომპანია ამას უარყოფს.
კატეგორია: საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, მედიის წარმომადგენლობის მიმართ დევნასა და ძალადობაზე და არასრულყოფილ მართლმსაჯულებაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი? 2021 წლის ანგარიშში მედიასთან მიმართებით დაახლოებით იმავე პრობლემებზეა საუბარი, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას 2020 წელსაც ამახვილებდა. თუმცა ამ ანგარიშს ემატება მედიის წარმომადგენლებზე ფარული მიყურადება ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენები და მისი ორგანიზატორების დაუსჯელობა.

რა უნდა ვიცოდეთ? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშში ეყრდნობა საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებსა და სხვა ინფორმაციას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოებს.

უფრო დეტალურად: საქართველოში, სხვადასხვა ორგანიზაცია თვეების განმავლობაში ითხოვს ჟურნალისტებზე 5-6 ივლისის თავდასხმების ორგანიზატორების დასჯას და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამავეს იმეორებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც:
  • სამართალდამცველებმა 5 ივლისს ვერ დაიცვეს მშვიდობიანი აქცია და ჟურნალისტები.
  • პრემიერის განცხადება „ღირსების მარშის მიზანშეუწონლობის“ შესახებ და რომ ის თითქოს სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გეგმა იყო - ძალადობის პროვოცირებაში ბრალს თბილისი პრაიდს სდებდა.
  • ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ჩანდა, რომ მიმართული იყო ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ, მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.
  • საქმე არ აღძრულა ძალადობრივი აქციის უშუალო ორგანიზატორების, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია ჟურნალისტზე თავდამსხმელების არასათანადო დასჯის სხვა შემთხვევებიც, მაგალითად:
  • 25 თებერვალს, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე
  • აპრილში „ფორმულას“ ორ თანამშრომელზე.
  • გავრცელებული ინფორმაცია „მთავარი არხის” ჟურნალისტის, ემა გოგოხიასადმი მესტიის მერის მხრიდან მოკვლის მუქარების შესახებ.

არასათანადო ანგარიშვალდებულება ძველი საქმეების მიმართ:

  • საქართველომ 4 წლის შემდეგაც სათანადოდ არ გამოიძია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე - Maydan TV-სთან ინტერვიუში ჟურნალისტი გამტაცებლებთან თანამშრომლობაში საქართველოს სამთავრობო ორგანოებს ადანაშაულებს.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს 2019 წლის 19-20 ივნისის აქციაზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების არასათანადო გამოძიებაზეც.

მედიის მრავალფეროვნება (პლურალიზმი) შემცირდა

2020 წლის ანგარიშის მსგავსად, სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წელსაც მედიას აფასებს, როგორც „აქტიურს და მრავალფეროვანი ხედვების გამომხატველს“, და, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლების მიმართ

თუმცა მედიის პლურალიზმი შემცირებულია, რის მიზეზადაც, ანგარიშში რამდენიმე ფაქტორია მოყვანილი:
  • მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური მედიის მიმართ.
  • ბევრი ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ დაუშვეს მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებებზე და ვერ მიიღეს საჯარო ინფორმაცია საჯარო უწყებებისგან.
  • მთავრობას გავლენა აქვს მედიის ნაწილზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ასევე საუბარია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მმართველ პარტიას შორის მჭიდრო ურთიერთობაზე“ - რაზეც, სახდეპის ანგარიშის მიხედვით, [საქართველოს] არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ შეშფოთებულები არიან.

2020 წლის მსგავსად ამ ანგარიშშიც საუბარია ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მფლობელებისა და დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, რომლებიც „პოლიტიკურად მოტივირებული ჩანდა“.
კატეგორია: პოდკასტი
პირველი, საპილოტე ეპიზოდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიწერა. მისი სტუმარია „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი და პროექტ 64-ის თანადამფუძნებელი, გიორგი გოგუა.






„პირველი ნაბიჯები“ - პროექტ 64-ისა და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე „პირველი ნაბიჯების“ ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.



პირველი, საპილოტე ეპიზოდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიწერა. მისი სტუმარია „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი და პროექტ 64-ის თანადამფუძნებელი, გიორგი გოგუა.

ის 12 წელიწადია ჟურნალისტია და არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემასთან უთანამშრომლია. National Geographic-ისთვის მისმა სტატიამ „გზაზე“ ევროკავშირის პრიზი მიიღო.

ამ ეპიზოდში გიორგი გვიყვება, რატომ აირჩია ჟურნალისტიკა, როგორ „მოკლა ახალი ამბების დღევანდელმა ფორმამ ეს პროფესია“, გამოცდილებას გვიზიარებს ფრილასერობაზე, ფოტორეპორტიორობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ რჩევებზე, „ორი თემურის შემთხვევასა“ და იმაზე, თუ რით უნდა დაიწყოთ, თუ ჟურნალისტობა გინდათ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt
კატეგორია: რესურსები
დიდი ხანია მსოფლიოში მიმდინარე ომები შეიარაღებასა და ჯავშანტექნიკის გამოყენებას გასცდა. მხარეები მოწინააღმდეგის დასასუსტებლად და გამარჯვების მოსაპოვებლად ინფორმაციას, ინტერნეტს, ტექნოლოგიებს, ასევე ფსიქოლოგიურ და ბევრ სხვა ტაქტიკას იყენებენ. ასეა რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაშიც. ორივე მხარეს თავისი სტრატეგია აქვს.


რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ:

  • უკრაინის ქალაქები ისევ იბომბება, სამხედრო ბრძოლა მიმდინარეობს ფრონტის ხაზებზე, უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად ზოგჯერ თავსი სმარტფონის წინა კამერით გადაღებული ვიდეოებით მოუწოდებს თანამოქალაქეებს, რუსებსა და დასავლელ მოკავშირეებს.
  • რუსეთში დაბლოკილია სოციალური ქსელების დიდი ნაწილი, თითქმის აღარ მუშაობენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სიტყვა “ომის” ხსენებისთვის ჟურნალისტებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რუსეთის ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ საერთაშორისო კომპანიები, ქვეყანა იზოლირებულია.
  • ეკონომიკური სანქციების პაკეტს კი დასავლეთის ქვეყნები უფრო და უფრო აფართოებენ.

2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომი ტრადიციულ ფორმებს ცდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს. ბევრი მას “ჰიბრიდულ ომად” მოიხსენიებს. მაგრამ რას ნიშნავს და ვინ იგებს ამ ომს?

რა არის ჰიბრიდული ომი?

ჰიბრიდული ომის უნივერსალური განმარტება არ არსებობს. თავდაპირველად ის ძირითადად სამხედრო შესაძლებლობების მქონე არასახელმწიფო აქტორებს მიემართებოდა.

ასეთ ომში სახელმწიფო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად არაოფიციალურ პირებს იყენებს. თუმცა 2000-იანი წლებიდან ეს ტერმინი გაფართოვდა.

ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ჰიბრიდულ ომში ხშირად მოიაზრებენ:

  • ოპონენტის წინააღმდეგ ერთდროულად განსხვავებული ტაქტიკების გამოყენებას.
  • თანამდეროვე ომში ტრადიციული და არატრადიციული მეთოდების, სტრატეგიების, ასევე თანამედროვე კონფლიქტების ფსიქოლოგიური და ინფორმაციული ასპექტების ერთობლიობას.
  •  ჰიბრიდული ომი აერთიანებს სამხედრო და არასამხედრო, ასევე ღია და დაფარულ საშუალებებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები, ეკონომიკური ზეწოლა, სამართლებრივი სისტემების ბოროტად გამოყენება, კორუფცია, რეგულარული და არარეგულარული ძალები.
  • ჰიბრიდული ომის დროს ზოგჯერ ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი ბუნდოვანია, ასეთი ომის მიზანია ფსიქოლოგიური და ფიზიკური უპირატესობების მოპოვება. ელექტრონული და კიბერ ოპერაციების, ფარული და ზოგჯერ ღია სამხედრო და სადაზვერვო ქმედებითა და ეკონომიკური ზეწოლით.
  • ჰიბრიდული ომის მოთამაშე ცდილობს დაასუსტოს ნდობა ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, შედეგად მთავრობა კარგავს ლეგიტიმურობას.
  •  ჰიბრიდული საფრთხეები ხშირად სამიზნე ან შიდა სახელმწიფოს პოლიტიკური საზოგადოების სისუსტეებზეა მორგებული.
  • მისი მიზანია ამ სისუსტეების გაღრმავება პოლარიზაციის შესაქმნელად და კიდევ უფრო გასამწვავებლად როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ჰიბრიდული ომის კონცეფცია არც ისე ახალი ფენომენია, მეტიც ზოგიერთი აკადემიკოსი ფიქრობს, რომ ჰიბრიდული ომი იმდენი ხანია არსებობს, რამდენ ხანსაც ზოგადად ომები, თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჰიბრიდული ომის საფრთხეები ააჩქარა და გაზარდა მისი მასშტაბები.

ჰიბრიდული ომის განმარტებისას ამერიკელი ექსპერტი (American Enterprise Institute) ელიზაბეთ ბროუ გამოყოფს:

  • აგრესიის რუხ ზონას - “მტრული ქმედებების გამოყენება შეიარაღებული კონფლიქტის სფეროს მიღმა კონკურენტი ქვეყნის, პირის ან ალიანსის დასასუსტებლად“
  • თუკი ამას ემატება შეიარაღებული ბრძოლა ეს უკვე ჰიბრიდული ომია.
  • “სინამდვილეში ყველა ომი ახლა ჰიბრიდულია, რადგან მათ აქვთ ორივე სამხედრო და არასამხედრო განზომილებები, როგორებიცაა პროპაგანდა და ციფრული ომი.“ - ამბობს ის.

რუსული ჰიბრიდული ტაქტიკა უკრაინის ომში

რუსეთის უკრაინაში ჰიბრიდული ომი 2022 წელს არ დაწყებულა, “მარშალის ცენტრის” პროფესორი ჯემის კენეტ უიზერი წერს, რომ კრემლმა ყირიმის ანექსიისას ჰიბრიდული მეთოდები გამოიყენა. ეს ტექნიკები არამხოლოდ საბრძოლო ოპერაციებს, არამედ პოლიტიკური პროტესტის დაფინანსებას, ეკონომიკურ ზეწოლასა და კიბერ ოპერაციებს, განსაკუთრებით დეზინფორმაციის ინტენსიურ კამპანიას მოიცავდა.

დღეს დასავლეთში ჰიბრიდულ საფრთხეებად განიხილავენ რუსეთის ყველა მტრულ ქმედებას, მათ შორის არჩევნებში ჩარევის მცდელობებს.

რუსეთის მიდგომა ინფორმაციულ ომში, ჰიბრიდული ომის ნაწილია და ეს არის ფსიქოლოგიური და კიბერ ოპერაციების ერთობლიობა.

პროფესორი უიზერი ამბობს, რომ რუსული ინფორმაციული ომი ცდილობს კვალის წაშლას სიმართლესა და სიცრუეს შორის და ალტერნატიული რეალობა შექმნას. ის ცდილობს დაასუსტოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ძირი გამოუთხაროს მთავრობების ლეგიტიმურობას.

  • მთავარი საბრძოლო სივრცე გონებაშია და შედეგად ახალი თაობის ომები დომინირებული იქნება ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ბრძოლებით. მთავარი მიზანია მძიმე სამხედრო ძალის განლაგების საჭიროება მინიმუმამდე შემცირდეს”, - ასე აფასებს თანამედროვე ომისადმი რუსეთის მიდგომას ლატვიელი ანალიტიკოსი იანის ბერზინში.

რუსეთის კიდევ ერთი ცნობილი ტაქტიკა - სპეციალურად მომზადებული ინფორმაციის გამოყენებაა, რომელიც მოწინააღმდეგეს იმ გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს, რომლებიც ინფორმაციის ინიციატორს წინასწარ აქვს განსაზღვრული - ეს რუსული სამხედრო დოქტრინის “მასკიროვკის” (შენიღბვის) მთავარი ელემენტი “რეფლექსიური კონტროლია”.

“რეფლექსიური კონტროლის” მეთოდები მოიცავს:

  • შანტაჟს
  • შენიღბვას
  • თაღლითობას
  • დეზინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს ოპონენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევას რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ.

პროფესორი უიზერი განმარტავს, რომ რუსული გადმოსახედიდან, “პერესტროიკა” და “ფერადი რევოლუციები”, ასევე ისეთი მრავალწევრიანი ორგანიზეციები, როგორებიც “საერთაშორისო სავალუტო ფონდი” და “მსოფლიო ბანკია” რუსეთის დესტაბილიზაციისთვის ჰიბრიდული ომის ელემენტებია.

დღეს, რუსეთის ჯარს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე საჰაერო იერიშები მიაქვს, მხარეები იყენებენ მძიმე არტილერიასა და შეიარაღებას, თუმცა ეს ომი მხოლოდ ფიზიკური არაა.

ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე:

  • უკრაინის თავდაცვის უწყებასა და ორ დიდ უკრაინულ ბანკზე რუსეთთან ან ბელარუსთან დაკავშირებული ჯგუფის მხრიდან კიბერშეტევები განხორციელდა.
  • იმავე დროს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე გამწვავდა დაპირისპირება რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის ძალებს შორის.

ევროპის 27 ქვეყანაში კრემლის მხარდაჭერილი მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვის მიუხედავად, ონლაინ სივრცეში კვლავ ვრცელდებოდა და ვრცელდება:

  • პრორუსული კონტენტი: მათ შორის “ტიკტოკზე” ნახავთ ვიდეოებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის მხსნელად, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი ნაცისტად წარმოაჩენს.
  • პრორუსული პროპაგანდისტული მასალები მასობრივად ვრცელდება „ტელეგრამით“.
  • სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის “ფეისბუქზე”, “ტვიტერზე”, “ინსტაგრამზე”, “ვკონტაქტესა” და “ადნაკლასნიკში” უცნობმა ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ყალბი პროფილებისთვის ფოტოები შექმნეს. თავს დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებად აჩვენებდნენ და ყალბ ამბებს ავრცელებდნენ იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინას უღალატებს.
  • “მეტას” ინფორმაციით, ჯგუფს რუსეთსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში დონბასში ჰქონდა კავშირები.

რუსეთთან უპრეცენდენტო კიბერ კონფლიქტის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ზორამ მარტის დასაწყისში განაცხადა. მან ამ ყველაფერს ჰიბრიდული ომი უწოდა.

  • “ეს ისტორიაში პირველად ხდება და მჯერა, რომ კიბერ ომი მხოლოდ ჩვეულებრივი ომის დასრულებით შეიძლება დასრულდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მომენტის მოახლოებისთვის”.
  • უკრაინელებს შეუერთდა ჰაკერთა ცნობილი დაჯგუფება “ანონიმუსი” და რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა.

კრემლს საინფორმაციო ომის კიდევ ერთი ფრონტი ქვეყნის შიგნით აქვს.

  •  ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ათობით მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა.
  •  რუსეთში აღარ დარჩა კრიტიკული გამოცემები, რომლებიც უკრაინაში ომის თემას აშუქებენ, რადგან „სამხედრო სპეცოპერაციის” შესახებ ყველა ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალურ წყაროებს არ ეყდნობა, “ყალბ ამბად” მიიჩნევა და მისი გავრცელება თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ იგებს ინფორმაციულ ომს?

ამ მომენტისთვის რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. ომის დაწყებიდან ერთ თვეში მოსკოვს 5,223 ახალი სანქცია დაუწესეს. საერთო ჯამში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების რიცხვი 7 ათასს აჭარბებს.

უკრაინაში არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო უპრეცედენტო სანქციებს ისტორიულად ნეიტრალური შვეიცარიაც შეუერთდა.

მაგრამ რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა.

  • ქვეყანა დატოვეს ცნობილმა საერთაშორისო ბრენდებმა.
  • რუსეთი მოხსნეს საერთაშორისო სპორტული ღინისძიებებიდან, რითაც დანარჩენი მსოფლიოსგან კიდევ უფრო იზოლირებული რჩება.

“განსხვავებულ ომში საბრძოლველად დასავლეთის ძალისხმევა რუსეთის შეჭრამდე, მოსკოვის გეგმების შესახებ დაზვერვის ბრიფინგებით დაიწყო, რამაც პუტინს გაურთულა თავდასხმის ახსნა და მისი გამართლეობაო”, - ამბობს კვლევითი ორგანიზაცია “საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს” დირექტორი მარკ ლეონარდი.

სანქციების მიზანი პუტინზე უფრო და უფრო მეტი ზეწოლაა. თუკი რუსები ეკონომიკური საქნციების შედეგად სამშობლოში გაუარესებულ ვითარებას დაინახავენ, თავიანთ ბრაზს პრეზიდენტისკენ მიმართავენ.

როგორც გამოცემა, “ფაინენშალ თაიმსი” წერს, ზოგიერთი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ სადამსჯელო ზომების ყველა რუსისთვის დაწესებამ, განურჩევლად მათი შეხედულებებისა, შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების მიმართ ბრაზი და ნაციონალიზმის გაღვივება გამოიწვიოს.
  •  ეს სანქციები ქცევას შეცვლის თუ ქცევას დასჯის? - ამ რიტორიკულ კითხვას სვამს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე რობერტ ბლექვილი დასავლეთის მიღებული ზომების შეფასებისას.

ინფორმაციულ ომში აქტიურადაა ჩართული შეერთებული შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აქვეყნებს რუსული პროპაგანდისტული გზავნილების შესახებ ინფორმაციას და აბათილებს კრემლის მითებს.

დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის თეთრმა სახლმა ე.წ თაობა Z-თან (დაახლოებით, 1997-2012 წლებში დაბადებულები) თანამშრომლობა დაიწყო.
  • 10 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა 30 პოპულარულ “ტიკტოკერს” უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ბრიფინგი ჩაუტარა და მათს შეკითხვებს უპასუხა.

როგორ მოქმედებს უკრაინა?

ომის დაწყებიდან კიდევ უფრო გააქტიურდა უკრაინის საინფორმაციო და კომუნიკაციების სტრატეგია. რუსეთის შეჭრიდან მესამე დღეს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ “ტვიტერზე” დაწერა, რომ “აიტი არმიას” ქმნიდა და კიბერ ფრონტზე საბრძოლველად ადამიანებს ეძებდა.

მიხაილო ფედოროვმა დასავლურ ტექნოლოგიურ კომპანიებს სოციალური ქსელით მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ.

მათ შორის:

  • “ეფლის” აღმასრულებელ დირექტორს ტიმ ქუქს მოუწოდა დაებლოკა App Store რუსეთში.
  • მიმართა SpaceX-ის დამფუძნებელს ილონ მასკს სატელიტური კომუნიკაციის მოწყობილობების უკრაინისთვის გაგზავნის შესახებ, რამაც გაამართლა.
  • ფედოროვმა ღია წერილით მიმართა “გუგლსა” და “ნეტფლიქსს” მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედებისთვისაც.

ომამდე უკრაინის 31 წლის ვიცეპრემიერსა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს “ტვიტერზე” 100-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავდა, დღეს კი მისი მიდევრების რიცხვი 200 000-ს აჭარბებს.

რატომ აგებს პუტინი ინფორმაციულ ომს?

შვედი ეკონომისტი ანდრეს ასლუნდს “ატლანტიკური საბჭოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ეს არგუმენტები მოჰყავს:

  •  რუსულ ყალბ რიტორიკას აღარ აქვს თანაბარი სივრცე საერთაშორისო მედიაში.
  •  წარუმატებელია პუტინის მიერ ომის გამართლების მცდელობები.
  •  ინფორმაციულ ფრონტზე დამარცხების რეალობის წინაშე მყოფმა პუტინმა უკან დაიხია და ახლა შიდა რუსულ აუდიტორიაზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.
  • დღევანდელობასა და 2014 წელს რუსეთის შეჭრას შორის განსხვავებაა: ბევრი საერთაშორისო კორესპონდენტის ყოფნა უკრაინაში. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პუტინის შეჭრის გეგმების შესახებ ბრიფინგების დამსახურებით საერთაშორისო კორესპონდენტებმა უკრაინაში ჩასვლა ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს დაიწყეს.
  • თებერვალში კიევის მთავარი სასტუმროები სავსე იყო ჟურნალისტებითა და გადამღები ჯგუფებით. რეპორტიორები გავიდნენ რეგიონის ქალაქებშიც: ხარკოვში, ლვოვში, მარიუპოლსა და ოდესაში.
  • უკრაინაში საერთაშორისო მედიის უპრეცედენტო წარმომადგენლობამ ასობით ჟურნალისტს საშუალება მისცა თავად ენახა რეალობა. მანამდე უკრაინის ამბებს ძირითადად მოსკოვის ბიუროები აშუქებდნენ.
  • დასავლეთიდან ჩასული ჟურნალისტები თავისუფლები იყვნენ რუსული მიკერძოებისგან და რაც მთავარია არ იყვნენ დამოკიდებულები კრემლზე, განსხვავებით მოსკოვში მომუშავე კორესპონდენტებისაგან, რომლებმაც თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის უნდა შეინარჩუნონ რუსეთის სახელმწიფო აკრედიტაცია.
  •  მოსკოვის ბიუროებში დასაქმებულები ამის გამო ხშირად თვითცენზურითა და ტაბუდადებულ თემებზე თავის არიდებით მუშაობენ.
  • მართალია უკრაინულ მედიაში ოლიგარქების ინტერესები დომინირებს, თუმცა უკრაინის მედია ბაზარი პლურალისტულია, რამაც საერთაშორისო ჟურნალისტებს საშუალება მისცა ადგილობრივი კოლეგების ფართო სპექტრთან ეთანამშრომლათ, ქვეყანაში არსებული ვითარების სრული სურათის აღსაქმელად.
  • პუტინის განცხადება “ნაციზმის” აღმოფხვრაზე იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ებრაელია, ხოლო ულტრა მემარჯვენე პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ, აბსურდია.
  • ამას ემატება უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც მსოფლიო უყურებს.
  • მაშინ, როცა პუტინი გარიყულად იქცა, ზელენსკი გლობალურ გმირად გამოჩნდა. ზელენსკი არ არის იზოლირებული და არ აიძულებს კოლეგებსა და მედიის წარმომადგენლებს 10-მეტრიანი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დასხნენ.
  • უკრაინის ინფორმაციულ ომში კარგად მუშაობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ.
  •  უკრაინის არმია ინფორმაციას რეგულარულად და თანმიმდევრული გზავნილებით აახლებს. მათ მხარს უჭერს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებაც, რომლებიც ჯარის შესახებ განახლებებს აქვეყნებს „მიმებითა“ და პატრიოტული მესიჯებით.
კატეგორია: რესურსები
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის ზონაში საერთაშორისო ჟურნალისტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ასეთ დროს კი დიდ როლს ასრულებენ ადგილობრივი "ფიქსერები", რომლებიც უცხოელ ჟურნალისტებს მრავალმხრივ ეხმარებიან. თუმცა ხშირად ამ ადამიანებს, რომლებიც უცხოელ ჟურნალისტებს თავდაუზოგავად ეხმარებიან, მასალაში თანაავტორებადაც არ მოიხსენიებენ.

უკრაინაში რუსეთის ომის მე-20 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ფოქს ნიუსის” გადამღებ ჯგუფთან ერთად მყოფი 24 წლის უკრაინელი პროდიუსერი ალექსანდრა (საშა) კუვშინოვა დაიღუპა.

  • კუვშინოვა "ფოქს ნიუსის" რეპორტიორთან ბენჯამინ ჰოლთან და ოპერატორთან პიერ შაშევსკისთან ერთად იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელსაც 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას ემსხვერპლა პიერ შაშევსკიც.

საშა კუვშინოვა ამერიკული მედიასაშუალებისთვის ე.წ ფიქსერი იყო.

უცხო ქვეყნებიდან საერთაშორისო მედიის გაშუქებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ “ფიქსერებს” აქვთ.

ვინ არიან “ფიქსერები”?


შეიძლება ითქვას, რომ “ფიქსერი” შუამავალს ნიშნავს, რომელიც გარკვეულ საკითხებს აგვარებს. თუმცა ჟურნალისტიკაში ეს ტერმინი გულისხმობს:

  • ადგილობრივ მცხოვრებს ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ჟურნალისტები ქირაობენ, ამ ქვეყანაში მუშაობის გასაადვილებლად.
  • “ფიქსერები” კარგად იცნობენ ადგილობრივ გარემოს, ერკვევიან მოვლენების კონტექსტში, ითავსებენ თარჯიმნის როლს.
  • ხშირად, “ფიქსერები” თავადაც ჟურნალისტები არიან და დამატებით ჟურნალისტურ სამუშაოსაც ასრულებენ.
  • “ფიქსერები” უცხოელ რეპორტიორებს ეხმარეობიან თავიანთი პროფესიული სამუშაოს შესრულებაში. ზოგჯერ ევალებათ სასტუმროს და მძღოლების დაჯავშნა, ინტერვიუების შეთანხმება, კონკრეტულ ადგილებზე წვდომის მოპოვება, მარშრუტების დაგეგმვა.
თუმცა, ეს ადამიანები კადრს მიღმა მუშაობენ. მათ სახელებსაც მომზადებულ ჟურნალისტურ მასალებში იშვიათად შეხვდებით.

“საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელი” წერს, რომ ის იშვიათი შემთხვევები, როდესაც “ფიქსერები” ჩრდილიდან გამოდიან არის, როდესაც მათ აკავებენ, იტაცებენ ან კლავენ.

პოტენციურად სახიფათო გაშუქებების დროს შესაძლოა “ფიქსერს” დაევალოს გუნდის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ამბის გამოქვეყნების შემდეგ კი შესაძლოა მათაც საფრთხე შეექმნათ, რადგან, როგორც ფრანგი ჟურნალისტი და “ფიქსერი” მარი ნუდაშერი ამბობს: “შენ ადგილობრივი ხარ. რესპონდენტებს შენი მობილურის ნომერი აქვთ.”

  • “ფიქსერებს” არ აქვთ დაზღვევა და ფიქსირებული ხელფასი. მათ სამუშაოს ძირითადად ნაღდი ფულით ანაზღაურებენ.
  • “გლობალური რეპორტინგის ცენტრის” 2017 წლის კვლევის მიხედვით, “ფიქსერების” დღიური ანაზღაურება $50-დან $400-მდე მერყეობს.

ავტორად მოხსენიება
“ფიქსერების” ნაწილისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რადგან უმეტეს შემთხვევებში მათი შრომა მასალის მიღმა რჩება და თანაავტორებად მითითებულები არ არიან.

  • ზოგიერთი მათგანისთვის ნაკლებად მისაღებია ტერმინი “ფიქსერი” და მის ნაცვლად “პროდიუსერს” იყენებს, რაც მათი აზრით, უფრო მეტ უფლებას ანიჭებთ კორესპონდენტთან ერთობლივად იმუშავონ ამბის შექმნაში.
  • “ფიქსერი” არასწორი ტერმინია, ისინი რეალურად ჟურნალისტები არიან და მათი საქმე გაშუქების იმავე ეთიკურ სტანდარტებს მოითხოვს”, - ამბობს The Philadelphia Inquirer კორესპონდენტი ენდრიუ მეიკუთი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კრემლის პროპაგანდისტული არხი НТВ ტელეწამყვანმა ლილია გილდეევამ ქვეყანა დატოვა.

დეტალები

რუსეთის პროსახელიფუფლებო არხზე, საინფორმაციო პროგრამა “სივოდნიას” წამყვანის ქვეყნიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Varlamov News-მა ტელეგრამით გაავრცელა.

გილდეევა, რომელიც არხზე 16 წლის განმავლობაში მუშაობდა ამბობს:
  • “ ჯერ ქვეყანა დავტოვე, რადგან მეშინოდა, რომ არ გამიშვებდნენ, შემდეგ დავწერე [სამსახურის დატოვების შესახებ] წერილი.”
უცნობია რომელ ქვეყანაშია რუსი ტელეწამყვანი.

წამყვანის შესახებ

45 წლის ლილია გილდეევა “ენ ტე ვეზე” 2006 წლიდან მუშაობდა, მანამდე მას გადაცემები რამდენიმე რეგიონულ არხზე მიჰყავდა.

ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან მადლობა ორჯერ მიიღო:
  • 2008 წელს - “რუსეთის ფედერაციაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ინფორმაციული მხარდაჭერისა და აქტიური სოციალური მუშაობისთვის”
  • 2021 წელს - "მედიის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის“. 

კონტექსტი 

უკრაინაში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, რუსეთში ომის შესახებ მიიღეს კანონი, რომლითაც:
  • სამხედრო მოქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის განზრახ გავრცელება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ან 15 წლამდე, თუკი მიიჩნევა, რომ მას „მძიმე შედეგები მოჰყვება “.
  • „ყალბ ინფორმაციად“ რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ყველაფერს, ომის შესახებ, რაც რუსეთის ოფიციალური წყაროებიდან არ მოდის.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მედია კომპანია "კონდე ნასტი" რუსეთში თავის ყველა გამოცემას აჩერებს.
ამერიკული მედია კომპანია "კონდე ნასტი" 20-ზე მეტ მედისასაშუალებას აერთიანებს, მათ შორის:
  • Vogue Russia
  • GQ
  • GQ Style
  • Tatler
  • Glamour
  • Architectural Digest
ყველა ეს გამოცემა რუსეთში მუშაობას შეწყვეტს.

მიზეზი: რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონპროექტი, რომელიც მედიას აცენზურებს.

ვრცლად ამ თემაზე: საინფორმაციო ომი რუსეთში - დაბლოკილი მედია და პროპაგანდა

კომპანიის ხელმძღვანელი როჯერ ლინჩი ამბობს, რომ კანონი შეუძლებელს ხდის "კონდე ნასტის" თანამშრომლებმა კონტენტი ისე მოამზადონ, რომ საფრთხის რისკის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

რუსეთში “ვოგის გამოცემა” 1998 წლიდან დაიწყო.

სხვა მედიასაშუალებები, რომლებიც რუსეთში მუშაობას წყვეტენ:

რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, ჟურნალისტებზე ზეწოლის გაზრდისა და “ყალბი ახალი ამბების” შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რუსეთში მუშაობა შეაჩერეს Bloomberg-მა, The New York Times-მა და “რადიო თავისუფლებამ”, ასევე რუსეთიდან გაშუქება შეწყვიტა CNN-მა, თუმცა არ დაუხურავს მოსკოვის ბიურო. ქვეყანაში მაუწყებლობა შეაჩერეს ABC-მ და CBS-მაც.

გასულ კვირას რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს BBC-ის თანამშრომლებმაც, თუმცა მოგვიანებით მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ინგლისურ ენაზე ამბების გაშუქებას განაგრძობს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დღითიდღე რთულდება რუსული დამოუკიდებელი მედიის მუშაობა, რუსეთის მოსახლეობისთვის კი ომის შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 9 დღე გავიდა. ამ პერიოდში რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში 20-მდე მედიასაშუალება დაბლოკა ან მასზე წვდომა შეზღუდა. მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ომის „ომად“ და შეჭრის „შეჭრად“ მოხსენიებაა.

ინფორმაციას ჩახშობა რუსეთში

4 მარტს რუსეთის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც:
  • სამხედრო მოქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის განზრახ გავრცელება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ან 15 წლამდე, თუკი მიიჩნევა, რომ მას „მძიმე შედეგები მოჰყვება “.
  • „ყალბ ინფორმაციად“ რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ყველაფერს, ომის შესახებ, რაც რუსეთის ოფიციალური წყაროებიდან არ მოდის.
  • კანონპროექტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა მოაწეროს. კანონი შესაძლოა ხვალ ამოქმედდეს.

ვრცლად ამ თემაზე: როგორ აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება მედიის გზავნილებს ომის შესახებ

კანონპროექტის მიღებიდან დაახლოებით 2 საათში: საინფორმაციო ვებგვერდმა Znak-მა მუშაობა შეწყვიტა.

მიზეზი: მედიის მუშაობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გამკაცრებული შეზღუდვები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთში ახშობენ „ტვიტერს“, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამსაც“, საიდანაც ათობით მილიონი რუსი ობიექტურ ინფორმაციას იღებს.
  •  „ინტენსიური ხდება მოსკოვის ძალისხმევა შეცდომაში შეიყვანოს და ჩაახშოს სასტიკი შეჭრის შესახებ სიმართლე. ეს ნაწილობრივი ბლოკირება რუსეთის მოქალაქეებს ზღუდავს როგორ და სად ნახონ და გააზიარონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ჭეშმარიტების მტკიცებულება.“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინაში ომის 9 დღის განმავლობაში, რუსეთში დაიბლოკა ან დაიხურა ოცამდე მედიასაშუალება

დაბლოკეს ტელეკომპანია „დოჟდის“ ვებგვერდი. მოგვიანებით არხმა სახელმწიფოსგან ზეწოლის გამო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.

„დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.

დახურული ან დაბლოკილი მედიის ჩამონათვალი:

  • რადიო „ეხო მოსკვის“ ვებგვერდი. დაიხურა უშუალოდ რადიოსადგურიც.
  • მედუზას“ ვებგვერდი.
  • „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ვებგვერდი. 
  • „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ვებგვერდი.
  • „დოიჩე ველეს“ ვებგვერდი.
  • პრაღიდან მომუშავე რუსულენოვანი არხის, Настоящее время-ს ვებგვერდი
  • „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის რეგიონული ახალი ამბების პორტალი Крым. Реалии
  • უკრაინული მედიასაშუალების “ინტერფაქს უკრაინის“ რუსულენოვანი ვებგვერდი.
  • რუსულენოვანი ჟურნალის The New Times-ის ვებგვერდი.
  • სტუდენტური ჟურნალის Doxa-ს ვებგვერდი. გამოცემა ახალი დომეინით იმუშავებს. 
  • უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის ვებგვერდი.
  • უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის ვებგვერდი.
  • უკრაინული საინფორმაციოს ვებგვერდი Korrespondent.net.
  • უკრაინული გამოცემის „უკრაინსკაია პრავდას“ ვებგვერდი.
  • ციმბირის ახალი ამბების ვებგვერდი tayga.info
  • რუსული მედიასაშუალება the-village.ru.
  • ქალაქ ტომსკის ტელევიზიის ТВ-2-ის ვებგვერდი tv2.today.
  • რუსეთის მთავრობა დაბლოკვით დაემუქრა „ამერიკის ხმის“ რუსულ ვებგვერდსაც, თუკი უკრაინაში შეჭრის შესახებ მასალას არ წაშლიდა, რაზეც რედაქციამ უარი თქვა. Globalcheck-ის მიხედვით, golosameriki.com რუსეთში მიუწვდომელია.
“რუს ხალხს უფლება აქვს იცოდეს სიკვდილის, ტანჯვისა და დესტრუქციის შესახებ, რომელიც მათმა მთავრობამ უკრაინელ ხალხს მიაყენა. მათ ასევე უფლება აქვთ იცოდნენ ამ უაზრო ომის თავიანთი ჯარისკაცების ადამიანური დანაკარგების შესახებ“ - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ გზად ვაშინგტონს რუსულენოვან მედიასაშუალებებთან და რუს აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს არჩეული.

CNN-ის ცნობით, ბოლო დღეებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სულ მცირე 7 ინტერვიუ მისცეს რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებებს.

დასავლეთის შეზღუდვები რუსეთის პროპაგანდისტული მედიაზე

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციები შეეხო რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს, რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიაზე მუშაობენ. შეზღუდვებს შეუერთდნენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც.
  • ევროკავშირმა აკრძალა Russia Today (RT), Sputink და მათი შვილობილი კომპანიები
  • ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში RT-სა და Sputink-ის, ასევე მათთან დაკავშირებული არხები დაბლოკა "იუთუბმა“.
  • „გუგლი“ აჩერებს ონლაინ რეკლამების რუსეთში გაყიდვას.
  • "მეტამ", "ტიკ ტოკმა" და "მაიკროსოფტმა" RT-ისა და სპუტნიკის ანგარიშების ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • “მეტამ” რუსულ სამთავრობო მედიებს საკუთარ პლატფორმებზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ვოთსაპი) რეკლამების განთავსების ფუნქცია და მონეტიზაცია შეუზღუდა
  • რუსეთის ხელისუფლების კონტროლირებადი მედიის მასალების შემცველ პოსტების ხილვადობას ამცირებს "ტვიტერი".

ამ თემაზე:
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უკრაინაში დანიელი ჟურნალისტების დაჭრას ეხმაურება და ველზე მომუშავე რეპორტიორების უსაფრთხოების დაცვის მოწოდებით გამოდის.

რა მოხდა?

26 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ოხტირკაში დანიური ტაბლოიდის, Ekstra-Bladet-ის რეპორტიორი სტეფან ვაიკერტი და ფოტოგრაფი ემილ ფილტენბორგ მიკკელსენი დაბომბილი საბავშვო ბაღის გადასაღებად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
  • ჟურნალისტების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ, ორივე მათგანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო.
  • ფოტოგრაფს სამი ტყვია ფეხებში, ჟურნალისტს კი ერთი ტყვია მხარში მოხვდა.
ორივე მათგანი ქალაქ პოლტავას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილური იყო, ამ დროისთვის კი უკრაინის ტერიტორიიდან ევაკუაცია მოახერხეს და დანიისკენ მიემგზავრებიან.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ( RSF) აცხადებს:

  • ვაიკერტი და მიკკელსონი პირველი ჟურნალისტები არიან, რომლებიც სერიოზულად დაშავდნენ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის გაშუქების დროს. მათი ჭრილობები შესაძლოა ფატალური ყოფილიყო.
  • მოვუწოდებთ ყველა მეომარ მხარეს აიღონ ვალდებულება პატივი სცენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილიდან ვითარების გაშუქებაში.
  • ჟურნალისტების გაშუქების გარეშე ამ ომის დანაშაულებები და მისი მსხვერპლი არ იარესებებდა. 
  • რაც უფრო იზრდება უკრაინაში ბრძოლის მასშტაბი, ჟურნალისტებისთვის ომის გაშუქება უფრო და უფრო სახიფათო ხდება.
  • რთულდება უკრაინის დასაცავად შემნილ ჯგუფებთან მიახლოება. ქუჩებში რუსი დივერსანტების ყოფნის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო იზრდება უცხო ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ უნდობლობა.
ორგანიზაციის ცნობით, 2014-2016 წლებში დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს ათი ჟურნალისტი დაიღუპა.

მეტი რჩევა ომში მყოფი ჟურნალისტებისთვის:
RSF-ის სახელმძღვანელო ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ.
„უკრაინის მასობრივი ინფორმაციიის ინსტიტუტის“ რჩევები საბრძოლო ზონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.

RSF-ის 2021 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში უკრაინა 180-ც ქვეყანას შორის 97-ე, რუსეთი კი 150-ე ადგილს იკავებს.
კატეგორია: რესურსები
 „ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელმა“ (IJNET) გამოაქვეყნა რჩევები ჟურნალისტებისთვის, „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის საერთაშორისო რეპორტიორთან ოსტაპ იარიშთან და კიევში მყოფ ფრილანსერ ჟურნალისტთან ტომ მუჩთან ერთად ჩატარებულ ვებინარზე დაყრდნობით.

დაინახეთ გლობალური გავლენა

შესაძლოა რუსეთის უკრაინაში შეჭრა შორეულ ამბად ჩანდეს, განსაკუთრებით, თუ ევროპაში არ იმყოფებით, მაგრამ მიმდინარე მოვლენებს პოტენციური ზეგავლენა ექნება გრძელვადიან გლობალურ შედეგებზე.

კონტექსტისა და ენის გაგება

ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ სწორად თარგმნის მნიშვნელობაზე.
  • არასწორი, გადაუმოწმებელი თარგმანი დეზინფორმაციის უნებურად გავრცელების რისკს ზრდის. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც მოვლენები სწრაფად ვითარდება და ნიუსრუმში კონფლიქტის მხარეების მშობლიური ენების მცოდნე ადამიანი არ მუშაობს.
ეს ომი ფიზიკურთან ერთად საინფორმაციოცაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა კონფლიქტის კონტექსტი გადმოსცენ.
  • შესაძლოა წარმოაჩინონ აგრესიული მხარის ხედვა, მაგრამ ისე, რომ მიუთითონ ვინ არის ვითარებაში აგრესორი. 
  • მკითხველისთვის ფაქტების მიწოდება ხელს უწყობს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, რომლის მიზანიც რუსეთის ქმედებების ჭეშმარიტი ბუნების დაფარვაა.

კონფლიქტის ჰუმანიზება/გაადამიანურება

ჟურნალისტებმა ომის გაშუქება მაქსიმალურად უნდა გაადამიანურონ.

ფაქტები და რიცხვები ამბავს ჰყვება, მაგრამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან ინტერვიუები მკითხველს საშუალებას აძლევს უფრო გაიაზრონ ომი და მისი შედეგები.

ტომ მუჩი განმარტავს:

  • ამბავი არ არის: „მე უცხოეთის კორესპონდენტი ვარ და მოქმედებების შუაგულში ვარ“, მაშინაც კი თუ ეს ზოგჯერ რედაქტორებს სურთ.
  • ამბავს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ადამიანური ელემენტი, მაგალითად, როცა განგაშის სიგნალები ირთვება და დაბომბვის დროს ადამიანები მეტროში შეჯგუფდებიან, ან ავტობუსებითა და მატარებლებით კიევიდან გასვლას და დასავლეთში გაქცევას ცდილობენ. ან ამბები ადამიანების შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთში ქალაქებში არიან ჩარჩენილები.
  • ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა თავი უნდა აარიდონ მხოლოდ სენსაციური ან ძალადობრივი შემთხვევების გაშუქების მცდელობას.
„გირჩევთ, ხალხს მოეპყრათ, როგორც ადამიანებს და არა როგორც მხოლოდ ამბის მასალას“, - ამბობს ოსტაპ იარიში.

უსაფრთხოება გაშუქებისას

არცერთი ამბავი და კადრი არ ღირს სიცოცხლის ფასად.

ომის გაშუქებისას უსაფრთხოება უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
  • ჟურნალისტებმა, რომლებსაც უკრაინაში ომის ან სამომავლოდ კონფლიქტების გაშუქება უნდათ, მტრულ გარემოში მუშაობის ტრენინგი უნდა გაიარონ.
„სულიერად და ფიზიკურად მზად უნდა იყო მომენტისთვის, როდესაც შენთან ახლოს პირველად რაკეტა დაეცემა ან აფეთქება მოხდება. ისეთი ემოციური რეაქცია გექნება, რომელსაც ვერ იწინასწარმეტყველებ“, - ამბობს მუჩი.

მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების და უსაფრთოხების სხვა წესების საბაზისო ცოდნა.

„რაც უფრო ბევრჯერ გააშუქებ კონფლიქტს, მით უფრო მეტად გაიცნობ საკუთრ თავს და გაიგებ, სად არის შენი კომფორტის ზონები, გაიგებ როგორი ემოციური გამძლეობა და სტრესსა და ტრავმასთან გამკლავებს უნარი გაქვს“, - ამბობს ტომ მუჩი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჰაკერთა ჯგუფებმა უკრაინის მხარდასაჭერად რუსულ სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევები დაიწყეს.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „კიბეროპერაციაში“ საერთაშორისო ჰაკერთა მოძრაობა „ანონიმუსი“ მონაწილეობს. ჯგუფი მსოფლიოს სხვა ჰაკერებს რუსულ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმებისკენ მოუწოდებს.
  • „ანონიმუსს“სოციალურ ქსელში ოფიციალური ანგარიში არ აქვს. ჯგუფის აქტივობების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ანგარიშით ვრცელდება. მათ შორისაა @YourAnonNews, რომელსაც „ტვიტერზე“ ამ დროისთვის 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ვებგვერდები, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად გათიშეს:

„ანონიმუსის“ სახელით:

24 თებერვალი

  • რუსეთის სამთავრობო ვებგვერდები: kremlin.ru - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
  • governement.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი mil.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
25 თებერვალი
  • რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ვებგვერდი fas.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება RT.com - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
  • რუსული ინტერნეტ პროვაიდერების ვებგვერდები: com2com.ru, ptt.ru , sovam.com - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია; relcom.ru - მუშაობს
  • რუსული კომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდი gazprom.com - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • გამოქვეყნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა 
26 თებერვალი 
  • გამოაქვეყნეს ბელარუსული იარაღის მწარმოებლის Tetraedr-ის 200გბ მოცულობის ელექტრონული ფოსტის მისამართები
27 თებერვალი
  • ჩეჩნეთის სამთავრობო ვებგვერდი chechnya.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • გამორთეს ციფრული სერვისების Tvingo Telecom-ის სისტემიდან გაზის მიწოდება.
28 თებერვალი
  • მედიასაშუალება mos.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსეთი საბაჟო სამსახურის ვებგვერდი customs.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • რუსეთის ფედერაციის საჯარო სერვისების პორტალი gosuslugi.ru - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
  • რუსეთის საპენსიო ფონდის ვებგვერდი pfr.gov.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი Mil.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • ბელარუსის სამხედრო სამრეწველო კომიტეტის ვებგევრდი Vpk.gov.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
  • ბელარუსის კომუნიკაციისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს ვებგვერდი Mpt.gov.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა” რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალება დაბლოკა.

რა მოხდა?

მას შემდეგ, რაც „როსკომნადზორმა” უკრაინის ომის გაშუქება მედიას მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროების მიხედვით მოსთხოვა, უწყებამ რამდენიმე მედიასაშუალება დაბლოკა.

რუსული დამოუკიდებელი მედიის „დოჟდის“ ინფორმაციით რუსეთში დაბლოკილია:

1. პრაღიდან მომუშავე რუსულენოვანი არხის, Настоящее время-ს ვებგვერდი. არხი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ მონაწილეობითაა შექმნილი.

2. „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის რეგიონული ახალი ამბების პორტალი Крым. Реалии - დაბლოკვის მიზეზი მასალა სათაურით „პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა“

3. უკრაინული მედიასაშუალების Интерфакс-Украина-ის რუსულენოვანი ვებგვერდი - დაბლოკვის მიზეზი: მასალა უკრაინაში რუსი სამხედროების ნათესავებისა და მეგობრებისთვის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ. სააგენტოს უკრაინულენოვანი ვერსია ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია.

4. უკრაინული საინფორმაციო Гордон-ის ვებგვერდი

5. რუსულენოვანი ჟურნალის The New Times-ის ვებგვერდი

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა მედიას უკრაინაში ომის შესახებ გაშუქებისას მოთხოვნა 24 თებერვალს წაუყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის მედიასაშუალებებს 5 მილიონ რუბლამდე ოდენობის ჯარიმა და მასალების დაბლოკვა ემუქრებათ.

წაიკითხეთ მეტი: როგორ აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება მედიის გზავნილებს ომის შესახებ
კატეგორია: საქართველო
საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათას აბონენტს საკაბელო ტელევიზიაზე რუსული პროპაგანდისტული არხების ნაწილზე წვდომა შეუწყდება.

რა მოხდა?

მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების გაერთიანებამ „შპს ტივიჯიმ“ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყებისა და ევროკავშირში რუსული სამთავრობო მედიების დაბლოკვის შემდეგ, 5 პროპაგანდისტული არხის გათიშვა გადაწყვიტა:
  • RTR
  • RUSSIA24
  • რუსეთის პირველი არხი 
  • Russia Today
  • ალტ-ინფო „ტივიჯი“
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის 10 წევრი კომპანიისთვის მაუწყებლობის ტრანზიტს უზრუნველყოფს.

შესაბამისად, ეს 5 არხი 10 პროვაიდერს აღარ მიეწოდება.

შპს "ტივიჯის“ დირექტორის ბესიკ წაქაძის თქმით, არხები დაახლოებით 4 ათასამდე აბონენტს რამდენიმე რეგიონში გაეთიშება:
  • იმერეთში: ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია
  • გურიაში: ლანჩხუთი
  • სამეგრელოში: ზუგდიდი, სენაკი
  • ქვემო ქართლში: მარნეული
  • შიდა ქართლში: ხაშური, ქარელი
ბესიკ წაქაძის განმარტებით, არხების მიწოდებას დროებით იქამდე შეაჩერებენ, სანამ „რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას, ქართული არხები რუსულ პროპაგანდას“.

ასევე, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციით, Russia Today-სა და Sputnik-ის გათიშვის დაანონსების შემდეგ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ქსელ „სილქნეტზე“ რუსული არხები RTR და ORT გაითიშა. მოგვიანებით, კომპანიაში განმარტეს, რომ გათიშვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს გმობენ და ღია წერილებს ავრცელებენ.

რუსულ დამოუკიდებელ მედიაში საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე კორესპონდენტებმა და ექსპერტებმა რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრა დაგმეს. ღია წერილში, რომელსაც ამჟამად 100 ხელმომწერი ჰყავს, ჟურნალისტები წერენ:
  • „ომი არასდროს ყოფილა კონფლიქტის გადაწყვეტის მეთოდი და მას გამართლება არ აქვს“.
  • „კარიბის კრიზისის შემდეგ მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე ახლოს გლობალურ კატასტროფასთან“.
  • „ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ დაწყებულ ხოცვა-ჟლეტას“ 
  • „პირობას ვდებთ, რომ სანამ შესაძლებლობა გვაქვს ვიქნებით გულწრფელები იმის შესახებ, რაც ხდება.“

ომი დაგმეს სამეცნიერო მიმართულების ჟურნალისტებმაც

150-ზე მეტი რუსი მეცნიერი და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტი ხელს აწერს ღია წერილს, სადაც წერია:
  • „ევროპაში ახალი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებელი მთლიანად რუსეთია. ამ ომს რაციონალური გამართლება არ აქვს. უკრაინის წინააღმდეგ ომი უსამართლოა.“
  • „ჩვენი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები ერთად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ. ბუნდოვანი ისტორიულ-ფილოსოფიური ფანტაზიებით ამოძრავებული რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის ომის გაჩაღება, მათი მეხსიერების ცინიკური ღალატია“.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე სხვადასხვა რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია. რთულ პირობებში მუშაობენ დამოკიდებელი რუსული მედიასაშუალებები.

კრემლის კონტროლი ინფორმაციაზე

რუსული დამოუკიდებელი მედიის „დოჟდის“ ინფორმაციით, კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელი ე.წ როსკომნადზორი ითხოვს:

  •  უკრაინის ომის გაშუქებისას მედია მხოლოდ ოფიციალურ რუსულ წყაროებს დააყრდნოს,
  • რადგან უწყების განცხადებით, ბოლო საათებში განსაკუთრებით იმატა „გადაუმოწმებელმა და არაზუსტმა ინფორმაციამ“.
  • „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის მედიასაშუალებებს 5 მილიონ რუბლამდე ოდენობის ჯარიმა და მასალების დაბლოკვა ემუქრებათ.

რუსული კრიტიკული მედია ომის წინააღმდეგ

"ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა, ის წლებია მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს.

  • გაზეთის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რედაქტორმა და ნობელის პრემიის მფლობელმა მშვიდობის დარგში, დმიტრი მურატოვმა დღეს მიმართვა გაავრცელა:

მურატოვი ამბობს:
  • „ომი უკრაინასთან პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით დაიწყო და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს.“
  • „მთავარსარდალი ხელში ატრიალებს "ბირთვულ ღილაკს”, როგორც ძვირადღირებული მანქანის “ბრელოკს”
  • "ნოვაია გაზეტას" შემდეგ ნომერს ორ ენაზე - უკრაინულ და რუსულ ენაზე გამოვცემთ. იმიტომ რომ, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად.“
  • „მხოლოდ გლობალურ ანტი-საომარ მოძრაობას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა ამ პლანეტაზე."

„ნოვაია გაზეტას“ დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია.


მეტი ამ თემაზე: რუსი ჟურნალისტების ნაწილი გმობს ომს უკრაინასთან


რუსული სამთავრობო მედია, როგორც დეზინფორმაციის იარაღი

დეზინფრომაციასთან ბრძოლის პლატფორმა, NewsGuard გამოყოფს კრემლის კონტროლირებად სამ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალებას რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიაზე მუშაობენ.
  • NewsGuard-ის ანალიტიკოსები წლებია თვალყურს ადევნებენ კრემლისტურ ვებგვერდებს და მათ მიერ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს.
მათი ინფორმაციით, კრემლის სამი ძირითადი პროპაგანდისტული მედიასაშუალებაა:
  • RT.com
  • SputnikNews.com
  • TASS.com                
ვრცლად ამ ვებგვერდების მუშაობის მეთოდებზე წაიკითხეთ აქ.

უკრაინაში ვითარების ესკალაციის დაწყებისთანავე რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები უფრო მეტად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომელიც ქმნიდა ომის დაწყების საბაბს ან ცდილობდა მის გამართლებას.

უკრაინასთან კონფლიქტის შესახებ ამ სააგენტოების მიერ გავრცელებული სამი ძირითადი პროპაგანდისტული გზავნილია:
  • მითი: დასავლეთმა მოაწყო გადატრიალება უკრაინის ხელისუფლების დასამხობად
  • მითი: უკრაინის პოლიტიკასა და საზოგადოებაში დომინირებს ნაცისტური იდეოლოგია
  • მითი: დონბასში ეთნიკურ რუსებს გენოციდს უწყობენ
ანალიტიკოსის, მადელინ როუჩის, განმარტებით:
  • რუსეთი უკრაინაში შეჭრამდეც აწარმოებდა ციფრულ ომს.
  • იყენებდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად,
  • რათა დაბნეულობა გამოწევია მოწინააღმდეგეებში და საჯაროდ გაემართლებინა შესაძლო სამხედრო კონფლიქტი.
NewsGuard კონფლიქტის განვითარებასთან ერთად, თვალს ადევნებს ახალ გზავნილებს და მეტი ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა კრემლის ინტერესების წინ წამოსაწევად.
კატეგორია: საქართველო
20 თებერვალს ღამით სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ერთი სასულიერო პირის მიერ მეორეზე ძალადობის კადრები გავრცელდა. მედიის ნაწილმა ამბავი ზედაპირულად, უკონტექსტოდ და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებით გაავრცელა. 

რა პრობლემაა? ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ძალადობის ამსახველი კადრები, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე გაავრცელა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამბობს:
  • ვიდეოში ღიად იდენტიფიცირებული არიან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი და სავარაუდო მოძალადე: სახეების დაფარვის მიუხედავად, დასახელებულია სახელები და გვარები.
  • კადრებში ისმის ჰომოფობიური ფრაზები და ბრალდებები.
  • მედიის მიერ ვიდეოს გავრცელებისას, არ ჩანს ჟურნალისტის მიერ ამბის გადამოწმების მცდელობა.


„მოძალადეების წისქვილზე წყლის დასხმა“


ხშირად, მედია ამბის სწრაფად გავრცელებას ანიჭებს უპირატესობას, ავრცელებს მას ფრაგმენტულად და ყურადღების მიღმა ტოვებს კონტექსტს და სრულ სურათს.

ამ სიჩქარეს კი ეწირება მაყურებლისთვის კონტექსტის მიწოდების ვალდებულება.
  • „თუკი მედია მაყურებელს კონტექსტს არ მიაწვდის და არ აუხსნის რატომ არის ეს ვიდეო რაიმე გაგებით მნიშვნელოვანი, ერთადერთი რასაც მისი გავრცელებით მოახერხებს ეს არის მოძალადეთა წისქვილზე წყლის დასხმა,“ - ამბობს მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე.
ეთიკის ქარტიის საბჭო წერს, რომ კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდი რისკი სწორედ ახალი ამბების მომზადების პროცესშია.
  • როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან.
  • ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
ქარტიის განცხადება.

ჰომოფობიური ნარატივი

როგორც გავრცელებულ თავდაპირველ ვიდეოში, ასევე მოგვიანებით, სასულიერო პირების განმარტებებში ჩანს ჰომოფობიური ნარატივი. “ვიდეოს პათოსია, რომ თითქოს ეკლესიის ნაწილი ცდილობს ამ ინსტიტუციის „განწმენდას“ „და ამ "განწმენდის" პროცესში პედოფილიას და ჰომოსექსუალობას ერთ განუყოფელ ცნებად წარმოაჩენს“ - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ქავთარაძის შეფასება:


  • „ამ ვიდეოს ასეთი ფორმით გავრცელება, ისევე როგორც მაგალითად, სასულიერო პირის, შალვა კეკელიას, კომენტარების ასეთი ფორმით გადმოცემა სხვა არაფერია თუ არა ამ ჰომოფობიური იდეის გავრცელებაში სასულიერო პირებისათვის დახმარების გაწევა მედიის მხრიდან.“
  • „მთელი ეს ჰომოფობიური ნარატივი, რომელსაც უკვე წლებია ინსტიტუციურად ეყრდნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც წესი, მედიის მხრიდან დიდად არის ხოლმე მხარდაჭერილი.“


ცნობისმოყვარეობა თუ საზოგადოებრივი ინტერესი?

„ეს კონფლიქტი თავისი არსით საზოგადოებრივი ინტერესის საგანი არ არის და ვერც იქნება მანამ, სანამ ამ ინტერესს მედია არ შესძენს“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ლაშა ქავთარაძის განმარტება:
  • სასულიერო პირები ისეთივე კერძო პირები არიან როგორც საერო პირები, მანამ სანამ ისინი საჯარო სივრცეში გარკვეულ მნიშვნელობას არ შეიძენენ.
  • შესაბამისად, მედიის ხელში იყო ის თუ როგორ გავრცელდებოდა ეს ამბავი საზოგადოებაში: ისე როგორც ეს მოძალადეს სურდა თუ ისე როგორც ეს საზოგადოების ინფორმირებას წაადგებოდა.
  • მედიამ თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა, სურს თუ არა რომ მოძალადეს დაეხმაროს თავისი მიზნების მიღწევაში?
ფაქტია, მოძალადე გააზრებულად იქცევა, როდესაც იღებს ვიდეოს და შემდეგ მის რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებას ცდილობსო, ამბობს ქავთარაძე:
  • „მედიის გარკვეული ნაწილი ცდილობს ამ ვიდეოს ტირაჟირებით თითქოს აჩვენოს ეკლესიაში არსებული სისტემური ძალადობა, თუმცა, სინამდვილეში ამ ყველაფერს საპირისპირო ეფექტი აქვს“.
ამ თემაზე ვრცლად: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

როგორ მოიქცეს მედია ასეთ დროს?


  • მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
  • მედიამ არ უნდა დაუთმოს ეთერი ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას.
  • მედიას მხოლოდ მაშინ აქვს კრიმინალისა და ანტისოციალური ქმედების მონაწილე პირების იდენტიფიცირების უფლება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს.

ასეთ დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები:


  • დანაშაულის სიმძიმე
  • არიან თუ არა მონაწილეები ცნობილი პირები
  • რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი, საზოგადოებამ იცოდეს პირთა ვინაობა
„მსგავსი მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს მსგავსი საკითხები.“, - წერია ქარტიის განცხადებაში.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე ჟურნალისტების მუშაობა გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ჩინეთში მედიას და სოციალურ ქსელებს ხელისუფლება აკონტროლებს.

თამაშების გახსნის დღეს, როდესაც ნიდერლანდელი რეპორტიორი შორდ დენ დააში სტადიონის გარეთ პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სავარაუდოდ, ჩინელმა დაცვის თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს და კადრიდან გაიყვანეს. ვიდეო ინტერნეტში იმავე დღეს გავირუსდა.



  • მოგვიანებით, დააშმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მის უცხოელ კოლეგებს ჩინეთის პოლიციამ მუშაობაში ხელი რამდენჯერმე შეუშალა.
  • “სამწუხაროდ, ეს სულ უფრო და უფრო ყოველდღიური რეალობა ხდება ჩინეთში ჟურნალისტებისთვის“ - წერს ნიდერლადური ტელეკომპანია NOS სოციალურ ქსელში.

პოლიტიკური კონტექსტი

  • პეკინის ოლიმპიადას რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. მიზეზი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაა, რასაც ოფიციალური პეკინი უარყოფს.
  • ადამიანის უფლებადამცველმა აქტივისტებმა და ორგანიზაციებმა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სპორტსმენებს ჩინეთში არსებული ვითარების შესახებ განცხადებებისკენ მოუწოდეს, მედიასაშუალებებს კი მიმართეს, არ გაეშუქებინათ ოლიმპიური თამაშები.
  • ჩინეთის ხელისუფლება აქტივისტებს მიკერძოებულობასა და სიცრუეში ადანაშაულებს.

პოლიტიკოსები, აქტივისტები და მედია


კომპანია NBC-ს, რომელსაც 2032 წლამდე ოლიმპიური თამაშების ექსკლუზიურად ტრანსლირების უფლება 7.75 აშშ მილიონ დოლარად აქვს შეძენილი, 30 ამერიკელი კანონმდებელი მოუწოდებდა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას ყურადღება ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაემახვილებინა.

შედეგად 4 თებერვალს, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის გაშუქების დროს, “ენ ბი სის“ ეთერში ჩინეთის საკითხებზე ექსპერტი იყო მიწვეული.

• არხზე ცერემონიის მიმდინარეობისას „უიღურები“ 16-ჯერ, „გენოციდი“ კი 8-ჯერ ახსენეს.

• ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას „ენ ბის სიზე“ 14-მა მილიონმა ამერიკელმა უყურა.

ეჭვები - კოვიდ ტესტებს ჟურნალისტების „გასანეიტრალებლად“ იყენებენ


ოლიმპიური თამაშების დროს, საერთაშორისო რეპორტიორებს მკაცრი პროტოკოლის დაცვა მოეთხოვებათ. მათ შორის კოვიდ-19-ზე ყოველდღიური ტესტირება, პირბადის ტარება, სპორტსმენების სპეციალურ ზონებში მეტალის გამყოფი ბარიერიდან ჩაწერა და ჯანდაცვის აპლიკაციის გამოყენება.

  • „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აზიის პროგრამის კოორდინატორი სტივენ ბატლერი ჯერ კიდევ ოლიმპიადის დაწყებამდე ეჭვქვეშ აყენებდა კოვიდპროტოკოლის გამჭვირვალობას.
  • ის ტესტის „დადებითი“ პასუხის ან „ინფიცირებულთან კონტაქტის“ საბაბით ჩინეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი ჟურნალისტის სავალდებულო კარანტინში გადაყვანის სცენარს განიხილავდა.

ჩინეთის უცხოელი კორესპონდენტების კლუბის (FCCC) ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პერიოდში საერთაშორისო მედიას პრესკონფერენციებზე დასწრება და გაშუქება ეზღუდებოდა. მათ შორის, შეუძლებელ ვადაში უარყოფითი კოვიდ-ტესტის წარდგენის მოთხოვნის გამო.

კონტექსტი

  • კლუბის ინფორმაციით, 2021 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 20 საერთაშორისო ჟურნალისტი გააძევა.
  • CPJ-ის მონაცემებით კი გასულ წელს ჩინეთში 50 ჟურნალისტი დააპატიმრეს. ზედიზედ მესამე წელიწადია ამ მონაცემით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს.
  • „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ცნობით, ჩინეთში ადგილობრივ ჟურნალისტებს ცენზურასა და კონტროლში, საერთაშორისო რეპორტიორებს კი მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა.

თეორიულად, საერთაშორისო მედიისთვის თავისუფლება ოლიმპიურ სოფელში გარანტირებულია.

  • სტივენ ბატლერი ამბობს, რომ პეკინთან „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის“ კონტრაქტის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების და მასთან დაკავშირებული მოვლენების დამოუკიდებლად გაშუქებისას მედიისთვის აკრძალვები და შეზუდვები არ უნდა არსებობდეს.

მაგრამ პეკინის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა ჯერ კიდევ 18 იანვარს თქვა, რომ „ნებისმიერი ქცევა ან სიტყვით გამოსვლა, რომელიც ეწინააღმდეგება ოლიმპიურ სულს, განსაკუთრებით, ჩინეთის კანონებსა და რეგულაციებს, გარკვეულ სასჯელს ექვემდებარება“

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აზიის პროგრამის კოორდინატორი სტივენ ბატლერი ამბობს, რომ პეკინში ჩასული ჟურნალისტები დილემის წინაშე დგანან:

როგორ მოიქცევიან რეპორტიორები თუ სპორტსმენები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მენეჯმენტზე ან ნებისმიერ სხვა საკითხზე?
  • მიჰყვებიან თავიანთ ინსტიქტებს, გააშუქებენ ამბებს ჩინეთის ხელისუფლებისგან შესაძლო დასჯის, თუნდაც გაძევების რისკად თუ
  • დადებით ტონს შეინარჩუნებენ, კომპრომისზე წავლენ და აუდიტორიაში პოტენციურად ნდობას დაკარგავენ?


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ პეკინში მომუშავე რეპორტიორებს ურჩია:

  • ჩათვალონ, რომ მათი სასტუმროს ოთახი მეთვალყურეობის ქვეშაა.
  • იპოვონ სანდო VPN და ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას სპეციალურად დროებითი ციფრული მოწყობილობები გამოიყენონ.
  • ჩათვალონ, რომ მათს ონლაინ აქტივობებს უთვალთვალებენ.
  • სასტუმროს ოთახში მათი ნებისმიერი საუბარი შეიძლება ისმინებოდეს.

მეტი ამ თემაზე, ნახეთ აქ


რატომ პეკინი?

2015 წელს, მალაიზიაში „საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს“ 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილისთვის ხმის მისაცემად ორი ვარიანტი ჰქონდა დარჩენილი: ჩინეთი და ყაზახეთი.

  • მანამდე პროცესს პოლიტიკური და ფინანსური მიზეზების გამო 6 ევროპული ქალაქი გამოეთიშა, მათ შორის უარი თქვეს ოსლომ და სტოკჰოლმა.
  • კომიტეტის წევრების უმრავლესობამ ( 44 -40) პეკინი აირჩია.
პეკინი ისტორიაში პირველი ქალაქია, რომელმაც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ჩინეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008 წელსაც ჩატარდა.


ფოტო: Landon Speers for The New York Times
კატეგორია: საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცილისწამების დავაზე, ინტერნეტ მომხმარებელმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტისა და იუთუბ ვიდეოს საჯაროობა უნდა შეზღუდოს. როგორ აისახება ეს პრეცედენტი სამომავლო საქმეებზე და შეუქმნის თუ არა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას? 
თებერვლის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ცილისწამების შესახებ დავაზე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ მოსარჩელის შუამდგომლობა გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხეს დაავალა:

  • ფეისბუქზე გავრცელებული საჯარო (Public) პოსტის Only Me-ზე (მხოლოდ ავტორისთვის გამოსაჩენად) გადაყვანა. • YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა.
  • ფეისბუქის ანგარიშის წაშლის აკრძალვა.

რატომ არის ეს საქმე პრეცედენტული?

  • ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სასამართლომ ცილისწამების საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილებამდე საჩივრის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კონტენტის საჯაროობის შეზღუდვა დაავალა.

ცილისწამება - არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.

საქმის დეტალები

ცილისწამების პრეცედენტულ დავაში მოსარჩელის უფლებებს JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი სერგი ჯორბენაძე იცავს.

ადვოკატი მოსარჩელის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს:

  • მოსარჩელე მუშაობს საჯარო სამსახურში, მაგრამ არ არის თანამდებობის პირი და საკითხი არ ეხება მის თანამდებობრივ საქმიანობას.
  • საქმე პოლიტიკური შინაარსის არ არის და შესაძლო ცილისწამების შემცველი განცხადებები მომჩივნის პირად არაქონებრივ უფლებებს ეხება.

პირადი არაქონებრივი უფლებები გულისხმობს სახელს, უფლებას პატივისა და ღირსების დაცვაზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობასა და საქმიან რეპუტაციას.

მოსარჩელე მხარე ითხოვს:
  • პოსტსა და ვიდეოში გამოთქმული აზრების სოციალურ ქსელშივე უარყოფას.
  • სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

რა შეკითხვებს აჩენს ეს გადაწყვეტილება?

  • შეუქმნის თუ არა ეს პრაქტიკა საფრთხეს სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით მედიასაშუალებების მხრიდან?
  • ქმნის თუ არა საფრთხეს ეს პრეცედენტი?

შეკითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წერია მოსამართლის განჩინებაში. შესაბამისად, დასაბუთების გაცნობის გარეშე საფრთხეებზე საუბარი რთულია. განჩინება საჯარო არ არის.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტება:

  • თუ განჩინების მიხედვით აღმოჩნდება, რომ სარჩელის ასეთი უზრუნველყოფის ღონისძიების (მაგალითად, პოსტის Only Me-ზე გადაყვანის) გამოყენება შესაძლებელი გახდება ცილისწამების ნებისმიერ საქმეში, „ეს სერიოზული საფრთხე იქნება გამოხატვის თავისუფლებისთვის“.
  • თუ სადავო განცხადება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზეა, მაშინ ეს პრეცედენტი სახიფათო იქნება ზოგადად გამოხატვის თავისუფლებისთვის, მედიისა და ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებლის გამოხატვის თავისუფლებისთვის.“
  • „დავის გადაწყვეტამდე, სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიიღოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება გამოყენებული იყოს ცილისწამების ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ დავებზე, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.“
  • მნიშვნელოვანია, სასამართლოს დასაბუთებაში ნათქვამი იყოს, რომ ასეთი ტიპის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამონაკლის შემთხვევაშია აუცილებელი.“
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ფეისბუქს პოსტი ან მედიაში გამოქვეყნებული კონტენტის საჯაროობა, სასამართლოს ძალით შეუზღუდოს ავტორს იმ პერიოდში, როდესაც ამ კრიტიკული მოსაზრების გამოხატვა აუცილებელი და რელევანტურია.“


მეორე მხრივ:

„ეს შეზღუდვა დადებითი პრეცენდენტია [იმ კუთხით], რომ მოსარჩელისთვის შესაძლებელი იქნება დაიცვას თავი და თავისი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც არის ერთერთი იმ უპირატესთაგანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული და აღიარებული“, - ამბობს სერგი ჯორბენაძე.

კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა.

ეს ნიშნავს:

  • მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი მისამართით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, ამ ინფორმაციამ მას ზიანი მიაყენა.
  • ასევე, უნდა დაადასტუროს ის, რომ მოპასუხემ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია არაზუსტი იყო, მაგრამ განზრახ გაავრცელა, რათა მისთვის ზიანი მიეყენებინა.
  • მტკიცების ტვირთის შესახებ მეტი დეტალი ნახეთ აქ.

კანონით, ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, თუ:

  • ის გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში.
  • პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის ავტონომიური საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიმართ.
  • წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე.
  • უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.

მეტი დეტალი ნახეთ აქ: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.
კატეგორია: რესურსები
BBC News „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტგამომწერიანი ახალი ამბების გვერდია. 2021 წლის ბოლოს მისმა გამომწერების რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზეა Enews 19 მილიონი მიმდევრით.

„ინსტაგრამზე“ ახალი ამბების გვერდების გამომწერების მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სანდო ინფორმაციაზე მოთხოვნის ზრდამ.

გამოცემა Press Gazette-თან ინტერვიუში BBC News-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელმა ჯერემი სკიტმა აუდიტორიის გაზრდის მარტივი ფორმულა დაასახელა:

• „ლაზერივით ფოკუსი“ აუდიტორიაზე

• რეგულარულად პოსტვა

• მეტი „ამხსნელი“ მასალის შექმნა, განსაკუთრებით კოვიდ-19-ზე

• ფოტოებზე ტექსტის გამოყენება

BBC News-ის ანგარიშს სოციალური მედიის 10-თანამშრომლიანი გუნდი მართავს. ინსტაგრამ გვერდის გამომწერთა რიცხვი 2018 წლიდან დღემდე, 4.4 მილიონიდან 20 მილიონამდეა გაზრდილი. სწორედ 4 წლის წინ შეცვალა სოციალური მედიის გუნდმა სტრატეგია და მხოლოდ ვიდეოების გამოქვეყნებიდან ფოტოების, „სთორებისა“ და ტექსტიანი ფოტოების გამოქვეყნებაზე გადავიდა.

გვერდის წარმატებაში თავისი როლი შეასრულა BBC-ის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ახალი ამბების ბრენდმაც.

„ინსტაგრამზე“ BBC News-ის ყველაზე დიდი აუდიტორია 20-დან 30 წლამდე ასაკისაა. გვერდის გამომწერების უმრავლესობა ინდოეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიგერიიდან და ბრაზილიიდანაა.

თუმცა, გვერდზე თითქმის ვერ შევხვდებით Reels და Live ვიდეოებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გამოცემის სოციალური მედიის გუნდს სურს აუდიტორია ვებგვერდზეც გადაიყვანოს.

BBC News-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ინსტაგრამიდან“ ვებგვერდზე ყოველკვირეულად, რეგულარულად 700 000-ზე მეტი გადასვლა ფიქსირდება.

ჯერემი სკიტი განმარტავს, რომ გლობალურ აუდიტორიას ყველაზე კარგად კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, ანტივაქსერების, ასევე Black Lives Matter მოძრაობის შესახებ ამბები იზიდავდა:

„რაც ინსტაგრამზე კარგად ვერ გაამართლებს არის მაგალითად, კარანტინის წესებში მცირე ცვლილებები, მაგრამ მსოფლიოში ყველას აინტერესებს ზოგადად როგორ რეაგირებს საფრანგეთი, ევროპა ან დანარჩენი მსოფლიო კოვიდის გავრცელებაზე, ასევეა სხვა არა კოვიდ თემებზეც.“

კონტენტის განთავსებისას ორი ძირითადი კითხვა ისმის: აქვს თუ არა ამბავს კარგი ფოტოები და როგორ დავწეროთ ამბავი ისე, რომ აუდიტორია მაქსიმალურად ჩაერთოს.

BBC News-ს ამ ეტაპზე რესურსის არ ქონისა და სხვა მიზეზების გამო არ აქვს „ტიკ ტოკის“ გვერდი, 2016 წელს ექსპერიმენტის მიუხედავად, აღარ მართავს „სნეპჩატის“ გვერდსაც. თუმცა „ტიკ ტოკზე“ გვერდი აქვს BBC-ს, სადაც გასართობი შოუებიდან ვიდეოებს აქვეყნებს. არხს პლატფორმაზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
კატეგორია: რესურსები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) კვლევის მიხედვით, “ფეისბუქის” მიერ გაუქმებული კოორდინირებული, ანონიმური თუ პროპაგანდისტული გვერდები “ტიკ ტოკს“ წარმატებით ითვისებენ. პროპაგანდისტული არხების დისკრედიტაციის სამიზნე კი ხშირად ოპოზიციური მედიაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი? ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების და მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე აუდიტორიის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი.

ISFED-ის კვლევა:
  • ISFED 2021 წლის 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე პერიოდში „ტიკ ტოკზე“ აქტიურ 63 არხს დააკვირდა.
  • შერჩეული გვერდები პოლიტიკური მიზნით, ანონიმურად ან ღიად ეწეოდნენ მადისკრედიტირებელ, მხარდამჭერ ან პროპაგანდისტულ კამპანიებს.
  • ორგანიზაციის შესწავლილი არხები საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური ღირებულებებით მანიპულირებას ცდილობდნენ.
მიგნებები:
  • მათი გზავნილები მკვეთრად ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა.
  • ისინი ცდილობენ პანდემიის და ვაქცინაციის ირგვლივ საზოგადოების არსებული შიშების გამძაფრებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ.
  • შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით ის არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა.
  • ანგარიშები თავიანთი ლოგოთი და მასალების ფორმით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს საინფორმაციო არხები იყვნენ, თუმცა გამოქვეყნებული ვიდეოები შერჩევითი იყო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა.
რიცხვებში:
  • ქართულმა პროპაგანდისტულმა არხებმა ტიკტოკზე 3 თვის განმავლობაში 2 ათასამდე ვიდეო გამოაქვეყნეს და 19 მილიონი ნახვა დააგროვეს.
  • ჰეშთეგ #არაკოვიდფაშიზმს თითქმის 1 500 000 ნახვა აქვს.
  • ჰეშთეგებმა #ალტინფო და #altinfo 4 მილიონზე მეტი ნახვა და 102,444 ინტერაქცია (ლაიქი, კომენტარი) დააგროვა.
მოკლედ "ტიკ ტოკის" შესახებ:
  • "ტიკ-ტოკი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმაა. მას ყოველთვიურად მილიარდი აქტიური მომხმარებელი და 3 მილიარდამდე გადმომწერი ჰყავს.
  •  ჩინურმა კომპანია ByteDance-მა აპლიკაცია Musical.ly 2017 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. 2018 წელს კი რებრენდინგის შედეგად ინტერნეტსივრცეში Tik Tok-მა დაიწყო ფუნქციონირება.
  • აპლიკაცია გასართობი პლატფორმაა, რომელზეც მოკლე ვიდეოები ხმოვანი გაფორმებით ქვეყნდება.
  • პლატფორმამ მომხმარებლები განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მიიზიდა, 2021 წელს კი „გუგლს“, „ფეისბუქს“, ნეტფლიქსს“ გადაუსწრო და ყველაზე პოპულარული დომეინი ინტერნეტში სწორედ მისი ვებგვერდი გახდა.
მაგრამ „ტიკ ტოკის“ მიმართ უსაფრთხოების შესახებ ეჭვები მისი ინტერნეტსივრცეში გამოჩენისთანავე გაჩნდა. ეს აპლიკაცია ერთადერთია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმებს შორის, რომელსაც ჩინური კომპანია ფლობს.

მიუხედავად იმისა, რომ „ტიკ ტოკი“ აშშ-დან ოპერირებს, ჩინეთში ინტერნეტს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეების შესახებ შეგროვებული მონაცემების ჩინეთის ხელისუფლების ხელში აღმოჩენის რისკებს აჩენს.

„ტიკ ტოკის“ ნაცვლად ჩინეთში მისი ანალოგი აპლიკაცია Douyin-ია ხელმისაწვდომი. ეს პლატფორმაც ByteDance-ის საკუთრებაა, მასზე მხოლოდ ჩინური კონტენტი ქვეყნდება და ხელისუფლებისგან კონტროლდება.

“ტიკ ტოკის” აკრძალვის მცდელობები

უსაფრთხოების მიზეზით „ტიკ ტოკის“ აკრძალვა წლების განმავლობაში არაერთმა ქვეყანამ განიხილა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის ბრძანებაც გასცა, თუმცა განკარგულება მისმა შემდგომმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა. მან ახალი ბრძანებით, აპლიკაციის აკრძალვის ნაცვლად, ამერიკელების პირადი მონაცემებისთვის საფრთხის შემცველი, უცხოეთიდან კონტროლირებადი აპლიკაციების ანალიზის განკარგულება გასცა.

მართალია, „ტიკ ტოკის“ ხელმძღვანელობა წლებია ირწმუნება, რომ ხელისუფლებას თავისი მომხმარებლების მონაცემებს არ უზიარებს და ჩინელი მფლობელებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა დროთა განმავლობაში „ტიკტოკი“ სხვადასხვა დიდ თუ პატარა სკანდალში ეხვევა.
  • 2019 წელს აპლიკაციის 17 წლის მომხმარებელმა, ფორეზა აზიზმა 40-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ერთი შეხედვით, წამწამების დაგრძელებას ეხებოდა, მაგრამ მასში ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მუსლიმი უიღურებისადმი მიმართ მოპყრობა გააკრიტიკა. ვიდეო „ტიკ ტოკმა“ წაშალა. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც აზიზი პლატფორმაზე ცენზურის შესახებ ალაპარაკდა, კომპანიამ ვიდეო აღადგინა, თქვა, რომ კონტენტს პოლიტიკური ნიშნით არ აკონტროლებენ, შეცდომა მოუვიდათ და აზიზს ბოდიში მოუხადა.
  • 2019 წელსვე გამოცემა Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პლატფორმის მოდერატორები აცენზურებდნენ ვიდეოებს, რომლებშიც „ტიანანმენის მოედანი“, „ტიბეტის დამოუკიდებლობა“ და ჩინეთში აკრძალული რელიგიური ჯგუფი იყო ნახსენები.
  • სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სხვა პლატფორმებთან ერთად „ტიკ ტოკიც“ შეიძლება, სახიფათო იყოს მცირეწლოვნებისთვის მათთვის არასასურველი კომუნიკაციის, ბულინგისა და სხვა მსგავსი კონტენტის გამო.
  • „ტიკ ტოკი“ ერთ-ერთ აქტიურ პლატფორმათაგანია, რომელზეც დეზინფორმაცია და ზოგჯერ სახიფათო „გამოწვევები“ ვირუსულად ვრცელდება, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში.
თუმცა, „ტიკ ტოკს“ აქტიურად იყენებენ ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მითებს ებრძვიან.

რას ამბობს „ტიკ ტოკი“? კომპანიამ 2020 წელს ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან პარტნიორობით დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. „ტიკ ტოკი“ ირწმუნება, რომ ხელს უწყობს მედია წიგნიერებასაც.

• კომპანიამ 2020 წლის აშშ-ის არჩევნების პერიოდში 340,000-ზე მეტი დეზინფორმაციული და მანიპულაციური ვიდეო წაშალა. პლატფორმამ ახალი ზომები მიიღო ჰოლოკოსტის უარყოფასთან საბრძოლველად.
• 2021 წელს „ტიკტოკმა“ დააანონსა, რომ მომხმარებლებს კონტენტის გაზიარებამდე საეჭვო ინფორმაციის შემცველი ვიდეოების შესახებ გააფრთხილებენ.

მნიშვნელოვანია, რომ „ტიკ ტოკმა“ 2021 წლის ივნისში აშშ-ის მასშტაბით უსაფრთხოების წესები და პირობები განაახლა და თქვა, რომ სამომავლოდ შესაძლოა მომხმარებლების ბიომეტრიული ინფორმაცია „სახისა და ხმის ანაბეჭდები“ შეაგროვონ. როცა გამოცემა The Verge „ტიკ ტოკს“ დაუკავშირდა, კომპანიამ ვერ განმარტა რა ტიპის მონაცემებს გულისხმობდა ეს ტერიმები ან საერთოდ რატომ სჭირდებოდა ეს ინფორმაცია.
კატეგორია: საქართველო
22 იანვარს მედიით გასაჯაროვდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის საუბრის ჩანაწერი. აუდიოჩანაწერი მხარეებს შორის სასამართლო დავის მტკიცებულებაა და ჩოგბურთელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.


რატომ არის მნიშვნელოვანი: აუდიოჩანაწერის გასაჯაროება ერთ მხრივ მაღალ საჯარო ინტერესს შეიცავს, თუმცა მასში ნახსენებია ბასილაშვილისა და დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილიც. უფლებადამცველების შეფასებით, კომუნიკაციის გასაჯაროება ბავშვის ინტერესებს აზიანებს.

როგორ უნდა მოიქცეს მედია, როდესაც საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმესა და საჯარო პირს ეხება, მეორე მხრივ კი საფრთხეში ბავშვის ინტერესებია?

დეტალები: ნიკოლოზ ბასილაშვილს პროკურატურა ოჯახში ძალადობაში ედავება.

  • სპორტსმენი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ჩოგბურთელს ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუხლით წარუდგინეს. ნოკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას უარყოფს. ის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2020 წლის 24 მაისს გაათავისუფლა. საქმის განხილვა გრძელდება.
  • სისხლის სამართლის საქმის გარდა, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის სასამართლოში სამოქალაქო დავაც მიმდინარეობს, რომელიც ალიმენტს უკავშირდება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩოგბურთელმა 13 იანვარს სწორედ ალიმენტის გადახდის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

სისხლის სამართლის საქმეში ნელი დოროყაშვილისა და მისი შვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, თქვა, რომ ჩანაწერის გასაჯაროება აზიანებს დაზარალებულების, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და მედიას საჯარო სივრციდან ჩანაწერების აღებისკენ მოუწოდა.

„ჩანაწერში ისმის ინფორმაცია ბავშვის შესახებ, ნელი დოროყაშვილი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფრაზებითაა მოხსენიებული. დაზარალებულებისთვის ტრავმის მიმყენებელი და დამთრგუნველია, ყოველდღიურად უსმინონ მათთვის დამამცირებელ ინფორმაციას“, - ამბობს დაზარალებულების ადვოკატი ანა თავხელიძე.

მისი განმარტებით, ამ ინფორმაციაზე მცირეწლოვანს ხელი არ მიუწვდება, თუმცა მისთვის მომავალში სხვა რისკებს შეიძლება შეიცავდეს. ასევე დაზარალებული მხარის ინტერესში არ შედის, რომ მოსამართლეზე მტკიცებულების გამოკვლევის „პირველი ეფექტი დაიკარგოს“.

ბასილაშვილის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ჩანაწერი სპორტსმენის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა და არასრულწლოვნის შესახებ შემცველი ინფორმაციის გავრცელებით მცირეწლოვნის კანონიერი ინტერესები შეილახა.

ადვოკატებმა "ტვ პირველი" მასალის სოციალურ ქსელში დასპონსორებაშიც დაადანაშაულეს. რასაც სიცრუეს უწოდებს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

"ეს ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის, ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე." - წერენ ბასილაშვილის ადვოკატები.

ჩოგბურთელის უფლებადამცველებმა აუდიო ჩანაწერის გავრცელებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუყოვნებლივ მოკვლევისა და" კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიების" გატარებისკენ მოუწოდეს.

მაგრამ ნელი დოროყაშვილის ინტერესების დაამცველი ანა თავხელიძე ამბობს, რომ „ტვ პირველზე“ აუდიო ჩანაწერის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა ფარული ჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტ გამოცემა „პრაიმტაიმმა“.

მისი აზრით, თუ ქარტია საქმეს განიხილავს, მაშინ თვითრეგულირების ორგანომ ეს ნაწილიც უნდა შეისწავლოს. მცირეწლოვნისა და დოროყაშვილის ნაწილში კი პროცესში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისაც“ ჩაერთვება.

„ტვ პირველის“ სარედაქციო დასაბუთება

საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ როდესაც მედია სავარაუდო სისხლის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და მტკიცებულებებს მოიპოვებს, მისი ვალდებულებაა ამაზე საჯაროდ საუბარი. მით უმეტეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმესთან დაკავშირებით:

„საზოგადოებას მხოლოდ მესამე პირების და თავად ფიგურანტების მიერ მოყოლილი ინფორმაცია ჰქონდა მტკიცებულებების გარეშე, როცა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ასეთი მასალა და შეგვეძლო საზოგადოებისათვის უტყუარი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ამ მასალის ეთერში გაშვება საჭიროდ ჩავთვალეთ.“

  • „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის აზრით, ჩანაწერის გასაჯაროებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა „პრობლემა, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი საჯაროდ არ საუბრობს. ან უჭირს თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელშიც ვართ“ - „როდესაც არსებობს, პრობლემები ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ და პრობლემა თვალის დახუჭვით, გაჩუმებით და არ შემჩნევით არ მოგვარდებაო.“ - ამბობს ნოდარ მელაძე.
  • მელაძე არ ეთანხმება აზრს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერი არასრულწლოვნის შესახებ მისთვის დამაზიანებელ ინფორმაციას შეიცავდა: „რომელმა ინფორმაციამ მიაყენა არასრულწლოვანს ზიანი? როდესაც ღია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქმე სასამართლოს დავის საგანია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავად უჩივლა, [სარჩელში] წერია, რომ მოპასუხე არის ლუკას ბასილაშვილი. ანუ მამამ უჩივლა შვილს.“
ფართოდ თუ შევხედავთ: ჟურნალისტიკაში არსებობს ბავშვთა საკითხების, კრიმინალის, პირადი ცხოვრების გაშუქების ეთიკური წესები.
  • საჯარო პირის მიმართ ინტერესი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი შვილები იმავე ხარისხით უნდა გაშუქდნენ. მათი პირადი ცხოვრება უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე მათი მშობლების.
  • მეორე მხრივ, ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.
  • რაც უფრო მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს პირის პირად ინტერსს და პირიქით.

ასევე მნიშვნელოვანია: მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს. მედიამ არც მსხვერპლის რეტრავმირებას უნდა შეუწყოს ხელი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

თურქი ჟურნალისტი პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის "შეურაცხყოფისთვის" დააკავეს. სედეფ კაბაშს ჩერქეზული ანდაზის თქმის გამო შესაძლოა რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

რა მოხდა?


ჟურნალისტმა სედეფ კაბაშმა 21 იანვარს, ოპოზიციური თურქული არხის Tele1-ის ეთერში თქვა: "ცნობილი ანდაზაა, რომ გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ არის. როცა ხარი სასახლეში მიდის ის მეფე არ ხდება - არამედ სასახლე ხდება ბოსელი“.

ჟურნალისტმა ეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის მიმართებით თქვა, თუმცა მისი სახელი არ უხსენებია. იგივე ანდაზა კაბაშმა "ტვიტერზეც" დაწერა.



ჟურნალისტი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში, 22 იანვრის გამთენიისას 2:00 საათზე დააკავეს, შემდეგ კი სტამბოლის სასამართლოში გადაიყვანეს, რომელმაც მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოში კაბაშმა უარყო, რომ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფა ჰქონდა განზრახული.


რეაქციები დაკავებაზე

ჟურნალისტის სიტყვები დაგმო თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალტუნმა.

“პრეზიდენტის ღირსება ჩვენი ერის ღირსებაა. პრეზიდენტის ოფისი ამ ერის ნებას წარმოადგენს. ეროვნულ ნებაზე თავდასხმა მხოლოდ ურწმუნოებს შეუძლიათ. კატეგორიულად ვგმობ შეურაცხყოფას ჩვენი პრეზიდენტისა და მისი ოფისის მიმართ." - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ანდაზის გამო ჟურნალისტის დაკავება მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობად შეაფასა TELE 1-ის დირექტორმა მერდან იანარდაღმა.

მომხდარს გამოეხმაურა უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც". ორგანიცაზიის ცნობით, 2014 წლიდან, ერდოღანის გაპრეზიდენტებიდან, დღემდე მსგავსი ბრალდებით 200-მდე ჟურნალისტის მიმართ საქმე აღძრეს და 70 გაასამართლეს.


კონტექსტი

თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფის შესახებ კანონი ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2021 წლის ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გამო თურქეთს კანონის შეცვლისკენ მოუწოდა.
კატეგორია: ინტერვიუ
ინტერნეტ გამოცემა OC Media (Open Caucasus Media) ზუსტად 5 წლის წინ დაარსდა და კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, კონფლიქტების სიღრმისეული ანალიზით, ძირითადად ინგლისურ და რუსულ ენებზე აშუქებს. თუმცა, 5-წლიანი გამოცდილების შემდეგ მედიასაშუალება რუსულენოვან ნაწილს ხურავს და რესურსების სხვა მიმართულებებით გამოყენებას გეგმავს. OC Media საქართველოში იმ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც შემოსავლებს არა კომერციული რეკლამებით, არამედ დონორებისა და შემომწირველებისგან იღებს. ორგანიზაციის განვლილ 5 წელიწადზე, განვითარების ისტორიასა და სიახლეებზე მის თანადამფუძნებელს მარიამ ნიკურაძეს ვესაუბრეთ.

რა რესურსით დაიწყეთ მუშაობა 5 წლის წინ და რა შეიცვალა დღემდე?

დღემდე, მედიაში დაახლოებით 15 ადამიანი ვმუშაობთ. თავიდან მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში გვყავდა რამდენიმე ჟურნალისტი ნახევარ განაკვეთზე, თუმცა ეს იმდენად რთული აღმოჩნდა კარგი ჟურნალისტების პოვნის და უსაფრთხოების კუთხითაც, რამდენჯერმე მოგვიწია ჟურნალისტების ევაკუირება საფრთხის გამო. ახლა ჩრდილოეთ კავკასიიდან სამის ნაცვლად ერთი ჟურნალისტი გვყავს ნახევარ განაკვეთზე. ასევე, დასაწყისში არ გვყავდა სომხეთისა და აზერბაიჯანის კორესპონდენტები და აქედან ვცდილობდით მუშაობას. ახლაც ბევრ ფრილანსერთან ვმუშაობთ და ჩვენი კონტენტის საკმაოდ დიდი ნაწილი მათი შექმნილია, თუმცა თავიდანვე ასე არ იყო.

ახლა ერთი ჟურნალისტი აზერბაიჯანს ფარავს, ერთი სომხეთს, ორი საქართველოს. სულ ცოტა ხნის წინ, ნახევარ განაკვეთზე დაგვემატა აფხაზეთში მყოფი ჟურნალისტიც. გვინდოდა კორესპონდენტი სამხრეთ ოსეთიდანაც გვყოლოდა, თუმცა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ძებნა შევწყვიტეთ. ძალიან რთულია ჟურნალისტების მოძიება სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ვგეგმავთ, რომ დავიმატოთ.

ასევე, რთულია, სოციალურ მედიაზე მუშაობაც. ამ მხრივ არავინ გვყავს და ჩვენ ვინაწილებთ ამ პასუხისმგებლობას. ძნელია და ძვირია კადრის პოვნა.

როგორ გაიზარდა აუდიტორია ამ პერიოდში?

თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა აუდიტორიას პირველივე წელს ძალიანაც არ ვუჩიოდით. თან ჩვენი აუდიტორია ცოტა განსხვავებულია - კონკრეტული მკითხველი ჰყავს ინგლისურენოვან მასალას: საელჩოები, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, რომლებიც თავმოყრილი არიან საქართველოში, რეგიონში ან მის ფარგლებს გარეთ ისინი, ვინც ამ რეგიონზე მუშაობს.

ჩვენი რუსულენოვანი კონტენტის აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო, რომელიც რუსულ ენაზე მოიხმარს ახალ ამბებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი აუდიტორია იმხელა არ იყო, რამხელაც წარმოგვედგინა. საერთოდ სხვა მიდგომა სჭირდება, ის უნარები და ინსტრუმენტები, რაც ინგლისური აუდიტორიის მოსაზიდად გვაქვს საერთოდ არ მუშაობს რუსულზე და ამიტომ ეს ჩვენთვის ყოველთვის პრობლემა იყო.

რა იყო ამის მიზეზი?

ვფიქრობ, პრობლემა იყო კვალიფიციური ადამიანის ნახვა, რომელსაც ეცოდინებოდა როგორ მიეწოდებინა ეს კონტენტი და მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდა არასწორი წარმოდგენა ვინ არის რუსულენოვანი ახალი ამბების მომხმარებელი. ასე ვთქვათ, ისინი არ არიან ჩვენი მასალის მომხმარებლები, ამიტომ, გადავწყვიტეთ, არ გვიღირდა ჩვენი რესურსის დიდი ნაწილის ამაში დახარჯვა და რამდენიმე თვის წინ შევცვალეთ სტრატეგია, თუ როგორ მივწვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას. რუსულენოვანი კონტენტის ნაცვლად, გვყავს 5 მედია პარტნიორი (On.ge, „რადიო მარნეული“, JNews, Mikroskop Media აზერბაიჯანში და CivilNet სომხეთში) რომლებიც ჩვენს, მათვის საინტერესო მასალას თარგმნიან და თავიანთ მკითხველს სთავაზობენ. თარგმნას ჩვენ სიმბოლურად ვაფინანსებთ.

აქ ორმაგი ინტერესია: ჩვენ გვაძლევს მეტ ადგილობრივ აუდიტორიას და მათთვის ეს არის კონტენტი, რომლის შექმნის რესურსიც არ აქვთ. მით უმეტეს, მაგალითად, სომხეთის მედიას, ბუნებრივია, უჭირს აზერბაიჯანიდან ჰქონდეს მასალები და ადგილობრივად მოიპოვოს ინფორმაცია. ეს პროცესი ახლახან დავიწყეთ, მაგრამ მგონია, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებით მიდის.

რუსულად მასალები ძალიან მალე აღარ გვექნება, რადგან თარგმნაც ძვირია. რედაქტორები ვფიქრობთ, რომ არ გვიღირს და გვირჩევნია, ინვესტიცია პარტნიორობაში ჩავდოთ დროისა და ფინანსების სახით.

გამოიწვევს თუ არა ეს თქვენი თანამშრომლების შემცირებას?

თანამშრომლების რიცხვი არ შემცირდება, რუსულ სექტორში დასაქმებულები სხვა ამბებში დაგვეხმარებიან, ამიტომ, საბედნიეროდ, არავის ვუშვებთ. რუსული ნაწილი დაიხურება იანვრის ბოლოს, ეს ჯერ, ფაქტობრივად, არსად გვითვქამს.

რამდენად სტაბილური იყო ეს 5 წელი ფინანსურად, კომერციული რეკლამების გარეშე?

ძალიან რთულია, ეს ყველამ იცის ვინც დონორებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ასეთი ტენდენციაა, რომ დონორებისთვის აღარ არის მიმზიდველი მედიების საბაზისო დაფინანსება (Core Funding) და მათთვის უფრო მიმზიდველია ფული პროექტებში ჩადონ: ვთქვათ, 20 სტატია ლგბტქ+ თემაზე და ასეთი ტიპის პროექტები, რაც ჩვენ არ მოგვწონს იმიტომ, რომ ეს დაძალებითია და არ არის კარგი.

თან ასეთი მიდგომით კონკრეტული თემის პოპულარიზება არც გამოდის. როდეასც გაქვს ვალდებულება, რომ, მაგალითად, 20 სტატია ლგბტქ+ თემაზე დაწერო, ვერ დაწერ 20 საინტერესო სტატიას 6 თვის განმავლობაში და მათ არავინ არ წაიკითხავს. ამის გამო, ხშირად გვითქვამს უარი დაფინასებაზე, დაგვიკარგავს საბაზისო დაფინანსებაც. მათ შორის უმძიმეს პერიოდში, პანდემიის დასაწყისში, ერთ-ერთმა მთავარმა დონორმა უარი გვითხრა დაფინანსებაზე და ჩვენთვის ეს ფინანსურად ყველაზე რთული პერიოდი იყო. ფაქტობრივად, გადანახულიც არ გვქონდა არაფერი და გვეგონა, რომ დავიხურებოდით.

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ სხვა დონორების მოძიებაზე და ახლა ჩვენი მოდელი ასეთია: რამდენიმე დონორს ვათანამშრომლებთ, რომ ერთიანი პროექტი დაფინანსდეს. 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ დონორთან მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის დამყარება და ახლა დასაწყისთან შედარებით, მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვართ.

რეკლამა და დასპონსორებული კონტენტი არ გვაქვს, მეორე წელი გახდება, რაც შემომწირველების მოდელი გავუშვით, რომელზეც დიდი იმედები არ გვქონდა. მართალია აქედან შემოსავალი ძალიან ცოტაა (ბიუჯეტის 2-3%), მაგრამ მაინც გვყავს მხარდამჭერები, რომლებიც ყოველთვიურად 5-10 დოლარს გვწირავენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეს რიცხვი ნელ-ნელა მატულობს.

პანდემიის დაწყებამდე გვქონდა იდეები, როგორ გვეშოვა ფული - მაგალითად, გვინდოდა ოფისის ნაწილის გაქირავება, ფასიანი ტრენინგების შეთავაზება და ა.შ თუმცა ამ გეგმების განხორციელებაში პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი.

რატომ ამბობთ უარს კომერციულ რეკლამასა და დასპონსორებაზე?

გუნდში ერთობლივად შევთანხმდით ამაზე, რომ ეს არ მოგვწონს. არ გვყავს იმხელა აუდიტორია, რომ გვიღირდეს დიდი ორგანიზაციების რეკლამა განვათავსოთ. მე პირადად არ მომწონს ხოლმე დასპონსორებული სტატიები, მიუხედავად იმისა, რომ აწერია რეკლამაა. სხვა მედიას არ ვაკრიტიკებ, მე არ მომწონს და თუ მართლა ძალიან არ გაჭირდა, მირჩევნია სხვა გზებით ვცადო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.

თუმცა, ბევრი მედია ასე შოულობს შემოსავლის ნაწილს. ამას რესურსიც სჭირდება, ადამიანი, რომელიც ამ კომპანიებს შეხვდება, შეათანხმებს, სტატიებს დაწერს, რაც ძალიან პატარა გუნდში ჭირს ხოლმე, ამიტომ ჯერჯერობით ამისგან თავს ვიკავებთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ჩვენთანაც გაჩნდეს ასეთი კონტენტი.

შარშან, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ OC Media-ში გამომწერებისთვის ექსკლუზიური მასალის შეთავაზების იდეა გქონდათ.

ახლა როცა უკვე ვაპირებთ, რომ რუსული ნაწილი საერთოდ დავხუროთ, ამ კუთხით სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. ვფიქრობდით ხომ არ გავაკეთოთ პოდკასტი, „ნიუსლეთერი“ და ა.შ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე ვართ.

5 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, 2018 წელს სომხეთის რევოლუცია, 2020 წელს ყარაბაღის ომი... რა გამოცდილება მისცა ამ ამბების გაშუქებამ თქვენს მედიასაშუალებას?

ამ 5 წლის განმავლობაში ყარაბაღის ომი ჩვენთვის ურთულესი პერიოდი იყო. საერთოდ 2020 წელი იყო ძალიან რთული. დასაწყისი იმ მხრივ, რომ პანდემია დაიწყო და პირველად იყო შემთხვევა, რომ მთელი ჩვენი გუნდი კონკრეტულ თემაზე მუშაობდა „ლაივ განახლებებეზე“ 24/7-ზე, მოთხოვნა იყო ძალიან დიდი - მკითხველს აინტერესებდა.

პანდემიის პირველი სამი-ოთხი თვე ძალიან შრომატევადი და რთული აღმოჩნდა, მაგრამ ეს გამოცდილება დაგვეხმარა ყარაბაღის ომის გაშუქებაში, როდესაც ასევე 50 დღის განმავლობაში გვქონდა ყოველდღიური „ლაივ განახლებები“. რთული იყო ემოციურადაც, მით უმეტეს, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები გვყავს, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და ისინი აქ წერდნენ და მუშაობდნენ. თუმცა ეს ჩვენთვის ძალიან ღირებული იყო და ვამაყობ, რომ არასდროს ყოფილა დაპირისპირება ან უსიამოვნება, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შორის - ყოველთვის ძალიან ახლოს თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მეგობრობენ და ერთად მუშაობდნენ მასალებზე.

ასევე ვამაყობ იმით, რომ ომის პერიოდში მოვაგროვეთ წერილები სომეხი და აზერბაიჯანელი აქტივისტებისგან, რომლებიც მშვიდობაზე წერდნენ. ეს ძალიან რთული იყო იმიტომ, რომ ხშირად, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ეს ადამიანები მუქარების სამიზნე ხდებოდნენ. ამ პროექტს დავარქვით „ხმები მშვიდობისთვის“ და ის 20-მდე სტატიას აერთიანებს ორივე ქვეყნიდან.

რა გამოწვევებსა და სირთულეებს აწყდებით მუშაობის დროს?

ფინანსური დამოუკიდებლობა ყოველთვის გამოწვევაა, რადგან არასდროს გვაქვს შეგრძნება, რომ მომდევნო ხუთი წელი კარგად ვიქნებით. სულ ვნერვიულობთ იმაზე, რომ რამე პრობლემა შეიქმნება. ასევე სულ გვაქვს პრობლემა, რომ არ არის საკმარისი კადრი, რადგან ყოველთვის ბევრი საქმეა, „დაგაწვის“ ზღვარზე ვართ. ძალიან ბევრი სამუშაოა. კარგი იქნებოდა, რომ მეტი კადრი გვყავდეს, მაგრამ ფინანსურად რთულია. ეს ყველაზე მეტად ონლაინ მედიების გამოწვევაა.

რამდენად გქონდათ გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით?

უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა ჩრდილოეთ კავკასია იყო. იქ არაერთი უსიამოვნო შემთხვევა გვქონდა და ამიტომაც 2 ჟურნალისტთან შევწყვიტეთ ურთიერთობა. ისინი ევროპაში გაიხიზნენ თავიანთი საქმიანობის გამო. ასევე აზერბაიჯანში გვქონდა რამდენიმე ფრილანსერთან შემთხვევა, როდესაც სტატიების გამო ემუქრებოდნენ.

უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ - გვაქვს ტრენინგები, შეფასება-აუდიტი რეგიონში ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით. სულ ვამბობდით, რა უნდა მომხდარიყო საქართველოში ისეთი, რომ საქართველოშიც მსგავსი გამოწვევა დაგვდგომოდა. თუმცა პირველი ცუდი ნიშანი იყო 2019 წლის 20 ივნისი, რის შემდეგაც შევიძინეთ ჩაფხუტები, აირწინაღები, ჟილეტები, თუმცა მაშინ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულად თავდასხმა არ იყო. 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ კი სრულიად შევცვალეთ უსაფრთხოების პროტოკოლი და ყოველ ჯერზე, წინასწარ განვიხილავთ უსაფრთხოების რა ზომებს უნდა მივმართოთ კონკრეტულ აქციაზე. მე, პირადად, არაერთხელ მომხვედრია ხან რეზინის ტყვია, ხან ქვა - ერთხელ კამერა დამემტვრა.

საქართველოში, ივლისამდე კიბერუსაფრთხოებას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ძალიან მიკვირს, რომ დღემდე, დიდი ნიუსრუმები „ფეისბუქში“ მუშაობენ ხოლმე, სჯობს უფრო უსაფრთხო სივრცეები ავარჩიოთ. ჩვენ თავიდანვე „სიგნალს“, „სლექს“ და ასეთ დაცულ პლატფორმებს ვანიჭებდით უპირატესობას.

რომელ მნიშვნელოვან ექსკლუზიურ მასალებს გამოყოფდით, რომელზეც OC Media-მ ამ წლების განმავლობაში იმუშავა?

პირველი, გამოძიება მახსენდება. ჩვენი ჟურნალისტი შეფარულად წავიდა ტექსტილის ქარხნებში სამუშაოდ, რათა თვითონ განეცადა რა პირობებში უწევთ მუშაობა დასაქმებულებს. მგონია, რომ ეს ტექსტი ბევრს სწორედ ამ მიდგომამ წააკითხა. შრომის უფლებებზე მთელი ცხოვრებაა ვწერთ და არასდროს კითხულობენ, ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი დაწერილა ამაზე.

მეორე, ჩემი მასალა კი იყო, მაგრამ მგონია ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა. შუქურთის შიმშილობას რომ ვაშუქებდი რამდენიმე ისეთი დეტალი აღმოვაჩინეთ, რაც მედიაში ფართოდ გაშუქებული ჯერ კიდევ არ იყო. ვფიქრობ, ჩვენ შევიტანეთ წვლილი ამ გაფიცვის მეტ-ნაკლებად წარმატებულად დასრულებაში.

როგორია OC Media-ს სიახლეები და სამომავლო გეგები?

2021 წლის ბოლოს პირველად ჩავატარეთ OC Lab-ის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის. ჩვენ, ვინც OC Media-ში ვმუშაობთ არ მოგვწონს, რომ ხშირად ტრენინგები „ტრენინგ ტურიზმად“ არის გადაქცეული - ერთსა და იმავე ხალხს ირჩევენ, ერთი და იგივე ხალხი მიდის საზღვარგარეთ, არავინ არაფერს არ სწავლობს.

ჩვენი იდეა იყო, ექსკლუზიურად მხოლოდ ახალბედა, ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანები შეგვეკრიბა მთელი კავკასიიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ორი სხვადასხვა ჯგუფი გვყავდა, ერთი ტრენინგი ჩატარდა თბილისში, მეორე სტამბოლში. მონაწილეები ახლა ამ ტრენინგებზე მიღებულ დავალებებზე მუშაობენ.

ეს ინვესტიციაც არის ჩვენი მხრიდან: ამ ადამიანებისგან, შეიძლება, კარგი ფრილანსერები დადგნენ, რადგან საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ ფრილანსერების პოვნა გვიჭირს. მათი პოვნა სხვა რეგიონებში უფრო ადვილია, ვიდრე აქ. თუკი ვინმე ჟურნალისტია სრულ განაკვეთზეა და დრო არ აქვს, რომ ფრილანსერად იმუშაოს, ან მისი ორგანიზაცია არ აძლევს სხვა გამოცემასთან თანამშრომლობის უფლებას, რაც სხვა რეგიონებში იშვიათია. ან კიდევ, უბრალოდ, რატომღაც, არ აქვთ ინტერესი. ამიტომ გაგვიჩნდა ახალგაზრდების გადამზადების იდეა. ორივე ტრენინგზე ძალიან კარგი მონაწილეები გვყავდა, კარგ თემებზე მუშაობენ და ველოდები მათგან სტატიების მიღებას. გვინდა, რომ ეს ტრადიციად ვაქციოთ - იქნებ წელიწადში ერთხელ მაინც გვყავდეს ერთი გამოშვება.
კატეგორია: რესურსები
სატელევიზიო რეკლამაში დღემდე ჯერ კიდევ დიდი რესურსი იდება, თუმცა მას ნელ-ნელა ანაცვლებს ციფრული პლატფორმები.

1984 წლის 22 ნოემბერს ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის (Super Bowl) ას მილიონზე მეტმა მაყურებელმა კომპანია „ეპლის“ პირველი პერსონალური კომპიუტერის, „მაკინტოშის“ სატელევიზიო რეკლამა ნახა.

რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ, ჯორჯ ორუელის რომან, „1984-ის“ შთაგონებით გადაღებული ეს 60 წამიანი რეკლამა „სუპერ ბოულის“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სარეკლამო ვიდეოდ მიიჩნევა. სწორედ „1984-ის“ ჩვენების შემდეგ იქცა „ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის“ ფინალური მატჩი კიდევ უფრო საინტერესო ღონისძიებად რეკლამის დამკვეთებისთვის და მედიამაც სწორედ მას შემდეგ მიაპყრო განსაკუთრებული ყურადღება „სუპერ ბოულის“ ჩვენების დროს გასულ რეკლამებს.




„ეპლს“ ამ სარეკლამო რგოლის შექმნა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა, თუმცა იმხელა ყურადღება მიიპყრო, რომ ტელევიზიების მიერ სხვადასხვა გადაცემაში გაშუქებით კომპანიამ 45 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უფასო რეკლამა მიიღო.

„სუპერ ბოულზე“ ამ რეკლამის განთავსება დაახლეობით, 600 000 დოლარი დაჯდა (მაშინ ლიგის ფინალში 30-წამიანი რეკლამის განთავსება 300,000 აშშ დოლარზე მეტი ღირდა, წელს ამ დროის ფასი 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტს აღემატება.)

ამ ამბიდან თითქმის 40 წლის შემდეგ გლობალური სარეკლამო ბაზარი რადიკალურადაა შეცვლილი.

რა იცვლება სარეკლამო ბაზარზე?

დღეს, ტრადიციულ მედიაში განთავსებულ რეკლამებს კონკურენციას ციფრული სივრცისთვის შექმნილი რეკლამებიც უწევენ. კომპანიები რეკლამებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში წლიდან წლამდე უფრო მეტ წილს უთმობენ ციფრულ პლატფორმებს.

დროთა განმავლობაში იკლებს ტრადიციული ტელევიზიის მაყურებელთა რიცხვი. საქართველოშიც, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI-ის) 2021 წლის კვლევის მიხედვით, სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგრამ, ემუქრებათ თუ არა ტელევიზიებს რეკლამის დამკვეთების დაკარგვა და გადადიან თუ არა კომპანიები ტრადიციული სატელევიზიო რეკლამიდან ციფრულ პლატფორმებზე?

გლობალური სარეკლამო სააგენტოების მონაცემებით, 2021 წელს საერთო ჯამში რეკლამებზე დახარჯული თანხა მსოფლიოში 710 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და აქ ციფრული მედიის წილი 441.7 მილიარდი აშშ დოლარამდეა (62.2%). ეს რიცხვი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მესამედითაა გაზრდილი. 2020 წელთან შედარებით მოიმატა ტრადიციულ მედიაში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური, კინოთეატრი, გარე ) რეკლამებით მიღებულმა შემოსავალმაც, თუმცა მხოლოდ მეათედით.

alt

მსოფლიოს მასშტაბით რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა საერთო ჯამში ციფრულ სივრცეზე იხარჯება და უსწრებს სხვა ტრადიციულ საინფორმაციო საშუალებებს, მაგალითად ტელევიზიას.

ციფრული რეკლამების პოპულარობას ხელს უწყობს პანდემიის პერიოდში „ტიკ-ტოკისა“ და „ინსტაგრამის“ აუდიტორიის ზრდაც.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში ერთ-ერთ წამყვანი კრეატიული სააგენტო, „ლივინგსტონი“ უკვე ოთხი წელია, ციფრული ტექნიკის მაღაზია „ზუმერთან“ თანამშრომლობს. კომპანიის რეკლამები ტელევიზიით არ გადის. „ლივნიგსტონი“, „ზუმერის“ ციფრულ სარეკლამო კამპანიაზე მუშაობს.

“ამ ბრენდს ფაქტობრივად, არაფერი აკლდება, როცა ტელევიზიაში არ გადის“, - ამბობს „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე - „ეს იყო ერთ-ერთი მორიგი, ძალიან პატარა ბრენდი და ოთხი წლის განმავლობაში ჭკვიანურმა, სწორმა და ხალხისთვის მორგებულმა ინტერნეტ რეკლამამ და კამპანიებმა „ზუმერი“ ერთ-ერთ წამყვან ბრენდად აქცია“.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ბრენდები ციფრულ რეკლამას ანიჭებენ უპირატესობას, მათი სამიზნე აუდიტორიაა. მაგალითად, „ზუმერი“ ისეთ პროდუქციას ყიდის, რომელსაც ძირითადად ახალგაზრდები მოიხმარენ და რომლისთვისაც ინტერნეტია საჭირო, შესაბამისად მისი სამიზნე სეგმენტი ინტერნეტ მომხმარებლები არიან. 
alt

„ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი გვეუბნება, რომ ახალგაზრდა სეგმენტზე მორგებული ბრენდები რეკლამისთვის, ძირითადად, ინტერნეტ არხებს იყენებენ, მათ შორის „ფეისბუქს“. ასევე აქტიურდება „ტიკ-ტოკისა“ და „ინსტაგრამის“ პლატფორმები.

მეორე მხრივ, ქართულ სარეკლამო ბაზარზე კვლავ დიდი როლი აქვს კლასიკურ სატელევიზიო რეკლამებს, განსაკუთებით ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორებიცაა ბანკები, სწრაფი სამომხმარებლო საქონელი (FCMG), ლუდის, წყლის, სასმელების ინდუსტრია და სხვები. მაგალითად, თუ დიდ კომპანიას უნდა რეგიონში მცხოვრებ შუახნის და უფრო დიდი ასაკის ადამიანებსაც მიწვდეს, მისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი სარეკლამო არხი ტელევიზიაა.

ტელევიზიაში რეკლამებს ტექნიკის ბევრი მაღაზიაც ათავსებს. ეს იმით აიხსნება, რომ ასეთი კომპანიების შეთავაზებული პროდუქცია, სარეცხი მანქანა თუ მაცივარი, ინტერნეტ მომხმარებლებს ცდება და სხვა სეგმენტზე: რეგიონებში მცხოვრებ, იმ განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებზეცაა გათვლილი, რომლებსაც შესაძლოა ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდეთ.

„ყველაზე შედეგიანია, როდესაც ამ პლატფორმებს ვაერთიანებთ, გვაქვს ტელერეკლამა, ინტერნეტ რეკლამა და გარე, ქუჩის რეკლამა, ერთობლივად მარკეტინგული კამპანია უფრო ძლევამოსილი გამოდის და შედეგიც უკეთესია“, - განმარტავს ლევან ლეფსვერიძე.

ვინ სად უყურებს რეკლამებს?

აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი მარკეტინგისა და მედია კონსულტაციის კომპანია „კვენდი მედია აუდიტის“ მონაცემებით, თუ დიდი მულტინაციონალური ბრენდის სამიზნე აუდიტორია 45 წელს გადაცილებული მოსახლეობაა და პროდუქტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდის, როგორც წესი, რეკლამის ყველაზე ეფექტური საშუალება ტელევიზიაა.

25 წლამდე აუდიტორიისთვის ციფრული რეკლამა, განსაკუთრებით ონლაინ ვიდეოა მომგებიანი, 25-დან 44 წლამდე კი ამ ორის ერთობლიობა.

„25 წელს ქვემოთ, ონლაინ ვიდეოს ყურებადობა უსწრებს ტელევიზიას, რადგან ახალგაზრდები უფრო და უფრო ნაკლებად უყურებენ ტელევიზორს“, - გვითხრა „კვენდი მედია აუდიტის“ წარმომადგენელმა.

"კვენდი მედია აუდიტის“ ინფორმაციით, საქართველოში დიდი მულტი ნაციონალური კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტის საშუალოდ 80% ტელევიზიაზე, 20% კი - ინტერნეტ რეკლამაზე მოდის.

ამ თანაფარდობაში ინტერნეტის წილი უფრო და უფრო იზრდება, მაგრამ ეს სწორხაზოვანი პროცესი არაა და დამოკიდებულია კომპანიების ბიუჯეტის ცვლილებასა და სხვა ფაქტორებზე.

კომპანიები ცდილობენ, სატელევიზიო რეკლამებში იმდენივე ინვესტიცია ჩადონ, რაც წინა წელს, თუმცა ბიუჯეტის დანამატს უკვე ციფრულ არხებზე ხარჯავენ.

მართალია, სარეკლამო პლატფორმის არჩევისას სამიზნე აუდიტორია მთავარ როლს ასრულებს, თუმცა სატელევიზიო და ციფრულ რეკლამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - ისინი ერთმანეთისგან შინაარსით, შესაძლებლობებითა და უპირატესობებით განსხვავდებიან. მაინც, რომელი სჯობს?

ტელერეკლამა VS ციფრული რეკლამა

ზოგიერთი კომპანიისთვის სატელევიზიო რეკლამაა ეფექტური, ზოგისთვის - ციფრული. შედეგი ბრენდის სპეციფიკაზეა დამოკიდებული, ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რეკლამის განთავსებისთვის ერთი პლატფორმა მეორეს სჯობს.

„ტენდენციაა, რომ რეკლამების განთავსების მიხედვით ტელევიზია იკლებს და ინტერნეტი იმატებს, მთელ მსოფლიოში ასეა, თუმცა დღეს ვერ ვიტყვით, რომ ტელერეკლამა საჭირო აღარ არის, რადგან ბევრი ინდუსტრია, ფაქტობრივად, ტელერეკლამებით ცოცხლობსო“, - განმარტავს „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი, ლევან ლეფსვერაძე.

სატელევიზიო რეკლამა პროდუქტის შესახებ უფრო ინფორმაციული და ცალმხრივია. მას ხალხი ეთერში ნახულობს, მაგრამ პირდაპირ უკუკავშირს ვერ ამყარებს.

ციფრული რეკლამა კი აუდიტორიის ჩართულობაზეა ორიენტირებული. მომხმარებელი სოციალური მედიის პლატფორმებზე უყურებს რეკლამებს, წერს კომენტარებს, იღებს პასუხებს და ა.შ.

„რა თქმა უნდა, ხალხისთვის გულთან უფრო ახლოსაა და მისაღებია ციფრული რეკლამის ფორმა, როცა ჩართულობაზე ორიენტირებული ორმხრივი კომუნიკაცია გვაქვს.“, - ამბობს ლეფსვერიძე.

„ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელის შეფასებით, ფუნდამენტური განსხვავება ამ ორ პლატფორმას შორის ისაა, რომ ადრე ტელევიზიაზე მორგებული სარეკლამო კამპანიები არ ფიქრობდნენ მოეწონებოდა თუ არა რეკლამა მაყურებელს: ისინი მოქმედებდნენ „გაუშვი და უყურებს, სხვა რა გზა აქვს“ პრინციპით.

თუმცა დღეს ინტერნეტში მომხმარებელს შეუძლია არ უყუროს რეკლამას, გათიშოს, და გააგრძელოს სხვა პოსტების თვალიერება. მომხმარებლის არჩევანია, რომელ კონტენტს მოიხმარს, ამიტომ, როგორც ლეფსვერიძე ამბობს, ინტერნეტ რეკლამა უფრო მეტად არის გამიზნული ადამიანის ყურადღების მიპყრობაზე.

ციფრულ სივრცეში რეკლამის კიდევ ერთი უპირატესობაა, სამიზნე აუდიტორიის ინტერესების მიხედვით ზუსტად განსაზღვრა, ასევე რეალურ დროში შესაძლებელი ანალიტიკური მონაცემების მიღება.

როგორც „ლივნიგსტონის“ კრეატიული დირექტორი ანჟე იერიბი ამბობს, ინტერნეტში რეკლამის განთავსება გაცილებით ხელმისაწვდომიც არის.

ანჟე იერიბს სარეკლამო სფეროში სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოებთან უნგრეთში, იტალიაში, ხორვატიაში, უკრაინასა და სერბეთში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ციფრულმა საშუალებებმა მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობა მისცა, რეკლამა მცირე ბიუჯეტითაც გაავრცელონ.

altტელევიზიაში წარმატებული კამპანია დღემდე დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამის საშუალება კი     მცირე და საშუალო ბინზესს არ აქვს.

 დღეს სატელევიზიო არხების რეიტინგი ხშირად გასართობი შოუებით განისაზღვრება.   ტელევიზიებში რეკლამების განთავსება მატულობს ზოგიერთ პერიოდშიც, მაგალითად საარჩევნო   წელს ან ოლიმპიური თამაშების დროს.

მართალია, ტელევიზია ისევ მოთხოვნად პლატფორმად რჩება, მაგრამ აქ ერთ-ერთი მთავარი   ფაქტორი დიდი ეკრანია - ანუ მოწყობილობა, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ.

რის შეცვლა მოუწევს ტელევიზიას?

ლეპტოპების, ტაბლეტებისა და სმარტფონების ეკრანები ადამიანებს ბევრად უფრო პერსონალურ გარემოს უქმნის. ტელევიზიისგან განსხვავებით, პატარა ეკრანებს ძირითადად, მხოლოდ ერთი ადამიანი უყურებს - ტელევიზორის ეკრანის გარშემო კი ხშირად რამდენიმე ადამიანი იკრიბება და სოციალური გარემო იქმნება. მეორე მხრივ, ადამიანები ზოგიერთი კონტენტის, მაგალითად სპორტული მატჩების ტრანსლირების და ფილმების ყურებას ხშირად სწორედ დიდ ეკრანზე არჩევენ.

„ტელევიზორი კვლავ ყველა ოჯახშია და მას დროდადრო რთავენ. რა თქმა უნდა, ვცხოვრობთ „ბაბლშიც“, ვიწრო წრეში, სადაც ადამიანები ტელევიზორს აღარ ყიდულობენ და არც დრო აქვთ მის საყურებლად, მაგრამ ეს მაინც „ბაბლია“. ქართველების, უკრაინელების, ყაზახების დიდ ნაწილს კვლავ აქვს სახლში ტელევიზორი“, - ამბობს ანჟე იერიბი.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ პოსტ-მილენიალები უკვე არა ტელევიზორის, არამედ „იუთუბის“ თაობაა, სავარაუდოდ, მომავალში ტელევიზორის მაყურებელთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

იცვლება ციფრული მარკეტინგის ფორმებიც - მოსალოდნელია მეტავერსის განვითარება. დიდ ციფრულ კორპორაციებს, როგორებიცაა „მეტა“ (ყოფილი „ფეისბუქი“), „გუგლი“ და სხვები, მუდმივად შემოაქვთ ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით: „ყველაფერი ძალიან ცვალებადია. სატელევიზიო არხებსაც სწრაფად ცვლილება მოუწევთ“, - ამბობს ანჟე იერები.

დღეს ტელევიზიას კონკურენციას არამხოლოდ სოციალური ქსელები, არამედ სტრიმინგ სერვისებიც უწევენ, როგორიცაა „ნეტფლიქსი“, HBO, „ამაზონი“, „ჰულუ“, „დისნეი პლუსი“ და სხვები. თუმცა ეს უფრო ტელევიზიის ევოლუციაა, ვიდრე მისი გაქრობა.

„კვენდი მედია აუდიტში“ ამბობენ, რომ სატელევიზიო არხები და კონტენტის შემქმნელები უკვე ცდილობენ თავიანთი ციფრული სტრიმინგ პლატფორმების შექმნას, სადაც მაყურებლები მათი კონტენტის ინტერნეტით ნახვას შეძლებენ, ინფორმაციას ისევ დიდი ეკრანიდან მიიღებენ, თუმცა ახალი ფუნქციებით - დაპაუზებით, კონტენტის არჩევით და ა.შ., ისევე, როგორც, მაგალითად, „ნეტფლიქსზეა“.

დღეს, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, ჯამში, რეკლამების ბიუჯეტის დანახარჯი ციფრულ სივრცეზე უფრო მეტია, ვიდრე ტელევიზიაში. თუმცა, თუ ცალკე ავიღებთ დიდ კომპანიებს, მათი ბიუჯეტების თანაფარდობაში მაინც ტელევიზიის რეკლამები ჭარბობს.

მეორე მხრივ, ამ ტენდენციებს ემატება მეტავერსის იდეა და ონლაინ თამაშები, რომლებიც რეკლამის განთავსებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„აუცილებლად გაგრძელდება ციფრული რეკლამების ზრდის ტენდენცია, „მეტას“ ვირტუალური რეალობის პლატფორმებზე რეკლამის განთავსება მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო გამოცდილება იქნება. ფაქტობრივად, ტელერეკლამა გადაიქცევა უბრალოდ კლასიკური ჟანრის მედიუმად.

შეუძლებელია იმის თქმა, სრულიად გაქრება თუ არა სატელევიზიო რეკლამა იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, არ გამქრალა კედლებზე პოსტერების გაკვრა, რეკლამების გაზეთში ან ბილბორდებზე განთავსება, მაგრამ ისინი დღეს წამყვანი სარეკლამო არხები აღარ არის. „გამოჩნდა ტელევიზია და „შეჭამა“ მათი წილი, ახლა ციფრული რეკლამა მოდის და ტელევიზიის წილი იკლებს.“, - გვეუბნება ლევან ლეფსვერიძე.

„ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს სარეკლამო და კონტენტის შექმნის სფეროში მთავარი ტენდენცია ერთია: ბრენდები ქმნიან საკუთარ სოციალურ მედია არხებს, შეიძლება სტრიმინგ სერვისებიც შექმნან, რაც მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

ასეა „ეპლის“ შემთხვევაშიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო რეკლამის „1984-ის“ შემოქმედი დღეს უკვე ციფრულ რეალობაშია. მათ 2019 წელს შექმნეს სტრიმინგ სერვისი, „ეპლ ტვ პლუსი“ და ახლა საკუთარი პროდუქტების რეკლამებისთვის თავისივე წარმოებულ პოპულარულ შოუებს იყენებენ.



მაგალითად, სერიალ „ტედ ლასოს“ მხოლოდ ერთ, 29-წუთიან ეპიზოდში „ეპლის“ პროდუქტი 36-ჯერ ჩანს, მათ შორისაა „აიფონები“, „მაკბუქები“ და „ეარპოდები“. სერიალ „დილის შოუში“ კი მთავარი პერსონაჟები ბრედლი და ალექსი 10 ეპიზოდში „აიფონით“ 30-ჯერ ჩანან. „ეფლი“ თავისი პროდუქტის რეკლამირებისთვის მეტსაც აკეთებს, მაგალითად, მის პროდუქციას სერიალებში მხოლოდ დადებით პერსონაჟები იყენებენ, უარყოფი გმირები კი არაბრენდული სმარტფონებით ჩანან.

ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები სარეკლამო ბაზარს მუდმივად ცვლის. მართალია ტრადიციული რეკლამა ბევრი დამკვეთისთვის და აუდიტორიისთვის ისევ ეფექტურია, მაგრამ სიახლეები და ინოვაციები ტრადიციულ მედიუმებსაც გარდაუვალი ცვლილებებისკენ უბიძგებს.
კატეგორია: რესურსები
“ვიხეტიალოთ ძველი ქალაქის გაღმა-გამოღმა ნაწილებში, მის აზიურ, ევროპულ და საბჭოთა ნაწილებში, მის ვიწრო ქუჩებსა და ხმაურიან მოედნებზე და მერე, სულის მოსათქმელად და ცოდნის გასაცვლელად, აქ შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ძველ წიგნებში ამოკითხული ამბები, ძველ ალბომებში შემორჩენილი ხედები და პორტრეტები, აქ, ამ ვირტუალურ სივრცეშიც ვაცოცხლოთ ჩვენი თბილისი” - ასეთია „რადიო თავისუფლების“ ფეისბუქ ჯგუფის „თბილისური ფოლორცის“ აღწერა. ეს საქართველოში მომუშავე მედიასაშუალების მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია და 30 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

„თბილისური ფოლორცი“ ჟურნალისტმა ჯიმშერ რეხვიაშვილმა, ციფრულმა რედაქტორმა საბა ჩიხლაძემ და ილუსტრატორმა ბექა ბერიძემ ახალი აუდიტორიის მოსაზიდად და მათთან უკეთესი კომუნიკაციისთვის შექმნეს. მიზანმა გაამართლა.

ფოლორცი და მედია

ბოლო 5 წელია „მეტას“ („ფეისბუქის“ მფლობელი კომპანიის) ერთ-ერთი ძირითადი გაცხადებული მისია ქსელში მომხმარებლებისთვის საერთო ინტერესების მქონე საზოგადოების შეკრება და განვითარებაა. „ფეისბუქის“ აპლიკაციაში კი ამის მთავარი საშუალება ჯგუფებია. დღეს ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არაერთი თემატური ჯგუფი არსებობს, მათ შორის მოგზაურობის, ჯანდაცვის, ქველმოქმედების, ვაჭრობის, კულინარიის, ტექნოლოგიების და სხვა. თუმცა, როგორ შეიძლება ეს სივრცე მედიასაშუალებებმა ეფექტურად აითვისონ და საერთოდ რა სარგებელს მოუტანთ მათ?

ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი წლებია თბილისის ისტორიასა და განვითარებაზე წერს. დედაქალაქის წარსულსა და თანამედროვეობაზე თითქმის ყოველკვირეულად აუდიტორიას ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრებოდა, როდესაც „რადიო თავისუფლება“ მხოლოდ რადიოს ფორმატით მუშაობდა. 2019 წელს სანამ თბილისის შესახებ ჯგუფს შექმნიდნენ, „თავისუფლებას“ უკვე ჰქონდა ჟურნალისტურ პროდუქტზე დაფუძნებული წარმატებული ჯგუფის შექმნის გამოცდილება.

დღეს სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ მიერ დედაქალაქის შესახებ შექმნილი ჯგუფი არამხოლოდ თბილისის ისტორიული ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ საგანმანათლებლო, სანდო წყაროებზე დაყრდნობილ, ზოგჯერ კი ისეთ უნიკალურ ვიზუალურ მასალას აერთიანებს, რასაც ინტერნეტსივრცეში სხვაგან ვერ ნახავთ.

ფოლორცი არის ქუჩა, შუკა, ხალხმრავალი გამოცოცხლებული ადგილი. ეს თბილისური სიტყვაა. გვინდოდა ერთგვარი მოედანი გვქონოდა, სადაც ჩვენს მკითხველს ექნებოდა იმედი, რომ აქ დახვდებოდა თბილისის შესახებ მასალები, ექნებოდათ წინასწარ დათქმული ადგილი, სადაც შეძლებდნენ შემოსვლას და არ მოუწევდათ ლოდინი ვიდრე ჩვენ პერიოდულად მასალებს მოვამზადებდით“, - გვიყვება ჯიმშერ რეხვიაშვილი.

ჯგუფი საშუალებას იძლევა აუდიტორიას უფრო ახლო კომუნიკაცია ჰქონდეს სტატიების ავტორთან, ჩაებას დისკუსიებში და ჟურნალისტური მასალის მიღმა უფრო მეტი დეტალი შეიტყოს მისთვის საინტერესო თემაზე. მეორე მხრივ ჟურნალისტისთვის ეს ახალი იდეებისა და თემების მოძიების, აუდიტორიის შესწავლისა და უკუკავშირის მიღების საშუალებაა.

ჯგუფში ბევრი ისეთი წევრია, რომელიც ჩემთვის რესპონდენტი გამხდარა და მათ გარეშე მასალას ვერ მოვამზადებდიო“, - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი: „შეიძლება აუდიტორიამ ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი ან მოვლენა შეგახსენოს, რომ მერე ამ საკითხზე ცალკე მასალა გააკეთო, რაზეც ღირს მოკვლევა, ბიბლიოთეკაში წასვლა, რესპონდენტების ჩაწერა. ეს შთაგონების წყარო არის ხოლმე“.

მაგალითად „თბილისურ ფოლორცში“ ნანახი ფოტოდან გაჩნდა ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დების: ლიზასა და სოფიოს შესახებ მასალის მომზადების იდეაც. შესაბამისად, სტატიისგან მიღებული უკუკავშირი და ჩართულობაც ჯგუფში ბევრად მაღალი იყო, ვიდრე მედიასაშუალების მთავარ გვერდზე, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა თემაზე მრავალფეროვანი კონტენტი ქვეყნდება.

alt

ვიცოდი, რომ ეს შრომა უკვალოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდით. იმდენად მეცნიერული ცოდნით, ტიტულებით დახუნძლული ხალხი შემოვიდა ჯგუფში და მათთვისაც საინტერესო იყო, რომ მოლოდინს გადააჭარბაო“, - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი.

რატომ ჯგუფი, როცა გვერდი ისედაც გვაქვს?

ამერიკული გამოცემის „Vox-ის“ სარედაქციო სტრატეგიის ხელმძღვანელი ელისონ როკი ამბობს, რომ არც ისე მარტივია ადამიანებს გამოცემის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბო. ფეისბუქ ჯგუფებში კი აუდიტორიასთან ბევრად უშუალო კავშირის დამყარებაა შესაძლებელი, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მეტ ნდობას უჩენს მკითხველს.

თუ ხალხის ინტერესს დავაკმაყოფილებთ შეთანხმებული წესების ფარგლებში და მივცემთ იმას, რაც უნდათ, ჩვენი ბრენდისთვის გრძელვადიან პერსექტივაში კარგი იქნება. ისინი "ვოქსის" უფრო მეტ ბმულზე გადავლენ, რადგან მათ რეალურად ჩვენთან უშუალო ურთიერთობა ექნებათ ჩამოყალიბებული“ , - ამბობს როკი „მეტას ჟურნალისტიკის პროექტთან“.

"ფეისბუქის" გვერდისგან განსხვავებით, თუ ჯგუფი სწორად იმართება, მასში ვერ ხვდებიან ყალბი ანგარიშები და ტროლები, რაც მომხმარებლებს შორის შეურაცხმყოფელ, პროვოკაციულ და დეზინფორმაციულ ურთიერთობას მაქსიმალურად გამორიცხავს. როგორც ჯიმშერ რეხვიაშვილი ამბობს, „თბილისური ფოლორცი“ ამის კარგი მაგალითია.

ფეისბუქის ჯგუფების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, მომხმარებელს საშუალება აქვს ჯგუფებში დადებული კონტენტი სიახლეების გვერდისგან გამოცალკევებულად ნახოს.

გვერდიც საჭირო, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ ჯგუფები აუდიტორიამდე მიღწევის დამატებითი საშუალებაა, რადგან აპლიკაციაში შეგიძლია მხოლოდ ჯგუფების გვერდიც დაათვალიერო.“, - ამბობს რადიო თავისუფლების ციფრული რედაქტორი, საბა ჩიხლაძე.

ჩართულობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია

რამდენად სტაბილური იქნება ჯგუფი და რამდენად კარგადაა მასში აუდიტორია ჩართული, მის სწორად მართვაზეა დამოკიდებული. ფეისბუქ ჯგუფების ეფექტურად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია არა მასში დამატებული ადამიანების რაოდენობა, არამედ გამოქვეყნებულ პოსტებზე აქტიურობა, უკუკავშირი, საუბარი, რეაქცია და ა.შ

არ გვქონია იმის მისწრაფება, რომ „თბილისურ ფოლორცში“ ძალიან ბევრი ხალხი გვყოლოდა, პირიქით, ვამბობდით ცოტა იყოსო. უბრალოდ ვაკვირდებოდით აუდიტორიის რამდენი პროცენტი იყო ჩართული. არის ჯგუფები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დამატებული და არავინ არაფერს წერს. ჩენ გვერჩივნა, ხალხი ცოტა ყოფილიყო, ოღონდ ყველას დაეწერა პოსტები“, - განმარტავს საბა ჩიხლაძე.

ჯგუფის ხარისხის კონტროლისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში „რადიო თავისუფლების“ გუნდმა ახალი წევრების დამატება შეწყვიტა. მოგვიანებით მათ საწევრო მოთხოვნები გაფილტრეს და მხოლოდ ისინი დაუშვეს, ვინც ჯგუფის წესებს რეალურად ეცნობოდა და წერილობით ეთანხმებოდა.

თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ჯგუფები არის სივრცე, სადაც მეგობარს თუ თანამოაზრეს ესაუბრები, ისეთ ჯგუფს სადაც შემქმნელები მხოლოდ ბმულებს აზიარებენ, ან დატოვებ ან გამოწერას გააქმებ. ჯგუფებში იმიტომ ვწევრიანდებით, რომ იქ ჩვენი თანამოაზრეები არიან და თავისუფლად ვილაპარაკებთ სხვადასხვა თემაზე“, - ამბობს საბა ჩიხლაძე.


ჯგუფებში „ფეისბუქ ლაივების“ (პირდაპირი ეთერის) ჩართვა, დისკუსიის წამოწყება, წევრებისთვის „ბეიჯების“ (ფეისბუქ ჯგუფის წევრის აქტიურობის ხარისხის ერთგვარი განმსაზღვრელი) მინიჭება, თემების შექმნა და სხვა ფუნქციების მაქსიმალურად გამოყენება ჯგუფებს უფრო მეტად აცოცხლებს.

თუ ჯგუფს გადახედავ და ნახავ, რომ ყველაზე ხშირად პოსტებს შენ წერ, მაშინ საქმე კარგად არ ყოფილაო“, - გვეუბნება „რადიო თავისუფლების“ ციფრული რედაქტორი.

როგორ გავზარდოთ ჯგუფებში ჩართულობა?

ყველა მედიას შეუძლია იპოვოს ისეთი ნიშური თემა, რომელზეც თვითონაც ქმნის მასალას და მის ირგვლივ დაინტერესებულ ადამიანებსაც შემოიკრებს.

შეიძლება გაამართლოს რომელიმე საავტორო გადაცემის ან სვეტის შესახებ შექმნილმა ჯგუფმაც და აუდიტორია ავტორის პოპულარულობამ, მასთან საუბრისა და შეკითხვების დასმის სურვილმა გააერთიანოს.

ჯგუფებს დიდი პოტენციალი აქვს რეგიონული მედიისთვისაც. ორგანიზაცია „ინტერნიუსის“ კვლევის მიხედვით, „ფეისბუქზე“ გეოგრაფიული დასახელების ჯგუფები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქისთვისაა შექმნილი. ხშირად ასეთ ჯგუფებს სწორედ ადგილობრივი, რეგიონული მედიასაშუალებები მართავენ.

მეტი შანსია ბევრი ადამიანი გააერთიანო იქ, სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს. რეგიონულ მედიასაც მეტი ინფორმაცია და მეტი საშუალება აქვს, რომ ამ კუთხით საინტერესო ჯგუფები გააკეთოს.“ - განმარტავს საბა ჩიხლაძე და მედიასაშუალებებს ჯგუფებში ჩართულობის გასაზრდელად ძირითად რჩევებს უზიარებს:

1. ჯერ კარგად მოვიფიქროთ ჯგუფის თემა და მერე შევქმნათ - უნდა შეირჩეს თემა, რომელიც შენც კარგად იცი და გაქვს იმის რესურსიც, რომ მის ირგვლივ ხალხი გააერთიანო. კარგად განსაზღვრე მიმართულება და მოიფიქრე რატომ აკეთებ ჯგუფს.

2. იქატიურე, შესთავაზე თემები და იყავი დისკუსიის დამწყები პირადი (არა ორგანიზაციის) ანგარიშით - მთავარია ჯგუფი დასაწყისშივე ისეთი იყოს, სადაც ხალხი იაქტიურებს. თუ ხედავ, რომ ჯგუფი პასიური გახდა და არავინ აღარაფერს წერს, უნდა მოიფიქრო სასაუბრო თემები, წევრებს შეკითხვები დაუსვა. შენზეა დამოკიდებული როგორ შეუწყობ ხელს ჯგუფის წევრებს შორის დისკუსიას.

3. მუდმივი მოდერაცია/კონტროლი - გაფილტრე კონტენტი, კომენტარები და წევრები. არ დაამატო ყალბი პროფილები.

4. მეტი აქცენტი გააკეთე ხარისხსა და ჩართულობაზე და არა რაოდენობაზე.

2021 წლის ნოემბერში „მეტამ“ „ფეისბუქის“ ჯგუფებისთვის ახალი ფუნქციები დააანონსა, მათ შორის დონაციის, ფასიანი და უფასო უფრო ვიწრო ინტერესის ქვეჯგუფების შექმნის შესაძლებლობები. საბა ჩიხლაძის აზრით, შესაძლოა, ამ სიახლეებმა, მედიას მეტი სარგებელი მოუტანოს და ტექნიკურად გაუმარტივოს მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური ფასიანი კონტენტის შეთავაზება.
კატეგორია: საქართველო
ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი 8 დეკემბერს კულტურის მინისტრის, თეა წეულკიანის, ბრიფინგზე უკვე მეორედ არ შეუშვეს. „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე არ შეუშვეს 22 ნოემბერსაც.

განახლება: კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართავს.

"კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია “TV პირველის” წარმომადგენლები არ შეუშვეს. კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ “აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი.

მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.", - წერს კოალიცია და კულტურის სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.

მედიაკოალიცია საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს:

  • შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;
  • მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
რა მოხდა

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ამბობს, რომ 8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ უწყებისგან ანონსი არ მიუღიათ და ამბავი თავიანთი წყაროებისგან შეიტყვეს. არხის გადამღები ჯგუფი სამინისტროში ბრიფინგის გასაშუქებლად ადრე მივიდა, თუმცა ჟურნალისტი დაცვამ არ შეუშვა.

„ეს არის კულტურის მინისტრის მიზანმიმართულად, სავარაუდოდ, უკანონო არაფორმალური ბრძანება. თეა წულუკიანს, სავარაუდოდ, დისკომფორტს უქმნის ის კითხვები, რომლებიც შეიძლება კრიტიკული მედიის ჟურნალისტმა დასვას. აქვთ კონკრეტული მიდგომა, არ უშვებენ მხოლოდ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს“, - ამბობს ნოდარ მელაძე.



„პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ არხის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა ცდილობენ კულტურის მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებას, თუმცა რუსუდან უშიკიშვილი მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„გვინდა მისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხი და, ალბათ, პრაქტიკას მივმართავთ, დავხვდებით სახლთან კამერით და ვკითხავთ ვისი განკარგულებაა, რადგან საშვების დაშვება მის კომპეტენციაში შედის. ის აფრთხილებს დაცვის სამსახურს რომელი მედიასაშუალებები უნდა შეუშვას ბრიფინგზე“, - განმარტავს მელაძე.

ამბის დასაზუსტებლად კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.

კონტექსტი

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები სამთავრობო უწყებაში ბრიფინგზე არ შეუშვეს.

ამავე თემაზე:  “ტვ პირველი” და “მთავარი” წულუკიანის ბრიფინგზე არ შეუშვეს

22 ნოემბერს “ტვ პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში, თეა წულუკიანის ბრიფინგზე, 11 ნოემბერს კი “ტვ პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვერ მოხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
CNN-ის ცნობილი წამყვანი კრის კუომო არხმა ჯერ საქმიანობას განსუსაზღვრელი დროით ჩამოაშორა, 4 დეკემბერს კი სამსახურიდან გაათავისუფლა. ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალებით გაირკვა, რომ წამყვანი სკანდალში გახვეული პოლიტიკოსი ძმის დასახმარებლად თავის ჟურნალისტურ სტატუსსა და გავლენას იყენებდა.
___________________________________________________________________________________________________________

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის მიერ 29 ნოემბერს გასაჯაროვებულ მასალებში ჩანს, რომ CNN-ის ერთ-ერთი მთავარი გადაცემის, Cuomo Prime Time-ის წამყვანი, ჟურნალისტი კრის კუომო ძმას, პოლიტიკოს ენდრიუ კუომოს, სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებებისგან დაცვაში ეხმარებოდა.

ჟურნალისტი პოლიტიკოსების ოჯახიდანაა. მის ძმას, ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს, 11 ქალის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. დემოკრატიული პარტიის წევრი იყო მათი მამა, მარიო მეთიუ კუომოც - ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი 1983-94 წლებში.

ჟურნალისტისა და გუბერნატორი ძმის თანაშემწეს შორის მიმოწერებითა და მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ კრის კუომო გუბერნატორს საჯარო განცხადებებისა და პრესკონფერენციებისთვის მზადებაში ეხმარებოდა, იყენებდა თავის კავშირებს პრესაში, რათა მეტი ინფორმაცია მიეღო ბრალმდებელი ქალების შესახებ, არკვევდა კიდევ ვინ აპირებდა ძმის დადანაშაულებას, მუშაობდნენ თუ არა სხვა გამოცემები ახალი ბრალდებების შესახებ სტატიებზე და გუბერნატორის გუნდს სთხოვდა უფრო მეტად ჩართულიყო თავისი ძმის დაცვისთვის მზადებაში.

ძმები CNN-ის ეთერში - გამონაკლისი კრის კუომოსთვის

ენდრიუ კუომო განსაკუთრებით პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში იქცა, როდესაც, ნიუ-იორკის გუბერნატორის რანგში, ბრიფინგებს ყოველდღიურად ატარებდა.

2020 წელს კოვიდ პანდემიის დასაწყისში კრიტიკა გამოიწვია კრის კუომოს ინტერვიუმ ძმასთან, რომლის დროსაც ძმები კორონავირუსზე საუბრობდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. მას შემდეგ ძმები ერთად ეთერში კიდევ რამდენჯერმე გამოჩნდნენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც CNN-მა გამონაკლისი დაუშვა და ჟურნალისტს უფლება მისცა ინტერვიუ აეღო გუბერნატორი ძმისგან. ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მას ეს 2003 წლიდან [დასაქმების პერიოდიდან] აკრძალული ჰქონდა. ამ გადაწყვეტილებას „სი ენ ენი“ პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებით ხსნიდა.



 “კრისის საუბარი თავის ძმასთან იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მილიონობით ამერიკული ოჯახი იყო, მნიშვნელოვან ადამიანურ ინტერესს წარმოადგენდა”,- განმარტავდა CNN-ის წარმომადგენელი.

ამ გამონაკლისმა პირდაპირ იმოქმედა გადაცემის რეიტინგებზე, ძმების საერთო ეთერის დროს Cuomo Prime Time-ის მაყურებლების რაოდენობა იზრდებოდა.

ძმები CNN-ის ეთერში ერთად ბოლოს 2020 წლის მაისში გამოჩნდნენ. 2021 წლის თებერვალში კი, მას შემდეგ, რაც კრის კუომომ გუბერნატორის მიმართ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ბრალდებები არ გააშუქა, არხმა განმარტა, რომ ჟურნალისტს კვლავაც არ მისცემდა პოლიტიკოს ძმასთან ინტერვიუს ჩატარების უფლებას.

ბოდიში

2021 წლის მაისში გავრცელდა ცნობები, რომ ჟურნალისტი კუომო, გუბერნატორი ძმის პიარ კამპანიაში იყო ჩართული. ამის გამო კუომო კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის თანამშრომლების მხრიდან. წამყვანს ჟურნალისტური პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

საპასუხოდ კუომომ მაყურებელს პირდაპირ ეთერში მოუხადა ბოდიში: „შემიძლია ობიექტური ვიყო ნებისმიერი თემის მიმართ, გარდა ჩემი ოჯახისა. მე მიყვარს ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური და მე მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს CNN-ში“.

კუომოს მხრიდან ძმის პიარ კამპანიაში მონაწილეობა CNN-მა „შეუფერებლად“ შეაფასა, თუმცა მაშინ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია.

ჟურნალისტმა ძმის შესახებ დუმილი კიდევ ერთხელ აგვისტოში, ენდრიუ კუომოს, ნიუ-იორკის გუბერნატორის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაარღვია. სატელევიზიო მიმართვის დროს მან გაიმეორა, რომ ის პოლიტიკოსი ოჯახის წევრისთვის არა „მრჩეველი“, არამედ „ძმა“ იყო. აღიარა, რომ ძმის თანაშემწეებს ესაუბრა და თავისი აზრი გაუზიარა, მაგრამ ეს ყველაფერი მაისში შეწყვიტა, როდესაც ამისკენ CNN-მა მოუწოდა.



„თავს არასდროს დავსხმივარ და არც არავინ წამიხალისებია თავს დასხმოდნენ იმ ქალებს, რომლებმაც ჩვენებები მისცეს. არასდროს დავკავშირებულვარ პრესის წარმომადგენლებს ჩემი ძმის ვითარებასთან დაკავშირებით“,- ამბობდა კუომო აგვისტოში.

თუმცა მის ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მასალები.

კუომოს გათავისუფლება

„კრისმა ჩვენთან აღიარა, რომ თავისი ძმის გუნდს რჩევები მისცა, გაირკვა, რომ მან ჩვენი წესები დაარღვია და ეს საჯაროდ ვაღიარეთ. მაგრამ ასევე ვაფასებდით მის უჩვეულო პოზიციას, გვესმოდა, რომ ის პირველ ადგილზე ოჯახს აყენებდა, მეორეზე კი სამსახურს.“ - წერია CNN-ის მიერ 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში - „თუმცა ეს დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროვებამდე ინფორმაცია არ გვქონდა, სერიოზულ კითხვებს აჩენს და თავისი ძმის საქმეში იმაზე დიდ ჩართულობაზე მიუთითებს, ვიდრე აქამდე ვიცოდით.“

ამ განცხადების პარალელურად, CNN-მა კრის კუომო საქმიანობას განუსაზღვრელი ვადით, საქმის შემდგომ შეფასებამდე ჩამოაშორა.

ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას არხის განცხადებიდან მეორე დღეს, პირველ დეკემბერს, რადიო SiriusXM-ის ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ არხის გადაწყვეტილების ესმის, პატივს სცემს მისი ქცევის შეფასების პროცესს და ამ თემაზე აღარ ისაუბრებს.

მას შემდეგ კი, რაც არხის მიერ დაქირავებულმა ადვოკატებმა კუომოს შესახებ გავრცელებულილ დოკუმენტები შეაფასეს, CNN Worldwide-ის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა ტელეწამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა. არხის განცხადების მიხედვით, გამოძიება დღემდე გრძელდება.

კუომოს სექსუალურ შევიწროვებაშიც სდებენ ბრალს

CNN-დან კრის კუომოს დათხოვნის შემდეგ რამდენიმე საათში, New York Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს მისი ყოფილი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ქალი ანონიმურობას იცავს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასთან ერთად ტელეარხ ABC-ზე წლების წინ მუშაობდა. შევიწროვების ბრალდების შესახებ ქალის ადვოკატმა CNN-ს პირველ დეკემბერს შეატყობინა.

ჟურნალისტის წარმომადგენლები პრესასთან აცხადებენ, რომ ეს ბრალდება ტყუილია.

„არ მინდოდა ჩემი მუშაობა CNN-თან ასე დასრულებულიყო, მაგრამ მე უკვე გითხარით რატომ და როგორ დავეხმარე ჩემს ძმას“, - დაწერა კუომომ და მადლიერება გამოხატა თავისი გადაცემის გუნდის მიმართ „ტვიტერზე“, თუმცა სექსუალური შევიწროვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერი უთქვამს.

კრის კუომოს ეს შემთხვევა ამერიკული მედიისთვის შესაძლოა პრეცდენტულიც იყოს. ეს აჩენს ახალ შეკითხვებსაც, დაკარგა თუ არა ნდობა არხმა და შეილახა თუ არა მისი იმიჯი ან რამდენად დროული იყო CNN-ის გადაწყვეტილება? რა შეიცვლება მედიასაშუალებების პოლიტიკაში, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ ჟურნალისტების ნაწილს პირადი კავშირები აქვს პოლიტიკოსებთან.

კატეგორია: ინტერვიუ

საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებია 60-ს აჭარბებს. ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ქვეყანაში დაბალია. რა როლი აქვს მედიას პანდემიასთან ბრძოლაში და რა უნდა გაითვალისწინონ ქართულმა მედიასაშუალებებმა, როცა კოვიდ-19-ს აშუქებენ? - ამ თემებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, ზურაბ ალხანიშვილს ვესაუბრეთ. 


წაიკითხეთ ამავე თემაზე: პანდემიის გაშუქება - ექიმის რჩევები მედიას


პანდემიის გამოცხადებიდან თითქმის 2 წელი გავიდა, როგორ შეიცვალა ამ პერიოდში მედიის გაშუქების ხარისხი კოვიდ-19-თან დაკავშირებით?

პანდემიის დაწყებისთანავე საქართველოში მედია ამ საკითხს, მეტწილად, კარგად აშუქებდა: აქცენტებს სწორად სვამდნენ და სპეციალისტების აზრს ითვალისწინებდნენ. მარტივი მაგალითი, რომ გავიხსენოთ, პირველსავე დღეებში, როცა საქართველოში კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა, კორონავირუსი შუქდებოდა, როგორც „ახალი მომაკვდინებელი კორონავირუსი“, შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია, რომ ასეთი ფორმით ვირუსი არ გაეშუქებინათ.

ქართულმა მედიასაშუალებებმა მართლა ერთ დღეში შეწყვიტეს კორონავირუსის ამ ფორმით წარდგენა და გაშუქება.

პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა, ძირითადი პრობლემა ამ გადმოსახედიდან ისაა, რომ პერსონალური თუ სხვა ინტერესების გამო ხშირად ზარალდება ინსტიტუციების ავტორიტეტი. ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნებისმიერ კრიზისში მნიშვნელოვანია ინსტიტუციების მიმართ ნდობა.

კოვიდპანდემიის საწინააღმდეგოდ ჩვენი იარაღი კომუნიკაციაა: ინსტიტუტებმა და ავტორიტეტულმა ადამიანებმა გასცენ რეკომენდაციები და ეს რეკომენდაციები მთელმა საქართველომ შეასრულოს. ეს რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ვაქცინაცია. ხალხი ამ რეკომენდაციებს მაშინ ითვალისწინებს, თუ ენდობა ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს. ამის ნათელი მაგალითი 2 წლის თავზე ჩვენ უკვე ვნახეთ იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის ინსტიტუტები და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობს. იქ ახლა უკეთესი ვითარებაა, მოსახლეობის დიდი ნაწილიც აცრილია და რეკომენდაციებიც მეტადაა დაცული. ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო მთელი საზოგადოების ერთიანი ინტერესი, რომ შენარჩუნებულიყო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ ნდობა.

სხვა მხრივ შეგვიძლია შევაქოთ ჩვენი მედიასაშუალებები, რომ სწრაფად აუღეს ალღო მათ შორის მედიცინის და მეცნიერების მტკიცებულებების იერარქიას და თვითონ იწყებდნენ ხოლმე ინფორმაციის გადამოწმებას. რიგ შემთხვევებში იყო რესპონდენტების პრობლემა, შეიძლებოდა ეთერში ისეთი ადამიანი მოხვედრილიყო, რომელიც მტკიცებულებების გარეშე საუბრობდა, თუმცა ესეც ნელ-ნელა თავისით დარეგულირდა.

ახსენეთ ჯანდაცვის ინსტიტუტებისადმი ნდობა, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს მედიას აქვს უფლება კრიტიკული იყოს ხელისუფლების, მათ შორის ჯანდაცვის უწყების მიმართ და ეს კრიტიკა ჯანსაღი და არგუმენტირებული იყოს. ამაში ხედავთ პრობლემას?

ეს არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით ეს მხოლოდ დადებითად შესაფასებელი საკითხია. თუ მოსახლეობამ იცის, რომ ფილტრში გადის გადაწყვეტილების მიმღები პირების რეგულაციები, ექვემდებარება კრიტიკას, შეუძლია განსხვავებული მოსაზრება მოისმინოს. და თუ ამ განსახვავებულ მოსაზრებას შემდგომში სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

თუმცა მე ამას არ ვგულისხმობ. მე აქ ვგულისხმობ პერსონალურ კრიტიკას. იმიტომ, რომ პანდემიის ვითარებაში მათი პირადი ცხოვრების სხვა დეტალების გაშუქება ნეგატიურ კონტექსტში კარგს არაფერს იძლევა. ეს კარგი არავისთვის არ არის და ვერცერთი პროცენტით ადამიანებს ვერ ეხმარება.

ძირითადად რა უზუსტობები ისმოდა ქართულ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებით?

საბედნიეროდ, ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ძალიან დააზარალა როგორც ვაქცინაციის კამპანია, ასევე პირდაპირ აისახა ადამიანების განწყობაზე. ვგულისხმობ, პრაიმატიმის, რეიტინგული საეთერო დროის, დათმობას იმ ადამიანებისთვის, ვისაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია და უფრო მეტიც, არიან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც შეფარვით თუ ცხადად ანტივაქსერული განწყობები აქვთ.

მათ ეთერი არ უნდა დაეთმოთ, ან, თუ დაეთმობათ, ეს წინასწარ კარგად უნდა იყოს დაგეგმილი და გაანალიზებული. ვერცერთი ჟურნალისტი ანტივაქსერს ვერ გაუწევს ოპონირებას: როცა ადამიანი მეცინერებისგან აბსოლუტურად განყენებულ საკითხზე გეუბნება რაღაცას მის წინააღმდეგ შენ სამეცნიერო არგუმენტი არ გაგაჩნია, რადგან ეს არის აბსურდი. როცა აბსურდზე გელაპარაკებიან და შენ ამ აბსურდზე უბრალოდ სიტყვა არ გაქვს, ვერ შეეწინააღმდეგები. მე რომ გითხრათ, თქვენ ხართ უცხოპლანეტელი ხომ ვერ დამიმტკიცებთ, რომ არ ხართ უცხოპლანეტელი, მაგრამ ამას პირდაპირ ეთერში რომ გეუბნებიან, უბრალოდ დაიბნევით და ვერაფერს იტყვით. მაყურებლის თვალით ჩანს, „აი შეხედეთ, მას სათქმელიც არაფერი ჰქონდა“. ეს წაგებული ბრძოლაა ხოლმე, ამიტომ მედია ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთი რადიკალური ჯგუფების მოწვევას და გაშუქებას. ხოლო თუ აშუქებს, ისინი წინასწარ უნდა მოემზადონ ამისთვის, იცოდნენ ვინ დაახვედრონ სტუდიაში ოპონირებისთვის.

ასევე, მედიაში ჩანდნენ ქართველი, ახლა უკვე ცნობადი, სახეები რომლებსაც კერძო ინტერესები ჰქონდათ. მაგალითად, თავიანთი ბალახეულის წამლები, რომლებსაც ყიდიან კოვიდპაციენტებზე და, შესაბამისად, როცა ისინი ამბობენ, „არ აიცრათო“, იმიტომ ამბობენ, რომ ეს მათი პირდაპირი ინტერესია: რაც უფრო მეტი იქნება ავად, მეტ ფულს იშოვის თავისი „წამლებით“, რომელსაც ყიდის კოვიდპაციენტებზე.

სხვა მხრივ არ მახსენდება შემთხვევა, ალბათ, ერთეულები იქნება, როცა მედიამ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გაავრცელა და ამით დააზარალა მოსახლეობა ან კამპანია.

ვაქცინებზე და ზოგადად კორონავირუსის შესახებ საუბრისას რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება?

ტერმინოლოგიას შინაარსი აქვს და ის ძალიან განსაზღვრავს ხოლმე განწყობებს, როგორ აღიქვამს ამას შემდგომში მსმენელი და მაყურებელი. არის, მაგალითად, ჯგუფები, რომლებსაც არ უყვართ, რომ ანტივაქსერებს ეძახიან, მაგრამ ანტივაქსერი არის - ადამიანი, რომელიც არის ვაქცინების მოწინააღმდეგე, ამაში ახალი არაფერია.

რა იყო მედიით ყველაზე ხშირად გავრცელებული დეზინფორმაცია კოვიდ-19-ის შესახებ?

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია ნაკლებად არის ხოლმე ცენტრალურ მედიაში. ძირითადად ისინი თავიანთი საინფორმაციო არხებით სარგებლობენ სოციალურ ქსელებში. შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ფორმა:

1. „მიმები“, რომლებიც ვრცელდება „ფეისბუქზე“, რომელიც დატვირთულია სახალისო, ვითომ შემეცნებითი შინაარსით, რეალურად ეფუძნება ნაწილობრივ სიმართლეს და ძირითადად მიმართულია ადამიანების შეცდომაში შეყვანისკენ. ემოციური შინაარსით არის დატვირთული, შეიძლება იყოს გამოგონილი ადამიანის ისტორიები; ან იყოს ნამდვილი ადამიანის ამბავი, ოღონდ შეცვლილი, რომელიც ხალხზე ზემოქმედებს. მართალია მასში აქცენტი მოთხრობილ ემოციურ ამბავზეა, მაგრამ ის გზავნილები, რომლის გატარებაც უნდათ მაინც აუდიტორიის ქვეცნობიერში რჩება და სხვადასხვა დროს ისევ იღვიძებს.

2. შეცვლილი, გაყალბებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოსახულებები ან ვიდეოები. ამის ნათელი მაგალითი იყო და ქართულ მედიაშიც აქტიურად გავრცელდა, „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ ერთ-ერთი სპიკერის ვიდეო, რომელშიც ის თითქოს ამბობდა და „აღიარებდა“, რომ პანდემია არ არსებობს, ეს ყველაფერი მოგონილია და შეთქმულების თეორიაა. სინამდვილეში, ეს ვიდეო არასწორი ქართული თარგმანით გამოქვეყნდა. ეს ვიდეო ძალიან ფართოდ გავრცელდა ქართულ მედიაში. თავდაპირველად არავინ სცადა მისი ორიგინალის ნახვა, თუ რას ლაპარაკობდა ის ქალი ინგლისურად სინამდვილეში.

3. ფალსიფიცირებული გვერდები, მათ შორის ცნობილი ადამიანების ყალბი ფეისბუქ გვერდები. ამის მაგალითი იყო, როცა შექმნეს ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქ გვერდი. მასზე განთავსებული ინფორმაციის, ალბათ, 90% სწორი იყო, რაც ეყრდნობოდა „დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ ამიტომ ადამიანების ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ეს ოფიციალური გვერდი იყო და აქედან სწორი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. თუმცა დროდადრო გამოერეოდა ხოლმე ყალბი, ძირითადად ანტივაქსერული ინფორმაცია, და ასე შეჰყავდათ ადამიანები შეცდომაში.

4. ორკესტრირებული კამპანიები, რაც საქართველოშიც აქტიურად მუშაობს, საბედნიეროდ, ისეთი წარმატებით ვერა, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ხშირად ამ საკითხზე საუბრისას ადამიანებს აქვთ კითხვა რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ ასეთი კამპანიები აწარმოონ საქართველოში. ამის ორი ძირითადი საფუძველი არსებობს. პირველი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისს შეუძლია მთელი ქვეყნის კრიზისში შეყვანა, რადგან ის იწვევს ეკონომიკურ, ფინანსურ კრიზისს და ა.შ გადის უზარმაზარ დანახარჯებზე, ეპიდემიების გამო იხურება სკოლები და ბაღები, იკარგება სამუშაო ადგილები და ა.შ. და მეორე: ეს პირდაპირ ურტყამს ავტორიტეტს - ანგრევს ჯანდაცვის ინსტიტუტების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნდობას, ისინი კარგავენ გავლენას, ეს არის მტერი სახელმწიფოების ინტერესი და ამის გამო ამ მეთოდით იბრძვიან ხოლმე.

როგორ შეიძლება ჟურნალისტებმა თავიდან აიცილონ გაუცნობიერებლად ხელი არ შეუწყონ კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის ან კონსპირაციული თეორიების გავრცელებას?

ნებისმიერმა ადამიანმა ინფორმაცია სანდო წყაროებში უნდა გადაამოწმოს. თუ შევხედავთ მტკიცებულებათა იერარქიას, ყველაზე დაბალი რანგის არის მაგალითად, ექსპერტის მოსაზრება, რადგან მას თუ ზურგს არ უმაგრებს მტკიცებულებები და კვლევები, მაშინ მის აზრს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ამ იერარქიაში რაც უფრო ზემოთ მივდივართ, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ინსტიტუციებს, რადგან ინსტიტუციები კვლევების შეჯერების საფუძველზე იძლევიან გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენ თუ რაღაც ახალ ინფორმაციას ვეცნობით და გვაინტერესებს ეს ინფორმაცია ნამდვილია, ყალბი, ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის ინსტიტუციებში.

ჩვენთან უკვე რამდენიმე ვებგვერდი მუშაობს, რომლის უკან „დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ და „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ დგას და ამ ინფორმაციის გადამოწმება ძალიან იოლია, მათ შორის „დაავადებათა კონტროლის ცენტრში“ არის კომუნიკაციის ჯგუფი, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება.

რომელი სამედიცინო და სამეცნიერო წყაროებია ყველაზე სანდო კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად?

ეს არის NCDC.ge – „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ვებგვერდი, ასევე მათი პორტალი vaccines.ncdc.ge და provax.ge – ეს არის ის სამი ძირითადი პორტალი, რომლებიც პარტიორ ორგანიზაციებთან ერთად არის შექმნილი, მუდმივად განახლებადია და, როგორც წესი, პირველად ინფორმაცია ქართულ ენაზე მანდ არის ხოლმე ხელმისაწვდომი. ისევე როგორც ვაქცინების შესახებ სრული ინფორმაცია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომია.

უცხოენოვანი წყაროებიდან, თუ სამეცნიერო ჟურნალებს არ შევეხებით, რადგან აქაც თავისი იერარქიაა და უამრავი ჟურნალი არსებობს, მაშინ ისევ მარეგულირებლებს შეგვიძლია მივაკითხოთ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის მარეგულირებელი FDA და ევროპის მარეგულირებელი EMA. ეს სამი ძირითადი მარეგულირებელი არის ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ორგანიზაცია.

როგორია ჟურნალისტების როლი პანდემიის დროს?

თითოეულ ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. რაღაც პრინციპებს მუდმივად უნდა ვიცავდეთ, არასდროს ეთერში არ უნდა მოხვდეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ გავიდეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა ორჭოფობა გამოიწვიოს ხალხში. ინფორმაცია, რომლის მიღმაც დარჩება შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არ გვექნება. და, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს და იმ მოცემულობას, რომელშიც ვართ. მაგალითად, ახლა რომ გაკეთდეს სიუჟეტი, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი არა, ეს არასწორი მიდგომა იქნებოდა იმიტომ, რომ რომელი ვაქცინაც გვაქვს, 3%-ით მეტად ან ნაკლებად ეფექტური არის თუ არ არის - ეს არაფერს არ ცვლის, ეს ვაქცინები გვაქვს, ეს ვაქცინები უნდა გამოვიყენოთ, მით უმეტეს ვიცით, რომ სიკვდილიანობისგან 99%-ით ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი მედიამ პანდემიასთან ბრძოლას დღევანდელ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში?

დღევანდელი სურათით თუ ვიმსჯელებთ, წინა რამდენიმე თვე პოლიტიკურად ძალიან აქტიური და დატვირთული იყო, რის გამოც მედიის დღის წესრიგიდან მოიხსნა კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები. რეალურად, ამის შედეგებს ახლაც ვხედავთ - აქტუალურობა დაკარგა. უბრალოდ ახლა, ბოლო დღეებში მოსახლეობაში ის აქტუალური გახდა, რადგან ვირუსის გავრცელება ისევ მაღალი გვაქვს და როცა ადამიანი თავისი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების ავადობას ხედავენ ხოლმე, უშინდებიან და აკითხავენ ვაქცინაციის ცენტრებს, ოჯახის ექიმებს და ა.შ

პოზიტიური მხარე ისაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში გაიზარდა ზოგადად იმუნიზაციის შესახებ ცნობიერება, ეს მოიტანა როგორც მედიის აქტიურობამ ისე ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობამ საქართველოს მასშტაბით. ეს ორივე ისევ მაღალ დონეზე უნდა მუშაობდეს ოღონდ, საჭიროა კოვიდ რეგულაციები არ აღსრულდა, რაც მოიკოჭლებს ხოლმე, ესეც თუ მედიით აქტიურად არ გაშუქდა და ერთგვარ ფორმაში არ ამყოფა მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიც, სტატისტიკა ცუდი გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ გვჭირდება ამ მდგომარეობის შეცვლა. მედია თუ ამ საკითხებს სათანადოდ გააშუქებს ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ყოველთვის ცვლის ხოლმე მათ შორის მთავრობის დღის წესრიგსაც.

რა უნდა შეიცვალოს მედიაში პანდემიისა და ვაქცინაციის გაშუქების მიმართულებით?

მოდი უფრო ფართოდ შევხედოთ სურათს რომ მივხვდეთ რა მოხდა ბოლო 20-30 წელიწადში: ჩვენ გარშემო ვეღარ ვხედავთ ადამიანებს ყვავილით, პოლიომიელიტით, დიფტერიით, წითელათი და ა.შ. ეს დაავადებები ადრე მილიონობით ადამიანს, ხშირად ბავშვებს კლავდა. ეს იყო ჩვენი წარსული და ეს გამოცდილება ჩვენს ოჯახებში ასაკოვან ადამიანებს ახსოვთ.

მაგრამ როცა ეს დაავადებები ვაქცინებით იმართა, ზოგიერთი მათგანი, ფაქტობრივად, გაქრა, ზოგი კი გაქრობის პირას არის. ამ დაავადებებს ჩვენ გარშემო ვეღარ ვხვდებით და, შედეგად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ინტერესი მოვადუნეთ - ბოლო წლების განმავლობაში ამ თემებზე თითქმის აღარ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ეს თემა აღარ გვაწუხებდა. მედიაშიც, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მცირე ნაწილი ეკავა ხოლმე და მოსახლეობისთვისაც ეს აღარ იყო აქტუალური თემა ანუ ვაქცინები თავისივე წარმატების მსხვერპლი გახდნენ და დღეს როცა ვამბობთ, რომ მსოფლიო მოუმზადებელი იყო პანდემიისთვის ის იგულისხმება, რომ ხალხმა დავივიწყეთ ის სარგებელი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მოაქვს.

როცა პრობლემა ხელახლა შემოგვიბრუნდა, ძალიან გაგვიჭირდა იმ წარსულის გახსენებაც და გადაფასებაც, რასაც უკვე მივაღწიეთ წინა საუკუნეში. ამიტომ მედიასაშუალებებმა სასურველია არ მოადუნონ ყურადღება. მხოლოდ კოვიდი ხომ არ არის? გრიპის სეზონი გვაქვს, საქართველოში მიმდინარეობს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები და მიმართვიანობა არის ძალიან დაბალი. ამ დროს ეს არის ვაქცინა, რომელიც საშვილოსნოს კიბოს განვითარებისგან იცავს, მაგრამ ამის შესახებ მედიასაშუალებებიდან ნაკლებად გვესმის ხოლმე, კარგი იქნება, რომ ეს საკითხები დღის წერსიგში მუდმივად იდგეს, რათა მომავალში ასეთ ვითარებაში აღარ აღმოვჩნდეთ. აიცერით, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი გარშემომყოფები.
კატეგორია: რესურსები
ჟურნალისტები კომენტარის ან ინტერვიუს ჩაწერის დროს რესპონდენტისგან ხშირად ისმენენ ფრაზებს: „კომენტარისთვის არ გეუბნები“, ჩვენ შორის დარჩეს“, „ჩაწერა გავთიშოთ“... როდის უნდა გაითვალისწინოს რესპონდენტის ეს პირობები ჟურნალისტმა?

გამოცემა Politico-ს განყოფილება West Wing Playbook-მა 2021 წლის სექტემბერში "ვაშინგტონ პოსტის" მესვეტეს, ჯენიფერს რუბინს, სტატია მიუძღვნა და მას “ბაიდენის ადმინისტრაციის დამცველი“ უწოდა. სტატიის მომზადებისას გამოცემა ჯენიფერ რუბინს კომენტარისთვის სამჯერ დაუკავშირდა, საბოლოოდ კი რუბინისგან West Wing Playbook-ის ერთ-ერთმა ავტორმა და „პოლიტიკოს“ თეთრი სახლის რეპორტიორმა ალექს ტომპსონმა ელექტრონულ ფოსტაზე კრიტიკული შინაარსის წერილი მიიღო: ჯენიფერ რუბინის გაგზავნილი წერილის სათაურში დიდი ასოებით ეწერა OFF THE RECORD (არა გასასაჯაროებლად).

სათაურის მიუხედავად „პოლიტიკოს“ ჟურნალისტმა ჯენიფერ რუბინის წერილი გაასაჯაროვა და სტატიაში სრულად გამოიყენა.

„ვინაიდან ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ „არასაჯარო“ საუბარზე, ახლა [ამ წერილს] სრულად ვაქვეყნებთო“,- დაწერა "ტვიტერზე" „პოლიტიკოს“ ჟურნალისტმა.

ამ ტვიტს კი სოციალურ ქსელში ჟურნალისტებისგან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ჰქონდა თუ არა „პოლიტიკოს“ ჟურნალისტს ჯენიფერ რუბინის წერილის გამოქვეყნების უფლება?

მედიის კვლევებისა და ჟურნალისტიკის ორგანიზაციის „პოინტერის“ ავტორი ტომ ჯონსი წერს, რომ ჟურნალისტიკის წესები ტომპსონის მხარესაა. ჟურნალისტს წერილის გამოქვეყნების უფლება ჰქონდა, რადგან არგასაჯაროების პირობაზე ის არ შეთანხმებულა და შესაბამისად, პირობაც არ დაურღვევია. თუმცა, ზოგიერთი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ წერილის სათაური თხოვნად შეიძლება ჩაითვალოს და ტომპსონი წერილის გახსნით მას დათანხმდა. თანხმობაზე უარის შემთხვევაში კი შეეძლო წერილი წაუკითხავად წაეშალა.

Off the Record (არგასაჯაროების) დათქმას ორმხრივი თანხმობა სჭირდება

ტომ ჯონსი რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარში რაიმეს არა საჯაროდ თქმის პირობებზე შეთანხმების პროცესს ასე აღწერს:

პირველ რიგში, წყარომ რეპორტიორს უნდა ჰკითხოს შეუძლია თუ არა რაიმე არასაჯაროდ/არაგამოსაქვეყნებლად თქვას. და მხოლოდ რეპორტიორის თანხმობის შემდეგ უნდა  გაუზიაროს ეს არასაჯარო ინფორმაცია.

თუ ჟურნალისტი დათანხმდება ინფორმაციის არაგამოსაქვეყნებლად მიღებას, ეთიკა მოითხოვს, რომ ეს ინფორმაცია არ გაშუქდეს. „ჩანაწერის გარეშე“ გაკეთებული კომენტარები წყაროსა და რეპორტიორს შორის უნდა დარჩეს.

კიდევ რა წესები არსებობს რესპონდენტის ჩაწერის დროს?

ახალი ამბების სააგენტო Associated Press სარედაქციო პრინციპებში რამდენიმე ტერმინს განმარტავს:

On the record, ანუ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია: ასეთი ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია გაფრთხილების გარეშე, წყაროს სახელის მითითებით.

"ნიუ იორკ ტაიმსის" ჟურნალისტი მეტ ფლეგენჰაიმერი კი განმარტავს, რომ თუ რესპონდენტის ჩაწერისას სხვაგვარი დათქმა არაა, უკვე არსებობს დაშვება, რომ ყველა კომენტარი გამოსაქვეყნებლად (on the record) კეთდება.

Background (სახელის მითითების გარეშე) - ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს, მაგრამ მხოლოდ წყაროსთან მოლაპარაკებული პირობებით.

ასეთი დათქმის დროს, წყაროს ჩვეულებრივ, არ უნდა მისი სახელის გამოქვეყნება, მაგრამ თანხმდება მასალაში მისი თანამდებობის ან პოზიციის აღწერაზე. მაგალითად, „მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც ამ ინფორმაციაზე აქვს წვდომა“.

Deep background (კონტექსტისთვის) - ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ წყაროს მითითების გარეშე. ინფორმაციის წყაროს ამ შემთხვევაში არ სურს იდენტიფიცირება ანონიმურობის პირობითაც კი. ხშირად ამ პირობის აღსაწერად ფრაზებს “not for attribution” და “no fingerprints-საც“ იყენებენ.

"ნიუ იორკ ტაიმსის" ჟურნალისტის თქმით, ამ ტერმინის ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, ასეთი ინფორმაციის გამოყენება ჟურნალისტს მხოლოდ კონტექსტისთვის შეუძლია.

AP მიუთითებს, რომ თუ ამ შემთხვევებში წყაროს მოშველიება გვინდა, უნდა ვიპოვოთ ვინმე, ვინც ასეთ ინფორმაციას on the record დაგვიდასტურებს და სტატიაში წყაროდ ის მოვიშველიოთ.

რეპორტიორებმა ინტერვიუები On the record დაშვებით უნდა დაიწყონ და რესპონდენტს თავიდანვე განუმარტონ, რომ მათი საუბარი იწერება. თუ წყაროს პირობების წამოყენება სურს, მოლაპარაკება ინტერვიუს დასაწყისში უნდა შედგეს. ინტერვუს ბოლოს კი რეპორტიორი უნდა ეცადოს დაითანხმოს რესპონდენტი, რომ ის, რაც გამოუქვეყნებლობის პირობით მოისმინა ნაწილობრივ მაინც On the record გადაიტანოს.

რადგან ყველას არ ესმის ამ ტერმინებს შორის განსხვავება, ყველა იმ ინტერვიუს წინ, სადაც გარკვეულ დონეზე ანონიმურობაა მოსალოდნელი, აუცილებელია საუბარი ძირითადი წესების მკაფიოდ დასადგენად.

შესწორებები ინტერვიუს შემდეგ

"ნიუ იორკ ტაიმსის" პოლიტიკის რეპორტიორი, მეტ ფლეგენჰაიმერი წერს, რომ ზოგადი პრინციპია და უკეთესია, რეპორტიორმა წესები დასაწყისშივე, დამკვიდრებული ტერმინების გარეშე, მარტივი ენით დაადგინოს: შეიძლება წყაროს სახელის ციტირება? შეგვიძლია ინფორმაციის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სახელს არ ვახსენებთ? შეგვიძლია მინიმუმ წყაროს სამსახურეობრივი პოზიცია აღვწეროთ?

ჟურნალისტი თავისი გამოცდილებით იმ შემთხვევებზეც წერს, როდესაც რესპონდენტები თავიანთ სიტყვებს ნანობენ და On the record ინტერვიუდან ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები, დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ On the record კომენტარი „ჩანაწერის გარეშე“ იყო (რაც, ჟურნალისტის თქმით, ასე არ ყოფილა). ზოგჯერ პოლიტიკოსები, არ უარყოფდნენ თავიანთ ფრაზებს ინტერვიუებში, თუმცა მედიას სთოხვდნენ ის არ გამოეყენებინათ. ამის სანაცვლოდ, ზოგიერთი მათგანი ჟურნალისტს მომავალში ექსკლუზიური ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა.

ფლეგენჰაიმერი წერს, რომ ყველა შემთხვევაში ასეთი მოთხოვნები და შემოთავაზებები The New York Times-ის ჟურნალისტისთვის მიუღებელია.
კატეგორია: ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ პანდემიისა და კოვიდ-19-ის შესახებ კონსპირაციული თეორიები გაჟღერდა.

გადაცემა ე.წ მწვანე პასპორტის წინააღმდეგ პროტესტს ეხებოდა, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი ეთერი ძირითადად რესპონდენტების მხრიდან ვაქცინაციას საწინააღმდეგო მოსაზრებებსა და პანდემიის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებას დაეთმო.

კონტექსტი

„თავისუფალი ხედვის“ წამყვანმა შესავალშივე განმარტა, რომ თავდაპირველად გადაცემა მიწვეულ რესპონდენტებსა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან“ დებატების ფორმატში იყო ჩაფიქრებული, თუმცა „დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან“ უარი მიიღეს:

„დღეს ვსაუბრობთ პანდემიაზე, კორონავირუსზე, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა ამას თან მოჰყვა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქტიურობა. თუ რა პერსპექტივას, რა პროცესებს და ასე ვთქვათ რა გამოსავალს ხედავენ ისინი, რაში ხედავენ ისინი პრობლემას, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად“

წამყვანის განმარტებით, ის ეცდებოდა ჩაენიშნა რესპონდენტების დასახელებული ყველა პრობლემური საკითხი და მომავალში „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენლებს აუცილებლად შესთავაზებდა ეთერს, რათა გადაცემაში რესპონდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებისა და კითხვებისთვის ეპასუხათ.

კონსპირაციული თეორიები და ანტივაქსერული განწყობები

გადაცემა მთლიანად ორი სტუმრის: მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძისა და სამხედრო ექიმის სტატუსით მიწვეული გიორგი ლილუაშვილის მოსაზრებებს დაეთმო.

რესპონდენტები ამბობდნენ, რომ საქართველოში პანდემიური სიტუაცია არ არის და უნდობლობას უცხადებდნენ კოვიდ-19-ის ოფიციალურ სტატისტიკას.

ერთ-ერთ რესპონდენტთან წამყვანის პირველი შეკითხვა სწორედ პანდემიის არსებობის საკითხს ეხებოდა. მაშინ, როდესაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა და მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

- გიორგი გვიმრაძე: ბატონო ლევან, მოდით ამ კითხვით დავიწყოთ თქვენთანაც, პანდემია და ეპიდემია გვაქვს თუ არ გვაქვს და რას უნდა დავეყრდნოთ, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლებრივი კატეგორია ანუ ამას დოკუმენტის გამოქვეყნება სჭირდება თუ შეფასებაც საკმარისია?

- ლევან ჩხიკვაძე: მოდით, მე როგორც მიკრობიოლოგი ისე დაგელაპარაკებით, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი.

- გიორგი გვიმრაძე: გისმენთ, ოღონდ მე გამიჭირდება გამოგყვეთ მაგაში ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე.

გადაცემის სტუმრებმა არაერთი ბრალდება გააჟღერეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის პაატა იმნაძის მიმართ.

რესპონდენტები გადაცემაში საუბრობდნენ „გაბერილ სტატისტიკაზე“, კოვიდ-19-ის დასადგენად პისიარ ტესტების „უფუნქციობაზე“ და მისი შემქმნელის პანდემიამდე გარდაცვალებაზე, რაც „კითხვის ნიშანს აჩენს“. გადაცემის სტუმრები ამბობდნენ, რომ პირბადე ადამიანს ვირუსისგან არ იცავს, კოვიდ-19 ბიოლოგიური იარაღია და რომ „იძულება მიმდინარეობს ბავშვები აცრან“, რაზეც წამყვანს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. „თავისუფალი ხედვის“ სტუმრები ე.წ მწვანე პასპორტებს ეწინააღმდეგებოდნენ და ვაქცინაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანი რესპონდენტებთან ოპონირებას ცდილობდა, გადაცემის ბოლოს თავადვე აღნიშნა: „მე ვერ ვიქნები თქვენი ოპონენტი, ასე ცალმხრივად უბრალოდ შეუძლებელი ამაზე საუბარიო“.

კომენტარისთვის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანს გიორგი გვიმრაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან საუბარზე უარი გვითხრა.

ზიანი

„ეს გადაცემა, ალბათ, კონსპირაციული თეორიების მოყვარულ ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონებოდა იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ეს ადამიანები აჟღერებდნენ იყო არაფერზე დაფუძნებული და უმეტესად ტყუილი, ჩვეულებრივი მითები, სადაც შეიძლება კონკრეტული ფაქტები იყოს მართალი, მაგრამ დანარჩენი მანიპულაციაა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნადო“, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის მოწინააღმდეგეების მუშაობის სქემის ნაწილია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელშიც არის სიმართლის ელემენტები და დანარჩენი ყველაფერი, რასაც ამბობენ მათი ფანტაზიის ნაყოფია. დეზინფორმაცია კი ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლეზე. ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე კი მედიის როლი მნიშვნელოვანია.

„მედიასაშუალებები თითოეულ სიტყვასა და რესპონდენტს ასჯერ უნდა წონიდნენ, რომ მგრძნობიარე საზოგადოებას ეს ყველაფერი სწორად მიეწოდებოდეს. ასეთი ინფორმაციის გაშუქების დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იქვე უნდა გვქონდეს მტკიცე გარანტიები იმის, რომ მას დავუპირისპირებთ სამეცნიერო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. თუ ეს ვერ ხდება ასეთ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი“, - ამბობს ზურაბ ალხანიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ვაქცინაციის გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში წერია, რომ ჟურნალისტებმა თავიდან უნდა აირიდონ ცრუ/ხელოვნური ბალანსი. ინფორმაციის ორივე მხარე მხოლოდ მაშინ უნდა გაშუქდეს, როცა განსხვავებული მოსაზრებები თანაბრად არგუმენტირებულია, და ეფუძნება ფაქტობრივ და სანდო ინფორმაციას.

ანტივაქსერული კამპანიის სიმძლავრიდან გამომდინარე კი მედიაში ანტივაქსერული განცხადებების რეკლამირების საფრთხეა. ამიტომ ვაქცინის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გაშუქებისას არსებობს ორი გზა: არ გავაშუქოთ ისინი, ან გაშუქების შემთხვევაში აღვნიშნოთ, რომ მოწოდება არის ანტივაქსერული, რასაც მედიასაშუალება არ იზიარებს.

„თავისუფალი ხედვის“ 16 ნოემბრის გადაცემა ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ არცერთ ონლაინ პლატფორმაზე არ არის ატვირთული.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კომპანია „მეტადან“ გაჟონილი შიდა დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ფეისბუქმა“ იცოდა, მისი პლატფორმის ზოგიერთ ქვეყანაში ძალადობის წასაქეზებლად გამოყენების შესახებ, მაგრამ ამის შესაკავებლად საკმარისად ეფექტურად არ იმოქმედა.

მამხილებლის დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული ჟურნალისტური პროექტის „ფეისბუქის ქაღალდების“ მიხედვით, კომპანიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემა აქვს შემუშავებული, თუმცა ის უთანასწორო და ზოგიერთი ქვეყნისთვის არასაკმარისია.

მამხილებლის მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ “ფეისბუქი“ დეზინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე ებრძვის, ზოგან ამისთვის დიდ რესურსებს დებს, ზოგან კი მინიმალურს.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას ქვეყნებში ძალადობის წახალისება შეუძლია.

ვის უფრო მეტად იცავს „ფეისბუქი“

„ფეისბუქის“ შიდა დოკუმენტებით ჩანს, რომ კომპანიას დეზინფორმაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლისთვის ქვეყნები პრიორიტეტების მიხედვით კატეგორიებად აქვს დაყოფილი.

გამოცემა Verge-ის რედაქტორი ქეისი ნიუტონი ამ თემაზე „ფეისბუქიდან“ გაჟონილ მასალებს გაეცნო და კომპანიის ახლანდელ და ყოფილ თანამშრომლებს ესაუბრა.

„ფეისბუქის ქაღალდების“ მიხედვით, 2019 წელს მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „ფეისბუქის“ ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებსაც ქსელში ზიანის პრევენცია ევალებათ. ამ შეხვედრაზე კომპანიის ლიდერებმა დაასახელეს ქვეყნები, სადაც „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისგან გაძლიერებული დაცვისთვის ინვესტიციას ჩადებდნენ. „ფეისბუქმა“ მსოფლიო კატეგორიებად დაიყო.

0. ე.წ ნულ საფეხურზე „ფეისბუქისთვის“ ყველაზე პრიორიტეტულ ქვეყნებში ბრაზილია, ინდოეთი და აშშ მოხვდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ქვეყნებში „ფეისბუქმა“ შექმნა „ომის ოთახები“ - ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებდა არჩევნებში ჩარევის საფრთხეებს, ყალბ ამბებს, დეზინფორმაციას და ქსელს განუწყვეტლივ აკვირდებოდა. პრობლემის შემთხვევაში კი ჯგუფი ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების წარომადგენლებს აცნობებდა.

1. მომდევნო ანუ „პირველ საფეხურზე“ მოხვედრილ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას, ინდონეზიას, ირანს, ისრაელსა და იტალიას, „ფეისბუქზე“ უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ქვეყნების მსგავსი რესურსები ჰქონდათ, თუმცა გარკვეული გამონაკლისებით.

2. „მეორე საფეხურზე“ „ფეისბუქმა“ 22 ქვეყანა შეიყვანა. მათ შემთხვევაში ქსელის მუდმივი მონიტორინგი არ ჩატარდებოდა.

3. მსოფლიოს დანარჩენი სახელმწიფოები კი „მესამე საფეხურზე“ გადანაწილდა. აქ „ფეისბუქი“არჩევნებთან დაკავშირებულ მასალებს იმ შემთხვევაში განიხილავდა, თუ მას კონტენტის მოდერატორები მიაწვდიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ჩაერეოდა.

კონტენტის მოდერაციის ეს სისტემა დეტალურად მამხილებლის მოპოვებულ დოკუმენტებშია აღწერილი.

უთანასწორო მიდგომა

„ფეისბუქი“ უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ქვეყნებს პლატფორმაზე კონტენტის გაძლიერებულ მოდრეაციას სთავაზობს. ეს მოიცავს კომპანიის სტანდარტების ოფიციალურ ენებზე თარგმნას, ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ისე შექმნას, რომ ამ კატეგორიაში შემავალი ქვეყნების ენებზე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ამოიცნოს. ასევე ვირუსული კონტენტის გასაანალიზებლად, საზიანო, შეცდომაში შემყვან და ძალადობის წამქეზებელ ინფორმაციაზე მუდმივი რეაგირების გუნდის დაკომპლექტებას.

მაგრამ ამ სახელმწიფოებს მიღმა რჩება ისეთი ქვეყნები, სადაც კონფლიქტებსა და არეულობებს მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

მაგალითად ეთიოპიაში, მიანმარში და სხვა ქვეყნებში შესაძლოა კომპანიის სტანდარტები და წესები მათ ენებზე ნათარგმნიც არ იყოს. არც სიძულვილისა და დეზინფორმაციის ამომცნობი ალგორითმები იყოს შესაბამისად განვითარებული, არ არსებობდნენ ფაქტების გადამმოწმებლები და არასდროს იხსნებოდეს „ომის ოთახები“.

„ფეისბუქის“ მამხილებელი ფრენსის ჰაუგენი ამბობს, რომ მისთვის კომპანიის შიდა დოკუმენტების შეგროვების მთავარი მოტოვაცია იმაზე ყურადღების მიპყრობა იყო თუ, „როგორ ცუდად უმკლავდება „ფეისბუქი“ ისეთ ადგილებს, როგორიც ეთიოპიაა“. მამხილებლის შეფასებით, „ფეისბუქი“ საკუთარ პლატფორმას არაინგლისურენოვან ქვეყნებში შესაბამისად ვერ აკონტროლებდა.

არასაკმარისი რესურსი

The Guardian-ის ინფორმაციით, მიანმარის 53-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი “ფეისბუქს“ იყენებს და მათი დიდი ნაწილისთვის სოციალური ქსელი ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა. ქვეყანაში 2021 წლის თებერვალში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უფლებადამცველი ჯგუფის Global Witness-ის გამოძიებით დადგინდა, რომ „ფეისბუქის“ ალგორითმი ხელს უწყობდა თავისივე სტანდარტების საწინააღმდეგო, სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეებისადმი ძალადობის წამქეზებელი პოსტების გავრცელებას.

„ფეისბუქის ქაღალდების“ მიხედვით, მიანმარში, პაკისტანსა და ეთიოპიაში „ფეისბუქს“ არ ჰქონდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკმარისი სისტემა იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნებს „მაღალი რისკის“ სტატუსი მიანიჭა.

კომპანიის თანამშრომლები შიდა მიმოწერებში იმეორებდნენ, რომ „ფეისბუქი“ „რისკის წინაშე მყოფ ქვეყნებში“, როგორიც ეთიოპიაა, ძალადობის წამახალისებელი პოსტების გავრცელებას ვერ აჩერებდა და კომპანიის იმჟამინდელი სტრატეგია საკმარისი არ იყო.

მეტიც, „ფეისბუქის ქაღალდები“ აჩვენებს, რომ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც კონტენტის მოდერაციაზე ყველაზე მეტს ხარჯავს, პლატფორმაზე დეზინფორმაციის სიმრავლის პრობლემა აქვს.

2019 წლით დათარიღებული ჩანაწერების მიხედვით, მოდერატორების სამუშაო დატვირთვის შემსუბუქების იმედით, პოსტებზე მიღებული საჩივრების საქმეს კომპანია ავტომატურად ხურავდა, თუკი პოსტს ცოტა ნახვა ჰქონდა ან გასაჩივრებული საკითხი მძიმე არ იყო.

ჩანაწერების ავტორის ინფორმაციით, მოდერატორების შეფასებით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საჩივრების 75% „ფეისბუქის“ სტანდარტებს არ არღვევდა და აჯობებდა მოდერატორებს დრო უფრო მძიმე დარღვევების ძიებისთვის დაეთმოთ.

მამხილებლის მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ კონტენტის მოდერაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისი იყო, რის გამოც შესაძლებლობები მცირდებოდა. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას „პრიორიტეტი“ ენიჭება სიძულვილის ენის ამომცნობის სისტემის შექმნას ერთი წელი სჭირდება.

„ფეისბუქის“ წარმომადგენელი შიდა დოკუმენტებში წერს, რომ ამომცნობი სისტემების შექმნას პრიორიტეტი სჯობს იმ ქვეყნებში მიენიჭოს, სადაც მუდმივად ძალადობრივი ვითარებაა, ვიდრე იქ სადაც ასეთი ვითარება დროებითია და ამ შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ინსტრუმენტებს უნდა დაეყრდნონ.

Verge-ის ჟურნალისტი, ქეისი ნიუტონი ამბობს, რომ ასობით დოკუმენტის გაანალიზებისა და ფეისბუქის ამჟამინდელ და ძველ თანამშრომლებთან ინტერვიუების შემდეგ ნათელია, რომ კომპანიის თამაშრომლების ნაწილი ცდილობს შეამციროს პლატფორმის გამოწვევები. ზოგიერთ შემთხვევაში კი თანამშრომლებს უჭირთ მაგალითად, ისეთი შემთხვევების ახსნა, თუ რატომ უჩვენებს ალგორითმი კაცებს უფრო მეტ „სამოქალაქო კონტენტს“, ვიდრე ქალებს; ან რატომ მისცა საშუალება პროგრამულმა ხარვეზმა შრი-ლანკურ ძალადობრივ ჯგუფს ფეისბუქის ჯგუფში სამ დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი, მათი თანხმობის გარეშე დაემატებინა. ეს კი მისი აზრით, აჩენს განცდას, რომ „ფეისბუქში“ არავინ არის ბოლომდე დარწმუნებული რა ხდება.

“ფეისბუქის“ პასუხი

რესურსების განაწილება: Verge-ის ჟურნალისტს „ფეისბუქის“ ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დირექტორმა მირანდა სისსონსმა უთხრა, რომ რესურსების გადანაწილების მათი გზა გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო წესების საუკეთესო პრაქტიკებს მიჰყვება.

სისსონსის თქმით, იდეალურ შემთხვევაში კომპანიის სტანდარტებსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტენტის მოდერაციის საშუალებებს ყველა იმ ქვეყნის ენაზე გადათარგმნიდნენ, სადაც „ფეისბუქი“ მუშაობს. თუმცა გაეროსაც კი მხოლოდ 6 ოფიციალური ენა აქვს. „ფეისბუქზე“ დღეს 70-ზე მეტ ენაზე გამოქვეყნებულ კონტენტს მოდერაციას მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები უწევენ.

ფეისბუქის წარმომადგენლისვე განმარტებით, კომპანიის სისტემები რეგულარულად აკვირდება მსოფლიოში პოლიტიკური არასტაბილურობისა და ძალადობის ესკალაციის სხვა რისკებს, რათა კომპანიამ ვითარების შესაბამისად ადაპტირება შეძლოს.

ეთიოპია: „მეტას“ ( „ფეისბუქის“ აპლიკაციის მფლობელი კომპანია) განცხადებით, ეთიოპია კოფლიქტისა და ძალადობის კუთხით მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში ორი წლის წინ გადაიყვანეს. ამ პერიოდში ინვესტიცია ჩადეს სიძულვილის ენის შემცველი კონტენტის ყველა იმ ენაზე ამოცნობისთვის, რომლებზეც ეთიოპიის მოსახლეობა საუბრობს. ქვეყანაში ვითარების გაუარესების შემდეგ კი ხალხის უსაფრთხოებისთვის დამატებითი ნაბიჯები გადადგეს, მათ შორის წაშალეს ოპოზიციისადმი კრიტიკული პოსტებით გამორჩეული ყალბი ანგარიშების ქსელი.

„ფეისბუქი“ მიიჩნევს, რომ თავად არ უნდა იყოს „სიმართლის არბიტრი“, ამიტომ ალგორითმის გარდა, საკუთარ პლატფორმებზე პოტენციური დეზინფორმაციის ამოცნობას, განხილვას და შეფასებას ფაქტების გადამმოწმებელ პარტნიორ ორგანიზაციებს ანდობს. კომპანია ეთიოპიაში ასეთ ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომლებსაც საერთო ჯამში სრულ განაკვეთზე ფაქტების ექვსი გადამმოწმებელი ჰყავთ დასაქმებული.

„ფეისბუქის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით პლატფორმაზე უსაფრთხოებისთვის ინვესტიციის სახით 13 მილიარდი აშშ დოლარი აქვს ჩადებული, 40 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფაქტების გადამოწმებელ 80 ორგანიზაციასთან პარტნიორობს. მათი „გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ძალადობას აშშ-ის გარეთაც ისეთივე ინტენსივობით ებრძვიან, როგორც შეერთებულ შტატებში.“

ეთიოპიაში შიდა კონფლიქტის ესკალაციასთან ერთად, ქვეყნის მთავრობა „ფეისბუქს“ მომხმარებლების დაბლოკვასა და „ეთიოპიის შესახებ ჭეშმარიტი რეალობის“ ამსახველი პოსტების წაშლაში ადანაშაულებს. ის „ფეისბუქის“, „ვოთსაფისა“ და „ტვიტერის“ ჩასანაცვლებლად საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე მუშაობს.
კატეგორია: ეთიკა
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჩანს ციხის იმ თანამშრომლის შვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა.

კონტექსტი

9 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ საჯარო გამოსვლისას თქვა: „აი ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.“

გიგი უგულავა გულისხმობდა იმ ციხის საავადმყოფოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტის წერილის თანახმად, მაშინ ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში" და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მალევე მედიამ გაარკვია, რომ პენიტენციური დაწესებულების ეს წარმომადგენელი გლდანის ციხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, რომელიც წლების წინ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და ქრთამის აღების გამო დააკავეს, სამი წლის შემდეგ კი ამნისტიით გათავისუფლდა.

რა მოხდა?

სიუჟეტში, რომელიც ეთერში საღამოს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, გიგი უგულავას გამოსვლიდან დაახლოებით 20 წუთში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი ციხის თანამშრომლის მიმართ ბრალდებებზე პასუხის გასაგებად მის საცხოვრებელ ბინასთან მივიდა და მისი შვილი ჩაწერა. სიუჟეტში ჩანს, გოგო, რომელიც ნახევრად გაღებულ კარში ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს, მასალაში ნახსენებია ქუჩა და ჩანს ბინის ნომერი.

რა ზიანი შესაძლოა მიადგეს ციხის თანამშრომლის შვილს?

ორგანიზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ ასეთი განცხადებისა და გაშუქების შედეგად საფრთხეები მწვავეა, რაც ფსიქოლოგიურ სტრესში გამოიხატება.

„რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს კითხვა: მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერში? და ბავშვი არაფერ შუაში არ არის. შემდგომი საფრთხეა ის, რომ მას დააკავშირებენ ისეთ მოვლენასთან, რასთანაც მას კავშირი საერთოდ არ აქვს და არც პასუხისმგებელია. ამის გამო შეიძლება სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდეს და ყველა მიკროსოციუმში, მათ შორის სკოლაში სირთულეები შეექმნას.“, - ამბობს არგანაშვილი.

უფლებადამცველი მიყენებული ზიანის ხანგრძილვ ეფექტზეც საუბრობს, რაც ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე იქონიებს გავლენას. ამ ყველაფერში კი მედიის პასუხისმგებლობასაც ხედავს:

„მედია უნდა ყოფილიყო უფრო დაკვირვებით და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს რეაგირება. პასუხისმგებლობას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიაც და, სხვათაშორის, სასამართლო გადაწყვეტილებებიც არსებობს იმაზე, რომ ასეთ საქმეებში ბავშვები არაფერ შუაშია. ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ვერანაირი საჯარო ინტერესი ვერ გადაწონის ბავშვის ინტერესის დარღვევას.“

საჯარო ინტერესი და პირადი ცხოვრება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ამგვარი ინტერესის გარეშე კი არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია.

საზოგადოებრივი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო.

ვრცელი სტატია ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

სახალხო დამცველის განცხადება და უგულავას ბოდიში

გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება დაუშვებელია და „ ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.“

გიგი უგულავამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ციხის თანამშრომლის შვილის მიმართ საფრთხის რისკს მაინც ხედავს. “ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ოჯახის წევრები და შესაბამისი სერვისები დაეხმარებიან.“
კატეგორია: რესურსები
ცუკერბერგის „მეტავერსი“ ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ მასზე უკვე ბევრს მსჯელობენ.

2017 წელს ეგვიპტის მთავრობამ “ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი“ 21 ვებგვერდი დაბლოკა, მათ შორის დამოუკიდებელი მედია გამოცემა “მადა მასრი“ (Mada Masr).

ეგვიპტეში მედიას პირდაპირ თუ ზოგჯერ ირიბად სახელმწიფო აკონტროლებს. ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ვებგვერდია დაბლოკილი და სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო არაერთ ადამიანს აპატიმრებენ. სწორედ ამის გამო, მოსახლეობას ნაკლები წვდომა აქვს მნიშვნელოვან, ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებზე.

მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა ერთი რამ: ინფორმაციის მიღების კლასიკური გზების გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიით შესაძლებელია სხვა, ალტერნატიული გზების პოვნა.

„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ამბების გასავრცელებლად მიაგნო ხერხს - და ამისთვის პოპულარული თამაში Minecraft გამოიყენა.

Minecraft არის თამაში, სადაც შეგიძლია ვირტუალურ სივრცეში ააშენო ქალაქები, შექმნა არმია, ებრძოლო მითოლოგიურ არსებებს, გააშენო პლანტაციები - მოკლედ, აქ შეგიძლია, შექმნა საკუთარი სამყარო - ლიმიტი მხოლოდ ფანტაზიაა. და თუ აქ ამ ყველფარის გაკეთება შეიძლება, შეიძლება ინფორმაციის გავრცელებაც.



„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ Minecraft-ში ციფრული ბიბლიოთეკა ააშენა, რომლის წიგნებშიც თამაშის 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეუძლია, სახელმწიფოებში დაცენზორებული სტატიების წაიკითხოს. მათ შორისაა ეგვიპტეში დაბლოკილი Mada Masr-ის მასალებიც, რომლებიც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს.

რა შუაშია ამასთან მეტავერსი?

მეტავერსიც Minecraft-ის მსგავსად ვირტუალურ სამყაროს მოიცავს ოღონდ თუ მაინკრაფტში შექმნილ სამყაროს ეკრანზე უყურებთ, მეტავერსში შეგიძლიათ ამ სამყაროში ვირტუალურად შეხვიდეთ.

წარმოიდგინეთ ინტერნეტი, ოღონდ ისე, რომ ინფორმაციის ბრტყელი ეკრანიდან მიღების ნაცვლად, შეგეძლოთ, შიგნით, ვირტუალურ სივრცეში გადახვიდეთ - ეს „მეტავერსის“ კონცეფციის ერთადერთი ახსნა არ არის - ეს „ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ვერსიაა.

ცუკერბერგმა 2021 წლის 28 ოქტომბერს კომპანიას სახელი შეუცვალა, „მეტა“ დაარქვა და დააანონსა, რომ ის ახალ ეტაპზე გადადის და მეტავერსის განვითარებაზე იწყებს მუშაობას.

რა არის მეტავერსის კონცეფცია?

„მეტა“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „ვერსი (verse)“ კი სიტყვა Universe-დან არის მიღებული, რაც სამყაროს ნიშნავს. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ვიღებთ მეტავერსს - Meta+Universe = Metaverse.

მეტავერსის აზრის გასაგებად პირველ რიგში საჭიროა ვირტუალური რეალობისა (VR) გაფართოებული რეალობის (AR) არსის გაგება.

ვირტუალური რეალობა (Virtual Reality - VR)

ვირტუალური რეალობა კომპიუტერულად შექმნილი ვიზუალური, სიმულაციური გარემოა. სპეციალური სათვალეების, ჩაფხუტისა და სხვა მოწყობილობების დახმარებით ადამიანები ხედავენ სამგანზომილებიან გამოსახულებას და ექმნებათ ისეთი შეგრძნება, რომ ისინი ამ სამყაროში არიან. მაგალითად, მოძრაობენ ვირტუალურად შექმნილ ოთახში, თხილამურებით სრიალებენ თოვლზე და ა.შ

დღეს ასეთი ვირტუალური სამყაროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს და ზოგიერთი მოწყობილობა ისეა განვითარებული, რომ სპეციალური კოსტუმით ან ხელთათმანით ვირტუალური წვიმის წვეთების შეგრძნებაც კი შესაძლებელია.

გაფართოებული რეალობა (Augmented Reality - AR)

გაფართოებული რეალობა რეალურ სამყაროში ვირტუალური ობიექტების შემოტანაა მობილურის, პლანშეტის, ვირტუალური სათვალის ან სხვა შესაბამისი ხელსაწყოს საშუალებით.

მაგალითად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ავეჯის მაღაზიის ვებგვერდზე და გაფართოებული რეალობის აპლიკაციის საშუალებით შეამოწმოთ, როგორ გამოიყურება მათი მაგიდა თქვენს მისაღებ ოთახში. ბუნებრივია, ეს მაგიდის მხოლოდ ვირტუალური გამოსახულება იქნება, მაგრამ ის რეალურ დროში, რეალური ზომით და ფორმით თქვენს ოთახში იდგმება, როდესაც მას მობილური ტელეფონით, პლანშეტით ან ვირტუალური სათვალით შეხედავთ.



მეტავერსი ცალკე არც ვირტუალური, არც გაფართოებული რეალობაა. ის ორივეს მოიცავს. ეს არის საერთო ონლაინ სივრცეში ფიზიკური, გაფართოებული და ვირტუალური რეალობების კომბინაცია, რომელშიც ადამიანი სრულად ჩართულია.

ცუკერბერგს დაახლოებით ასეთი სივრცის შექმნა უნდა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ კონცეფციაა და ის "ფეისბუქის" დამფუძნებელს არ გამოუგონია.

მეტავერსის იდეა ახალი არ არის

ტერმინ „მეტავერსს“ პირველად ამერიკელი მწერლის, ნილ სტივენსონის 1992 წელს გამოქვეყნებულ სამეცნერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნში Snow Crash-ში ვხვდებით. წიგნში მოქმედება 21-ე საუკუნეში ხდება და „მეტავერსი“ ნამდვილი ადამიანების ავატარებით დასახლებული
სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროა.
alt
2018 წელს გამოსულ ფილმში, Ready Player one (რომელიც ამავე სახელწოდების 2011 წლის წიგნზეა დაფუძნებული), აღწერილია ასეთივე სამყარო, სადაც 2045 წელს კლიმატის ცვლილების შემდეგ სიღარიბით მოცულ დედამიწაზე ადამიანები ხსნას უფასო ონლაინ თამაშ „ოაზისში“ პოულობენ.

„ოაზისი“ ვირტუალური ალტერნატიული სამყაროა, რომელში მოხვედრისთვისაც სპეციალური სათვალეები და მოწყობილობაა საჭირო. მასში შესულ ადამიანებს კი შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ - ითამაშონ, საყიდლებზე იარონ, ისწავლონ...

თუმცა ვირტუალური და გაფართოებული რეალობა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მიღმაც არსებობს.

დღეს ხელმისაწვდომი ალტერნატიული და გაფართოებული რეალობის პლატფორმები

წლების განმავლობაში ვირტუალური და გაფართოებული რეალობა წარმატებულად დამკვიდრდა თამაშების ინდუსტრიაში. მაგალითად, AR-ზე დაფუძნებულმა პოლულარულმა თამაშმა Pokémon GO-მ ბოლო 5 წელიწადში 5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ თამაშის პერსონაჟები თქვენს რეალურ სივრცეში ჩნდებიან და ამის დანახვა სმარტფონის ეკრანიდან შეგიძლიათ.

დღეს, მეტავერსის შექმნაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მათ შორის Epic Games, Microsoft და Roblox.

ჰოლოგრამების გამოყენებით კოლაბორაციისა და კომუნიკაციების პლატფორმა Microsoft Mesh კომპანია „მაიკროსოფტმა“ წელს წარადგინა. ერთმანეთთან ვირტუალურ სივრცეში ჰოლოგრამული გამოსახულებებით დასაკავშირებლად ადამიანებმა Microsoft-ის ვირტუალური რეალობის (VR) ან გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეები უნდა გამოიყენონ.



2020 წლის აპრილში, კოვიდ პანდემიის დასაწყისში, მეტავერსზე მომუშავე თამაშ Fortnite-ში რეპერ, ტრევის სკოტის ვირტუალურ კონეცერტს 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. შემსრულებელმა კი 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მის ზოგიერთ რეალურ კონცერტზე მიღებული შემოსავალი.



Fortnite-ის გავლენას გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეებიც ხედავენ. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა „ნეტფლიქსი“ Fortnite-ს უფრო დიდ კონკურენტად მიიჩნევს, ვიდრე თავის პირდაპირ კონკურენტებს - HBO-სა და Hulu-ს.

ვირტუალურ სივრცეში სრულფასოვნად ჩართვისთვის, შესაბამისი მოწყობილობების განვითარებაცაა საჭირო. 2021 წლის სექტემბერში „ფეისბუქმა“ „რეი-ბანთან“ თანამშრომლობით გამოუშვა Ray-Ban Stories – ჭკვიანი სათვალე. აქსესუარი 20 სხვადასხვა სტილში 299 აშშ დოლარად იყიდება და გარდა სათვალის ფუნქციისა, ფოტო-ვიდეო გადაღების, დარეკვის, ზარებზე პასუხის, მუსიკისა და პოდკასტების მოსმენის საშუალებას იძლევა.



დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსგავსი სათვალის შექმნაზე Apple-იც მუშაობს.

როგორ გაერთიანდება ეს ყველაფერი მეტავერსში?

ინტერნეტში „მეტავერსის“ განმარტების ძებნისას სხვადასხვაგვარ პასუხს გადააწყდებით: „ინტერნეტის მემკვიდრე“, „ალტერნატიული ციფრული რეალობა“, „ვირტუალური სივრცეების გაერთიანება“ და ა.შ. მაგრამ ჯერ არ არსებობს ერთი, საყოველთაოდ მიღებული განმარტება, რომელიც ამას ახსნიდა.

თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეს იქნება ინტერნეტის მსგავსად ერთი ღია სივრცე, რომელშიც თავს მოიყრის სხვადასხვა ვირტუალური სამყარო.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, მომავალში ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ვირტუალურ სამყაროში იმოძრაოთ, შეეხოთ ობიექტებს, შეხვდეთ და ესაუბროთ მეგობრებს და შეგრძნებების დონეზე აღიქვათ ციფრული სამყარო. ამ დროს კი რეალურად სახლში იქნებით და ამისთვის ოთახიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ.

მართალია, მეტავერსი რეალურად ჯერ არ არსებობს, მაგრამ არსებობს ტექნოლოგიური კომპანიების იდეა, რომლის რეალობად ქცევას ისინი არც ისე შორეულ მომავალში ხედავენ.

რას და როგორ შევძლებთ მეტავერსში?

დღეს თავისუფლად არის შესაძლებელი, ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდეთ თქვენგან შორს მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს ფიზიკური შეხვედრა არ არის. თქვენ შორის ბარიერია, ეკრანი, რომელიც უბრალოდ თქვენს გამოსახულებებს აკავშირებს ერთმანეთთან.

ახლა წარმოიდგინეთ, მოხვდეთ ვირტუალურ სივრცეში, სადაც ადამიანების პირისპირ ნახვა, მათთან ერთად ოფისში მუშაობა შეგეძლებათ.

მეტიც, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, შეძლებთ წარსულში იმოგზაუროთ, გაერთოთ, და ამისგან რეალური შეგრძნებები მიიღოთ. მოკლედ, მეტავერსის გამოყენების თეორიული შესაძლებლობები უსაზღვროა.

მეტავერსში, როგორც ალტერნატიულ ციფრულ სამყაროში, მომხმარებლები შექმნიან თავიანთ სივრცეებს, შესაძლოა განავითარონ ბიზნესი, იყიდონ და გაყიდონ მეტავერსისთვის განკუთვნილი პროდუქტი, მომსახურება ან თუნდაც გააქირავონ ვირტუალური მიწა, სადაც რომელიმე კომპანია თავის ვირტუალურ მაღაზიას გახსნის და ა.შ

მაგალითად, წარმოიდგინეთ, „დისნეილენდის“ მფლობელმა კომპანიმ მეტავერსში შექმნას თავისი გასართობი პარკი და ის ადამიანები, რომლებიც დისნეილენდში ფიზიკურად სტუმრობას ვერ ახერხებენ, მას მეტავერსში ეწვევიან და თითქმის რეალურის მსგავსი გამოცდილებას მიიღებენ.

მარკ ცუკერბერგის ხედვა

მიუხედავად იმისა, დღეს მეტავერსის კონცეფციის განვითარებაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მარკ ცუკერბერგი პირველია, ვინც ამ მიმართულებით მასშტაბური გეგმები დაისახა, დიდი ინვესტიცია ჩადო და გამოაცხადა, რომ მისი კომპანიის მთავარი მიმართულება ამ კონცეფციის ხორცშესხმა იქნება.

მარკ ცუკერბერგის ხედვით, „მეტავერსს“ მომხმარებლები რამდენიმე მიმართულებით გამოიყენებენ:

1. კომუნიკაცია: საკუთარ სივრცეში მეგობრებთან შეკრება, ფილმების ერთად ყურება, და ა.შ. 



2. გართობა: მაგალითად, რეალურ კონცერტზე ვირტუალურად დასწრება და ვირტუალურ სამყაროში წვეულებაზე წასვლა. 



3. მუშაობა: საკუთარი სახლიდან ოფისში ვირტუალურად შესვლა, გაფართოებული რეალობისა და ჰოლოგრამების საშუალებით კომუნიკაცია და ა.შ.



4. განათლება: მაგალითად, ნებისმიერ ისტორიულ დროში მოგზაურობა, ბუნების შესწავლა, მომზადება სამედიცინო ოპერაციების ჩატარებისთვის და სხვა. 



5. ფიტნესი: ვარჯიში სხვადასხვა გარემოში, იოგა ვირტუალურ სივრცეში და ა.შ. 



6. თამაშები: გეოგრაფიულად სხვაგან მყოფ ადამიანთან ჭადრაკის ან მაგიდის ჩოგბურთის ფიზიკურად, მის ჰოლოგრამასთან თამაში. 



7. კომერცია: ბიზნესისთვის შესაძლებლობა მეტავერსში გაყიდოს ვირტუალური და ფიზიკური პროდუქტები, შექმნას მაღაზიები, რომლებსაც მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ესტუმრებიან. 



მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ მეტავერსი ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასაც. მაგალითად, სამუშაო ვიზიტისთვის ერთი ადგილიდან მეორეში თვითმფრინავით მგზავრობის ნაცვლად, ადამიანები მეტავერსში ტელეპორტირდებიან, ასე დაიზოგება ავიარეისებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

„მეტას“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მომავალში სმარტფონები ადამიანების ცხოვრების მთავარი ნაწილი აღარ იყოს. შესაბამისად, კიდევ უფრო დაჩქარდება და შეიცვლება კომუნიკაციის ფორმები. მაგალითად, ახალი ტექნოლოგიები ეკრანზე ტექსტის აკრეფის ნაცვლად ადამიანის ბრძანებებს ჟესტიკულაციით, ხმოვანი მითითებით ან თუნდაც გონებაში გაფიქრებით შეძლებენ. ამ ყველაფრისთვის კი პირველ რიგში, შესაბამისი ტექნოლოგია დაგვჭირდება, რომელიც მარტივად მოსახმარი, მსუბუქი და პატარა ზომის იქნება. ცუკერბერგის ხედვით ეს, შესაძლოა, ჭკვიანი სათვალეები იყოს.

რატომ დებს „ფეისბუქის“ დამფუძნებელი ამხელა ინვესტიციას კონცეფციაში, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს? ამაზე ერთი პასუხი შესაძლოა ის იყოს, რომ სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისგან განსხვავებით, მას ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს - 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი.

„მარკ ცუკერბერგს უნდა, რომ ბევრი ადამიანი აალაპარაკოს ამ თემაზე, მეტავერსის იდეის პოპულარულობა მოიმატებს, მოთხოვნა გაიზრდება და ამ ტექნოლოგიების განვითარებაც გაუადვილდებათ, რადგან მეტი ფული ჩაიდება ამაში, შესაბამისად, მეტი ინჟინერი ეყოლებათ და მეტი რესურსი ექნებათ, სწრაფად განვითარებისთვის“, - გვეუბნება ტექნოლოგიების შესახებ ონლაინ გამოცემის Next.on.ge-ს რედაქტორი დათო სამნიაშვილი.

გამოწვევები და სკეპტიკოსები

„ფეისბუქის“ რებრენდიგი და მეტავერსზე ორიენტირებულ კომპანიად გადაქცევა სოციალური ქსელის სკანდალს „ფეისბუქის ქაღალდებს“ დაემთხვა. „ფეისბუქის“ ყოფილი თანამშრომელი ფრენსის ჰაუგენი კომპანიას არაერთ ბრალდებას უყენებს და უსაფრთხოებაზე წინ ფინანსური მოგების დაყენებაში ამხელს.

„ფეისბუქის“ რებრენდინგსა და მეტავერსზე მუშაობის აქტიურად დაწყებას მალევე გამოუჩნდა კრიტიკოსები. მათ შორის, „ტვიტერის“ თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი, The Daily Show-ს წამყვანი ტრევორ ნოა, აშშ-ის კონგრესის წევრი, ალესანდრია ოკასიო კორტესი. “გუგლის“ ყოფილი დირექტორი ერიკ შმიდტი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორიც მეტავერსია ადამიანურ ურთიერთობებს ჩაანაცვლებს.

„ყველა, ვინც მეტავერსზე საუბრობს, საუბრობს სამყაროებზე, რომლებიც ამ მსოფლიოზე უფრო სასიამოვნოა - იქ უფრო მიდიდარი, სიმპათიური, ლამაზი, ძლიერი, სწრაფი ხარ. ასე, რომ რამდენიმე წელიწადში ადამიანები აირჩევენ მეტავერსში უფრო მეტი დრო დაჰყონ. და ვინ ადგენს წესებს? მსოფლიო უფრო ციფრული გახდება, ვიდრე ფიზიკური ეს კი სულაც არაა საუკეთესო რამ საზოგადოებისთვის“, - უთხრა The New York Time-ს შმიდტმა, რომელიც „გუგლში“ 2001-2020 წლებში მუშაობდა.

რადგან მეტავერსი საერთო სივრცეს მოიცავს, საჭირო გახდება დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ურთიერთთანამშრომლობა, რათა მათ მიერ შექმნილი მოწყობილობები და პლატფორმები ერთმანეთს დაუკავშირდეს. ეს კი ახალი სტანდარტების დამკვიდრებასაც მოითხოვს.

დათო სამნიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით, რეგულაციები გახდება საჭირო: „საჭირო იქნება სხვადასხვა სპეციფიკური ტექნოლოგიის გაერთიანება და დიდი ძალისხმევა სახელმწიფოების მხრიდან. საკანონმდებლო რეგულირებას ვგულისხმობ, თუმცა ეს უნდა იყოს არა ქვეყნების დონეზე, არამედ საერთო შეთანხმება მსოფლიოში, რათა დაცული იყოს მომხმარებლების უფლებები.“

მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა

მომხმარებლების უფლებებზე საუბრისას ბუნებრივად ჩნდება შეკითხვები მონაცემების უსაფრთხოების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე წლებია, საუბარია „ფეისბუქის“ პრობლემებზე მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით.

2018 წელს გაირკვა, რომ მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica-მ „ფეისბუქის“ მილიონობით მომხმარებლის მონაცემები მათი ნებართვის გარეშე შეაგროვა და საარჩევნო პოლიტიკური კამპანიებისთვის გამოიყენა. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ცუკერბერგს აშშ-ის კონგრესის წინაშე მონაცემების დაცვის შესახებ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია. თუმცა, „ფეისბუქისგან“ განსხვავებით, არ ვიცით, რა ინფორმაციას შეაგროვებს მეტავერსი მომხმარებლის შესახებ. რადგან მეტავერსში არა ეკრანის მიღმა, არამედ მის შიგნით ვიქნებით, სავარაუდოდ, მეტავერს პლატფორმებისთვის ჩვენ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი, მათ შორის მანერები, სხეულის ენა, ჩვევები და ა.შ.

ამ გამოწვევის საპასუხოდ მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ საკითხებზე უკვე მუშაობენ.

ვინ გააკონტროლებს მეტავერსს?

კიდევ უფრო ბევრს გაურკვევლობას იწვევს ის, თუ ვინ გააკონტროლებს მეტავერსს? ის რამდენიმე კომპანიის კუთვნილება იქნება თუ კრიპტოვალუტის მსგავსად დეცენტრალიზებული სისტემა შეიქმნება?

„ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნება მეტავერსის არა კონკრეტული ინდივიდების, კორპორაციების ან თუნდაც არჩეული პრეზიდენტების მიერ კონტროლი, არამედ ტექნოლოგიების ისე განვითარება, რომ მთლიანი ვირტუალური სივრცე სუპერ ხელოვნურმა ინტელექტმა - ე.წ სუპერკომპიუტერმა აკონტროლოს და მომხმარებლების მიმართ თანაბარი მიდგომები განსაზღვროსო“, - ამბობს დათო სამნიაშვილი.

„ამის პოტენციალი კვანტურ კომპიუტერებშია. თუ მეტავერსი კერძო კომპანიებმა აკონტროლეს, მომხმარებლების მანიპულირებას შეძლებენ. შეიძლება მიკარნახონ როგორი ტანსაცმელი, ადამიანი და სხვა რამ უნდა მომწონდეს, ეს კომპანიები ამას თუ მხოლოდ მოგებისთვის აკეთებენ, რა თქმა უნდა, საშიშია. ცოტა ფუტურისტულად თუ შევხედავთ და დავუშვებთ, რომ იარსებებს სუპერკომპიუტერი, მაშინ მისი ინტერესი სარგებლის მიღება ან ვირტუალურ რეალობაში ჩვენი დიდხანს დატოვება არ იქნება. ის უბრალოდ სწორ რეგულაციებს შექმნის.“, - გვეუბნება next.on.ge-ის რედაქტორი.

დეზინფორმაცია

მეტავერსის იდეის განხილვისას კიდევ ერთი გამოწვევა მომხმარებლების ვირტუალურ სამყაროსთან მიჯაჭვულობა და მათი დეზინფორმაციისგან დაცვაა.

ფეისბუქის მამხილებლის მიერ გავრცელებული „ფეისბუქის ქაღალდებიდან“ ირკვევა, რომ სოციალური ქსელი დეზინფორმაციას არასაკმარისად ებრძვის. მაგალითად, „ფეისბუქი“ პრიორიტეტს ანიჭებდა პოსტებს, რომლებსაც „გაბრაზების“ ბევრი რეაქცია ჰქონდა. ვიეტნამის ბაზარზე დასარჩენად კომუნისტურ პარტიას „ანტისახელმწიფოებრივი პოსტების“ ნაწილობრივ ცენზურაში დათანხმდა და დროული რეაგირება არ ჰქონია კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. ამის გათვალისწინებით კი საკითხავია, როგორ გავუმკლავდებით დეზინფორმაციის საფრთხეებს მეტავერსში?

„სწორედ აქ შემოდის მეტავერსის რეგულაციის მომენტი. სოციალური ქსელები ინფორმაციის სიზუსტეზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ის, რომ მე თუ ანტივაქსერული იდეები მაწუხებს, ერთი ორს მოვძებნი და შემდეგ ალგორითმი ერთსა და იმავე კონტენტს მიჩვენებს, ამით სოციალური ქსელები მანიპულირებენ ჩემზე, რომ დიდხანს დამტოვონ ქსელში“, - ამბობს დათო სამნიაშვილი.

შესაბამისად, გამოწვევაა ისიც, თუ როგორი იქნება ალტერანატიულ ციფრულ სამყაროში დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზები, რადგან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეტავერსში დეზინფორმაციის გავრცელების ახალი, ბევრად დახვეწილი ხერხები გაჩნდება.

სხვა გამოწვევები

რადგან მეტავერსი დღეს მხოლოდ იდეაა, მის ირგვლივ სხვა ბევრი კითხვა და გამოწვევა იჩენს თავს. მათ შორის:

• მოწყობილობების განვითარება და მასობრივად ხელმისაწვდომობა.

• მეტავერსის შესაძლებლობების ბოლომდე გამოსაცდელად საჭირო იქნება ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი. ისინი, ვისაც ხარისხიან ინტერნეტზე წვდომა არ ექნებათ მეტავერსს სრულყოფილად ვერ გამოიყენებენ. ამ სივრცის მოხმარება, შესაძლოა, გამოწვევად იქცეს უსინათლო ადამიანებისთვისაც.

• ჯერ გაურკვეველია მეტავერსის ეკონომიკის განვითარება. როგორი ფორმით გადაინაცვლებს რეკლამები სოციალური მედიიდან მეტავერსში და გახდება თუ არა ეს შემოსავლის მთავარი წყარო.

მაინც, რას მოიტანს მეტავერსი?

„მთავარი იდეა არის, რომ მეტავერსი გამოვიყენოთ პროგრესისთვის და არა რეგრესისთვის. ნებისმიერ ტექნოლოგიას შეუძლია პროგრესიც და რეგრესიც მოიტანოს, მაგრამ იმ მცირეხნიანი გამოცდილებით, რაც გვაქვს - ტექნოლოგიებმა მაინც პროგრესი მოიტანა. მგონია, რომ მეტავერსსაც საბოლოო ჯამში დადებითი მხარე უფრო ექნება, ვიდრე უარყოფითი“,- ფიქრობს დათო სამნიაშვილი.

მსოფლიოში მეტავერსის შექმნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, „მეტას“ დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს სჯერა, რომ მეტავერსი მობილური ინტერნეტის მემკვიდრეა, რომელიც ბევრ ახალ შესაძლებლობას გააჩენს და წლების შემდეგ მისი კონცეფცია რეალობად იქცევა.

უცნობია გამართლდება თუ არა ამ ეტაპზე მსოფლიოში მე-7 უმდიდრესი ადამიანის იდეა. მარკ ცუკერბერგმა, რომლის ამჟამინდელი ქონება 127 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მეტავერსის განვითარებისთვის პირველ ეტაპზე 10 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ცუკერბერგის ქონება მილიარდიანი სხვაობებით ზოგჯერ რამდენიმე დღეშიც იცვლება. მაგალითად, 2021 წლის მაისში „მეტას“ დამფუძნებელი მხოლოდ ერთ კვირაში 8 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა, 5 თვის შემდეგ, ოქტომბერში კი ერთ დღეში 6 მილიარდ აშშ დოლარამდე დაკარგა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ფინანსური მოგება მომხმარებლების უსაფრთხოებაზე წინ, სიძულვილის ენასა და დეზინფორმაცისთან არასაკმარისად ბრძოლა, ვიეტნამში ანტისამთავრობო პოსტების ცენზურა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მარკ ცუკერბერგის კომპანია „მეტას“ (ძველი სახელით „ფეისბუქი“) მედია პროექტი The Facebook Papers (“ფეისბუქის ქაღალდები“) ამხელს.

რა არის „ფეისბუქის ქაღალდები“?

ეს 17 ამერიკულ მედიასაშუალებას შორის კოლაბორაციული პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციის ჟურნალისტებმა ერთობლივი მუშაობით „ფეისბუქის“ შიდა ორგანიზაციულ დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვეს. ათასობით ფაილი მედიას “ფეისბუქის“ ყოფილმა თანამშრომელმა და მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა მიაწოდა. ამავე დოკუმენტებზე წვდომა აქვს ევროპული ახალი ამბების ორგანზაციების ცალკე ჯგუფსაც. 

ჰაუგენის იურისტი დოკუმენტებს თვეების განმავლობაში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიასა და კონგრესს აწვდიდა. სწორედ კონგრესისთვის გადაცემული დარედაქტირებული მასალები (ფაილებში დაფარულია დაბალ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლების სახელები) შეისწავლეს 17 ორგანიზაციის ჟურნალისტებმა.

მანამდე, მამხილებელმა სექტემბერში კონფიდენციალურად დოკუმენტების ნაწილი Wall Street Journal-საც გადასცა. გამოცემამ კი მათზე დაყრდნობით მრავალნაწილიანი საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება - The Facebook Files-ის სახელით დაიწყო.

The Facebook Files-ის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში მამხილებელის ვინაობა გადაცემა „60 წუთში“ გახდა ცნობილი. ფრენსის ჰაუგენი კონგრესის ერთ-ერთი ქვეკომიტეტში „ინსტაგრამის ახალგაზრდა ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ“ საკითხზე მოწმედაც წარსდგა.

„ფეისბუქის ქაღალდების“ გაშუქება კი მედიამ 2021 წლის 24 ოქტომბრიდან დაიწყო.

„ფეისბუქის ქაღალდები“ მოიცავს: ჰაუგენის მიერ თავისი კომპიუტერის ეკრანზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც ასახულია:

• კომპანიის კვლევები

• შიდა მიმოწერები

• ელ.ფოსტები

• პროექტების შესახებ ინფორმაცია

• სტრატეგიული გეგმები

• პრეზენტაციები

„სი-ენ-ენი“, „პოლიტიკო“, „ვაშინგტონ პოსტი“ და კიდევ სხვა 15 მედიასაშუალება შეთანხმდა, რომ ამ მასალებს ერთდროულად, 24 ოქტომბერს გამოაქვეყნებდა, რათა ყველას ჰქონოდა დოკუმენტების შესწავლისა და ანალიზის შანსი, ასევე დრო მიეცათ „ფეისბუქის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან პასუხის მისაღებად. შეთანხმების მიუხედავად მასალების მცირე ნაწილი დათქმულ დროზე ადრე მაინც გავრცელდა.

დოკუმენტებზე წვდომის მქონე მედიასაშუალებების რიცხვი დროდადრო იმატებს. გამოცემები გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ახალ ამბებს რეგულარულად ავრცელებენ და ეს პროცესი, სავარაუდოდ, დღეებსა და თვეებს გასტანს.

რაში ამხელს გაჟონილი დოკუმენტები „ფეისბუქს“ ?

ფაილების მიხედვით, „ფეისბუქის“ მიმართ მრავალი ბრალდება იკვეთება და ყოველი ახალი სტატია კომპანიის აქამდე უცნობ, ახალ პრობლემას ავლენს.

გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ, სავარაუდოდ:

• მარკ ცუკერბერგის საჯარო განცხადებები ეწინააღმდეგებოდა კომპანიის შიდა კვლევებს.

• „ფეისბუქი“ პრიორიტეტს ანიჭებდა პოსტებს, რომლებსაც „გაბრაზების“ ბევრი რეაქცია ჰქონდა. .

• „ფეისბუქი“ ვერ ახერხებს კონტენტის ეფექტურად მართვას.

• კომპანია მომხმარებელის უსაფრთხოებაზე მეტად მაქსიმალურ ჩართულობას (ინგეიჯმენთს) ანიჭებს უპირატესობას.

• „ფეისბუქმა“ იცის, რომ მისი კუთვნილ პლატფორმას „ინსტაგრამს“ უარყოფითი გავლენა აქვს თინეიჯერ გოგონებზე, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად ბევრს არაფერს აკეთებს.

• კომპანიის თანამშრომლები ზოგიერთ ქვეყანაში „ფეისბუქის“ პლატფორმის ტრეფიკინგის, ორგანოების გაყიდვის, უმცირესობების მიმართ ძალადობის წახალისების, პორნოგრაფიის გავრცელების მიზნებით გამოყენების შესახებ მიუთითებდნენ, თუმცა კომპანიის მხრიდან პასუხი ხშირად არაადეკვატური იყო ან საერთოდ არ რეაგირებდა.

• კომპანიის მკვლევრები „ფეისბუქის“ პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა მათ ყურადღებას არ აქცევდა.

• 2020 წლის მაისში „ფეისბუქის“ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმმა 90%-ით ივარაუდა, რომ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი ძალადობას ახალისებდა, თუმცა „ფეისბუქს“ მასზე რეაგირება მაშინვე არ ჰქონია.

• ვიეტნამის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ „ფეისბუქს“ ულტიმატუმი წაუყენა: ან ეთანამშრომლა მთავრობასთან და დახმარებოდა ანტისამთავრობო პოსტების ცენზურაში ან ქვეყანაში „ფეისბუქს“ გათიშავდნენ. მარკ ცუკერბერგის პირადი გადაწყვეტილებით, კომპანია „ანტისახელმწიფოებრივი პოსტების“ ნაწილობრივ ცენზურას დათანხმდა. ცუკერბერგი მიიჩნევდა, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვიეტნამში სოციალური ქსელის მთლიანად გათიშვა უფრო დააზიანებდა, ვიდრე მთავრობასთან შეთანხმება. მედია ვარაუდობს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ფინანსურ მოგებას უკავშირდებოდა, რადგან „ფეისბუქი“ ვიეტნამიდან ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს.

• „ფეისბუქს“ უჭირს იმ მომხმარებლების ამოცნობა, რომლებიც რამდენიმე ანგარიშს ქმნიან.

• „ფეისბუქი“ გადაწყვეტილებების დროს პოლიტიკურ შეხედულებებს ითვალისწინებს.

• „ფეისბუქი“ ვერ ახერხებს არაბულად დაწერილი სიძულვილის ენის შემცველი პოსტების უმრავლესობის ამოცნობას.

• კომპანია დროულად არ რეაგირებდა კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე.

• ახლო აღმოსავლეთში „ფეისბუქის“ პლატფორმის ადამიანებით ვაჭრობისთვის გამოყენების გამო კომპანია „ეფლი“ „ფეისბუქს“ 2019 წელს Apple Store-დან „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ წაშლით დაემუქრა.

• „ფეისბუქს“ ჰყავს ე.წ VIP მომხმარებლები, რომლებზეც სოციალური ქსელის ზოგიერთი წესი არ ვრცელდება.

“ფეისბუქის” შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ გაჟონილი დოკუმენტები შერჩევითადაა გამოყენებული, რათა კომპანიის შესახებ ყალბი სურათი შექმნას. ცუკერბერგის თქმით, „ფეისბუქში“ წახალისებულია ღია დისკუსია და კვლევები, რათა კომპლექსური საკითხები მოგვარდეს.

ამ ბრალდებების ფონზე მარკ ცუკერბერგის კომპანიამ 28 ოქტომბერს მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. „ფეისბუქს“ სახელი შეეცვალა და META დაერქვა. ეს გულისმობს, რომ შეიცვალა არა აპლიკაცია „ფეისბუქის“, არამედ კომპანიის სახელი, რომელიც „ფეისბუქთან“ ერთად „მესენჯერს“, „ინსტაგრამს“, „ვოტსაპსა“ „ოკულუს VR-ს“ ფლობს.
კატეგორია: ეთიკა
23 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" თბილისში ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები დაუფარავად "ექსკლუზიურად" გაუშვა, წინა დღეს კი მაყურებელმა მოკლული შატალოვას ნაწილობრივ დაფარული ფოტო ასევე „ექსკლუზიურად“ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იხილა.

რა ინფორმაციული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის ამსახველი მძიმე ვიზუალური მასალის ჩვენებას მაყურებლისთვის?

რა ზიანის მომტანია და როდის არის გამართლებული მედიის მიერ ასეთი კადრების ჩვენება?

კონტექსტი

30 წლამდე ქალი, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წამყვანის გაფრთხილების შემდეგ ეთერში დაუფარავად აჩვენა, ეს მასალა სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კი ცხედრის ნაწილობრივ დაფარული ფოტო, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა, „ფეისბუქზეც“ გაავრცელა.

უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მკვლელობის ამსახველი კადრები?

არ არსებობს ცალსახა მიდგომა, რომელიც კრძალავს ან უშვებს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების გაშუქებას. რედაქციამ გადაწყვეტილება თითოეული შემთხვევის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა საჯარო ინტერესი საზოგადოების ცნობისმოყვარეობისგან გამიჯნონო, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

„ცნობისმოყვარეობით შეიძლება გვაინტერესებდეს, მაგალითად რა ტრაექტორიით მოხვდა მას ტყვია, როგორ დაეცა, რა ეცვა მსხვერპლს და ა.შ მაგრამ ეს დეტალები, რეალურად საინტერესოა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე, მაგრამ საჯარო ინტერესები არ არსებობს.“, - ამბობს გოგოსაშვილი.

ქარტიის დირექტორი განმარტავს, რომ საჯარო ინტერესი არსებობს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევა ჩანს, იკვეთება დანაშაულის დაფარვის მცდელობები ან საგამოძიებო უწყებები არასწორ ინფორმაცის ავრცელებენ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების მხილებისა და დანაშაულის გახსნის ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ხელშემწყობიც იყოს.

მეორე მხრივ მედია უნდა დაფიქრდეს, რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მძიმე კადრებს და შეუძლია თუ არა ამბავი ამ ვიზუალური მასალის გამოყენების გარეშეც გადმოსცეს.

რა ზიანი მოაქვს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენებას?

ნებისმიერი მძიმე ვიზუალური მასალის გავრცელების დროს მედიასაშუალებებმა დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების საკითხიც უნდა გაითვალისწინონ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. ასეთი მასალების გამოყენების დროს მედიასაშუალება უნდა შეეცადოს შეამციროს, ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მასში ასახულ პირს ან მის ნათესავებს მიაყენოს.

„როდესაც საძიებო სისტემაში თავიანთი ოჯახის წევრის სახელს და გვარს ჩაწერენ ძალაინ შემზარავ კადრებს უჩვენებს, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მათ რეტრამვირებას“, - განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

საერთაშორისო მედიის პრაქტიკაში მკვლელობის ამსახველი კადრების გაშუქების არაერთი მაგალითი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანს თავისი დასაბუთება აქვს. მაგალითად, 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ძირითადი მტკიცებულება იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში და ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზე და სისტემური რასიზმის პრობლემას წარმოაჩენდა.

ამ კადრებმა მთავარი როლი შეასრულა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებაში და მოგვიანებით მისმა 18 წლის ავტორმა პულიცერის პრემიაც მიიღო.

მაღალი საჯარო ინტერესისა და გამოძიების მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებაც, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მძიმე კადრების გაშუქების დროსაც.

მკვლებობის ამსახველი კადრების დაუფარავად გაშუქებამდე მედიასაშუალებამ ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა გაითვალისიწინოს: მაღალი საჯარო ინტერესი და ამ მასალის გამოყენების დასაბუთება, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ასეთი კადრების გავრცელება გადაწონის დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების რისკს.

ასევე, ამ თემაზე: მკვლელობის კადრები “ექსკლუზიურად ფორმულაზე”

ამ შემთხვევებიდან ერთი თვით ადრე ტელეკომპანია "ფორმულამ" საინფორმაციო გამოშვებაში ასევე „ექსკლუზიურად" უჩვენა თბილისში, ახალგზარდა კაცის, ნიკა კვარაცხელიას სასიკვდილოდ დაჭრის დაუფარავი კადრები.
კატეგორია: საქართველო

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის. არხმა იგივე შინაარსის განცხადება 3 წლის წინ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც გაავრცელა.

რა მოხდა?

ტელეკომპანია იმედის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ „ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება“.

იგივე განცხადება ტელეკომპანიამ 18 ოქტომბრის 20:00-საათიან გამოშვებაშიც გაავრცელა.

არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ „პარტიის რევანშს და წარსულის დაბრუნებას ვერ დაუშვებს.“ და, რომ არხის „მისია სიმართლის ლაპარაკია და სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა არხის დამფუძნებელი.“

ტელევიზიის განცხადებით „იმედი“ როგორც ბრძოლის სიმბოლო, ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

რას გულისხმობს „იმედის“ საგანგებო რეჟიმი?

ტელეკომპანია „იმედში“ აცხადებენ, რომ მათი სარედაქციო პოზიცია „სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება.“

• „ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

• ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის "იმედის" სპეციალურ ეთერში.

• ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

• „იმედი“ მაყურებელს შეახსენებს ქვეყნის უმძიმეს წარსულს.“

კონტექსტი

“ტელეკომპანია „იმედის“ ეს განცხადება უბრალოდ პრობლემური კი არ არის, საერთოდ სცდება მედიის სფეროს და სრულ აბსურდშია გადასული“, - ასე აფასებს არხის საგანგებო რეჟიმზე უკვე მეორედ გადასვლას მედია მკვლევარი ლაშა ქავთავარძე. ის ამბობს, რომ ეს განცხადება სინამდვილეში „ქართულ მედიარეალობაში დანერგილი უწესობის ლეგიტიმაციის მცდელობაა.“

2018 წელსაც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვა, ტელეკომპანია იმედმა „საგანგებო რეჟიმი“ გამოაცხადა.

ამის მთავარი მიზეზი, მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იყო. და მაშინაც, ტელეკომპანია იმედი აცხადებდა, რომ იმუშავებდა, რათა „რეჟიმი არ დაბრუნებულიყო".

მაშინ „იმედმა“ საეთერო ბადე შეცვალა, ეთერში თოქ-შოუების რიცხვმა იმატა, და გადიოდა სიუჟეტები, რომელთა შინაარსიც ძირითადად ეხებოდა იმას, თუ თუ რატომ იყო ოპოზიციის კანდიდატის გაპრეზიდენტება მიუღებელი.

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადების იმ ნაწილს, რომ არხის მისია „სიმართლის ლაპარაკია“, მხოლოდ სიტყვებად აღიქვამს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, გამომძიებელი ჟურნალისტი, ნანა ბიგანიშვილი. მისი თქმით, შეუძლებელია ცალმხრივი ინფორმაცია ობიექტური იყოს.

„ეს, რა თქმა უნდა, გვახსოვს [რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ტელეკომპანია „იმედი“ დაზარალდა], რაზეც საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თუმცა ამდენი წლის შემდეგ იყო საგანგებო რეჟიმში და ბრძოლას უცხადებდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას - ეს არის საზოგადოებისთვის დამაზიანებელი“, - გვეუბნება ბიგანიშვილი.

"ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ის ფაქტი, რომ არხზე თითქმის აღარვინ დარჩა იმ ჟურნალისტებისგან, ვინც იმ „ძველ იმედში“ მუშაობდა, რომლის დარბევისა და განადგურების ხარჯზეც აგერ უკვე მერამდენე წელია „ქართული ოცნება“ და „ახალი იმედი“ ცდილობენ, ამომრჩევლების მომხრობასო",- ამბობს მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე.

არხის „პოლიტიკური განაცხადი“

ნანა ბიგანიშვილი ტელეკომპანია იმედის ამ განცხადებას, „ფაქტობრივად პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს“ - ტელეკომპანიამ მიკერძოება გამოხატა, რაც მედიის მთავარ დანიშნულებას ცდებაო.

მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ხელისუფლების მქონე ძალის მიმართ კრიტიკული კითხების დასმაა:

„მათი განცხადება კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა მეორე მხრივ რაც ყველაზე საგანგაშო და, ალბათ, საზოგადოებისთვის ყველაზე დამაზიანებელია ისაა, რომ მათი ეს რიტორიკა და პოზიცია მმართველი პარტისა და ხელისუფლების განწყობებს ემთხვევა“, - ამბობს ქარტიის საბჭოს წევრი.

„შეიძლება ობიექტურობის ცნება იდეალისტურია, მაგრამ თუკი ოდესმე მედიას მოეთხოვება რომ ობიექტურობასთან მიახლოებული მაინც იყოს, ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდია. „იმედის“ ეს განცხადება კი სწორედ ამ პრინციპისთვის ხაზის გადასმაა.“ - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

კიდევ უფრო გაღრმავებული პოლარიზაცია

მაუწყებელთა პოლარიზაცია 2020 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაღრმავდა და ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო. ეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშშია ასახული. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო მედია გარემო პლურალისტულია, თუმცა პოლიტიზებული.

ამავე ორგანიზაციის თოქ-შოუების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია „იმედის“ გზავნილები „ქართული ოცნების“ პოზიციას ემთხვეოდა და წამყვანები არ ერიდებოდნენ ცინიკურ დამოკიდებულებას ზოგიერთი ოპოზიციური სუბიექტების მიმართ.

მეორე მხრივ კი „TV პირველსა“ და „მთავარ არხზე“ სუბიექტური დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ იკვეთებოდა.

„იმედის“ საინფორმაციო გამოშვება კი ყველაზე დიდ დროს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას უთმობდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა, ფაქტობრივად, არ ისმოდა.

პოლარიზაციის ხარისხის კიდევ უფრო გაზრდაზე და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის ნაკლებ სივრცეზე მიუთითებს ნანა ბიგანიშვილი. "რაც მეტად გაიზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო ნაკლები სივრცე დარჩება ობიექტური ინფორმაციისთვისო",- ამბობს ჟურნალისტი.


მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე კი მიიჩნევს, რომ ქართული მასმედია გარემო „იმდენად საფუძვლიანად არის განადგურებული“, „იმედის“ ეს კონკრეტული ქცევა დიდად ვერაფერს შეცვლის. მისი განმარტებით, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს „იმედის“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლამ მხოლოდ „იმედის“ ეთერში ანტი-ოპოზიციური რიტორიკის ინტენსიურობა, არაეთიკური თავდასხმები პოლიტიკურ ფიგურებზე და ოპოზიციურ არხებზე საპასუხო თავდასხმები შეიცვალა, მაგრამ დიდ სურათში არხის ასეთ ქცევას ბევრი არაფერი შეუცვლია: „მედია ისევ პოლიტიკურად მიკერძოებული და მიკუთვნებული დარჩება, მოსახლეობა კი ისევ მოტყუებულიო", - ამბობს ქავთარაძე.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
„ვაშინგტონ პოსტმა“ თავისივე მფლობელის, ჯეფ ბეზოსის კომპანიის, Blue Origin-ის შესახებ ვრცელი კრიტიკული მასალა გამოაქვეყნა. გამოცემა Blue Origin-ის ხელმძღვანელობას დასაქმებულებისთვის „ტოქსიკური გარემოს“ შექმნაში ამხელს.

კონტექსტი

ჯეფ ბეზოსმა „ვაშინგტონ პოსტი“ 2013 წელს 250 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. მას შემდეგ, ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, ისეთივე მიდგომა ექნებოდა თუ არა გამოცემას თავის მილიარდერ მფლობელთან, როგორც სხვა გავლენიანი ადამიანების მიმართ ექნებოდა?

მედიის კვლევებისა და ჟურნალისტიკის ორგანიზაციის „პოინტერის“ ავტორის ტომ ჯონსის შეფასებით, ბეზოსის კუთვნილი მედიის მიერ ბეზოსის კომპანიის შესახებ კრიტიკული მასალის მომზადება კიდევ ერთი მაგალითია, რომ „ვაშინგტონ პოსტს“ არ ეშინია მფლობელის შესახებ ამბები გააშუქოს.

რა წერია სტატიაში?

11 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალის მასალით ჩანს, რედაქცია საკუთარი მფლობელის კრიტიკას არ მოერიდა. სტატიაში ბეზოსის კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი კომპანიის Blue Origin-ის სამუშაო გარემოა განხილული, რომელსაც თანამშრომლები ახასიათებენ „დაბალი მორალის მქონედ და ტოქსიკურად“.

მასალა ჯეფ ბეზოსის კომპანიის ამჟამინდელ და ყოფილ 20-ზე მეტ თანამშრომელთან და Blue Origin-თან დაახლოებულ პირებთან ჩაწერილ ინტერვიუებს ეყრდნობა. ინფორმაციის წყაროები გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

სტატიაში წერია, რომ გამოცემის მოპოვებული დოკუმენტებიდან და ჩაწერილი ინტერვიუებიდან Blue Origin-ის ხელმძღვანელობის თანამშრომლებისთვის მიუღებელი მართვის სტილი, ბიუროკრატია, დამამცირებელი მოპყრობა, ქალი თანამშრომლების შევიწროვება, ბეზოსის ნაკლებად ჩართულობა და სხვა სისტემური პრობლემები იკვეთება.

ბეზოსის პასუხი

Blue Origin-ის შესახებ სტატიაში ძირითადად კომპანიის მიმართ თანამშრომლების კრიტიკული კომენტარებია გამოყენებული, თუმცა გამოცემას გაშუქებული აქვს იმ თანამშრომლის ხედვაც, რომელიც ხელმძღვანელობის მართვის სტილით კმაყოფილია.

მასალაში გამოყენებულია კომპანიის ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტის, მერი პლანკეტის კომენტარიც. ამავე სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბეზოსი „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელიცაა.

სტატიის ავტორი დაუკავშირდა ჯეფ ბეზოს და „ვაშინგტონ პოსტის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელსაც, რომელიც Blue Origin-ის მრჩეველთა საბჭოს წევრიცაა, თუმცა კომენტარი ვერცერთისგან მიიღო.
alt
სტატიაში ისიც წერია, რომ მას შემდეგ, რაც Blue Origin-ს მასალის მალე გამოქვეყნების შესახებ აცნობეს, ბეზოსმა „ტვიტერზე“ ჟურნალ Barron’s-ის 1999 წლის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მის მიმართ კრიტიკული შინაარსისაა და დაწერა: 

"მოუსმინეთ და იყავით გახსნილები, მაგრამ არავის მისცეთ უფლება გითხრან ვინ ხართ. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი ამბიდან, რომელიც გვეუბნებოდა, რომ დავმარცხდებოდით. დღეს, "ამაზონი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა და რევოლუცია მოახდინა ორ სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიაში."
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჟურნალისტებს მარია რესასა და დმიტრი მურატოვს მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიანიჭეს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ჟურნალისტებს ჯილდოს ფილიპინებსა და რუსეთში გამოხატვის თავისუფლებისათვის გაბედული ბრძოლისათვის გადასცემს.

ეს ჟურნალისტებისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების პირველი ფაქტია 1935 წლის შემდეგ, როცა გერმანელმა ჟურნალისტმა კარლ ფონ ოსიეცკიმ პრემია გერმანიის ომის შემდგომი გადაიარაღების საიდუმლო პროგრამის გამოააშკარევებისთვის მიიღო.

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება

"თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ემსახურება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, სიცრუისა და ომის პროპაგანდისგან დაცვას.“ - ამბობს ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ბერიტ რაის-ანდერსენი.



ნობელის კომიტეტის განმარტებით, რესა და მურატოვი წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც მსოფლიოში ამ იდეას იცავენ.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით ჟურნალისტები 10 დეკემბერს დაჯილდოვდებიან.

ვინ არიან მარია რესა და დმიტრი მურატოვი

მარია რესა ფილიპინელი ჟურნალისტია, მან 2012 წელს საგამოძიებო მედია Rappler დააფუძნა და მას დღემდე ხელმძღვანელობს.

მედიასაშუალების რეპორტიორები ფილიპინების ხელისუფლების კორუფციასა და პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ძალადობრივ ანტინარკოტიკულ კამპანიას ამხელენ.

Rappler ფილიპინებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაა, რომლის ვებგვერდსაც ყოველთვიურად საშუალოდ 12 მილიონი უნიკალური მკითხველი ჰყავს.

დმიტრი მურატოვი სიტყვის თავისუფლებას თავისი საქმიანობით რუსეთში ათწლეულებია იცავს. ის დამოუკიდებელი გაზეთის "ნოვაია გაზეტას" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მის რედაქტორად 1995 წლიდან მუშაობს.

"ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად გამოცემას და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას მაინც აგრძელებს. გაზეთის დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია. დმიტრი მურატოვს ნობელის პრემიის მინიჭება კრემლშიც მიულოცეს.  

კონტექსტი

ნობელის კომიტეტმა წლევანდელი ლაურეატები 329 კანდიდატიდან აირჩია. პრემიის ლაურეატები ოქროს მედალთან ერთად მილიონ აშშ დოლარზე მეტ ფულად თანხას მიიღებენ. ნობელის კომიტეტი აცხადებს, რომ ჟურნალისტიკის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჯონ ლენონის აქამდე უცნობი ნახევარი-საუკუნის წინანდელი აუდიო ინტერვიუ და ფოტოები დანიაში აუქციონზე იყიდება.

33-წუთიანი მასალა 51 წლის წინ, „ბითლზის“ დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე თინეიჯერებმა სკოლის ჟურნალისთვის ჩაწერეს. ძველ კასეტაზე შემორჩენილია ჯონ ლენონის გამოუქვეყნებელი სიმღერის ჩანაწერიც.

უცნობი ინტერვიუს ისტორია

როგორც BBC წერს, დანიელი კარსტენ ჰოჯენი 16 წლის იყო, როდესაც სამ მეგობართან ერთად ჩაწერა ჯონ ლენონთან ინტერვიუ. ეს 1970 წელს მოხდა, როდესაც ჯონ ლენონი ცოლთან, იოკო ონოსთან ერთად დანიის ერთ-ერთ რეგიონში ჩავიდა.

ლენონი და ონო დანიაში ერთ თვეს დარჩნენ, მათი ჩასვლიდან ერთ კვირაში მუსიკოსის დანიაში ყოფნის შესახებ ადგილობრივმა გაზეთმა გააშუქა, ამის შემდეგ კი დანიური პრესა წყვილთან ინტერვიუს ჩაწერას აქტიურად ცდილობდა. საბოლოოდ 1970 წლის 5 იანვარს პრეკონფერენციის გამართვა გადაწყდა.

altინტერვიუს მსურველებს შორის 16 წლის ბიჭებიც იყვნენ, ოთხმა დანიელმა თინეიჯერმა მასწავლებელი დაითანხმეს სკოლის გაზეთისთვის პრესკონფერენციაზე წასულიყვნენ, მაგრამ გზაში თოვლიანი ქარბუქის გამო შეყოვნდნენ და ღონისძიებაზე დააგვიანეს. თუმცა, ლენონმა და ონომ თინეიჯერები და რამდენიმე დაგვიანებული ჟურნალისტი მაინც მიიღეს.

სკოლის 4 მოსწავლეს შორის ერთ-ერთი კარსტენ ჰოჯენი იხსენებს, რომ პერსკონფერენციისთვის ხმის ჩამწერი და კასეტა ითხოვეს. მუსიკოსთან შეხვედრის ფოტოებს მისი მეგობარი იესპერ იუნგერსენი იღებდა, ინტერვიუს კი თავად იწერდა.

„ჯონმა მკითხა „საიდან ხართ? რადიოდან?“ – „არა, სკოლის ჟურნალიდან“, - ვუპასუხე მე - ამბობს ჰოჯენი და ჰყვება, რომ შეხვედრა მყუდრო და თავისუფალი იყო.  ლენონი, ონო, იოკო ონოს შვილი კიოკო, ონოს ყოფილი ქმარი ენტონი ქოქსი და მისი იმჟამინდელი ცოლი მელინდა  სავარძელზე ისხდნენ და ფეხები მაგიდაზე ჰქონდათ შემოწყობილი.

alt

მოზარდი ჟურნალისტები ლენონისა და ონოს მშვიდობის კამპანიით იყვნენ დაინტერესებულები ვიეტნამისა და ცივი ომის პერიოდში.

ჩანაწერში ჯონ ლენონს ეკითხებიან: „როგორ ფიქრობთ, ადამიანები, მაგალითად როგორიც მე ვარ, როგორ შეიძლება დაგეხმარონ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში?“

- „მოგვბაძე იმაში, რასაც ვაკეთებთ, დაფიქრდი რისი გაკეთება შეგიძლია შენ თვითონ“, - ასე პასუხობს მუსიკოსი.
alt
ინტერვიუს ჩაწერის დროს წყვილი დანიურ ტრადიციას შეუერთდა და ნაძვის ხის გარშემო იცეკვა, შემდეგ ჯონ ლენონმა სიმღერა Give Peace A Chance შეასრულა. მან იოკო ონოსთან ერთად იმღერა ერთ-ერთი რადიო სადგურისთვის დაწერილი სიმღერაც Radio Peace. ჩანაწერის ავტორი ამბობს, რომ რადიო სადგური არასდროს გახსნილა და ეს სიმღერაც არასდროს გამოქვეყნებულა. 

დღეს, კასეტაზე ჩაწერილი 33-წუთიანი მასალა, 23 ფოტო და სკოლის ჟურნალი კოპენჰაგენში, Bruun Rasmussen-ის აუქციონზე გაიყიდება.
კატეგორია: რესურსები
მედიაში ახალი ამბების დიდი ნაწილი პრობლემების წარმოჩენასა და მხილებაზეა ორიენტირებული. ჟურნალისტები აუდიტორიას უყვებიან ქალაქში, ქვეყანაში, მსოფლიოში არსებული პრობლემების შესახებ და აუდიტორიასვე უტოვებენ საშუალებას თავად შეაფასონ ამბავი და იფიქრონ გამოსავლის გზებზე.

თუმცა, ჟურნალისტიკაში არსებობს მიმართულება, რომელიც მთავარ ყურადღებას არა მხოლოდ პრობლემაზე, არამედ ამ პრობლემის გამოსავლის გზებზე ამახვილებს. ამ მიდგომას Solutions Journalism (გამოსავლების ჟურნალისტიკა) ჰქვია. რას მოიცავს ეს მიმართულება და როგორ მუშაობს საქართველოში?

რა არის გამოსავლის ჟურნალისტიკა?

ჟურნალისტიკის ამ მიმართულებას დაახლოებით ისეთივე მიდგომები აქვს, როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკას. ამბავი მტკიცებულებებზეა დაფუძნებული და ფოკუსირებულია პრობლემიდან გამოსავლის პოვნაზე.

გამოსავლის ჟურნალისტიკაში ღირებულია არა მხოლოდ იმის მოყოლა, თუ რა პრობლემები არსებობს ან „რა შეცდომები დაუშვა ვინმემ“, არამედ საპასუხო ქმედებები ამ პრობლემების გამოსასწორებლად.

ასეთ მასალებში ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები. ისინი პრობლემის მოგვარების კონკრეტულ იდეებსა და გზებს კი არ გვთავაზობენ, არამედ აშუქებენ, იძიებენ და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხსნიან რომელმა გადაწყვეტილებებმა გაამართლა ან ვერ გაამართლა ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას და რატომ. შესაბამისად, გამოსავლის გზების გაშუქების დროს აჩვენებენ მის დადებით მხარეებსაც და ნაკლასაც.

გამოსავალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა საქართველოში

გამოსავლის ძიება ერთ-ერთი მთავარი მიზანია გადაცემა „რეალური სივრცის“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ყოველკვირეულად გადის.

გადაცემაში პასუხისმგებელ პირებს ხშირად უწევთ ადამიანებისგან მოისმინონ პრობლემების გადაჭრის გზების მათი ხედვები.

საკითხის წარდგენისა და დისკუსიის შემდეგ, გადაცემის ბოლო ნაწილი ეთმობა გამოსავლის გზებზე საუბარს, რაც, როგორც „რეალური სივრცის“ პროდიუსერი, თამარ მშვენიერაძე გვეუბნება, გადაცემის დაწყების პერიოდში რესპონდენტებისთვის დამაბნეველიც აღმოჩნდა.

„თავიდან ეს ძალიან უცნაური იყო. ჩანდა, რომ რესპონდენტების ერთი მხარის მიზანი ძირითადად მხოლოდ კრიტიკა იყო, მეორე მხარის მიზანი კი თავის დაცვა. მაგრამ მერე დავინახეთ, რომ ნელ-ნელა შესაძლებელი ხდებოდა აზრების დაახლოვება.“

პრობლემიდან გამოსავლის გზების ძიება ჟურნალისტის მხრიდან თემის სიღრმისეულ მოკვლევას მოითხოვს. ამას, უბრალოდ კითხვების დასმასა და პრობლემის გამოკვეთასთან შედარებით მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა სჭირდებაო, ამბობს თამარ მშვენიერაძე.

„ლუსტრაცია, ზოგადად მხილება არის ჟურნალისტიკის მთავარი მიზანი და ყველაზე კარგ შედეგზე ასეთი ჟურნალისტიკა გადის, მაგრამ მეორე ეტაპი უკვე გამოსავლის მოძებნაში საკუთარი წვლილის შეტანაცაა.“

თუმცა ასევე აუცილებლია, თემასთან კავშირის შენარჩუნება და სხვადასხვა ეტაპზე გადამოწმება, გადაიჭრა თუ არა ესა თუ ის პრობლემა. მშვენიერაძე ამბობს, რომ საჭიროა აუდიტორიის ჩართულობის მიღწევაც და გამოსავლის ჟურნალისტიკა მათ საშუალებას აძლევს, უკეთ დაინახონ პრობლემის გადაჭრის გზები და არ ეგონოთ, რომ პრობლემიდან გამოსავალი არ არსებობსო.

გამოსავლის ჟურნალისტიკა საერთაშორისო პრაქტიკაში

პრობლემის მოგვარებისა გზებს აუდიტორიას ხშირად ბიზნეს გამოცემები თავიანთ სფეროში აჩვენებენ, მაგალითად Bloomberg Businessweek, Entrepreneur, Fortune და სხვა, თუმცა გამოსავლის ჟურნალისტიკის მიმართულება გვხვდება ახალი ამბების ჟურნალისტიკაშიც. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.

გამოსავალზე ორიენტირებული ამბის ერთ-ერთი მაგალითია CNN-ის ეს სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დანერგა სამხრეთ კორეამ კოვიდ ტესტირება ავტომობილებში, რითაც გაზარდა ტესტირებაზე წვდომა და შეამცირა ვირუსის გავრცელების რისკები.

დღეს გამოსავლის ჟურნალისტიკის მიმართულებით არსებობს როგორც ცალკე მედიასაშუალებები, ისე ჟურნალისტიკის ამ მიდგომის ინტეგრაციის მაგალითები დიდ მედიებში. ასეთია The New York Times-ის განყოფილება Fixes, რომელიც სოციალურ პრობლემების გამოსავლის გზებს აშუქებს და ხსნის როგორ მუშაობს ის.

ცალკე განყოფილება აქვს Huffpost-საც Impact-ის სახით, BBC-ის ამ მიმართულებით პროგრამას კი People Fixing The World ჰქვია.

გამოსავალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის პოპულარიზებისა და მედიისთვის რესურსების მისაწოდებლად კი „გამოსავლების ჟურნალისტიკის ქსელი“ 10 წელზე მეტია მუშაობს.
კატეგორია: საქართველო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 1-10 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ მედიას და ტელევიზიებს აკვირდებოდა. ეს მათი მეორე ასეთი ანგარიშია.

ამ ანგარიშის მიხედვით, 30-ზე მეტ მედიას ცესკოს შესახებ დეზინფორმაციული მასალა აქვს გავრცელებული, მაგრამ ამ ანგარიშში ვერ შეხვდებით კვლევის მეთოდოლოგიას. მედიის დიდი ნაწილის შემთხვევაში კი ვერ იპოვით ბმულებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ისინი მართლაც ავრცელებენ დეზინფორმაციულ მასალებს.

რედაქციის შენიშვნა: ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, "ინფორმაციული დაცულობის ცენტრმა" 23 სექტემბრის 18:30 საათზე განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ. 

„გაუგებრობა“


„ინფორმაციის დაცულობის ცენტრი“ 2020 წელს საპილოტე პროექტის სახით საერთაშორისო ორგანიზაცეიების IFES-სა და USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო. მედიამონიტორინგი კი, რომელსაც 15 ადამიანი ატარებს და 500-ზე მეტ პლატფორმას აკვირდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მათი მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 16 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე On.ge-მ 5, „პუბლიკამ“ და „ნეტგაზეთმა“ კი 3-3 დეზინფორმაციული მასალა გამოაქვეყნა. თუმცა ვერცერთმა მედიამ ვერ მოისმინა არგუმენტი, რაც ამ დაკვირვების შედეგებს გაამყარებდა.

alt

დოკუმენტის პირველ ვერსიაში „რადიო თავისუფლებაც“ მოხვდა, რაც მოგვიანებით „ტექნიკური შეცდომის“ მიზეზით ცხრილიდან ამოიღეს.

ამ „გაუგებრობის“ გასარკვევად და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მედიის მონიტორინგის ანგარიშთან გაჩენილი შეკითხვების გამო on.ge-ის, „პუბლიკასა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორები „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელს გივი ხაჭაპურიძეს ცესკოს ინიციატივით შეხვდნენ.

ცესკოს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ განცხადება

23 სექტემბერს, მედიასთან შეხვედრის მეორე დღეს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიის მიერ ცენტრის საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება და ასევე ტექნიკური ხარვეზი.

„რადიო თავისუფლებასა“ და „ნეტგაზეთთან“ მიმართებით რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას, - ავტომატურად მოინიშნა კრიტერიუმი - „დეზინფორმაცია“, რაც აღმოჩენისთანავე გამოსწორდა. „აქცენტნიუსთან“, „პუბლიკასა“ და On.ge-სთან მიმართებით კი, გამოიკვეთა, რომ რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას აღნიშნული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოხვდა დეზინფორმაციის ჭრილში, რაც ასევე წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და შესაბამისად აღმოიფხვრა.“, - წერია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ინფორმაციის დაცულობის ცენტრი" ამბობს იმასაც, რომ გუშინდელ შეხვედრაზე მედიასაშუალებებთან კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრა, რომ მედიის მხრიდან ბალანსის დაცვის საკითხი, ასევე ანალიზის შედეგები უფრო დეტალურად იქნება აღწერილი რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის წარმოებისას. „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია კი უფრო ზუსტი იქნება და კონკრეტულად ასახავს დეტალებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოცემული იქნება ანგარიშებში.

„პუბლიკას“, On.ge-სა და „ნეტგაზეთის“ რედაქტორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ „ინფორმაციული დაცულობის ცენტრის“ განცხადება მკითხველისთვის ბუნდოვანია და "რასაც ცესკო ხარვეზს და შეცდომას უწოდებს, მედიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებაა". 

მედია „ინფორმაციის დაცულობის ცენტრისგან“ შეცდომის აღიარებას ითხოვს

მედიასაშუალებების რედაქტორებმა 22 სექტემბრის შეხვედრაზე გივი ხაჭაპურიძეს მოსთხოვეს, კვლევის შედეგების ფაქტებით გამყარება, ან მიყენებული რეპუტაციული ზიანის აღიარება.

“ეს ანგარიში ინგლისურ ენაზე, სავარაუდოდ, სხვა ორგანიზაცებსაც გადაუგზავნეს. არ ვიცით, ვისთან შეგვილახეს რეპუტაცია, ამიტომ ველოდებით, რომ ცესკო ჩაასწორებს და ამოიღებს ამ ყველაფერს, და აღიარებს, რომ შეეშალა“, - გვეუბნება „ონ.ჯის“ რედაქტორი ხატია ღოღობერიძე.

On.ge-ის „ხუთი დეზინფორმაცია“, როგორც ხატია ღოღობერიძე ამბობს, ერთ მასალაში აღმოჩნდა და როდესაც რედაქციამ ცესკოსგან მისი დაზუსტება მოითხოვა, პასუხად მიიღეს, რომ ეს „ტექნიკური შეცდომაა“.

„დეზინფორმაცია არის განზრახ მოგონილი, ცრუ ინფორმაცია დეზინფორმაციის ობიექტის დისკრედიტაციის მიზნით. ისე ჩანს, თითქოს „პუბლიკაში“ ჟურნალისტი დაჯდა, მოიფიქრა რაღაც ინფორმაცია, მოიგონა, დაწერა და გამოაქვეყნა“ - ამბობს „პუბლიკას“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.

კვლევაში ჩართულ დიაგრამაში მითითებულია, „პუბლიკამ“ 3 დეზინფორმაციული მასალა გამოაქვეყნა. დეზინფორმაციად შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ ერთ-ერთი განცხადება ცესკოს შესახებ და მოძრაობა „სირცხვილიას“ შექმნილი „სამოქალაქო საარჩევნო კომისისს“ მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გაშუქება. ეს მასალები ახალი ამბების სახითაა გავრცელებული და მითითებულია განცხადების წყაროები.

„დეზინფორმაცია მიზანიმართულად გაავრცელა, ან რამე მოიგონაო, ჩვენ არსად გვითქვამს. მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციაა აქ და არანაირი ბრალდება მედიაზე, რომ ისინი არიან დეზინფორმატორები. აქ გაუგებრობის ამბავია, ტერმინოლოგიის ამბავიც შეიძლება იყოს და ჩარტებში სხვანაირი აღქმის ამბავი.“ - ამბობს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი გივი ხაჭაპურიძე.

ანგარიშში „დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე“ სიტყვა სიტყვით მართლაც არაფერი წერია, მაგრამ ანგარიშში ეს მედიები განმარტების გარეშე, მხოლოდ დეზინფორმაციის შემცველი მასალის გამავრცელებლად არიან მოხსენიებული.

მონიტორინგის მიხედვით, „ნეტგაზეთს“ საკვლევ პერიოდში სამი დეზინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული, თუმცა როგორც გამოცემის რედაქტორი, დავით ქოქოშვილი ამბობს, ცესკომ მათ ვერ აჩვენა მასალა, რითაც ამას დაადასტურებდა.

ინტერესთა კონფლიქტი

„შენს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ობიექტურად შენვე ვერ შეაფასებ. მედიამონიტორინგს უნდა ატარებდეს გარე, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ მოიტყუოს ან ფატქები შეცვალოს, მისი ერთადერთი ინტერესი არის, რომ დააკვირდეს.“, - ამბობს ნეტგაზეთის რედაქტორი.

ინტერესთა კონფლიქტის პრობლემას ვერ ხედავს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ცესკოს „ქება-დიდებას არ ემსახურებიან“.

„ჩვენ ვართ „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი“, რომელიც მედიაში ეძებს იმ ინფორმაციებს, რომლებიც არის ცესკოსთან დაკავშირებით, შემდგომ ამას ახარისხებს და იმ დეზინფორმაციის შემცველ მასალებზე აკეთებს რეაგირებას. არგუმენტირებული პასუხის გაცემას ვცდილობთ და არამც და არამც არ ვართ დაკავებული ცესკოს ქება-დიდებით.“ - ამბობს ის.

რა არის დეზინფორმაცია ცესკოს კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით?

დეზინფორმაცია არის იქ, სადაც არის სიცრუე და ტყუილია ცესკოს შესახებ, „მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მედიასაშუალება იყო დეზინფორმატორი.“ - ამბობს გივი ხაჭაპურიძე.

„ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ დეზინფორმაციად მიიჩნია მედიის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებებიც, რომლებიც ცესკოს აკრიტიკებენენ.

„თუ მიიჩნევენ, რომ Isfed ავრცელებს მათზე არასწორ ინფორმაციას, დეზინფორმაციაა ეს ან მადისკრედიტირებელია ცესკოსთვის, მაშინ ეს ორგანიზაციების დაკვირვების ნაწილში შესატანი ინფორმაციაა. თუ მედიამ ავტორიტეტული ორგანიზაციის განცხადება გააშუქა ეს დეზინფორმაციად მედიისთვის ვერ ჩაითვლება და სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს რეპუტაციას.“ - გვეუბნება „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

გივი ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ აქ შესაძლოა მონიტორინგის ანგარიშში გამომოყენებული ტერმინოლოგია იყოს პრობლემა და „ვიზუალურ ნაწილშიც შესაძლებელია ეს ყველაფერი მითითებული ყოფილიყო ისე, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ გამოეწვია“. ის ამბობს, უფრო კონკრეტულები უნდა ვყოფილიყავით, რომ მსგავსი აღქმა არ დარჩენილიყოო.

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ თუ ცესკოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას მედია გააშუქებს, ცესკოსთან გადაამოწმებს და მის მხარესაც წარმოაჩენს, მაშინ მედია დეზინფორმაციული მასალების ინფოგრაფიკაში აღარ მოხვდება (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცესკო მათ კითხვებს არ ან ვერ უპასუხებს).

„პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მონიტორინგის მეთოდოლოგია გაუგებარი და დაუხვეწავია და „ინფორმაციის დაცულობის ცენტრში“ კარგად არ იფიქრეს, როცა ამას „მედიის მონიტორინგს“ არქმევდნენ.

„შეიძლება მედიას შეუფასო ბალანსის საკითხი, სიზუსტის დაცვის საკითხი და ა.შ მაგრამ დეზინფორმაცა ამ მეთოდოლოგიით არ ფასდება“ - გვეუბნება „პუბლიკას“ რედაქტორი.

დღეისთვის „ინფორმაციის დაცულობის ცენტრს“ ცესკოს ვებგვერდზე 2 ანგარიში აქვს გამოქვეყნებული. მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების ჩათვლით გაგრძელდება, ანგარიშების პერიოდულობა კი საინფორმაციო ნაკადების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ცენტრში ამბობენ, რომ მონიტორინგის ანგარიშები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალებით გამოქვეყნდება.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოდკასტის ავტორი, ჯო როგენი კოვიდ-19-ით მკურნალობის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

პოდკასტის წამყვანი, რომელსაც მილიონობით მსმენელი ჰყავს ამბობს, რომ კოვიდ-19-ს იმ მედიკამენტით უმკურნალა, რომელიც ძირითადად ცხოველებში გამოიყენება.

ბოლო კვირებში ზოგიერთ ქვეყანაში იმატა ამ პრეპარატზე მოთხოვნამ, საერთაშორისო მედიამ კი აქტიურად დაიწყო მედიკამენტ „ივერმექტინის“ შესახებ გაშუქება.

რა მოხდა?

კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ჯო როგენმა თავისი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ვაქცინებისა და მედიკამენტ „ივერმექტინის“ შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.

ამერიკელმა წამყვანმა სექტემბრის დასაწყისში თქვა, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდა და მკურნალობისთვის რამდენიმე მედიკამენტს, მათ შორის „ივერმექტინს“ იღებდა. როგანის ეს განცხადება მედიის კრიტიკის სამიზნედ იქცა, რადგან „ივერმექტინი“ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ აშშ-ის „სურსათისა და წამლის სააგენტოს“ (FDA) აღიარებული არ აქვს. აშშ-ის „დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ (CDC) კი აგვისტოში ცხოველებისთვის განკუთვნილი პრეპარატის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევებისა და რისკების შესახებ იუწყებოდა.

ჯო როგენი ამბობს, რომ მედიკამენტის გამოყენებისთვის რეკომენდაცია ექიმებისგან მიიღო და რეცეპტიც ექიმმა გამოუწერა.

დეზინფორმაცია „ივერმექტინზე“

პოდკასტერის არგუმენტები მედიკამენტზე საუბრისას:

• ჯო როგენი ამბობდა, რომ „ივერმექტინის“ მიღებამ გამოაჯანმრთელა, თუმცა ის „ივერმექტინის“ გარდა სხვა მედიკამენტებითაც მკურნალობდა, რომლებიც FDA-ს აღიარებული აქვს.

• როგენი ამბობდა, რომ იაპონიამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ „ივერმექტინის“ გამოყენება დაამტკიცა, თუმცა ეს სიცრუეა. იაპონიის მთავრობას ამ მედიკამენტის კორონავირუსის მკურნალობისთვის გამოსაყენებლად მხარი არ დაუჭირია.

• როგენი ამბობდა იმასაც, რომ „ივერმექტინს“ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოყენების ავტორიზაცია იმიტომ არ აქვს, რომ მთავრობას სურს მოსახლეობას აიძულოს ვაქცინებით აიცრან. ფარმაცევტულ კომპანიებს კი უნდათ, რომ ვაქცინების გაყიდვით შემოსავლის მიღება განაგრძონ. - „ივერმექტინის“ მაწრმოებელი კომპანია „მერკი“ კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა და თვითონვე აცხადებს, რომ მედიკამენტი კოვიდ-19-ისთვის განკუთვნილი არაა.

რა არის „ივერმექტინი“?

ეს არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად ვეტერინარიაში გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვისთვის. „ივერმექტინი“ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის სითხის, ტაბლეტების, პასტის სახით იყიდება და ცხოველებში პარაზიტების პრევენციისთვის გამოიყენება.

კონკრეტულ შემთხვევაში „ივერმექტინი“ შესაძლოა განსაზღვრული დოზით ადამიანებს პარაზიტული ჭიებით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ დაენიშნოთ, თუმცა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პრეპარატი არც ადამიანებში და არც ცხოველებში გამოსაყენებლად არაა აღიარებული.

კვლევა კი, რომელიც „ივერმექტინის“ ეფექტიანობის დადსტურებას ცდილობდა, პლაგიატისა და მონაცემების უზუსტობის გამო გაუქმდა და წაშალეს.

FDA: „შენ არ ხარ ძროხა“

აშშ-ის „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ინფორმაციით, ცხოველებისთვის განკუთვნილი მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს. გვერდით მოვლენებს შორისაა ჰალუცინაციები, კანკალი, კუჭნაწლავის პრობლემები, ბალანსის დაკარგვა და სხვა.

აშშ-ში უკვე დაფიქსირდა „ივერმექტინის“ მიღებით გართულებული პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევები.

აშშ-ის „სურსათისა და წამლის“ სააგენტო კი მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ „ივერმექტინის“ არასწორად გამოყენება სახიფათოა. „შენ არ ხარ ცხენი. შენ არ ხარ ძროხა. სერიოზულად, შეწყვიტეთ“, - წერია სააგენტოს „ტვიტში“.

alt

მედიკამენტის კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა ევროპის წამლის მარეგულირებელიც. “ივერმექტინის“ მწარმოებელი კომპანია „მერკი“ კი ამბობს, რომ ამჟამინდელი მონაცემები არ ადასტურებს წამლის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას.

რას ამბობს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ?

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის“ რეკომენდაციით, „ივერმექტინის“ კოვიდპაციენტების სამკურანლოდ გამოყენების შესახებ მტკიცებულებები არადამაჯარებელია და სანამ მეტი მონაცემი არ იქნება ხელმისაწვდომი, მედიკამენტი მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში შეიძლება გამოიყენონ.
კატეგორია: ინტერვიუ
დიპფეიკები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეო ან აუდიო მასალაა, რომელშიც ადამიანი აკეთებს და ამბობს იმას, რაც არასდროს გაუკეთებია და უთქვამს.

დღესდღეობით დიპფეიკებს დემოკრატიისთვის საფრთხედ და დეზინფორმაციის ერთ-ერთ ფორმად განიხილავენ, თუმცა ამ ტექნოლოგიას შექმოქმედებითი გამოყენებაც აქვს.

რამდენად რეალურია და რა საფრთხეებს ქმნის დიპფეიკები საზოგადოებაში? როგორ შეიძლება მასთან გამკლავება? ამ თემაზე ვიდეოსა და ტექნოლოგიის შესახებ ადამიანის უფლებათა ქსელის Witness-ის პროგრამის დირექტორი და დიპფეიკების ექსპერტი სემ გრეგორი გვესაუბრა.

როგორ შეიცვალა დიპფეიკები ბოლო წლებში პირველი თაობის დიპფეიკებისგან განსხვავებით?

ბოლო 4 წელია დიპფეიკები საზოგადოებისთვის შედარებით ახალი სფეროა და ის კომპიუტერულად გენერირებული გამოსახულებისა და ხელოვნური ინტელექტის Machine Learning (მექანიკური დასწავლა) ტექნოლოგიის განვითარებიდან მოდის. მარტივდება ელემენტარული დიპფეიკის შექმნა ისე, რომ გამოსახულების მანიპულაციის შესაძლებლობა ხელმისწავდომია Adobe-ის ფოტოშოპში და ზოგიერთ ონლაინ პლატფორმაზე. ისე გამარტივდა ეს მანიპულაციები, რომ მხოლოდ ერთი ფოტო გჭირდება, რომელსაც გაწვრთნილ სისტემაში მოათავსებ და მის მანიპულაციას შეძლებ.

რისი შექმნაც ჯერ ისევ რთულია, ძალიან მაღალი ხარისხის დიპფეიკებია. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ტომ კრუზის დიპფეიკ ვიდეოები. მსგავსი დიპფეიკების შექმნას კვლავაც სჭირდება მასში მონაწილე ადამიანის ბევრი ვიზუალური მონაცემი და დამატებით ეფექტები. საერთო ჯამში, მართალია დიპფეიკების შექმნა მარტივდება, მაგრამ ყველას არ შეუძლია სრულიად დამაჯერებელი დიპფეიკის შექმნა.

რა ძირითად საფრთხეებს ქმნის დიპფეიკები?

ამ თემაზე ჩვენს ორგანიზაციას გლობალური მასშტაბის კონსულტაციები ჰქონდა. გვინდოდა, რომ მხოლოდ შტატებში, სილიკონ ველის წარმომადგენლებთან არ გვესაუბრა, ამიტომ კონსულტაციები გვქონდა ევროპაში, აფრიკაში, ლათინო ამერიკასა და აზიაში. ძირითადად 5 საფრთხე გამოიკვეთა:

პირველი - ამბობდნენ, რომ დიპფეიკი ქალებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რადგან ბევრ პოლიტიკოსს, აქტივისტსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ მანიპულაციური გამოსახულებებით და ამ მომენტისთვის ეს ნომერ პირველი საფრთხეა, რაც დიპფეიკებთან დაკავშირებით გლობალურად არსებობს.

მეორე - დიპფეიკისგან გამოწვეული საფრთხე ძირს უთხრის რეალურ ვიდეომასალებს. ადამიანებს მაგალითად, პოლიტიკოსის მაკომპრომენტირებელ, პოლიციის მიერ ძალადობის ამსახველ ან მსგავს ვიდეოებზე შეუძლიათ თქვან, რომ ვიდეო დიპფეიკია, ან „ვერ დაამტკიცებ, რომ ეს რეალური მასალაა.“

მესამე - ჟურნალისტებს არ შეუძლიათ დიპფეიკების ამოცნობა და მასთან გამკლავება.

მეოთხე - დიპფეიკები უკავშირდება დეზინფორმაციის დღევანდელ პრობლემასაც. არსებობს ასეთი მოვლენა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „ციფრული ხანძარი“, როდესაც კონტექსტიდან ამოვარდნილი ვიდეო სწრაფად ვრცელდება „ვოთსაფში“ და „ტელეგრამში“. ამ მხრივ დიპფეიკებიც მიიჩნევა საფრთხედ, რადგან ამ გზით ვიდეო სწრაფად ვრცელდება და რთულია მისი მხილება. ბოლო ერთი წელია გვესმის, რომ ხალხი დარდობს „ზუმის“ სივრცეზეც, რადგან არსებობს დიპფეიკ ტექნოლოგიები, რომლებსაც სახის მანიპულირება შეუძლიათ.

მეხუთე - საფრთხე კი, რომელიც მედიის მთელ ყურადღებას იპყრობს პოლიტიკური დიპფეიკებია. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ხალხი დარდობს ამაზე, მაგრამ როდესაც ესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებათ დღევანდელი დეზინფორმაცია, ისინი ნაკლებად ნერვიულობენ პოლიტიკურ დიპფეიკებზე, რადგან მთელი ყურადღება ისედაც ამაზეა. ეს ადამიანები რეალურად დარდობენ სხვა ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სიმართლე.

რა შეიძლება იყოს დიპფეიკების გამოყენების ყველაზე ცუდი სცენარი?

ერთი ასეთი სცენარი ეხება იმ მუდმივ განცხადებებს, რომ არ შეგვიძლია დავუჯეროთ იმას, რასაც ვხედავთ და რომ ყველაფერი სიცრუეა.

ჩვენ ჩავატარეთ შემთხვევის ანალიზი მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული მთავრობის მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელშიც მაღალი რანგის პოლიტიკოსი კორუფციაში მონაწილეობას აღიარებდა და ამბობდა, რომ დანაშაულში ქვეყნის სხვა ლიდერებიც მონაწილეობდნენ. ვიდეოს გავრცელებისთანავე ხალხს ეგონა, რომ ეს დიპფეიკი იყო, პოლიტიკოსის სახე კი ხელოვნურად ჩასმული. უცნაურად ჟღერდა მისი ხმაც, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ინსტრუმენტები, რომლებითაც გაარკვევდნენ ვიდეო მართლაც იყო თუ არა დიპფეიკი.

ასეთი შემთხვევები დამაბნეველია.

მეორე მხრივ, ხშირად ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ეჭვი შეგვატანინონ ავთენტური ვიდეომასალის რეალურობაშიც.

ეს ფენომენი „მატყუარას დივიდენდის“ (Liar’s Dividend) სახელითაა ცნობილი, რაც გულისხმობს “მატყუარების“ შესაძლებლობას განაცხადონ, რომ რეალური ვიდეომასალა ყალბია. რეალობის დამტკიცება უფრო რთულია, ვიდრე სიყალბედ გამოცხადება. ძალიან მარტივია იმის თქმა, რომ „ეს დიპფეიკია, დამიმტკიცე, რომ ასე არაა“. ჩვენ კი არ გვაქვს უნარები და ინსტრუმენტები, რომ ვებრძოლოთ ამ ე.წ „მატყუარას დივიდენდს“.

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვჭირდება ინვესტირება ჟურნალისტებისა და ფაქტჩეკერების მხარდაჭერაში, რათა ჰქოდეთ შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომლებითაც დიპფეიკებს ამოიცნობენ.

მეორეა ცუდი სცენარია თანხმობის გარეშე შექმნილი სექსუალური შინაარსის მასალები. ამ მომენტში ამ მასალების უმეტესობა კარგი ხარისხის არაა, მაგრამ მაინც ბოროტად გამოიყენება ქალების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არის სცენარებიც, როდესაც კონკრეტულ კრიტიკულ სიტუაციაში ვინმე შეიძლება ეცადოს ვიდეოთი ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, იქნება ეს პოლიტიკური სცენარი თუ სხვა, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო ფართოდ გავრცელებული ეს ორია: „მატყუარას დივიდენდი“ და ქალების თანხმობის გარეშე შექმნილი სექსუალური შინაარსის ყალბი მასალები.

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს დიპფეიკებმა დემოკრატიასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს?

დიპფეიკების რისკია განსაკუთრებით იმ სივრცეში, რომელშიც დეზინფორმაცია, კონტექსტიდან ამოვარდნილი ფოტოები და პროპაგანდისტული მასალა ხშირად ვრცელდება, შესაძლოა ვნახოთ ბევრი დიპფეიკი, რომლებიც როგორც აუდიოზე, ისე ვიზუალზე იქნება დაფუძნებული და რომლებიც არსებული ეთნიკური კონფლიქტებისა თუ პოლიტიკური უთანხმოების გასამწვავებლადაა შექმნილი.

მეორე მხრივ, ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ არ შევქმნათ ათასობით განსხვავებული სცენარი. დიპფეიკებთან დაკავშირებული პრობლემის ნაწილია ისიც, რომ ათასობით განსხვავებულ საშიშროებას წარმოვიდგენთ.

ცხადია, არის პოტენციალი შექიმნას კარგად სტრუქტურირებული დიპფეიკი კონკრეტული სცენარისთვის, როდესაც ამას დიდ დროს დაუთმობ, თუმცა როგორც ვთქვი, კარგი ხარისხის დიპფეიკის შექმნა არც ისე მარტივია. დიპფეიკები შეიძლება შეიქმნას არჩევნების კონტექსტში ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ჩვენ გვინახავს ე.წ შელოუფეიკების - მარტივი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ან შენელებული ვიდეოების გამოყენებაც.

მუდმივად ისმის, რომ არ შეიძლება დანახულის დაჯერება, მაგრამ თუ დემოკრატიული საზოგადოება გვყავს გვჭირდება გარკვეული ნდობა ინფორმაციისადმი. შესაბამისად, დიპფეიკის შესახებ ბევრი საუბარი საზიანოცაა, რადგან ამბობს, რომ არაფერი უნდა დავიჯეროთ. როდესაც რეალურად ინფორმაციის 99% არ არის საზიანო და მავნებელი. ის უბრალოდ თავისუფლად მიმოქცევადი ინფორმაციის ეკოსისტემის ნაწილია.

არსებობს ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია დიპფეიკის ამოცნობა 100%-იანი სიზუსტით?

დიპფეიკის ამოცნობისთვის 100%-იანი სიზუსტის ინსტრუმენტი არ არსებობს. არის რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლებიც მუშაობს მხოლოდ კონკრეტული ტიპის დიპფეიკებზე, მაგალითად, „სახის გაცვლის“ დიპფეიკებზე და სხვა. ასევე არის ამომცნობი ტექნოლოგიები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ადამიანების დიპფეიკებისთვის. მაგალითად, შეგიძლია ნახო ვიდეოში კონკრეტული პოლიტიკოსის საუბრისა და მოძრაობის მანერა რამდენად ემთხვევა მისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს. ასე, რომ არსებობს ამოცნობის ინსტრუმენტები, რომლებიც მუშაობს კონკრეტული ტიპის დიპფეიკებზე და ადამიანებზე, მაგრამ ისინიც არაა 100%-ით ზუსტი.

ტექნიკური გიგანტები მუშაობენ დიპფეიკის ამომცნობი პროგრამების შექმნაზე. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია 100%-იანი სიზუსტის მქონე ამომცნობი პროგრამის შექმნა?

არ მგონია, რომ როდესმე იარსებებს ინსტრუმენტი, რომელსაც დიპფეიკის 100%-იანი სიზუსტით ამოცნობა შეეძლება. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ დიპფეიკი იქმნება Machine Learning (მექანიკური დასწავლის) ტექნოლოგიით, რომელიც მუდმივად ვითარდება და როგორც კი ვინმე შექმნის კარგ ამომცნობ ინსტრუმენტს, სხვა ეცდება ისეთი დიპფეიკი შექმნას, რომ ეს ამომცნობი ინსტრუმენტი გააცუროს.

ამომცნობ ინსტრუმენტებს ყოველთვის ექნებათ ნაკლი, იმედი მაქვს ახლანდელი მონაცემებით, 65%-იანი და 80%-იანი სიზუსტე, უფრო გაიზრდება. თუმცა ყოველთვის იქნება ეს შეჯიბრება დიპფეიკებისა და ამომცნობი პროგრამების შექმნელებს შორის.

რა არის სხვა გამოსავალი იმ დეზინფორმაციულ დიპფეიკებთან საბრძოლველად?

რამდენიმე გამოსავალია: ერთია ტექნიკური, ამოცნობის პროგრამები, რომლებსაც აქვთ ნაკლი, მაგრამ მნიშვნელოვანია შეგვეძლოს ამოცნობის სისტემიდან სიგნალების გამოყენება მედიაწიგნიერებასთან ერთად. ეს სიგნალები მიგანიშნებს, რომ ეჭვი უნდა შეიტანო და დაიწყო სხვა გაშუქებისა თუ ორიგინალი ვიდეოს ძიება. ამომცნობ ინსტრუმენტზე უნდა ვიფიქროთ, როგორც სიგნალის მომცემზე, რომელსაც გავლენა ექნება მედიაწიგნიერებაზე და ფაქტების გადამოწმების უნარების გაუმჯობესებაზე.

ასევე უნდა ვიცოდეთ, რას მოველით სოციალური მედიის პლატფორმებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ამ ამომცნობი სისტემების გამოყენება, მაგრამ, რადგან ეს ინსტრუმენტები ზუსტ პასუხს კის ან არას არ იძლევა, ამ მიმართულებით უმეტეს შემთხვევებში არ გვინდა პლატფორმებმა ავტომატური გადაწყვეტილებები მიიღონ. მაგრამ სოციალურ მედიის პლატფორმებს შეუძლიათ მიგვანიშნონ და გვამცნონ შესაძლო მანიპულაციის ნიშნების შესახებ, რაც დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

რამდენადაა გამოსავალი დიპფეიკების რეგულირება იმ ქვეყნებში, სადაც მართლმსაჯულების სისტემას ნაკლები ნდობა აქვს, კრიტიკული მედია ცენზურასა და წნეხშია? 

რა თქმა უნდა არსებობს დიპფეიკის იდეისა და მის მიმართ შიშის ექსპლუატაცია „ფეიკ ნიუსის“ შესახებ ბოროტად გამოყენებული კანონებით. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დიპფეიკების შესახებ გადამეტებული კანონების მიმართ და მნიშვნელოვანია ქვეყნები არ იღებდნენ ისეთ კაბონებს, რომლებიც შესაძლოა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

მაგალითად, ევროკავშირის კანონმდებლობის პროექტში არის კანონები ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კონტენტის მითითების აუცილებლობის შესახებ, რათა მომხმარებლებმა იცოდენ, რას ნახულობენ. ვფიქრობ, კანონი სასარგებლოა კონტენტის აღნიშვნის კუთხით, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ იმუშავებს ეს და როგორ შეუწყობს ხელს შემოქმედებითი მედიის ევოლუციას.

რა დადებითი მხარე აქვს დიპფეიკებს?

სინთეტიკური მედიის უმრავლესობა არ არის საზიანო. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ბიზნესკომპანიები განიხილავენ. მაგალითად, ვიდეოს წარმოების გამარტივება. აქ არის შემოქმედებითი პოტენციალი, როგორც მომხმარებლების, ისე პროფესიონალებისთვის.

დიდი ძალაა იუმორსა და პაროდიაშიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიპფეიკებია, რომლებშიც დასცინიან ძალაუფლების მქონეებს. თუმცა უნდა შეგვეძლოს გავარჩიოთ, რომ ეს ზოგჯერ აუდიტორიის მანიპულაციას ემსახურება. თითქოს გასართობადაა შექმნილი, თუმცა რეალურად იცი, რომ ვიღაცის საზიანოდაა გაკეთებული.

ასევე შესაძლებელია, ვიდეოს შექმნა ისე, რომ 50 სხვადასხვა ადამიანი საუბრობდეს 50 სხვადასხვა ენაზე, 50 მსახიობის დაქირავების გარეშე. ყოველკვირეულად შეიძლება დიპფეიკის შექმნა, რომელშიც ადამიანი მაგალთად, ქართულად, ინგლისურად, პორტუგალიურად ან სხვა ენებზე საუბრობს. ეს შეიძლება გახმოვანების დროსაც გამოიყენონ.

დიპფეიკების გამოყენების პოტენციალი ფარავს კომპიუტერული თამაშებისა და ვირტუალური რეალობის მზარდ ინდუსტრიას, რომლებიც ფაქტობრივად, მთლიანად სინთეტიკური სივრცეებია.

როგორ ხედავთ დიპფეიკების მომავალს?

ჩემი 5 წლიანი ხედვა დიპფეიკების შესახებ დაფუძნებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ახლა. ჩვენ მივყვებით „მოემზადე, არ აჰყვე პანიკას“ პრაქტიკას, რაც ნიშნავს, ჟურნალისტური და ადამიანის უფლებების დაცვის ხედვის გათვალისწინებით ინვესტირებას ინსტრუმენტების დამზადებაში, რათა ჟურნალისტებსა და ფაქტჩეკერებს გამოუმუშავდეთ ამოცნობის უნარები.

მომავალში მეტი დიპფეიკი იქნება და მათ მეტად საზიანოდ გამოიყენებენ. იქნება მეტი შემოქმედებითად გამოყენებაც, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მომზადებულები. ადამიანებს, რომლებსაც ვენდობით ექნებათ შესაბამისი ინსტრუმენტები სიყალბის ამოსაცნობად. მივეჩვევით, დავიწყებთ ფიქრს, როგორ შევიტანოთ ეს ყველაფერი მედიაწიგნიერებაში.

ასე, რომ არ მაქვს აპოკალიფსური ხედვა, რომ „არ შეიძლება იმის დაჯერება, რასაც ვხედავთ“. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას ვიზამთ ახლა. მთავარია, ვიმუშაოთ მედია ინსტრუმენტების შექმნასა და მედიაწიგნიერების განვითარებაზე.

დიპფეიკების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულზე
კატეგორია: საქართველო
სახალხო დამცველმა 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

რას ითხოვს ომბუდსმენი?

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 თვე გავიდა, თუმცა სახალხო დამცველის ინფორმაციით, პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ დაუწყია.

ომბუდსმენი მედიით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საკმარისია „[ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილისთვის] ბრალის წარსადგენად დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოქმედების ფაქტებზე“.

რა ჩანს მასალებში?

ნინო ლომჯარიას თქმით, საჯაროდ გავრცელებული მასალებით დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე ადამიანიების მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა ჟურნალისტების მიმართაც.

ომბუდსმენის განმარტებით, „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია იმ ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა.

სახალხო დამცველი ასაბუთებს იმასაც, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი კი 5 ივლისს მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც ომბუდსმენის შეფასებით, ცქიფურიშვილი გამოხატვის თავისუფლებას გასცდა.

რას აპირებს სახალხო დამცველი?

სახალხო დამცველი 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ირგვლივ ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, რომ მოითხოვოს სახელმწიფოსგან გამოძიების ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ “საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველს ამის უფლება აქვს, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნეს 53 ადამიანი. სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო, თუმცა არავის მიმართ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
შეაიაღებული მებრძოლებით გარშემორტყმული ტელეწამყვანი და წარწერა უკანა ფონზე „ავღანეთის მშვიდობის სტუდია“ - ასე გამოიყურებოდა ავღანეთის ტელევიზის პირდაპირ ეთერში გასული ინტერვიუ მოძრაობა „თალიბანის“ მეთაურებთან.

წამყვანმა მირვეიზ ჰაიდარი ჰექდოსტმა ინტერვიუს დაწყებისას „თალიბანის“ განცხადება წაიკითხა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს არ ეშინოდეთ და ითანამშრომლონ.



რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ავღანეთი დატოვა პრეზიდენტმა და ათასობით ადგილობრივმა, მათ შორის ჟურნალისტებმა.

1996-2001 წლებში „თალიბანის“ მმართველობის დროს ავღანეთში აკრძალული იყო მუსიკა, გარდა ისლამური საგალობლებისა, ქვეყანაში უკვე დაწესდა მსგავსი შეზღუდვები. რადიოებსა და ტელევიზიებში შეწყდა სიმღერების გაშვება. ეთერში აღარ ჩანან ქალი წამყვანები. ქვეყანა დატოვა 24 წლის ბეჰეშტა არგანდმაც, პირველმა ქალმა ტელეწამყვანმა, რომელმაც „თალიბანის“ მმართველობის დამყარების შემდეგ, 17 აგვისტოს, „თალიბანის“ ლიდერთან ინტერვიუ ჩაწერა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული პრემიის „პულიცერის პრიზის“ კომიტეტმა ავღანელი ჟურნალისტები დააჯილდოვა და გრანტის სახით 100 000$ გამოუყო.

პულიცერის პრემია „სპეციალური აღნიშვნის“ კატეგორიაში იმ “ავღანელი ქალებისა და კაცების პატივსაცემად გაიცა, რომლებმაც დიდი რისკის ფასად თავი მიუძღვნეს იმ ჟურნალისტიკის მხარდაჭერასა და შექმნას, რომელმაც ცხოვრებისა და ომის ათწლეულები ასახა“.

„პულიცერის პრიზის“ კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ პრემია გადაეცა მედიის თანამშრომლებს, ფრილანსერ კორესპონდენტებს, თარჯიმნებს, მძღოლებს, წამყვანებსა და ყველა ავღანელს, რომლებმაც წვლილი შეტანეს იმ ფოტოებისა და ამბების შექმნაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტრაგიკული და რთული ვითარების გააზრებაში.

100 000 დოლარიან გრანტს „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) გაანაწილებს.

“გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ავღანელების მხარდაჭერას, ვისმა სიმამაცემ, უნარებმა და თავისუფალი პრესის იდეალისადმი ერთგულებამ ბოლო ათწლეულებში ხელი შეუწყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალისტიკის შექმნას “, - ამბობენ „პულიცერის პრიზის“ კომიტეტის თანათავმჯომარეები.

ამ კატეგორიაში ჯილდო ბოლოს თინეიჯერმა დარნელა ფრეიზერმა მიიღო, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო. ამავე კატეგორიაში პულიცერის პრემია მიღებული აქვთ არეტა ფრანკლინს, ბობდ დილანს, იდა უელსსა და სხვებს.
კატეგორია: რესურსები
ონლაინ გამოცემა JAMnews-მა, რომელიც ამბებს ხუთ ენაზე აქვეყნებს, უკვე შვიდი თვეა ვებგვერდზე თანხის შეწირვის ფუნქცია დაამატა, თუმცა მედია აქედან შემოსავალს ფაქტობრივად ვერ იღებს.

დასავლეთის მედიაში მკითხველის მიერ თანხის დონაცია დიდი ხანია, დანერგილია და ის შემოსავლის ზოგჯერ მცირე, თუმცა ერთ-ერთ სტაბილურ წყაროდ იქცა. საქართველოში კი მხოლოდ რამდენიმე გამოცემა მოიძებნება, რომელებიც აუდიტორიას მსგავს მოდელს სთავაზობს, ისიც, ფაქტობრივად, უშედეგოდ.

გამომწერებისა და შემომწირველების ყოლა მედიის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გარანტად განიხილება, თუმცა რატომ ვერ მუშაობს ეს მოდელი საქართველოში?

რას გულისხმობს დონაცია და გამომწერების მოდელი მედიაში

ინტერნეტ მედიაში თანხის შემოწირულობის ორი ძირითადი მოდელი არსებობს:

ე.წ. Paywall, როდესაც თანხის გადახდის გარეშე ამა თუ იმ მედიაზე შეზღუდული წვდომა გაქვთ. ამ შემთხვევაში ხშირად მოქმედებს გამომწერების მოდელი, ანუ თანხის პერიოდულად გადახდის შემთხვევაში ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე გაქვთ წვდომა, რასაც უფასოდ ვერ შეძლებდით. ამის კარგი მაგალითი გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსია”.
alt

შემოწირულობის მოდელში კი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და მედიისთვის თანხის გადახდა სრულიად ნებაყოფლობითია. აქ შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა გადარიცხოთ ნებისმიერი პერიოდულობით, რაც მედიის მხარდაჭერაში ჩაგეთვლებათ.
alt

ტექნიკური პრობლემა

Open Caucasus Media, რომელიც თითქმის 4 წლის წინ დაარსდა, კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ინგლისურ და რუსულ ენებზე აშუქებს. დონაციის ფუნქცია ვებგვერდზე მათ წელიწად-ნახევრის წინ დაამატეს, და ამ დროში მკითხველისგან მიღებული თანხა საერთო შემოსავლის 2 პროცენტია.

OC Media-ს თანამდამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე გვიყვება, რომ ამ ბიზნესმოდელის დანერგვის იდეა თავიდანვე ჰქონდათ დასავლეთის მედიის მაგალითების გათვალისწინებით.

“არანაირი რესურსი არ ჩაგვიდია იმაში, რომ რამენაირად გაგვეპიარებინა, უბრალოდ ყოველკვირეულ ნიუსლეთერში ვურჩევთ ხოლმე მკითხველს დონაციას. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მკითხველისგან მიღებული 2% შეიძლება სოლიდურად არ ჟღერს, მაგრამ შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა”,- ამბობს ნიკურაძე.
alt
მედიებისთვის შემოწირულობის ფუნქციის ვებგვერდზე დანერგვაც პრობლემა აღმოჩნდა. ბანკებმა უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ ჩაეშენებინათ ეს მექანიზმი ვებგვერდზე.

“ვფიქრობ, ეგონათ, რომ სავაჭრო ობიექტებისთვის შეძენის ღილაკისა და დონაციის ღილაკის დამატება ტექნიკურად ერთი და იგივე იყო” - გვეუბნება JAMnews-ის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ცნობილაძე.

ქართველი გამომწერები ფულს ნაკლებად იხდიან

OC Media-ს გამომწერების უმრავლესობა უცხოელები არიან. როგორც მარიამ ნიკურაძე ამბობს, შემომწირველთა შორისაც სულ რამდენიმე ქართველია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისიცაა, რომ ამ მედიის მასალები ძირითადად ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

JAMnews მასალებს ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, რუსულად და ინგლისურად აქვეყნებს, თუმცა შემომწირველების უმეტესობა მათთანაც უცხოელია.
alt
“ყოველთვიურად შეიძლება 10 ევრო შემოვიდეს, ზოგჯერ არც კი. დასაწყისში, პირველი ერთჯერადი შემოსავალი ამ მოდელიდან 100 ევრომდე იყო, ახლა ყოველთვიურად ზოგი ერთ ევროს, ზოგი ორ ევროს რიცხავს,” - ამბობს მაკა ცნობილაძე.

ამ მოდელის ნაკლები წარმატება იმანაც განაპირობა, რომ კავკასიის რეგიონში მკითხველი მედია კონტენტში თანხის გადახდას მიჩვეული არ არისო, ამბობენ ჯემ ნიუსის და OC Media-ს დამფუძნებლები.

“ჩვენი საზოგადოება ნამდვილად არაა მზად ამ მოდელისთვის, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში, აზრებაიჯანში, სომხეთში და მკითხველი გვყავს რუსეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კავკასიაში ამის კულტურა ჯერ არ არის და, ალბათ, სხვადასხვა მიზეზს შორის სიდუხჭირეცაა”, - განმარტავს JAMnews-ის აღმასრულებელი დირექტორი.

საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა ერთადერთი ფაქტორი არაა, რაც დონაციისა და გამომწერების მოდელის განვითარებას ხელს უშლის. ამ მოდელის დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსებია საჭრო, რაც დღეს ქართული ონლაინ მედიას არ გააჩნია.
alt
“ამას თვითონ ჟურნალისტები ვეღარ გააკეთებენ - ამ მოდელის ასაწყობად ცალკე გუნდი, კონკრეტული ხედვა და გეგმაა საჭირო.”, - გვეუბნება “ღია საზოგადოების ფონდის” დირექტორის მოადგილე და მედია პროგრამების მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე.

გამომწერების ბაზარი საქართველოში ნაკვლევი არ არის, ამიტომ მკითხველის გადამხდელუნარიანობაზე საუბარი მხოლოდ მედიის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია.

ხატია ჯინჯიხაძე ამბობს, ამ მოდელის დანერგვა შესაძლებელია, თუმცა ამაზე მეტი მუშაობა და კვლევაა საჭირო. მაგალითად, შესაძლებელია გაკეთდეს სასწავლო ტურები იმ დასავლურ მედიებში, სადაც ამ მოდელმა იმუშავა და ის ქართულ რეალობას მოერგოს.

რისთვის სჭირდება მედიას მკითხველის დახმარება?

მედიას უწევს დაფინანსების მრავალფეროვანი გზების ძიება, რათა დამოუკიდებლობა და მასალების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს. საქართველოში ონლაინ მედიების ნაწილი ძირითადად საერთაშორისო დონორების დაფინასებაზეა დამოკიდებული, ეს კი მუდმივად ვერ გაგრძელდება. დონორების პრიორიტეტები ყოველწლიურად იცვლება, რაც მედიას არასტაბილურ მდგომარეობაში აგდებს.

“ამდენი წელია, ჯემ ნიუსი არსებობს და უცებ თუ აღმოჩნდა, რომ დონორი ვეღარ აფინანსებს. არა იმიტომ, რომ მედია არ მოსწონს, არამედ მას უფლება აღარ აქვს, 4-5 წელზე მეტხანს დააფინანსოს ერთი და იგივე მედიაორგანიზაცია. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც სახით გვქონდეს ჩვენი შემოსავალი”, - გვეუბნება JAMnews-ის აღმასრულებელი დირექტორი.

საერთაშორისო დონორების ერთ-ერთი პრიორიტეტი მედიის დამოუკიდებელი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაა. თუმცა საქართველოში ამის მიღწევა არასტაბილური ეკონპომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო მარტივი არ არის.

“ეს მოდელი არ გამოდგება ყველასთვის, მაგრამ გამოდგება საუკეთესოებისთვის. ვფიქრობ, საქართველოში რამდენიმე მედიასაშუალებას მაინც მოუწევს ამის ადრე თუ გვიან გაკეთება, ეს საჭიროა. ამას ცალკე ვერც დონორი გააკეთებს, ვერც მედია, ამას სჭირდება პროფესიონალების მოზიდვა, კონცენტრირება ფიქრი და გამოსავლის ძიება”,- გვეუბნება ხატია ჯინჯიხაძე.

დონაციის და გამომწერების ბიზნესმოდელის პოტენციალი საქართველოში

მწირი შემოსავლის მიუხედავად JAMnews-იც და OC Media-ც სამომავლოდ ამ ბიზნესმოდელების განვითარების პერსპექტივას განიხილავენ.

მაგალითად, JAMnews სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით არქივის შექმნას გეგმავს, რომელიც შესაძლოა ფასიანი იყოს. თუმცა ამ კონტენტის შესაქმნელად ისევ დამატებითი ფინანსების მოძიებაა საჭირო.

altOC Media-ში კი გამომწერებისთვის ისეთი ექსკულზიური მასალის შეთავაზების იდეა აქვთ, რომელსაც გასაჯაროებამდე მხოლოდ გამომწერები წაიკითხავენ.

“ევროპაში ვიცნობ რამდენიმე მედიას, რომლებიც 100%-ით მკითხველებიდან შემოსული თანხით არსებობენ. მათგან ზოგიერთი შემომწირველია, ზოგიერთი გამომწერი. მაგრამ სანამ ისინი აქამდე მივიდოდნენ, რა თქმა უნდა, დიდი გზა გაიარეს, ასევე, იმ ქვეყნებში სულ სხვა ეკონომიკური მდგომარეობაა. ჩვენც ადრე თუ გვიან მაინც იქამდე მოგვიწევს მისვლა.”,- გვეუბნება მარიამ ნიკურაძე.

მიუხედავად სირთულეებისა, მედიამ შემომწირველებისა და გამომწერების ბიზნესმოდელის შექმნაზე უარი არ უნდა თქვას, რადგან ამ ბიზნესმოდელის საქართველოში დამკვიდრება გარდაუვალიაო, გვეუბნება ხატია ჯინჯიხაძე.

"ღია საზოგადოების ფონდის" მედია პროგრამებს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროა მედიამ კავშირი დაამყაროს მკითხველთან, მათგან შემოსავლის მისაღებად: “დღეს, როდესაც მედია ნდობას კარგავს და სოციალურ ქსელებში ბევრი საეჭვო კონტენტი ვრცელდება, ადამიანები ინფორმაციის დიდ ნაკადში სანდო წყაროებს ეძებენ, მათი აღმოჩენის დროს კი ცდილობენ, რომ ეს სანდო წყაროები აღარ დაკარგონ.”
კატეგორია: ინტერვიუ
• რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მედიას ლგბტქი+ ადამიანებისადმი საზოგადოების განწყობების შექმნაში

• რა პარალელები შეიძლება გავავლოთ საქართველოს დღევანდელ რეალობასა და 50 წლის წინანდელ ამერიკას შორის ლგბტქ+ ადამიანების მედიაში წარმოჩენის კუთხით

• რა როლი შეასრულა მედიამ შეერთებულ შტატებში ლგბტქი+ მოძრაობების განვითარებაში

• როგორ იცვლებოდა მედიის ინტერესები ქვიარ ადამიანების მიმართ

ამ თემებზე ამერიკელი მეცნიერი ლარი გროსი გვესაუბრა. ის ლოს-ანჯელესში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის, "ენენბერგის" ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციების სკოლის პროფესორია.

 ის ათეულობით წელია, მედიაში სექსუალური უმცირესობების წარმოჩენის საკითხებს შეისწავლის. ლარი გროსი ამავე მიმართულებით ცნობილი სამეცნიერო წიგნებისა ( მათ შორის, "უჩინარობიდან გამოსვლა - ლესბოსელი და გეი ადამიანები და მედია ამერიკაში") და კვლევების ავტორი და რედაქტორია.

რა განაპირობებს იმას, თუ როგორ ჩანან ქვიარ ადამიანები ახალ ამბებსა და პოპულარულ კულტურაში?

პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა გარესამყაროს შესახებ ინფორმაციას ძირითადად მასმედიიდან იღებს და არა პირადი გამოცდილებიდან. ისტორიაში ეს ყოველთვის ასე იყო. თუმცა დღეს, ამ ინფორმაციას ისეთი მასშტაბებით ვიღებთ, როგორც ეს 200 ან 300 წლის წინ შეუძლებელი იქნებიდა. სამყაროზე წარმოდგენები კი ჩვენამდე ყოველთვის ადამიანური ისტორიებით მოდის.

შეერთებული შტატების თანამედროვე ერაში, რომელსაც ინდუსტრიულ კულტურას უწოდებენ და მე-19 საუკუნიდან იწყება, ბეჭდური მედიისა და სატელევიზიო მაუწყებლობით მოწოდებული ამბები კომერციული პროდუქტია და გასაყიდადაა შექმნილი. მანამდე ამბების მთავარი წყარო რელიგია და ეკლესია იყო, ხოლო ამბები ძირითადად იმეორებდა ერთმანეთს.

დღეს კი ვხედავთ, რომ ამბები განსხვავდება და ის შექმნილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც მისი, როგორც პროდუქტის გაყიდვა სურთ, ამიტომ უნდა დაისვას კითხვა: რა არის პროდიუსერებისა და მომხმარებლების ინტერესები? ამ მედია სისტემის უკან მთავარი მოტივი კომერციული ინტერესია. ერთი შეხედვით ეს აუდიტორიისთვის პროდუქტის მიყიდვის მცდელობად აღიქმება, რეალურად კი პროდუქტი აუდიტორიაა.

ამ სისტემაში სწორედ აუდიტორია ხდება პროდუქტი. ამერიკულ მედია კვლევებში ამ გამოთქმას იყენებენ ხოლმე: „თუ მოიხმარ მედიას უფასოდ, თვითონ ხარ პროდუქტი - შენ გყიდიან.“ ეს ცვლის ამბის თხრობის სისტემას. ცდილობენ გადაცემებით მოხიბლონ ის აუდიტორია, რომელზე წვდომაც სპონსორს სურს. შესაბამისად იწყება იმ საკითხის განხილვა, რომელი ამბები უნდა მოჰყვე, ვისზე უნდა მოჰყვე და როგორ უნდა აარიდო თავი ხალხის გაღიზიანებას, რომ არ დაკარგო აუდიტორია.

ეს კომერციული მოდელი ამერიკაში შეიქმნა და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. ამ მოდელში ყველა მოხალისეობრივადაა ჩართული. სახელმწიფო არ გაძალებს რომ ტელევიზიას უყურო, კინოთეატრებში იარო ან წიგნები წაიკითხო. ამას საკუთარი ნებით აკეთებ. ეს მედია პროდუქტი ჩვენი ყურადღების მისაპყრობადაა შექმნილი. შესაბამისად, ყურადღება მახვილდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა ძალადობა და სექსი. კომერციული მედიის სისტემაში ისმის შეკითხვა, როგორ უნდა წარმოჩნდეს ის ამბები, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნიან ამ კომერციულ მოდელს? შეერთებულ შტატებში ათწლეულების განმავლობაში, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე გარკვეული თემები და ამბები, რომლებიც მარგინალური იყო, უფრო მისაღები გახდა, როდესაც უჩინარი ადამიანებისა და ამბების კატეგორია მედიაში გამოჩნდა.

როგორ წარმოაჩენდა ამ დროს მასმედია ლგბქტი+ ადამიანებს?

სექსუალური უმცირესობები თავიდან ნეგატიურ ჭრილში, სხვა ადამიანებისთვის საფრთხეებად ან დაცინვის ობიექტებად იყვენ წარმოჩენილი. „განსხვავებული“ ადამიანები: ისინი ჩანდნენ სასაცილოებად, რომლებისთვისაც უნდა დაგეცინა, ან საშიშებად, რომლებიც უნდა მოგეკლა.

ასეთი სურათით ჩნდებიან უმცირესობები ამერიკულ ფილმებსა და საინფორმაციო პროგრამებში. მათი ემპათიურ ჭრილში წარმოჩენა მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო, მაგრამ ხილვადობა მაშინაც დაბალი იყო, რადგან კომერციულ მედიას სჯერა, რომ აუდიტორიას თავისი მსგავსი ადამიანების შესახებ ამბის გაგება უნდა.

მარგინალიზებული ადამიანები შეიძლება უფრო მეტად მისაღები გახდნენ თუკი ნაკლებად საშიშებად არიან წარმოჩენილი და წარმატების ნარატივში ხვდებიან. შეერთებულ შტატებში ჰომოსექსუალები ისტორიის განმავლობაში წარმოჩნდებოდნენ „გადახრების მქონე“ ადამიანებად: თავიდან იყვნენ „ცოდვილები“, შემდეგ „კრიმინალები“, შემდეგ „შეშლილები“. პოპულარული მედია მათ, წარმოაჩენდა უბედურ, წარუმატებელ ადამიანებად, რომლებსაც ფილმის ბოლოში კლავდნენ ან სუიციდით კვდებოდნენ.

როდის იყო გარდამტეხი მომენტი ქვიარ ადამიანების გაშუქების კუთხით?

რადიკალური ცვლილება მაშინ დაიწყო, როდესაც გამოჩნდა ლგბტქი+ თემები და ჯგუფური იდენტობა. ეს იყო ერთგვარი პარალელი ეთნიკურ ან რასობრივ უმცირესობებთან. ქვიარ ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი, როგორც თემმა და არა უბრალოდ ინდივიდებმა. მაგალითად, ამერიკაში ეთნიკური უმცირესობების მოდელს თუ დავაკვირდებით, მე-19-20 საუკუნეებში აშშ-ში იმიგრაციისას, ისინი თითქმის ყოველთვის დიდ ქალაქებში იყრიდნენ თავს, სადაც ხალხი მათ მიმართ დისკრიმინაციულად და უარყოფითად იყო განწყობილი. მაგრამ როდესაც მათ თემები შექმნეს, დაიწყეს ეკონომიკური ძალის აკუმულირებაც. ასეთ ურბანულ ადგილებში ეკონომიკური სიძლიერე პოლიტიკურ სიძლიერეს უტოლდებოდა.

იგივე იყო ქვიარ ადამიანების შემთხვევაშიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ჩიკაგოში შექიმნა ლგბტქი+ საზოგადოებები და მედიამაც დაიწყო ამის მიმართ ყურადღების გამოჩენა. Life Magazine, New York Times და სხვებმა ამ ამბავს ყურადღება მიაქციეს.

თუმცა, თავიდან, მედია ამას პრობლემად წარმოაჩენდა, მათი გზავნილი იყო „შეხედეთ, რა ხდება“, მაგრამ მეორე მხრივ ამ გაშუქებამ ხმა მიაწვდინა ლგბტქი ადამიანებს მთელ ქვეყანაში. მათ აღმოაჩინეს, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ ქალაქებში და თავისუფლად ეცხოვრათ.

მედიამ გადამწყვეტი როლი მე-20 საუკუნის ბოლოს ითამაშა. ახალგაზრდებმა, რომლებიც არ არიან ქვიარ თემის წევრები, სექსუალური უმცირესობების პრობლემა დაინახეს, როგორც სამოქალაქო უფლებების საკითხი, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. როგორც მაგალითად, 1960-იან წლებში ახალგაზრდებმა მხარი დაუჭირეს აფრო-ამერიკელების სამოქალაქო უფლებებს. მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა თაობებმა საუბარი დაიწყეს ლგბტქი+ თემის უფლებების მნიშვნელობაზე.

ამ ისტორიის ნაწილი იყო მედიაც, რადგან მედია განსაკუთრებით დაინტერესებულია ხალხის ამ ასაკობრივი ჯგუფით - ახალგაზრდებით.

როდის გაჩნდა მასმედიაში უფრო ფართო ინტერესი ქვიარ ადამიანებისა და ლგბტქი+ მოძრაობების მიმართ?

ლგბტქი+ ადამიანების მიერ თანასწორობის მოთხოვნამ მემარჯვენე პარტიებს ქვიარ ადამიანების პოლიტიკურ სამიზნედ გამოყენების შესაძლებლობა მისცა. ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი გახდა განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ლბტქი+ ადამიანებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ძირითადი სამოქალაქო უფლებების მოპოვების კუთხით. რელიგიური მემარჯვენე საზოგადოებები შტატებში პოლიტიკურად აქტიურები 60-70-იან წლებამდე არ ყოფილან. მათი გააქტიურება კი განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის იყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობების, ფემინისტური და ლგბტქი+ აქტივიზმის წარმატებამ.

როდესაც ამერიკულ პოლიტიკაში რელიგიური მემარჯვენე ძალები აქტიური მოთამაშეები გახდნენ მათს სამიზნედ და „პრობლემებად“, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებდნენ იქცა პორნოგრაფია, ფემინიზმი (კონკრეტულად, აბორტის საკითხი) და გეი უფლებები. ისინი ამ საკითხებს გამუდმებით იყენებდნენ მხარდამჭერების მოსაზიდად, რათა მათგან ფული შეეგროვებინათ.

იგივე ხდება ახლა აღმოსავლეთ ევროპასა და ზოგიერთ პოსტ საბჭოთა ქვეყანაში, სადაც მემარჯვენე პოლიტიკოსებსა და ეკლესიას შორის ერთგვარი კოალიცია შეიქმნა. ეს შეერთებულ შტატებში 70-იანი წლებიდან ხდებოდა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკისა და მემარჯვენე რელიგიური პოლიტიკის ინტეგრაციის სახით. სექსუალური უმცირესობები კი მათთვის მოსახერხებელი სამიზნე და „მტერი“ გახდნენ.

თუ ქვიარ მოძრაობის თავდაპირველი დევიზი იყო, “დაგვანებეთ თავი, ნუ წარმოგვაჩენთ კრიმინალებად, ნუ გამოგვყრით სახლებიდან, ნუ მოგვექცევით ცუდად“, ახლა მათი მიზანი საზოგადოებაში მეტი ინტეგრაცია გახდა, მაგალითად, სამხედრო მსახური ან ქორწინების უფლება. ეს კი მათი მოწინააღმდეგეებისთვის „საფრთხის შემცველია“. ამ საკითხით მოიხიბლა კომერციული მედიაც, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ შეეძლოთ ლგბტქი+ ადამიანები მომხმარებლებად წარმოეჩინათ, ეს მათთვის ახალი ბაზრის გამოცდა და განვითარება იყო. ასევე მედიისადმი ინტერესი გაიზრდებოდა ლგბტქი+ ადამიანებში.

როგორი იყო მედიისადმი საზოგადოების განწყობა, როდესაც ლგბტქი+ საკითხები უფრო აქტიურად შექდებოდა?

ეთინკური თუ რასობრივი უმცირესობებისგან განსხვავებით, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თავიანთ თემში არ იბადებიან. ისინი იბადებიან და იზრდებიან მათ მიმართ მტრულად განწყობილ გარემოში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ, იპოვონ თანამოაზრეები, რომლებსაც შეუერთდებიან.

ასე, რომ ლგბტქი+ ადამიანების გამოცდილებაა იზოლაცია და თემის პოვნის საჭიროება, რაც ინტერნეტმა გაამარტივა. ახლა ადამიანებს წვდომა აქვთ იმ სხვა ადამიანებთან, იდეებთან, კონცეფციებთან, რომლებსაც ვერასდროს გადაეყრებოდნენ თავიანთ გარემოში. მაგრამ განსაკუთრებით კონსერვატიული ჰეტეროსექსუალი საზოგადოების ხედვით, ეს მათი შვილების „წართმევის“ საკითხია. მათ აშფოთებთ ის, რომ შეიძლება „გარე გავლენებმა შვილები წაართვან“ მაგალითად, მედიამ, სკოლამ თუ კულტურამ. თუ თეთრკანიანი მშობელი ხარ და შენს გარემოში რასობრივი საკითხებია წამოწეული არ იფიქრებ, რომ შენი შვილები შავკანიანები გახდებიან. მაგრამ კონსერვატიულად მოაზროვნე მშობლები ფიქრობენ, რომ სკოლებს, მედიას ან სხვა გარე გავლენებს შეუძლიათ მათი შვილები გეებად აქციონ.

დღეს რა სტერეოპტიპებსა და პრობლემებს ხედავთ ქვიარ ადამიანების გაშუქების დროს?

სტერეოტიპები ზოგჯერ რეალობაზეა დაფუძნებული. ყველა გეი არ გამოიყურება კონკრეტული სტერეოტიპის მსგავსად, ბევრი შეიძლება - გამოიყურებოდეს. თუ ჟურნალისტი ამბავს ჰყვება ან ახალ ამბავს აშუქებს, მას უნდა, რომ აუდიტორიამ სათქმელი მაშინვე გაიგოს, ამიტომ ეძებს ადამიანს, რომელიც სტერეოტიპს შეესაბამება.

რამდენად მნიშვნელოვანია ქვიარ ადამიანები გახდნენ ახალი ამბების რეგულარული შემადგენელი ნაწილი?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის მიღწევა რთულია, რადგან არსებობენ რეპორტიორები, მაგრამ ასევე არსებობენ რედაქტორები, არის სხვა ფაქტორებიც. არ ვიცი საქართველოში მედიაზე ვის აქვს გავლენა. მაგრამ ძირითადად პრობლემა შიშია - „თუ ამას ვიზამთ, „ისინი“, ხალხი თუ ძალაუფლების მქონე პირები, გაბრაზდებიან“. ძირითადად ეს შიში რეალობასთან შედარებით გადაჭარბებულია ხოლმე.

როდის გაშუქდებიან ქვიარ ადამიანები, მაშინ, როცა ამბავი კონკრეტულად მათ პრობლემას არ შეეხება? ეს ბევრ ცვლილებას მოითხოვს, ეს არის ამ ადამიანების საზოგადოების ნაწილად აღიარების პროცესის ნაწილი. თუ ამბის თხრობისას ჰეტეროსექსუალი ადამიანის პირად ცხოვრებაზე ისაუბრებდი, მაშინ გეის შემთხვევაშიც უნდა ისაუბრო, თუკი ეს რელევანტურია, უნდა გაშუქდეს.

ეს კი ძალიან ნელი პროცესია. როგორც ვხედავ საქართველოში, პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში ლგბტქი+ ადამიანები პოლიტიკურ სამიზნეებად ისევე არიან გამოყენებული, როგორც შეერთებულ შტატებში ხდებოდა. პუტინმა ეს გააკეთა, ორბანი [უნგრეთის პრემიერმინისტრი] აკეთებს, ასე ვთქვათ, ნაციონალიზმისა და რელიგიის გაერთიანებით ლგბტქი+ ადამიანები ხდებიან სამიზნეები. ამ ყველაფერთან შეწინააღმდეგება კი რთულია.

შეერთებულ შტატებში მიიჩნეოდა, რომ ცვლილებები იწყებოდა მაშინ, როდესაც ადამიანები საჯაროდ ამბობდნენ თავიანთი სექსუალობის შესახებ და უფრო ხილვადები ხდებოდნენ. ასეთი დევიზი იყო, “ჩვენ ყველგან ვართ“. ისინი იყვნენ შენი ოჯახის წევრები, ნაცნობები. ეს პროცესი ლგბტქი+ ადამიანების ნორმალიზებას იწყებდა. საზოგადოება ნაკლებად „განსხვავებულად“ აღიქვამდა მათ, ასე, რომ უფრო მეტი ღიაობა იყო, რაც თავის მხრივ რისკიც იყო, რადგან ადამიანები, რომლებიც ცვლილებებს იწვევენ, რისკავენ და საფასურს იხდიან. ამის გაკეთება მარტივი არაა.

როგორ შეიძლება შეცვალოს საზოგადოების განწყობები ქვიარ ადამიანების მიმართ მასმედიამ?

შეერთებულ შტატებში, ამ კუთხით განსაკუთრებით ახალგაზრდებეში დიდი ცვლილება მოახდინა რეალითი შოუებმა, რომლებიც 90-იან წლებში მომრავლდა და მასში მონაწილეობდნენ ლგბტქი+ თემის წევრებიც, ისინი ამბის ჩვეულებრივი ნაწილი იყვნენ. ახალგაზრდებისთვის კი, რომლებიც ამ რეალითი შოუების ყურებისას გაიზარდნენ, თემის წევრებიც იმ სამყაროს ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი იყვნენ, რომელსაც უყურებდნენ და რომლის შესახებაც სწავლობდნენ. ეს აქამდე ასე არასდროს ყოფილა, რადგან წარსულში, როცა ქვიარ ადამიანი ეკრანზე გამოჩნდებოდა ის ყოველთვის „განსხვავებულად“, „პრობლემურად“ იყო წარმოჩენილი. რეალით შოუებში კი ისინი უბრალოდ, ჩვეულებრივ ადამიანებად, ყველას მსგავსად ჩანდნენ.

მნიშვნელოვანია ლგბტქი+ ადამიანები ჩანდნენ იმ ამბებსა და ისტორიებში, რომლებიც მათზე, როგორც „პრობლემაზე“ არაა ორიენტირებული და რომლებშიც მათი არსებობა რეალობის ნაწილია.

თუმცა ისეთ ქვეყანებში, სადაც ქვიარ ადამიანების ნაკლები მიმღებლობაა და საფრთხის გამო ცოტა ადამიანი წარმოაჩენს თავის სექსუალობას საჯაროდ, რამდენად შეუძლია ეთიკურ და პაუსხისმგებლიან მედიას თავისი გაშუქებით შეცვალოს საზოგადოების განწყობები?

ვფიქრობ, როდესაც ვამბობთ ეთიკურ მედიას, ვსაუბრობთ მედიაზე, რომელიც ისედაც ღია და მიმღებელ აუდიტორიამდე აღწევს. ამას „ქადაგებას მგალობლებისთვის“ ვუწოდებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამბებს აწვდი ადამიანებს, რომლებიც ისედაც შენს აზრს იზიარებენ და ეთანხმებიან.

რაც შეეხება მასმედიას, მნიშვნელოვანია ლგბტქი+ უფლებებზე მომუშავე ადამიანები შეხვედრებს მართავდნენ მედიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. შეერთებულ შტატებში 70-იან 80-იან წლებში ლგბტქი+ მოძრაობის ერთ-ერთი თავდაპირველი ძალისხმევა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მედიაში ამ მხრივ ცვლილება იყო.

წლების წინ, როდესაც ფილადელფიაში ვცხოვრობდი „გეი და ლესბოსელთა სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარე ვიყავი, ხშირად ვხვდებოდით რედაქტორებს, რეპორტიორებს. მათთვის რის თქმასაც ვცდილობდით იყო, ეფიქრათ ამბებში ლგბტქი+ ადამიანები ისე წარმოეჩინათ, რომ არ გამოეჩინათ, როგორც საფრთხე.

შეერთებულ შტატებში მედია აქვს „ბალანსის“ პრაქტიკა, რაც ნიშნავს, რომ უნდა გყავდეს ორი დაპირისპირებული მხარე. მაშინ ჩვენ ვკამათობდით, რომ ყველა საკითხი არ უნდა დაბალანსებულიყო. მაგალითად, 80-იანი წლებისთვის სამოქალაქო უფლებები აღარ წარმოადგენდა იმ თემას, რომელიც „ბალანსს“ მოითხოვდა. ამაზე საზოგადოება თანხმდებოდა. მაშინ მიიჩნეოდა, რომ ლგბტქი+ საკითხები ყოველთვის უნდა დაბალანსებულიყო, მაგალითად, თუ ჟურნალისტი ჩაწერდა გეი ადამიანს, უნდა ჩაეწერა მღვდელი ან მემარჯვენე პოლიტიკოსი, რათა მასალა დაებალანსებინა. დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა, აღარ იყო საჭირო მეორე მხარისთვის თანაბარი დროის დათმობა.

რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ საკითხების „არ დაბალანსება“?

ბალანსი გვეუბნება, რომ საკითხს ორი მხარე აქვს და სიმართლე სადღაც შუაშია, მაგრამ ყველა საკითხი ასე არაა. მაგალითად, დღეს შეერთებულ შტატებში იქამდე მივდივართ, რომ შეიძლება გაიმართოს დისკუსია კლიმატის ცვლილების შესახებ ისე, რომ არ გვყავდეს ვინმე ვინც იტყვის, რომ კლიმატის ცვლილება არ არსებობს. რაც დიდი ხნის განმავლობაში ასე არ იყო და „ბალანსდებოდა“.

რა გავლენა აქვს მედიას საზოგადოებაში ლგბტქი+ ადამიანების მიმღებლობაზე?

მედიით ვიგებთ როგორია მსოფლიო. მედიას შეუძლია გავლენა იქონიოს საზოგადოებაში ქვიარ ადამიანების მიმღებლობაზე. ადამიანები მედიიდან იღებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს იმისგან, რაც იციან ან ფიქრობდნენ, რომ იცოდნენ. თუმცა ადამიანზე გავლენას ახდენს კომბინაცია იმისა, თუ რას ამბობს მედია და რას ამბობს მისი მეგობარი. აქ ორივე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ვფიქრობ, გასართობ მედიას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საინფორმაციო მედიასაშუალებებს, რადგან ადამიანები გასართობ მედიას ეჭვის თვალით და სიფრთხილით არ უყურებენ.

მნიშვნელოვანია არამხოლოდ მეტად წარმოჩენა, არამედ წარმოჩენა ისეთ კონტექსტში, რომელშიც ლგბტქი+ ნორმალიზებულია.

უბრალოდ მეტი რეპრეზენტაცია შესაძლოა ამ საზოგადოების მტერიც იყოს. შეერთებულ შტატებში მუსლიმების, როგორც ტერორისტების ან ლათინო ამერიკელების, როგორ არალეგალი მიგრანტების მეტი რეპრეზენტაცია ვითარების გაუმჯობესებას ვერ ეხმარება.

მაგრამ ლგბტქი+ ადამიანების, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრების წარმოჩენა მნიშვნელოვანია. ჟურნალისტებმა უნდა მოძებნონ გზები, რომ გახადონ ქვიარ ადამიანები იმ ამბების ნაწილი, რომლებიც კონკრეტულად ლგბტქი+ საკითხებს არ შეეხება. როდესაც ეს ადამიანები არ იქნებიან „პრობლემა“ ან ყოველთვის პრობლემის ნაწილად არ წარმოჩნდებიან დაიწყება საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაც.
კატეგორია: საქართველო
• „ჟურნალისტობა დანაშაული არ არის“

• მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა

• ხელისუფლების ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები და არ წაახალისოს ძალადობა

ეს გზავნილები საქართველოს მისამართით საერთაშორისო საზოგადოებისგან 5 ივლისის შემდეგ ისმის.

„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე, აქტივისტებსა და ლგბტქი+ თემის წევრებზე ძალადობრივ თავდასხმებს, 11 ივლისს კი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ამის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებები, ელჩები, ევროპარლამენტარები და უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები მთავარ აქცენტს აკეთებენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.

დიპლომატიური კორპუსი და გამოხმაურება ამერიკის შეერთებული შტატებიდან

„ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.“,- ეს განცხადება ერთობლივი წერილის სახით გაავრცელეს ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გმობდნენ „ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის არ დაგმობას“ და ქართველ ლიდერებსა და სამართალდამცავ უწყებებს:

• დაუყოვნებლივ მოქმედების

• ძალადობის საჯაროდ დაგმობისა და

• თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით მოქმედი ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

"საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მისცენ“,- ასე დაგმეს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ჯერ ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებით, შემდეგ კი პრესკონფერენციის დროს, როდესაც დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ შეახსენა თავიანთი ვალდებულების შესახებ დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილეები.

იმავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებდნენ შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი. ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი გამოთქვა.

„თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.“, - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს].ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს“, - ამბობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნი და „ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მკვლევარი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ და მომხდარზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის ინიციატივაზე საუბრობდა.

საგარეო უწყებები, ევოატლანტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ელჩები

„თავისუფალი მედია ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესანარჩუნებლად. ჟურნალისტები ჩვენს თავისუფლებას იცავენ, ჩვენ მათი თავისუფლება უნდა დავიცვათ", - წერს ტვიტერზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დომინიკ რააბი.

5 ივლისს ქვიარ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს და ლექსო ლაშქარავას ახლობლებს სამძიმრი გამოუცხადეს შვედეთის, ლატვიის, ნიდერლანდებისა და სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავსად 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობის სამართლიანი გამოძიების მოწოდებით გამოვიდნენ საქართველოში ნიდერლანდების, ჩეხეთის, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების ელჩები.

"ხელისუფლებას მოვუწოდეთ, განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაიცვას უმცირესობები",- წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კალასი.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

“კატეგორიულად ვგმობ მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, მედიის პატივისცემას. ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, -ასეთი იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის შეფასება 5 ივლისის მოვლენებზე.

ხელისუფლებას ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე მოძალადეების დასჯის ვალდებულება შეახსენეს „ეუთო/ოდრიმა“ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმაც.

ევროპარლამენტარები

საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის სურვილის ფონზე კი ევროპული ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობა გაახსენეს ევროპარლამენტარებიის ნაწილმა.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ პრაიდის მარშის წინ.“, - წერდნენ ერთობლივ განცხადებაში მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი.

ევროდეპუტატებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა სურს, გაერთიანებაში გაწევრიანების წინაპირობა კი იმ ინსტიტუტების სტაბილურობაა, რომლებიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს.

„ლექსო ლაშქარავას დაღუპვა და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული.“ , -ასეთი იყო ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მთავარი გზავნილი.

„სირცხვილი“ - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ის, რომ „ხელისუფლებამ არ დაიცვა ჟურნალისტები და მოქალაქეები“, რომლებიც თავდასხმების შედეგად საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები დამნაშავეების სათანადოდ არ დაგმობაში, საკითხით სპეკულირებასა და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს ევროპარლამენტარებმა ვიოლა ფონ კრამონმა და ტაიშ როიტენმა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები

ქართველ ჟურნალისტებსა და ქვიარ აქტივისტებზე ძალადობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც.

“ვითხოვთ სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებებისა და იმ ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებზე, რომლებიც პოლიციამ ვერ დაიცვა “, - ეს არის მთაარი მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციისა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ძალადობის უკან მდგომი პირების პასუხისგებაში მიცემისა და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოწოდებები გაავრცელეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა მდივანმა, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“.

გაშუქება საერთაშორისო მედიაში

თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობამ და რამდენიმე დღის შემდეგ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპრო საერთაშორსო მედიაშიც.

ჟურნალისტების პროტესტი გააშუქეს Reuters-მა, The Washington Post-მა, CNN-მა, BBC-მ, The AP-მ, Euronews-მა, The Guardian-მა, PetaPixel-მა, New York Post-მა, Deustche Welle-მ და სხვებმა.

საერთაშორისო გამოცემების მასალებში ყურადღება ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მიზანიმართულ თავდასხმებზე, ეკლესიის როლსა და ხელისუფლების რეაგირებაზეა გამახვილებული.

თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებმა კანის კინოფესტივალამდეც მიაღწია და ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას რეჟისორმა სპაიკ ლიმ უპასუხა. მან ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.
კატეგორია: ინტერვიუ
საქართველოში ლგბტქი+ საკითხებს მედია ძირითადად განსაკუთრებული მოვლენების დროს აშუქებს - მაგალითად 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, ან პრაიდის კვირეულის დროს. რატომ არის მნიშვნელოვანი, ჟურნალისტებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ლგბტქი+ თემის გაშუქებას სოციალური და საგანმანათლებლო კუთხით, რა უნდა გაითვალისწინონ ეთიკური გაშუქებისთვის? ამ თემაზე ქვიარ აქტივისტი, ბექა გაბადაძე გვესაუბრა.

ირმა კურტანიძე: ღირსების მარშის დღე ახლოვდება, როგორ შეაფასებდი პრაიდის ღონისძიებების გაშუქებას?

ბექა გაბადაძე: ვიტყოდი, რომ ქართული მედია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცოდავდა პრაიდის გაშუქების დროს. ადრე, ჟურნალისტები პრაიდის შესახებ საშინელებებს საუბრობდნენ. არასოდეს განუხილავთ მისი შინაარსი და სოციალური დატვირთვა.

ბავშვობიდან მახსოვს, პრაიდი ინგა გრიგოლიამ გააშუქა თავის გადაცემაში და ეს იყო რაღაც ეგზოტიკური კადრებით და არაეთიკური ტექსტით.

შემდეგ ეს დამოკიდებულებები ცოტა შეიცვალა და უკვე ცდილობენ ორი მხარის კონცეფციით შემოგვთავაზონ, განიხილონ ადამიანის უფლებების საკითხები, ეთერში დასვან აქტივისტი, მხარდამჭერი ან თვითონ ლგბტქი+ ადამიანი და ოპონენტებად დაუსვან განსაკუთრებით სიძულვილით გამორჩეული ჯგუფები. შეიძლება, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული წინასწარი განწყობები, მაგრამ ამ საზოგადოებრივი განწყობების გადმოსაცემად, ისინი არჩევენ განსაკუთრებულად არაეთიკურ მოსაუბრეებს, რომლებიც პატივს არ სცემენ სტუმრებს. ბევრჯერ ვნახეთ, როდესაც ადამიანები ტოვებდნენ ასეთ ეთერს.

მედია სცოდავს იმაშიც, რომ ჟურნალისტებს 17 მაისისა და პრაიდის გარდა სხვა დროს ეს ადამიანები არ ახსენდებათ. ლგბტქი+ საკითხების გაშუქება მხოლოდ ამ დროს ხდება აქტუალური. ესეც გარკვეულწილად არის იმ უთანასწორობის გამოძახილი, რომელიც მათ შორის მედიაზეც აისახება.

ის, რომ ლგბტქი+ ადამიანებს ჩვენნაირ ქვეყნებში უწევთ მედიის ყურადღება მიიპყრონ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვის ფასად, ჩემი აზრით, სისტემური და ჰომოფობიის პრობლემაა.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ კარგად ვერ გვაგებინებენ ლგბტქი+ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. პოზიტიური გაშუქებაც ნაკლებია, ამაში ვგულისხმობ, რომ პოზიტიური შედეგი გამოიღოს ამ თემების გაშუქებამ. მაგალითად, მიკვირს ხოლმე, რომ ისტორიული ნარატივი არავინ შექმნა, ქვიარობის ისტორიულ კონტექსტებზე არავინ ისაუბრა.

ირმა კურტანიძე: ხშირად ამბობ ხოლმე, რომ ტრანს ადამიანების გაშუქება განსაკუთრებით პრობლემურია. როგორ აშუქებს მედია ტრანს ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოში?

ბექა გაბადაძე: ძალიან ხშირია ტრანს ადამიანების სექსუალიზება. ტელევიზიების შემთხვევაში კამერის მზერაც კი ასეთი შინაარსისაა. რა თქმა უნდა, ჩვენნაირ პატრიარქალურ საზოგადოებაში ეს პრობლემა შესაძლოა სისგენდერ (ადამაიანი, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის გენდერულ როლს) ქალებზეც ჩანდეს, თუმცა ტრანს თემთან განსაკუთრებით ჩანს. ტრანს ადამიანებთან დაკავშირებული თემების უმრავლესობა მკვლელობას ან რამე მსგავს ამბავს ეხება. ისინი თითქმის არასდროს ჩანან პოზიტიურ კონტექსტში. მეორე მხრივ, მათ მედია ეგზოტიკურად წარმოაჩენს.

ირმა კურტანიძე: როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან კონკრეტულად ტრანს ადამიანებისა და ზოგადად, ლგბტქი+ საკითხების გაშუქება მედიაში?

ბექა გაბადაძე: მაგალითად, უფრო მეტი ეშლებათ ტრანს ადამიანების მიმართ ტერმინოლოგიის დონეზე: მაშინ, როცა ტრანს თემი ძალიან მრავალფეროვანია, მათზე მომზადებული მასალები ხშირად სექს სამუშაოსთან არის დაკავშირებული, მედია სცოდავს ამ თემების ერთმანეთთან დაკავშირებით.

ირმა კურტანიძე: რამდენად მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის სწორად შერჩევა და გამოყენება მედიაში? განსაკუთრებით ტრანს ადამიანების მიმართ?

ბექა გაბადაძე: მაგალითად, მედიაში ხშირად ტრანს ადამიანების ტრანზიციის პროცესს „გადაკეთებას“ ეძახიან, რასაც ძალიან ნეგატიური შინაარსი აქვს. ერთია რომ ჟურნალისტმა ამ პროცესთან დაკავშირებით არ იცის ტერმინები, მაგრამ მეორეა, რომ იმ ექსპერტს იწვევს ეთერში, რომელსაც ასევე არ აქვს ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო დიდ გაუგებრობებს იწვევს. შედეგად კი მთელი თემი არასწორ ფაქტებში ეხვევა.

ტრანს ადამიანს შეიძლება რეაქცია არ ჰქონდეს იმაზე, რომ მას „დარღვევას“ უწოდებენ, რადგან საქართველოში ეს წლების განმავლობაში ესმის. მაგრამ საბოლოოდ მსგავსი გაშუქებით შეიძლება დაიჯეროს კიდეც, რომ „დარღვევა აქვს“, არადა ეს სიმართლე არ არის.

ტრანსგენდერი ადამიანი, ტრანს გოგონა, ტრანს ბიჭი, ტრანს ქალი, ტრანს კაცი - სწორი ტერმინოლოგიაა, ასევე ტრანზიცია, ტრანზიციის პროცესი, ტრანზიციის სოციალური ასპექტები, ტრანზიციის მედიკამენტური ასპექტები, ჰორმონოთერაპია. ბევრი სიტყვაა, რომლის შინაარსი უნდა გესმოდეს, და თუ შინაარსი არ გესმის, გაშუქებისას, დიდი ალბათობით, შეცდომას დაუშვებ.

მედიაში ისმის ისეთი არასწორი ტერმინები, როგორებიცაა: გადაკეთება, დარღვევა, ავადმყოფობა, ტრანსები (მრავლობითში) და ა.შ

როცა ტრანს ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ჩვენს მედიაში ძირითადად ტრანსგენდერი ქალები ჩანან. მაგრამ არაბინარული ადამიანების შესახებ (რომლებსაც არ აქვთ ქალის ან კაცის იდენტობა), როგორებიც არიან ინტერსექსი, გენდერ ქვიარი ან გენდერ ფლუიდი ადამიანები - საერთოდ არავინ არ საუბრობს.

ასევე, მედია ვერ ასხვავებს გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას; გენდერულ გამოხატვასა და სექსუალურ ორიენტაციას; გენდერულ გამოხატვასა და გენდერულ იდენტობას.

გენდერული გამოხატვა არის ფემინური ხარ, მასკულინური თუ ანდროგინული. სექსუალური ორიენტაცია არის ის, თუ მე ვინ მიყვარს, ვის მიმართ მაქვს ემოციური განცდები და ლტოლვები ეს იქნება იმავე გენდერის მიმართ, საპირისპირო გენდერის მიმართ, ორივეს მიმართ თუ ა.შ

გენდერული იდენტობა კი არის ის, თუ სოციალურად როგორ მინდა წარვდგე საზოგადოების წინაშე. მინდა წარვდგე ქალად, კაცად თუ მინდა არ ვიყო არცერთი მათგანი. შესაბამისად, გენდერული იდენტობის აღრევა სექსუალურ ორიენტაციასთან დღემდე პრობლემაა.

ქართული მედია საერთოდ არ საუბრობს ბისექსუალობის შესახებაც. თუ საუბრობს არაეთიკური მედია ისე წარმოაჩენს, რომ ისინი არიან ჩამოუყალიბებელი ადამიანები, ეთიკური მედია კი იმის გამო, რომ არ ფლობს სწორ ინფორმაციას, ცდილობს ამ ნარატივზე მოიძიოს აქტივისტების მოსაზრება.

გეების შემთხვევაში მედიაში ძირითადად აქტივისტები ჩანან. ადამიანი თუ გეია ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი შტრიხია, მე ვარ შვილი, თანამშრომელი, გეი, ვთქვათ, ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანი და ა.შ. ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი იდენტობაა და როცა გეი აქტივისტები ჩანან ეთე